სიყვარული

ნამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს...

313
(განახლებულია 19:22 28.05.2020)
ადამიანები ძალიან ბევრ რამეს უკავშირებენ სექსს მაშინ, როცა ნამდვილი სიახლოვე უფრო ღრმაა. ის ალერსიან შეხებაში, მშვიდ მზერასა და გვერდით თანაბარ სუნთქვაშია...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ელჩინ საფარლის გამონათქვამებს. 

ელჩინ საფარლი (აზერბ. Elçin Səfərli. 1984) — თანამედროვე აზერბაიჯანელი მწერალი, ჟურნალისტია. მას აღმოსავლეთის ყველაზე გულში ჩამწვდომ მწერალს უწოდებენ. დიდხანს ცხოვრობდა სტამბულში, რამაც მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინა.

Писатель Эльчин Сафарли
Anastasia Guz
ელჩინ საფარლი

მისი ცნობილი ნაწარმოებებია: „ბოსფორის ტკბილი მარილი“, „მიამბე ზღვაზე“, „როდესაც დავბრუნდები, სახლში დამხვდი“, „შინ მინდა“ და სხვ.

• გაუშვა — არ ნიშნავს, რომ დანებდი. ხშირად ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, გამარჯვება ვითარებებზე.

• ნამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს. შეიძლება დაშორდე, იჩხუბო, იმედი გაგიცრუვდეს – ყველაფერია შესაძლებელი. მაგრამ რა მიზეზებიც არ უნდა იყოს, ნამდვილი სიყვარული მაინც ცოცხლობს გულში… ამ სიყვარულს ვერაფერს უხერხებ და უბრალოდ შენში ინახავ.

• ამ განშორებას მიზეზი არ ჰქონია. მათი სიყვარული, უბრალოდ, ცხოვრებას შეეჯახა.

• მთავარია, ლოდინი ჩვენი ცხოვრების მხოლოდ მონაკვეთი იყოს და არა მთელი ცხოვრება.

ყველაზე ხანმოკლე მარადიულობა, ანუ ვის სჭირდება ბანალური „მიყვარხარ"?>>

• ადამიანები ძალიან ბევრ რამეს უკავშირებენ სექსს მაშინ, როცა ნამდვილი სიახლოვე უფრო ღრმაა. ის ალერსიან შეხებაში, მშვიდ მზერასა და გვერდით თანაბარ სუნთქვაშია.

• მაინც არაფერს ვნანობ – თუნდაც იმიტომ, რომ ეს უაზრობაა.

• განა არ იცი, რომ ყველაფერი უკეთესობისთვის კეთდება? უბრალოდ, ძალიან ნელა. უნდა განაგრძო სიარული და თან არ უნდა ათრიო წარსულით გამოტენილი ჩემოდანი. ხელები არ გეყოფა და ნახევარ გზაზე გამოგეცლება არაქათი.

• ცხოვრება პატარა საბანივითაა: ზევით აწევ – ფეხები გეყინება, ქვევით დაწევ – თავი. ცხოვრება მას შეუძლია, ვისაც მოკუნტულს შეუძლია გადაბრუნება.

• ხანდახან საჭიროა, რამე არ იცოდე, ან რამე გამოტოვო, რომ ბედნიერება შეინარჩუნო.

• ქალი ყველაფერს პატიობს, მაგრამ არასდროს არაფერს ივიწყებს.

• ჩვენ, დიდი ქალაქების ქალები ზედმეტად მამაკაცები გავხდით. ჩვენგან განვდევნეთ სურვილი, ვენდოთ საწინააღმდეგო სქესს, ვაჩვენოთ სისუსტე, რომელიც ბუნებამ გვიბოძა, როგორც არ უნდა ვიკამათოთ ამაზე. გვეშინია გამოვუტყდეთ საკუთარ თავს, როგორ გვინდა ხანდახან ვინმეს ჩავეხუტოთ და მის ღაწვებში ჩავრგოთ ცხვირი. ცხოვრება ხომ მშვენიერია, როცა ვიღაცის ლოყას შენი ცხვირი სჭირდება.

მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...>>

• ბედნიერება ისაა, როცა არაფერი გჭირდება მოცემულ მომენტში გარდა იმისა, რაც უკვე გაქვს.

• პასუხად დუმილი ყველაზე მტკივნეულია ქალისთვის. ჯობს მან თქვას, რომ აღარ უყვარს. ჯობს საწყენი რამ უთხრას, დაიყვიროს: „დავიღალე შენი სიყვარულით!“ ყველაფერი, გარდა დუმილისა. ეს კლავს.

• ოცნებას ვარგისიანობის ვადა არა აქვს.

• ბედნიერება – ეს ხასიათის თვისებაა. ზოგს ხასიათში აქვს, მას მუდამ ელოდოს, ზოგს – მუდამ ეძებოს, ზოგს – ყველგან იპოვოს.

• მიყვარს ღამით ცხოვრება. ღამე თავისუფლების სხვა ხარისხია…

• ყველა ქალი თავის ანარეკლს მამაკაცის თვალებში ეძებს. და ის, ვინც იტყვის, რომ თავისი დანიშნულება იპოვა სამსახურში, ბავშვებში, ფსიქოლოგიაში ან ქსოვაში – გვატყუებს, ან თავს იტყუებს. ასე დააწესა შემოქმედმა, რომ ქალი იბადება და გრძელდება უსასრულოდ – მამაკაცის მკლავებში.

• ძალიან ხშირად უთქვამთ ჩემთვის „გაუფრთხილდი თავს“, მაგრამ არავის – „მე ვიზრუნებ შენზე“.

• იცი, რა არის ცხოვრება? ცხოვრება – ეს სიყვარულია.

რატომ შეჭამა ადამმა ვაშლი...>>

• არ არის აუცილებელი მთელი სიყვარული ამოთქვა – რაღაც შენში შეინახე, სათუთად. სიტყვებით ნუ გამოხატავ. ჯობს – ქცევით, შეხებით, ალერსით, კოცნით. ერთი ვნებიანი კოცნით ნებისმიერ სიტყვაზე მეტი შეიძლება თქვა. ერთი ნაზი შეხება ხანდახან დაუჯერებელს დაგაჯერებს. ერთი ცეცხლოვანი ალერსი აუხსნელს ხსნის… სიყვარულში არ არის თეორემები, განტოლებები, სიყვარულს სწავლა არ სჭირდება, უბრალოდ, შიგნიდან უნდა იგრძნო. სადღაც გულის არეში…

• შეიცვალე ფოთლები, მაგრამ ფესვები შეინარჩუნე.

• ბავშვები ყოველთვის ნამდვილი რჩებიან – ჩვენგან, უფროსებისგან განსხვავებით, რომლებსაც ნიღბების მორგება გვიყვარს…

• სიყვარულს ოქროს შუალედი არა აქვს: ის ან ყვავის, ან ჭკნება. როცა სიყვარულს განსაცდელი აქვს, ის არ ჭკნება. კვლავ ყვავის, მაგრამ არომატს კარგავს. მისი დაბრუნება შეიძლება. დროთა განმავლობაში…

• არაფერს ვიღებთ უსასყიდლოდ. ღიმილისთვის ცრემლით ვიხდით. სიხარულისთვის – სევდით. სიტკბოსთვის – სიმწრით. რწმენისთვის – სასოწარკვეთით. სიყვარულისთვის – მარტოობით…

• მთისკენ მრავალი გზა მიდის, ხოლო ხედი მთიდან მაინც ერთნაირია.

• აღარ დავდივარ სხვების რჩევების კომპასით…

ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება...>>

• ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მსჯელობენ, როგორც წესი, საკუთარ ცხოვრებაში ვერ გარკვეულან…

• რაც არ უნდა ძლიერი იყოს ქალი, მას სისუსტის უფლება აქვს…

• ჩემი ცხოვრება სქელ ფოტოალბომს დაემსგავსა შავ-თეთრი ფოტოებით. ყველა ერთნაირია, მოსაწყენი და ერთფეროვანი…

• ყველაზე მძიმე ჭრილობებს ერთმანეთს ენით ვაყენებთ.

313
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (64)
ნინო კვესიტაძე

უთხარით ადამიანებს, რომ ისინი გიყვართ ხელოვნება და სიყვარული საუკეთესო იმუნოსტიმულატორია

431
(განახლებულია 20:19 27.10.2020)
დიპლომირებული ექიმია, მაგრამ სწორედ პროფესიით მუშაობის დროს გადაწყვიტა, რომ რადიკალურად განსხვავებული საქმიანობაც ასევე წარმატებით აეთვისებინა...

ექიმი-ონკოლოგი ნინო კვესიტაძე ხატავს და ქსოვილის დიზაინზე მუშაობს. ამ ეტაპზე ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი დაუგროვდა, თუმცა გამოფენა ჯერჯერობით არ ჰქონია. სურვილი აქვს, რომ ოცნების ნახატი, რომელშიც მისი ყველაზე ღრმა განცდები ჩანს, ქსოვილზე გადაიტანოს...

ნინო კვესიტაძე
ნინო კვესიტაძე

- ქალბატონო ნინო, როგორ ახდა თქვენი ბავშვობის ოცნება – „დამეხატა ყველაფერი, რასაც ვხედავდი და ვგრძნობდი“?

- ძალიან ბედნიერი და ხალისიანი ბავშვობა მქონდა. ბავშვობის ოცნება ნამდვილად ამიხდა, თუმცა დღემდე მაინც გარკევეული კომპლექსი მაქვს. რატომღაც მეგონა, ვერასოდეს დავხატავდი. ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი, ყოველთვის გაცილებით მეტს ვგრძნობდი, ვიდრე გამოვხატავდი. ბავშვობის შემდეგ სამყაროს ისევ ისე ვგრძნობ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. დროის სიმცირის გამო ადამიანებთან ურთიერთობა ნაკლებად მაქვს, თუმცა ისინი დღეს უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე მიყვარდა...  

ნინო კვესიტაძე
ნინო კვესიტაძე

- საკმაოდ მგრძნობიარე პიროვნება ხართ, ექიმის პრაგმატული პროფესია რატომ აირჩიეთ?

- ექიმობა, ქირურგობა ჩემი არჩევანი და მშობლების დიდი სურვილიც იყო. ონკოლოგიურში მუშაობა ინსტიტუტის დასრულების შემდეგ დავიწყე. იქ 16 წელი ვიმუშავე და საკუთარ პროფესიაზე უარი არასოდეს მითქვამს. აქვე გეტყვით, რომ ონკო-პროქტოლოგობა ქალისთვის უმძიმესი არჩევანია. ონკოლოგიაში მუშაობის დროს უფრო ფსიქოლოგიურად მიჭირდა, ვიდრე ფიზიკურად, რადგან სიმსივნით დაავადებული ადამიანები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. გარდა იმისა, რომ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ფინანსური პრობლემები აქვთ, როდესაც იგებენ ასეთი მძიმე დაავადება აქვთ, აბსოლუტურად უმწეოები ხდებიან.

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- ალბათ ასეთ დროს მარტო ექიმი-ონკოლოგი არ ხართ და ფსიქოლოგობაც გიწევთ...

- თუ ამ ადამიანებს სიტყვით არ დაეხმარები, მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო. იმდენი ადამიანი მოდიოდა ჩემთან და ტიროდა თავისი გაჭირვების გამო, რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა... იცოდა რა ჩემი სიტუაცია, ერთხელ ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა, წამოდი, დაგეხმარები და გობელენს მოგაქსოვინებ, ოღონდ მანამდე ხატვის წრეზე იარეო. ვუთხარი, ხატვა არ შეიძლია–მეთქი, მაგრამ მაინც გავყევი.

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- ვისი დახმარებით აღმოჩნდით ხელოვნების სამყაროში?

- ჩემი ხატვის პედაგოგი იყო ბატონი მურმან იამანიძე, რომელმაც მითხრა, შენ დაჯექი და რა შეგიძლია და რა არა, ამას მე ვნახავო. მეც დავიწყე ხატვა და დავინახე, რომ რაღაცები აშკარად გამომდიოდა. მერე იყო პერიოდი, როცა ყველაფერს დავანებე თავი და ხატვა აღარ გამიგრძელებია. თუმცა გვიან ისევ მივუბრუნდი. მანამდე შევხვდი ქალბატონ მანანა ძიძიკაშვილს, რომლის დახმარებითაც ბევრი რამ გავაკეთე. დავდიოდი ეკა სირაძესთან, რომელიც უნიჭიერესი ადამიანია, სამი წელი ფერწერაზე თენგიზ სოსელიასთანაც ვიარე.

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- ალბათ ქსოვილზე ხატვა გაცილებით რთულია, არა?

- დიახ, ეს საქმე ძალიან შრომატევადი და მძიმეა. აქვე ვიტყვი, რომ ქსოვილის დიზაინი რომ ავითვისე და შევიყვარე, ეს ქალბატონების მანანა ძიძიკაშვილის და ეკა სირაძის დამსახურებაა. დღეს ყველა ტიპის ქსოვილზე ვმუშაობ. ძალიან მინდა, რომ ჩემი ოცნების ნახატი, რომელშიც ჩემი ყველაზე ღრმა განცდები ჩანს, ქსოვილზე გადმოვიტანო.

- ანუ ისე მოხდა, ერთი პროფესია რომ აითვისეთ, შემდეგ სხვა პროფესიაში „ცხოვრება“ თავიდან დაიწყეთ...

- კი, ბატონო, ასე გამოვიდა. ექიმების წრე უფრო კონსერტავორიულია, ხელოვნება კი ისეთი სფეროა, სადაც ნამუშევრების საშუალებით შეგიძლია მთელი შენი შინაგანი სამყარო და ემოციები გამოავლინო. ხატვამ ჩემს ძირითად პროფესიაზეც იმოქმედა დადებითად და ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა. მივხვდი, რომ საკუთარი შინაგანი ემოციების გამოტანა აუცილებელია...

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- ემოციებში არ უნდა შევიზღუდოთ?

- არა, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ესაა სტრესი ორგანიზმისთვის, როცა რაიმეს კეთება გინდა და ვერ აკეთებ, ეს იმუნიტეტსაც აქვეითებს. თუმცა ემოციებიცაა და ემოციებიც, რა თქმა უნდა, ადამიანს მოეთხოვება, თავშეკავებული იყოს დასაშვებ ნორმამდე. თუმცა დადებითი ემოციების გამოხატვის დროს თავისუფალი უნდა იყოს. რაც შეეხება უარყოფით ემოციებს, ვფიქრობ, ყველა ადამიანმა გარკვეულწილად უნდა აიცილოს ის თავიდან, რადგან არ არსებობს სიმართლე, რომელიც ყველაზე ცუდ ემოციასაც კი ამართლებს.

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- ახლა შემოდგომაა და მის სილამაზეს ყველა შემოქმედებითი ბუნების ადამიანი ორმაგად შეიგრძნობს...

- სულ ახლახან მესტიაში ვიყავი, იქაურობა საოცრად ლამაზია. მგონი, ბუნება თავად არის ხატვის საუკეთესო მასწავლებელი, რადგან მას ყველაზე უკეთ შეუძლია სამყაროში არსებული ფერთა პალიტრა გადმოსცეს. მე, როგორც ექიმი, იმასაც გეტყვით, რომ შემოდგომის სვანეთი საუკეთესო იმუნოსტიმულატორია, იქიდან პოზიტიური შეგრძნებებით სავსე ჩამოვედი.

ნინო კვესიტაძის შემოქმედება
ნინო კვესიტაძის შემოქმედება

- საკმაოდ დაძაბულია ფონი, რაშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, როგორი იქნება თქვენი რჩევები?          

- მე გირჩევთ, რომ იყოთ მშვიდად, ყველაფერს გადავიტანთ, არ არის საჭირო ზედმეტი ნერვიულობა, რომელიც იმუნიტეტს აქვეითებს და უფრო დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს ადამიანს, ვიდრე თავად ეს ვირუსი. ბუნებასთან კონტაქტიც ამის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რადგან მისგან საკმაოდ დიდ დადებით ემოციას ვიღებთ. ყველას უნდა ჰქონდეს უნარი, რომ მეორე ადამიანი გააბედნიეროს. უთხარით ადამიანებს, რომ ისინი გიყვართ, რომ ლამაზად გამოიყურებიან, რომ ძალიან საყვარლები და წარმატებულები არიან - ეს მათ რეალურ ბედნიერებას ანიჭებს...

 

431
ხათუნა გამჯაშვილი

„კოშკებზე ნუ დაძვრები, შარს არ გადაეყარო!“ როცა სამშობლოს სიყვარული საქმიდან იწყება

620
(განახლებულია 19:40 26.10.2020)
მან კარგად იცის, რომ პატრიოტიზმი ზედმეტ ხმაურს ვერ იტანს, ამიტომ საქმეს ჩუმად, უხმაუროდ, მაგრამ დიდი სიყვარულით აკეთებს...

ქალბატონი ხათუნა გამჯაშვილი ნორიოს ისტორიულ-ეთნგრაფიული მუზეუმის უფროსი სპეცილისტია. სოფელში ყველამ იცის, რომ საინტერესო, ძველი ნივთების გამო მან შეიძლება თავი საფრთხეშიც ჩაიგდოს. საამისოდ არც ის აბრკოლებს, რომ ფაქტობრივად სიმბოლურ ხელფასზე მუშაობს...

ხათუნა გამჯაშვილი
ხათუნა გამჯაშვილი

- ქალბატონო ხათუნა, როდის გაგიჩნდათ ძველი ნივთებისადმი სიყვარული?

- რაც თავი მახსოვს, ცხოვრებაში ძირითადად შემოქმედებით ვიყავი დაკავებული, ვმღეროდი და ვუკრავდი. სკოლიდანვე სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი. დავამთვრე შოთა რუსთაველის სახელობის 112-ე ექსპერიმენტული საშუალო სკოლა, რომელიც ნაძალადევშია. ძველი ნივთები ბავშვობიდან მიყვარს. მახსოვს, ერთხელ დავინახე, რომ მეზობელს თავადების ნაქონი, ჭადრაკის ძველი მაგიდა უნდა გადაეგდო. ისე დამენანა ის მაგიდა გადასაგდებად, რომ ვთხოვე, მაჩუქე–მეთქი. როცა მაჩუქა, საკუთარი ხელით გავაშალაშინე, გავლაქე. ძველი ნივთების შეგროვების სურვილიც იქიდან გამიჩნდა.

ხათუნა გამჯაშვილი ღონისძიებაზე ნორიოში
ხათუნა გამჯაშვილი ღონისძიებაზე ნორიოში

- თავიდან ნორიოს კულტურის სახლში მუშაობდით?

- დიახ, 1996 წლიდან კულტურის სახლში ვმუშაობდი, ჯერ საზოგადოებრივ საწყისებზე, მერე შტატში ჩამსვეს. იცით, როგორი გზა გავიარე? - ყველაფერს მხოლოდ საკუთარი დამსახურებით მივაღწიე. ნორიოს კულტურის სახლში ბევრი წრე იყო: აერობიკის, სიმღერის, ხატვის, ფოლკლორის. აქ იყო ასევე ცეკვის დიდი ანსამბლი, რომელიც 1983 წელს ჩამოყალიბდა. ჩვენი ბავშვები წარმატებით დაგვყავდა ფესტივალებზე, სადაც ლაურეატებიც გახდნენ. მოკლედ, სოფელში კულტურული ცხოვრება ყვაოდა.

ხათუნა გამჯაშვილი მუზეუმის სტუმრებთან ერთად
ხათუნა გამჯაშვილი მუზეუმის სტუმრებთან ერთად

- მუზეუმში როგორ აღმოჩნდით?

- მუზეუმში 2007 წლიდან გადავედი. ამის მიზეზი სუბიექტური იყო: კულტურის სახლის დირექტორი ცოტა რთული პიროვნება გახლდათ და უბრალოდ იძულებული გავხდი, რომ საყვარელ საქმეზე უარი მეთქვა. როცა კულტურის სახლში გააუქმეს ლოტბარის შტატი, ამის მერე ის ადამიანი, ლოტბარი, მუზეუმში მოხვდა და მას ძველი ნივთების მოძიებაში საკუთარი სურვილით ვეხმარებოდი. მერე გარდაბნის ცენტრალური მუზეუმის ფილიალად გვაქციეს. ჩვენი დირექტორი ბატონი შადურ შუკვანია, რომელმაც დააფასა ჩემი შრომა და მუზეუმში ამიყვანა. დღეს ჩვენ ვართ გარდაბნის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი, ანუ ნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ხათუნა გამჯაშვილი -  ნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის უფროსი სპეციალისტი
ხათუნა გამჯაშვილი - ნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის უფროსი სპეციალისტი

- თავიდან საკუთარი ინიციატივით იტვირთეთ ეს ფუნქცია?

- ასე გამოდის, და მერე ყველამ დაინახა, რომ მუზეუმს ანგარებით კი არა, მხოლოდ ენთუზიაზმით ვეხმარებოდი. ერთხელ ხმამაღლა გამოვაცხადე, კულტურის სახლს თავი უნდა დავანებო–მეთქი. არადა, მაშინ სხვადასხვა წრეებში 70 ბავშვი მყავდა. ამის მერე კულტურის სახლშიც დამტოვეს და მუზეუმშიც კურატორად დამნიშნეს. აქ ანაზღაურების გამო არ ვარ, ხელფასი სიმბოლური მაქვს, მაგრამ მართლა მიყვარს ჩემი საქმე და ეს სიყვარული მაძლებინებს.

ხათუნა გამჯაშვილი და ნუგზარ კვაშალი
ხათუნა გამჯაშვილი და ნუგზარ კვაშალი

- ექსპონატებს როგორ ეძებთ?

- დავდივარ ხოლმე სოფელში ოჯახ-ოჯახ და ძველ ნივთებს ვეძებ. ნორიოში ერთი ძველი, ნახევრად ჩამონგრეული სახლი იყო. როცა ფანჯრიდან შიგნით შევიხედე, ჭერზე ძველი ჭაღი დავინახე და საინტერესოდ მომეჩვენა. რა მექნა? ისე მინდოდა, რომ შევძვერი იმ სახლში და ჭაღი გამოვიტანე. არადა, შეიძლებოდა ჭერი თავზე დამცემოდა. დღეს ის მუზეუმის ექსპონატია. იმ სახლიდან სხვა ნივთებიც გამოვიტანე.

ხათუნა გამჯაშვილი
ხათუნა გამჯაშვილი

- მოსახლეობა რამდენად გეხმარებათ?

- როცა დაინახეს, როგორ დავდივარ კარდაკარ, ვეძებ ამ ნივთებს და მერე ისინი მუზეუმში გადამაქვს და ვუფრთხილდები, თავად ჩაერთვნენ ამ საქმეში და დღეს თავისი სურვილით მოაქვთ ნივთები – ქალაქმნები, სამოვრები, ხურჯინები, ამას წინათ ძველი ვარცლი მომიტანეს... ნორიოში მიწას რომ ამუშავებდნენ, იქიდან ბრინჯაოს შუბის წვერები ამოიყარა. ისინი იმდროინდელია, როცა სოფელში ლეკიანობა იყო. მუზეუმში გვაქვს ლეკური ხმალი, რომელიც ერთ ოჯახში ჰქონდათ და მერე მუზეუმს საჩუქრად გადმოსცეს... ერთხელ რიყეზე ჩამოინგრა ხევი, სადაც აღმოჩნდა ერთი ვიწროყელიანი ქვევრი, რომელიც, სავარაუდოდ, მე-18 საუკუნისაა.

ნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში
ნორიოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში

- ამ სოფელში ბევრი ძველი ციხე-სიმაგრეა, რა მდგომარეობაშია ისინი?

- დიახ, აქ ბევრი ციხე-სიმაგრე და კოშკი გვაქვს. აქაური ციხე-გალავნები ერეკლე მეფის დროინდელია და ისინი შველას ითხოვს. ახლა სწორედ იმაზე დავდივარ, რომ იქნებ რომელიმე ძველი ციხე-გალავანი აღვადგენინო. მინდა, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს, უკეთ გამოვაჩინო, რადგან ნორიოს ისტორიული სოფლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

- ნორიოში ისტორიული გვარის ხალხი თუ ცხოვრობს?

- ჩვენთან ბადრიძეების ისტორიული გვარი ცხოვრობდა და აქ ამ გვარის კოშკია. კომუნისტებმა ეს გვარი გადაასახლეს. თუმცა, ერთ დღესაც უკან დაბრუნდნენ. ამ გვარის წინაპარი მეფის კარზე მსახურობდა და ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო. ამ ოჯახიდან ახლა მხოლოდ ერთი ადამიანია დარჩენილი და, სამწუხაროდ, ისიც უშვილოა. ის ბადრიძეების კოშკში ცხოვრობს. დღეს მათი საგვარეულო კოშკი დაზიანებულია.

ხათუნა გამჯაშვილი და გივი სიხარულიძე ნორიოს ისტორიულ-ეთოგრაფიულ მუზეუმში
ხათუნა გამჯაშვილი და გივი სიხარულიძე ნორიოს ისტორიულ-ეთოგრაფიულ მუზეუმში

- თქვენს მუზეუმს სხვადასხვა დროს ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ...

- გარდაბნის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ და ჩვენმა ფილიალმა ჩაატარეს ღონისძიება „წარმატებული ადამიანები“, რომელზეც ბევრი ცნობილი ადამიანი მოვიწვიეთ. მე ღონისძიების წამყვანი ვიყავი. როდესაც მათ გაიგეს ამ მუზეუმის შესახებ, დაინტერესება გამოთქვეს და გვეწვივნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი, ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი ნუგზარ კვაშალი, მსახიობი გივი სიხარულიძე და სხვები.

- ქალბატონო ხათუნა, საიდან იწყება თქვენთვის სამშობლოს სიყვარული?

- საქართველოს სიყვარული ამ სოფლიდან და ჩემი საქმიდან იწყება. ახლობლები სულ მსაყვედურობენ – შენი ჭირიმე, ხელფასი გაქვს და დაეტიე შენ ადგილზე, კოშკებზე ნუ დაძვრები ამხელა ქალი, შარს არ გადაეყაროო, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია! ძალიან მიყვარს ეს საქმე და მინდა, რომ ჩემი სოფლისთვის რაღაც მაინც გავაკეთო. ახლა იმისთვის ვიბრძვი, რომ მე თუნდაც ჩამომართვან ეს სამსახური, ოღონდ სოფელში მოვიდეს ისეთი პატრიოტი ადამიანი, რომელიც აქ არსებულ ისტორიულ ციხე-კოშკებს აღადგენს და მიხედავს...

 

620
კვერცხი პომიდვრით

ექვსი საათის შემდეგ შიმშილი აუცილებელი არ არის: დიეტოლოგი დასაშვებ ვახშამს ასახელებს

0
(განახლებულია 17:57 28.10.2020)
ცნობილმა დიეტოლოგმა საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ ჩამოთვალა, რომელიც დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე შეგიძლიათ მიირთვათ

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. არსებობს პროდუქტები, რომელთა მიღებაც ძილის წინ არის შესაძლებელი ისე, რომ წონას, ჯანმრთელობასა და სხეულის ფორმას ზიანი არ მიადგეს, აცხადებს სეჩენოვის უნივერსიტეტის პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის დიეტოლოგი ნატალია პუგაჩოვა.

ექიმის თქმით, თქმით, 18:00 საათის შემდეგ ჭამაზე სრული უარის თქმა არ ღირს. წასახემსებლად (დაძინებამდე საათნახევრით ადრე) იდეალურია ერთი მუჭა კაკალი (ნუში, ფისტა) ან გოგრის თესლი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ რამდენიმე კივი ან ჭიქა იოგურტი.

გარდა ამისა, შეგიძლიათ აირჩიოთ მოხარშული კვერცხი ან ომლეტი სალათის ფოთლებით, ბულგარული წიწაკით ან პომიდვრით, მთელმარცვლოვანი ორცხობილები ჰუმუსით, ფეტა ან მოხარშული ქათმის ნაჭრები (ორი-სამი პატარა ნაჭერი), ჭიქა ალუბალი ან მარწყვი, თუნდაც ყველის პატარა ნაჭრით (დაახლოებით 25 გრამი), უცხიმო რძისა და კენკრის ან ანანასის სმუზი.

„ძილის წინ მთელმარცვლოვანი ცხელი ფაფაც კი, 10-12 მარცვალი ქიშმიშითა და დარიჩინით, არ დაგაზარალებთ. ფინჯანი თბილი მცენარეული ჩაი კი შესანიშნავად შეავსებს გვიან ტრაპეზს“, — განმარტა პუგაჩოვამ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ესპანელმა დიეტოლოგმა დაასახელა პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოდ მიიჩნევა, მაგრამ ისინი წონის დაკლებას ხელს უშლის.

0
თემები:
სასარგებლო რჩევები