სატრენაჟორო დარბაზში

უნივერსალური ქალი, ანუ როცა ხელოვნება ცხოვრებას ალამაზებს

404
(განახლებულია 20:35 14.05.2020)
თამარ ხოტენაშვილი მეტად ნიჭიერი ქალბატონია და შეუძლებელია არ შეამჩნიო მისი ნიჭი. მისი ბიოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია.

პროფესიით მედდა, მასაჟისტ-რეაბილიტოლოგია. ბავშვობიდან იტაცებს ხელსაქმე. წლების განმავლობაში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევარი აქვს შექმნილი. ამასთან ამზადებს ნატურალურ კოსმეტიკას. ქალბატონ თამარს ბევრი ქალბატონის გული გაუხარებია.

ვარჯიშის დროს
photo: courtesy of Tamar Khotenashvili
ვარჯიშის დროს

- პროფესიით მედდა, მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი გახლავართ. ამ ეტაპზე ვმუშაობ ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მასაჟისტ-რეაბილიტოლოგად. პარალელურად მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი, ვამზადებ ნატურალურ კოსმეტიკურ კრემებს და თავის მოვლის საშუალებებს. ბავშვობიდან მიტაცებდა კერვა, ქსოვა, ქარგვა. რატომღაც ყოველთვის „მოუსვენარი“ ხელები მქონდა და დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ჩემი შექმნილი ესა თუ ის ნამუშევარი. მეგობრებისთვისაც შემიკერავს და მომიქსოვია ქუდები, შარფები. ქარგვა ჩემით ვისწავლე, მეტად ჩავუღრმავდი და გამიტაცა ამ საქმემ. ბევრი ნამუშევარი გავაჩუქე, ნაწილი დღემდე ჩემთან არის, ნაწილი კი დასამთავრებელია. თუმცა რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არასდროს არ გამიყიდია ჩემი ნაქარგები. ისინი გავაჩუქე ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებზე და დღემდე მათ ოჯახებში ინახება.

ვარჯიშის დროს
photo: courtesy of Tamar Khotenashvili
ვარჯიშის დროს

- საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია გაქვთ. დავიწყოთ ნატურალური კოსმეტიკით. როდის და რატომ დაიწყეთ კოსმეტიკის დამზადება, როგორ შეისწავლეთ?

- მასაჟის შესწავლის პერიოდში იყო ასეთი ეტაპი „არომათერაპია“, რომლითაც ძალიან დავინტერესდი. ვამზადებდი სკრაბებს და სხვადასხვა ტიპის კანისთვის სასარგებლო ნიღბებს, ასევე ვაკეთებდი მთელ სხეულზე ატმის, ბანანის, თაფლის, შოკოლადის და არაჩვეულებრივი სურნელოვანი ეთერზეთებით მასაჟებს. ეს ყველაფერი იმდენად მომწონდა და მიტაცებდა, დამატებით შევისწავლე კოსმეტიკური და სამკურნალო რეცეპტები. ასევე ძალიან მიყვარს და ხშირად ვკითხულობ ლიტერატურას ფიტოთერაპიის  შესახებ. დრომ და გამოცდილებამ ბევრი მასწავლა და უკვე მაქვს ჩემი პირადი რეცეპტები. ვცდილობ, რომ რაც შეიძლება სასარგებლო, ნატურალური და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ჩემი პროდუქცია.

თამარ ხოტენაშვილის მიერ დამზადებული კოსმეტიკური საშუალება
photo: courtesy of Tamar Khotenashvili
თამარ ხოტენაშვილის მიერ დამზადებული კოსმეტიკური საშუალება

- რა სახის პროდუქციას ამზადებთ და როგორ ახდენთ რეალიზებას?

- ძირითადად ვამზადებ სკრაბებს, კრემ-საპნებს, სახის მკვებავებს და სხვ. თავიდან ძალიან ცოტა გავაკეთე და შევთავაზე მეგობრებს, ნათესავებს. პროდუქციამ საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა ახლობლებში. ამის შემდეგ ჩემი მეგობრების და ახლობლების გვერდში დგომით მოხდა ის, რაც მოხდა. დღეს მყავს კმაყოფილი და ბედნიერი პაციენტები როგორც მასაჟის, ასევე კოსმეტიკის სფეროში. თითოეულის ბედნიერი სახე და კმაყოფილი მადლობის წერილი მახარებს და უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, რომ მეტი და მეტი ვაკეთო.

თამარ ხოტენაშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Tamar Khotenashvili
თამარ ხოტენაშვილის შემოქმედება

- პროფესიით მედდამ ხელოვნებაც შეითავსეთ. ქარგვით როდის დაინტერესდით?

- ქარგვით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული. მაშინ მასწავლებელი და ქარგვის ტექნიკის შესწავლა შეუძლებელი იყო, მოგეხსენებათ, 90-იანებში რა პირობებში ვიზრდებოდით. ძირითადად დედას და  მამიდებს ვუყურებდი. ეს ადამიანები საუკეთესო მკერავ-მოდელიორები არიან და მათგან ბევრი ვისწავლე. მახსოვს, ბავშვობაში ერთ-ერთი საუკეთესო ფაბრიკის ლაბორატორიაში მუშაობდნენ და ძირითად მოდელებს კერავდნენ ფაბრიკაში ჩასაშვებად. სწორედ იქიდან დაიწყო ამ ყველაფრის ინტერესი. იქ იკერებოდა, ფორმდებოდა და საბოლოო ორიგინალურ სახეს იღებდა ბევრი სერიოზული ნამუშევარი, რომლებიც გაჰქონდათ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, დღეს რომ „ფეშენვიკებს" ვეძახით, დიდ ჩვენებებზე. ასეთ ადგილზე რომ გაიზრდები, ძნელია ამან გავლენა არ მოახდინოს. მე ყოველდღიურად მიწევდა იქ ყოფნა. ძნელია, არ შეგიყვარდეს და არ დაინტერესდე ასეთი ხელსაქმეებით.

თამარ ხოტენაშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Tamar Khotenashvili
თამარ ხოტენაშვილის შემოქმედება

- სამსახური, კოსმეტიკის დამზადება, ქარგვა... როგორ ახერხებთ დროის გადანაწილებას?

- თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ დღეები გადავანაწილე და ერთმანეთს შევუთავსე. სამწუხაროდ, ქარგვა საკმაო დროს მოითხოვს და ამ მხრივ ხშირად ვერ ვპოულობ დროს, რომ დიდი ხნით დავჯდე და ვიმუშაო. მაგრამ პერიოდულად მაინც ვახერხებ. მინდა დაწყებული ნამუშევრები დავასრულო, ისინიც ჩემი შვილებივით მყავს.

თამარ ხოტენაშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Tamar Khotenashvili
თამარ ხოტენაშვილის შემოქმედება

- იზოლაციამ თქვენს საქმიანობაზე რა გავლენა მოახდინა?

- თავიდან, როგორც ყველას, მეც გამიჭირდა. მოულოდნელად დაიხურა ჩემი სამსახური, მოგვიწია აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლა. არ ვიცოდი ღირდა თუ არა, რომ კოსმეტიკური საშუალებების დამზადება გამეგრძელებინა. მაგრამ მოხდა ისე, რომ მაღალი მოთხოვნა გაჩნდა ლოსიონებზე, კრემ- საპნებზე, კოსმეტიკურ მალამოებზე და მეც გავაგრძელე ამ პროდუქციის შექმნა. საკმაოდ ადვილად გადამაქვს ეს ეტაპი. ვარ ჩართული ამ საქმიანობაში, ვკითხულობ, ვსწავლობ სამკურნალო მცენარეებს და მათ თვისებებს. მოკლედ რომ ვთქვათ, გულს ვაყოლებ, მაგრამ მენატრება ყველაფერი - ჩემი გადატვირთული გრაფიკი, სირბილი, ადამიანებთან ურთიერთობა და სიახლეები.

თამარ ხოტენაშვილის მიერ დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები
photo: courtesy of Tamar Khotenashvili
თამარ ხოტენაშვილის მიერ დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები

- ზამთრის შემდეგ კანი განსაკუთრებით გამომშრალი და გამოფიტულია. ქალბატონებს რამე მარტივ ხრიკს ხომ არ ასწავლით სახის კანის მოსავლელად?

- რა თქმა უნდა. მარტივად მზადდება დამატენიანებელი ნიღბები სახლის პროდუქტებით. მე განსაკუთრებულად მიყვარს არაჟნის და კაკაოს ნიღაბი. ერთი-ერთზე პროპორციით უნდა ავურიოთ და წავისვათ სახეზე, გავიჩეროთ 15-20 წუთი და ჩამოვიბანოთ.

ასევე ძალიან კარგია შვრიის ფანტელები, ნუშის ზეთი ან ზეითუნის ზეთი და ცოტა თაფლი. თუ ალერგიული არ ხართ, ამ შემხვევაში გამოიყენეთ ეს ნიღაბი. ერთმანეთში კარგად ავურიოთ 1 ს.კ. დაფქვილი შვრიის ფანტელები და 1 ს.კ. ნუშის ზეთი. დავუმატოთ 0,5 ს.კ. თაფლი. ამ ნიღაბსაც ვიჩერებთ 15-20 წუთი და ვიბანთ თბილი წყლით. ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!

 

404
დადუნა გეწაძე

ოზურგეთელი გოგონას ახდენილი ამერიკული ოცნება, ანუ რა ხდება, როცა ბებიამ ინგლისური არ იცის

1588
(განახლებულია 17:21 25.05.2020)
ახლანდელ თაობას, მათი მშობლებისგან განსხვავებით, საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის გაცილებით დიდი ასპარეზი მიეცა. მთავარია, მოინდომო – შენი ოცნების ქვეყანაშიც ჩახვალ და ცოდნასაც იქ შეიძენ...

ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელმა დადუნა გეწაძემ ფლექსის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სექტემბრიდან ამერიკაში გაემგზავრება სასწავლებლად. 

შეგახსენებთ, რომ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ერთი აკადემიური წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლოს და ამერიკელი მასპინძლის ოჯახთან ერთად იცხოვროს. ეს გაცვლითი პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებზეა გათვლილი და ამერიკული მხარის მიერ ფინანსდება. ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველი, როგორც წესი, ძალიან ბევრია და მასში გამარჯვება არ არის ადვილი...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- დადუნა, როგორ ფიქრობ, შენ გარდა კიდევ ვისი დამსახურებაა შენი გამარჯვება?

- ინგლისური ენის შესწავლა ჯერ კიდევ ბაღში, ადრეული ასაკიდან დავიწყე. იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი ბებია თამარი რუსული ენის სპეციალისტია, მისი ძალისხმევით მუდმივი კითხვითი ვარჯიშებით, ტესტებით და მოსასმენი დავალებებით შევძელი და ენა უკეთესად ავითვისე. თვითონ ინგლისური არ იცის...

- გაკვეთილს როგორ აბარებდი?

- სანამ ვყვებოდი, ის თითს აყოლებდა ტექსტს და მოსასმენ, ადაპტირებულ ტექსტებს სინქრონულად მაყოლებდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი სკოლისა და მასწავლებლების უდიდესი როლი. ასევე ძალიან დამეხმარნენ ამერიკიდან ჩამოსული გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებიც. მათთან ხშირი კომუნიკაციით საუბარი უფრო გავაუმჯობესე და დავხვეწე.

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- თავდაჯერებული ჩანხარ, ანუ ელოდი გამარჯვებას?

- ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. ასეთ კონკურსებში ხომ გამარჯვებისთვის იბრძვიან. მჯერა, რომ ადამიანი მონდომებით ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში. ასეთ დროს ყველაზე საოცნებოც ხშირად რეალური ხდება.

- ამერიკა რამდენადაა შენი ოცნების ქვეყანა? 

- The American Dream – ჩემთვის ეს ყველაზე ამბიციური სურვილების გახმოვანებისა და მიზნების მიღწევის სტიმული და შესაძლებლობაა. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ მიმზიდველი აბსტრაქტული ოცნებაა, არამედ ძალიან ხელშესახები  რეალობა. აქ არ არსებობს შესაძლებლობების შეზღუდვა, გაქვს უდიდესი შანსი, მოტივაცია, რომ მეტი გაიგო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი მომავლისთვის...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- ამერიკაში ჩასული გურული მოჯირითეების ამბავი თუ გსმენია?

- დიახ, მსმენია. მე, როგორც გურული და ქართველი ძალიან ამაყი ვიყავი, როცა ამერიკაში მათი წარმატებების ამბავი გავიგე. გურულები ხომ ყველაფერში განსაკუთრებულად ყოჩაღები ვართ! ვეცდები ჩემი კუთხე და ქვეყანა მეც ვასახელო...

- ვიცი, რომ ფლექსის გარდა ევროპული სკოლის კონკურსზეც გახვედი...

- ფლექსიც და ევროპული სკოლაც ორივე ძალიან კარგი საშუალებაა მიზნების მისაღწევად. მათ შორის არჩევანის გაკეთება მართლა რთული საქმეა. საშუალება რომ მქონდეს, ორივეს ავირჩევდი. მოხდა ისე, რომ ფლექსის პასუხები ადრე მოვიდა და თანხმობის მისაცემად მხოლოდ ერთი კვირა მქონდა. იქნებ ასე უკეთესიც იყო. თანაც, ვერ მოგატყუებთ, ალბათ ჩემს ბავშვობის ოცნებას მაინც ვერაფრით დავთმობდი...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- როგორც თინეიჯერს რა მოგწონს შენ თაობაში და რა არა?

- ჩემი თაობა, ვფიქრობ, მიზანდასახულობით, დამოუკიდებელი აზროვნებითა და ქმედებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ამაზე იმოქმედა გარემოებამ და ახალმა შესაძლებლობებმაც. როგორც თინეიჯერს, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ყველანაირ შანსს იყენებს იმისთვის, რომ უკეთესები გახდნენ. 21-ე საუკუნესთან ერთად მსოფლიომ თვალი გაუსწორა ახალ რეალობას და ჩვენც ამ რეალობის მონაწილეები გავხდით. დღითი დღე ვვითარდებით და, ვფიქრობ, დღევანდელ თაობაში სწორედ ეს მომწონს – ჩვენი მიზანდასახულობა, მონდომება და გამბედაობა. მე მჯერა ჩემი თაობის და იმის, რომ ყველაფერს შევძლებთ. რაც შეეხება ჩვენ ნაკლს, სამწუხაროდ, ხშირად სიტყვები „თავისუფლება" და „თავის უფლება" არასწორად გვესმის ხოლმე. ალბათ ეს ასაკისა და მოზღვავებული ენერგიის ბრალიცაა...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- რომელია შენი საყვარელი ფრაზა?

- ესაა ამერიკის მეთექვსმეტე პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის სიტყვები: Success is going from failure to failure without losing your enthusiasm. ანუ „წარმატება მარცხიდან მარცხამდე მოდის, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“. ეს ალბათ ყველაზე სასარგებლო და გასათვალისწინებელი რჩევაა ადამიანისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე...

- საკუთარი თავი როგორ და სად წარმოგიდგენია 20 წლის მერე?

- ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რით მინდა დავკავდე მომავალში. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მიყვარდა სიმართლე და სამართლიანობა, გადავწყვიტე მომავალი პროფესიაც ამასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მინდა წარმატებული ადვოკატი გავხდე. ამის მისაღწევად აუცილებელია სრულყოფილი განათლების მიღება. კონკრეტულად ოცი წლის შემდეგ სად ვიქნები? – არ ვიცი. თუმცა ვფიქრობ, სადაც უნდა ვიყო, როგორც დედა, როგორც ქალი და როგორც პროფესიონალი მინდა პიროვნულად შემდგარი ვიყო.

- უცხოეთში ჩასული ერთი წინადადებით როგორ ეტყვი ვინმეს საქართველოზე?

- საქართველოს ვერც ერთ ქვეყანას ვერ შევადარებ, აქ მზე სხვანაირად ანათებს, აქ სხვა სიყვარული და თავისუფლებაა...

 

1588
როლანდ დუმბაძე

როცა საკუთარ თავს არ ღალატობ - ნახატებში არეკლილი ცხოვრება, ოცნებები და სიზმრები

272
(განახლებულია 10:23 24.05.2020)
ალბათ მხატვრისთვის ყველაზე რთული არჩევანია როდესაც ეკითხებიან: რა გინდა - ნახატები გაყიდო თუ სახელიო?..

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხელოვანს მისთვის არასასურველი არჩევანის გაკეთება უწევს ხოლმე, მთავარია, ამ დროს შემოქმედებითი მუხტი შეინარჩუნოს და ყოფითმა პრობლემებმა ნამდვილი ხელოვნება არ გადაწონოს.

როლანდ დუმბაძე
როლანდ დუმბაძე

მხატვარ-ფერმწერი როლანდ დუმბაძე მათ შორისაა, ვინც მძიმე სიტუაციაშიც კი თვითმყოფადობა შეინარჩუნა და შემოქმედებითი თამასა დაბლა არ დაწია. ბევრ ქვეყანაში მოუწია ცხოვრება, ხატავდა რასაც ხედავდა და ისე, როგორც გრძნობდა. 90-იან წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც დააარსა ბავშვთა სამხატვრო სტუდია და სამხატვრო გალერეა „არბატის ივერია”, ამის მერე მის შემოქმედებაში იწყება ე.წ. ფრანგული პერიოდი და საცხოვრებლად ნიცაში გადადის. იყო დრო, როცა თბილისში ტანსაცმლის დიზაინისა და მოდელირების სტუდია „Fashion studio“ დააარსა. გამოფენები ჰქონდა: კანადაში, ჩეხეთში, სლოვაკიაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და სხვ. საბოლოოდ მხატვარი თბილისში დამკვიდრდა და აქედან წასვლას უკვე არსად აპირებს...

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- ბატონო როლანდ, ნახატები ყველაზე კარგად აჩვენებს როგორი პიროვნებაა მათი ავტორი..

- რა თქმა უნდა ნახატები თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ადამიანია მისი შემსრულებელი. ისევე როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მხატვრობაშიც ანალოგიურად შეიძლება ამის ამოცნობა. არ შეიძლება, ბოროტმა ადამიანმა კეთილი სიუჟეტები შექმნას და სიკეთე გამოსახოს. გარკვეულად მეც მგავს ჩემი ნახატები...

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- დიზანის სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული და ამ კუთხით რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

- ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმის დიზაინი შევქმენი. წლების მერე, როცა საფრანგეთიდან ჩამოვედი, იდეა დამებადა, რომ ტანსაცმლის დიზაინზე მემუშავა. ვთვლიდი, რომ ამ სფეროში მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვეოდი, ამიტომ ავიყვანე სპეციალისტები და მკერავები. მე ხატვას ვასწავლიდი ბავშვებს, რადგან ჩანახატების შექმნა იყო საჭირო.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- განსხვავებულ ადგილებში ხართ ნამუშევარი: კვლევით ინსტიტუტში, ტელევიზიაში, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდით...

-აკადემიის დამთავრებისთანავე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა.  იმ პერიოდში იქ პროფესიონალები იყვნენ, მაგალითად, ლია ბურჭულაძე, ზენონ კაცია და სხვები. კვლევით ინსტიტუტში მუშაობის დროს ძირითადად მოსკოვიდან მიღებულ შეკვეთებს ვასრულებდით. მე ელექტროაპარატურის შეფუთვების გრაფიკულ დიზაინზე ვმუშაობდი. პედაგოგად მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელშიც ვიმუშავე.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- გამოფენებიდან რომელი იყო საეტაპო, ან რომელს გაიხსენებდით?

- 90-იან წლებში როცა მოსკოვში ვიყავი, ძირითადად შეკვეთებს ვიღებდი, მაგრამ გალერეებთანაც ვმუშაობდი. გავიხსენებდი  ზურაბ წერეთლის გალერეაში გამართულ გამოფენას, რომელიც მართალია, ჯგუფური იყო, მაგრამ სასიამოვნოდ დამამახსოვრდა. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ აკადემიკოსებთან, ხელოვნების მოყვარულებსა და პროფესიონალებთან, პირველ რიგში, თავად ზურაბ წერეთელთან.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- თქვენს ნახატებში არა მარტო ჟანრობრივი, თემატური მრავალფეროვნებაცაა...

- სხვათა შორის, დღემდე  ვცდილობ, რომ ყოველთვის რაღაც შევცვალო და ახალი შევიტანო შემოქმედებაში. მრავალფეროვნება მიტაცებს. როცა ჩემს ნამუშევრებს გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ იქ სხვადასხვა სტილია, მე ყველა მათგანი მომწონს.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- ნიცაში ცხოვრების დროს ალბათ უფრო იმპრესიონიზმისკენ იხრებოდით...

- დიახ, ნიცაში ხატვის უფრო ფრანგულ სტილზე გადავედი და ნახატებშიც ფრანგული პერსონაჟები გაჩნდნენ. ძალიან მიყვარს ჩემი ნახატი „ფრანცუჟანკი“, სადაც გამოსახული არიან ფრანგი ქალები კაფეში, იქ კარგად ჩანს ფრანგული გარემო და იქაური სული. ესპანეთში ყოფნის დროს უკვე ესპანური მოტივები გაჩნდა. ეს ბუნებრივიცაა, როცა უცხოეთში ცხოვრობს მხატვარი ის ანგარიშს უწევს იქაური პუბლიკის ინტერესებსა და მოთხოვნებს, იმის გამო, რომ ნახატი უფრო გაყიდვადი იყოს.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- გაყიდვადი ახსენეთ, ამ გარემოების გამო მხატვრის სულიერი სამყარო რამდენადმე ხომ არ იჩაგრება?

- იყო ეგეთი მომენტებიც... მაგალითად მოსკოვში ყოფნის დროს ასეთი კითხვა დამისვეს: რა გინდათ, თქვენი ნახატები გაყიდოთ თუ სახელიო? მაშინ მე ცოტა რთული ოჯახური მდგომარეობა მქონდა, ამიტომ ნახატების გაყიდვა ვარჩიე. როცა მოგვიანებით ერთ ცნობილ გალერეაში მივიტანე ჩემი ნახატები იქ მითხრეს: ჩვენ შეგვიძლია ფასზე კი არ ვილაპარაკოთ, არამედ სახელზეო. მე მეორეზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ეს ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპი იყო და ამის ფუფუნების უფლება უკვე მქონდა. ახლა ჩემი  40-მდე ნაუშევარი მაქვს სახლში, ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. როგორც კი ვახატავდი ეგრევე იყიდებოდა. რაც საქართველოში დავბრუნდი შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ხუთი-ექვსი ნამუშევარი მაქვს გაყიდული.

როლანდ დუმბაძე ზურაბ წერეთელთან ერთად
როლანდ დუმბაძე ზურაბ წერეთელთან ერთად

- ბატონო როლანდ, ამბობენ, რომ კარგი მხატვარი სიზმარშიც ხატავსო, მართალია?..

- ამაზეც მოგახსენებთ.. ჩვენ საბჭოთა კავშირის ურწმუნო ქვეყანაში ვცხოვრობდით, მაშინ ეკლესიაში სიარული არ შეიძლებოდა. როცა ცხოვრებაში დამიდგა განსაკუთრებული პერიოდი, სულიერი მოსვენება დავკარგე და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეკლესიისკენ რაღაც მეძახდა. იმ დროს საოცარ სიზმრებს ვხედავდი და ის სიუჟეტები  მერე ტილოზე გადმომქონდა. ასე გაჩნდა რელიგიური თემატიკა გაჩნდა ჩემს ნახატებში...

 

272
ჟურნალისტები აქციაზე

რას წერენ ქართული გაზეთები: როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

0
(განახლებულია 01:15 26.05.2020)
მომავალი საპარლამენტო არჩევნები - შეინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ რეიტინგს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის წყალობით მოიპოვა, და როდის წარმოადგენს ოპოზიცია მაჟორიტარი კანდიდატების ერთიან სიას - მთავარი თემები ქართულ პრესაში.

რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს რეიტინგი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ხარჯზე მოიპოვა, მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემების ფონზე - ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში შეიმჩნევა კეთილგანწყობა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლისას კარგი გამოცდილება მიიღო და დაინახა, რამხელა მნიშვნელობა ჰქონია პროფესიონალების მოსმენის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარს.

„ასევე გამოჩნდა გიორგი გახარიას განსაკუთრებული მენეჯერული თვისებები. შესაბამისად, საზოგადოება კეთილგანწყობილია. უმეტესობამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანას დიდი ხიფათი აარიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს განწყობა შენარჩუნდება არჩევნებამდე, თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თავის სიტყვას იტყვის“, - განუცხადა არეშიძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“.

ამიტომ საჭიროა მნიშვნელოვანი პროექტების სწრაფი რეალიზება, სოციალური დახმარების სისტემის სრულყოფა და ახალ ნაბიჯებზე ფიქრი, აღნიშნა პოლიტიკოსმა.

„მთავარია, მოქალაქეებმა იგრძნონ ხელისუფლების ზრუნვა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” მიღწეულის კაპიტალიზაციას“, - განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება არ არის მნიშვნელოვანი.

„დიდ ნაწილს არც ეს ვითომ პოლიტპატიმრები ანაღვლებს, რურუაზე საერთოდ არაფერს ვიტყვი, ხალხმა ყველაზე ყველაფერი მშვენივრად იცის. ადამიანებს ადარდებს სოციალური თემები, დასაქმება და ეკონომიკური პრობლემები”, - აღნიშნა არეშიძემ.

როდის წარადგენს ოპოზიცია კანდიდატების ერთიან სიას?

მაჟორიტარი კანდიდატების სიის საბოლოო მონახაზი სავარაუდოდ ივნისის ბოლოს იქნება მზად, განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა იმ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ოპოზიციის შიგნით მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შესათანხმებლად დაიწყო.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შეათანხმეს 30 მაჟორიტარული ოლქის განაწილების საზღვრები, თავად კი თბილისში იყრის კენჭს.

„ჯერ მონახაზი არ არის, სავარაუდოდ, საბოლოო მონახაზი ივნისის ბოლოს იქნება. ჯერ დაკანონდეს ის 30 მაჟორიტარული ოლქი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მის მაჟორიტარობაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა და არც მიილტვის ამისკენ.

როგორ გადანაწილდება 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქები რეგიონების მიხედვით >>

„ჩვენი მიზანია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და აუცილებლად შევიდეს ცვლილება კონსტიტუციაში. თუ ხელისუფლება კვლავ გაჯიუტდა, მოვლენები მისთვის სახარბიელოდ არ განვითარდება. ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა შეირცხვინოს თავი შინ თუ გარეთ?! პირობა უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში?

საქართველოში უკვე მესამე დღეა რაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, - კვლავ ღიად რჩება.

ალერგოლოგი-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტის ამუშავების საკითხი ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

„შეზღუდვა ძალიან მარტივია, თუმცა გახსნა ძალიან რთულია. მეტი ძალისხმევა მართებს ყველას. მთავარი გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღონ ეპიდემიოლოგებმა და ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა“, - განუცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „რეზონანსს“.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დეზინფექციას და აუცილებლად გაიზარდოს კონტროლიორების რაოდენობა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მიმოხილვა მომზადებულია გაზეთ „რეზონანსის“ და „კვირის პალიტრას“ მიხედვით

0