ეთერ ფილიპოვიჩი

21 დღე რომელიც ცხოვრებას შეცვლის - თუ გეჩვენებათ, რომ დროა რაღაც შეცვალოთ, არ გეჩვენებათ

519
(განახლებულია 21:17 05.05.2020)
დრომ და განგებამ კიდევ ერთი რთული გამოცდა შემოგვთავაზა საკუთარი თავის უკეთ ამოსაცნობად და გასაძლიერებლად. მსგავს თემებზე დღეს ბევრს ვსაუბრობთ.

ვაღიაროთ, რომ კარანტინის პირობებში ყველას ფსიქიკა ვერ უძლებს საყოველთაო შეზღუდვებსა და აკრძალვებს, საამისოდ ადამიანს გვერდში მდგომი ახლობლის ნუგეში და, ზოგ შემთხვევაში, პროფესიონალის რჩევა-დარიგება ესაჭიროება.

ამ თემაზე ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ქალბატონი ეთერ ფილიპოვიჩი გაესაუბრება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მზადაა აქტიური მუშაობისთვის საკუთარ თავთან, მზად არის იმისთვის, რომ შეხვდეს საკუთარ თავს, გააცნობიეროს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, ვინც თვლის, რომ მის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების დრო დადგა.

ეთერ ფილიპოვიჩი
photo: courtesy of Eteri Filipovich
ეთერ ფილიპოვიჩი

აქვე ქალბატონი ეთერის რეგალიებს შეგახსენებთ: ის გახლავთ მედიცინის დოქტორი, ევროპის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული არტთერაპევტი, ტრენერი, არტთერაპიული სასწავლო-თერაპიული ტრენინგებისა და ფსიქო-სოციალური ტრენინგების წამყვანი, არტქოუჩი, ნლპ პრაქტიკოსი და ქართული მეტაფორული ბარათების კრებულების ავტორი.

1 მაისიდან მან დაიწყო არტმარათონი, რომელსაც ასეთი განმარტება დაურთო: „21 დღე, რომელიც ცხოვრებას შეცვლის“. მარათონის მსვლელობის მანძილზე მასში ჩართულ პირებს საშუალება ექნებათ ისაუბრონ საკუთარ თავზე და პრობლემებზე, გამოხატონ მადლიერება იმ მოვლენებისა და ადამიანების მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვანია დროის ამ მონაკვეთში და მიიღონ კვალიფიციური და ასე საჭირო რჩევა-რეკომენდაციები.

ეთერ ფილიპოვიჩი
photo: courtesy of Eteri Filipovich
ეთერ ფილიპოვიჩი

- ქალბატონო ეთერ, მოდი, საუბარი იმ ფრაზით დავიწყოთ, რომელიც განსაზღვრავს კიდეც თქვენ საქმიანობას: თუ გეჩვენებათ, რომ დროა ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ, არ გეჩვენებათ...

- ცვლილებების დრო დგება მაშინ, როდესაც ხვდები, რომ ამის დროა. რადგან ძველი ჩვევები, წესები, მიდგომები და დამოკიდებულებები უკვე აღარ მუშაობს. თავისთავად იცვლება, გეგმაზომიერად, ან გარემოებები გაიძულებს, რომ შეიცვალო. უკვე ნაკლებად გეგმაზომიერად, უფრო სწრაფად და ეფექტურად, რადგან არჩევანი აღარ არსებობს - ან იცვლები, ან თანხმდები, რბილად რომ ვთქვათ, ცხოვრების ნაკლებად სასიამოვნო და ნაკლებად საინტერესო კუნჭულებში გადაინაცვლო...

ეთერ ფილიპოვიჩი
photo: courtesy of Eteri Filipovich
ეთერ ფილიპოვიჩი

- კარანტინის პირობებში ყველას ფსიქიკა ვერ უძლებს საყოველთაო შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რაიმე ზოგადი მარტივი რჩევა თუ არსებობს ყველასთვის?

- რა თქმა უნდა, არსებობს. ყველა კრიზისი (თუ ფატალური არაა) ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. ახლანდელი სიტუაცია საუკეთესო დროა, რომ გააკეთო ის, რაც ყოველთვის გინდოდა, მაგრამ საამისო დრო არ გქონდა. ისწავლო ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდი, დაუთმო დრო იმ საქმეს, რომელიც გულით გიყვარს, მაგრამ „1000 მაგრამ“ გაიძულებდა, ხელი ჩაგექნია... მაგალითად, ვიკითხო წიგნები, ვუყურო ფილმებს, ვქსოვო, ვქარგო, მოვუარო ოთახის ყვავილებს, ვიმღერო, ვიცეკვო, ვწერო, ბოლოს და ბოლოს, თუნდაც დღიურები... დიდი ალბათობით, ჩვენ მნიშვნელოვანი გარდატეხების დროს გვიწევს ცხოვრება, ამიტომ ცოცხალ ჩანაწერებს დიდი ფასი ექნება გადატანითი და, იქნებ, პირდაპირი მნიშვნელობითაც...

ეთერ ფილიპოვიჩი
photo: courtesy of Eteri Filipovich
ეთერ ფილიპოვიჩი

- თვითიზოლაცია ურთიერთობის, ოჯახის სიმყარის ერთგვარი გამოცდაც აღმოჩნდა...

- მინდა აღვნიშნო „კორონობის“ ის მადლი, რასაც ოჯახის ერთად ყოფნის შესაძლებლობა ჰქვია. გაიხსენეთ, როდის იყავით ბოლოს ასე ერთად ოჯახის წევრები? თუმცა, ასეთი ერთობა ნამდვილი სიხარული და ბედნიერებაა, როდესაც ოჯახის წევრებს ერთმანეთი უხარიათ. შემთხვევითი არ არის, რომ თვითიზოლაციას ბევრი ოჯახი შეეწირა, ფართო გაგებით. ალბათ, ის ოჯახებიც ფორმალური ერთობა იყო, ერთად ყოფნის გამოცდას რომ ვერ გაუძლეს. სავარაუდოდ, „კორონობამ“ აქაც დადებითი როლი ითამაშა, რაოდენ ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს - ნაკლები სიყალბე მეტ თავისუფალ და ბედნიერ ადამიანს შობს.

მეტაფორული ბარათები
photo: courtesy of Eteri Filipovich
მეტაფორული ბარათები

- 1 მაისიდან თქვენ დაიწყეთ არტმარათონი, რომელიც 21 დღე გაგრძელდება, რას წარმოადგენს ის?

- ეს საქველმოქმედო პროექტია, „მადლიერებისა და პატიების არტმარათონი“ - საჩუქარი მათთვის, ვინც მზად არის პიროვნული და ზნეობრივი გამოწვევებისთვის. ამ ფორმატით უკვე სამი წელია ვმუშაობთ, ძირითადად ჩვენი არტთერაპიის სასწავლო კურსის მონაწილეებთან ერთად. „კორონობის“ გამო გადავწყვიტეთ, რომ პროექტი გაგვეფართოებინა. 9 აპრილს ამ მარათონში პირველი ნაკადი ჩაერთო. მათ უკვე დაასრულეს 21-დღიანი გზა, რომელიც ბევრი აღმოჩენითა და გადაფასებითაა სავსე, რაც ძალიან მახარებს. გამოხმაურებები, რომელიც მას მოჰყვა, დიდ ბედნიერებას მანიჭებს, მიხარია, რომ ადამიანები ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან. 1 მაისიდან ახალმა ჯგუფმა ახალი ათვლა დაიწყო. მიხარია, რომ უამრავი ახალი მეგობარი შევიძინეთ, ძალიან საინტერესო ადამიანები და ახლა უკვე თანამოაზრეები. ეს ძალიან დიდი საჩუქარია. უზომოდ მადლიერი ვარ მარათონის თითოეული წევრისა - გულწრფელობისთვის, ნდობისთვის, შეუპოვრობისთვის, ურთიერთმხარდაჭერისა და შემოქმედებითი ჩართულობისთვის.

photo: courtesy of Eteri Filipovich
ეთერ ფილიპოვიჩი და ნინო ჩაკვეტაძე

- ამის გარდა თქვენ ატარებთ ფასიან ონლაინ შეხვედრებს ქალბატონებისთვის - „ბედნიერება შენით იწყება - 12 ნაბიჯი თავდაჯერებულობისკენ“. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ - როცა ქალს თავდაჯერება აკლია, ეს აღზრდის შედეგია, ცხოვრებაში შეძენილი არასასურველი გამოცდილების, თუ ორივესი ერთად?

- დიახ, თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ოჯახი თამაშობს, რა თქმა უნდა, ოჯახური გარემო, მშობლები, ახლობლები, შემდეგ მასწავლებლები, მეგობრები, კოლეგები... თუმცა, მაინც უპირველესი როლი ოჯახს აკისრია, მშობლებს და იმ გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება. ცნობილია, რომ ბავშვობიდან წამოღებული (უპირობო) სიყვარულისა და მხარდაჭერის „საგზალი“ ბავშვს თითქმის ყველა სირთულესა და გამოწვევას ღირსეულად გადაატანინებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან მუშაობა, თუნდაც რაიმე საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში (სიამოვნებით ჩავერთვებოდი), რათა სწორად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია იმ რისკებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ახლავს. 6 მაისს ე.წ. „თავდაჯერებულობის კურსის“ მეოთხე ნაკადის მიღებას ვიწყებთ. არაჩვეულებრივი ქალბატონები უკვე მერამდენედ გადიან საკუთარ გზას თავდაჯერებულობისკენ, რომელიც სასწაულებრივად ჰგავს გზას საკუთარი თავისკენ, საკუთარი სურვილებისკენ, მისწრაფებებისა და ოცნებებისკენ. ჯგუფის თითოეული მონაწილე საკუთარ შედეგს დებს უკეთესი ცხოვრებისთვის და საუკეთესო ურთიერთობებისთვის, რაც ძალიან მახარებს. 

ეთერ ფილიპოვიჩი და ეკო-არტთერაპიის ფუძემდებელი,მსოფლიოში ცნობილი არტთერაპევტი,ბევერლი კორტი
photo: courtesy of Eteri Filipovich
ეთერ ფილიპოვიჩი და ეკო-არტთერაპიის ფუძემდებელი,მსოფლიოში ცნობილი არტთერაპევტი,ბევერლი კორტი

- ჩემი აზრით, უმადურობა ადამიანის ერთ-ერთი საშინელი თვისებაა, რომლისგანაც ყველა უბედურება მოდის. არტმარათონი, რომელიც დაიწყეთ, მადლიერებასა და პატიებას ეძღვნება...

- ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ „კორონობის ჟამი“, გარკვეულწილად, მადლია - არა მარტო დედამიწისთვის, რაც ნათლად გამოიკვეთა. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, დროც, მოტივებიც, რომ იმაზე მეტი დაინახონ, ვიდრე ადრე ხედავდნენ, მოისმინონ იმაზე მეტი, ვიდრე ადრე ისმენდნენ, და იგრძნონ იმაზე მეტი, ვიდრე ადრე გრძნობდნენ. თუმცა ამას, როგორც ყოველთვის, ყველა თავად წყვეტს და საკუთარ არჩევანსაც დამოუკიდებლად აკეთებს. ალბათ უნდა მივიღოთ ის რეალობა, რომ სამყარო არასოდეს იქნება მარტო შავი ან მარტო თეთრი და თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ სამყაროს სიდიადე მის მრავალფეროვნებაშია...

519
დადუნა გეწაძე

ოზურგეთელი გოგონას ახდენილი ამერიკული ოცნება, ანუ რა ხდება, როცა ბებიამ ინგლისური არ იცის

1566
(განახლებულია 17:21 25.05.2020)
ახლანდელ თაობას, მათი მშობლებისგან განსხვავებით, საკუთარი ნიჭის რეალიზებისთვის გაცილებით დიდი ასპარეზი მიეცა. მთავარია, მოინდომო – შენი ოცნების ქვეყანაშიც ჩახვალ და ცოდნასაც იქ შეიძენ...

ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელმა დადუნა გეწაძემ ფლექსის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და სექტემბრიდან ამერიკაში გაემგზავრება სასწავლებლად. 

შეგახსენებთ, რომ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ერთი აკადემიური წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლოს და ამერიკელი მასპინძლის ოჯახთან ერთად იცხოვროს. ეს გაცვლითი პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებზეა გათვლილი და ამერიკული მხარის მიერ ფინანსდება. ამ კონკურსში მონაწილეობის მსურველი, როგორც წესი, ძალიან ბევრია და მასში გამარჯვება არ არის ადვილი...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- დადუნა, როგორ ფიქრობ, შენ გარდა კიდევ ვისი დამსახურებაა შენი გამარჯვება?

- ინგლისური ენის შესწავლა ჯერ კიდევ ბაღში, ადრეული ასაკიდან დავიწყე. იმისდა მიუხედავად, რომ ჩემი ბებია თამარი რუსული ენის სპეციალისტია, მისი ძალისხმევით მუდმივი კითხვითი ვარჯიშებით, ტესტებით და მოსასმენი დავალებებით შევძელი და ენა უკეთესად ავითვისე. თვითონ ინგლისური არ იცის...

- გაკვეთილს როგორ აბარებდი?

- სანამ ვყვებოდი, ის თითს აყოლებდა ტექსტს და მოსასმენ, ადაპტირებულ ტექსტებს სინქრონულად მაყოლებდა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი სკოლისა და მასწავლებლების უდიდესი როლი. ასევე ძალიან დამეხმარნენ ამერიკიდან ჩამოსული გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტებიც. მათთან ხშირი კომუნიკაციით საუბარი უფრო გავაუმჯობესე და დავხვეწე.

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- თავდაჯერებული ჩანხარ, ანუ ელოდი გამარჯვებას?

- ვერ გეტყვით, რომ ჩემთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. ასეთ კონკურსებში ხომ გამარჯვებისთვის იბრძვიან. მჯერა, რომ ადამიანი მონდომებით ყველაფერს მიაღწევს ცხოვრებაში. ასეთ დროს ყველაზე საოცნებოც ხშირად რეალური ხდება.

- ამერიკა რამდენადაა შენი ოცნების ქვეყანა? 

- The American Dream – ჩემთვის ეს ყველაზე ამბიციური სურვილების გახმოვანებისა და მიზნების მიღწევის სტიმული და შესაძლებლობაა. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ მიმზიდველი აბსტრაქტული ოცნებაა, არამედ ძალიან ხელშესახები  რეალობა. აქ არ არსებობს შესაძლებლობების შეზღუდვა, გაქვს უდიდესი შანსი, მოტივაცია, რომ მეტი გაიგო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი მომავლისთვის...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- ამერიკაში ჩასული გურული მოჯირითეების ამბავი თუ გსმენია?

- დიახ, მსმენია. მე, როგორც გურული და ქართველი ძალიან ამაყი ვიყავი, როცა ამერიკაში მათი წარმატებების ამბავი გავიგე. გურულები ხომ ყველაფერში განსაკუთრებულად ყოჩაღები ვართ! ვეცდები ჩემი კუთხე და ქვეყანა მეც ვასახელო...

- ვიცი, რომ ფლექსის გარდა ევროპული სკოლის კონკურსზეც გახვედი...

- ფლექსიც და ევროპული სკოლაც ორივე ძალიან კარგი საშუალებაა მიზნების მისაღწევად. მათ შორის არჩევანის გაკეთება მართლა რთული საქმეა. საშუალება რომ მქონდეს, ორივეს ავირჩევდი. მოხდა ისე, რომ ფლექსის პასუხები ადრე მოვიდა და თანხმობის მისაცემად მხოლოდ ერთი კვირა მქონდა. იქნებ ასე უკეთესიც იყო. თანაც, ვერ მოგატყუებთ, ალბათ ჩემს ბავშვობის ოცნებას მაინც ვერაფრით დავთმობდი...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- როგორც თინეიჯერს რა მოგწონს შენ თაობაში და რა არა?

- ჩემი თაობა, ვფიქრობ, მიზანდასახულობით, დამოუკიდებელი აზროვნებითა და ქმედებით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, ამაზე იმოქმედა გარემოებამ და ახალმა შესაძლებლობებმაც. როგორც თინეიჯერს, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ყველანაირ შანსს იყენებს იმისთვის, რომ უკეთესები გახდნენ. 21-ე საუკუნესთან ერთად მსოფლიომ თვალი გაუსწორა ახალ რეალობას და ჩვენც ამ რეალობის მონაწილეები გავხდით. დღითი დღე ვვითარდებით და, ვფიქრობ, დღევანდელ თაობაში სწორედ ეს მომწონს – ჩვენი მიზანდასახულობა, მონდომება და გამბედაობა. მე მჯერა ჩემი თაობის და იმის, რომ ყველაფერს შევძლებთ. რაც შეეხება ჩვენ ნაკლს, სამწუხაროდ, ხშირად სიტყვები „თავისუფლება" და „თავის უფლება" არასწორად გვესმის ხოლმე. ალბათ ეს ასაკისა და მოზღვავებული ენერგიის ბრალიცაა...

დადუნა გეწაძე
დადუნა გეწაძე

- რომელია შენი საყვარელი ფრაზა?

- ესაა ამერიკის მეთექვსმეტე პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის სიტყვები: Success is going from failure to failure without losing your enthusiasm. ანუ „წარმატება მარცხიდან მარცხამდე მოდის, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“. ეს ალბათ ყველაზე სასარგებლო და გასათვალისწინებელი რჩევაა ადამიანისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე...

- საკუთარი თავი როგორ და სად წარმოგიდგენია 20 წლის მერე?

- ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რით მინდა დავკავდე მომავალში. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მიყვარდა სიმართლე და სამართლიანობა, გადავწყვიტე მომავალი პროფესიაც ამასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მინდა წარმატებული ადვოკატი გავხდე. ამის მისაღწევად აუცილებელია სრულყოფილი განათლების მიღება. კონკრეტულად ოცი წლის შემდეგ სად ვიქნები? – არ ვიცი. თუმცა ვფიქრობ, სადაც უნდა ვიყო, როგორც დედა, როგორც ქალი და როგორც პროფესიონალი მინდა პიროვნულად შემდგარი ვიყო.

- უცხოეთში ჩასული ერთი წინადადებით როგორ ეტყვი ვინმეს საქართველოზე?

- საქართველოს ვერც ერთ ქვეყანას ვერ შევადარებ, აქ მზე სხვანაირად ანათებს, აქ სხვა სიყვარული და თავისუფლებაა...

 

1566
როლანდ დუმბაძე

როცა საკუთარ თავს არ ღალატობ - ნახატებში არეკლილი ცხოვრება, ოცნებები და სიზმრები

271
(განახლებულია 10:23 24.05.2020)
ალბათ მხატვრისთვის ყველაზე რთული არჩევანია როდესაც ეკითხებიან: რა გინდა - ნახატები გაყიდო თუ სახელიო?..

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხელოვანს მისთვის არასასურველი არჩევანის გაკეთება უწევს ხოლმე, მთავარია, ამ დროს შემოქმედებითი მუხტი შეინარჩუნოს და ყოფითმა პრობლემებმა ნამდვილი ხელოვნება არ გადაწონოს.

როლანდ დუმბაძე
როლანდ დუმბაძე

მხატვარ-ფერმწერი როლანდ დუმბაძე მათ შორისაა, ვინც მძიმე სიტუაციაშიც კი თვითმყოფადობა შეინარჩუნა და შემოქმედებითი თამასა დაბლა არ დაწია. ბევრ ქვეყანაში მოუწია ცხოვრება, ხატავდა რასაც ხედავდა და ისე, როგორც გრძნობდა. 90-იან წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც დააარსა ბავშვთა სამხატვრო სტუდია და სამხატვრო გალერეა „არბატის ივერია”, ამის მერე მის შემოქმედებაში იწყება ე.წ. ფრანგული პერიოდი და საცხოვრებლად ნიცაში გადადის. იყო დრო, როცა თბილისში ტანსაცმლის დიზაინისა და მოდელირების სტუდია „Fashion studio“ დააარსა. გამოფენები ჰქონდა: კანადაში, ჩეხეთში, სლოვაკიაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და სხვ. საბოლოოდ მხატვარი თბილისში დამკვიდრდა და აქედან წასვლას უკვე არსად აპირებს...

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- ბატონო როლანდ, ნახატები ყველაზე კარგად აჩვენებს როგორი პიროვნებაა მათი ავტორი..

- რა თქმა უნდა ნახატები თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ადამიანია მისი შემსრულებელი. ისევე როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მხატვრობაშიც ანალოგიურად შეიძლება ამის ამოცნობა. არ შეიძლება, ბოროტმა ადამიანმა კეთილი სიუჟეტები შექმნას და სიკეთე გამოსახოს. გარკვეულად მეც მგავს ჩემი ნახატები...

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- დიზანის სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული და ამ კუთხით რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

- ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმის დიზაინი შევქმენი. წლების მერე, როცა საფრანგეთიდან ჩამოვედი, იდეა დამებადა, რომ ტანსაცმლის დიზაინზე მემუშავა. ვთვლიდი, რომ ამ სფეროში მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვეოდი, ამიტომ ავიყვანე სპეციალისტები და მკერავები. მე ხატვას ვასწავლიდი ბავშვებს, რადგან ჩანახატების შექმნა იყო საჭირო.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- განსხვავებულ ადგილებში ხართ ნამუშევარი: კვლევით ინსტიტუტში, ტელევიზიაში, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდით...

-აკადემიის დამთავრებისთანავე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა.  იმ პერიოდში იქ პროფესიონალები იყვნენ, მაგალითად, ლია ბურჭულაძე, ზენონ კაცია და სხვები. კვლევით ინსტიტუტში მუშაობის დროს ძირითადად მოსკოვიდან მიღებულ შეკვეთებს ვასრულებდით. მე ელექტროაპარატურის შეფუთვების გრაფიკულ დიზაინზე ვმუშაობდი. პედაგოგად მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელშიც ვიმუშავე.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- გამოფენებიდან რომელი იყო საეტაპო, ან რომელს გაიხსენებდით?

- 90-იან წლებში როცა მოსკოვში ვიყავი, ძირითადად შეკვეთებს ვიღებდი, მაგრამ გალერეებთანაც ვმუშაობდი. გავიხსენებდი  ზურაბ წერეთლის გალერეაში გამართულ გამოფენას, რომელიც მართალია, ჯგუფური იყო, მაგრამ სასიამოვნოდ დამამახსოვრდა. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ აკადემიკოსებთან, ხელოვნების მოყვარულებსა და პროფესიონალებთან, პირველ რიგში, თავად ზურაბ წერეთელთან.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- თქვენს ნახატებში არა მარტო ჟანრობრივი, თემატური მრავალფეროვნებაცაა...

- სხვათა შორის, დღემდე  ვცდილობ, რომ ყოველთვის რაღაც შევცვალო და ახალი შევიტანო შემოქმედებაში. მრავალფეროვნება მიტაცებს. როცა ჩემს ნამუშევრებს გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ იქ სხვადასხვა სტილია, მე ყველა მათგანი მომწონს.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- ნიცაში ცხოვრების დროს ალბათ უფრო იმპრესიონიზმისკენ იხრებოდით...

- დიახ, ნიცაში ხატვის უფრო ფრანგულ სტილზე გადავედი და ნახატებშიც ფრანგული პერსონაჟები გაჩნდნენ. ძალიან მიყვარს ჩემი ნახატი „ფრანცუჟანკი“, სადაც გამოსახული არიან ფრანგი ქალები კაფეში, იქ კარგად ჩანს ფრანგული გარემო და იქაური სული. ესპანეთში ყოფნის დროს უკვე ესპანური მოტივები გაჩნდა. ეს ბუნებრივიცაა, როცა უცხოეთში ცხოვრობს მხატვარი ის ანგარიშს უწევს იქაური პუბლიკის ინტერესებსა და მოთხოვნებს, იმის გამო, რომ ნახატი უფრო გაყიდვადი იყოს.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- გაყიდვადი ახსენეთ, ამ გარემოების გამო მხატვრის სულიერი სამყარო რამდენადმე ხომ არ იჩაგრება?

- იყო ეგეთი მომენტებიც... მაგალითად მოსკოვში ყოფნის დროს ასეთი კითხვა დამისვეს: რა გინდათ, თქვენი ნახატები გაყიდოთ თუ სახელიო? მაშინ მე ცოტა რთული ოჯახური მდგომარეობა მქონდა, ამიტომ ნახატების გაყიდვა ვარჩიე. როცა მოგვიანებით ერთ ცნობილ გალერეაში მივიტანე ჩემი ნახატები იქ მითხრეს: ჩვენ შეგვიძლია ფასზე კი არ ვილაპარაკოთ, არამედ სახელზეო. მე მეორეზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ეს ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპი იყო და ამის ფუფუნების უფლება უკვე მქონდა. ახლა ჩემი  40-მდე ნაუშევარი მაქვს სახლში, ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. როგორც კი ვახატავდი ეგრევე იყიდებოდა. რაც საქართველოში დავბრუნდი შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ხუთი-ექვსი ნამუშევარი მაქვს გაყიდული.

როლანდ დუმბაძე ზურაბ წერეთელთან ერთად
როლანდ დუმბაძე ზურაბ წერეთელთან ერთად

- ბატონო როლანდ, ამბობენ, რომ კარგი მხატვარი სიზმარშიც ხატავსო, მართალია?..

- ამაზეც მოგახსენებთ.. ჩვენ საბჭოთა კავშირის ურწმუნო ქვეყანაში ვცხოვრობდით, მაშინ ეკლესიაში სიარული არ შეიძლებოდა. როცა ცხოვრებაში დამიდგა განსაკუთრებული პერიოდი, სულიერი მოსვენება დავკარგე და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეკლესიისკენ რაღაც მეძახდა. იმ დროს საოცარ სიზმრებს ვხედავდი და ის სიუჟეტები  მერე ტილოზე გადმომქონდა. ასე გაჩნდა რელიგიური თემატიკა გაჩნდა ჩემს ნახატებში...

 

271
პოლიცია აჯარიმებს დამრღვევს

თბილისში პარკირების წესების დამრღვევები ჯარიმას არ გადაიხდიან - ვის ეხება ცვლილება

0
(განახლებულია 01:11 26.05.2020)
ყველა საქმეზე მოხდება განხილვის შეწყვეტა და ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამის კანონმდებლობაში განსახორციელებელი კანონპროექტის ინიციატორები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა.

საუბარია „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილსა და 1252 მუხლზე, რომელიც ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობას, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევას გულისხმობს.

კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ ყველა ის პირი გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმის და შესაბამისი საურავისგან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2018 წლის 10 აპრილამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ დღეის მდგომარეობით, ასეთი მიმდინარე საქმეები არის აღსრულების ეროვნულ ბიუროში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სასამართლოებში.

შესაბამისად, ყველა ამ საქმეზე მოხდება განხილვების შეწყვეტა და ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რაც ჯამში დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს.

კანონპროექტით დაზუსტებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება ადმინისტრაციული სახდელისა და საურავის მხოლოდ აღუსრულებელ ნაწილზე.

0
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში