ქალი და მამაკაცი

ვინც ეძებს, ვინც იპოვა და, ზოგადად, ყველა, ანუ ყველაფერი მარტივია

1113
(განახლებულია 17:31 11.06.2020)
არც ერთი მამაკაცი არ ღირს საიმისოდ, რომ მის წინაშე ქედმოხრილმა იაროთ, უგულებელყოთ საკუთარი მოთხოვნები და სურვილები.

წარმოგიდგენთ ცნობილი ფსიქოლოგის, 30-წლიანი სტაჟის მქონე პრაქტიკოსი სპეციალისტის მიხაილ ლაბკოვსკის მოსაზრებებს, რომელიც ცნობილია თავისი მკვეთრი გამონათქვამებითა და ეპატაჟურობით.

ვინც ეძებს:

არავის სჭირდება ის, ვისაც საკუთარი თავიც არ სჭირდება. ის კი, ვინც თავის თავს იღებს ისეთად, როგორიც არის, მიუხედავად ცხოვრებისეული პრობლემებისა, სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს.

თუ მამაკაცთან არაკომფორტულად გრძნობთ თავს პირველ, მეორე, მესამე პაემანზე, მეოთხე პაემანზე აღარ წახვიდეთ. პირველ შეხვედრაზე მამაკაცი თავს საუკეთესოდ აჩვენებს და თუ უკვე არ გსიამოვნებთ მის გვერდით ყოფნა, ამ ურთიერთობებიდან კარგი არაფერი გამოვა.

რაც შეეხება ახალგაზრდა, წარმატებულ და ლამაზ ქალებს, რომლებმაც ვერ იპოვეს პარტნიორი, რადგან მათ თითქოსდა მაღალი მოთხოვნები აქვთ, ეს მიუთითებს, რომ ამ ქალებს არა აქვთ ურთიერთობების უნარი და მისი ეშინიათ.

თუ გათხოვება გინდათ, ამაზე ფიქრი უნდა შეწყვიტოთ. ეს იგივეა, რომ გქონდეთ სურვილი, „კაპოტზე“ შემოსვათ თოჯინა, გაუკეთოთ ფატა და ა.შ. ჯანმრთელ ადამიანებთან ვითარება ცოტა სხვაგვარადაა. მათ სიყვარულის მოთხოვნილება აქვთ. ამისთვის პოულობენ მამაკაცს, რომელსაც ის უყვარს.

ორი გზა განშორების შემდეგ: მდგომარეობიდან გამოსვლა თუ თვითგვემა>>

არასდროს გქონდეთ ურთიერთობა ცოლიან მამაკაცთან. ცოლიანს ცოლი აღარ სჭირდება – სახლში უკვე ჰყავს ერთი.

ვინც იპოვა

თუ გინდათ გათხოვდეთ, ხვდებით მამაკაცს, ან უკვე ცხოვრობთ კიდეც მასთან და არაფერი ხდება, ერთხელ უნდა ჰკითხოთ, სურს თუ არა ოჯახის შექმნა. თუ მამაკაცი მზად არ არის ოჯახის შექმნისთვის, ეს ნიშნავს, რომ მასთან დამშვიდობების დრო დადგა. რა თქმა უნდა, ეს დამშვიდობება თბილი უნდა იყოს, დაახლოებით ასეთი: „ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს შენ მიმართ და ეს ასეც გაგრძელდება, მაგრამ შენგან შორს“.

ნებისმიერი ქალი, რომელიც წლობით ზის სახლში და მხოლოდ დიასახლისობს, დეგრადირების გზაზეა. ეს გარდაუვალია. ბოლოს და ბოლოს, მამაკაცს სწყინდება ცოლი, მას სულელად მიიჩნევს, აქ განქორწინებამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება. თან, უმეტეს შემთხვევებში, თავიდან ქმარი არ დაიჟინებს, რომ ქალი სახლში უნდა დაჯდეს და ქმარ–შვილს მოუაროს.

თუ ქმარი გძაბავთ, დაშორდით. ნუ შეუშინდებით მარტო დარჩენას. არც ერთი მამაკაცი არ ღირს საიმისოდ, რომ მის წინაშე ქედმოხრილმა იაროთ, უგულებელყოთ საკუთარი მოთხოვნები და სურვილები.

ყველაფერი მარტივია: არის ის ისეთი, როგორიც არის. და ხართ თქვენ ისეთი, როგორიც ხართ. ერთად ან კარგად ხართ, ან უნდა დაშორდეთ. თან, ჯობს იქამდე, სანამ იპოთეკას აიღებთ და სამ შვილს გააჩენთ.

საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში - დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>

ის, ვინც ფსიქიკურად ჯანმრთელია, ორიენტირებულია საკუთარ გრძნობებზე და ყოველთვის საკუთარ თავს ირჩევს. მსხვერპლს არც სილამაზე და არც სიყვარული არ მოითხოვს. და თუ მოითხოვს, ეს ნამდვილად არაა თქვენი ისტორია. არ არსებობს ისეთი მიზანი, რის გამოც ურთიერთობებში მოთმენა ღირს.

ყველასთვის: 

მთელი ცხოვრება თითის წვერებზე ვერ ივლით, იმედგაცრუება კი ყოველთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე ის, რომ თავი დასაწყისშივე აჩვენოთ.

თუ ადამიანებს საკუთარი თავი არ უყვართ, ისინი ერთმანეთსაც ვერ შეიყვარებენ, ამიტომ მათგან ბედნიერი წყვილი ვერ დადგება.

საქმროებში კი არ უნდა გაერკვიოთ, არამედ საკუთარ თავში. როდესაც ქალი ამბობს: „მიყვარდა“, ეს ხშირად სიყვარულის ისტორია კი არა, „ბარიგის“ (ნარკოდილერის) ისტორიაა, რომელიც მას აუცილებელი ტანჯვით „ამარაგებს“. ჯანსაღი სიყვარულის ისტორია ბედნიერების ისტორიაა.

თუ არ მოგწონთ მამაკაცის თქვენდამი დამოკიდებულება, ის რამე თქვენთვის არასასიამოვნოს აკეთებს, ამის შესახებ უთხარით ერთხელ. თუ არაფერი შეიცვლება – მშვიდობით.

ნორმალური ადამიანი არ გააგრძელებს ურთიერთობებს, თუ მას პატივს არ სცემენ. სხვათა შორის, ასეთ ურთიერთობებს არც დაიწყებს.

1113
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (63)
გიული გიორგაძე

ნამდვილი ამბავი იმაზე, „ბეთჰოვენმა რა ჰქმნა?“

396
(განახლებულია 18:06 29.09.2020)
იყო დრო, როდესაც ჩვენში ბავშვები მუსიკაზე „მოდის გამო“ დაჰყავდათ და მუსიკალურ შვიდწლედს იძულებით ამთავრებინებდნენ. შედეგი სავალალო იყო: უმრავლესობა მუსიკაზე გულს იცრუებდა...

დღეს სხვა სიტუაციაა და ამ საკითხისადმი დამოკიდებულებაც, საბედნიეროდ, შეიცვალა. თანაც, მოგეხსენებათ, თანამედროვე ბავშვს ვერც აიძულებ, რომ სურვილის გარეშე რაიმე შეისწავლოს. ყველა შემთხვევაში მასწავლებლის როლი განმსაზღვრელია. კარგმა პედაგოგმა შეიძლება ისე იმოქმედოს, რომ ბავშვს გამები, სოლფეჯიო და კლასიკური მუსიკა შეაყვაროს და, ამასთან, დახვეწილი გემოვნებაც ჩამოუყალიბოს...

ასეთი პედაგოგების რიცხვშია გიული გიორგაძეც, რომელსაც საჯარო სკოლასა და საბავშვო მუსიკალურ სტუდიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, დღეს ის კერძო გაკვეთილებს ატარებს. 

გიული გიორგაძე
გიული გიორგაძე

- ქალბატონო გიული, თავის დროზე, სავარაუდოდ, მუსიკის კარგი მასწავლებელი გყავდათ...

- დიახ, ჩემი პირველი მასწავლებელი საოცარი ადამიანი ლიანა ფირალიშვილი იყო. ის უდიდესი მოთმინებითა და სიყვარულით მიხსნიდა და მასწავლიდა ნოტებს, მანვე მაზიარა ბგერების ჰარმონიას. მართალია, თავად ლმობიერი პიროვნებაა, ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ მკაცრი და მომთხოვნიც ყოფილიყო, რაც, ჩემი აზრით, აუცილებელია წარმატების მისაღწევად. ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. ჩემი პირადი მაგალითიდან გამომდინარე უკვე ვიცი, რომ მასწავლებელი უდიდეს როლს ასრულებს მოსწავლის გემოვნების ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- ოჯახური გარემოც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თქვენ მაგალითზე რას იტყვით?

- მართლაც ასეა, მე დედა პედაგოგი მყავს. ღრმა ბავშვობაში, შესაძლებელია, პირველ რიგში, სწორედ მან იქონია გავლენა, რომ მუსიკით დავინტერესებულიყავი და მომავალი პროფესიაც ამის გათვალისწინებით ამერჩია. სერიოზული მუშაობა და შეხება მქონდა მუსიკასთან მაშინაც, როცა ნიჭიერთა ათწლედში ვსწავლობდი.

- ბავშვი რომ მუსიკით დააინტერესო, ამოსავალი მაინც რა არის?

- მთავარი ფაქტორი, რომ მოსწავლე მუსიკით დააინტერესო, ისაა, რომ დაანახო თავად როგორ გიყვარს მუსიკალური ხელოვნება და საქმე, რომელსაც აკეთებ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი არ დაძაბო და მას სიმშვიდისა და კეთილგანწყობის განცდა შეუქმნა, რათა მან შენ გაკვეთილზე და ინსტრუმენტთან თავი კომფორტულად იგრძნოს. ბავშვს მცირე ასაკიდან უნდა მოვასმენინოთ გემოვნებიანი მუსიკა, რათა კარგი გემოვნება ჩამოვუყალიბოთ.

მუსიკალური სკოლის კოლექტივთან ერთად
მუსიკალური სკოლის კოლექტივთან ერთად

- ალბათ რეპერტუარსაც აქვს მნიშვნელობა...

- დიახ, რეპერტუარის შედგენა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა, რადგან გასათვალისწინებელია ბავშვის უნარ-შესაძლებლობები და დროც, რაც თანამედროვე ბავშვებს ძალიან ცოტა აქვთ. სამწუხაროდ, დღევანდელმა რეალობამ და ყოფითმა პრობლემებმა ბავშვების ინტერესი უკანა პლანზე გადასწია, ამიტომ ძალიან მიხარია, როცა მშობელი მაინც ახერხებს, რომ დაინტერესებული ბავშვი მუსიკაზე ატაროს. მოსწავლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე წარმატება და სიხარული მასწავლებლისთვის უდიდესი ბედნიერებაა. ამიტომ ჩემი მოსწავლეების ყველა გამოსვლა უკვე წარმატებად მიმაჩნია.

ხელოვან-მეთოჯინეებთან ერთად
ხელოვან-მეთოჯინეებთან ერთად

- ხშირად მსმენია, რომ საკმაოდ რთულია საბავშვო სიმღერების წერა, თუმცა ქართველებს, საბედნიეროდ, ბევრი კარგი საბავშვო კომპოზიტორი გვყავს...

- დიახ, საქართველოში საბავშვო სიმღერების ბევრი კარგი ავტორია. შესაბამისად, რთულია გამოარჩიო და მოსწავლეს რომელიმე კონკრეტული ავტორი შესთავაზო. ამიტომ მირჩევნია ერთად მოვუსმინოთ ამა თუ იმ სიმღერას და ის ბავშვის მოთხოვნისა და გემოვნების შესაბამისად შევარჩიო. ამით, რა თქმა უნდა, ბავშვსაც სწავლისადმი უფრო მეტ ენთუზიაზმსა და ინტერესს უჩენ. არსებობს ასეთი გამოთქმა: „ბავშვისთვის რომ წერო, უნდა წერო უფროსებისთვის, მაგრამ უფრო კარგად“. თანამედროვე ბავშვის მრავალფეროვანი ფანტაზიის დაკმაყოფილება არაა მარტივი ამბავი.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- მუსიკალური სამყარო სავსეა თანმდევი საოცარი ამბებით, რაიმე თუ გახსენდებათ?

- თქვენს კითხვაზე ერთი ახალი ამბავი გამახსენდა. მე მყავს არაჩვეულებრივი მოსწავლე, ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ცოტა უცნაური ბავშვი გიორგი ოდიკაძე, რომელიც ბავშვობაში ძილის წინ, თურმე, ყოველთვის ერთ რომელიღაც მუსიკას უსმენდა. ის მუსიკა ჩამონტაჟებული იყო მის საწოლზე და როგორც კი წვებოდა დასაძინებლად, ისიც ავტომატურად ირთვებოდა. გიორგიმ მითხრა, რომ ის მელოდია დღემდე ახსოვს და ენატრება. ერთხელაც ბავშვმა, რომელიც შვიდი წლისაა, იმ მუსიკის დაკვრა მოინდომა, მისი თქმით, ეს ძალიან ლამაზი მუსიკა იყო. დავიწყეთ „ამოცნობა“, თუ რომელ მუსიკაზეა საუბარი. მე რამდენიმე ნაწარმოები შევასრულე და ერთ მათგანზე მან უცებ სიხარულით წამოიძახა – აი, ეს სწორედ ის მუსიკააო! მოკლედ, ამოიცნო თავისი ბავშვობის მუსიკა და ორივე ბედნიერები ვიყავით.

მეგობრეთან ერთად
მეგობრეთან ერთად

- და რა მუსიკაზეა საუბარი?

 - ის აღმოჩნდა ბეთჰოვენის „ელიზე“. ამის მერე მან სიხარულით და მონდომებით შეისწავლა ეს ნაწარმოები და სულ რაღაც ორიოდე გაკვეთილში უკვე კარგად უკრავდა. აი, ასეთი უცნაური ბიჭი და ამბავია. ამ ბავშვს სამი წლის ასაკიდან ვიცნობ. სხვათა შორის, პანდემიამდე იგი ცალი ხელით დაკვრაში ვამეცადინე. როდესაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, აღმოჩნდა, რომ მან ორი ხელით დაკვრა უჩემოდ, დამოუკიდებლად ისწავლა. რანაირად მოახერხა, ვერ ვხვდები. ასეა, როცა მუსიკა გიყვარს, ის სასწაულებს ჩაგადენინებს...

- თქვენთვის რა იყო მუსიკა ან სიმღერა, რაც თქვენს ბავშვობასთან ასოცირდება?

- ჩემთვის მუსიკის აღქმა ქართული საბავშვო სიმღერებით იწყება. ბავშვობიდან გამოვარჩევდი არაჩვეულებრივი კომპოზიტორის მერი დავითაშვილის სიმღერას „ეს საწყალი კურდღელი", რომელსაც თავად ვასრულებდი და ძალიან მიყვარდა. საერთოდ, მუსიკა ჩემთვის არსებობის წყაროა, ის მეხმარება ცხოვრებას მრავალი ფერი მივანიჭო ან სულ სხვა ფორმით დავინახო. რეალური სამყაროს აღქმა საკმაოდ რთულია მუსიკის გარეშე...

396
ხათუნა ფაიქიძე

ემიგრანტი ქალის წერილები: სიტყვა მოსამსახურე არ ნიშნავს, რომ ვინმეს უნდა დაემონო

338
(განახლებულია 21:25 28.09.2020)
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

ეს ღია გზავნილი ქუთაისელ ხათუნა ფაიქიძეს ეკუთვნის. პროფესიით იურისტი, ერთ დღესაც იძულებული გახდა, რომ სხვა ემიგრანტების მსგავსად უცხოეთში გადახვეწილიყო და ოდესღაც საოცნებო ქვეყანაში სამუშაოდ ჩასულიყო...

ხათუნა ფაიქიძე
ხათუნა ფაიქიძე

დავიბადე ქუთაისში, არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. წარჩინებით დავამთავრე 33-ე საშუალო სკოლა. თავიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი და დღემდე ასეთი ვარ. მინდოდა იურისტი გამოვსულიყავი. როცა ვაბარებდი, საკმაოდ დიდი კონკურსი იყო და მე 30 კაცს შორის მოვხვდი. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე. 90-იან წლებში, როცა სახელმწიფო სისტემა ჩამოიშალა, პროფესიული ზრდისთვის არანაირი ასპარეზი აღარ არსებობდა, ამიტომ სხვების მსგავსად იძულებული გავხდი ემიგრაციაში წავსულიყავი. უცხო ქვეყანაში ადაპტირება ძალიან რთულია, იძულებული ხარ, რომ სხვა ქვეყნის ყოფა, ადათ-წესები და კანონები აითვისო. დღეს ზუსტად ვიცი, რომ ემიგრანტ ქალზე ძლიერი დუნიაზე არავინაა…

ხათუნა ფაიქიძე
ხათუნა ფაიქიძე

თუმცა იმასაც გეტყვით, რომ აქ ყოფნა იმდენად არ გამჭირვებია, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მომწონდა იტალია და იტალიელები. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა იტალიური ფილმები, მსახიობები და მომღერლები. მახსოვს, დამშვიდობების დროს ბავშვები როგორ ვამბობით – „ჩაო-კაკაო!" მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და იტალიაში ვიცხოვრებდი.

აქ წამოსვლის დროს ჩემთვის ერთადერთი სირთულე ის იყო, რომ ჩემი შვილის, პატარა ნინიას დატოვება გამიჭირდა. ბევრი ვეცადე და დღეს ჩემი შვილი, რომელიც უკვე 17 წლისაა, ჩემსავით იტალიის ბინადარია. უკვე მეთხუთმეტე წელი დაიწყო, რაც ფლორენციაში ვარ.

ხათუნა ფაიქიძე
ხათუნა ფაიქიძე

ადამიანების უმრავლესობა გამუდმებით ფიქრობს იმაზე, რაც მოხდა, ან იმაზე, რისი შეცვლა სურთ ან ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ. წარსულს ვერ დავაბრუნებთ, მომავალი კი ჯერ არ დამდგარა, ამიტომ მეტი უნდა ვიფიქროთ აწმყოზე და მისი ყოველი წუთი უნდა შევიგრძნოთ.

თავისუფლება მიყვარს, მჯერა, რომ თავისუფლება საკუთარი თავის ფლობაშია და არა ვინმეს ან რამის მორჩილებაში. მიყვარს ყოფნა ყველგან, სადაც სიცოცხლე, სინათლე და სიყვარულია. აქ ერთ ოჯახში ვმუშაობ და სიტყვა მოსამსახურე არ მაშინებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავი უნდა დახარო და ვინმეს დაემონო. უბრალოდ, შენი საქმე უნდა შეასრულო კეთილსინდისიერად და პატიოსნად, რადგან არანაირი შრომა სამარცხვინო არ არის, თავაწეულმა უნდა იარო...

ხათუნა ფაიქიძე
ხათუნა ფაიქიძე

არ მიყვარს ფარისეველი, მატყუარა და მოღალატე ხალხი, რადგან ვთვლი, რომ ვინმემ ერთხელ თუ გიღალატა, აუცილებლად გიღალატებს მეორედ და მესამედაც და ეს უფრო მტკივნეული იქნება...

იტალიაში, როცა საშუალება მაქვს, სულ ვმოგზაურობ. ფლორენციაში უკვე მაქვს საყვარელი ადგილები, მათ შორისაა პონტე ვეკიო (Ponte vecchio), შუა საუკუნეების დროინდელი ხიდი მდინარე არნოზე. ამბობენ, რომ ეს ხიდი თავიდან რომაელებს აუგიათ, 1333 წელს ხანძრის შედეგად დაიწვა. შემდეგ ხიდი, უკვე ქვის, ხელახლა ააგეს. თურმე, 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს მისმა სილამაზემ ჰიტლერზეც მოახდინა გავლენა და ამიტომ ხიდი მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა.

ხათუნა ფაიქიძე
ხათუნა ფაიქიძე

რაც შეეხება ჩემს ოცნებას, მინდა, რომ საქართველო ვიხილო გამთლიანებული და ძლიერი და იქ მარტო ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ. ბევრი ჩანაფიქრი მაქვს, მაგრამ პროფესიულ კარიერაზე, სამწუხაროდ, აღარაფერს ვამბობ, უკვე დავაგვიანე...

ცხოვრება გრძელდება და მჯერა: სანამ ცოცხალი ხარ, ღმერთის და ადამიანის იმედი არ უნდა დაკარგო და შენი გზა ღირსეულად უნდა გაიარო. შესაძლოა მოვიდეს დრო და ჩემს პროფესიულ განვითარებაზე აქ, იტალიაშიც ვიფიქრო. ნათქვამია – ვერასოდეს დაინახავ ცისარტყელას, თუ მუდამ ძირს იხედებიო...

 

338
გაეროს შენობა

„დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი“ გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღთან დაკავშირებით

0
(განახლებულია 12:18 30.09.2020)
გაეროს უშიშროების საბჭომ კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე აბდუ აბარიმ შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტურ ზონა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო, იუწყება РИА Новости.

სესიაშვილი: საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს იარაღის ტრანზიტზე უარი უთხრა>>

პრობლემა გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს და ამის შემდეგ განცხადება გააკეთეს.

„მათ (უშიშროების საბჭოს წევრებმა) უმკაცრესად დაგმეს ძალის გამოყენება და ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვეს“, – განაცხადა აბარიმ.

გაეროს უშიშროების საბჭომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და წინაპირობების გარეშე მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. საბჭომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ცენტრალურ როლს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

კონფლიქტის გამწვავება

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა, მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ, 27 სექტემბერს საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ მიმართ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და მათ შორის, საქართველომ და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

0
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020