კოლეგებთან ერთად

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „კლასში არავინ იყო, დაფაზე კი წარწერა...“

513
(განახლებულია 22:18 07.04.2020)
„აღზრდა ხელოვნებაა, რომლის სრულყოფა მრავალ თაობაში ხდება“ - ეს ფილოსოფოს იმანუელ კანტის მოსაზრებაა. ჩვენმა რესპონდენტმა ამ აზრის სისწორე საკუთარ თავზე გამოსცადა...

ქალბატონი ნანა იაშვილი 31 წელია, რაც კასპის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელია და უკვე სამი თაობა გამოზარდა. ამ ხნის მანძილზე მარტო მშობლიური ენა კი არ შეასწავლა ბავშვებს, ურთიერთობების ხელოვნებასაც აზიარა და, შეიძლება ითქვას, თავადაც ბევრი რამ ისწავლა მათგან...

ნანა იაშვილი
ნანა იაშვილი

- ქალბატონო ნანა, დღეს ხარებაა, გილოცავთ, როგორია ამ დღის განწყობა?

- ვულოცავ ყველას ამ დღეს, სიხარული დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება პატარებსაც და დიდებსაც. სასიხარულოა, რომ ჩვენთან დილიდან ლეტალური შემთხვევა არ დაფიქირებულა. ალბათ როცა ყველაფერი გადაივლის, მერე უფრო დავაფასებთ თითოეულ დღეს, უკვე ძალიან მენტარება ჩემი სკოლა და ბავშვები, მახარებს, რომ მათაც იგივე გრძნობა აქვთ...

- მაინტერესებს, 31 წელი ერთ სკოლაში მუშაობა - ეს რთულია თუ, პირიქით, აიოლებს მასწავლებლის სამუშაოს?

- რადგანაც სამ ათეულ წელზე მეტია ერთ სკოლაში ვმუშაობ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თაობები გავზარდე. დღეს ჩემ მოსწავლეთა დიდი ნაწილის მშობლებიც ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან, თითოეული მათგანი ძალიან კარგად მახსოვს და ეს, ბუნებრივია, ორივე თაობასთნ მუშაობას და ურთიერთობას მიადვილებს. მასწავლებლობა რთული სამუშაოა, უამრავ ბავშვთან და მშობელთან გიწევს ურთიერთობა, თითოეულს უნდა გაუგო, მოუსმინო და მათი ცხოვრების მონაწილე გახდე. ამდენი წლის მანძილზე ისე შევეჩვიე ჩემს სკოლას, რომ უკვე მეორე ოჯახად მიმაჩნია და ისევე მიხარია იქ მისვლა, როგორც საკუთარ სახლში.

ექსკურსიაზე
ექსკურსიაზე

- გაიხსენეთ წლების წინ როგორ შეხვდნენ მაღალი კლასის მოსწავლეები მათ ახალგაზრდა მასწავლებელს?

- სკოლაში მუშაობა 23 წლის ასაკში დავიწყე. სპეციალობიდან გამომდინარე, მასწავლებლობის დაწყება უფროს კლასელებთან მომიწია. ზოგადად ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს უყვართ. ცდილობენ მასთან დამეგობრებას, თითქოს უფრო ენდობიან კიდეც და უფრო გულახდილებიც არიან. თუმცა ისიც ხდება, რომ ზოგჯერ ახალგაზრდა პედაგოგი საკუთარ თავს უფროსად წარმოაჩენს მოსწავლეებთან და ამის მერე მათ შორის გაუცხოება და უნდობლობა იწყება.

- თუ დააკვირდით, რომელ ჩვევას არ ღალატობენ ხოლმე ბავშვები?

- ბავშვებს აქვთ ასეთი ჩვევა: ახალი მასწავლებლის შესახებ ერთმანეთს ეკითხებიან ხოლმე და რა „იარლიყსაც“ მოგაწებებს ერთი კლასი, შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ მოიშორო. მეც მყავდნენ ახალგაზრდა მასწავლებლები და ჩემთვის უცხო არ იყო ეს გრძნობა, ამიტომაც შევეცადე თავიდანვე ახლო ურთიერთობა მქონოდა მათთან და დღესაც ასე გრძელდება. როგორი მცირე ასაკისაც უნდა იყოს ჩემი მოსწავლე, მას, პირველ რიგში, სრულფასოვან პიროვნებად აღვიქვამ და ვცდილობ საკუთარი თავის მიმართაც ასეთივე დამოკიდებულება გავუჩინო. ეს კი მეხმარება მოსწავლეებთან ურთიერთობაში, ამიტომაცაა, რომ ბევრი მათგანისთვის მასწავლებელთან ერთად უფროსი მეგობარიც ვარ. თუმცა ზღვარი ჩვენს შორის ყოველთვის არსებობს.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- გახსოვთ პირველი გაკვეთილი როგორ ჩატარდა?

- ჩემი პირველი გაკვეთილი მეთერთმეტე დამამთავრებელ კლასში მქონდა. ძალიან თავდაჯერებულმა და, რომ იტყვიან, გაკვეთილისთვის კარგად მომზადებულმა ავიღე ხელში ჟურნალი და საკლასო ოთახში შევედი. თუმცა, როცა იქ თითქმის ჩემი ტოლი გოგო-ბიჭები დავინახე, გავშრი, მგონი, თავიდან თვითონაც დაიბნენ. როგორც იქნა, მოვახერხე და გავეცანი, შემდეგ თითოეულს საკუთარი თავი წარმოვადგენინე (რაც გეგმაში სულაც არ მქონია) და გაკვეთილიც დამთავრდა. საერთოდ დამავიწყდა ჩემი გეგმა-კონსპექტი, რომელიც წინა ღამით საგულდაგულოდ შევადგინე. სამაგიეროდ, ურთიერთობა ძალიან კარგად გავაგრძელეთ.

- საერთოდ ყოველი თაობა ათი წლით განისაზღვრება, ამ წლების მანძილზე სამი განსხვავებული თაობა გაზარდეთ, როგორია მათ შორის მსგავსება და განსხვავება?

- როგორც გითხარით, დღეს ჩემი ყოფილი მოსწავლეების შვილებს ვასწავლი, თაობები ძალიან შეიცვალა. ის თაობა, რომელთანაც პირველად მომიწია მუშაობა, უფრო სერიოზული იყო, მიზანდასახული, დღევანდელი ახალგაზრდებივით ყველა სტუდენტობაზე არ ფიქრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ უმეტესობა დიდ ცხოვრებას შრომით იწყებდა. მხოლოდ საუკეთესო მოსწავლეები აბარებდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. მეორე თაობა ე.წ. 90-იანები იყვნენ, რომლებმაც ძალიან ბევრი გაჭირვება, სიცივე და შიმშილი ნახა. მათ თანადგომას და გამხნევებას ყოველთვის ვცდილობდი. მათ ვასწავლე, რომ ბევრი ეკითხათ, რათა სირთულეებს შეჭიდებოდნენ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედით ეცხოვრათ. კიდევ ერთმანეთის გვერდით მდგარიყვნენ და გასაჭირში გული არ გაეტეხათ. მეამაყება, რომ ძალიან ბევრი ჩემი მოსწავლე დღეს საკმაოდ წარმატებული ადამიანია და ამ წარმატებაში მეც მიმიძღვის პატარა წვლილი. რაც შეეხება დღევანდელ მოსწავლეებს, ისინი ცოტა გათამამებული და ტექნიკურ პროგრესზე დამოკიდებული თაობაა, უფრო თამამი, ლაღები და გახსნილები არიან.

სამასწავლებლოში
სამასწავლებლოში

- სხვადასხვა თაობის ბავშვებთან ურთიერთობისას საკუთარ პიროვნებაში თუ გიწევდათ გარკვეული „კორექტივების“ შეტანა?

- ბუნებრივია, კორექტივების შეტანა საკუთარ თავშიც მიწევდა. წლებმა გამოცდილება შემმატა. რის გამოც ადრე შეიძლება დამეტუქსა მოსწავლე, ახლა მხოლოდ საყვედურით შემოვიფარგლები. მათ უკვე იციან, რომ ტყუილი და უპასუხისმგებლობა არ მიყვარს და მათგანაც სწორედ ამას ვითხოვ, განსაკუთრებით უფროსი ასაკის მოსწავლეებისგან. სასწავლო წლის დასაწყისში ერთგვარ შეთანხმებასავით პირობას ვდებთ ხოლმე, ანუ ვთანხმდებით იმაში, თუ რას მოელიან ჩემგან, რაც ძირითადად საინტერესო ექსკურსია ან პროექტია და რას მოველი მათგან - ეს კარგი აკადემიური შედეგები და პიროვნული ღირსების სრულყოფაა. სასწავლო წლის მანძილზე ჩვენი პირობის შესრულებას ვცდილობთ. ბოლო დროს ვგრძნობ, რომ უფრო დამთმობი ვხდები და მოსწავლეებს ხშირად პატარ-პატარა ეშმაკობებს ვპატიობ...

- ონლაინ გაკვეთილებმა გაუადვილა მასწავლებელს შრომა თუ პირიქით?

- ძალიან ცუდია, რომ ამ მძიმე სიტუაციის გამო მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთს „დაშორდნენ“. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, საგაკვეთილო პროცესის მართვა კი, ჩემი აზრით, ნამდვილი ხელოვნება. ვფიქრობ, რომ ონლაინ გაკვეთილებმა დაგვაზარალა მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, რადგან ის ურთიერთობა უკვე აღარ არის, მოსწავლეს თავზე რომ ხელს გადაუსმევდი. მის გაბრწყინებულ თვალებს ვეღარ ხედავ, ჭირს მასალის ახსნა და ემოციაც ნაკლებია. ასევე ვერ ხერხდება თვალსაჩინოებების გამოყენება, პრეზენტაციების მოწყობა და კიდევ ათასი წვრილმანი. ვფიქრობ, ბავშვებსაც მოენატრათ სკოლა, რადგან უკვე მონდომებით ერთვებიან ვიდეო-გაკვეთილებში. ერთმა ზარმაცმა მოსწავლემ შემომჩივლა - არ მეგონა ოდესმე ამას თუ ვიტყოდი, მაგრამ სკოლა მომენატრაო. სკოლა მარტო ცოდნის ტაძარი ხომ არ არის, ის ურთიერთობების სასწავლებელიცაა. მასწავლებლობა იმითაა საინტერესო, რომ არც ერთი დღე მეორეს არ ჰგავს და სიურპრიზებითაა სავსე. ჩემს მოსწავლეებს, როდესაც პროფესიის არჩევაზე ვსაუბრობთ, ამას სულ მუდამ ვუმეორებ.

- ყველა მასწავლებელს აქვს გასახსენებელი სკოლასთან დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებული ამბავი, რომლის მოყოლასაც იწყებს სიტყვებით "მახსოვს, ერთხელ..."

- ასეთი ბევრია. ერთხელ ქალაქში პირველი თოვლი მოვიდა. გაკვეთილი ჩემს სადამრიგებლო კლასში მქონდა. შევდივარ და იქ არავინ მხვდება. დაფაზე კი წარწერაა: „ნანა მასწავლებელო, ცოტას ვიგუნდავებთ და მალე მოვალთ, არ გეწყინოთ“. წინა გაკვეთილი ფიზკულტურა ჰქონდათ, მაშინ დაუწყიათ გუნდაობა და თამაში. სანამ დაფაზე დაწერილის კითხვას დავამთავრებდი, კარი გაიღო და ბავშვები თოვლში ამოგუნგლულები შემოვიდნენ, თვალები უბრწყინავდათ. თოვლის პაპაც მომიყვანეს სტუმრად, რომელიც მალე გადავუშვით ფანჯრიდან, რადგან დნობა დაიწყო. მთელი გაკვეთილი ემოციურად და ტანსაცმლის ბერტყვაში გავიდა. სამაგიეროდ მეორე დღეს ყველას ძალიან ლამაზი ჩანახატი ჰქონდა დაწერილი...

- იდეალური მასწავლებელი როგორია?

- პირველ რიგში, ბავშვები უნდა უყვარდეს, საგანი კარგად იცოდეს და პატივს სცემდეს პროფესიას, ყველაფერს უნდა აკეთებდეს პროფესიული სრულყოფისთვის. რაც არანაკლებ მთავარია, საკუთარი პრობლემები სკოლის გარეთ უნდა დატოვოს და მოსწავლეებთან პირადი პრობლემები დაივიწყოს. ბოლოს, ყველა პედაგოგს ვუსურვებ, რომ თავისი მოღვაწეობის ბოლოს ამაყად ეთქვას სიტყვები: ჩემი პროფესიული ვალი ქვეყნის წინაშე პირნათლად მოვიხადე...

 

513
საზოგადოება

რატომ არ მოსწონთ ქალებს გენიოსების წიგნები

50
(განახლებულია 16:46 04.06.2020)
ბელადს, რომელიც თავის ხალხს სისხლითა და ოფლით აშინებს, უფრო დიდი ნდობა აქვს, ვიდრე პოლიტიკოსს, რომელიც ხალხს კეთილდღეობასა და აყვავებას ჰპირდება...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ჯორჯ ორუელის გამონათქვამებს.

ჯორჯ ორუელი
ჯორჯ ორუელი

ჯორჯ ორუელი (George Orwell, 1903–1950) – ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი. მისი ნამდვილი სახელია ერიკ ართურ ბლერი. ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია რომანი „1984“ და იგავი „ცხოველების ფერმა“. ორუელია ავტორი ტერმინისა „ცივი ომი“, რომელმაც შემდგომში ფართო გამოყენება ჰპოვა.

·        ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ წარუმატებლებს, ქურდებს, მოღალატეებსა და თაღლითებს, მათი მსხვერპლი არ არიან. ისინი თანამონაწილეები არიან.

·        ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ სურს, შესაბამისად, ძალაუფლება ყოველთვის არანორმალურების ხელშია.

·        სოციალიზმის (ისევე, როგორც ქრისტიანობის) ყველაზე უარესი რეკლამა მისი მიმდევრებია.

·        გენიოსის უტყუარი ნიშანი: მისი წიგნები ქალებს არ მოსწონთ.

·        თუ ცხოვრების მთავარი მიზანი არა განვლილი წლების რაოდენობა, არამედ ღირსება და პატიოსნებაა, მაშინ რა განსხვავებაა, როდის მოკვდები?

თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>

·        თავისუფლება – ესაა უფლება ელაპარაკო ადამიანებს ის, რისი მოსმენაც მათ არ სურთ.

·        ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები.

·        ომი – ეს მშვიდობაა. თავისუფლება – მონობაა. არცოდნა – ძალა.

·        ათიდან ცხრა შემთხვევაში რევოლუციონერი – ესაა მთამსვლელი ბომბით ჯიბეში.

·        ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც მოიხმარს და არაფერს აწარმოებს.

·        პატრიოტიზმი თავისი ბუნებით არ არის აგრესიული არც სამხედრო და არც კულტურული გაგებით. ნაციონალიზმი კი ძალაუფლებისადმი მისწრაფებისგან განუყოფელია.

·        სანამ ფიქრს არ ისწავლიან, არ აჯანყდებიან, მაგრამ მანამ, სანამ არ აჯანყდებიან, ფიქრს ვერ ისწავლიან.

·        რაც უფრო შორდება საზოგადოება სიმართლეს, მით უფრო ვერ იტანს მათ, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს.

·        ომის დამთავრების უსწრაფესი ხერხი მისი წაგებაა.

·        ის, ვინც წარსულს მართავს, მართავს მომავალს. ის, ვინც აწმყოს მართავს, მართავს წარსულს.

·        ბელადი, რომელიც თავის ხალხს სისხლით, მძიმე შრომით, ცრემლითა და ოფლით აშინებს, უფრო დიდი ნდობით სარგებლობს, ვიდრე პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს კეთილდრეობასა და აყვავებას ჰპირდება.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

·        სერიოზულ სპორტს არაფერი აქვს საერთო პატიოსან თამაშთან. სერიოზული სპორტი – ესაა ომი, მინუს მკვლელობა.

·        თითოეული თაობა თავს მიიჩნევს წინა თაობაზე უფრო ჭკვიანად და მომდევნო თაობაზე უფრო ბრძენად.

·        კარგი წიგნი ამბობს იმას, რაც ისედაც ცნობილია.

·        რევოლუციონერების უმრავლესობა პოტენციური კონსერვატორები არიან.

·        ყოველ ნაციონალისტს არ შორდება ფიქრი, რომ წარსულის შეცვლა შეიძლება და უნდა შეიცვალოს.

·        როდესაც ომს ბოლო არ უჩანს, ის უკვე აღარ არის საშიში.

·        ომის მთელი პროპაგანდა, ყვირილი, ტყუილი და სიძულვილი უცვლელად მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ იბრძვიან.

·        რეპრესიების მიზანი რეპრესიებია. წამების მიზანი – წამება. ხელისუფლების მიზანი – ძალაუფლება.

·        იერარქიული საზოგადოება შესაძლებელია მხოლოდ სიღატაკისა და უცოდინრობის საფუძველზე.

·        ადამიანები მშიერი მუცლით არასდროს ვარდებიან სასოწარკვეთილებაში. მათ არც კი იციან, ეს რა არის...

50
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
თეა თავაძე

ქართველი ექიმი, რომელიც სტამბულში ქალებს ჰიპნოზით ამშობიარებს

1092
(განახლებულია 22:48 03.06.2020)
ჩვენი რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად თურქეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ექიმს თეა თავაძეს გაგაცნობთ.

ქართველი ექიმი სტამბულის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიური კლინიკის წამყვანი სპეციალისტია. ის ურთულეს გინეკოლოგიურ ოპერაციებს ატარებს და იმავე კლინიკაში წყალში მშობიარობის განყოფილების დამაარსებელიც გახლავთ. ამავე სფეროში კოლეგებთან ერთად მუშაობს ისეთ ინოვაციურ მეთოდზე, როგორიცაა ჰიპნოზით მშობიარობა. ფლობს რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს.

თავის დროზე დიპლომი დაიცვა ისეთ თემაზე, როგორიცაა ვაგინალური ექოსკოპიის როლი ადრეული ორსულობის პერიოდში, რაც შემდგომ წიგნის სახით გამოიცა. დღეს კლინიკაში (Atlas Üniversitesi Edicine hospital) მუშაობის პარალელურად ლექციებსაც კითხულობს.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ქალბატონო თეა, როგორ და როდის აღმოჩნდა ქართველი მედიკოსი თურქეთის სამედიცინო სფეროში?

- თურქეთში ჩამოსვლამდე, 1998 წელს საქართველოში პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია დავამთავრე. თურქეთში ჩემი ჩამოსვლა დეიდაჩემის ნესტან სოფაძის რჩევით მოხდა. იმ პერიოდში დეიდა თურქეთის ერთ-ერთ კონსერვატორიაში მუსიკის პედაგოგად მოღვაწეობდა. სწორედ მისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მოქმედებდა. ექვსი თვის მანძილზე თურქ სტუდენტებთან ერთად კლინიკაში ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი პრაქტიკულ სამუშაოებში.

თეა თავაძე სამუშაო გარემოში
თეა თავაძე სამუშაო გარემოში

- რამ მოახდინა თქვენზე მაშინ შთაბეჭდილება?

- იმ ექვსი თვის განმავლობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის სამედიცინო განათლების დონემ. გადავწყვიტე, რომ ისევ დავბრუნებულიყავი სტამბულში და მაგისტრატურაში აქ ჩამებარებინა. ძალიან დიდი შრომისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ (რისთვისაც სამი წელი დამჭირდა) მარმარის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი მეან-გინეკოლოგის სპეციალობაზე, სადაც ექვსი წელი ვისწავლე და ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტი ვიყავი.

ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად
ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად

- ამ ეტაპზე რა სახის კვლევებზე გიწევთ მუშაობა?

- ვაწარმოებ გარკვეულ კვლევებს და ვახორციელებ ფიზიოლოგიურ მშობიარობას პირველი, მეორე და მესამე საკეისროს შემდეგ, რომელიც ძალიან რთული პროცესია. მოგეხსენებათ, თურქული ტრადიციები მრავალშვილიანობის მომხრეა, საკეისრო კვეთა კი მრავალშვილიანობას, ასე თუ ისე, აფერხებს. მე, როგორც ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რთულ მშობიარობებს ვუწევ მეთვალყურეობას. გარდა იმისა, რომ მეან-გინეკოლოგი ვარ, დამატებით ვფლობ რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს, რომელსაც მხოლოდ ჩემ სპეციალობაში ვიყენებ.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თურქეთში ისეთ უჩვეულო და უნიკალურ მეთოდზე მუშაობთ, როგორიცაა ჰიპნოზით მშობიარობა, როგორ ხდება მსგავსი რამ?

- ჰიპნოზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ძილს, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმნის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი პაციენტი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა პაციენტი თავისუფლად გამოხატავს ემოციას – ტირის, ყვირის, შეკითხვებზე თავისუფლად გცემს პასუხს. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორსულობის პერიოდში შთაგონების მეშვეობით ვახერხებთ პაციენტის ქვეცნობიერის კონტროლს, რომელიც მშობიარობის პერიოდში ექიმის მითითებებს ექვემდებარება.

თეა თავაძე ოჯახურ გარემოში
თეა თავაძე ოჯახურ გარემოში

- რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი?

- ჰიპნოზით მშობიარობა სრულიად უსაფრთხო მეთოდია, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. მშობიარობის შემდეგ პაციენტი რამდენიმე წამში გარკვეული მითითების შემდეგ ისევ უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. ეს ახალი ტენდენციაა თურქეთში და ჩვენი უნივერსიტეტი ჯერჯერობით მხოლოდ მეორე იქნება, სადაც ჰოპნოზით მშობიარობა განხორციელდება.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ვიცი, რომ დისერტაციაზეც მუშაობთ, რა თემას ეხება თქვენი ნაშრომი?

- ამჟამად საერთაშორისო კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ თემაზე, რომელიც ეხება ორსულობამდე და ორსულობის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგებს მშობიარობის პერიოდში.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თქვენი მეუღლე თურქეთელი ქართველების შთამომავალია, ალბათ ამანაც განაპირობა ამ ქვეყანაში თქვენი ოჯახის საბოლოოდ დამკვიდრება...

- ჩემი მეუღლე ქემალ იემი (iyem), ირემაძე წარმოშობით მაჭახელადანაა. დედამთილი მარიამ ქავთარაძეა, მამამთილი ნევზათ ირემაძე გარდაცვლილია. იმ პერიოდში თურქეთში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო მეუღლის მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ბელგიაში, სადაც ჩემი მეუღლე დაიბადა და გაიზარდა. იქ ცხოვრობდნენ ოცი წლის განმავლობაში, მიიღეს ბელგიის მოქალაქეობა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად ისევ სტამბულში გადავიდნენ. შემდეგ ჩემმა მეუღლემ დაიწყო თურქეთსა და საქართველოს შორის წარმატებული ბიზნეს-საქმიანობა, რის გამოც ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა, ჩემს ორივე შვილსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

თეა თავაძე ოჯახთან ერთად
თეა თავაძე ოჯახთან ერთად

- საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ და სამომავლოდ საქმიანობის აქ გაგრძელებას თუ აპირებთ?

- რაც შეეხება საქართველოში ჩემს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კლინიკებიდან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა, ჯერჯერობით არ ვაპირებ, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიონალური გეგმების განხორციელებაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. იქ ძალიან ხშირად ჩავდივარ ოჯახთან ერთად. ჩემი შვილები მთელი ზაფხულის განმავლობაში ბებიასთან და ბაბუასთან ისვენებენ. ისინი ქართულს ძალიან კარგად ფლობენ, ისიც კარგად იციან, რომ მათ გენებში ქართული სისხლია, საქართველო კი მათი მშობლიური ქვეყანა...

 

1092
თემები:
ქართველები უცხოეთში
დინამო თბილისი

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში შეცვლილი ფორმატით და გულშემატკივრის გარეშე

0
(განახლებულია 17:48 04.06.2020)
ეროვნული ლიგის ჩემპიონატი შემცირებული სქემით ჩატარდება – თავიდან დაგეგმილი 36 ტურის ნაცვლად, კლუბები ორ წრეში 18 ტურს ჩაატარებენ

 

თბილისი, 4 ივნისი  – Sputnik.  საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ ივნისის ბოლოსთვის დაგეგმილი განახლებული ჩემპიონატის კალენდარი შეადგინა – ჩემპიონატი „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩით გაიხსნება.

ორ თბილისურ კლუბს შორის შეხვედრა 25 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის დასაწყისი 18:00 საათი.

ადრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ჩემპიონატის 25 ივნისს განახლების შესახებ განაცხადა. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ეროვნული ლიგის ჩემპიონატზე. თუ როდის აიღებს სტარტს ჩემპიონატები დანარჩენ დივიზიონებში, ასაკობრივ ჯგუფებსა და საქართველოს თასზე – ჯერჯერობიც უცნობია. 

გარდა ამისა, ეროვნული ლიგის ჩემპიონატი შემცირებული სქემით ჩატარდება – თავიდან დაგეგმილი 36 ტურის (ოთხი წრე) ნაცვლად, კლუბები მთლიანობაში ორ წრეში 18 ტურს ჩაატარებენ – ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საკუთარ მოედნებზე და ერთ გასვლით მატჩს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაუტარდებათ – პირველი ჩემპიონატის განახლებამდე 10 დღით ადრე და მეორე მატჩის დაწყებამდე.

COVID-19-ის პანდემიის გამო მარტის დასაწყიში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ყველა დონეზე საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ორ ჩატარებული მატჩის შემდეგ ლიდერობს თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა“.

0
თემები:
სპორტის ამბები