ანა ნინუა

ყავის მარცვლებით და მაკარონით შექმნილი უნიკალური ნახატები: ანა ნინუას შემოქმედება

793
(განახლებულია 20:33 06.05.2020)
მხატვარ ანა ნინუას მიერ შექმნილმა „მაკარონების ქალბატონმა“ იტალიის საელჩოს თანამშრომლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ხატვა 17 წლის ასაკში დაიწყო. ამბობობს, რომ ამისთვის გვიან არასოდეს არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სპორტული სამეჯლისო ცეკვების ქორეოგრაფია, მხატვრობას მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. წარმატებით აქვს მონაწილეობა მიღებული საკმაოდ ბევრ პროექტში და გამოფენაში.

ანა ნინუას ნამუშევარი
ანა ნინუას ნამუშევარი

- გაეცანით ჩვენს მკითხველს, მოგვიყევით თქვენ შესახებ…

- პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩემი შემოქმედებით და გადაწყვიტეთ გაცნობოდით მას უფრო ახლოდან. რაც შეეხება ჩემს პროფესიებს, ვარ სპორტულ სამეჯლისო ცეკვების ყოფილი მოცეკვავე და არაერთი პრიზის მფლობელი, მათ შორის რამდენჯერმე საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მქონე. მქონდა ასევე სტუდია და მყავდა მოსწავლეები, თუმცა ტრავმის გამო (იმედია, დროებით) მომიხდა თავის დანებება. ქორეოგრაფობამ დიდი გამოცდილება მომცა და ამის შემდეგ ავიყვანე დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომლებსაც რამდენიმე საგანში ვამეცადინებდი. მათ კიდევ უფრო მეტად შემაყვარეს ჩემი საქმე.

ანა ნინუას ნამუშევარი
ანა ნინუას ნამუშევარი

- ხატვა რამდენი წლისამ დაიწყეთ?

- მართალია ბავშვობიდან ვხატავდი, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. პროფესიონალურად და აკადემიურად ხატვის სწავლა კი 17 წლის ასაკში დავიწყე. მონაწილეობა მაქვს მიღებული საკმაოდ ბევრ პროექტში და გამოფენაში. ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ვარ მესამე კურსზე. ვფიქრობ, ხელოვნებამ მოახერხა დამენახა სწორი გზა და ის, რისი კეთებაც რეალურად მინდოდა.

ანა ნინუას შემოქმედება
ანა ნინუას შემოქმედება

- რა ადგილი უკავია მხატვრობას თქვენს ცხოვრებაში?

- მგონია, რომ მხატვრობა განსაკუთრებული რამ არის, რასაც თუ ხელს მოკიდებ და სიღრმისეულად შეისწავლი, ვერასდროს ვეღარ ამოშლი შენი ცხოვრებიდან. ამ შემთხვევაშიც მხატვრობამ მოახერხა  განსაკუთრებული ადგილი დაეკავებინა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც სწორედ მისთვის იყო განკუთვნილი.

ანა ნინუას შემოქმედება
ანა ნინუას შემოქმედება

- ხატვის გარდა ხელოვნების რომელი დარგით ხართ დაინტერესებული? როგორც ვიცი, ხელნაკეთ ნივთებსაც ქმნით…

- დიახ, ვაკეთებ ხელნაკეთ ნივთებს სხვადასხვა მასალით - ძვირფასი აბრეშუმის (შიბორის) ლენტებით, ბისერებით, თვლებით, სუტაჟის თოკებით. ასევე ვქარგავ ლუნევილური და ლენტური ქარგვის ტექნიკით. განსაკუთრებულად მიყვარს შერეული ტექნიკით მუშაობა და საუცხოო ნამუშევრების შექმნა.

ანა ნინუას შემოქმედება
ანა ნინუას შემოქმედება

- ნახატებს ყავის მარცვლებით და მაკარონითაც ასრულებთ, როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?

- პირველი ნამუშევარი, რომელიც მსგავსი ტექნიკით შევასრულე, იყო მართა დედოფლის პორტრეტი, რომლის მდიდრულმა სამოსმაც გამიჩინა იდეა, რომ გამომეყენებინა მინის თვლები და ბისერები. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები. რაც შეეხება „მაკარონების ქალბატონს“, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგან მონაწილეობა მიიღო გამოფენა-კონკურსში, სადაც დიდი სიყვარული და მოწონება დაიმსახურა იტალიის საელჩოსგან და თავად იტალიის ელჩის მოადგილისგან.

მასალად შესაძლოა გამოვიყენო ყველაფერი, რაც საჭირო ან თუნდაც გამოუსადეგარია და ვაჩუქო მათ ახალი სიცოცხლე.

ანა ნინუას ნამუშევარი
ანა ნინუას ნამუშევარი

- რამდენად საინტერსოა ამ მიმართულებით მუშაობა?

- საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს შრომატევადია. როდესაც ამ საქმეში ხარ, მუდმივად ვითარდები და დროთა განმავლობაში უკვე შენივე დაკვირვებით და გამოცდილებით სწავლობ ახალს.

ანა ნინუას ნამუშევარი
ანა ნინუას ნამუშევარი

- თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები როგორ უყურებენ თქვენ გატაცებას?

- ჩემ გარშემო ვინც არის, ყველა გვერდში მიდგას და ყველა მეხმარება, რათა მივაღწიო დასახულ მიზანს. ხელოვანი ადამიანისთვის კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ანა ნინუას შემოქმედება
ანა ნინუას შემოქმედება

- როგორია „სახლში დარჩენილი“ ხელოვანის ყოველდღიური ცხოვრება, რა გავლენა იქონია თქვენზე იზოლაციამ?

- გადატვირთული გრაფიკის გამო სახლში სამუშაოდ ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა, ახლა იზოლაციის პერიოდს კი მაქსიმალურად ვიყენებ ჩემი შემოქმედების განვითარებისთვის, ვქმნი ახალ ნამუშევრებს და ვმუშაობ სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის.

 

793
დადუნა გეწაძე

ოზურგეთელი გოგონას ახდენილი ამერიკული ოცნება, ანუ რა ხდება, როცა ბებიამ ინგლისური არ იცის

1630
(განახლებულია 17:21 25.05.2020)
ახლანდელ თაობას, მათი მშობლებისგან განსხვავებით, საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის გაცილებით დიდი ასპარეზი მიეცა. მთავარია, მოინდომო – შენი ოცნების ქვეყანაშიც ჩახვალ და ცოდნასაც იქ შეიძენ...

ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელმა დადუნა გეწაძემ ფლექსის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სექტემბრიდან ამერიკაში გაემგზავრება სასწავლებლად. 

შეგახსენებთ, რომ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ერთი აკადემიური წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლოს და ამერიკელი მასპინძლის ოჯახთან ერთად იცხოვროს. ეს გაცვლითი პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებზეა გათვლილი და ამერიკული მხარის მიერ ფინანსდება. ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველი, როგორც წესი, ძალიან ბევრია და მასში გამარჯვება არ არის ადვილი...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- დადუნა, როგორ ფიქრობ, შენ გარდა კიდევ ვისი დამსახურებაა შენი გამარჯვება?

- ინგლისური ენის შესწავლა ჯერ კიდევ ბაღში, ადრეული ასაკიდან დავიწყე. იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი ბებია თამარი რუსული ენის სპეციალისტია, მისი ძალისხმევით მუდმივი კითხვითი ვარჯიშებით, ტესტებით და მოსასმენი დავალებებით შევძელი და ენა უკეთესად ავითვისე. თვითონ ინგლისური არ იცის...

- გაკვეთილს როგორ აბარებდი?

- სანამ ვყვებოდი, ის თითს აყოლებდა ტექსტს და მოსასმენ, ადაპტირებულ ტექსტებს სინქრონულად მაყოლებდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი სკოლისა და მასწავლებლების უდიდესი როლი. ასევე ძალიან დამეხმარნენ ამერიკიდან ჩამოსული გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებიც. მათთან ხშირი კომუნიკაციით საუბარი უფრო გავაუმჯობესე და დავხვეწე.

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- თავდაჯერებული ჩანხარ, ანუ ელოდი გამარჯვებას?

- ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. ასეთ კონკურსებში ხომ გამარჯვებისთვის იბრძვიან. მჯერა, რომ ადამიანი მონდომებით ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში. ასეთ დროს ყველაზე საოცნებოც ხშირად რეალური ხდება.

- ამერიკა რამდენადაა შენი ოცნების ქვეყანა? 

- The American Dream – ჩემთვის ეს ყველაზე ამბიციური სურვილების გახმოვანებისა და მიზნების მიღწევის სტიმული და შესაძლებლობაა. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ მიმზიდველი აბსტრაქტული ოცნებაა, არამედ ძალიან ხელშესახები  რეალობა. აქ არ არსებობს შესაძლებლობების შეზღუდვა, გაქვს უდიდესი შანსი, მოტივაცია, რომ მეტი გაიგო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი მომავლისთვის...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- ამერიკაში ჩასული გურული მოჯირითეების ამბავი თუ გსმენია?

- დიახ, მსმენია. მე, როგორც გურული და ქართველი ძალიან ამაყი ვიყავი, როცა ამერიკაში მათი წარმატებების ამბავი გავიგე. გურულები ხომ ყველაფერში განსაკუთრებულად ყოჩაღები ვართ! ვეცდები ჩემი კუთხე და ქვეყანა მეც ვასახელო...

- ვიცი, რომ ფლექსის გარდა ევროპული სკოლის კონკურსზეც გახვედი...

- ფლექსიც და ევროპული სკოლაც ორივე ძალიან კარგი საშუალებაა მიზნების მისაღწევად. მათ შორის არჩევანის გაკეთება მართლა რთული საქმეა. საშუალება რომ მქონდეს, ორივეს ავირჩევდი. მოხდა ისე, რომ ფლექსის პასუხები ადრე მოვიდა და თანხმობის მისაცემად მხოლოდ ერთი კვირა მქონდა. იქნებ ასე უკეთესიც იყო. თანაც, ვერ მოგატყუებთ, ალბათ ჩემს ბავშვობის ოცნებას მაინც ვერაფრით დავთმობდი...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- როგორც თინეიჯერს რა მოგწონს შენ თაობაში და რა არა?

- ჩემი თაობა, ვფიქრობ, მიზანდასახულობით, დამოუკიდებელი აზროვნებითა და ქმედებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ამაზე იმოქმედა გარემოებამ და ახალმა შესაძლებლობებმაც. როგორც თინეიჯერს, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ყველანაირ შანსს იყენებს იმისთვის, რომ უკეთესები გახდნენ. 21-ე საუკუნესთან ერთად მსოფლიომ თვალი გაუსწორა ახალ რეალობას და ჩვენც ამ რეალობის მონაწილეები გავხდით. დღითი დღე ვვითარდებით და, ვფიქრობ, დღევანდელ თაობაში სწორედ ეს მომწონს – ჩვენი მიზანდასახულობა, მონდომება და გამბედაობა. მე მჯერა ჩემი თაობის და იმის, რომ ყველაფერს შევძლებთ. რაც შეეხება ჩვენ ნაკლს, სამწუხაროდ, ხშირად სიტყვები „თავისუფლება" და „თავის უფლება" არასწორად გვესმის ხოლმე. ალბათ ეს ასაკისა და მოზღვავებული ენერგიის ბრალიცაა...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- რომელია შენი საყვარელი ფრაზა?

- ესაა ამერიკის მეთექვსმეტე პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის სიტყვები: Success is going from failure to failure without losing your enthusiasm. ანუ „წარმატება მარცხიდან მარცხამდე მოდის, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“. ეს ალბათ ყველაზე სასარგებლო და გასათვალისწინებელი რჩევაა ადამიანისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე...

- საკუთარი თავი როგორ და სად წარმოგიდგენია 20 წლის მერე?

- ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რით მინდა დავკავდე მომავალში. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მიყვარდა სიმართლე და სამართლიანობა, გადავწყვიტე მომავალი პროფესიაც ამასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მინდა წარმატებული ადვოკატი გავხდე. ამის მისაღწევად აუცილებელია სრულყოფილი განათლების მიღება. კონკრეტულად ოცი წლის შემდეგ სად ვიქნები? – არ ვიცი. თუმცა ვფიქრობ, სადაც უნდა ვიყო, როგორც დედა, როგორც ქალი და როგორც პროფესიონალი მინდა პიროვნულად შემდგარი ვიყო.

- უცხოეთში ჩასული ერთი წინადადებით როგორ ეტყვი ვინმეს საქართველოზე?

- საქართველოს ვერც ერთ ქვეყანას ვერ შევადარებ, აქ მზე სხვანაირად ანათებს, აქ სხვა სიყვარული და თავისუფლებაა...

 

1630
როლანდ დუმბაძე

როცა საკუთარ თავს არ ღალატობ - ნახატებში არეკლილი ცხოვრება, ოცნებები და სიზმრები

273
(განახლებულია 10:23 24.05.2020)
ალბათ მხატვრისთვის ყველაზე რთული არჩევანია როდესაც ეკითხებიან: რა გინდა - ნახატები გაყიდო თუ სახელიო?..

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხელოვანს მისთვის არასასურველი არჩევანის გაკეთება უწევს ხოლმე, მთავარია, ამ დროს შემოქმედებითი მუხტი შეინარჩუნოს და ყოფითმა პრობლემებმა ნამდვილი ხელოვნება არ გადაწონოს.

როლანდ დუმბაძე
როლანდ დუმბაძე

მხატვარ-ფერმწერი როლანდ დუმბაძე მათ შორისაა, ვინც მძიმე სიტუაციაშიც კი თვითმყოფადობა შეინარჩუნა და შემოქმედებითი თამასა დაბლა არ დაწია. ბევრ ქვეყანაში მოუწია ცხოვრება, ხატავდა რასაც ხედავდა და ისე, როგორც გრძნობდა. 90-იან წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც დააარსა ბავშვთა სამხატვრო სტუდია და სამხატვრო გალერეა „არბატის ივერია”, ამის მერე მის შემოქმედებაში იწყება ე.წ. ფრანგული პერიოდი და საცხოვრებლად ნიცაში გადადის. იყო დრო, როცა თბილისში ტანსაცმლის დიზაინისა და მოდელირების სტუდია „Fashion studio“ დააარსა. გამოფენები ჰქონდა: კანადაში, ჩეხეთში, სლოვაკიაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და სხვ. საბოლოოდ მხატვარი თბილისში დამკვიდრდა და აქედან წასვლას უკვე არსად აპირებს...

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- ბატონო როლანდ, ნახატები ყველაზე კარგად აჩვენებს როგორი პიროვნებაა მათი ავტორი..

- რა თქმა უნდა ნახატები თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ადამიანია მისი შემსრულებელი. ისევე როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მხატვრობაშიც ანალოგიურად შეიძლება ამის ამოცნობა. არ შეიძლება, ბოროტმა ადამიანმა კეთილი სიუჟეტები შექმნას და სიკეთე გამოსახოს. გარკვეულად მეც მგავს ჩემი ნახატები...

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- დიზანის სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული და ამ კუთხით რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

- ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმის დიზაინი შევქმენი. წლების მერე, როცა საფრანგეთიდან ჩამოვედი, იდეა დამებადა, რომ ტანსაცმლის დიზაინზე მემუშავა. ვთვლიდი, რომ ამ სფეროში მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვეოდი, ამიტომ ავიყვანე სპეციალისტები და მკერავები. მე ხატვას ვასწავლიდი ბავშვებს, რადგან ჩანახატების შექმნა იყო საჭირო.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- განსხვავებულ ადგილებში ხართ ნამუშევარი: კვლევით ინსტიტუტში, ტელევიზიაში, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდით...

-აკადემიის დამთავრებისთანავე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა.  იმ პერიოდში იქ პროფესიონალები იყვნენ, მაგალითად, ლია ბურჭულაძე, ზენონ კაცია და სხვები. კვლევით ინსტიტუტში მუშაობის დროს ძირითადად მოსკოვიდან მიღებულ შეკვეთებს ვასრულებდით. მე ელექტროაპარატურის შეფუთვების გრაფიკულ დიზაინზე ვმუშაობდი. პედაგოგად მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელშიც ვიმუშავე.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- გამოფენებიდან რომელი იყო საეტაპო, ან რომელს გაიხსენებდით?

- 90-იან წლებში როცა მოსკოვში ვიყავი, ძირითადად შეკვეთებს ვიღებდი, მაგრამ გალერეებთანაც ვმუშაობდი. გავიხსენებდი  ზურაბ წერეთლის გალერეაში გამართულ გამოფენას, რომელიც მართალია, ჯგუფური იყო, მაგრამ სასიამოვნოდ დამამახსოვრდა. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ აკადემიკოსებთან, ხელოვნების მოყვარულებსა და პროფესიონალებთან, პირველ რიგში, თავად ზურაბ წერეთელთან.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- თქვენს ნახატებში არა მარტო ჟანრობრივი, თემატური მრავალფეროვნებაცაა...

- სხვათა შორის, დღემდე  ვცდილობ, რომ ყოველთვის რაღაც შევცვალო და ახალი შევიტანო შემოქმედებაში. მრავალფეროვნება მიტაცებს. როცა ჩემს ნამუშევრებს გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ იქ სხვადასხვა სტილია, მე ყველა მათგანი მომწონს.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- ნიცაში ცხოვრების დროს ალბათ უფრო იმპრესიონიზმისკენ იხრებოდით...

- დიახ, ნიცაში ხატვის უფრო ფრანგულ სტილზე გადავედი და ნახატებშიც ფრანგული პერსონაჟები გაჩნდნენ. ძალიან მიყვარს ჩემი ნახატი „ფრანცუჟანკი“, სადაც გამოსახული არიან ფრანგი ქალები კაფეში, იქ კარგად ჩანს ფრანგული გარემო და იქაური სული. ესპანეთში ყოფნის დროს უკვე ესპანური მოტივები გაჩნდა. ეს ბუნებრივიცაა, როცა უცხოეთში ცხოვრობს მხატვარი ის ანგარიშს უწევს იქაური პუბლიკის ინტერესებსა და მოთხოვნებს, იმის გამო, რომ ნახატი უფრო გაყიდვადი იყოს.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- გაყიდვადი ახსენეთ, ამ გარემოების გამო მხატვრის სულიერი სამყარო რამდენადმე ხომ არ იჩაგრება?

- იყო ეგეთი მომენტებიც... მაგალითად მოსკოვში ყოფნის დროს ასეთი კითხვა დამისვეს: რა გინდათ, თქვენი ნახატები გაყიდოთ თუ სახელიო? მაშინ მე ცოტა რთული ოჯახური მდგომარეობა მქონდა, ამიტომ ნახატების გაყიდვა ვარჩიე. როცა მოგვიანებით ერთ ცნობილ გალერეაში მივიტანე ჩემი ნახატები იქ მითხრეს: ჩვენ შეგვიძლია ფასზე კი არ ვილაპარაკოთ, არამედ სახელზეო. მე მეორეზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ეს ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპი იყო და ამის ფუფუნების უფლება უკვე მქონდა. ახლა ჩემი  40-მდე ნაუშევარი მაქვს სახლში, ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. როგორც კი ვახატავდი ეგრევე იყიდებოდა. რაც საქართველოში დავბრუნდი შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ხუთი-ექვსი ნამუშევარი მაქვს გაყიდული.

როლანდ დუმბაძე ზურაბ წერეთელთან ერთად
როლანდ დუმბაძე ზურაბ წერეთელთან ერთად

- ბატონო როლანდ, ამბობენ, რომ კარგი მხატვარი სიზმარშიც ხატავსო, მართალია?..

- ამაზეც მოგახსენებთ.. ჩვენ საბჭოთა კავშირის ურწმუნო ქვეყანაში ვცხოვრობდით, მაშინ ეკლესიაში სიარული არ შეიძლებოდა. როცა ცხოვრებაში დამიდგა განსაკუთრებული პერიოდი, სულიერი მოსვენება დავკარგე და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეკლესიისკენ რაღაც მეძახდა. იმ დროს საოცარ სიზმრებს ვხედავდი და ის სიუჟეტები  მერე ტილოზე გადმომქონდა. ასე გაჩნდა რელიგიური თემატიკა გაჩნდა ჩემს ნახატებში...

 

273
კორონავირუსული პანდემია

ელოდეთ მეორე პიკს: დაავადებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს გააკეთოს ნახტომი

18
(განახლებულია 10:59 26.05.2020)
ჯანმოს წარმომადგენლის განმარტებით, პანდემიის პირველი ტალღის დასრულებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მსოფლიო ამ დროისათვის იმყოფება კორონავირუს SARS-CoV-2–ის პანდემიის შუაში და არსებობს დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრად მატების რისკი, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, იმ ადამიანების რეალური რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებულები იყვნენ ცალკეულ ქვეყნებში, ამ დროისათვის შედარებით მცირეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადების პირველი ტალღის მრუდი დაბლა იწევს, „რამდენიმე თვის შემდეგ კი დაავადების ახალი ტალღა დაიწყება“. 

რაიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ზოგ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა ნამდვილად მიუახლოვდა დასასრულს, მაგრამ გლობალური მასშტაბით ის ჯერ კიდევ არ  დამთავრებულა. მისი განმარტებით, „დაავადებამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნახტომი გააკეთოს“.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რახან ახლა დაავადება მცირდება, ის კვლავაც განაგრძობს შემცირებას და ჩვენ რამდენიმე თვე გვექნება იმისთვის, რომ ახალი ტალღის დასახვედრად მოვემზადოთ. მეორე პიკი ამავე ტალღაში შეიძლება დადგეს. ასეთი რამ სხვა პანდემიების შემთხვევებში მომხდარა. ასე იყო „ისპანკის“ დროს 1919 წელს. ამიტომ შესაძლოა მივიღოთ მეორე პიკი და არა აუცილებლად მეორე ტალღა“, — ხაზი გაუსვა მაიკ რაიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტალღის გაჩენის ალბათობა, რომელიც შესაძლოა გრიპის სეზონმა გაართულოს, მოგვიანებით შეფასდება.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 498 849 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 346 306 და განიკურნა 2 233 180 კაცი.  

 

18
თემები:
მსოფლიო დღეს