ლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი

ქართულად ამღერებული იტალიელი სენიორი, ალბანო კარიზი და „ნიკალა“ ქართველებისთვის

1592
(განახლებულია 20:11 06.04.2020)
ამ დღეებში, როდესაც მსოფლიო ერთმა საერთო პრობლემამ გააერთიანა, ალბათ უფრო საგრძნობი გახდა ის, რაც ასე ცხადი იყო, მაგრამ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით: ყველანი ერთ დიდ სახლში ვცხოვრობთ და ეს სახლი – დედამიწაა...

საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ქალბატონი ლელა მოსიაშვილი ცხოვრებაში ვერ წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩავიდოდა მის საოცნებო ქვეყანაში და იქ ერთ იტალიელ ბატონს ქართულად აამღერებდა. კიდევ, თავის ოცნებას აისრულებდა და მის კერპს, იტალიელ ალბანო კარიზს პირდაპირ სახლში ესტუმრებოდა...

ლელა მოსიაშვილი
ლელა მოსიაშვილი

- ქალბატონო ლელა, საქართველოშიც გიყვარდათ სიმღერა და ერთხელ დიდ სცენაზეც გამოსულხართ, მოგვიყევით ამის შესახებ...

- ძალიან მიყვარს სიმღერა, თუმცა მუსიკალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ ახალგაზრდობის ასაკიდან ვმღერი. გავიხსენებ 1988 წელს, როცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლი „ივერია“ აწყობდა კონკურსს – ეს იყო ახალბედა სოლისტების კონცერტი ანსამბლ „ივერიის“ თანხლებით. რა თქმა უნდა, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. მეც მივიღე მონაწილეობა კასტინგში და, საბედნიეროდ, კონკურსის ფინალში გავედი.

ლელა მოსიაშვილი
ლელა მოსიაშვილი

- ალბათ შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ იტალიური სიმღერით მოხვდით ფინალში, რა სიმღერაზეა საუბარი?

- იტალიური სიმღერები Ci sara და felicita, რომელიც ვახტანგ ტატიშვილთან ერთად დუეტში შევასრულე. განსაკუთრებული ის იყო, რომ მე ვიყავი ალ ბანო და ბატონი ვახტანგი – რომინა პაუერი. დარბაზი ქუხდა, ის ემოცია არასოდეს დამავიწყდება. ცხოვრება მართლა სიურპრიზებითაა სავსე, მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე იტალიაში ჩამოვიდოდი.

ლელა მოსიაშვილი
ლელა მოსიაშვილი

- ვინ არის იტალიელი, ვისაც ასე კარგად შეასწავლეთ და შეაყვარეთ ქართული სიმღერები?

- იტალიაში 2003 წელს ჩამოვედი და მას შემდეგ სამსახური არასოდეს შემიცვლია. 17 წელი ვარ ერთსა და იმავე ოჯახში, სადაც ისეთი არაჩვეულებრივი ხალხია, რომ ამის ენით გადმოცემა არ შეიძლება. ეს ბატონი – ანჯელო ჩეჩია, რომელიც 50 წლის იყო, როცა მასთან მუშაობა დავიწყე. ახლა 67-ის არის, 42 წელი ქალაქის საავადმყოფოში რეგისტრატორად მუშაობდა. პენსიაზე ორი წელია რაც გავიდა. უაღრესად კულტურული ადამიანია და ძალიან ნაკითხი. არ არსებობს შეკითხვა, რომელზეც მას პასუხი არ აქვს ნებისმიერ სფეროში. განსაკუთრებით ისტორია უყვარს. უამრავ წიგნს კითხულობს და ტელევიზორშიც სულ ისტორიულ-შემეცნებით პროგრამებს უყურებს. ქართული სიმღერები ადვილად შევასწავლე და უკვე კარგად მღერის, ამაში ყველა დარწმუნდა...

- სიმღერების გარდა საქართველოსაც შეაყვარებდით...

- ბევრს ვუყვები და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოც და ქართველებიც უკვე ფანატიკურად უყვარს. ჩვენს ქვეყანაზე ბევრი წიგნი აქვს წაკითხული. ჩემმა ოჯახის წევრებმა საჩუქრად იტალიურ-ქართული ლექსიკონი გამოუგზავნეს და სულ იქ აქვს თავი ჩარგული. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. დავპირდი, რომ ამ ზაფხულს, როცა ყველაფერი დაწყნარდება, აუცილებლად წავიყვან. ეს ადამიანი სულ გვერდით მიდგას, ძალიან მეხმარება და, რაც მთავარია, სასწაულ სტიმულს მაძლევს. არადა, თავად სანუგეშოა, რადგან 55 წელია ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული. გულწრფელად გეტყვით, რომ აქ, ემიგრაციაში თითქმის ყველა ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება მისი დამსახურებაა.

ლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი
ლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი

- როგორ მოხდა, რომ ქალაქ ბარიში ასოციაცია დააარსეთ და ქართული რესტორანი გახსენით?

- სწორედ ანჯელოს ინიციატივით და დახმარებით ბარიში დავაარსე კულტურულ-ენოგასტრონომიული ასოციაცია „ნიკალა“ და მასთან ერთად რესტორანი „ნიკალა“ გავხსენით. ეს პატარა საქართველოა ემიგრატებისთვის, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, რომ მოვიდნენ და ემიგრანტული წლები ცოტათი მაინც გაიხალისონ.

ლელა მოსიაშვილი
ლელა მოსიაშვილი

- ალ ბანოს როგორ ესტუმრეთ?

- ალ ბანოსთან სახლში ვიყავი ჩასული. აქედან ორი საათის გზაა და სადაც ცხოვრობს, იმ ადგილს ჩელინო სან-მარკო ჰქვია. ამისთვის ანჯელომ ერთი მეგობარი შეაწუხა და ვესტუმრეთ. ალ ბანოს უზარმაზარი ტერიტორია აქვს. ის დღე არ დამავიწყდება, ძალიან უყვარს საქართველო. ქართული სტუმარმასპინძლობა და ის დრო, როცა აქ იყო, თბილად გაიხსენა. განსაკუთრებით ქართული სუფრა და ღვინო დაამახსოვრდა. ღვინოს თავადაც აწარმოებს. რომინასთან გაშორებულია, მაგრამ კარგი ურთიერთობა აქვთ. ერთხელაც ქართველი ემიგრანტებისთვის მას ჩემს „ნიკალაში“ აუცილებლად მოვიწვევ.

ლელა მოსიაშვილი და ალ ბანო კარიზი
ლელა მოსიაშვილი და ალ ბანო კარიზი

- ცნობილი ამბავია, რომ იტალიელები კანონმორჩილები არ არიან, ახლა რა ხდება?

- იტალიამ, სამწუხაროდ, ცოტა დააგვიანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ბოლო დროს სიტუაცია შეიცვალა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთ მკაცრ შეზღუდვებს ასე თუ დაემორჩილებოდნენ. ტელევიზიით ყოველ საღამოს გადმოსცემენ ინფორმაციას და ჩვენც იმედის თვალით ვუყურებთ – როდის გაუმჯობესდება არსებული ვითარება.

- და სენიორ ანჯელო რას ამბობს, როდის გვეშველებაო?

- ეს კაცი ხომ ყველაფრის მცოდნე ენციკლოპედიაა, გუშინ თავი არ აუწევია წიგნებიდან, საუკუნეების ეპიდემიები ყველა ხუთიანზე გამიშიფრა და მაგიდაზე „დამილაგა“. საბოლოოდ კი მითხრა – ცოტაც მოვითმინოთ და მალე დაიწყება ინფიცირებისა და გარდაცვლილების კლებაო, აპრილის შუა რიცხვებიდან კი სიტუაციის მკვეთრი გაუმჯობესება იქნებაო. ღმერთმა უშველოს, ისე დამაიმედა. მომკალით და მჯერა ამ ადამიანის.

ლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი
ლელა მოსიაშვილი და ანჯელო ჩეჩი

- აღარ გეკითხებით რაზე ოცნებობთ...

- რაც შეეხება ოცნებას, მშვიდობიან, ძლიერ, ერთიან საქართველოში დაბრუნება ყველა ემიგრანტთან ერთად ჩემი ოცნებაცაა. რაც უნდა მყარად იყო უცხო მიწაზე, შენს მიწა-წყალს არაფერი შეედრება. მჯერა, მალე მოვა ეს სანატრელი დრო...

 

1592
საზოგადოება

რატომ არ მოსწონთ ქალებს გენიოსების წიგნები

50
(განახლებულია 16:46 04.06.2020)
ბელადს, რომელიც თავის ხალხს სისხლითა და ოფლით აშინებს, უფრო დიდი ნდობა აქვს, ვიდრე პოლიტიკოსს, რომელიც ხალხს კეთილდღეობასა და აყვავებას ჰპირდება...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ჯორჯ ორუელის გამონათქვამებს.

ჯორჯ ორუელი
ჯორჯ ორუელი

ჯორჯ ორუელი (George Orwell, 1903–1950) – ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი. მისი ნამდვილი სახელია ერიკ ართურ ბლერი. ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია რომანი „1984“ და იგავი „ცხოველების ფერმა“. ორუელია ავტორი ტერმინისა „ცივი ომი“, რომელმაც შემდგომში ფართო გამოყენება ჰპოვა.

·        ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ წარუმატებლებს, ქურდებს, მოღალატეებსა და თაღლითებს, მათი მსხვერპლი არ არიან. ისინი თანამონაწილეები არიან.

·        ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ სურს, შესაბამისად, ძალაუფლება ყოველთვის არანორმალურების ხელშია.

·        სოციალიზმის (ისევე, როგორც ქრისტიანობის) ყველაზე უარესი რეკლამა მისი მიმდევრებია.

·        გენიოსის უტყუარი ნიშანი: მისი წიგნები ქალებს არ მოსწონთ.

·        თუ ცხოვრების მთავარი მიზანი არა განვლილი წლების რაოდენობა, არამედ ღირსება და პატიოსნებაა, მაშინ რა განსხვავებაა, როდის მოკვდები?

თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>

·        თავისუფლება – ესაა უფლება ელაპარაკო ადამიანებს ის, რისი მოსმენაც მათ არ სურთ.

·        ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები.

·        ომი – ეს მშვიდობაა. თავისუფლება – მონობაა. არცოდნა – ძალა.

·        ათიდან ცხრა შემთხვევაში რევოლუციონერი – ესაა მთამსვლელი ბომბით ჯიბეში.

·        ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც მოიხმარს და არაფერს აწარმოებს.

·        პატრიოტიზმი თავისი ბუნებით არ არის აგრესიული არც სამხედრო და არც კულტურული გაგებით. ნაციონალიზმი კი ძალაუფლებისადმი მისწრაფებისგან განუყოფელია.

·        სანამ ფიქრს არ ისწავლიან, არ აჯანყდებიან, მაგრამ მანამ, სანამ არ აჯანყდებიან, ფიქრს ვერ ისწავლიან.

·        რაც უფრო შორდება საზოგადოება სიმართლეს, მით უფრო ვერ იტანს მათ, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს.

·        ომის დამთავრების უსწრაფესი ხერხი მისი წაგებაა.

·        ის, ვინც წარსულს მართავს, მართავს მომავალს. ის, ვინც აწმყოს მართავს, მართავს წარსულს.

·        ბელადი, რომელიც თავის ხალხს სისხლით, მძიმე შრომით, ცრემლითა და ოფლით აშინებს, უფრო დიდი ნდობით სარგებლობს, ვიდრე პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს კეთილდრეობასა და აყვავებას ჰპირდება.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

·        სერიოზულ სპორტს არაფერი აქვს საერთო პატიოსან თამაშთან. სერიოზული სპორტი – ესაა ომი, მინუს მკვლელობა.

·        თითოეული თაობა თავს მიიჩნევს წინა თაობაზე უფრო ჭკვიანად და მომდევნო თაობაზე უფრო ბრძენად.

·        კარგი წიგნი ამბობს იმას, რაც ისედაც ცნობილია.

·        რევოლუციონერების უმრავლესობა პოტენციური კონსერვატორები არიან.

·        ყოველ ნაციონალისტს არ შორდება ფიქრი, რომ წარსულის შეცვლა შეიძლება და უნდა შეიცვალოს.

·        როდესაც ომს ბოლო არ უჩანს, ის უკვე აღარ არის საშიში.

·        ომის მთელი პროპაგანდა, ყვირილი, ტყუილი და სიძულვილი უცვლელად მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ იბრძვიან.

·        რეპრესიების მიზანი რეპრესიებია. წამების მიზანი – წამება. ხელისუფლების მიზანი – ძალაუფლება.

·        იერარქიული საზოგადოება შესაძლებელია მხოლოდ სიღატაკისა და უცოდინრობის საფუძველზე.

·        ადამიანები მშიერი მუცლით არასდროს ვარდებიან სასოწარკვეთილებაში. მათ არც კი იციან, ეს რა არის...

50
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
თეა თავაძე

ქართველი ექიმი, რომელიც სტამბულში ქალებს ჰიპნოზით ამშობიარებს

1089
(განახლებულია 22:48 03.06.2020)
ჩვენი რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად თურქეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ექიმს თეა თავაძეს გაგაცნობთ.

ქართველი ექიმი სტამბულის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიური კლინიკის წამყვანი სპეციალისტია. ის ურთულეს გინეკოლოგიურ ოპერაციებს ატარებს და იმავე კლინიკაში წყალში მშობიარობის განყოფილების დამაარსებელიც გახლავთ. ამავე სფეროში კოლეგებთან ერთად მუშაობს ისეთ ინოვაციურ მეთოდზე, როგორიცაა ჰიპნოზით მშობიარობა. ფლობს რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს.

თავის დროზე დიპლომი დაიცვა ისეთ თემაზე, როგორიცაა ვაგინალური ექოსკოპიის როლი ადრეული ორსულობის პერიოდში, რაც შემდგომ წიგნის სახით გამოიცა. დღეს კლინიკაში (Atlas Üniversitesi Edicine hospital) მუშაობის პარალელურად ლექციებსაც კითხულობს.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ქალბატონო თეა, როგორ და როდის აღმოჩნდა ქართველი მედიკოსი თურქეთის სამედიცინო სფეროში?

- თურქეთში ჩამოსვლამდე, 1998 წელს საქართველოში პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია დავამთავრე. თურქეთში ჩემი ჩამოსვლა დეიდაჩემის ნესტან სოფაძის რჩევით მოხდა. იმ პერიოდში დეიდა თურქეთის ერთ-ერთ კონსერვატორიაში მუსიკის პედაგოგად მოღვაწეობდა. სწორედ მისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მოქმედებდა. ექვსი თვის მანძილზე თურქ სტუდენტებთან ერთად კლინიკაში ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი პრაქტიკულ სამუშაოებში.

თეა თავაძე სამუშაო გარემოში
თეა თავაძე სამუშაო გარემოში

- რამ მოახდინა თქვენზე მაშინ შთაბეჭდილება?

- იმ ექვსი თვის განმავლობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის სამედიცინო განათლების დონემ. გადავწყვიტე, რომ ისევ დავბრუნებულიყავი სტამბულში და მაგისტრატურაში აქ ჩამებარებინა. ძალიან დიდი შრომისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ (რისთვისაც სამი წელი დამჭირდა) მარმარის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი მეან-გინეკოლოგის სპეციალობაზე, სადაც ექვსი წელი ვისწავლე და ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტი ვიყავი.

ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად
ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად

- ამ ეტაპზე რა სახის კვლევებზე გიწევთ მუშაობა?

- ვაწარმოებ გარკვეულ კვლევებს და ვახორციელებ ფიზიოლოგიურ მშობიარობას პირველი, მეორე და მესამე საკეისროს შემდეგ, რომელიც ძალიან რთული პროცესია. მოგეხსენებათ, თურქული ტრადიციები მრავალშვილიანობის მომხრეა, საკეისრო კვეთა კი მრავალშვილიანობას, ასე თუ ისე, აფერხებს. მე, როგორც ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რთულ მშობიარობებს ვუწევ მეთვალყურეობას. გარდა იმისა, რომ მეან-გინეკოლოგი ვარ, დამატებით ვფლობ რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს, რომელსაც მხოლოდ ჩემ სპეციალობაში ვიყენებ.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თურქეთში ისეთ უჩვეულო და უნიკალურ მეთოდზე მუშაობთ, როგორიცაა ჰიპნოზით მშობიარობა, როგორ ხდება მსგავსი რამ?

- ჰიპნოზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ძილს, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმნის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი პაციენტი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა პაციენტი თავისუფლად გამოხატავს ემოციას – ტირის, ყვირის, შეკითხვებზე თავისუფლად გცემს პასუხს. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორსულობის პერიოდში შთაგონების მეშვეობით ვახერხებთ პაციენტის ქვეცნობიერის კონტროლს, რომელიც მშობიარობის პერიოდში ექიმის მითითებებს ექვემდებარება.

თეა თავაძე ოჯახურ გარემოში
თეა თავაძე ოჯახურ გარემოში

- რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი?

- ჰიპნოზით მშობიარობა სრულიად უსაფრთხო მეთოდია, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. მშობიარობის შემდეგ პაციენტი რამდენიმე წამში გარკვეული მითითების შემდეგ ისევ უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. ეს ახალი ტენდენციაა თურქეთში და ჩვენი უნივერსიტეტი ჯერჯერობით მხოლოდ მეორე იქნება, სადაც ჰოპნოზით მშობიარობა განხორციელდება.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ვიცი, რომ დისერტაციაზეც მუშაობთ, რა თემას ეხება თქვენი ნაშრომი?

- ამჟამად საერთაშორისო კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ თემაზე, რომელიც ეხება ორსულობამდე და ორსულობის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგებს მშობიარობის პერიოდში.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თქვენი მეუღლე თურქეთელი ქართველების შთამომავალია, ალბათ ამანაც განაპირობა ამ ქვეყანაში თქვენი ოჯახის საბოლოოდ დამკვიდრება...

- ჩემი მეუღლე ქემალ იემი (iyem), ირემაძე წარმოშობით მაჭახელადანაა. დედამთილი მარიამ ქავთარაძეა, მამამთილი ნევზათ ირემაძე გარდაცვლილია. იმ პერიოდში თურქეთში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო მეუღლის მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ბელგიაში, სადაც ჩემი მეუღლე დაიბადა და გაიზარდა. იქ ცხოვრობდნენ ოცი წლის განმავლობაში, მიიღეს ბელგიის მოქალაქეობა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად ისევ სტამბულში გადავიდნენ. შემდეგ ჩემმა მეუღლემ დაიწყო თურქეთსა და საქართველოს შორის წარმატებული ბიზნეს-საქმიანობა, რის გამოც ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა, ჩემს ორივე შვილსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

თეა თავაძე ოჯახთან ერთად
თეა თავაძე ოჯახთან ერთად

- საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ და სამომავლოდ საქმიანობის აქ გაგრძელებას თუ აპირებთ?

- რაც შეეხება საქართველოში ჩემს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კლინიკებიდან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა, ჯერჯერობით არ ვაპირებ, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიონალური გეგმების განხორციელებაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. იქ ძალიან ხშირად ჩავდივარ ოჯახთან ერთად. ჩემი შვილები მთელი ზაფხულის განმავლობაში ბებიასთან და ბაბუასთან ისვენებენ. ისინი ქართულს ძალიან კარგად ფლობენ, ისიც კარგად იციან, რომ მათ გენებში ქართული სისხლია, საქართველო კი მათი მშობლიური ქვეყანა...

 

1089
თემები:
ქართველები უცხოეთში
არეულობა აშშ-ში

მოსაზრება: აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მოროდიორებთან ბრძოლაში გადაიზარდა

0
მასობრივი ქაოსი, ძარცვა და ხანძრის გაჩენა მინეაპოლისის მცხოვრები აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და არ წყდება

სოფია მელნიჩუკი

პოლიციელების მიერ უხეში, სასტიკი დაკავების გამო დაიღუპა 46 წლის ამერიკელი. კომენდანტის საათი შტატების ნახევარშია დაწესებული, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად პრაქტიკულად უმოქმედოა. პოლიციის ძალა უკვე არასაკმარისია, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს რეგულარული არმიის ჩართვას ვანდალიზმისა და მოროდიორობის დასასრულებლად. რით არის საშიში ეს ნაბიჯი პრეზიდენტისთვის? 

ისევ კანონი და ისევ წესრიგი. ამერიკელები ელოდებოდნენ დონალდ ტრამპის მიმართვას ერის წინაშე. მაგრამ პრეზიდენტმა ეს პროცესი დააყოვნა და მხოლოდ 2 ივნისს გამოვიდა სიტყვით, მაშინ როცა ვაშინგტონში უკვე ყველგან მაღაზიის ვიტრინებს ამსხვრევდნენ.

„ჩვენ შეძრულნი ვართ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გამძვინვარებულ ბრბოს უფლება მივცეთ, მშვიდობიანი პროტესტი ჩაძიროს. მთავარი დაზარალებულები კანონმორჩილი მოქალაქეები და მოსახლეობის ღარიბი ფენაა. მე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ დავიცვა ისინი“, – განაცხადა მან.  

„მე ვარ კანონისა და წესრიგის პრეზიდენტი“, — ხაზი გაუსვა ტრამპმა. უნდა ითქვას, რომ ეს ლოზუნგი ამერიკაში კარგად ნაცნობია.

1968 წელს ქვეყანა, ასევე მშფოთვარე დროში,  საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. იყო მასობრივი დემონსტრაციები ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, ქალთა და რასობრივ უმცირესობათა მხარდასაჭერად იმართებოდა აქციები. მას შემდეგ, რაც შავკანიანთა უფლებების ცნობილი დამცველი მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსი მოკლეს, შემდეგ კი სენატორი რობერტ კენედი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, რიჩარდ ნიქსონი არჩევნებში მივიდა ლოზუნგით ,,კანონი და წესრიგი“. 

„თქვენ უნდა მიიღოთ ის ფაქტი, რომ ყველა პრობლემა ნამდვილად შავებშია“, —განმარტა მაშინ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა ჰარი ჰოლდემანმა. მას შემდეგ „კანონი და წესრიგი“ შავკანიანი ამერიკელებისთვის პოლიციის თვითნებობად, დესპოტიზმად ასოცირდება.

ამჟამინდელ ძარცვა-გლეჯას ტრამპმა შინაგანი ტერორიზმი უწოდა. ერთან მიმართვის დროს პრეზიდენტმა მცირე ბიზნესის მფლობელები ახსენა, რომლებიც იძულებულნი არიან უყურონ, თუ როგორ ,,ინგრევა მათი ოცნებები“ მეამბოხეთა ხელით.  ქუჩის მოროდიორობის ვიდეომტკიცებულებებით გაივსო ინტერნეტი. აჯანყებულები ამსხვრევენ მაღაზიის ვიტრინებს, გამოაქვთ საქონელი, ხატავენ კედლებს, კარსა და ფანჯრებს. მაგალითად, სანტა-მონიკაში Vans-ის სპორტული ტანსაცმლის მაღაზიიდან  პრაქტიკულად ყველაფერი მოიპარეს. როდესაც ტელეარხ Fox 11-ის ჟურნალისტები გამვლელებს ეკითხებოდნენ, თუ საიდან ჰქონდათ ფეხსაცმელების ყუთები, ისინი პასუხს მშვიდად არიდებდნენ თავს. ამ დროს გვერდით არც ერთი პოლიციელი არ ყოფილა.  

მსგავსი რამ მთელს ქვეყანაში ხდება. ხელისუფლების მოწოდება ვანდალიზმის შეჩერების შესახებ უშედეგოა. საკუთრებას მშვიდობიანი მომიტინგეები და თვით ბიზნესის მფლობელები იცავენ.

იმავე სანტა-მონიკაში ერთ-ერთი მაღაზიის კართან დადგა გოგონა ბანერით „შეწყვიტეთ ძალადობა“. შეეცადნენ მისთვის ხელის კვრას, შესასვლელთან კვამლის ბომბიც კი გადააგდეს, მაგრამ გოგონა არ შეშინდა. მალე მას შავკანიანი მოქალაქე ლოზუნგით „ჩვენ ვაპროტესტებთ და არ ვმოროდიორობთ“ შეუერთდა. ეს ახალგაზრდა ადამიანები სპეციალურად მივიდნენ ქალაქის ცენტრში, რათა ხელი შეეშალათ მეამბოხეებისთვის, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს აკომპრომეტირებდნენ. 

სან-დიეგოს შემთხვევამ კი მაიძულა რუსული მაფიის შესახებ ხუმრობები გამეხსენებინა. იქ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები რესტორან „პუშკინს“ იცავდნენ. დაწესებულების მფლობელმა აიკ გაზარიანმა „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტთან აღიარა, რომ სწრაფად გააცნობიერა ის, რომ თვითონ უნდა ემოქმედა.

„ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც, როგორც მე, რესპუბლიკური აზროვნების მომხრეები არიან ( განსხვავებით მომიტინგეებისგან. — რედ. შენიშ.) როდესაც კვირას მივხვდი, რომ უსიამოვნებები იყო მოსალოდნელი, ყველას დავურეკე და ნახევარი საათის შემდეგ ისინი რესტორანთან შეიკრიბნენ. 12 ადამიანი, პისტოლეტებითა და იარაღით ხელში. იარაღი ლეგალურია, ვიცით მასთან მოქცევა. და საკუთარ შენობაში, თავდაცვის მიზნით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მისი გამოყენების უფლება“, — განმარტა გაზარიანმა. მათ იხსნეს არა მარტო ეს რესტორანი, არამედ მეზობლად მდებარე რამდენიმე დაწესებულება, მათ რიცხვში განსაკუთრებით დაუცველი ალკომარკეტი, რომელიც ხანდაზმულ ერაყელ ემიგრანტს ეკუთვნოდა. 

ქვეყნის მეორე მხარეს, ნიუ-იორკის ბრუკლინში, მოქალაქეები უერთდებიან პატრულს, რადგან სანამ პოლიცია უმოქმედოა, წესრიგი დაიცვან. „ჩვენ აქ მხოლოდ თავდაცვის მიზნით ვართ. პატივს ვცემთ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და პროტესტის უფლებას. მაგრამ არავის აქვს უფლება გაანადგუროს ის ადგილი, სადაც ჩვენ ოჯახებთან ერთად ვცხოვრობთ. სირცხვილი ნიუ-იორკის მერს, რომ არ გვიცავს“, — ამბობენ პატრულის ორგანიზატორები აიზეკ ბოლტიანსკი და დევიდ ბროდსკი.

სიბრაზის, რისხვის უფლება. ბევრი უკმაყოფილოა ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობით. ნიუ-იორკის მერს ბილ დე ბლაზიოს მოროდიორობისთვის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, მისი ქალიშვილი ახლახან ქუჩის შეტაკებების მსვლელობის დროს დააკავეს. შტატის გუბერნატორ ენდრიუ კუომოსაც კიცხავენ, თუმცა ბოლო დრომდე ის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გმირად აღიქმებოდა. 

ორშაბათს დე ბლაზიომ თქვა, რომ  სამხედროების ჩართვა სახიფათოა და, რომ ეს სიტუაციას უფრო გააუარესებს. ,,როდესაც შეიარაღებული ძალები შედიან საცხოვრებელ რაიონებში, კარგი არაფერი ხდება“, — დარწმუნებულია მერი. ყველაფრის მიუხედავად, ქუჩებში პოლიციელების რიცხვი ორჯერ გაზარდეს —ოთხიდან რვა ათასამდე. ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 

სხვა რეგიონების ხელმძღვანელები, ძირითადად დემოკრატები არ ჩქარობენ ეროვნული გვარდიის ჩართვას. დე ბლაზიოს არგუმენტებს ორეგონის გუბერნატორი ქეით ბრაუნი, ილინოისის — ჯეი რობერტ პრიცკერი, ნევადის — სტივ სისოლაკი და მიჩიგანის — გრეტჩენ უიტმერი იმეორებენ. ვაშინგტონის შტატის მეთაურმა ჯეი ინსლიმ სამხედრო დანაყოფები მზადყოფნაში მოიყვანა, თუმცა მათი ქალაქებში განლაგება ჯერ არ დაიწყო. 

ამავდროულად, ტრამპი დაიმუქრა, რომ სამხედროებს ქუჩაში თვითონ გაიყვანს. პრეზიდენტი, მართალია, თვითონ არის მთავარსარდალი, მაგრამ მას არ შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ ფედერალური შეიარაღებული ძალები შტატების ტერიტორიაზე გამოიყენოს. თუმცა, თუ ის გამოიყენებს 1807 წლის აჯანყების შესახებ კანონს, ეროვნული გვარდია მის ბრძანებას გუბერნატორების მიღმა შეასრულებს. ბოლოს ჯორჯ ბუში-უფროსი 1992 წელში ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების დროს ასე მოიქცა. ეს აქციები ოთხი თეთრკანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის  უმოწყალოდ ცემის შემდეგ დაიწყო.

ამასთან, გუბერნატორების სურვილი, რომ მომიტინგეებთან ურთიერთობა არ გაამწვავონ, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, თვლის პოლიტოლოგი-ამერიკანისტი დიმიტრი დრობნიცკი. 

„დემოკრატების მთავარი ამოცანაა, არ დაუშვან ტრამპის ხელმეორე ვადით არჩევა. სანამ არ იყო პროტესტები, შეიძლებოდა ადამიანების კარანტინში გაჩერება. ახლა მათ სიბრაზის უფლება მიეცათ“, — ამბობს ის „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას. — „უნდა ვაიძულოთ ტრამპი, რომ  ცუდად გამოიყურებოდეს, რადგან, დემოკრატების რიტორიკის თანახმად, ის რასისტია და საზოგადოებაში სიძულვილის ატმოსფერო დანერგა. თუ ამდენი დღის დარბევის შემდეგ პრეზიდენტი ნაციონალური გვარდიის დახმარებით მდგომარეობას გააკონტროლებს, ის პოლიტიკურ ქულებს მოიპოვებს, და შემდეგ მნიშვნელობა არ ექნება, რას იტყვიან დემოკრატები. „ტრამპო, მოდი და წესრიგი დაამყარე“, — აი, ვის მისცემენ ხმას მერყევ შტატებში“, — ამბობს ექსპერტი.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის მდგომარეობა ნამდვილად შემზარავია. პროტესტების განხილვის დროს ამის დავიწყება შეუძლებელია.

დემოკრატებს არა მხოლოდ ტრამპის არაეფექტურობის დემონსტრირება სურთ, არამედ ცდილობენ არ შეაშინონ ამომრჩევლები უმცირესობებიდან, ამბობს დიმიტრი სუსლოვი.

„მათ საშინლად ეშინიათ არათეთრკანიან მოსახლეობაში მხარდაჭერის დაკარგვისა, სწორედ აფროამერიკელები არიან არჩევნებში ჯო ბაიდენის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი“, — გვახსენებს ექსპერტი.

ამასთანავე, ორივე მხარეს თამაში საჯარიმო ზღვარზე მიჰყავს, ამბობს თანამოსაუბრე. „დემოკრატები ტრამპის დისკრედიტაციას ცდილობენ, ზომიერი და ცვალებადი ელექტორატის შეშინებით რისკავენ. ტრამპი კი მკაცრ ზომებს იღებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დიდი ძალადობა და სიკვდილი გამოიწვიოს“, —განმარტავს ის.

ამერიკული საზოგადოება უკვე უკიდურესად გაყოფილია. საპროტესტო აქციებმა მხოლოდ წინააღმდეგობათა სიღრმეს გაუსვა ხაზი.

უბრალო ხალხი აღშფოთებულია პოლიციის თვითნებობით, მოროდიორობით, დემოკრატები და რესპუბლიკელები კი ძველებურად ვერ თანხმდებიან. ძნელი სათქმელია, რა როლი ითამაშა ჯორჯ ბუში-უფროსის პოლიტიკურ კარიერაში აჯანყების კანონმა, მაგრამ 1992 წლის არჩევნები მან წააგო. ტრამპმა, აშკარად, არჩევანი სიმკაცრეზე გააკეთა. და თუ ეს როგორ შემოუბრუნდება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0