ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი

საქართველოში არსებული უნიკალური თეატრი და რეჟისორი, რომელიც მასზე ფილმს გადაიღებს

300
(განახლებულია 22:42 09.04.2020)
რით შეიძლება დაკავდეს კარანტინის დროს სახლში დარჩენილი რეჟისორი? ფილმის გადაღებას, ბუნებრივია, ვერ შეძლებს. თუმცა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მიუბრუნდეს მომავალი ფილმის შექმნის იდეას...

არც ისე დიდი ხნის წინ კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა საქართველოს კინოაკადემიის წევრმა, საპატიო პროფესორმა, კინორეჟისორმა თენგიზ მალანიამ, რომელმაც საკონკურსო თემად შეარჩია საქართველოში მოქმედი ინტეგრირებული თეატრი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. კონკრეტულად რაზეა საუბარი და რა აქვს ჩაფიქრებული რეჟისორს, ამის თაობაზე თავად მოგვითხრობს.

თენგიზ მალანია
თენგიზ მალანია

- ბატონო თენგიზ, ჯერ იმას გკითხავთ, თქვენთვის რა მოიტანა ახალმა რეალობამ და რა შეცვალა?

- შეცვალა, საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა და მოიტანა... ახლა უკვე სხვანარად ვუყურებ სამყაროს, ალბათ ასეთ დროს ყველა მოაზროვნე ადამიანს შეიძლება მსოფლმხედველობაც შეეცვალოს. ყველა, ვინც აზროვნებს, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანმა, თურმე, ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა განვლოს. ყველას უნდა მილიონერი გახდეს, მაგრამ ფული, რომელიც თავისუფლების სიმბოლოა, მორალისგან არ გათავისუფლებს. ასეთ დროს ხვდები, რომ ყველაფერი, ჩვენი ყოველდღიური ფაფხური ფუჭი და ამაოა. ცხოვრების დევიზი უნდა გახდეს მინიმალიზაცია. მთავარი ჯანმრთელობა და ახლობელი ადამიანების კეთილდღეობაა, ნაკლები დარდი, ნაკლები შუღლი და ნაკლები ლტოლვა ლიდერობისკენ. რადგან ერთი წამიც საკმარისია და ჰაერისგან ნაგები ეს კოშკი გაცამტვერდება და გაქრება. ხვდები, რომ ყველაფერი არარაობაა. ჩემთვის ამის გაცნობიერება მოიტანა ახალმა რეალობამ, მინიმუმი უნდა გქონდეს ადამიანს და ბედნიერი იქნები...

ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი
ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"

- სახლში დარჩენის სიკეთეს როგორ შეაფასებთ?

- კარანტინის დროს არ გავჩერებულვარ - არქივში გაფანტული ჩემი ფილმები დავალაგე და დავახარისხე, მარტო საკუთარი არა, მეგობრების, თანაკურსელების ფილმებიც. სხვათა შორის, ამ დროს ბევრმა დაკარგულმა ახლობელმა მიპოვა. სოციალურ ქსელებში მოულოდნელად 40 წლის წინ საქართველოდან წასული ადამიანი შემეხმიანა. ეს გახლავთ ვოვა ზარიძე, რომელიც კინემატორგაფიის კომიტეტში მუშაობდა. ასეთ დროს მისმა გამოჩენამ ძალიან გამახარა. ასევე კიდევ ერთხელ მივუბრუნდი იმ პროექტს, რომლის განაცხადიც სამინისტროში უკვე შეტანილია. იმედი მაქვს, ყველაფერი როცა დალაგდება, ის თავის სიტყვას იტყვის.

ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი
ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"

- კონკრეტულად მოგვიყევით, რა პროექტზეა საუბარი?

- „ახდენილი ოცნება“ - ასე ეწოდება კინოპროექტს, რომლის სინოფსისი, ანუ მოკლე სასცენარო განაცხადი საქართველოს კულტურის სამინისტროში შევიტანეთ. ეს პროექტი მონაწილეობას იღებს კონკურსში, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სამინისტრომ გამოაცხადა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა უმცროსმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიამ ლომთათიძემ, რომელიც გახლავთ ავტორი და ხელმძღვანელი გრანდიოზული პროექტისა „საერთაშორისო კულტურის სივრცე“, გამიზიარა იდეა, რომ შეგვექმნა კინოსიუჟეტი ახალგაზრდა მხატვარზე, რომელიც შშმ პირია და ამ პროექტის ემბლემაზე მუშაობს. შემდგომში კალეიდოსკოპური სისწრაფით განვითარდა მოვლენები, რამაც ჩვენი შემოქმედებითი გეგმები ძირეულად შეცვალა. საქმე ის გახლავთ, რომ იანვრის თვეში თბილისში, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლის სცენაზე სრულიად უჩვეულო სპექტაკლი გაიმართა...

ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი
ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი"

- რაში მდგომარეობს ამ სპექტაკლის უჩვეულობა?                                                                                 

- შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებობს მსოფლიოში ლამის ერთადერთი ინკლუზიური (ინტეგრირებული) თეატრი, რომლის სცენაზე პროფესიონალ მსახიობებთან ერთად შშმ პირებიც გამოდიან. თეატრის სახელწოდება გახლავთ „აზდაკის ბაღი“, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელია ქალბატონი ქეთი ქიმოსტელი. მათ რეპერტუარში რამდენიმე სპექტაკლია, ესენია: ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“, ნოდარ დუმბაძის „ბოშები“ და სხვ. სხვათა შორის, ლუარსაბ თათქარიძისა და დარეჯანის როლებს არაპროფესიონალი მსახიობები ასრულებენ, თანაც იმდენად ოსტატურად, რომ სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე მაყურებელი ვერც ხვდება, რომ მათ წინაშე დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არიან. აქვე გეტყვით, რომ ქეთი ქიმოსტელი პროფესიით ფსიქოლოგია და ამ საქმეს მეცნიერულ-შემოქმედებითად მიუდგა. ასეთი შთამბეჭდავი შედეგი ალბათ ვერ მიიღწეოდა, რომ არა მისი მეუღლე და თანამოაზრე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ივანე გაბრუაშვილი, რომელიც ბრწყინვალე რეჟისორი და მსახიობია. ეს თეატრი შეიფარა, უფრო მეტიც, “იშვილა“ საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, კერძოდ, მისმა თავმჯდომარემ, ცნობილმა ქართველმა მხატვარმა გიორგი გეგეჭკორმა, რომელიც ლეგენდარული მსახიობის გოგი გეგეჭკორის ვაჟი გახლავთ.

თენგიზ მალანია
თენგიზ მალანია

- კინოვერსიისთვის სცენარის შექმნა რომელი სპექტაკლის მიხედვით და ვისთან ერთად გადაწყდა?

- ორიგინალური კინოვერსიისთვის სცენარის შექმნა ხსენებული ინტეგრირებული თეატრის სპექტაკლის „სამგროშიანი ოპერის“ მიხედვით ქალბატონ მარიამ ლომთათიძესთან ერთად გადაწყდა. ფილმი მსოფლიოს დაარწმუნებს იმაში, რომ არა მარტო ქართულ პროფესიულ თეატრებს შეუძლიათ განაცვიფრონ მაყურებელი, არამედ ეს საქართველოში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოყვარულ მსახიობებსაც ძალუძთ. იმედს ვიტოვებთ, რომ კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილი საკონკურსო ჟიური ჩვენ მიერ წარდგენილი კინოპროექტის მნიშვნელობას სწორად შეაფასებს. მჯერა, მომავალი ფილმი კიდევ ერთხელ მიიპყრობს მსოფლიოს ყურადღებას ე.წ. „განსხვავებული“ ადამიანებისადმი, რომლებსაც დღეს ალბათ ჩვენზე მეტად უჭირთ პრობლემებთან გამკლავება და თანადგომაც სხვებზე მეტად სჭირდებათ...

300
საზოგადოება

რატომ არ მოსწონთ ქალებს გენიოსების წიგნები

49
(განახლებულია 16:46 04.06.2020)
ბელადს, რომელიც თავის ხალხს სისხლითა და ოფლით აშინებს, უფრო დიდი ნდობა აქვს, ვიდრე პოლიტიკოსს, რომელიც ხალხს კეთილდღეობასა და აყვავებას ჰპირდება...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ჯორჯ ორუელის გამონათქვამებს.

ჯორჯ ორუელი
ჯორჯ ორუელი

ჯორჯ ორუელი (George Orwell, 1903–1950) – ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი. მისი ნამდვილი სახელია ერიკ ართურ ბლერი. ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია რომანი „1984“ და იგავი „ცხოველების ფერმა“. ორუელია ავტორი ტერმინისა „ცივი ომი“, რომელმაც შემდგომში ფართო გამოყენება ჰპოვა.

·        ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ წარუმატებლებს, ქურდებს, მოღალატეებსა და თაღლითებს, მათი მსხვერპლი არ არიან. ისინი თანამონაწილეები არიან.

·        ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ სურს, შესაბამისად, ძალაუფლება ყოველთვის არანორმალურების ხელშია.

·        სოციალიზმის (ისევე, როგორც ქრისტიანობის) ყველაზე უარესი რეკლამა მისი მიმდევრებია.

·        გენიოსის უტყუარი ნიშანი: მისი წიგნები ქალებს არ მოსწონთ.

·        თუ ცხოვრების მთავარი მიზანი არა განვლილი წლების რაოდენობა, არამედ ღირსება და პატიოსნებაა, მაშინ რა განსხვავებაა, როდის მოკვდები?

თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>

·        თავისუფლება – ესაა უფლება ელაპარაკო ადამიანებს ის, რისი მოსმენაც მათ არ სურთ.

·        ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები.

·        ომი – ეს მშვიდობაა. თავისუფლება – მონობაა. არცოდნა – ძალა.

·        ათიდან ცხრა შემთხვევაში რევოლუციონერი – ესაა მთამსვლელი ბომბით ჯიბეში.

·        ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც მოიხმარს და არაფერს აწარმოებს.

·        პატრიოტიზმი თავისი ბუნებით არ არის აგრესიული არც სამხედრო და არც კულტურული გაგებით. ნაციონალიზმი კი ძალაუფლებისადმი მისწრაფებისგან განუყოფელია.

·        სანამ ფიქრს არ ისწავლიან, არ აჯანყდებიან, მაგრამ მანამ, სანამ არ აჯანყდებიან, ფიქრს ვერ ისწავლიან.

·        რაც უფრო შორდება საზოგადოება სიმართლეს, მით უფრო ვერ იტანს მათ, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს.

·        ომის დამთავრების უსწრაფესი ხერხი მისი წაგებაა.

·        ის, ვინც წარსულს მართავს, მართავს მომავალს. ის, ვინც აწმყოს მართავს, მართავს წარსულს.

·        ბელადი, რომელიც თავის ხალხს სისხლით, მძიმე შრომით, ცრემლითა და ოფლით აშინებს, უფრო დიდი ნდობით სარგებლობს, ვიდრე პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს კეთილდრეობასა და აყვავებას ჰპირდება.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

·        სერიოზულ სპორტს არაფერი აქვს საერთო პატიოსან თამაშთან. სერიოზული სპორტი – ესაა ომი, მინუს მკვლელობა.

·        თითოეული თაობა თავს მიიჩნევს წინა თაობაზე უფრო ჭკვიანად და მომდევნო თაობაზე უფრო ბრძენად.

·        კარგი წიგნი ამბობს იმას, რაც ისედაც ცნობილია.

·        რევოლუციონერების უმრავლესობა პოტენციური კონსერვატორები არიან.

·        ყოველ ნაციონალისტს არ შორდება ფიქრი, რომ წარსულის შეცვლა შეიძლება და უნდა შეიცვალოს.

·        როდესაც ომს ბოლო არ უჩანს, ის უკვე აღარ არის საშიში.

·        ომის მთელი პროპაგანდა, ყვირილი, ტყუილი და სიძულვილი უცვლელად მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ იბრძვიან.

·        რეპრესიების მიზანი რეპრესიებია. წამების მიზანი – წამება. ხელისუფლების მიზანი – ძალაუფლება.

·        იერარქიული საზოგადოება შესაძლებელია მხოლოდ სიღატაკისა და უცოდინრობის საფუძველზე.

·        ადამიანები მშიერი მუცლით არასდროს ვარდებიან სასოწარკვეთილებაში. მათ არც კი იციან, ეს რა არის...

49
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
თეა თავაძე

ქართველი ექიმი, რომელიც სტამბულში ქალებს ჰიპნოზით ამშობიარებს

1042
(განახლებულია 22:48 03.06.2020)
ჩვენი რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად თურქეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ექიმს თეა თავაძეს გაგაცნობთ.

ქართველი ექიმი სტამბულის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიური კლინიკის წამყვანი სპეციალისტია. ის ურთულეს გინეკოლოგიურ ოპერაციებს ატარებს და იმავე კლინიკაში წყალში მშობიარობის განყოფილების დამაარსებელიც გახლავთ. ამავე სფეროში კოლეგებთან ერთად მუშაობს ისეთ ინოვაციურ მეთოდზე, როგორიცაა ჰიპნოზით მშობიარობა. ფლობს რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს.

თავის დროზე დიპლომი დაიცვა ისეთ თემაზე, როგორიცაა ვაგინალური ექოსკოპიის როლი ადრეული ორსულობის პერიოდში, რაც შემდგომ წიგნის სახით გამოიცა. დღეს კლინიკაში (Atlas Üniversitesi Edicine hospital) მუშაობის პარალელურად ლექციებსაც კითხულობს.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ქალბატონო თეა, როგორ და როდის აღმოჩნდა ქართველი მედიკოსი თურქეთის სამედიცინო სფეროში?

- თურქეთში ჩამოსვლამდე, 1998 წელს საქართველოში პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია დავამთავრე. თურქეთში ჩემი ჩამოსვლა დეიდაჩემის ნესტან სოფაძის რჩევით მოხდა. იმ პერიოდში დეიდა თურქეთის ერთ-ერთ კონსერვატორიაში მუსიკის პედაგოგად მოღვაწეობდა. სწორედ მისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მოქმედებდა. ექვსი თვის მანძილზე თურქ სტუდენტებთან ერთად კლინიკაში ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი პრაქტიკულ სამუშაოებში.

თეა თავაძე სამუშაო გარემოში
თეა თავაძე სამუშაო გარემოში

- რამ მოახდინა თქვენზე მაშინ შთაბეჭდილება?

- იმ ექვსი თვის განმავლობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის სამედიცინო განათლების დონემ. გადავწყვიტე, რომ ისევ დავბრუნებულიყავი სტამბულში და მაგისტრატურაში აქ ჩამებარებინა. ძალიან დიდი შრომისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ (რისთვისაც სამი წელი დამჭირდა) მარმარის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი მეან-გინეკოლოგის სპეციალობაზე, სადაც ექვსი წელი ვისწავლე და ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტი ვიყავი.

ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად
ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად

- ამ ეტაპზე რა სახის კვლევებზე გიწევთ მუშაობა?

- ვაწარმოებ გარკვეულ კვლევებს და ვახორციელებ ფიზიოლოგიურ მშობიარობას პირველი, მეორე და მესამე საკეისროს შემდეგ, რომელიც ძალიან რთული პროცესია. მოგეხსენებათ, თურქული ტრადიციები მრავალშვილიანობის მომხრეა, საკეისრო კვეთა კი მრავალშვილიანობას, ასე თუ ისე, აფერხებს. მე, როგორც ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რთულ მშობიარობებს ვუწევ მეთვალყურეობას. გარდა იმისა, რომ მეან-გინეკოლოგი ვარ, დამატებით ვფლობ რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს, რომელსაც მხოლოდ ჩემ სპეციალობაში ვიყენებ.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თურქეთში ისეთ უჩვეულო და უნიკალურ მეთოდზე მუშაობთ, როგორიცაა ჰიპნოზით მშობიარობა, როგორ ხდება მსგავსი რამ?

- ჰიპნოზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ძილს, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმნის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი პაციენტი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა პაციენტი თავისუფლად გამოხატავს ემოციას – ტირის, ყვირის, შეკითხვებზე თავისუფლად გცემს პასუხს. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორსულობის პერიოდში შთაგონების მეშვეობით ვახერხებთ პაციენტის ქვეცნობიერის კონტროლს, რომელიც მშობიარობის პერიოდში ექიმის მითითებებს ექვემდებარება.

თეა თავაძე ოჯახურ გარემოში
თეა თავაძე ოჯახურ გარემოში

- რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი?

- ჰიპნოზით მშობიარობა სრულიად უსაფრთხო მეთოდია, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. მშობიარობის შემდეგ პაციენტი რამდენიმე წამში გარკვეული მითითების შემდეგ ისევ უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. ეს ახალი ტენდენციაა თურქეთში და ჩვენი უნივერსიტეტი ჯერჯერობით მხოლოდ მეორე იქნება, სადაც ჰოპნოზით მშობიარობა განხორციელდება.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ვიცი, რომ დისერტაციაზეც მუშაობთ, რა თემას ეხება თქვენი ნაშრომი?

- ამჟამად საერთაშორისო კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ თემაზე, რომელიც ეხება ორსულობამდე და ორსულობის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგებს მშობიარობის პერიოდში.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თქვენი მეუღლე თურქეთელი ქართველების შთამომავალია, ალბათ ამანაც განაპირობა ამ ქვეყანაში თქვენი ოჯახის საბოლოოდ დამკვიდრება...

- ჩემი მეუღლე ქემალ იემი (iyem), ირემაძე წარმოშობით მაჭახელადანაა. დედამთილი მარიამ ქავთარაძეა, მამამთილი ნევზათ ირემაძე გარდაცვლილია. იმ პერიოდში თურქეთში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო მეუღლის მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ბელგიაში, სადაც ჩემი მეუღლე დაიბადა და გაიზარდა. იქ ცხოვრობდნენ ოცი წლის განმავლობაში, მიიღეს ბელგიის მოქალაქეობა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად ისევ სტამბულში გადავიდნენ. შემდეგ ჩემმა მეუღლემ დაიწყო თურქეთსა და საქართველოს შორის წარმატებული ბიზნეს-საქმიანობა, რის გამოც ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა, ჩემს ორივე შვილსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

თეა თავაძე ოჯახთან ერთად
თეა თავაძე ოჯახთან ერთად

- საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ და სამომავლოდ საქმიანობის აქ გაგრძელებას თუ აპირებთ?

- რაც შეეხება საქართველოში ჩემს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კლინიკებიდან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა, ჯერჯერობით არ ვაპირებ, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიონალური გეგმების განხორციელებაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. იქ ძალიან ხშირად ჩავდივარ ოჯახთან ერთად. ჩემი შვილები მთელი ზაფხულის განმავლობაში ბებიასთან და ბაბუასთან ისვენებენ. ისინი ქართულს ძალიან კარგად ფლობენ, ისიც კარგად იციან, რომ მათ გენებში ქართული სისხლია, საქართველო კი მათი მშობლიური ქვეყანა...

 

1042
თემები:
ქართველები უცხოეთში
მშრალი ხიდი

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები და მთავრობის სტრატეგია

0
(განახლებულია 16:37 04.06.2020)
მთავრობის მხრიდან დახმარების ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალური გადასახადებისგან მოქალაქეების გათავისუფლება და  საბანკო სესხების გადავადება

 

თბილისი, 4 ივნისი  - Sputnik.  კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს ბევრი  ლოდინის დრო და შესაძლებლობა, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ–მინისტრის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გლობალური გამოწვევაა და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიც გლობალური პრობლემაა, მთავრობამ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გააკეთოს თავისი საქმე.

 „ჩვენ კარგად გვესმის, რომ კრიზისიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, უჭირთ.  ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

სწორედ ამიტომაც მთავრობის ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალურ გადასახადებზე დახმარება, საბანკო სესხების გადავადება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

 „ამან მოგვცა შესაძლებლობა მოგვეგო დრო, უკეთ გავრკვეულიყავით გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ ჩვენ გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და რომლითაც ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა პრემიერმა. 

გახარიამ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ვარიანტს მთავრობა განსახილველად მოქალაქეებს წარუდგენს.

 „ყოველთვის ვამბობდი, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია – ეს სხვა ისტორია, სხვა გეგმაა. იგი სხვა დონის მუშაობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრები, ჩართული არიან ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობის პროცესში“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ეს არის ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელზეც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერები, ასევე აუდიტორული კომპანია Deloitte–ის ნიუ–იორკის ოფისის ანალიტიკოსები. აღნიშნული გეგმა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს პოსტპანდემიურ ეკონომიკასა და გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური.


0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა