ძროხები

შეძლებენ თუ არა ქალაქელები სოფლის აღორძინებას - ახალგაზრდა ფერმერი ზემო ბოდბიდან

801
(განახლებულია 22:31 06.04.2020)
ახალგაზრდა ფერმერი გურამ მანგოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში ცხოვრობს. ამჟამად ფერმაში 60 სული ძროხა ჰყავს. ამბობს, რომ ფერმერობა შემოსავლიანი საქმეა, თუმცა დიდ შრომას, მოთმინებას და გამოცდილებას მოითხოვს.

მესაქონლეობას 9-10 წლიდან მისდევს. დღემდე საკმაოდ რთული და შრომატევადი გზა გაიარა. რამდენიმე წლის წინ ინგლისსა და ესტონეთში კვალიფიკაციაც აიმაღლა. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში ფერმერმა წარმატებას რომ მიაღწიოს, პირველ რიგში, ეს საქმე უნდა უყვარდეს, უნდა იყოს შრომისუნარიანი, მომთმენი და მიზანდასახული.

გურამ მანგოშვილი
photo: courtesy of Guram Mangoshvili
გურამ მანგოშვილი

- მე ვარ გურამ მანგოშვილი, 33 წლის. ვცხოვრობ სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში. ჩართული ვარ სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ, მეცხოველეობაში. მაქვს მეხორცული საქონლის ფერმა.

- როდის მიჰყავით ხელი მესაქონლეობას, როდის იქცა ეს საქმიანობა თქვენი შემოსავლის წყაროდ?

- მესაქონლეობას ბავშვობიდან მივდევ, ალბათ 9-10 წლიდან. ვუყურებდი პაპებს, როგორ ზრდიდნენ და უვლიდნენ საქონელს. დიდი სურვილი მქონდა გამეგრძელებინა მათი საქმიანობა და გავმხდარიყავი დიდი ფერმერი. თავდაპირველად მყავდა რამდენიმე ძროხა, შემდეგ კი, დაუღალავი შრომის შედეგად, გავზარდე საქონლის რაოდენობა. ეს საქმიანობა ჩემი შემოსავლის წყაროდ  2014-2015 წლებიდან იქცა.

ფერმის პირუტყვი
photo: courtesy of Guram Mangoshvili
ფერმის პირუტყვი

- რთული არ იყო პირველი ნაბიჯები?

- სირთულე ყველა პროფესიას სდევს თან, რა თქმა უნდა, არც ჩემთვის ყოფილა ეს ყველაფერი მარტივი. მით უმეტეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამოუცდელი ბავშვი ვიყავი და ჩემთვის პირველი ნაბიჯები ამ სფეროში სწორედ ამიტომ იყო რთული. ყველაფერი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი აანალიზებს, თუ რამხელა ენერგია სჭირდება ამ ყველაფერს და რამხელა ვალდებულებები გაკისრია.

- ამჟამად რამდენი სული საქონელი გყავთ?

-  ჩემს ფერმაში უკვე 60 სული ძროხა მყავს.

- რძის პროდუქტებსაც აწარმოებთ?

- როგორც თავდაპირველად მოგახსენეთ, ვაწარმოებ მხოლოდ ხორცს და არა რძის პროდუქტებს.

- რამდენად ხელსაყრელია დღეს ფერმერობა?

- თავისი სირთულეების მიუხედავად, ფერმერობა საკმაოდ შრომატევადი და ამავე დროს სარგებლიანი პროფესიაა.

ფერმის პირუტყვი
photo: courtesy of Guram Mangoshvili
ფერმის პირუტყვი

- გავრცელებულმა პანდემიამ ბევრი სფეროში შექმნა პრობლემები. თქვენ რა პრობლემების წინაშე დადექით?

- გავრცელებულმა პანდემიამ გარკვეულწილად პრობლემები გამოიწვია ჩემს სფეროშიც. კერძოდ, დაკეტილი კვების ობიექტების გამო ვეღარ ხერხდება ხორცის სრული რეალიზაცია. დაახლოებით 70%-ით შემცირდა გაყიდვები. დაიკეტა ცოცხალი საქონლის ბაზრები, რაც ჩემთვის დიდ სირთულესთან ასოცირდება.

- ბოლო დროს სოფელს ბევრმა ადამიანმა მიაშურა. როგორ ფიქრობთ, მიმდინარე პროცესები ხელს ხომ არ შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას?

- მოგეხსენებათ, ქალაქის მოსახლეობა სოფელში ვირუსისგან თავდასაცავად ჩამოვიდა. ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება კრიტიკული პერიოდი, დღე, თვე ან წელი. თუ ვირუსის გავრცელება მოკლე დროში შეწყდება (რისი იმედიც გვაქვს ყველას), მოსახლეობა კვლავ ქალაქში დაბრუნდება, სოფლის მეურნეობის განვითარება კი ასეთ მოკლე დროში შეუძლებელია.

 

801
როსტომ საგინაშვილი

კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებლის ოცნება: ხშირად ამიხედავს ცაში და...

168
(განახლებულია 20:54 29.05.2020)
„ჩაკრულომ" ისტორიაში შემიყვანა. ის უკვე ჩემი ნაწილია, ჩემშია, ისევე, როგორც თითოეულ ქართველში“, – ასე გვითხრა ხალხური სიმღერების გამორჩეულმა შემსრულებელმა როსტომ საგინაშვილმა.

1977 წელს კოსმოსში გაგზავნილ "ოქროს ფირფიტაზე" ჩაიწერა ქართული პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო", რომელსაც ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად როსტომ საგინაშვილი და ილია ზაქაიძე ასრულებენ.

იდეა, დედამიწიდან გაეშვათ კოსმოსური ობიექტი, რომელიც წაიღებდა სხვადასხვა ინფორმაციას დედამიწის შესახებ, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ამერიკელ მეცნიერსა და ტელეწამყვანს კარლ საგანს გაუჩნდა. ეს იდეა NASA-მ განახორციელა, რომელმაც კოსმოსში გაუშვა აპარატი Voyager. მასში მოთავსებულ „ოქროს დისკზე” სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად მხოლოდ 27 მუსიკალური ნაწარმოები შეარჩიეს და მათ შორის ჩვენი ქართული ხალხური საგანძური „ჩაკრულოც“ აღმოჩნდა.

ჩვენ დავუკავშირდით ბატონ როსტომს და ვთხოვეთ კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ეს ფაქტი და მისი ცხოვრების დაუვიწყარი შეხვედრები...

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

- ბატონო როსტომ, თუ გრძნობთ თავს ისტორიის ნაწილად?

- ისტორიის ნაწილად ვგრძნობ თუ არა თავს? - ხანდახან ალბათ კი, ძირითადად ჩვეულებრივი კახელი ვარ. ეს ამბავი ხომ დღეს მარტო დედამიწის კი არა კოსმოსური ისტორიის ნაწილიცაა. „ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების შესახებ 1977 წელს ამერიკაში მეორე მოგზაურობის დროს გვითხრა ჩვენმა იმპრესარიომ. არც კი გვჯეროდა, იმდენად წარმოუდგენელი ამბავი იყო. არც დეტალები ვიცოდით, მაშინ ასე მარტივი არ იყო ინფორმაციის მიღება. ერთადერთი, რაც ვიცოდით, ის იყო, რომ მათ საბჭოთა რუსეთის მიერ რეკომენდებული Подмосковные вечера-ს ნაცვლად ერთხმად შეარჩიეს „ჩაკრულო", რომელსაც „ნასაში“ არც ლობი ჰყავდა და არც დამცველი. როცა ანსამბლთან ერთად ამ ამბავმა საქართველოში ჩამოაღწია, ატყდა აურზაური – არა ჩვენი ნამღერი „ჩაკრულოა“ გაგზავნილი და არა ჩვენიო. ყველა მეკითხებოდა, როსტომ, ამდენს რომ კამათობს ეს ხალხი, რატომ არ იტყვი, რომ ეს თქვენი „ჩაკრულოაო“.

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

- თქვენ არ ერეოდით იმ კამათში?

- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იმღერა. ეს ქართული სიმღერის ზეიმი და აღიარებაა და ეს ფაქტი მარად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტად დააფასებენ ამ ფაქტის მნიშვნელობას, ვიდრე ახლა აფასებენ.

- ძალიან ბევრ გამორჩეულ ადამიანს შეხვედრიხართ ცხოვრებაში?

- ძალიან გამიმართლა, რომ მქონდა ბედნიერება ცხოვრების გარკვეული პერიოდი გამევლო ქართული ხელოვნებისა და კულტურის ნამდვილ ვარსკვლავებთან. რომელი ერთი გავიხსენო? – ჰამლეტ გონაშვილი, ანზორ კავსაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ზურა ქაფიანიძე, ანზორ ერქომაიშვილი... საოცარი თაობები წავიდა. რაინდული სული, ვაჟკაცობა, ქართველობა, ნიჭიერება, პატიოსნება ერთეულებს კი არა, მთელ თაობებს ახასიათებდა. განუმეორებელი ეპოქა იყო და ბედნიერი ვარ, რომ ამ ეპოქის პატარა ნაწილი მეც ვიყავი.

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

- ყველაზე დაუვიწყარი შეხვედრა რომელი იყო?

- შთამბეჭდავი შეხვედრა ძალიან ბევრი იყო, ერთის გამორჩევა ძნელია. მაგრამ მაინც ჯორჯ ბალანჩინთან შეხვედრას გამოვყოფდი. რატომ? ასეთ კორიფეებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და ამაღელვებელია. როგორ არ აღელდები, როცა იცი, რომ ამერიკულ ბალეტს ქართული წარმოშობის ქორეოგრაფმა ჩაუყარა საფუძველი ჩაუყარა. ყველაზე კარგი მომენტი იყო, როცა ჩვენი მოცეკვავე გოგონები ბალანჩინის ბალერინებს ქართულ ცეკვაში ხელის მოძრაობას ასწავლიდნენ. ნამდვილი მასტერ-კლასი ჩაუტარეს.

- რამეზე თუ გწყდებათ გული?

- ცხოვრების მანძილზე უნიკალური ფოტოარქივი დამიგროვდა, კარგი საქმე იქნებოდა მათი ალბომად გამოცემა, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე, ამიტომ ეს ოცნება შვილებს „ვუანდერძე". ალბათ ისტორიაც ამ ფოტოებთან ერთად "დამიმახსოვრებს". საერთოდ, კარგი პატრონი ამ უნიკალურ მოვლენას – ქართული სიმღერის კოსმოსში გაგზავნას ვგულისხმობ – ქვეყნის პრესტიჟის ასაწევად გამოიყენებდა, მაგრამ... ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ამბავი შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ ახსენდებათ და მომიკითხავენ ხოლმე, სად არისო.

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

- მკითხველს ვუთხრათ, დღეს სად ხართ...

- სად ვარ და სოფელში ვარ და როგორც ჩვეულებრივ პენსიონერს შეეფერება, ისე ვცხოვრობ.

- ისე, თუ გჯერათ დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზეც რომ არის სიცოცხლე?

- მე მჯერა, რომ სადღაც სხვა ცივილიზაციებიც არსებობს. ხშირად ამიხედავს ცაში და მიფიქრია, ნეტავ, ახლა ვინ ისმენს ჩვენს „ჩაკრულოს“–მეთქი, ან რომ ისმენს, რა ესმის, რა განცდა ეუფლება? ნეტავ, ჩვენსავით ბურძგლავს, როცა ესმის "ხმალო ხევსურეთს ნაჭედო"?

- დარწმუნებული ვარ, რომ „ჩაკრულო“ მარტო სიმღერა არ არის თქვენთვის...

- "ჩაკრულომ" ისტორიაში შემიყვანა. ის უკვე ჩემი ნაწილია, ჩემშია, ისევე, როგორც თითოეულ ქართველში. ჩვენ ხომ ამ სიმღერებს უბრალოდ არ ვუსმენთ. ამ დროს ჩვენი სისხლი დუღს და გული ამოვარდნაზეა. როცა ქართული სიმღერა გვესმის, თითქოს ყველა უჯრედი ამ მელოდიას ხმას აყოლებს. იმიტომ რომ ის ჩვენი ერის სულის ნაწილია. ჩვენ კი ამ ერის შვილები ვართ – ნიჭიერები, ამაყები, ძლიერები და... ჯერჯერობით ყველა „თავთავისთვის ამღერებულები". აი, როცა ყველა ერთად და ხმაშეწყობილად „ავმღერდებით", მაშინ მართლა გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა...

 

168
ეკა კობახიძე

ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება სილამაზის კონკურსში გამარჯვება და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა

427
(განახლებულია 19:40 28.05.2020)
90-იან წლებში ტელევიზიის „მეორე არხის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე იყო. თუმცა მანამდე თბილისმა ეკა კობახიძე გაიცნო სილამაზის კონკურსიდან, რომელსაც მომავალი კინოვარსკვლავები უნდა გამოევლინა.

კონკურსი იმ დროის გაყინულ ქალაქში თავისებურ გამონათებად იქცა. კონკურსის მონაწილეებს არც ვიზაჟისტები და სტილისტები ემსახურებოდნენ და არც მოდური დიზაინერის კაბები ეცვათ. თუმცა 18 წლის გოგოს ბუნებრივმა სილამაზემ და საკონკურსო დავალებების საინტერესოდ შესრულებამ მაშინვე მიიქცია მაშინდელი ინოვაციური ტელეარხის ხელმძღვანელების ყურადღება და მალე სატელევიზიო სივრცეში გადაინაცვლა.

ტელევიზიამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება და შემოქმედებით სამყაროში დაასახლა. მალე 90-იანი წლების ცნობილი ტელეგადაცემა „სინემას“ წამყვანი გახდა. მოგვიანებით ბედი კინოშიც სცადა. ფილმმა „სუსა“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, გრან-პრი ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო, ნაჩვენები იყო ბერლინალესა და როტერდამის ფესტივალებზე.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის სერვის-ცენტრში მუშაობს. სამი შვილის დედას ქალაქში სხვა კუთხით იცნობენ – როგორც მიუსაფარი ცხოველების ერთგულ დამცველსა და მფარველს, რომელმაც ოჯახში რვა ოთხფეხა მეგობარი შეიფარა.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- ეკა, თავიდან დავიწყოთ: რას გაიხსენებს ყოფილი „მის თბილისი“ სილამაზის კონკურსის შესახებ და, საერთოდ, იმ დროიდან?

- ეს იყო 1993 წელს, როცა თბილისში გამოცხადდა კონკურსი „მომავალი კინოვარსკვლავები – „ბემონი“. იდეა, რომ მასში მიმეღო მონაწილეობა, ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა მომაწოდეს. გავედი კასტინგზე და კონკურსის ფინალში მოვხვდი. ეს ის დრო იყო, როცა არ ვიყავით განებივრებული არც სალონებით და არც დიზაინერების მიერ შექმნილი კაბებით. საკუთარ თავზე თავად ვზრუნავდი. კონკურსის ფინალი გრიბოედოვის სახელობის გაყინულ თეატრში ჩატარდა. აი, მაშინ პროფესიონალები მოიწვიეს სილამაზის სალონიდან „ოცნება“, ხოლო მაკიაჟი ანუკა მურვანიძემ გამიკეთა. ეს იყო ძალიან ემოციური საღამო.

ეკა კობახიძე (მარჯვნივ) სილამაზის კონკურსზე
ეკა კობახიძე (მარჯვნივ) სილამაზის კონკურსზე

- საფინალო დავალება რა გქონდათ?

- კონკურსანტებს მოგვცეს დავალება – როგორ მივიდოდით რეჟისორთან გადაღების პირველ დღეს. ყველაზე მაღალი ქულა ამ დავალებისთვის მე ავიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ სამეულში აუცილებლად მოვხვდებოდი. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემ ცხოვრებაში. ბედნიერი ვიყავი, როცა მამა სცენაზე ამოვიდა და ხელში ამიყვანა. მეორე დღეს უკვე სხვა რეალობაში გავიღვიძე. ჩემი სამეგობრო ამაყობდა, ქუჩაში ყველა მილოცავდა. მიუხედავად ცდუნებისა, პოპულარობას ისე ვგრძნობდი, როგორც პასუხისმგებლობას. როცა პირველად ავტოგრაფი მთხოვეს, უფრო გამიკვირდა, ვიდრე მესიამოვნა, მაგრამ მეორედ უკვე თავდაჯერებული ვიყავი.

სტატია ეკა კობახიძეზე მაშინდელ პრესაში
სტატია ეკა კობახიძეზე მაშინდელ პრესაში

- ტელევიზიაში სილამაზის კონკურსის შემდეგ მოხვდით...

- დიახ, კონკურსის სპონსორებს შორის ტელეკომპანია იყო. მისმა მთავარმა რედაქტორმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ მიმიწვია გადაცემაში „სინემა“ წამყვანად და ჟურნალისტად. ეს იყო ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება. ამ პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემ პიროვნულ განვითარებაზე. პროფესიული ურთიერთობა მქონდა ცნობილ მსახიობებთან, რეჟისორებთან და კინოკრიტიკოსებთან, ეს იყო ზღაპრული სამყარო. იმ პერიოდში „მეორე არხი“ და კონკრეტულად ეს გადაცემა ახალი სიტყვა იყო ტელევიზიაში. მეამაყება, რომ ვმუშაობდი პროფესიონალებთან ზურაბ აბაშიძესთან, ზაზა დარასელთან, მანანა ნაცვლიშვილთან და კიდევ ბევრ ღირსეულ ადამიანთან.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- კინოში როგორ აღმოჩნდით?

- 2010 წელს, როდესაც ტელეკომპანია „იმედზე“ ვმუშაობდი, ჩემი ფოტო სააგენტოებში იყო. სწორედ იქ ნახა მანანა ორბელიანმა, რომელიც კასტინგისთვის დამიკავშირდა. ფილმის რეჟისორი რუსუდან პირველი გახლავთ. მოკლედ, გავიარე კასტინგი და მთავარ როლზე დამამტკიცეს. ასე მოვხვდი დიდ კინოში. ფილმს „სუსა“ ჰქვია და ცხოვრების დრამაა ერთ უბედურ ქალზე, რომელიც ქმრის ჩამოსვლას ელოდება და არყის საამქროში შვილთან ერთად მუშაობს. ის პერიოდი ჩემთვის გამოცდასავით იყო.

- დღეს სამი შვილის დედა ხართ, თუ იციან თქვენმა შვილებმა ის, რაც მოგვიყევით?

- ჩემმა შვილებმა ზოგადად იციან, რადგან ამ თემას აქტიურად არ განვიხილავ, თანაც ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. ოჯახმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოიტანა, თუმცა ინტერესები არ შეუცვლია.

ფილმში სუსა
ფილმში "სუსა"

- დღეს მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნავთ და რვა ძაღლი შეიფარეთ ოჯახში, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ოთხფეხა მეგობრებზე ყოველთვის ვზრუნავდი. არ მახსოვს პერიოდი, რომ ოჯახში ძაღლი არ გვყოლოდა. ქუჩა სავსეა სისასტიკით, განსაკუთრებით დაუცველი და მიუსაფარი ცხოველების მიმართ არიან დაუნდობლები. ყველა ძაღლი, რომელიც ჩემს სახლშია, ადამიანური სისასტიკის მსხვერპლია – ზოგი გამოგდებულია სიბერის გამო, ზოგი კი, პირდაპირი მნიშვნელობით, ნაწამები. გვერდს ვერ ავუვლიდი მათ და ღია ცის ქვეშ ვერ მივატოვებდი ბედის ანაბარად. გადაწყვეტილებას თავისთავად ვიღებ, დაუფიქრებლად და ემოციურად, ისინი უბრალოდ მომყავს სახლში. მათთან თანაცხოვრება რთული არ არის, როცა ოჯახი მხარს გიჭერს.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- არ გიჭირთ მათი მოვლა?

- რა თქმა უნდა, რთულია მათი მოვლა, უფრო სწორად, დამღლელია. ეს არის ტიტანური შრომა იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დღე დილის ექვს საათზე იწყება – ძაღლების ქუჩაში გაყვანა რომ მოვასწრო სამსახურამდე. სახლში სივიწროვის მიუხედავად ყველას თავისი კუთხე აქვს და მეგობრულად ვცხოვრობთ. კიდევ დავამატებდი იმას, რომ მყავს ერთი კატა და თუთიყუში, რომელიც ჩემმა კატამ პირით მომიყვანა.

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლამაზი ქალბატონი მიუსაფარ ძაღლებს მფარველად ევლინება, ბრიჯიტ ბარდოს მაგალითი ხომ არ გახდა თქვენთვის მისაბაძი?

- ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება და ცხოველებზე ზრუნვა ყოველთვის მისაბაძია. სამწუხაროდ, მე არ მაქვს მისი მსგავსი შესაძლებლობები. ჩემი ოცნებაა მქონდეს მიწის ნაკვეთი, სადაც დიდ თავშესაფარს მოვაწყობდი. აუცილებელია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ძალიან ხშირად უსიამოვნებები მაქვს და ეს ნებისმიერ ცხოველთა დამცველს კარგად ესმის, მაგრამ ვერანაირი პროტესტი ვერ მათქმევინებს უარს იმაზე, რასაც ვაკეთებ. სახლში შეფარებული ძაღლების გარდა, ყოველდღიურად ჩემ საცხოვრებელ სახლთან მიმდებარე ქუჩებზე მობინადრე მიუსაფარ ცხოველებსაც ვკვებავ და ვუვლი.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- ამბობენ, ცხოველებისადმი სიყვარული და სიკეთე ერთი ფესვიდან აღმოცენებული გრძნობააო...

- ჩემი აზრით, სიკეთე სუბიექტური ცნებაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შენი ქმედებით ზიანი არ მიაყენო სხვას, ნებისმიერ სულიერს. სიკეთე სულის მოთხოვნილებაა და ადამიანური თვისებაა. თუ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ადამიანი გვქვია, მაშინ გულმოწყალება უნდა გამოვიჩინოთ დაუცველი არსებების მიმართ. ნუ ვატკენთ მათ, ნუ დავჩაგრავთ და, იქნებ, შევიყვაროთ კიდეც...

427
საჰაერო ბურთები ცაში

30 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 12:25 29.05.2020)
გაეცანით 30 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

30 მაისს დაბადებულები

30 მაისს ნიჭიერი, მრავალმხრივ განვითარებული, პატივმოყვარე ადამიანები იბადებიან. სამართლიანობის გრძნობასთან ერთად დროთა განმავლობაში ნამდვილი მეომრის სული უყალიბდებათ. ხშირად რამდენჯერმე ქორწინდებიან და თითოეული ქორწინება შეიძლება სრულიად ბედნიერი იყოს. სასურველს, როგორც წესი, სწრაფად აღწევენ, ამის გამო საკმაოდ დაუდევარი და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობენ; საკუთარ ძალებს ხშირად ფუჭად ხარჯავენ, არცთუ იშვიათად ერთ ადგილს ტკეპნიან, მაგრამ თუ ძალებს საჭირო კალაპოტში მიმართავენ, წარმატებასა და კეთილდღეობას აღწევენ.

როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულები დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვიან. სურვილი აქვთ მოულოდნელი ცვლილებების, ამიტომ რუტინულ ატმოსფეროში ცხოვრება უჭირთ. ჩვეულებრივ, სურთ, რომ საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები იყვნენ, მაგრამ როგორც წესი, კარგად არ გამოსდით, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს მალე ბეზრდებათ. ყველაზე დიდი წარმატება მათ მეწარმეობაში ელოდებათ, ანუ იქ, სადაც შეიძლება საკუთარი აზრის გამოთქმა და ინიციატივების დაყენება.

ამ დღეს დაბადებულთა განწყობა (განსაკუთრებით, მამაკაცების) შეიძლება სულ ერთ წამში შეიცვალოს. ქალებს, თავის მხრივ, ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ რამდენიმე მიმართულებით მუშაობა: გაუძღვნენ სახლის საქმეებს და მართონ კომპანია, განავითარონ ახალი პროექტები და აღზარდონ შვილები.

30 მაისს დაბადებულთათვის საფრთხეს წარმოადგენს აზარტული თამაშებით გატაცება, რაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის დიდ რისკს წარმოადგენს. მათ ფხიზლად უნდა შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და სურვილები და ცხოვრება უფრო მშვიდად და სტაბილურად ააწყონ. მათი ხასიათის განმასხვავებელი ნიშანია სისწრაფე, რომელიც ხანდახან ძალების ფუჭად დახარჯვას იწვევს; მათ მიერ მიღებულმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებებმა კი გარშემომყოფებს შეიძლება თავბრუ დაახვიოს და ნამდვილ შოკში ჩააგდოს.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულებს დარწმუნების იმდენად კარგი უნარი აქვთ და იმდენად პროგრესულად აზროვნებენ, რომ წარმატებებს ნებისმიერ შემთხვევაში აღწევენ. პრობლემების მსხვერპლი მხოლოდ მაშინ ხდებიან, როცა ეს პრობლემები თავად მათ მიერ არის შექმნილი. ამიტომ ამ ადამიანებისთვის სასურველის მიღწევის გზაზე გადამწყვეტი და საკვანძო მომენტია სტაბილურობა და ზომიერება. ეს ეხება როგორც კარიერას, ისე პირად ცხოვრებას.

ჯანმრთელობა

30 მაისს დაბადებულებისთვის, ნერვული სისტემის გაკონტროლებისთვის, სასარგებლო იქნება, თუ ხანდახან ფსიქოლოგს და სხვადასხვა დამამშვიდებელ მედიტაციას მიმართავენ. დაახლოებით 50 წლის ასაკში ყურადღება უნდა მიაქციონ ორგანიზმის მინიშნებებს, სიგნალებს და ახლობლების რჩევებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მათ ჯანმრთელობისა და ძალების საოცრად უზარმაზარი მარაგი აქვთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი იხარჯება. ისინი უნდა მოერიდონ ნიკოტინსა და ალკოჰოლს, რაც მათ მდგომარეობაზე სასიკეთოდ ნამდვილად არ აისახება.

რჩევა:

უნდა მისდიოთ ცხოვრების ძირითად მიზანს და წვრილმანებზე არ უნდა დაიხარჯოთ. უნდა იმოქმედოთ მიზანსწრაფულად, ძალდაუტანებლად.

0