მარიამ დარჩიაშვილი

რეალისტი მხატვრის ახდენილი ოცნება და ნახშირით შექმნილი ფერადი სამყარო

590
(განახლებულია 21:51 04.06.2020)
მისი ნახატები იმდენად ზუსტად გამოხატავს ადამიანის ემოციას, რომ შესაძლოა, მხოლოდ კარგად დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინო, რომ ისინი ფოტოგრაფიის სიზუსტით შექმნილი ულამაზესი პორტრეტებია.

მარიამ დარჩიაშვილმა ნახშირით ხატვის ტექნიკა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა და დღეს მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედ ამ მასალითაა შექმნილი. უცნაური ისაა, რომ ერთ ფერში დახატული სამყარო იმდენად დიდ შეგრძნებებს იწვევს, რომ ფერების არარსებობას ვერც ამჩნევ...

ბოლო წლებია ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის ქართულ სტუდიაში მუშაობს, სადაც სხვა ნიჭიერ მხატვრებთან ერთად მაღალი ხარისხის ნამუშევრებს ქმნის. პარალელურად საკუთარი შემოქმედების დახვეწა-განვითარებაზე ზრუნავს.

მარიამ დარჩიაშვილი
მარიამ დარჩიაშვილი

- მარიამ, საუბარი ბოლო დროინდელი პერიოდით დავიწყოთ – პანდემიის დროს რა აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ან რაში დარწმუნდით?

- პანდემიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ხატვა არის „საქმიანობა“, რომელიც არასოდეს მომბეზრდება. თუნდაც ყველა იმ შეზღუდვისა და თანმდევი დაძაბულობის ფონზეც კი, რაც ამ პერიოდს ახლდა. ბავშვობიდან ვხატავ, ყოველთვის მსიამოვნებდა პატარ-პატარა ჩანახატების გაკეთება, პორტრეტების შექმნა, თუმცა სერიოზულად არასდროს ვყოფილვარ ამით დაკავებული.

მარიამ დარჩიაშვილის შემოქმედება
მარიამ დარჩიაშვილის შემოქმედება

- ხატვის გარდა რა გიზიდავდათ?

- ხატვის გარდა ძალიან მიზიდავდა ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით მათემატიკა, რიცხვებთან ურთიერთობა და ამიტომაც გადავწყვიტე შემესწავლა ბიზნესის ადმინისტრირება. დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, შემდგომში სწავლა მაგისტრატურაშიც გავაგრძელე. სწორედ ამ პერიოდში სრულიად მოულოდნელად ისევ ხელოვნების სფეროში აღმოვჩნდი.

მარიამ დარჩიაშვილის შემოქმედება
მარიამ დარჩიაშვილის შემოქმედება

- რა მოულოდნელობაზეა საუბარი?

- ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, როდესაც მაგისტრატურაში დავიწყე სწავლა, დღის განმავლობში უფრო მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, რაც მინდოდა ნაყოფიერად გამომეყენებინა. ამ პერიოდისთვის უკვე მქონდა რეალისტურ სტილში შესრულებული რამდენიმე პორტრეტი. სწორედ ამ დროს ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე სრულიად შემთხვევით წავაწყდი პოსტს, სადაც რეალისტ მხატვრებს ეძებდნენ. ეს ერთგვარი გამოიწვევა იყო ჩემთვის, მაშინ საკუთარ შესაძლებლობებში არ ვიყავი დაწმუნებული და მაინტერესებდა ჩემი დონე და ხატვის ტექნიკა რამდენად მისაღები იყო პროფესიონალებისთვის...

მარიამ დარჩიაშვილის შემოქმედება
მარიამ დარჩიაშვილის შემოქმედება

- ასეთი რეალისტური ნახატების შესაქმენლად რას იყენებთ?

- ძირითადად გრაფიკაში ვმუშაობ, გრაფიტით და ტუშით. თუმცა რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე ნახშირით ხატვის ტექნიკა, ჩემი ნამუშევრების უმეტეს ნაწილს დღეს ამ მასალით ვქმნი. თავიდან საკმაოდ რთულ და დაუმორჩილებელ მასალად მომეჩვენა, მით უმეტეს ჩვეულებრივი ფანქრის ფონზე, თუმცა რამდენიმე პორტრეტის დახატვის შემდეგ უკვე ნათლად გამოჩნდა მისი უპირატესობები. ის შედარებით მუქი და მყარი მასალაა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნახატი უფრო კონტრასტული და ეფექტური გამოვიდეს, არ ირეკლავს შუქს და ა.შ. ამიტომ ყველაზე რეალისტურ შედეგს მაინც ნახშირით ვიღებ, კონტრასტულ, დეტალურად დამუშავებულ გამოსახულებებს, სადაც ყველაზე მთავარის – ემოციის აღბეჭდვა შემიძლია.

მარიამ დარჩიაშვილის შემოქმედება
მარიამ დარჩიაშვილის შემოქმედება

- რთულია ემოციის გამოსახვაა?

- ნახატის ღირსება ხომ სწორედ ემოციის გამოსახვაშია. თუ ემოცია მოდის, ეს უკვე მხატვრის ოსტატობაზე მიუთითებს. ძალიან მიყვარს ნახატები, სკულპტურები, სადაც ემოცია არა მხოლოდ სახიდან ან მიმიკებიდან იკითხება, არამედ ამას მთლიანად სხეული და, განსაკუთრებით, ხელები გადმოსცემს.

მარიამ დარჩიაშვილის შემოქმედება
მარიამ დარჩიაშვილის შემოქმედება

- თქვენთვის ხატვას სულიერი სიმშვიდე მოაქვს თუ?..

- ჩემთვის ხატვა იყო და არის სულიერი სიმშვიდის მომტანი საქმიანობა და განტვირთვის საშუალება. დღეისათვის ხატვა მხოლოდ გატაცება არ არის, რადგან მან თვითრეალიზების შესაძლებლობაც მომცა. ახლა მთელ ჩემ დროს, რესურსსა და ენერგიას მხოლოდ ხატვას ვუთმობ. ვცდილობ კიდევ უფრო დავიხვეწო, განვვითარდე, მეტი ცოდნა მივიღო სხვადასხვა მასალასა და ხატვის სტილზე.

მარიამ დარჩიაშვილი
მარიამ დარჩიაშვილი

- ხატვის სწავლა რამდენად შესაძლებელია?

- ალბათ რაღაც დონემდე ყველას შეუძლია გარკვეული შედეგის მიღება, მაგრამ ამის მერე უკვე ნიჭიც აუცილებელია და ბევრი მუშაობაც.

- საოცრად რეალისტურ ნამუშევრებს ქმნით, ცხოვრებაშიც რეალისტი ხართ თუ მეოცნებე?

- ყოველდღიურობაში, ალბათ, უფრო რეალისტი ვარ, მაგრამ ხელოვნების სფეროში აღმოვჩნდი იმ ოცნების დამსახურებით, რომ ხატვა შემძლებოდა... სურვილის გარდა ეს მონდომებით და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობით შევძელი. ეს ყველაფერი ხუთი ან ათი წლის წინ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ ამ ოცნების ახდენა ნამდვილად შევძელი...

590
ქეთევან ქარჩავა

როგორ აქციო ჰობი შემოსავლის წყაროდ: ხავერდის დახვეწილი ჩანთები ქეთევან ქარჩავასგან

832
(განახლებულია 20:02 10.07.2020)
ბევრ ადამიანს აქვს ჰობი, რომელიც ხელსაქმეს უკავშირდება. ზოგს ქარგვა იზიდავს, ზოგს ქსოვა, ზოგს კერვა. ბევრი ახერხებს თავისი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქციოს.

ქეთევან ქარჩავა პროფესიით ისტორიკოსია, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. ყოველთვის სურდა საკუთარი საქმე ჰქონოდა. გზა, რომლიც ქალბატონმა ქეთევანმა დიასახლისობიდან დღემდე გაიარა, არ იყო მარტივი. დღეს უკვე საკუთარი ბიზნესი აქვს. ხავერდისგან ულამაზეს ჩანთებს ქმნის, რომელსაც თავისივე ხელით დიდი რუდუნებით ქარგავს.

ქეთევან ქარჩავა
photo: courtesy of Ketevan Karchava
ქეთევან ქარჩავა

- პროფესიით ისტორიკოსი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია, ვიყავი უბრალოდ დიასახლისი. ვერ ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვიყავი, რადგან მუდმივად ვცდილობდი შემევსო ის დანაკლისი, რასაც პროფესიულად ვერ რეალიზება იწვევდა. კითხვა მიყვარდა ბავშვობიდან და ბევრს ვკითხულობდი, ვეძებდი სხვადასხვა გატაცებებს, მებაღეობაც კი ვცადე სახლის პირობებში. კერვა, ხატვა, თექაზე მუშაობა, თუმცა ეს გატაცებები ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა ყველა მათგანმა გარკვეული კვალი დატოვა ჩემი გემოვნებისა და თვითრწმენის ჩამოყალიბებაში.

შვილების გაზრდის მერე უფრო მწვავედ ვიგრძენი, რომ რაღაც მჭირდებოდა, რაც ჩემს, როგორც დიასახლისის ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდიდა. ამავე დროს საკუთარ თავს დავუმტკიცებდი, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია შენი ცხოვრება გახადო უფრო საინტერესო და ნაყოფიერი.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ვინ იყო ადამიანი, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სტიმულს და მოტივაციას გაძლევდათ, გვერდით გედგათ და ყველაზე მეტად გამხნევებდათ?

- მთელი ამ თვითძიების პროცესს ჩემი მეუღლე, ძალიან წარმატებული იურისტი, ინტერესით, ცოტა იუმორით, მაგრამ საკმაოდ გაგებით ეკიდებოდა, რაც არ იყო მარტივი ამ გადმოსახედიდან. ჩემი ინტერესები და გატაცებები ელვის სისწრაფით იცვლებოდა, რაც საკმაო დისკომფორტს იწვევდა ოჯახში. ჩემი მეუღლეა ის ადამიანი, რომელიც დღემდე მხარს უჭერს ყველა ჩემს წამოწყებას და იდეას. ინსპირაციის წყარო კი ჩემი ქალიშვილია, რომელსაც ბავშობიდან დღემდე ნებით თუ ძალით ვარგებ ჩემ მიერ შექმნილ სამოსს თუ აქსესუარებს.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

- დაახლოებით 2015 წელს შევქმენი ონლაინ-გვერდი „ფეისბუქზე“. მაშინ ვმუშაობდი თექაზე, ფაქტიურად ამ დროიდან გარდაიქმნა ჰობი საქმიანობად. მიმიწვიეს რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაზე საქართველოში და საზღვარგარეთ, ინტერვიუ მთხოვა რამდენიმე ტელეარხმა, გაიყიდა ბევრი ნამუშევარი, შემომთავაზეს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრობა.  ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორც თვითნასწავლ შემოქმედზე. ასევე მინდა ვთქვა, ყველაზე მასტიმულირებელი იყო ადამიანების აღტაცება ჩემი ნამუშევრებით. გარკვეული დროის მერე თექის ჩანთაზე ამოქარგვა დავიწყე, ქარგვამ ძალიან გამიტაცა. შემდეგ ქსოვილზე ვცადე და დღემდე მხოლოდ ქარგვით და კერვით ვარ დაკავებული. გასაკუთრებით ხავერდზე მომწონს ქარგვა, რადგან თვითონ ეს ქსოვილი განსაკუთრებულად ლამაზი და შესახებად სასიამოვნოა.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ხავერდზე მუშაობა რთული არ არის?

- მასზე საკმაოდ რთულია მუშაობა და ესკიზის გადატანა, ამიტომ პირდაპირ ვქარგავ და არასოდეს ვიცი რა იქნება საბოლოო შედეგი, ასე უფრო საინტერესოა ჩემთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, ბებიას უყვარდა ქარგვა. მახსოვს, ბავშვობაში ძალიან ლამაზი საზეიმო კაბა მომიქარგა, მამიდაც ქარგავდა და კერავს დღემდე, მეც ალბათ მათგან გამომყვა ხელსაქმის სიყვარული.

ხელნაკეთი ჩანთა
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთა

- როგორ ფიქრობთ, რით არის თქვენი ჩანთები გამორჩეული, როგორ დაიპყარით ამდენი ქალბატონის გული?

- ჩემი ჩანთები ვინტაჟური სტილისაა. ასე მგონია, მე-19 საუკუნის ვიქტორიანული სული ცოცხლდება მათში. აქ ალბათ გავლენას ახდენს ჩემი სიყვარული ისტორიისადმი. ასევე მიყვარს ბუნება, ყვავილები, ყველაფერი, რაც ცოცხალია და სუნთქავს. ვფიქრობ, რაც იზიდავს ქალბატონებს ჩემ მიერ შექმნილ აქსესუარებში, არის ცოტაოდენი რომანტიზმი, ფერთა გამა, ყვავილების სილამაზე და, რა თქმა უნდა, ხარისხი.

ასევე მინდა ვთქვა, ყველა ნივთი იქმნება დიდი სიყვარულით და გულმოდგინებით, ყველა მათგანი გამორჩეულია ინდივიდუალიზმით, რადგან არ კეთდება შაბლონით. მე მათში ვქარგავ ჩემი სულის ნაწილს და ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყველა ჩემ მიერ შექმნილი აქსესუარი ჰყვება ამბავს. ხანდახან მიჭირს კიდევაც მათთან განშორება.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ყველაზე დიდი მოთხოვნა როგორი სტილის ჩანთებზეა?

- ვერ გეტყვით, რადგან რასაც ვაკეთებ, თითქმის ყველაფერი იყიდება. ხანდახან რომელიღაც მოდელის გამეორებას მთხოვენ, თუმცა იდენტურის გაკეთება შეუძლებელია. ძირითადად მენდობიან და მაძლევენ შემოქმედებით თავისუფლებას. ასეთი დამკვეთების მიმართ საოცრად კეთილგანწყობილი ვხდები და ნამუშევარიც შესაბამისი გამოდის.

ხელნაკეთი ჩანთები
photo: courtesy of Ketevan Karchava
ხელნაკეთი ჩანთები

- ჩანთების გარდა სხვა აქსესუარებასაც ამზადებთ?

- დიახ, ჩანთების გარდა ამ ეტაპზე ვაკეთებ მოქარგულ გულსაკიდებს, საყელოებს, თმის რკალებს, ყაბალახებს და შარფებს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- წინასწარ ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა მომხმარებელს ვპირდები საინტერესო და ხარისხიან ნამუშევრებს. ზოგადად, გადაწყვეტილებებს სწრაფად ვიღებ. ცვლილებები არ მაშინებს. ამ ეტაპზე ვმუშაობ ინტერნეტ–გაყიდვების გაზრდაზე და ამიტომაც ვგეგმავ სოციალურ ქსელებში მეტად გააქტიურებას. ასევე ჩემი სამომავლო გეგმაა უცხოეთის ბაზარზე ნამუშევრების გატანა.

832
შეყვარებულები

ქალი ქორწინებამდე პროვოკატორია, ქორწინების შემდეგ...

559
(განახლებულია 16:48 09.07.2020)
უცოლო მამაკაცმა ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი იცის ქალების შესახებ, ვიდრე ცოლიანმა. სხვაგვარად ისიც უკვე ცოლიანი იქნებოდა...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ჰენრი ლუის მენკენის მოსაზრებებს.

ჰენრი ლუის მენკენი (Henry Louis Mencken, 1880-1956) ამერიკელი ჟურნალისტი, ესეისტი, სატირიკოსი; როგორც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა აღნიშნა, „ადამიანი, რომელმაც ამერიკული ლიტერატურისთვის ყველაზე მეტი გააკეთა".

თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…>>

ჰენრი ლუის მენკენმა დაამთავრა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ბალტიმორის პოლიტექნიკური ინსტიტუტი". ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას, ხოლო ლიტერატურულ მოღვაწეობას – ძირითადად მეოცე საუკუნის პირველ ოცწლეულში. მისი მთავარი ნაშრომებია: „ჯორჯ ბერნარდ შოუ. პიესები", „წინასიტყვაობათა წიგნი", „ცრურწმენები", „შენიშვნები დემოკრატიის შესახებ".

მან თავი გამოიჩინა, როგორც ბრწყინვალე ჟურნალისტმა და დააარსა ჟურნალი „ამერიკენ მერკური". ის ცნობილია, როგორც „ბალტიმორელი ბრძენი“ (Sage of Baltimore), ასევე „ბალტიმორის ანტიქრისტე". ის მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად მიიჩნევა.

რაც არ უნდა ბედნიერი იყოს ქალი ქორწინებაში, მაინც ყოველთვის კმაყოფილებით ამჩნევს, რომ არიან ამ ქვეყნად მამაკაცები, რომლებიც ისურვებდნენ, რომ ის გათხოვილი არ ყოფილიყო...

უცოლო მამაკაცმა ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი იცის ქალების შესახებ, ვიდრე ცოლიანმა. სხვაგვარად ისიც უკვე ცოლიანი იქნებოდა.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ადამიანი სიმართლეს გეუბნებათ, როცა იცით, რომ თქვენ მის ადგილზე მოიტყუებოდით.

სიყვარული – წამება, უსიყვარულობა – სიკვდილი>>

მამაკაცი ეძებს ისეთ ვინმეს, რომლის წინაშეც მას სიამაყე შეუძლია. ქალი ეძებს მხარს, რომელსაც მიეყრდნობა...

როცა ქალი ქმარს სიტყვაზე ენდობა, ის ეჭვის საბაბს იძლევა.

უსამართლობის გადატანა შედარებით ადვილია. რაც ნამდვილად გვაყენებს ტკივილს - ეს სამართლიანობაა.

სიყვარული - ეს წარმოსახვის გამარჯვებაა გონებაზე.

მამაკაცი თავისი ბუნებით პოლიგამიურია. ერთი ქალი მისით ყოველთვის მანიპულირებს, ხოლო მეორე – კისერზე აზის.

სიყვარულში ბედნიერების უდიდესი საიდუმლოა – გიხაროდეს, რომ მასზე სხვა დაქორწინდა.

იდეალისტი – ეს არის ადამიანი, რომელიც, როცა აღმოაჩენს, რომ ვარდს კომბოსტოზე უკეთესი არომატი აქვს, მიდის დასკვნამდე, რომ ვარდისგან უკეთესი სუპი გაკეთდება.

მამაკაცები ბევრად უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ქალები. პირველ რიგში, ისინი გვიან ირთავენ ცოლს; მეორეც – ადრე კვდებიან.

სიყვარული – არა რაოდენობა, არამედ ხარისხი, რომელიც არ იზომება>>

ერთადერთი ნამდვილად ბედნიერი ადამიანები – ეს გათხოვილი ქალები და უცოლო მამაკაცები არიან.

ქალებს არ უყვართ მორცხვი მამაკაცები. კატებს არ უყვართ ფრთხილი თაგვები.

ქალები და მამაკაცები ერთ საკითხში თანხმდებიან: ორივენი არ ენდობიან ქალებს.

წარსულის წინაშე თავი დახარე, მომავლის წინაშე – სახელოები აიკაპიწე.

საყვარელი – მსხვერპლი ნომერი ორი.

ფსიქოთერაპია – ესაა მეცნიერება, რომელიც ამბობს, რომ პაციენტი, დიდი ალბათობით, გამოჯანმრთელდება, მაგრამ სამუდამოდ დარჩება ჩამოყალიბებული იდიოტი.

ქველმოქმედება და პატრიოტიზმი – მთავარი თვისებებია ამერიკელისა, რომელსაც რამის გაყიდვა სურს.

პატარძალი საკურთხეველთან: „როგორც იქნა! როგორც იქნა!“. სიძე: „უკვე ძალიან გვიანია! ძალიან გვიანი!“

ქალი ქორწინებამდე – პროვოკატორია; ქორწინების შემდეგ – ჟანდარმი.

მთელი ფილოსოფია, არსებითად, მიდის იმ აზრამდე, რომ ერთი ფილოსოფოსი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველა დანარჩენი ფილოსოფოსი სახედარია. ის, ჩვეულებრივ, ამას ახერხებს, უფრო მეტიც, ის დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ თვითონაც სახედარია.

შენთან ერთად. შენ წინააღმდეგ. უშენოდ...>>

რა ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ ცხოვრება აუტანელი გახადო! კენჭი ფეხსაცმელში, ტარაკანი მაკარონში, ქალის სიცილი!

ქმრები არასდროს ხდებიან კარგი; ისინი, უბრალოდ, გამოცდილებას იძენენ.

ჯენტლმენი – ესაა ადამიანი, რომელიც სიმართლეს ასიდან სულ ცოტა ოცდაათ შემთხვევაში ლაპარაკობს.

ყოველ წესიერ ადამიანს რცხვენია იმ მთავრობისა, რომლის მმართველობის დროსაც ცხოვრობს.

უცოლო – ეს ისაა, რომელსაც უნდა ცოლის შერთვა და თან, ამავე დროს, უხარია, რომ უცოლოა.

დემოკრატია – თეორია, რომლის შესაბამისად ორი ქურდი მოიპარავს ნაკლებს, ვიდრე ერთი; სამი – ნაკლებს, ვიდრე ორი; ოთხი – სამზე ნაკლებს და ასე, უსასრულობამდე.

სინდისი შინაგანი ხმაა, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ვიღაც გვითვალთვალებს.

სიმართლე ისეთი რამაა, რომელსაც, ასე თუ ისე, ვინმეს დისკრედიტირება შეუძლია...

გაზეთი – საშუალება, რომ უვიცი ადამიანები მეტად უვიცნი გახდნენ, ხოლო შეშლილნი – უფრო შეშლილნი.

იმედი – შეუძლებლის პათოლოგიური რწმენაა.

რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი>>

ჯოჯოხეთი – ადგილი, სადაც ათ მცნებას კანონი დევნის.

მამაკაცი შეიძლება სულელი იყოს, მაგრამ ამის თაობაზე ეჭვი არ ეპარებოდეს – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცოლოა.

ქმარი – ესაა ადამიანი, რომელსაც სულ თვალი უნდა ადევნო; კისრის ზომა – 16, საყელოს – 15,5.

ეჭვიანობა – თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ცუდი გემოვნებით მხოლოდ თქვენ არ გამოირჩევით.

მსახიობი – ადამიანი, რომელსაც ხის ფეხი უფრო უშლის ხელს, ვიდრე ხის თავი.

დემოკრატია – ესაა მეცნიერება და ხელოვნება, მართო მაიმუნების გალიისგან შემდგარი ცირკი.

დემოკრატია – ეს მხოლოდ ოცნებაა: ის ზღაპრული არკადიის, სანტა კლაუსისა და სამოთხის გვერდით დგას.

უზენაესი – კომედიანტი, რომლის მაყურებელს სიცილისა ეშინია.

ძალაუფლება – ღმერთისგან, იერარქია – ძალაუფლებისგან.

პურიტანობა – შიში, რომ ვიღაც სადღაც შეიძლება ბედნიერი იყოს.

კანონიერი, ნაკურთხი მრუშობა და წუთებად აკინძული ცხოვრება>>

ცუდად იფიქრო მოყვასზე – ცოდვაა, მაგრამ არა მგონია, რომ შეცდომა იყოს.

უცოლოებს ხანდახან სინდისი ქენჯნის. ცოლიანებს ამისთვის ცოლები ჰყავთ. „მე ჩემი ქმრის სინდისი ვარ“.

559
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
ქალი

შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები

0
(განახლებულია 16:21 13.07.2020)
მოდა იცვლება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ახალი კოლექცია, მათ შორის მაინც შეიძლება იმ განსაკუთრებული ჩანთის პოვნა, რომელზეც ქალი იტყვის „საჩემოა“

ჩანთა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი აქსესუარია ქალის გარდერობში და გარდა იმისა, რომ მას აუცილებელი პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ის ასევე ხაზს უსვამს ადამიანის ინდივიდუალობასა და ხასიათს.

როგორი ჩანთა შეეფერება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებს, როგორს ანიჭებენ ისინი უპირატესობას – ამის შესახებ გაეცანით ექსპერტების მოსაზრებას.

ვერძი

ვერძი ავანტიურისტია თავისი ბუნებით. ხანდახან ძნელად განსაჭვრეტია, რით დამთავრდება საღამო და საით წაიყვანს მას მოვლენების მთელი რიგი. ამ ნიშნის ქალებს ყველაზე მეტად ტევადი ჩანთა მიესადაგება, სადაც მოათავსებენ კბილის ჯაგრისს, ფეხსაცმელს, თმის ლაქს და საყვარელი სუნამოს ფლაკონს. ვერძების ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე, ამიტომ ნუ გაიფუჭებთ განწყობას პატარა ჩანთით.

კურო

კუროებმა აქცენტი დეტალებზე უნდა გააკეთოთ. თუ რესტორანში ან წვეულებაზე მიდიხართ, შავი პატარა ჩანთა დაგჭირდებათ. თუ შოპინგზე მეგობართან ერთად – დიდი ჩანთა, რომელსაც თავისი „ეშხი“ ექნება – განსაკუთრებული ფერი ან ორნამენტი. მთავარია, რომ შინაგანად გრძნობდეთ, რომ ნივთი უნიკალურია, საინტერესო და გარშემომყოფების ყურადღებას იპყრობს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

ტყუპი

ტყუპებმა ბოლომდე თავადაც არ იცით, რა გსურთ. მიზეზი მარტივია: ერთი მხრივ, თქვენში მოკრძალებული ნატურა ცხოვრობს, რომელიც მოდის ბოლო ტენდენციებს მისდევს, ხოლო მეორე მხრივ – მეამბოხე, რომელსაც თვითგამოხატვის სურვილი არ ასვენებს. თქვენი ხასიათის გათვალისწინებით შეარჩიეთ ორფერიანი ჩანთები. თქვენი განწყობის ცვალებადობის მიუხედავად, არის შანსი, რომ ჩანთის ფერი გაგახარებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბები არ ჩქარობთ, რომ თითოეული ადამიანის წინაშე გული გახსნათ – ეს თქვენთვის საინტერესო არაა. თუმცა ნივთების საშუალებით თავის წარმოდგენა გიყვართ. საჭიროა არაა, ეს რამე მყვირალა და ორიგინალური იყოს, უფრო დახვეწილი, ნატიფი და უჩვეულო იქნება. მაგალითად, საშუალო ზომის „დუტის“ ჩანთა.

ლომი

ლომებს ყურადღების გარეშე ყოფნა არ შეგიძლიათ, ამიტომ ყველაფერს აკეთებთ, რომ ყურადღება მიიქციოთ, მათ შორის, ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოყენებით. მოგიხდებათ ლითონით დამშვენებული კაშკაშა ფერის ჩანთები. ეს გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობს.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ქალწული

ქალწულები, თუ არ მოგწონთ, მოდის გამო ჩანთას არ იყიდით – უფრო საკუთარ თავს მოუსმენთ და რამე უნივერსალურს, საიმედოს და ვინტაჟურსაც კი შეარჩევთ. ჩანთის ფერი ისეთი იქნება, რომ ნებისმიერ სამოსს მოუხდეს, ზომა კი – იმაზე დამოკიდებული, თუ რა მიზნით ყიდულობთ მას.

სასწორი

ზოდიაოქს ნიშანი თვითონ მეტყველებს ყველაფერზე – სასწორები დიდხანს წონიან დასკვნებს, სანამ არჩევანს გააკეთებენ. ამასთან, გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელია ხოლმე. მაგალითად, თუ არჩევენ ჩანთას – წითელი აიღონ თუ ნაცრისფერი, უეცრად თვალს მოჰკრავენ დამაჯერებლი ზომის ჩანთა–საქაღალდეს და არჩევანს მასზე აჩერებენ. აქ წინასწარ ვერასდროს გამოიცნობთ. უბრალოდ, მოუსმინეთ საკუთარ თავს.

მორიელი

მორიელის გარდერობში იდეალურად ჩაეწერება რთული შეფერილობის ჩანთა აქტუალური პალიტრიდან. ეს შეიძლება იყოს ტყავის ან ზამშის ჩანთა, ოღონდ უნიკალური და თავისი საოცარი პეწით. ასეთი ჩანთების შეხამება სხვადასხვა სტილის ნივთებთან შეიძლება. თუმცა, მორიელები თავადაც შესანიშნავად ერკვევიან ამაში – გემოვნების „დეფიციტი“ არა აქვთ.

როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ორიგინალური ნივთები უყვართ, მათ შორის სხვადასხვა მორთულობა. გამონაკლისი არც ჩანთაა. ფერი და ზომა სხვადასხვა შეიძლება იყოს, მთავარია, რომ ხაზი გაუსვას თქვენს ორიგინალობასა და გადმოსცეს განუმეორებელი გემოვნება.

თხის რქა

თხის რქები ყველაფერში პრაქტიკულობას აფასებენ: ს ეხება როგორც ფინანსურ საკითხებს, ისე ნივთების შერჩევას. ამ ნიშნისთვის იდეალური ვარიანტია ნატურალური ტყავის ჩანთა. ჯერ ერთი, დიდხანს ძლებს, მეორეც – ყოველთვის მოდური და ესთეტიკურია.

მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ექსპერიმენტებისა არ ეშინიათ. მათ „არსენალში“ შეიძლება შეგხვდეთ ნოუთბუქისთვის განკუთვნილი ან მყვირალა ლიმონისფერი ჩანთა, მაგრამ სრულიად ჩვეულებრივს ვერაფერს აღმოაჩენთ. განაგრძეთ ექსპერიმენტების ჩატარება და ირგვლივ მყოფთა გაოცება.

რომელი ფერია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

თევზები

თევზები არ უშინდებიან სიახლეებს და ამიტომ ადვილად შეუძლიათ რამე მოულოდნელი, უჩვეულო მოსინჯონ, მაგალითად, კასრის ფორმის ჩანთა – ეს იდეალური გადაწყვეტილებაა ამ ნიშნის ქალებისთვის.

0