ქართული იმპერატივი, მოგზაურობა ლიტერატურაში და სამტრედიის ტოპონიმის განსხვავებული ახსნა

© photo: courtesy of Giorgi Savaneliგიორგი სავანელი
გიორგი სავანელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„როცა ეს პერიოდი დასრულდება, ჩვენს სიტყვებსა და ქმედებებში უფრო მეტად გამოჩნდება ის, რაც ქვეცნობიერში ახლა იხარშება“. ალბათ ამ დღეებში ბევრს გაუჩნდა მსგავსი მოსაზრება. ამჯერად ამ სიტყვების ავტორს გავესაუბრეთ.

რეჟისორი გიორგი სავანელი პროფესიული საქმიანობის პარალელურად სხვადასხვა ხასიათის აქტივობებითაა ცნობილი, მათგან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ეგიდით განხოციელებული პროექტებია.

© photo: courtesy of Giorgi Savaneliგიორგი სავანელი
ქართული იმპერატივი, მოგზაურობა ლიტერატურაში და სამტრედიის ტოპონიმის განსხვავებული ახსნა - Sputnik საქართველო
გიორგი სავანელი

მისი ინიციატივით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მუდმივმოქმედი ბიბლიოთეკა გაიხსნა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში კი აღდგა. ასევე გიორგი სავანელის ინიციატივით ყოველწლიურად 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს აღნიშნავენ პროექტით „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახელოვნებო აქციებს, ასევე ფეხით მსვლელობას სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე - რა გზითაც ილიას ცხედარი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

ამჟამად საქართველოს რეგიონებში ხორციელდება ერთწლიანი შემეცნებითი პროგრამა „ილია ჭავჭავაძის შემეცნებითი კლუბი“, სადაც ილიასა და ნიკოლოზ ბართაშვილის ცხოვრებასა და შემოქმდებაზე პიესების ავტორი თავად არის. ერთი მათგანი - „საუკუნის მკვლელობა“ წიგნად გამოიცა და ნოდარ დუმბაძის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დღემდეა რეპერტუარში. რეჟისორს კარანტინის პირობებშიც არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი, შემეცნებით-კულტურული საქმიანობა, რაზეც ინტერვიუში თავად მოგვიყვება.

© photo: courtesy of Giorgi Savaneliგიორგი სავანელი
ქართული იმპერატივი, მოგზაურობა ლიტერატურაში და სამტრედიის ტოპონიმის განსხვავებული ახსნა - Sputnik საქართველო
გიორგი სავანელი

- ბატონო გიორგი, 1 აპრილიდან თქვენ საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ სახელით მიგყავთ ლიტერატურულ-შემეცნებითი საუბრები „ონლაინ მოგზაურობა ლიტერატურაში“.  პირადად თქვენ რა განცდას გიტოვებთ ყოველი ასეთი „მოგზაურობა“?

- პირველ რიგში, ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ გამოვნახე საშუალება და დისტანცირების პირობებში საინტერესო და გარკვეულად შემეცნებითი გავხადეთ ეს პერიოდი ჩვენთვისაც და, დარწმუნებული ვართ, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ამ ონლაინ ჩართვების დროს ჩვენთან ერთადაა. საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ უკვე ექვსი წელია არსებობს და არაფორმალური განათლების კუთხით სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებს. წელს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩავარდნა გამოგვდიოდა, რადგან ვერ მივდივართ ჩვენს აუდიტორიამდე. საერთოდ, მსგავსი ტიპის აქტივობები რეგიონებში ახალგაზრდებთან გვაქვს. ამიტომ ამ დისტანცირების პირობებში რაღაცნაირად გვსურდა, საქმიანობა არ გაგვეჩერებინა და მათთვის ჩვენი ხმა მიგვეწვდინა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმატმა გაამართლა, იმიტომ რომ ჩვენს ვიდეო-ჩართვებს ბევრი ნახვა აქვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ერთი თვე, მაისის ბოლომდე გავაგრძელოთ, სანამ განსაკუთრებით რთული პერიოდია და შეზღუდვები ჯერ კიდევ ძალაში რჩება.

- რაზე გაქვთ აქცენტი ამგვარი ლიტერატურული „მოგზაურობების“ დროს?

- განსაკუთრებული აქცენტი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე გვაქვს. თუმცა, ეს მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება, მასში ჩავრთეთ კრიტიკაც და ესეისტური ნიმუშებიც. ჩვენდა გასაოცრად, არანაკლები გამოხმაურება მოჰყვა იმ ჩართვებს, რომლებიც ცოცხალ კლასიკოსებს ეხებოდა. მაგალითად, ნონა კუპრეიშვილის კრიტიკულ ნაშრომს „ეროსიდან ეროტიზმამდე“ ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არადა, გვეგონა, რომ კრიტიკა იმდენად სმენადი არ იქნებოდა. აგრეთვე იგივე აქტიურობა მოჰყვა ჩართვას, რომელიც დავით წერედიანის ფრანსუა ვიიონის თარგმანებს ეხებოდა. ამ აქტივობის რედაქტორი მე ვარ. წიგნების მიმოხილვის ნაწილში ჩართულია აგრეთვე მთარგმნელი და მსახიობი ნათია სოყურაშვილი, ხოლო მსახიობები ქეთევან შერვაშიძე და გიორგი იარაჯული კითხულობენ როგორც საბავშვო ლიტერატურას, ასევე თანამედროვე ქართულ პროზას.

- მეორე, არანაკლებ საინტერესო აქტივობა კინოკომპანია „კადრი 21“-ის მიერ მომზადებული ვიდეოპროექტია სახელად „არის ასეთი ქვეყანა, მას საქართველო ჰქვია“, რითია ეს ფილმები ანალოგიური პროდუქციისგან განსხვავებული?

- ამ ეტაპზე 40-მდე ფილმია დამზადებული. როცა ეს პროექტი დავიწყეთ, ჩვენი სურვილი იყო, რომ ასეთი ფილმი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტზე ყოფილიყო. ეს პროექტი არ დასრულებულა და ფილმი რვა მუნიციპალიტეტზე ჯერ არ შექმნილა. ფილმების მომზადებაში რეჟისორი პაატა ტაბაღუაა ჩართული. ისინი იმითაა გამორჩეული, რომ მასში ვცდილობთ რაც შეიძლება ნაკლებად შევეხოთ ზოგად სფეროებს, განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს გაკეთებული საქართველოს მუნიციპალიტეტების ტურისტული და კულტურული პოტენციის კუთხით. ეს ფილმები სწორედ ამ იდეას დავუქვემდებარეთ და მათში მინიმალურადაა ჩართული თუნდაც ეკონომიკური და სხვა პრაგმატული სფეროები. ეს ფილმები საპატრიარქოს ტელევიზიას სრულიად უსასყიდლოდ გადავეცით და ისინი „ერთსულოვნების“ ეთერში არაერთხელ იქნა ტრანსლირებული.

© photo: courtesy of Giorgi Savaneliგიორგი სავანელი ღონისძიებაზე, რომელიც ილია ჭავჭავაძეს მიეძღვნა
ქართული იმპერატივი, მოგზაურობა ლიტერატურაში და სამტრედიის ტოპონიმის განსხვავებული ახსნა - Sputnik საქართველო
გიორგი სავანელი ღონისძიებაზე, რომელიც ილია ჭავჭავაძეს მიეძღვნა

- ფილმებზე მუშაობის პროცესში რაიმე საინტერესო და არც ისე გახმაურებულ ფაქტს ხომ არ მიაკვლიეთ?

- ახალციხის მუნიციპალიტეტში არც ისე ცნობილი ისტორიული ძეგლის გადასაღებად მივედით და ვიხილეთ ძალიან ლამაზი სლესის ციხე, რომელიც ნახევრად სვანურ კოშკს წააგავს, ნახევრად საგუშაგო-თავდაცვით ნაგებობას. მის ერთ კედელში უზარამაზარი სიცარიელეა, ციხე იმ ადგილზე გამონგრეულია. ადგილობრივი ისტორიკოსის მონათხრობით, როცა საქართველოში შემოსული ბოლშევიკური არმია ახალციხის მხარეში დაბანაკებულა, მათ ზარბაზნების გამოცდის მიზნით ერთი ჭურვი ამ ციხის კედლისთვის უსროლიათ. ეს ღრმულიც, როგორც იმ დროის არტეფაქტი, ისე დარჩენილა.

© photo: courtesy of Giorgi Savaneliგიორგი სავანელი „ილია ჭავჭავაძის შემეცნებითი კლუბის“ წევრებთან ერთად
ქართული იმპერატივი, მოგზაურობა ლიტერატურაში და სამტრედიის ტოპონიმის განსხვავებული ახსნა - Sputnik საქართველო
გიორგი სავანელი „ილია ჭავჭავაძის შემეცნებითი კლუბის“ წევრებთან ერთად

- საქართველოს სხვადასხვა კუთხე საინტერესო ტოპონიმებითაა ცნობილი, ამასთან დაკავშირებით ხომ ვერ გაიხსენებთ რომელიმე მათგანთან დაკავშირებულ აქამდე უცნობ ისტორიას?

- დიახ, მახსენდება ფაქტი სამტრედიასთან დაკავშირებით. გავრცელებული მონაცემებით, ეს დასახელება „მტრედთან“ კავშირში მოიაზრება, იმდენად, რომ მუნიციპალიტეტის დროშასა და გერბზეც კი მტრედია გამოსახული. არადა, არსებობს ბევრად უფრო ლოგიკური და საგულისხმო ცნობა. საქმე ისაა, რომ მეგრული ტოპონიმის მიხედვით „დიხა“ ნიშნავს მიწას. რადგან სამტრედიის ტერიტორია საუკუნეების მანძილზე ყოფილა იმერეთის სამეფოს, სამეგრელოსა და გურიის სამთავროების ქიშპის საგანი და არაერთი ბრძოლა ჰქონდათ, ამიტომ ეწოდა სამტრე-„დიხა“, ანუ სამტრე-მიწა. შემდეგ ამ დასახელებამ მოდიფიკაცია განიცადა და ჩამოყალიბდა სახელი სამტრედია... და კიდევ ბევრი ასეთი ფაქტი მოვიძიეთ.

© photo: courtesy of Giorgi Savaneliსცენაზე
ქართული იმპერატივი, მოგზაურობა ლიტერატურაში და სამტრედიის ტოპონიმის განსხვავებული ახსნა - Sputnik საქართველო
სცენაზე

- ეს კითხვა დღეს აქტუალურია: რა შეცვალა თქვენში „სახლში გამოკეტვის“ პერიოდმა, რაზე მიგანიშნათ ან დაგაფიქრათ?

- პირველ რიგში, სამყაროში ამ კრიზისის ფონზე, რაზეც შეიძლება, რომ ბუნებრივად დავფიქრდეთ - ეს ამაოება და რწმენაა იმ უდიდესი ძალისა, რასაც განგება თუ შემოქმედი ჰქვია. რაც უნდა ვიფუსფუსოთ, ჩვენი მიკრო თუ მაკრო სამყაროები შევქმნათ, ცივილიზაციის განვითრებაზე ვიზრუნოთ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ამ უდიდეს ძალასთან არაფერია. ყველაზე მთავარი რწმენაა და აზრი, რომ სამყაროს შემოქმედის შეგონებებზე უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებული.

- როგორ ფიქრობთ, როცა „ამასაც გავივლით“ რა გამოიკვეთება?

- როცა ეს პერიოდი დასრულდება და მოგვეცემა საქმიანობის საშუალება, ჩვენს სიტყვებში და ქმედებებში უფრო მეტად გამოჩნდება ის, რაც ქვეცნობიერში ახლა იხარშება. ჩვენზეა დამოკიდებული ის, ამ ყველაფერს მერე ცნობიერში როგორ ამოვიტანთ და ჩვენს საქციელსა თუ ქმედებებში როგორ გამოვხატავთ. იმის მოლოდინები ნამდვილად არის, რომ სამყარო სხვანაირი იქნება. თუმცა ამ კრიზისმა იმდენი ყოფითი და ბევრი ქვენაგრძნობა გამოაჩინა, რომ, ცოტა არ იყოს, ეჭვით ვიყურებ იმას, რომ ის უკეთესი გახდება. თუმცა, გონიერი ადამიანები შეიძლება დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ისე, რომ ოდნავი გაუმჯობესება მაინც შეიტანონ პირად და, ზოგადად, სამყაროს ცხოვრებაშიც...

 

ყველა ახალი ამბავი
0