რინგზე

ესპანური რინგის ქართველი ტორეადორი და მისი ინოვაცია ტექნომუსიკასა და სპორტში

1190
(განახლებულია 21:47 06.05.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ესპანეთში მცხოვრებ წარმატებულ და ამავე დროს კრეატიულ მოკრივეს გაგაცნობთ.

ასეთი რამ არ ახსოვთ სპორტისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს - პროფესიონალმა სპორტსმენმა ავთანდილ (ბექა) ჭუბაბრიამ შეძლო ამ ორი სფეროს გაერთიანება. მანამდე მის სპორტულ წარმატებებს შეგახსენებთ: შვიდგზის საქართველოს ჩემპიონი, ბევრი საერთაშორისო ტურნირის ოქროსა თუ ბრინჯაოს მფლობელი, წარმატებით გამოდიოდა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ოლიმპიურ სალიცენზიო ტურნირზე დაამარცხა გაბი ესკობარი, რომელიც ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ ითვლება. იმ ქვეყანაში ჩაატარა სამი მნიშვნელოვანი ბრძოლა და გამარჯვება სამივეში მოიპოვა.

ავთანდილ ჭუბაბრია
ავთანდილ ჭუბაბრია

- ავთანდილ, მოდი, თავიდან იმ თემით დავიწყოთ, რაც გვაღელვებს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებით - რა ხდება ვალენსიაში, სპორტსმენებს რაიმეთი თუ შეაქვთ წვლილი?

- ესპანეთში ხალხი შეუშინდა კორონას, რადგან ვალენსიაში სწრაფად იმატებდა ინფიცირებულთა რიცხვი, მთლიანად ესპანეთშიც... დაიკეტა ყველაფერი, მათ შორის დარბაზებიც, მაგრამ ვისაც შესაძლებლობა გვქონდა, სახლში ვვარჯიშობთ და დროს უქმად არ ვკარგავთ. თან კრივი ფსიქოლოგიური წვრთნის გარეშე წარმოუდგენელია. პირადად მე არ შევუშინებივარ ამ ვირუსს და ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, ყველას ვაიმედებდი - ყველაფერი მალე მორჩება და კარგად ვიქნებით-მეთქი. როგორ შეიძლება ამ ყველაფერს დადებითი მხარე უპოვო, როცა ხალხი იღუპება, მაგრამ ბევრი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ხორციელ სიამოვნებაზე ფიქრი სულიერზე ფიქრით ჩავანაცვლოთ. საბოლოოდ, როცა ყველაფერი ჩაივლის, იმედი მაქვს, რომ ყველანი უფრო კარგები ვიქნებით.

ავთანდილ ჭუბაბრია
ავთანდილ ჭუბაბრია

- კრივი როდის გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში?

- კრივი პირველად ექვსი წლის ასაკში ვნახე და არ მომეწონა, მაგრამ მერე, 11 წლის ასაკში უკვე სულ სხვა თვალით შევხედე. მას მერე კრივს ჩემ ცხოვრებაში მთავარი ადგილი უკავია. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო თემურ ოჩიგავა, რომელმაც კრივთან ერთად ბევრი ისეთი რამ მასწავლა, რაც რინგს გარეთ, ადამიანებთან ურთიერთობაში ახლაც მეხმარება.

ავთანდილ ჭუბაბრია
ავთანდილ ჭუბაბრია

- საქართველოში საკმაოდ წარმატებული იყავით...

- საქართველოში ეროვნული ნაკრების ღირსებას მრავალი წელი ვიცავდი. ქვეყნის ჩემპიონი ვიყავი შვიდჯერ, ბევრ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს თუ ბრინჯაოს მფლობელი გავხდი. მონაწილეობა მაქვს მიღებული ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, დამარცხებული მყავს ევროპის და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონი. ოლიმპიურ სალიცენზიო ტურნირზე დავამარცხე ესპანელი გაბი ესკობარი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ ითვლება ესპანეთში და ორგზის ევროპის ჩემპიონია. აქ ჩავატარე სამი ბრძოლა - ნიგერიელ კოლუმბიელ და რუმინელ მოკრივეებთან, სამივეში გავიმარჯვე. ამის გარდაც ბევრი საინტერესო და გამორჩეული ბრძოლა მქონია.

ვარჯიშის დროს
ვარჯიშის დროს

- რომელ ორთაბრძოლას გამოარჩევდით?

- მინდა გავიხსენო პოლონეთში ჩატარებული ბრძოლა, როცა მსოფლიოს და ევროპის რუს ჩემპიონთან ბრძოლის შემდეგ მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და ტაშს ისე მიკრავდა. იმ ემოციების სიტყვებით გადმოცემა რთულია. ასევე იყო ესკობართან ბრძოლის შემდეგაც, თან მაგ წლებში პაუზა მქონდა აღებული და აუტსაიდერად ვითლებოდი. იმ ბრძოლის დროს როგორც ტორეადორი იცილებს ხარს, ისე ვიცილებდი მის დარტყმებს.

ავთანდილ ჭუბაბრია
ავთანდილ ჭუბაბრია

- ამდენი ტრავმის მერე არ გიცდიათ, რომ თავი დაგენებებინათ კრივისთვის?

- ევროპის ჩემპიონატზე უკრაინელ შკარუბოსთან ჩხუბის შემდეგ სამი დღე ცუდად ვიყავი. ხშირად მეკითხებიან, ასეთი ტრავმების შემდეგ რატომ არ ანებებ თავსო, მაგრამ ეს ბრძოლები იმხელა ადრენალინს გაძლევს და ისეთი სიამაყით გავსებს, რომ ამას ვერაფერი შეედრება. როცა შენი ქვეყნის ჰიმნი გესმის და ამ დროს კვარცხლბეკზე დგახარ, ამაზე მეტი რა უნდა ინატრო?! ასე რომ, კრივზე უარის თქმა არასოდეს მიფიქრია...

ავთანდილ ჭუბაბრია
ავთანდილ ჭუბაბრია

- თქვენ ხართ პირველი მოკრივე, ვინც გააერთიანა კრივი და ტექნომუსიკა, საიდან გაგიჩნდათ ასეთი „ავანტურული“ იდეა?

- პირველად ჩემმა მეგობარმა შემომთავაზა ტექნომუსიკის მოსმენა. მოკრივეებს ძალიან რთულ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, ტექნომუსიკა კი ღამის ცხოვრებასთან ასოცირდება. როგორც კი მოვუსმინე, ვიგრძენი, რომ ეს მუსიკა ჩემი იყო და ენეგრეტიკით კრივს მაგონებდა. ეს გახდა იმის მოტივაცია, რომ ტექნო და კრივი რაღაცნაირად ერთად წარმომედგინა. ეს ორი ერთად სულს მიფორიაქებდა. ასეთი რამ ჯერ არავის, არც ერთ მოკრივეს არ გაუკეთებია.

ავთანდილ ჭუბაბრია
ავთანდილ ჭუბაბრია

- ანუ კრივზე არსებულ სტერეოტიპებს ამსხვრევთ?

- კრივი ძალიან მიყვარს და ვისაც კი გავეცნობი ხოლმე, ეგრევე ვაყვარებ სპორტის ამ სახეობას, მასზე არსებულ სტერეოტიპებს ვუმსხვრევ. ეს არ არის მარტო კუნთმაგარი ხალხის სპორტი, რომელიც ერთმანეთს მხოლოდ ცხვირ-პირს უნგრევს. ჩემთვის ეს ხელოვნებაა და ამიტომ ვუპოვე გადაკვეთის წერტილი კრივს და მუსიკას.

- ამ ეტაპზე ტაიმ-აუტი გაქვთ აღებული?

- დიახ, დღესდღეობით გაჩერებული ვარ რიგი მიზეზების გამო, მაგრამ როგორც კი საბუთს ავიღებ, რინგზე ჩხუბს აუცილებლად განვაახლებ. სანამ ყველაფერი საბოლოოდ ჩაივლის, მინდა ყველას გავუმეორო: თავს გაუფრთხილდით და ივარჯიშეთ! ვისაც უნდა, ტექნოს თანხლებით ონლაინ ვავარჯიშებ.

- შორს დარჩენილ შენს ქვეყანას როგორ აღიქვამ?

- აქედან დაახლოებით ხუთი ათას კილომეტრშია ჩემი პატარა ქვეყანა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ის აქ, ჩემშიცაა. სულ მახსოვს, რომ ესპანეთში, სახლიდან გასული ჩემი ქვეყნის ელჩი ვარ. ეს ქვეყანა სულ მენატრება და ძალიან მიყვარს. ყველაზე მეტად ესპანეთში ქართულ-ძმაკაცურ ტრადიციას ვიცავ. აქ მყავს ერთიანი ოჯახივით შეკრული სამეგობრო, ხუთი ადამიანი, რომლებიც ძალიან მიყვარს და იმის მოტივაციას მაძლევენ, რომ რინგზე ვიჩხუბო. საქართველოში სამი წელია არ ვყოფილვარ და ამ ზაფხულს აუცილებლად წავალ. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩემით ქართველებიც იამაყებენ...

 

1190
თემები:
ქართველები უცხოეთში (68)
დადუნა გეწაძე

ოზურგეთელი გოგონას ახდენილი ამერიკული ოცნება, ანუ რა ხდება, როცა ბებიამ ინგლისური არ იცის

1529
(განახლებულია 17:21 25.05.2020)
ახლანდელ თაობას, მათი მშობლებისგან განსხვავებით, საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის გაცილებით დიდი ასპარეზი მიეცა. მთავარია, მოინდომო – შენი ოცნების ქვეყანაშიც ჩახვალ და ცოდნასაც იქ შეიძენ...

ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელმა დადუნა გეწაძემ ფლექსის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სექტემბრიდან ამერიკაში გაემგზავრება სასწავლებლად. 

შეგახსენებთ, რომ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ერთი აკადემიური წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლოს და ამერიკელი მასპინძლის ოჯახთან ერთად იცხოვროს. ეს გაცვლითი პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებზეა გათვლილი და ამერიკული მხარის მიერ ფინანსდება. ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველი, როგორც წესი, ძალიან ბევრია და მასში გამარჯვება არ არის ადვილი...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- დადუნა, როგორ ფიქრობ, შენ გარდა კიდევ ვისი დამსახურებაა შენი გამარჯვება?

- ინგლისური ენის შესწავლა ჯერ კიდევ ბაღში, ადრეული ასაკიდან დავიწყე. იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი ბებია თამარი რუსული ენის სპეციალისტია, მისი ძალისხმევით მუდმივი კითხვითი ვარჯიშებით, ტესტებით და მოსასმენი დავალებებით შევძელი და ენა უკეთესად ავითვისე. თვითონ ინგლისური არ იცის...

- გაკვეთილს როგორ აბარებდი?

- სანამ ვყვებოდი, ის თითს აყოლებდა ტექსტს და მოსასმენ, ადაპტირებულ ტექსტებს სინქრონულად მაყოლებდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი სკოლისა და მასწავლებლების უდიდესი როლი. ასევე ძალიან დამეხმარნენ ამერიკიდან ჩამოსული გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებიც. მათთან ხშირი კომუნიკაციით საუბარი უფრო გავაუმჯობესე და დავხვეწე.

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- თავდაჯერებული ჩანხარ, ანუ ელოდი გამარჯვებას?

- ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. ასეთ კონკურსებში ხომ გამარჯვებისთვის იბრძვიან. მჯერა, რომ ადამიანი მონდომებით ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში. ასეთ დროს ყველაზე საოცნებოც ხშირად რეალური ხდება.

- ამერიკა რამდენადაა შენი ოცნების ქვეყანა? 

- The American Dream – ჩემთვის ეს ყველაზე ამბიციური სურვილების გახმოვანებისა და მიზნების მიღწევის სტიმული და შესაძლებლობაა. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ მიმზიდველი აბსტრაქტული ოცნებაა, არამედ ძალიან ხელშესახები  რეალობა. აქ არ არსებობს შესაძლებლობების შეზღუდვა, გაქვს უდიდესი შანსი, მოტივაცია, რომ მეტი გაიგო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი მომავლისთვის...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- ამერიკაში ჩასული გურული მოჯირითეების ამბავი თუ გსმენია?

- დიახ, მსმენია. მე, როგორც გურული და ქართველი ძალიან ამაყი ვიყავი, როცა ამერიკაში მათი წარმატებების ამბავი გავიგე. გურულები ხომ ყველაფერში განსაკუთრებულად ყოჩაღები ვართ! ვეცდები ჩემი კუთხე და ქვეყანა მეც ვასახელო...

- ვიცი, რომ ფლექსის გარდა ევროპული სკოლის კონკურსზეც გახვედი...

- ფლექსიც და ევროპული სკოლაც ორივე ძალიან კარგი საშუალებაა მიზნების მისაღწევად. მათ შორის არჩევანის გაკეთება მართლა რთული საქმეა. საშუალება რომ მქონდეს, ორივეს ავირჩევდი. მოხდა ისე, რომ ფლექსის პასუხები ადრე მოვიდა და თანხმობის მისაცემად მხოლოდ ერთი კვირა მქონდა. იქნებ ასე უკეთესიც იყო. თანაც, ვერ მოგატყუებთ, ალბათ ჩემს ბავშვობის ოცნებას მაინც ვერაფრით დავთმობდი...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- როგორც თინეიჯერს რა მოგწონს შენ თაობაში და რა არა?

- ჩემი თაობა, ვფიქრობ, მიზანდასახულობით, დამოუკიდებელი აზროვნებითა და ქმედებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ამაზე იმოქმედა გარემოებამ და ახალმა შესაძლებლობებმაც. როგორც თინეიჯერს, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ყველანაირ შანსს იყენებს იმისთვის, რომ უკეთესები გახდნენ. 21-ე საუკუნესთან ერთად მსოფლიომ თვალი გაუსწორა ახალ რეალობას და ჩვენც ამ რეალობის მონაწილეები გავხდით. დღითი დღე ვვითარდებით და, ვფიქრობ, დღევანდელ თაობაში სწორედ ეს მომწონს – ჩვენი მიზანდასახულობა, მონდომება და გამბედაობა. მე მჯერა ჩემი თაობის და იმის, რომ ყველაფერს შევძლებთ. რაც შეეხება ჩვენ ნაკლს, სამწუხაროდ, ხშირად სიტყვები „თავისუფლება" და „თავის უფლება" არასწორად გვესმის ხოლმე. ალბათ ეს ასაკისა და მოზღვავებული ენერგიის ბრალიცაა...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- რომელია შენი საყვარელი ფრაზა?

- ესაა ამერიკის მეთექვსმეტე პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის სიტყვები: Success is going from failure to failure without losing your enthusiasm. ანუ „წარმატება მარცხიდან მარცხამდე მოდის, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“. ეს ალბათ ყველაზე სასარგებლო და გასათვალისწინებელი რჩევაა ადამიანისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე...

- საკუთარი თავი როგორ და სად წარმოგიდგენია 20 წლის მერე?

- ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რით მინდა დავკავდე მომავალში. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მიყვარდა სიმართლე და სამართლიანობა, გადავწყვიტე მომავალი პროფესიაც ამასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მინდა წარმატებული ადვოკატი გავხდე. ამის მისაღწევად აუცილებელია სრულყოფილი განათლების მიღება. კონკრეტულად ოცი წლის შემდეგ სად ვიქნები? – არ ვიცი. თუმცა ვფიქრობ, სადაც უნდა ვიყო, როგორც დედა, როგორც ქალი და როგორც პროფესიონალი მინდა პიროვნულად შემდგარი ვიყო.

- უცხოეთში ჩასული ერთი წინადადებით როგორ ეტყვი ვინმეს საქართველოზე?

- საქართველოს ვერც ერთ ქვეყანას ვერ შევადარებ, აქ მზე სხვანაირად ანათებს, აქ სხვა სიყვარული და თავისუფლებაა...

 

1529
როლანდ დუმბაძე

როცა საკუთარ თავს არ ღალატობ - ნახატებში არეკლილი ცხოვრება, ოცნებები და სიზმრები

271
(განახლებულია 10:23 24.05.2020)
ალბათ მხატვრისთვის ყველაზე რთული არჩევანია როდესაც ეკითხებიან: რა გინდა - ნახატები გაყიდო თუ სახელიო?..

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხელოვანს მისთვის არასასურველი არჩევანის გაკეთება უწევს ხოლმე, მთავარია, ამ დროს შემოქმედებითი მუხტი შეინარჩუნოს და ყოფითმა პრობლემებმა ნამდვილი ხელოვნება არ გადაწონოს.

როლანდ დუმბაძე
როლანდ დუმბაძე

მხატვარ-ფერმწერი როლანდ დუმბაძე მათ შორისაა, ვინც მძიმე სიტუაციაშიც კი თვითმყოფადობა შეინარჩუნა და შემოქმედებითი თამასა დაბლა არ დაწია. ბევრ ქვეყანაში მოუწია ცხოვრება, ხატავდა რასაც ხედავდა და ისე, როგორც გრძნობდა. 90-იან წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც დააარსა ბავშვთა სამხატვრო სტუდია და სამხატვრო გალერეა „არბატის ივერია”, ამის მერე მის შემოქმედებაში იწყება ე.წ. ფრანგული პერიოდი და საცხოვრებლად ნიცაში გადადის. იყო დრო, როცა თბილისში ტანსაცმლის დიზაინისა და მოდელირების სტუდია „Fashion studio“ დააარსა. გამოფენები ჰქონდა: კანადაში, ჩეხეთში, სლოვაკიაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და სხვ. საბოლოოდ მხატვარი თბილისში დამკვიდრდა და აქედან წასვლას უკვე არსად აპირებს...

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- ბატონო როლანდ, ნახატები ყველაზე კარგად აჩვენებს როგორი პიროვნებაა მათი ავტორი..

- რა თქმა უნდა ნახატები თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ადამიანია მისი შემსრულებელი. ისევე როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მხატვრობაშიც ანალოგიურად შეიძლება ამის ამოცნობა. არ შეიძლება, ბოროტმა ადამიანმა კეთილი სიუჟეტები შექმნას და სიკეთე გამოსახოს. გარკვეულად მეც მგავს ჩემი ნახატები...

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- დიზანის სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული და ამ კუთხით რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

- ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმის დიზაინი შევქმენი. წლების მერე, როცა საფრანგეთიდან ჩამოვედი, იდეა დამებადა, რომ ტანსაცმლის დიზაინზე მემუშავა. ვთვლიდი, რომ ამ სფეროში მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვეოდი, ამიტომ ავიყვანე სპეციალისტები და მკერავები. მე ხატვას ვასწავლიდი ბავშვებს, რადგან ჩანახატების შექმნა იყო საჭირო.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- განსხვავებულ ადგილებში ხართ ნამუშევარი: კვლევით ინსტიტუტში, ტელევიზიაში, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდით...

-აკადემიის დამთავრებისთანავე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა.  იმ პერიოდში იქ პროფესიონალები იყვნენ, მაგალითად, ლია ბურჭულაძე, ზენონ კაცია და სხვები. კვლევით ინსტიტუტში მუშაობის დროს ძირითადად მოსკოვიდან მიღებულ შეკვეთებს ვასრულებდით. მე ელექტროაპარატურის შეფუთვების გრაფიკულ დიზაინზე ვმუშაობდი. პედაგოგად მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელშიც ვიმუშავე.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- გამოფენებიდან რომელი იყო საეტაპო, ან რომელს გაიხსენებდით?

- 90-იან წლებში როცა მოსკოვში ვიყავი, ძირითადად შეკვეთებს ვიღებდი, მაგრამ გალერეებთანაც ვმუშაობდი. გავიხსენებდი  ზურაბ წერეთლის გალერეაში გამართულ გამოფენას, რომელიც მართალია, ჯგუფური იყო, მაგრამ სასიამოვნოდ დამამახსოვრდა. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ აკადემიკოსებთან, ხელოვნების მოყვარულებსა და პროფესიონალებთან, პირველ რიგში, თავად ზურაბ წერეთელთან.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- თქვენს ნახატებში არა მარტო ჟანრობრივი, თემატური მრავალფეროვნებაცაა...

- სხვათა შორის, დღემდე  ვცდილობ, რომ ყოველთვის რაღაც შევცვალო და ახალი შევიტანო შემოქმედებაში. მრავალფეროვნება მიტაცებს. როცა ჩემს ნამუშევრებს გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ იქ სხვადასხვა სტილია, მე ყველა მათგანი მომწონს.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- ნიცაში ცხოვრების დროს ალბათ უფრო იმპრესიონიზმისკენ იხრებოდით...

- დიახ, ნიცაში ხატვის უფრო ფრანგულ სტილზე გადავედი და ნახატებშიც ფრანგული პერსონაჟები გაჩნდნენ. ძალიან მიყვარს ჩემი ნახატი „ფრანცუჟანკი“, სადაც გამოსახული არიან ფრანგი ქალები კაფეში, იქ კარგად ჩანს ფრანგული გარემო და იქაური სული. ესპანეთში ყოფნის დროს უკვე ესპანური მოტივები გაჩნდა. ეს ბუნებრივიცაა, როცა უცხოეთში ცხოვრობს მხატვარი ის ანგარიშს უწევს იქაური პუბლიკის ინტერესებსა და მოთხოვნებს, იმის გამო, რომ ნახატი უფრო გაყიდვადი იყოს.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- გაყიდვადი ახსენეთ, ამ გარემოების გამო მხატვრის სულიერი სამყარო რამდენადმე ხომ არ იჩაგრება?

- იყო ეგეთი მომენტებიც... მაგალითად მოსკოვში ყოფნის დროს ასეთი კითხვა დამისვეს: რა გინდათ, თქვენი ნახატები გაყიდოთ თუ სახელიო? მაშინ მე ცოტა რთული ოჯახური მდგომარეობა მქონდა, ამიტომ ნახატების გაყიდვა ვარჩიე. როცა მოგვიანებით ერთ ცნობილ გალერეაში მივიტანე ჩემი ნახატები იქ მითხრეს: ჩვენ შეგვიძლია ფასზე კი არ ვილაპარაკოთ, არამედ სახელზეო. მე მეორეზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ეს ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპი იყო და ამის ფუფუნების უფლება უკვე მქონდა. ახლა ჩემი  40-მდე ნაუშევარი მაქვს სახლში, ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. როგორც კი ვახატავდი ეგრევე იყიდებოდა. რაც საქართველოში დავბრუნდი შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ხუთი-ექვსი ნამუშევარი მაქვს გაყიდული.

როლანდ დუმბაძე ზურაბ წერეთელთან ერთად
როლანდ დუმბაძე ზურაბ წერეთელთან ერთად

- ბატონო როლანდ, ამბობენ, რომ კარგი მხატვარი სიზმარშიც ხატავსო, მართალია?..

- ამაზეც მოგახსენებთ.. ჩვენ საბჭოთა კავშირის ურწმუნო ქვეყანაში ვცხოვრობდით, მაშინ ეკლესიაში სიარული არ შეიძლებოდა. როცა ცხოვრებაში დამიდგა განსაკუთრებული პერიოდი, სულიერი მოსვენება დავკარგე და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეკლესიისკენ რაღაც მეძახდა. იმ დროს საოცარ სიზმრებს ვხედავდი და ის სიუჟეტები  მერე ტილოზე გადმომქონდა. ასე გაჩნდა რელიგიური თემატიკა გაჩნდა ჩემს ნახატებში...

 

271
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

0
(განახლებულია 09:37 26.05.2020)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები, კორონავირუსის პანდემიის გამო, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. 26 მაისი ქვეყნის მთავარი დღესასწაულის – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, რომელიც ყოველ წელს მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება.

დამოუკიდებლობის დღე 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კინოცენტრი 26 ფილმს აჩვენებს>>

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ.

0
თემები:
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე