მეგობრებთან ერთად

გურული ფაცხა დუბლინში, ირლანდიური კომპანიის ქართველი მენეჯერი, ანუ რაფერ ხარ, თუ იცი?!

1896
(განახლებულია 21:05 17.06.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დუბლინში მცხოვრები ლელა შურუპოვას ირლანდიური ცხოვრების ამბავს მოგითხრობთ.

ამბობს, რომ ბავშვობაში „გურული აკადემია“ დაამთავრა, რადგან იმ დროს შეძენილი პიროვნული თვისებები გარკვეულწილად უცხო ქვეყანაში წარმატების მიღწევაში დაეხმარა. საშუალო სკოლაში ოზურგეთში (მაშინდელ მახარაძეში) სწავლობდა. ერთ დღესაც, არტისტული ბუნების წყალობით, თეატრის სცენაზე აღმოჩნდა. შემდეგ საბავშვო ცენტრებში შემოქმედებითი აქტიურობით გამოიჩინა თავი, იმდენად, რომ 2006 წელს ტელევიზიის „პირველმა არხმა“ საბავშვო პროგრამების საუკეთესო წამყვანის ტიტული მიანიჭა. პარალელურად მცირე აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა.  

უცხოეთში ისიც ყოფითმა პრობლემებმა ჩაიყვანა. საკუთარი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მალე მოახერხა, რომ სერვისის სფეროს რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან ირლანდიაში Premium cleaning and facility-ს რეგიონულ მენეჯერად დააწინაურეს, ამასთან health and safety-ს ოფიცერიც გახლავთ. მისი ცხოვრების ისტორიის უკეთ გასაგებად დუბლინში დავუკავშირდით.

ლელა შურუპოვა
ლელა შურუპოვა

- ქალბატონო ლელა, საუბარი ცოტა შორიდან დავიწყოთ – როგორი იყო გურიაში გატარებული ბავშვობა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, შორეულ და ცივ ირლანდიაში დღესაც გათბობთ?

- ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ გვარის მიუხედავად ძირძველი გურული ვარ. ეს თედო სახოკიას წიგნში "მოგზაურობა გურიაში" დადასტურებული ფაქტია. ამბობენ, ჩემი წინაპრების გურიაში დასახლების შემდეგ გურია დანარჩენმა გურულებმაც აღმოაჩინესო. ეს ხუმრობაა თუ მართალი, ვერ გეტყვით, მთავარია, ამ ულამაზეს რეგიონში ბავშვობის დაუვიწყარი წლები გავატარე. ეს ჩემი ერთადერთი ჯადოსნური სამყაროა, სადაც ისევ სახლობს ჩემი ბავშვობა და სიყრმე, რომელსაც არც ერთი წამით არ დაუტოვებია ჩემი გული და გონება. ესაა ჩემი ფესვები, ალაგი, დირე და ჩემი ნავსაყუდელი...

ლელა შურუპოვა
ლელა შურუპოვა

- ალბათ თქვენი მოგონებებიც კონკრეტული ამბებისა და ფრანგმენტებისგან შედგება, რა დაგამახსოვრდათ?

- ყველაფერი მახსოვს – მეზობლის კეთილი სალამი: რაფერ ხარ, თუ იცი?! და დასმულ კითხვაზე უკვე გაცემული პასუხი: ქი ხარ კარგად, რაფერც გხედავ! მერე მისი საათობით დალოცვა. გურულების არნახული, შეუდარებელი, ენაკვიმატი იუმორი... ვიხსენებ სასწაულებით სავსე ბავშვობას და თვალწინ მიდგას სიცოცხლით სავსე გაზაფხული და ღიმილიანი სახეები, დილით ამოწვერილ მზესთან ფეხშიშველი გაქცევა. დღესავით მახსოვს, ბებია მიწას თოთოსავით როგორ ეფერებოდა და საღამოს ბაბუას მთელი დღის "პატაკს" როგორ ვაბარებდი. ზაფხულში სიცხისგან გათანგულ მიწას, დაგუდულ ჰაერს ჩვენი კისკისი აცოცხლებდა. იყო ერთი ფორიაქი-სამზადისი ბახმაროსკენ, ნაბეღლავისკენ. "ბაღნები თუ არ დავასვენე წელს, რაფერ იქნება მაი!" თავისი შრომისგან დაღლილი მხრების დასვენებაზე კი არასოდეს ფიქრობდნენ უფროსები. შემოდგომისას იყო ნადი და ყველაზე დაუვიწყარი დღეები...

ლელა შურუპოვა
ლელა შურუპოვა

- ანუ ცნობილი გურული აკადემია დაამთავრეთ?

- მართლაც, აკადემიის დამთავრების ტოლფასი იყო იმ ადამიანებთან ერთად ჯდომა და მათი სიბრძნის მოსმენა. მათი შინაგანი კულტურა და ინტელექტი ჩემთვის მთელი ცხოვრება სამაგალითოა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ტრადიციულ გურულ ოჯახში გავიზარდე, უსაზღვროდ მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომლებიც ჩემს პიროვნულ დამოუკიდებლობას თავიდანვე აღიარებდნენ. ალბათ ცხოვრებაში გამოწვევების გამკლავება ამის წყალობითაც შევძელი. ჩემს ხსოვნას იმდროინდელი ყველაფერი შემორჩა – კრიმანჭულით ჭერახდილი ოდა-სახლი, წელჩაზნექილი ბეღელი, ათუხთუხებული გურული ადესა, სამჯერ ნახადი „ოტკა“, ზამთარში ულევი სტუმარი, კეცზე აშიშხინებული ბებიას კუპატები, ბუხართან გაკიდული ჩურჩხელისა და ჩირის მძივები და ფელამუშის მათრობელა სუნი. მერე თოვლის ბაბუას საჩუქრებით დამძიმებული ხურჯინი და გაზაფხულის ხანგრძლივი ლოდინი...

ლელა შურუპოვა
ლელა შურუპოვა

- როგორც ვიცი, სცენის სიყვარულმა თეატრალურ სტუდიაში მიგიყვანათ, რას გაიხსენებთ იმ დროიდან?

- პირველ აპლოდისმენტებამდე გრძელი წლები გავიარე – სასცენო მეტყველების გაკვეთილები, ხანგრძლივი, მაგრამ დაუვიწყარი რეპეტიციები. არაადამიანური სიყვარულით შემიყვარდა სცენა, კულისების მტვერი... არაჩვეულებრივი პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტის ზაირა თოთიბაძის შეუდარებელი მასტერ-კლასის და პროფესიონალიზმის დამსახურებაა ჩემი როლები სპექტაკლებში „ოთარაანთ ქვრივი", „ქეთევან წამებული"... მახსოვს, ჩემ მიერ შესრულებულ ზაბლონა მასწავლებლის როლს როგორ მოჰყვა მქუხარე აპლოდისმენტები. მერე იყო რიგის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, უამრავი ტურნე და გასტროლი...

მეგობართან ერთად
მეგობართან ერთად

- როგორ აღმოჩნდით ქვეყანაში, რომელიც განსაკუთრებულ ლიტერატურულ-რომანტიკულ ასოციაციებს გვიჩენს?

- ჩემი პირველი ემოცია ჯეიმს ჯოისის „ულისეს" უკავშირდება – ადამიანის აზროვნების გასაოცარ დინამიკას. მგონი, ის სულ ათეულშია და ხელახლა ვკითხულობ ხოლმე, ახლა უკვე ნაცნობ მონოლოგებს თავიდან ვისმენ... როგორი საოცარია, არა? – ჩვენი ბავშვობის გმირებს ვაცოცხლებთ და უფრო კეთილები ვხდებით. გოლიათი ზებ სტამპივით და მამაცი მორის ჯერალდივით ღირსებისთვის, სიყვარულისთვის მებრძოლი გმირებით სავსეა სამყარო, სადაც არ გინდა, რომ კაპიტანი კასიუს კოლჰაუნები არსებობდნენ. დღემდე ღვთის წყალობაა, მგონი, ჩემი სასწაულებით სავსე ამ მწვანე კუნძულზე მოხვედრა. აქ ჩამოვედი იმავე მიზეზით, რის გამოც უამრავი ქართველი თავის მიწას და შვილებს მოსწყდა – საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად...

ლელა შურუპოვა
ლელა შურუპოვა

- ირლანდიაში ჩასულმა ემიგრანტისთვის ნაცნობი ყველა ეტაპი გაიარეთ და ერთ მშვენიერ დღეს სერვისის სფეროდან Premium cleaning and facility-ს რეგიონული მენეჯერის პოსტზე დაგაწინაურეს - არ იქნებოდა ადვილი ამბავი...

- საკმაოდ რთული გზა გავიარე, ალბათ ისევე, როგორც ყველა ემიგრანტმა უცხო მიწაზე. ზოგჯერ გაუსაძლისად მძიმე სამსახური და დატვირთული სამუშაო გრაფიკი მქონდა, ამასთან ენის ბარიერიც არსებობდა. კიდევ, ქრონიკული უამინდობა – ირლანდიური წვიმა და დღიური საათების შესავსებად, საკმაოდ მძიმე პირობებში, ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა. ჩემი პირველი სამსახური ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ქსელის დალაგება იყო. ალბათ ჩემი შრომისმოყვარეობისა და კეთილსინდისიერების გამო იყო, რომ აღნიშნულ კომპანიაში მოგვიანებით სხვა სამსახური შემომთავზეს. ჩემი ფუნქცია რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობა იყო ისევ დასუფთავების სფეროში. სამსახურთან ერთად პარალელურად ენას ვსწავლობდი. ზუსტად ერთ წელიწადში Area manager-ად გადამიყვანეს. დუბლინთან ახლო მყოფ რამდენიმე ქალაქში Premium-ის დაქვემდებარების ქვეშ არსებულ კონტრაქტებს ვხელმძღვანელობდი. 2012 წლიდან გახლავართ რეგიონული მენეჯერი 125 კონტრაქტისა, რომლებიც ირლანდიის სხვადახვა ქალაქებშია განლაგებული.

მეგობრეთან ერთად
მეგობრეთან ერთად

- ვისთან გიწევთ ურთიერთობა და რა შედის თქვენს ფუნქციებში?

- როდესაც მულტიკონტრაქტს ხელმძღვანელობ, პირველ რიგში, როგორც კონტრაქტ-მენეჯერი, ვალდებული ხარ შენი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე იზრუნო. ჩვენს კომპანიაში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან დასაქმებული, ძირითადად ირლანდიელები, ასევე უამრავი ქართველი, უკრაინელი, პოლონელი და სხვა ეროვნების ადამიანია. ბუნებრივია, სხვადახვა ენაზე კომუნიკაცია მიწევს და ჩემი ფუნქცია, როგორც უსაფრთხობის ოფიცრისა, შემდეგია: სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო რისკების გამოვლენა, სამუშაო ადგილზე საფრთხის ასაცილებლად საჭირო რჩევა-რეკომენდაციების მიცემა. მოკლედ, იმაზე ზრუნვა მიწევს, რომ ბიზნეს-საქმიანობა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ყველა კანონს შეესაბამებოდეს.

მუშაობის დროს
მუშაობის დროს

- როგორი დამოკიდებულება აქვთ ირლანდიელებს ქართველ ბოსთან?

- საკმაოდ კარგი და თბილი. ირლანდიელები საოცრად უბრალო, გულთბილი, მაგრამ მომთხოვნი ადამიანები არიან. სამსახურთან და მომსახურე პერსონალთან მისაბაძი ეთიკა და დამოკიდებულება აქვთ. აქ მაღალჩინოსნები უფრო მეტს მუშაობენ და უფრო დიდი დატვირთვით, რაც მოტივაციის მომცემია. მეც სწორედ ეს სკოლა გავიარე. მიუხედავად პოზიციისა, თავდაუზოგავად ვშრომობ და, ამდენად, პროდუქტიულ შედეგსაც ობიექტურად ვითხოვ.

ლელა შრუპოვა დუბლინში საკუთარ გურულ ფაცხაში
ლელა შრუპოვა დუბლინში საკუთარ გურულ ფაცხაში

- ქართველებს ყველა ქვეყანაში გვჩვევია პარალელების მოძიება და ირლანდიის შემთხვევაც არ იქნება გამონაკლისი, თქვენ რა მსგავსება აღმოაჩინეთ?

- შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ საოცარი მსგავსებაა ქართულ და ირლანდიულ ხასიათს შორის. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ხშირად მიწევს ირლანდიის სხვადასხვა ქალაქში მგზავრობა. უკან დაბრუნებული მეგობრებს ხუმრობით ვუყვები – დღეს სამეგრელოში ვიყავი, ან დღეს რაჭველები გავიცანი და ა.შ. გასაოცარი მსგავსებაა ხასიათში. აქ აუცილებლად ნახავთ გურულებივით სხარტად მოაზროვნე, ენაკვიმატ ირლანდიელ გოგონებს, ან რაჭველი კაცივით დინჯ მამაკაცებს, მეგრელივით ფხიანებს... მთა-თუშეთი გეგონება, როცა იალაღებზე გაფენილ საძოვრებს დაინახავთ. ბავშვობა სვანებთან გავატარე და განსაკუთრებით მიყვარს ეს ხალხი, ქერის მოსახლეობის ტრადიციები საოცრად ჰგავს სვანეთისას. ჩრდილოეთში ხალხი უფრო სიტყვაძუნწი, მაგრამ საოცრად სტუმართმოყვარე და თბილია, მათ კახელებს ვადარებ. დუბლინში, ისევე, როგორც თბილისში, მთელი ირლანდიაა თავმოყრილი. აქაც ხაზს უსვამენ გვარს, წარმომავლობას, სოფლელ-ქალაქელობას. ასე რომ, ენის ბარიერის გადალახვის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოს მთლად არ მოვწყვეტივარ. სულაც თვითონ ვპოულობ ხოლმე ჩემს საქართველოს ირლანდიის ყოველ კუთხე-კუნჭულში...

ლელა შრუპოვა დუბლინში საკუთარ გურულ ფაცხაში
ლელა შრუპოვა დუბლინში საკუთარ გურულ ფაცხაში

- გავიგე, რომ ირლანდიაში გურული ფაცხა გქონიათ ჩადგმული...

- ასეა, შუა დუბლინში, ჩემს ეზოში გურული ფაცხა მაქვს. მისთვის თვეები ვეძებდი თხილის ტოტებს და ბოლოს მაინც ვიპოვე. აქ ჩარგული პატარა ნაძვები ბახმაროს მახსენებს. ამ ოდაში კრიმანჭული მეგობრებთან ერთად ბევრჯერ შემოვძახე. ეს ფაცხა გურიის მონატრებას ცოტათი მიკლავს. დღემდე ვგრძნობ აპრილის სუნს, აკაციების ფოთოლცვენა სიზმრად მექცა, ისევ ისე გავრბივარ ამოწვერილი მზისკენ, მაგრამ... მერწმუნეთ, არსად, მთელ სამყაროში ეს სითბო არ მეორდება!

ლელა შრუპოვა დუბლინში საკუთარ გურულ ფაცხაში
ლელა შრუპოვა დუბლინში საკუთარ გურულ ფაცხაში

- რა ვერ შეცვალა დრომ, სიტუაციებმა და უცხოეთმა თქვენში?

- მოყვასის სიყვარული... თუმცა, მგონი, ვერაფერი შეცვალა, რადგან საბოლოოდ დავრჩი ის, ვინც ვიყავი. საქმის, ოჯახის, სამშობლოს მიმართ ჩემი პასუხისმგებლობა ყოველ წამს იზრდება და, კიდევ, აქ დროის შეგრძნება დავკარგე. ჩემს სევდიან სამშობლოს ბოლო დროს უფრო ხშირად ვნახულობ და ვეფერები ხოლმე. მგონი, ცხოვრებასთან ბრძოლა გავაასმაგე და მინდა საკუთარ თავს ვაჯობო, რათა ყველაფერი მოვასწრო. უფალს ვთხოვ, მსოფლიოში საუკეთესო ჩემს ქვეყანას და ერს მოწყალების კალთა გადააფაროს...

 

1896
თემები:
ქართველები უცხოეთში (74)
ქეთევან ქარჩავა

როგორ აქციო ჰობი შემოსავლის წყაროდ: ხავერდის დახვეწილი ჩანთები ქეთევან ქარჩავასგან

820
(განახლებულია 20:02 10.07.2020)
ბევრ ადამიანს აქვს ჰობი, რომელიც ხელსაქმეს უკავშირდება. ზოგს ქარგვა იზიდავს, ზოგს ქსოვა, ზოგს კერვა. ბევრი ახერხებს თავისი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქციოს.

ქეთევან ქარჩავა პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. ყოველთვის სურდა საკუთარი საქმე ჰქონოდა. გზა, რომლიც ქალბატონმა ქეთევანმა დიასახლისობიდან დღემდე გაიარა, არ იყო მარტივი. დღეს უკვე საკუთარი ბიზნესი აქვს. ხავერდისგან ულამაზეს ჩანთებს ქმნის, რომელსაც თავისივე ხელით დიდი რუდუნებით ქარგავს.

ქეთევან ქარჩავა
photo: courtesy of Ketevan Karchava
ქეთევან ქარჩავა

- პროფესიით ისტორიკოსი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, ვიყავი უბრალოდ დიასახლისი. ვერ ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვიყავი, რადგან მუდმივად ვცდილობდი შემევსო ის დანაკლისი, რასაც პროფესიულად ვერ რეალიზება იწვევდა. კითხვა მიყვარდა ბავშვობიდან და ბევრს ვკითხულობდი, ვეძებდი სხვადასხვა გატაცებებს, მებაღეობაც კი ვცადე სახლის პირობებში. კერვა, ხატვა, თექაზე მუშაობა, თუმცა ეს გატაცებები ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა ყველა მათგანმა გარკვეული კვალი დატოვა ჩემი გემოვნებისა და თვითრწმენის ჩამოყალიბებაში.

შვილების გაზრდის მერე უფრო მწვავედ ვიგრძენი, რომ რაღაც მჭირდებოდა, რაც ჩემს, როგორც დიასახლისის ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდიდა. ამავე დროს საკუთარ თავს დავუმტკიცებდი, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია შენი ცხოვრება გახადო უფრო საინტერესო და ნაყოფიერი.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ვინ იყო ადამიანი, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სტიმულს და მოტივაციას გაძლევდათ, გვერდით გედგათ და ყველაზე მეტად გამხნევებდათ?

- მთელი ამ თვითძიების პროცესს ჩემი მეუღლე, ძალიან წარმატებული იურისტი, ინტერესით, ცოტა იუმორით, მაგრამ საკმაოდ გაგებით ეკიდებოდა, რაც არ იყო მარტივი ამ გადმოსახედიდან. ჩემი ინტერესები და გატაცებები ელვის სისწრაფით იცვლებოდა, რაც საკმაო დისკომფორტს იწვევდა ოჯახში. ჩემი მეუღლეა ის ადამიანი, რომელიც დღემდე მხარს უჭერს ყველა ჩემს წამოწყებას და იდეას. ინსპირაციის წყარო კი ჩემი ქალიშვილია, რომელსაც ბავშობიდან დღემდე ნებით თუ ძალით ვარგებ ჩემ მიერ შექმნილ სამოსს თუ აქსესუარებს.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

- დაახლოებით 2015 წელს შევქმენი ონლაინ-გვერდი „ფეისბუქზე“. მაშინ ვმუშაობდი თექაზე, ფაქტიურად ამ დროიდან გარდაიქმნა ჰობი საქმიანობად. მიმიწვიეს რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაზე საქართველოში და საზღვარგარეთ, ინტერვიუ მთხოვა რამდენიმე ტელეარხმა, გაიყიდა ბევრი ნამუშევარი, შემომთავაზეს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრობა.  ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორც თვითნასწავლ შემოქმედზე. ასევე მინდა ვთქვა, ყველაზე მასტიმულირებელი იყო ადამიანების აღტაცება ჩემი ნამუშევრებით. გარკვეული დროის მერე თექის ჩანთაზე ამოქარგვა დავიწყე, ქარგვამ ძალიან გამიტაცა. შემდეგ ქსოვილზე ვცადე და დღემდე მხოლოდ ქარგვით და კერვით ვარ დაკავებული. გასაკუთრებით ხავერდზე მომწონს ქარგვა, რადგან თვითონ ეს ქსოვილი განსაკუთრებულად ლამაზი და შესახებად სასიამოვნოა.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ხავერდზე მუშაობა რთული არ არის?

- მასზე საკმაოდ რთულია მუშაობა და ესკიზის გადატანა, ამიტომ პირდაპირ ვქარგავ და არასოდეს ვიცი რა იქნება საბოლოო შედეგი, ასე უფრო საინტერესოა ჩემთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, ბებიას უყვარდა ქარგვა. მახსოვს, ბავშვობაში ძალიან ლამაზი საზეიმო კაბა მომიქარგა, მამიდაც ქარგავდა და კერავს დღემდე, მეც ალბათ მათგან გამომყვა ხელსაქმის სიყვარული.

ხელნაკეთი ჩანთა
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთა

- როგორ ფიქრობთ, რით არის თქვენი ჩანთები გამორჩეული, როგორ დაიპყარით ამდენი ქალბატონის გული?

- ჩემი ჩანთები ვინტაჟური სტილისაა. ასე მგონია, მე-19 საუკუნის ვიქტორიანული სული ცოცხლდება მათში. აქ ალბათ გავლენას ახდენს ჩემი სიყვარული ისტორიისადმი. ასევე მიყვარს ბუნება, ყვავილები, ყველაფერი, რაც ცოცხალია და სუნთქავს. ვფიქრობ, რაც იზიდავს ქალბატონებს ჩემ მიერ შექმნილ აქსესუარებში, არის ცოტაოდენი რომანტიზმი, ფერთა გამა, ყვავილების სილამაზე და, რა თქმა უნდა, ხარისხი.

ასევე მინდა ვთქვა, ყველა ნივთი იქმნება დიდი სიყვარულით და გულმოდგინებით, ყველა მათგანი გამორჩეულია ინდივიდუალიზმით, რადგან არ კეთდება შაბლონით. მე მათში ვქარგავ ჩემი სულის ნაწილს და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყველა ჩემ მიერ შექმნილი აქსესუარი ჰყვება ამბავს. ხანდახან მიჭირს კიდევაც მათთან განშორება.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ყველაზე დიდი მოთხოვნა როგორი სტილის ჩანთებზეა?

- ვერ გეტყვით, რადგან რასაც ვაკეთებ, თითქმის ყველაფერი იყიდება. ხანდახან რომელიღაც მოდელის გამეორებას მთხოვენ, თუმცა იდენტურის გაკეთება შეუძლებელია. ძირითადად მენდობიან და მაძლევენ შემოქმედებით თავისუფლებას. ასეთი დამკვეთების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილი ვხდები და ნამუშევარიც შესაბამისი გამოდის.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ჩანთების გარდა სხვა აქსესუარებასაც ამზადებთ?

- დიახ, ჩანთების გარდა ამ ეტაპზე ვაკეთებ მოქარგულ გულსაკიდებს, საყელოებს, თმის რკალებს, ყაბალახებს და შარფებს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა მომხმარებელს ვპირდები საინტერესო და ხარისხიან ნამუშევრებს. ზოგადად, გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ. ცვლილებები არ მაშინებს. ამ ეტაპზე ვმუშაობ ინტერნეტ–გაყიდვების გაზრდაზე და ამიტომაც ვგეგმავ სოციალურ ქსელებში მეტად გააქტიურებას. ასევე ჩემი სამომავლო გეგმაა უცხოეთის ბაზარზე ნამუშევრების გატანა.

820
შეყვარებულები

ქალი ქორწინებამდე პროვოკატორია, ქორწინების შემდეგ...

546
(განახლებულია 16:48 09.07.2020)
უცოლო მამაკაცმა ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი იცის ქალების შესახებ, ვიდრე ცოლიანმა. სხვაგვარად ისიც უკვე ცოლიანი იქნებოდა...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ჰენრი ლუის მენკენის მოსაზრებებს.

ჰენრი ლუის მენკენი (Henry Louis Mencken, 1880-1956) ამერიკელი ჟურნალისტი, ესეისტი, სატირიკოსი; როგორც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა აღნიშნა, „ადამიანი, რომელმაც ამერიკული ლიტერატურისთვის ყველაზე მეტი გააკეთა".

თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…>>

ჰენრი ლუის მენკენმა დაამთავრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ბალტიმორის პოლიტექნიკური ინსტიტუტი". ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, ხოლო ლიტერატურულ მოღვაწეობას – ძირითადად მეოცე საუკუნის პირველ ოცწლეულში. მისი მთავარი ნაშრომებია: „ჯორჯ ბერნარდ შოუ. პიესები", „წინასიტყვაობათა წიგნი", „ცრურწმენები", „შენიშვნები დემოკრატიის შესახებ".

მან თავი გამოიჩინა, როგორც ბრწყინვალე ჟურნალისტმა და დააარსა ჟურნალი „ამერიკენ მერკური". ის ცნობილია, როგორც „ბალტიმორელი ბრძენი“ (Sage of Baltimore), ასევე „ბალტიმორის ანტიქრისტე". ის მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად მიიჩნევა.

რაც არ უნდა ბედნიერი იყოს ქალი ქორწინებაში, მაინც ყოველთვის კმაყოფილებით ამჩნევს, რომ არიან ამ ქვეყნად მამაკაცები, რომლებიც ისურვებდნენ, რომ ის გათხოვილი არ ყოფილიყო...

უცოლო მამაკაცმა ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი იცის ქალების შესახებ, ვიდრე ცოლიანმა. სხვაგვარად ისიც უკვე ცოლიანი იქნებოდა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანი სიმართლეს გეუბნებათ, როცა იცით, რომ თქვენ მის ადგილზე მოიტყუებოდით.

სიყვარული – წამება, უსიყვარულობა – სიკვდილი>>

მამაკაცი ეძებს ისეთ ვინმეს, რომლის წინაშეც მას სიამაყე შეუძლია. ქალი ეძებს მხარს, რომელსაც მიეყრდნობა...

როცა ქალი ქმარს სიტყვაზე ენდობა, ის ეჭვის საბაბს იძლევა.

უსამართლობის გადატანა შედარებით ადვილია. რაც ნამდვილად გვაყენებს ტკივილს - ეს სამართლიანობაა.

სიყვარული - ეს წარმოსახვის გამარჯვებაა გონებაზე.

მამაკაცი თავისი ბუნებით პოლიგამიურია. ერთი ქალი მისით ყოველთვის მანიპულირებს, ხოლო მეორე – კისერზე აზის.

სიყვარულში ბედნიერების უდიდესი საიდუმლოა – გიხაროდეს, რომ მასზე სხვა დაქორწინდა.

იდეალისტი – ეს არის ადამიანი, რომელიც, როცა აღმოაჩენს, რომ ვარდს კომბოსტოზე უკეთესი არომატი აქვს, მიდის დასკვნამდე, რომ ვარდისგან უკეთესი სუპი გაკეთდება.

მამაკაცები ბევრად უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ქალები. პირველ რიგში, ისინი გვიან ირთავენ ცოლს; მეორეც – ადრე კვდებიან.

სიყვარული – არა რაოდენობა, არამედ ხარისხი, რომელიც არ იზომება>>

ერთადერთი ნამდვილად ბედნიერი ადამიანები – ეს გათხოვილი ქალები და უცოლო მამაკაცები არიან.

ქალებს არ უყვართ მორცხვი მამაკაცები. კატებს არ უყვართ ფრთხილი თაგვები.

ქალები და მამაკაცები ერთ საკითხში თანხმდებიან: ორივენი არ ენდობიან ქალებს.

წარსულის წინაშე თავი დახარე, მომავლის წინაშე – სახელოები აიკაპიწე.

საყვარელი – მსხვერპლი ნომერი ორი.

ფსიქოთერაპია – ესაა მეცნიერება, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი, დიდი ალბათობით, გამოჯანმრთელდება, მაგრამ სამუდამოდ დარჩება ჩამოყალიბებული იდიოტი.

ქველმოქმედება და პატრიოტიზმი – მთავარი თვისებებია ამერიკელისა, რომელსაც რამის გაყიდვა სურს.

პატარძალი საკურთხეველთან: „როგორც იქნა! როგორც იქნა!“. სიძე: „უკვე ძალიან გვიანია! ძალიან გვიანი!“

ქალი ქორწინებამდე – პროვოკატორია; ქორწინების შემდეგ – ჟანდარმი.

მთელი ფილოსოფია, არსებითად, მიდის იმ აზრამდე, რომ ერთი ფილოსოფოსი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველა დანარჩენი ფილოსოფოსი სახედარია. ის, ჩვეულებრივ, ამას ახერხებს, უფრო მეტიც, ის დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ თვითონაც სახედარია.

შენთან ერთად. შენ წინააღმდეგ. უშენოდ...>>

რა ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ ცხოვრება აუტანელი გახადო! კენჭი ფეხსაცმელში, ტარაკანი მაკარონში, ქალის სიცილი!

ქმრები არასდროს ხდებიან კარგი; ისინი, უბრალოდ, გამოცდილებას იძენენ.

ჯენტლმენი – ესაა ადამიანი, რომელიც სიმართლეს ასიდან სულ ცოტა ოცდაათ შემთხვევაში ლაპარაკობს.

ყოველ წესიერ ადამიანს რცხვენია იმ მთავრობისა, რომლის მმართველობის დროსაც ცხოვრობს.

უცოლო – ეს ისაა, რომელსაც უნდა ცოლის შერთვა და თან, ამავე დროს, უხარია, რომ უცოლოა.

დემოკრატია – თეორია, რომლის შესაბამისად ორი ქურდი მოიპარავს ნაკლებს, ვიდრე ერთი; სამი – ნაკლებს, ვიდრე ორი; ოთხი – სამზე ნაკლებს და ასე, უსასრულობამდე.

სინდისი შინაგანი ხმაა, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ვიღაც გვითვალთვალებს.

სიმართლე ისეთი რამაა, რომელსაც, ასე თუ ისე, ვინმეს დისკრედიტირება შეუძლია...

გაზეთი – საშუალება, რომ უვიცი ადამიანები მეტად უვიცნი გახდნენ, ხოლო შეშლილნი – უფრო შეშლილნი.

იმედი – შეუძლებლის პათოლოგიური რწმენაა.

რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი>>

ჯოჯოხეთი – ადგილი, სადაც ათ მცნებას კანონი დევნის.

მამაკაცი შეიძლება სულელი იყოს, მაგრამ ამის თაობაზე ეჭვი არ ეპარებოდეს – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცოლოა.

ქმარი – ესაა ადამიანი, რომელსაც სულ თვალი უნდა ადევნო; კისრის ზომა – 16, საყელოს – 15,5.

ეჭვიანობა – თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ცუდი გემოვნებით მხოლოდ თქვენ არ გამოირჩევით.

მსახიობი – ადამიანი, რომელსაც ხის ფეხი უფრო უშლის ხელს, ვიდრე ხის თავი.

დემოკრატია – ესაა მეცნიერება და ხელოვნება, მართო მაიმუნების გალიისგან შემდგარი ცირკი.

დემოკრატია – ეს მხოლოდ ოცნებაა: ის ზღაპრული არკადიის, სანტა კლაუსისა და სამოთხის გვერდით დგას.

უზენაესი – კომედიანტი, რომლის მაყურებელს სიცილისა ეშინია.

ძალაუფლება – ღმერთისგან, იერარქია – ძალაუფლებისგან.

პურიტანობა – შიში, რომ ვიღაც სადღაც შეიძლება ბედნიერი იყოს.

კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება>>

ცუდად იფიქრო მოყვასზე – ცოდვაა, მაგრამ არა მგონია, რომ შეცდომა იყოს.

უცოლოებს ხანდახან სინდისი ქენჯნის. ცოლიანებს ამისთვის ცოლები ჰყავთ. „მე ჩემი ქმრის სინდისი ვარ“.

546
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
ბავშვები შადრევანში

როგორ  დავიცვათ თავი გადახურებისგან ზაფხულის ცხელ დღეებში

0
(განახლებულია 16:03 13.07.2020)
საქართველოში უკვე ძალიან ცხელა. განსაკუთრებით ბავშვებს და მოხცებს უჭირთ ამ სიცხის გაძლება. მზე ამ პერიოდში ძალიან აქტიურია და შუადღისას თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ტემპერატურა, რომელიც აღემატაბა 32 გრადუსს საფრთხის შემცველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

როგორ უნდა მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ უნდა დავიცვათ თავი გადახურებისგან, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მრჩეველი ნია გიუაშვილი საუბრობს.

ნია გიუაშვილი
ნია გიუაშვილი

პრევენციის ელემენტარული ზომები, ასე ვთქვათ უნდა იყოს მიღებული  ინდივიდუალურად. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ორგანიზმი დავიცვათ გადახურებისგან. 32 გრადუსი, ეს გახლავთ ერთგვარი ზღვრული მაჩვენებელი და ამ ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივად ყოფნა, ღია სივრცეში არ არის მისაღები.

რაც შეეხება, თუ გვინდა, რომ ბინაში შევინარჩუნოთ სიგრილე, ამისათვის პირველი საშუალებაა კონდიცირება, რაც უნდა ხდებოდეს ღია ფანჯრების პირობებში. ოთახში გამორთეთ ყველა ხელსაწყო, რომელიც შეაძლოა დამატებით სითბოს გამოყოფდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გახლავთ იმისთვის, რომ წესები იყოს დაცული. თუ ბინაში არ არის კონდიცირება, დახურეთ ფანჯრები, დარაბები, ჩამოაფარეთ ფარდები, ოთახში განათავსეთ სველი პირსახოცები.

დღის განმავლობაში უნდა დაიგეგმოს საქმიანობა და მოხდეს საქმის გადანაწილება. თუ კი 32 გრადუსის პირობებში გიწევთ საქმიანობა, მუშაობის დრო არ უნდა აჭარბებდეს ორ საათს. ამის შემდგომ საჭიროა დასვენება, გაგრილება და მხოლოდ შემდგომ შეიძლება დაბრუნება იმავე საქმიანობაზე.

ზოგადად, დღის პირობებში 32 გრადუსი, ღამის პირობებში 24 გრადუსის შენარჩუნება გახლავთ ის ზღვრული მაჩვენებელი, რომელიც უნდა იყოს დაცული. სითბური ტალღებისათვის დამახასიათებელია ღამის ტემპერატურის მატება და შესაბამისად ღამის პირობებში ვერ ხდება ორგანიზმის სათანადოდ გაგრილება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავაგრილოთ ორგანიზმი. უნდა გავაღოთ ყველა ფანჯარა, განსხვავებით დღისაგან, როდესაც პირიქით ჯობია დავხურთ და ამგვარად შევინარჩუნოთ დაბალი ტემპერატურა.

როგორც წესი, დილის ოთხი საათიდან დილის შვიდ საათამდე გახლავთ ყველაზე უფრო გრილი პერიოდი და თუ კი რაიმე ტიპის ფიზიკურ აქტივობას ვგეგმავთ, სწორედ ამ პერიოდში უნდა დაიგეგმოს და არა უფრო გვიან, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს ჯანმრთელობისთვის. მითუმეტეს საქართველოში ადრე თენდება, დილის ხუთ საათზე სრულად არის გათენებული. შესაბამისად სრულიად შესაძლებელი დილის ფიზიკური აქტივობით დაწყება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცხის დროს საკმარისი რაოდენობით მივიღოთ სითხე. მოხუცებისთვის სწორედ ეს არის დამახასიათებელი, მათ წყურვილის გრძნობა დაქვეითებული აქვთ. უბრაოდ არ ახსოვთ, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ დროს მეთვალყურეობა ოჯახის წევრების მხრიდან ბავშვებზე და მოხუცებზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ უნდა შევახსენოთ, იცოდნენ, რომ სიცხეში ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს შეზღუდული და  სითხე უნდა იქნეს საკმარისი რაოდენობით მიღებული.

სიცხის დროს მნიშვნელობა ენიჭება კვებასაც. კვება უნდა იყოს სათანადო, მცირე პორციებით და ხშირად, ხილის და ბოსტნეულის მაღალი შემცველებით. ამ დროს რაც შეიძლება შეამცირეთ ცხიმები. უარი თქვით კოფეინზე, ტკბილ და გაზიან სასმელებზე. თუმცა მინარული წყლები გაახლავთ საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ სითხე იყოს შენარჩუნებული ორგანიზმში და იყოს საკმარისი ჰიდრატაცია.

კიდევ ერთი ძლიან მნიშნელოვანი რამ. ვინაიდან სიცხე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის გახლავთ ყველაზე მაღალი რისკის შემცველი, მნიშვნელოვანია, რომ ცხელი დღეების დადგომისთანავე მათ შესაბამისი კონსულტაცია გაიარონ მკურნალ ექიმთან და გაარკვიონ საჭიროებს თუ არა ექიმის დანიშნულება ცვლილებას.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე