ოზურგეთელი გოგონას ახდენილი ამერიკული ოცნება, ანუ რა ხდება, როცა ბებიამ ინგლისური არ იცის

გამოწერა
ახლანდელ თაობას, მათი მშობლებისგან განსხვავებით, საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის გაცილებით დიდი ასპარეზი მიეცა. მთავარია, მოინდომო – შენი ოცნების ქვეყანაშიც ჩახვალ და ცოდნასაც იქ შეიძენ...

ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელმა დადუნა გეწაძემ ფლექსის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სექტემბრიდან ამერიკაში გაემგზავრება სასწავლებლად. 

შეგახსენებთ, რომ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ერთი აკადემიური წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლოს და ამერიკელი მასპინძლის ოჯახთან ერთად იცხოვროს. ეს გაცვლითი პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებზეა გათვლილი და ამერიკული მხარის მიერ ფინანსდება. ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველი, როგორც წესი, ძალიან ბევრია და მასში გამარჯვება არ არის ადვილი...

© photo: courtesy of Daduna Getsadzeდადუნა გეწაძე
ოზურგეთელი გოგონას ახდენილი ამერიკული ოცნება, ანუ რა ხდება, როცა ბებიამ ინგლისური არ იცის - Sputnik საქართველო
დადუნა გეწაძე

- დადუნა, როგორ ფიქრობ, შენ გარდა კიდევ ვისი დამსახურებაა შენი გამარჯვება?

- ინგლისური ენის შესწავლა ჯერ კიდევ ბაღში, ადრეული ასაკიდან დავიწყე. იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი ბებია თამარი რუსული ენის სპეციალისტია, მისი ძალისხმევით მუდმივი კითხვითი ვარჯიშებით, ტესტებით და მოსასმენი დავალებებით შევძელი და ენა უკეთესად ავითვისე. თვითონ ინგლისური არ იცის...

- გაკვეთილს როგორ აბარებდი?

- სანამ ვყვებოდი, ის თითს აყოლებდა ტექსტს და მოსასმენ, ადაპტირებულ ტექსტებს სინქრონულად მაყოლებდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი სკოლისა და მასწავლებლების უდიდესი როლი. ასევე ძალიან დამეხმარნენ ამერიკიდან ჩამოსული გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებიც. მათთან ხშირი კომუნიკაციით საუბარი უფრო გავაუმჯობესე და დავხვეწე.

© photo: courtesy of Daduna Getsadzeდადუნა გეწაძე
ოზურგეთელი გოგონას ახდენილი ამერიკული ოცნება, ანუ რა ხდება, როცა ბებიამ ინგლისური არ იცის - Sputnik საქართველო
დადუნა გეწაძე

- თავდაჯერებული ჩანხარ, ანუ ელოდი გამარჯვებას?

- ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. ასეთ კონკურსებში ხომ გამარჯვებისთვის იბრძვიან. მჯერა, რომ ადამიანი მონდომებით ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში. ასეთ დროს ყველაზე საოცნებოც ხშირად რეალური ხდება.

- ამერიკა რამდენადაა შენი ოცნების ქვეყანა? 

- The American Dream – ჩემთვის ეს ყველაზე ამბიციური სურვილების გახმოვანებისა და მიზნების მიღწევის სტიმული და შესაძლებლობაა. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ მიმზიდველი აბსტრაქტული ოცნებაა, არამედ ძალიან ხელშესახები  რეალობა. აქ არ არსებობს შესაძლებლობების შეზღუდვა, გაქვს უდიდესი შანსი, მოტივაცია, რომ მეტი გაიგო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი მომავლისთვის...

© photo: courtesy of Daduna Getsadzeდადუნა გეწაძე
ოზურგეთელი გოგონას ახდენილი ამერიკული ოცნება, ანუ რა ხდება, როცა ბებიამ ინგლისური არ იცის - Sputnik საქართველო
დადუნა გეწაძე

- ამერიკაში ჩასული გურული მოჯირითეების ამბავი თუ გსმენია?

- დიახ, მსმენია. მე, როგორც გურული და ქართველი ძალიან ამაყი ვიყავი, როცა ამერიკაში მათი წარმატებების ამბავი გავიგე. გურულები ხომ ყველაფერში განსაკუთრებულად ყოჩაღები ვართ! ვეცდები ჩემი კუთხე და ქვეყანა მეც ვასახელო...

- ვიცი, რომ ფლექსის გარდა ევროპული სკოლის კონკურსზეც გახვედი...

- ფლექსიც და ევროპული სკოლაც ორივე ძალიან კარგი საშუალებაა მიზნების მისაღწევად. მათ შორის არჩევანის გაკეთება მართლა რთული საქმეა. საშუალება რომ მქონდეს, ორივეს ავირჩევდი. მოხდა ისე, რომ ფლექსის პასუხები ადრე მოვიდა და თანხმობის მისაცემად მხოლოდ ერთი კვირა მქონდა. იქნებ ასე უკეთესიც იყო. თანაც, ვერ მოგატყუებთ, ალბათ ჩემს ბავშვობის ოცნებას მაინც ვერაფრით დავთმობდი...

© photo: courtesy of Daduna Getsadzeდადუნა გეწაძე
ოზურგეთელი გოგონას ახდენილი ამერიკული ოცნება, ანუ რა ხდება, როცა ბებიამ ინგლისური არ იცის - Sputnik საქართველო
დადუნა გეწაძე

- როგორც თინეიჯერს რა მოგწონს შენ თაობაში და რა არა?

- ჩემი თაობა, ვფიქრობ, მიზანდასახულობით, დამოუკიდებელი აზროვნებითა და ქმედებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ამაზე იმოქმედა გარემოებამ და ახალმა შესაძლებლობებმაც. როგორც თინეიჯერს, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ყველანაირ შანსს იყენებს იმისთვის, რომ უკეთესები გახდნენ. 21-ე საუკუნესთან ერთად მსოფლიომ თვალი გაუსწორა ახალ რეალობას და ჩვენც ამ რეალობის მონაწილეები გავხდით. დღითი დღე ვვითარდებით და, ვფიქრობ, დღევანდელ თაობაში სწორედ ეს მომწონს – ჩვენი მიზანდასახულობა, მონდომება და გამბედაობა. მე მჯერა ჩემი თაობის და იმის, რომ ყველაფერს შევძლებთ. რაც შეეხება ჩვენ ნაკლს, სამწუხაროდ, ხშირად სიტყვები „თავისუფლება" და „თავის უფლება" არასწორად გვესმის ხოლმე. ალბათ ეს ასაკისა და მოზღვავებული ენერგიის ბრალიცაა...

© photo: courtesy of Daduna Getsadzeდადუნა გეწაძე
ოზურგეთელი გოგონას ახდენილი ამერიკული ოცნება, ანუ რა ხდება, როცა ბებიამ ინგლისური არ იცის - Sputnik საქართველო
დადუნა გეწაძე

- რომელია შენი საყვარელი ფრაზა?

- ესაა ამერიკის მეთექვსმეტე პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის სიტყვები: Success is going from failure to failure without losing your enthusiasm. ანუ „წარმატება მარცხიდან მარცხამდე მოდის, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“. ეს ალბათ ყველაზე სასარგებლო და გასათვალისწინებელი რჩევაა ადამიანისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე...

- საკუთარი თავი როგორ და სად წარმოგიდგენია 20 წლის მერე?

- ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რით მინდა დავკავდე მომავალში. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მიყვარდა სიმართლე და სამართლიანობა, გადავწყვიტე მომავალი პროფესიაც ამასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მინდა წარმატებული ადვოკატი გავხდე. ამის მისაღწევად აუცილებელია სრულყოფილი განათლების მიღება. კონკრეტულად ოცი წლის შემდეგ სად ვიქნები? – არ ვიცი. თუმცა ვფიქრობ, სადაც უნდა ვიყო, როგორც დედა, როგორც ქალი და როგორც პროფესიონალი მინდა პიროვნულად შემდგარი ვიყო.

- უცხოეთში ჩასული ერთი წინადადებით როგორ ეტყვი ვინმეს საქართველოზე?

- საქართველოს ვერც ერთ ქვეყანას ვერ შევადარებ, აქ მზე სხვანაირად ანათებს, აქ სხვა სიყვარული და თავისუფლებაა...

 

ყველა ახალი ამბავი
0