მარიამ ოხანაშვილი

ბიოლოგი, რომელიც ჩიტებისთვის ფერად სახლუკებს აკეთებს

127
(განახლებულია 20:10 19.05.2020)
არასოდეს გიფიქრიათ იმაზე, რომ ჩიტებსაც შეიძლება ჰქონდეთ თავისი კომფორტის ზონა - სახლი, ამ შემთხვევაში, ბუდე, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზი იქნება და სადაც თავს კარგად იგრძნობენ?..

როგორც გაირკვა, ეს კითხვა მარიამ ოხანაშვილისთვის რიტორიკული სულაც არ აღმოჩნდა, რადგან ის ჩიტებისთვის ულამაზეს, ფერად-ფერად კომფორტულ სახლებს აკეთებს და მათში ფრთოსან ბინადრებს, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, სრულიად უსასყიდლოდ ასახლებს ხოლმე.

ჩიტებისთვის ამგვარი „ბინათმშენებლობის“ საკითხი მცხეთის რაიონის სოფელ ქვემო ნიჩბისში დაიწყო. მარიამი პროფესიით ბიოლოგია. თავიდან მამასთან ერთად უბრალოდ სცადა, რომ ეზოში მორჩენილი ხის მასალებისგან ჩიტებისთვის პატარა სახლი დაემზადებინა. როცა სოციალურ ქსელებში ფერადი სახლების ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მარიამმა ამ საქმეში ოჯახის სხვა წევრებიც ჩართო.

მარიამ ოხანაშვილი
მარიამ ოხანაშვილი

- მარიამ, როგორც ჩანს, ამ გატაცებით თქვენი პროფესიიდან მაინცდამაინც შორს არ წასულხართ...

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სფეროდან შორს არ წავსულვარ. ძალიან მიყვარს ყვავილების ბაღისა და ეზოს მცენარეების გაშენება და მათი მოვლა-პატრონობა, ასევე ეზოს სხვადასხვაგვარი დეკორაციების შექმნა. ერთ დღესაც ჩემმა საქმიანობამ ჩიტის სახლუკებამდეც მიმიყვანა.

მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები
მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები

- იფიქრებდით, რომ ჩიტების სახლები ასეთ პოპულარობას მოგიტანდათ და ოჯახის შემოსავლის წყაროდაც იქცეოდა?

- თავიდან მხოლოდ სახლის დეკორაციად დავამზადეთ, მაშინ ვერ ვიფიქრებდი, თუ ამდენ გამოხმაურებას და მოწონებას დაიმსახურებდა. ამ ყველაფერმა დიდი სტიმული მოგვცა და ახლა ამ საქმეს მეტი ხალისით და შემართებით ვაკეთებთ.

მარიამ ოხანაშვილის ნამუშევარი
მარიამ ოხანაშვილის ნამუშევარი

- მათ დიზაინზე ვინ ზრუნავს?

- უკვე სხვადასხვა მოდელების სახლები დავამზადეთ. დიზაინზე ყველა ერთად ვფიქრობთ ხოლმე. ზოგს კიბე აქვს, კარები და ფანჯრები, გაფორმებულია სხვადასხვა დეტალებით, რაც ამ სახლუკების დიზაინს უფრო ლამაზს და უჩვეულოს ხდის. სხვათა შორის, ასეთ სახლებს თუთიყუშებისთვისაც ყიდულობენ ხოლმე.

მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები
მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები

- ხომ არ გაგჩენიათ სურვილი, რომ კატების ან ძაღლების სახლების დამზადებაც დაგეწყოთ?

- იყო რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა ამისი მცდელობა ჯერ არ გვქონია.

მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები
მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები

- თუ დააკვირდით, ბეღურების გარდა რომელი ჩიტები ბინადრობენ იმ სახლებში, რომლებიც თქვენს ეზოშია?

- ასე ზუსტად ვერ გეტყვით, კონკრეტულად რომელი ჩიტუნიები შედიან, თუმცა ბევრი მომხმარებელი მიგზავნის ფოტოს, როგორ დაიდო ბინა ამ სახლუკებში სხვადასხვა სახის ჩიტებმა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ ნაკეთობებს უფრო მეტად ალბათ დეკორატიული დატვირთვა აქვს.

მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები
მარიამ ოხანაშვილის ნამუშევრები

- სურვილის შემთხვევაში ალბათ სახლების დაპროექტებასაც შეძლებდით...

- ასეთი რამ არასდროს მიცდია, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, როცა საკუთარი სახლისა და ეზოს მოწყობაში აქტიურად ვარ ჩართული. საერთოდ კი დიდი სიამოვნებით შევისწავლიდი ასეთ საქმეს პროფესიონალურ დონეზე.

მარიამ ოხანაშვილის ნამუშევარი
მარიამ ოხანაშვილის ნამუშევარი

- როგორია თქვენი ოცნების სახლი, სადაც თავს კარგად იგრძნობდით?

- ამ თემაზე ხშირად მიფიქრია. ჩემი ოცნების სახლი იქნებოდა დიდი სივრცით და ნათელი ფერებით, რომლის ეზოშიც გავაშენებდი უამრავ მცენარეს და შევქმნიდი მყუდრო გარემოს. ახლაც შეძლებისდაგვარად ვცდილობ ხოლმე, რომ ეზოში მოვაშენო დეკორატიული მცენარეები, რასაც ჩემი სახლუკებიც თავისებურ ხიბლს მატებს. ცნობილია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრება გვიწევს, ამიტომ ის მყუდრო და ჩვენთვის კომფორტული უნდა იყოს, იქ ყოფნა ბედნიერებას უნდა გვანიჭებდეს...

127
თეა თავაძე

ქართველი ექიმი, რომელიც სტამბულში ქალებს ჰიპნოზით ამშობიარებს

23
(განახლებულია 17:30 03.06.2020)
 ჩვენი რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ თურქეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ექიმს თეა თავაძეს გაგაცნობთ.

ქართველი ექიმი სტამბულის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიური კლინიკის წამყვანი სპეციალისტია. ის ურთულეს გინეკოლოგიურ ოპერაციებს ატარებს და იმავე კლინიკაში კლინიკაში წყალში მშობიარობის განყოფილების დამაარსებელიც გახლავთ. ამავე სფეროში კოლეგებთან ერთად, მუშაობს ისეთ ინოვაციურ მეთოდზე, როგორიცაა, ჰიპნოზით მშობიარობა. ფლობს რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერთიფიკატებს.

თავის დროზე, დიპლომი დაიცვა ისეთ თემაზე, როგორიცაა, ვაგინალური ექოსკოპიის როლი ადრეული ორსულობის პერიოდში, რაც შემდგომ წიგნის სახით გამოიცა. დღეს კლინიკაში (Atlas Üniversitesi Edicine hospital) მუშაობის პარალელურად ლექციებსაც კითხულობს.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ქალბატონო თეა, როგორ და როდის აღმოჩნდა ქართველი მედიკოსი თურქეთის სამედიცინო სფეროში?

- თურქეთში ჩამოსვლამდე, 1998 წელს, საქართველოში პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია დავამთავრე. თურქეთში ჩემი ჩამოსვლა დეიდაჩემის, ნესტან სოფაძის რჩევით განხორციელდა. იმ პერიოდში, დეიდა თურქეთში ერთერთ კონსერვატორიაში მუსიკის პედაგოგად მოღვაწეობდა. სწორედ  მისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მოქმედებდა. ექვსი თვის მანძილზე თურქ სტუდენტებთან ერთად კლინიკაში ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი პრაქტიკულ სამუშაოებში.

თეა თავაძე სამუშაო გარემოში
თეა თავაძე სამუშაო გარემოში

- რამ მოახდინა თქვენზე მაშინ შთაბეჭდილება?

- იმ ექვსი თვის განმავლობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის სამედიცინო განათლების დონემ. გადავწყიტე, რომ ისევ დავბრუნებულიყავი სტამბულში და მაგისტრატურაში აქ ჩამებარებინა. ძალიან დიდი შრომისა და გარკვეული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, (რისთვისაც სამი წელი დამჭირდა) მარმარის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი მეან-გინეკოლოგის სპეციალობაზე, სადაც ექვსი წელი ვისწავლე და ერთ-ერთი  წარმატებული სპეციალისტი ვიყავი.

ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად
ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად

- ამ ეტაპზე რა სახის კვლევებზე გიწევთ მუშაობა?

- ვაწარმოებ გარკვეულ კვლევებს და ვახორციელებ ფიზიოლოგიურ მშობიარობას პირველი, მეორე და მესამე საკეისროს შემდეგ, რომელიც ძალიან რთული პროცესია. მოგეხსენებათ თურქული ტრადიციები მრავალშვილიანობის მომხრეა და საკეისრო კვეთა მრავალშვილიანობას ასე თუ ისე აფერხებს. მე როგორც ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რთულ მშობიარობებს ვუწევ მეთვალყურეობას. გარდა ამისა, რომ მეან-გინეკოლოგი ვარ, დამატებით ვფლობ რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერთიფიკატებს, რომელსაც მხოლოდ ჩემს სპეციალობაში ვიყენებ.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თურქეთში ისეთ უჩვეულო და უნიკალურ მეთოდზე მუშაობთ, როგორიცაა, ჰიპნოზით მშობიარობა, როგორ ხდება მსგავსი რამ?

- ჰიპნოზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ძილს, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმნის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი პაციენტი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა პაციენტი თავისუფლად გამოხატავს ემოციას: ტირის, ყვირის, შეკითხვებზე თავისუფლად გცემს პასუხს. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორსულობის პერიოდში შთაგონების მეშვეობით ვახერხებთ პაციენტის ქვეცნობიერის კონტროლს, რომელიც მშობიარობის პერიოდში ექიმის მითითებებს ექვემდებარება.

თეა თავაძე ოჯახურ გარემოში
თეა თავაძე ოჯახურ გარემოში

- რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი?

-ჰიპნოზით მშობიარობა სრულიად უსაფრთხო მეთოდია, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. მშობიარობის შემდეგ პაციენტი რამდენიმე წამში გარკვეული მითითების შემდეგ ისევ უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. ეს ახალი ტენდენციაა თურქეთში და ჩვენი უნივერსიტეტი ჯერჯერობით მხოლოდ მეორე იქნება, სადაც  ჰოპნოზით მშობიარობა განხორციელდება.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ვიცი, რომ დისერტაციაზეც მუშაობთ, რა თემას ეხება თქვენი ნაშრომი?

- ამჟამად საერთაშორისო კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ თემაზე, რომელიც ეხება ორსულობამდე და ორსულობის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგებს მშობიარობის პერიოდში.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თქვენი მეუღლე თურქეთელი ქართველების შთამომავალია, ალბათ ამანაც განაპირობა შემდეგში ამ ქვეყანაში თქვენი ოჯახის საბოლოოდ დამკვიდრება...

- ჩემი მეუღლე, ქემალ იემი (iyem) ირემაძე, წარმოშობით მაჭახელადანაა. დედამთილი, მარიამ ქავთარაძეა, მამამთილი, ნევზათ ირემაძე აწ გარდაიცვლილია. იმ პერიოდში თურქეთის არასტაბილური ეკონომიური მდგომარეობის გამო, მეუღლის მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ბელგიაში, სადაც ჩემი მეუღლე დაიბადა და გაიზარდა. იქ ცხოვრობდნენ ოცი წლის განმავლობაში, მიიღეს ბელგიის მოქალაქეობა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად ისევ სტამბულში გადავიდნენ. შემდეგ ჩემმა მეუღლემ დაიწყო თურქეთსა და საქართველოს შორის წარმატებული ბიზნეს-საქმიანობა, რის გამოც ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა, ჩემს ორივე შვილსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

თეა თავაძე ოჯახთან ერთად
თეა თავაძე ოჯახთან ერთად

- საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ და სამომავლოდ საქმიანობის აქ გაგრძელებას თუ აპირებთ?

- რაც შეეხება საქართველოში ჩემს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კლინიკებიდან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა, ჯერჯერობით არ ვაპირებ, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიონალური გეგმების განხორციელებაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. იქ ძალიან ხშირად ჩავდივარ ოჯახთან ერთად. ჩემი შვილები მთელი ზაფხულის განმავლობაში ბებიასთან და ბაბუასთან ისვენებენ. ისინი ქართულს ძალიან კარგად ფლობენ, ისიც კარგად იციან, რომ მათ  გენებში ქართული სისხლია, საქართველო კი მათი მშობლიური ქვეყანა...

 

23
თემები:
ქართველები უცხოეთში
საკვებით შექმნილი კომპოზიცია

შვილისთვის საკვებით შექმნილი საოცარი კომპოზიციები, რაზეც უჭმელი ბავშვიც კი არ იტყვის უარს

101
(განახლებულია 18:15 03.06.2020)
ბლოგერი მედეა ზაბახიძე 25 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი – დანო. მედეა მთელ დროს მის აღზრდას უთმობს, ცდილობს შვილის ყოველდღიურობა უფრო ლამაზი და მრავალფეროვანი გახადოს.

მედეა საკვებით, ხილით, ბოსტნეულით შვილისთვის სახალისო და საინტერესო კომპოზიციებს ქმნის. საუზმეზე, რომელსაც შვილისთვის ამზადებს, ყველაზე უჭმელი ბავშვიც კი ვერ იტყვის უარს. მედეამ შვიდი თვის წინ ინსტაგრამზე ბლოგიც გააკეთა, რისი საშუალებითაც მშობლებს თავის გამოცდილებას უზიარებს.

- პროფესიით ფარმაცევტი ვარ. ვმუშაობდი ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ეს პროფესია ემოციურად ჩემგან ძალიან შორსაა. ჩემი გატაცება სამზარეულოა. ყველაფერი მიყვარს და მაინტერესებს, რაც სამზარეულოში ხდება და დიდი იმედი მაქვს, როგორც კი ჩემი შვილი მომცემს საშუალებას, ჩემ პროფესიადაც ვაქცევ.

ერთი შვილი მყავს. დანო წლის და ცხრა თვისაა. წარმოუდგენლად თბილი და მოსიყვარულეა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან პატარაა, ყოველთვის ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას. დანოს დაბადებამ სამყარო შეცვალა ჩემში. ის საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში და მე არ მაქვს უფლება არ ვიყო კარგი. იმხელა სითბო და სიყვარული მაჩუქა, არ ვიცი ეს როგორ უნდა დავუბრუნო. ჩემი ყოველი დღე მას ეკუთვნის და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე!

მედეა ზაბახიძე
photo: courtesy of Medea Zabakhidze
მედეა ზაბახიძე

- რატომ დაიწყეთ მისთვის საკვებით, ხილით, ბოსტნეულით სახალისო კომპოზიციების კეთება – უჭმელი ბავშვია?

- დანომ ბუნებრივ კვებას წლის და ოთხი თვის ასაკში დაანება თავი და, შესაბამისად, უკვე გაჩნდა აუცილებლობა, რომ ყველა მისთვის საჭირო და სასარგებლო პროდუქტი მიმეწოდებინა. მინდოდა მისთვის განსხვავებული, ფერადი, სახალისო და ლამაზი ყოფილიყო ის საკვები, რაც სასარგებლო და აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის და ეს იდეაც ასე დაიბადა. უჭმელი არასოდეს ყოფილა, მეტიც, ძალიან ღორმუცელაა. თუმცა ეს ხერხი ძალიან ეფექტურია უჭმელ ბავშვებთან მიმართებაში.

თუ სასარგებლოდ ვმართავთ ბავშვის ემოციებს, ბავშვი „უჭმელი" აღარ იქნება. გამოთქმა "თვალი ჭამს", ყველაზე მეტად ბავშვების საკვების მიმართ დამოკიდებულებაში ამართლებს.

საკვებით შექმნილი კომპოზიცია
photo: courtesy of Medea Zabakhidze
საკვებით შექმნილი კომპოზიცია

- ფაქტიურად ხატავთ საკვებით. ფანქრით ხატვაც გეხერხებათ?

- არა, არასოდეს მიცდია ხატვა, ვფიქრობ, ფანქარზე უკეთ სამზარეულოს დანებს ვფლობ.

- თავად თუ იღებს მონაწილეობას ამ კომპოზიციების შექმნაში?

- ჯერ პატარაა მაგ საქმისთვის, თუმცა მომავალში აუცილებლად ჩავრთავ და, იმედი მაქვს, დანოსთვისაც სასიამოვნო გასართობი იქნება მსგავსი გაფორმებები.

საკვებით შექმნილი კომპოზიცია
photo: courtesy of Medea Zabakhidze
საკვებით შექმნილი კომპოზიცია

- რატომ გადაწყვიტეთ თქვენი ისტორია ხალხისთვის გაგეზიარებინათ, როგორ გაჩნდა ბლოგის შექმნის იდეა?

- როცა დანო წლის და თვეების გახდა, მე ცოტა დრო გამოვნახე და მოვიცალე სხვა რაღაცებისთვისაც. გავაკეთე ისტაგრამ-გვერდი, თავიდან ბლოგად არ იყო ჩაფიქრებული, უბრალოდ მინდოდა დანოს ფოტოები და ვიდეოები ერთ სივრცეში მქონოდა, თუმცა ძალიან მალე ბევრი ხელმომწერი გვყავდა და გადავწყვიტე, რადგან დანოს დაბადებიდან სრულიად მარტო ვზრდით მე და ჩემი მეუღლე, ჩემი გამოცდილება და ცოდნა სხვებისთვის გამეზიარებინა, ასევე სხვა მშობლებისგანაც მიმეღო რჩევები. მერე უკვე დავიწყე ბლოგების წერა.

საკვებით შექმნილი კომპოზიცია
photo: courtesy of Medea Zabakhidze
საკვებით შექმნილი კომპოზიცია

- რა გამოხმაურება მოჰყვა ბლოგს ქართველი მშობლების მხრიდან?

- საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა და საკმაოდ მცირე დროში მოვახერხე ბევრი დედიკოს დამეგობრება. შვიდი თვეა რაც ბლოგების წერა დავიწყე და უკვე 6000 ხელმომწერი მყავს. ამ მცირე დროში ეს შედეგი ნამდვილად კარგია.

View this post on Instagram

🍎 🍏 🍊 ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა, მაგრამ,როგორ უნდა მივირთვათ ისინი ისე, რომ მათგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ? შეიძლება არ იცით, მაგრამ ხილსა და ბოსტნეულს გათლისას სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი შორდება. გეტყვით,რომ ხილის კანი ხილზე არანაკლებ სასარგებლოა და უმჯობესია კანიანად მივირთვათ 🍎 იცოდით? თუ კანგაუცლელ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევთ, ნაკლებად მოგშივდებათ😀 ხილისა და ბოსტნეულის კანში შემავალი ნივთიერებები შიმშილის გრძნობას თრგუნავს! ამას ძირითადად უჯრედისი (საკვები ბოჭკო) განაპირობებს. ხილში არსებული უჯრედისის მესამედი სწორედ ხილის კანშია მოთავსებული. ასევე უჯრედისი კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელ ფუნქციონირებასა და კუჭის მიკროფლორის შენარჩუნებას უწყობს ხელს👌 🍎 🍊 🍏 პ.ს როგორ მინდა ყველა სახლი 🌍ასეთი ფერადი იყოს რეალობაშიც 🌈🏘✨♥️☀️ 🍎 🍊 🍏 #ბლოგერი #ბლოგი #ბლოგერსაქართველო #ბლოგერიდედა #ინსტახალხი #ინსტაბლოგერი #ინსტაგრამი #ინსტაგრამინფლუენსერი #ინსტაგრამრჩეული #ინფლუენსერი #გაფორმება #foodart #babyfoodideas #babyfoodart #kidsfood #kidsfoodideas #kidsfoodart

A post shared by 🦕 DaNo 🦕 (@baby.dano.and.mommy) on

- ალბათ შიდა იზოლაციის დროს მეტი დრო გქონდათ თქვენი ფანტაზიის განსახორციელებლად...

- თვითიზოლაციისას ჩემი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა, მე ისედაც სულ სახლში ვარ უკვე მეორე წელია. თუმცა ჩემი მეუღლის სახლში ყოფნა ძალიან დამეხმარა და ჩემი ბლოგისთვის მეტი დრო მრჩებოდა.

101
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა: თურქეთის 9 მოქალაქე განაჩენს ციხეში დაელოდება

0
თურქეთის ცხრა მოქალაქეს ბრალი ედება საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და იარაღის უკანონო შენახვაში. მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით თურქეთის ცხრა მოქალაქეს, რომელთაც საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და იარაღის შენახვა ედებათ ბრალად, პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში თურქეთის მოქალაქეთა დაკავების შესახებ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა სამშაბათს განაცხადა. თურქეთის მოქალაქეები არა მხოლოდ უკანონო გზით შემოვიდნენ საქართველოში, არამედ გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქში ორ დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა დაკავებულთა თავდებით გათავისუფლების თაობაზე, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის არგუმენტები და თურქეთის მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება გრძელდება მუხლით „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა“. ბრალდებულებს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში