თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად

კორონავირუსი, ონლაინ გაკვეთილები და ახალი რეალობა ფსიქოლოგის რჩევები ბავშვებს

924
(განახლებულია 19:54 03.04.2020)
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა ადამიანების ცხოვრების რიტმი და წესი, აქცენტები გასხვავებულად გადაანაწილა და სამყაროს მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაც სხვაგვარად წარმოაჩინა...

პროფესიონალი ფსიქოლოგის რჩევები საჭირო ყველა დროში და სიტუაციაში იყო, უფრო აქტუალური გახდა იგი დღეს, როდესაც სრულიად ახალ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ბუნებრივია, უფროსებზე მეტად მისი რჩევები დღეს სჭირდებათ ბავშვებს, რომლებიც ბოლო დროს შემოღებულმა წესებმა და აკრძალვებმა, ცოტა არ იყოს, დააბნია და ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

რა უნდა გაითვალისწინონ მშობელმა და მასწავლებელმა; რა სახის ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე შეიძლება მოზარდი დადგეს ახლა, როცა სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ; როგორ უნდა მოხდეს იმ ინფორმაციის მართვა, რომელსაც მოზარდი ინტერნეტის საშუალებით იღებს? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრის kids.ge ფსიქოლოგს თათია გურგენიძეს.

თათია გურგენიძე
photo: courtesy of David Tsvariani
თათია გურგენიძე

- თათია, ძირითადად რა პრობლემების წინაშე დადგნენ დღეს მოზარდები?

- კორონავირუსის გავრცელებამ მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც შეცვალა ცხოვრების ყოველდღიური, ჩვეული რეჟიმი და რიტმი. უმეტესობამ შევწყვიტეთ მუშაობა და შევზღუდეთ სოციალური კონტაქტები, უმეტეს დროს ვატარებთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად. სხვადასხვა სირთულეების წინაშე დავდექით: გაჩნდა შიში და შფოთვა საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე. უფრო აქტუალური გახდა სახლის გარემოში პირადი სივრცისა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დარეგულირების ფაქტორი. ყველაფერი თავისთავად ბავშვებსა და მოზარდებზეც აისახა. შეიცვალა მათი ცხოვრების სტილი, შეეზღუდათ სკოლასა და მეგობრებთან ურთიერთობა. ისინი ინტერნეტის საშუალებით იღებენ ვირუსზე არსებულ უამრავ უარყოფითი ხასიათის ინფორმაციას, რაც შფოთვის გამომწვევი მიზეზი ხდება. ბავშვებზე ასევ გავლენას ახდენს უფროსების ემოციური მდგომარეობა, ის, თუ რამდენად ახერხებენ ისინი სტრესთან გამკლავებას და ბავშვებთან სასაუბროდ და სათამაშოდ რამდენად იცლიან.  

თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად
photo: courtesy of David Tsvariani
თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად

- რა მიმართულებით მუშაობთ ბავშვთა განათლებისა და განვითარების ცენტრში?

- მოზარდობის პერიოდში სხვადასხვა სახის ჩარევები დადებით შედეგს მოიტანს. სწორედ ამ მიმართლებით ვმუშაობთ ბავშვთა განათლებსა და განვითარების ცენტრში kids.ge. ბავშვებთან ძალიან ეფექტურია მცირე ჯგუფური შეხვედრები და უმეტესად სასურველ შედეგს გვაძლევს. განსაკუთრებით ეფექტურია ასეთი შეხვედრები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. ფსიქოლოგის დახმარებით ბავშვები საკუთარი ემოციების სწორი ფორმით გამოხატვას სწავლობენ, სხვების და საკუთარი პიროვნების უკეთ გაგებას, სხვების დახმარებას. ასევე სწავლობენ დამეგობრებას, თანატოლთა ჯგუფში ჩართულობას და მათთან თამაშს. ჯგუფური შეხვედრები სახალისოა, ვიყენებთ სხვადასხვა ასაკის შესაბამის თამაშებს, ვასაუბრობთ, ვუსმენთ ერთმანეთს და ვეხმარებით, ვამხნევებთ. განვიხილავთ მოთხრობებს და მცირე ზომის ვიდეობს, ვაფასებთ სხვადასხვა პერსონაჟის ქცევას და სწორ და არასწორ ქცევას.

თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად
photo: courtesy of David Tsvariani
თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად

- სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას, ბუნებრივია, განსახვავებული სახის დახმარება ესაჭიროება, რას უნდა ავარიდოთ ისინი?

- დღეს ბავშვებს განსაკუთრებულად სჭირდებათ უფროსების მხარდაჭერა. აუცილებელია, რომ მათ ხშირად და ასაკის შესაბამისად ვესაუბროთ. თუ ბავშვი იმდენად მცირე ასაკისაა, რომ ჯერ არაფერი სმენია ვირუსის თაობაზე, მაშინ უმჯობესია მხოლოდ ჰიგიენის დაცვის წესები გავაცნოთ და დავეხმაროთ მათ შესრულებაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ვხედავთ, რომ ბავშვმა, მოზარდმა უკვე იცის კორონავირუსის შესახებ, აუცილებელია, რომ დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია და შევუქმნათ მშვიდი და უსაფრთო გარემო. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ბავშვებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი აზრები გულწრფელად გაგვიზიარონ და სანაცვლოდ ჩვენგან არ მიიღონ რაიმე სახის საყვედურები და მათი ემოციების გაუფასურება. თავი უნდა ავარიდოთ შემდეგი სახის ფრაზებს: “რისი გეშინია“, „რა არის საშიში“,“ რა სისულელეს ამბობ“, „შენ საიდან იცი, ტყუილია“, „თავი დამანებე“ და ა.შ. შეგვიძლია თავად გავუზიაროთ ბავშვებს საკუთარი ემოციები და ავუხსნათ, თუ რატომ ვღელავთ, ან რა გვაწუხებს. მაგალითად, ვუთხრათ, რომ არ მოგვწონს სახლიდან მუშაობა და მეგობრებისგან შორს ყოფნა. ამით ვაგრძნობინებთ, რომ არსებულ სიტუაციას მხოლოდ ისინი არ განიცდიან და რომ მღელვარება ამ სიტუაციაში ნორმალურია.

თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად
photo: courtesy of David Tsvariani
თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად

- მოზარდი ინტერნეტის საშუალებით იღებს დიდი რაოდენობით ინფორმაციას, როგორ უნდა ვასწავლოთ მათ ამ ინფორმაციის გაფილტვრა?

- დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ინტერნეტში არსებული ინფორმაციის მართვაა. ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ ინტერნეტში არსებული ყველა ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. უმჯობესია, რომ მათ შევუზღუდოთ დღის განმავლობაში ტელევიზორის ყურება, მობილური ტელეფონის გამოყენება და მუდმივად ნეგატიური ხასიათის ინფორმაციის მიღება. სანაცვლოდ ბავშვებს და საკუთარ თავსაც შეგვიძლია შევთავაზოთ რაიმე სახის თამაშები, გასართობი აქტივობები ინდივიდუალურად და მთელი ოჯახისთვისაც.

თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად
photo: courtesy of David Tsvariani
თათია გურგენიძე მოსწავლეებთან ერთად

- რა დაეხმარება მათ სიტუაციით გამოწვეული მოსალოდნელი სტრესტის დაძლევაში?

- სტრესის დაძლევაში ჩვენც და მოზარდებსაც არსებულ მდგომარეობაში რაიმე დადებითის მოძებნა დაგვეხმარება. შეგვიძლია ასაკის შესაბამისად ბავშვებთან ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სარგებლობა მოგვიტანა ამ სიტუაციამ, მაგალითად ის, რომ შეგვიძლია უფრო მეტი დრო გავატაროთ ერთად. შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს ინტერნეტის საშუალებით ესაუბრონ მეგობრებს, რათა იზოლაციაში სრულად არ აღმოჩნდნენ. თუმცა, აუცილებელია გავაკონტროლოთ ისიც, თუ რა ტიპის ონფორმაციას იღებს ბავშვი თავისი მეგობრებისგან. სასარგებლოა აქცენტის დადებითზე გაკეთებაც. მოძებნეთ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვინც სხვებს ეხმარება, ასეთები, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან. შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად საქველმოქმედო საქმიანობაშიც ჩაერთოთ. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ თავი სასარგებლოდ და საჭიროდ ვიგრძნოთ და კონცენტრაცია დადებითზე გავაკეთოთ. მოკლედ, თვითიზოლაციის პერიოდი ჩვენთვის და ბავშვებისთვისაც შეგვიძლია სასარგებლო და სახალისო გავხადოთ.

- უფრო კონკრეტულად რა სახის რჩევა-რეკომენდაციებს გასცემდით?

- პირველ რიგში, გვჭირდება გარკვეული სტაბილური რეჟიმის შემუშავება, დღის განრიგის შედგენა, რათა ვიცოდეთ: როდის ვიღვიძებთ, როდის ვიძინებთ, რომელზე ვიკვებებით, ვვარჯიშობთ, ვთამაშობთ, ვხატავთ, ვიყენებთ ინტერნეტს და ა.შ. სასურველია ამ განრიგს მაქსიმალურად მივყვეთ, იმიტომ რომ წინასწარ შემუშავებული რეჟიმი და წესები ხელს უწყობს სტრესისა და გაურკვევლობის შეგრძნების შემცირებას. უამრავი სახალისო აქტივობისა და თამაშის მოძიებაა შესაძლებელი ასაკისა და გემოვნების შესაბამისად. ეფექტურია ჯგუფური თამაშები მთელი ოჯახისთვის. მაგალითად, ლოტო, დომინო, ლეგოები, ფაზლები, მონოპოლია და ა.შ. თერაპიული ეფექტი აქვს ხატვას – ბავშვებს შეგვიძლია თავად შევთავაზოთ რაიმე თემა ან მივცეთ თავისუფალი არჩევანი. საინტერესო იქნება ნახატის აღწერა და განხილვა, სურვილის შემთხვევაში, პრეზენტაციის მოწყობა. ამგვარი რუტინის ნაწილად შეგვიძლია ვაქციოთ წიგნის კითხვის საათი. ბავშვებს წავუკითხოთ ან თავად ვთხოვოთ რაიმეს წაკითხვა ასაკისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით.

- არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც, რაც სახლის პირობებში რთულია...

- დიახ, არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ბავშვებს ფიზიკური აქტივობაც სჭირდებათ, მნიშვნელოვანია, რომ მათ, უსაფრთხოების დაცვით, სირბილისა და ხტუნვის საშუალებაც მივცეთ. უდავოდ სასარგებლოა ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა გვეხმარება დავხარჯოთ ენერგია და გამოვიმუშაოთ დადებითი ემოციები. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ უფროსებმაც იზრუნონ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე. საჭიროების შემთხვევაში კარგი იქნება სპეციალისტთან კონსულტაცია. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ შემთხვევებში მშობლები მუშაობენ, ეს შეიძლება იყოს სახლში ონლაინ ან სახლის გარეთ. შეუძლებელია მთელი დღის განმავლობაში ვიყოთ ჩართული ბავშვის საქმიანობაში. მნიშვნელოვანია ის დრო, რასაც ბავშვთან ვატარებთ, ხარისხიანი იყოს. როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებსაც სჭირდებათ პირადი დრო სათამაშოდ, საფიქრელად, ან უბრალოდ დასასვენებლად.

- დღეს სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, ასეთ პირობებში რა სახის ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე შეიძლება მოზარდი დადგეს?

- ამას შეიძლება დადებითი და უარყოფითი მხარეც მოვუძებნოთ. მთავარი ისაა, რომ ეს ფაქტი გახდა დამატებითი გამოწვევა, რომელსაც გამკლავება სჭირდება. ონლაინ სწავლებას ბევრი სირთულე ახლავს, ეს შეიძლება იყოს ტექნიკურ საკითხებში გარკვევა, საკუთარი თავის მობილიზება, დღის დაგეგმვა, მეცადინეობა. ამ შემთხვევაში მშობლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ონლაინ სწავლება ყველასთვის ახალი გამოცდილებაა. ალბათ დროთა განმავლობაში ეს სისტემაც ეტაპობრივად დაიხვეწება და მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ახალ გამოცდილებას შეიძენენ, დროსთან ერთად სწავლების პროცესსაც გაიმარტივებენ. ძირითადი გამოწვევა მოზარდობის ასაკში, და არა მხოლოდ ამ ასაკში, ემოციისა და ქცევის თვითრეგულაცია. რამდენად შეუძლია ბავშვს საკუთარი და სხვისი ემოციების გაგება, შიშის, შფოთვის, ბრაზის მართვა, იმედგაცრუების გადალახვა  და შესაბამისად ქცევის კონტროლი. შეუძლია თუ არა სხვისი თანაგრძნობა და შესაბამისად მოქცევა. ერთი შეხედვით, ჩვენ ვხედავთ მოზარდს, რომელიც გამოხატავს აგრესიას თანატოლისადმი, რეალურად მას უჭირს საკუთარი ემოციების გაგება და მართვა, ვერ ახერხებს ბრაზის სწორი ფორმით გამოხატვას და აზიანებს სხვასაც და საკუთარ თავსაც. 

- როგორ შეიძლება, რომ ბავშვებს ემოციების სწორად გამოხატვა ვასწავლოთ?

- საქმე ისაა, ზოგჯერ უფროსები ბავშვებს ასწავლიან იმას, რომ არ უნდა გაბრაზდნენ ან არ იტირონ. სინამდვილეში ამით მათ ვეუბნებით, რომ ის ემოციები, რაც უჩნდებათ, არ არის სწორი. მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რომ მისი ემოციები ბუნებრივია. მან უნდა იცოდეს, რომ შეიძლება გაბრაზდეს ან ეშინოდეს და ამის გამო არ შეარცხვენენ და არ დასცინებენ. ჩვენი ამოცანაა ბავშვებს ვასწავლოთ ემოციების სწორი გზით გამოხატვა. მაგალითად, ბრაზისას დარტყმის ნაცვლად ემოცია სიტყვიერად გამოხატოს. თუ ბავშვს უჭირს თანატოლებთან თამაში, ინიციატივის გამოჩენა, მაშინ მშობელს შეუძლია დაეხმაროს, მაგალითად, მასთან ერთად გაიცნოს ბავშვები, ჩართოს ისინი თამაშში და თავადაც ითამაშოს. ამით ბავშვს წავახალისებთ და მათ ქცევის კონკრეტულ მოდელს მივაწვდით. მოკლედ, ემოციების არსებობა და გამოხატვა ნორმალურია და ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ უფროსებისგან აუცილებლად მიიღებენ მხარდაჭერას...

 

924
საზოგადოება

რატომ არ მოსწონთ ქალებს გენიოსების წიგნები

49
(განახლებულია 16:46 04.06.2020)
ბელადს, რომელიც თავის ხალხს სისხლითა და ოფლით აშინებს, უფრო დიდი ნდობა აქვს, ვიდრე პოლიტიკოსს, რომელიც ხალხს კეთილდღეობასა და აყვავებას ჰპირდება...

აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ჯორჯ ორუელის გამონათქვამებს.

ჯორჯ ორუელი
ჯორჯ ორუელი

ჯორჯ ორუელი (George Orwell, 1903–1950) – ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი. მისი ნამდვილი სახელია ერიკ ართურ ბლერი. ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია რომანი „1984“ და იგავი „ცხოველების ფერმა“. ორუელია ავტორი ტერმინისა „ცივი ომი“, რომელმაც შემდგომში ფართო გამოყენება ჰპოვა.

·        ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ წარუმატებლებს, ქურდებს, მოღალატეებსა და თაღლითებს, მათი მსხვერპლი არ არიან. ისინი თანამონაწილეები არიან.

·        ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ სურს, შესაბამისად, ძალაუფლება ყოველთვის არანორმალურების ხელშია.

·        სოციალიზმის (ისევე, როგორც ქრისტიანობის) ყველაზე უარესი რეკლამა მისი მიმდევრებია.

·        გენიოსის უტყუარი ნიშანი: მისი წიგნები ქალებს არ მოსწონთ.

·        თუ ცხოვრების მთავარი მიზანი არა განვლილი წლების რაოდენობა, არამედ ღირსება და პატიოსნებაა, მაშინ რა განსხვავებაა, როდის მოკვდები?

თავისუფლება გზის ბოლოსაა, მანამდეა მოთმინების გზა>>

·        თავისუფლება – ესაა უფლება ელაპარაკო ადამიანებს ის, რისი მოსმენაც მათ არ სურთ.

·        ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები.

·        ომი – ეს მშვიდობაა. თავისუფლება – მონობაა. არცოდნა – ძალა.

·        ათიდან ცხრა შემთხვევაში რევოლუციონერი – ესაა მთამსვლელი ბომბით ჯიბეში.

·        ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც მოიხმარს და არაფერს აწარმოებს.

·        პატრიოტიზმი თავისი ბუნებით არ არის აგრესიული არც სამხედრო და არც კულტურული გაგებით. ნაციონალიზმი კი ძალაუფლებისადმი მისწრაფებისგან განუყოფელია.

·        სანამ ფიქრს არ ისწავლიან, არ აჯანყდებიან, მაგრამ მანამ, სანამ არ აჯანყდებიან, ფიქრს ვერ ისწავლიან.

·        რაც უფრო შორდება საზოგადოება სიმართლეს, მით უფრო ვერ იტანს მათ, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს.

·        ომის დამთავრების უსწრაფესი ხერხი მისი წაგებაა.

·        ის, ვინც წარსულს მართავს, მართავს მომავალს. ის, ვინც აწმყოს მართავს, მართავს წარსულს.

·        ბელადი, რომელიც თავის ხალხს სისხლით, მძიმე შრომით, ცრემლითა და ოფლით აშინებს, უფრო დიდი ნდობით სარგებლობს, ვიდრე პოლიტიკოსი, რომელიც ხალხს კეთილდრეობასა და აყვავებას ჰპირდება.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

·        სერიოზულ სპორტს არაფერი აქვს საერთო პატიოსან თამაშთან. სერიოზული სპორტი – ესაა ომი, მინუს მკვლელობა.

·        თითოეული თაობა თავს მიიჩნევს წინა თაობაზე უფრო ჭკვიანად და მომდევნო თაობაზე უფრო ბრძენად.

·        კარგი წიგნი ამბობს იმას, რაც ისედაც ცნობილია.

·        რევოლუციონერების უმრავლესობა პოტენციური კონსერვატორები არიან.

·        ყოველ ნაციონალისტს არ შორდება ფიქრი, რომ წარსულის შეცვლა შეიძლება და უნდა შეიცვალოს.

·        როდესაც ომს ბოლო არ უჩანს, ის უკვე აღარ არის საშიში.

·        ომის მთელი პროპაგანდა, ყვირილი, ტყუილი და სიძულვილი უცვლელად მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ იბრძვიან.

·        რეპრესიების მიზანი რეპრესიებია. წამების მიზანი – წამება. ხელისუფლების მიზანი – ძალაუფლება.

·        იერარქიული საზოგადოება შესაძლებელია მხოლოდ სიღატაკისა და უცოდინრობის საფუძველზე.

·        ადამიანები მშიერი მუცლით არასდროს ვარდებიან სასოწარკვეთილებაში. მათ არც კი იციან, ეს რა არის...

49
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
თეა თავაძე

ქართველი ექიმი, რომელიც სტამბულში ქალებს ჰიპნოზით ამშობიარებს

1045
(განახლებულია 22:48 03.06.2020)
ჩვენი რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად თურქეთში მცხოვრებ წარმატებულ ქართველ ექიმს თეა თავაძეს გაგაცნობთ.

ქართველი ექიმი სტამბულის ერთ-ერთ კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიური კლინიკის წამყვანი სპეციალისტია. ის ურთულეს გინეკოლოგიურ ოპერაციებს ატარებს და იმავე კლინიკაში წყალში მშობიარობის განყოფილების დამაარსებელიც გახლავთ. ამავე სფეროში კოლეგებთან ერთად მუშაობს ისეთ ინოვაციურ მეთოდზე, როგორიცაა ჰიპნოზით მშობიარობა. ფლობს რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს.

თავის დროზე დიპლომი დაიცვა ისეთ თემაზე, როგორიცაა ვაგინალური ექოსკოპიის როლი ადრეული ორსულობის პერიოდში, რაც შემდგომ წიგნის სახით გამოიცა. დღეს კლინიკაში (Atlas Üniversitesi Edicine hospital) მუშაობის პარალელურად ლექციებსაც კითხულობს.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ქალბატონო თეა, როგორ და როდის აღმოჩნდა ქართველი მედიკოსი თურქეთის სამედიცინო სფეროში?

- თურქეთში ჩამოსვლამდე, 1998 წელს საქართველოში პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია დავამთავრე. თურქეთში ჩემი ჩამოსვლა დეიდაჩემის ნესტან სოფაძის რჩევით მოხდა. იმ პერიოდში დეიდა თურქეთის ერთ-ერთ კონსერვატორიაში მუსიკის პედაგოგად მოღვაწეობდა. სწორედ მისგან გავიგე, რომ იმ პერიოდში თურქეთსა და საქართველოს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მოქმედებდა. ექვსი თვის მანძილზე თურქ სტუდენტებთან ერთად კლინიკაში ვიყავი და მონაწილეობას ვიღებდი პრაქტიკულ სამუშაოებში.

თეა თავაძე სამუშაო გარემოში
თეა თავაძე სამუშაო გარემოში

- რამ მოახდინა თქვენზე მაშინ შთაბეჭდილება?

- იმ ექვსი თვის განმავლობაში ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის სამედიცინო განათლების დონემ. გადავწყვიტე, რომ ისევ დავბრუნებულიყავი სტამბულში და მაგისტრატურაში აქ ჩამებარებინა. ძალიან დიდი შრომისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ (რისთვისაც სამი წელი დამჭირდა) მარმარის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი მეან-გინეკოლოგის სპეციალობაზე, სადაც ექვსი წელი ვისწავლე და ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტი ვიყავი.

ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად
ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად

- ამ ეტაპზე რა სახის კვლევებზე გიწევთ მუშაობა?

- ვაწარმოებ გარკვეულ კვლევებს და ვახორციელებ ფიზიოლოგიურ მშობიარობას პირველი, მეორე და მესამე საკეისროს შემდეგ, რომელიც ძალიან რთული პროცესია. მოგეხსენებათ, თურქული ტრადიციები მრავალშვილიანობის მომხრეა, საკეისრო კვეთა კი მრავალშვილიანობას, ასე თუ ისე, აფერხებს. მე, როგორც ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რთულ მშობიარობებს ვუწევ მეთვალყურეობას. გარდა იმისა, რომ მეან-გინეკოლოგი ვარ, დამატებით ვფლობ რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს, რომელსაც მხოლოდ ჩემ სპეციალობაში ვიყენებ.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თურქეთში ისეთ უჩვეულო და უნიკალურ მეთოდზე მუშაობთ, როგორიცაა ჰიპნოზით მშობიარობა, როგორ ხდება მსგავსი რამ?

- ჰიპნოზი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ძილს, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმნის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი პაციენტი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა პაციენტი თავისუფლად გამოხატავს ემოციას – ტირის, ყვირის, შეკითხვებზე თავისუფლად გცემს პასუხს. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება. მოკლედ რომ ვთქვათ, ორსულობის პერიოდში შთაგონების მეშვეობით ვახერხებთ პაციენტის ქვეცნობიერის კონტროლს, რომელიც მშობიარობის პერიოდში ექიმის მითითებებს ექვემდებარება.

თეა თავაძე ოჯახურ გარემოში
თეა თავაძე ოჯახურ გარემოში

- რამდენად უსაფრთხოა ეს მეთოდი?

- ჰიპნოზით მშობიარობა სრულიად უსაფრთხო მეთოდია, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. მშობიარობის შემდეგ პაციენტი რამდენიმე წამში გარკვეული მითითების შემდეგ ისევ უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. ეს ახალი ტენდენციაა თურქეთში და ჩვენი უნივერსიტეტი ჯერჯერობით მხოლოდ მეორე იქნება, სადაც ჰოპნოზით მშობიარობა განხორციელდება.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- ვიცი, რომ დისერტაციაზეც მუშაობთ, რა თემას ეხება თქვენი ნაშრომი?

- ამჟამად საერთაშორისო კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ თემაზე, რომელიც ეხება ორსულობამდე და ორსულობის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგებს მშობიარობის პერიოდში.

თეა თავაძე
თეა თავაძე

- თქვენი მეუღლე თურქეთელი ქართველების შთამომავალია, ალბათ ამანაც განაპირობა ამ ქვეყანაში თქვენი ოჯახის საბოლოოდ დამკვიდრება...

- ჩემი მეუღლე ქემალ იემი (iyem), ირემაძე წარმოშობით მაჭახელადანაა. დედამთილი მარიამ ქავთარაძეა, მამამთილი ნევზათ ირემაძე გარდაცვლილია. იმ პერიოდში თურქეთში არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო მეუღლის მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ბელგიაში, სადაც ჩემი მეუღლე დაიბადა და გაიზარდა. იქ ცხოვრობდნენ ოცი წლის განმავლობაში, მიიღეს ბელგიის მოქალაქეობა, მაგრამ შემდეგ საცხოვრებლად ისევ სტამბულში გადავიდნენ. შემდეგ ჩემმა მეუღლემ დაიწყო თურქეთსა და საქართველოს შორის წარმატებული ბიზნეს-საქმიანობა, რის გამოც ორმაგი მოქალაქეობა მიენიჭა, ჩემს ორივე შვილსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

თეა თავაძე ოჯახთან ერთად
თეა თავაძე ოჯახთან ერთად

- საქართველოში რამდენად ხშირად ჩამოდიხართ და სამომავლოდ საქმიანობის აქ გაგრძელებას თუ აპირებთ?

- რაც შეეხება საქართველოში ჩემს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კლინიკებიდან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა, ჯერჯერობით არ ვაპირებ, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიონალური გეგმების განხორციელებაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. იქ ძალიან ხშირად ჩავდივარ ოჯახთან ერთად. ჩემი შვილები მთელი ზაფხულის განმავლობაში ბებიასთან და ბაბუასთან ისვენებენ. ისინი ქართულს ძალიან კარგად ფლობენ, ისიც კარგად იციან, რომ მათ გენებში ქართული სისხლია, საქართველო კი მათი მშობლიური ქვეყანა...

 

1045
თემები:
ქართველები უცხოეთში
მშრალი ხიდი

შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები და მთავრობის სტრატეგია

0
(განახლებულია 16:37 04.06.2020)
მთავრობის მხრიდან დახმარების ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალური გადასახადებისგან მოქალაქეების გათავისუფლება და  საბანკო სესხების გადავადება

 

თბილისი, 4 ივნისი  - Sputnik.  კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს ბევრი  ლოდინის დრო და შესაძლებლობა, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ–მინისტრის სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გლობალური გამოწვევაა და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიც გლობალური პრობლემაა, მთავრობამ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გააკეთოს თავისი საქმე.

 „ჩვენ კარგად გვესმის, რომ კრიზისიდან გამომდინარე, დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, უჭირთ.  ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრ ადამიანს უბრალოდ შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა“, – განაცხადა გახარიამ.

სწორედ ამიტომაც მთავრობის ყველაზე სწრაფი ნაბიჯი იყო კომუნალურ გადასახადებზე დახმარება, საბანკო სესხების გადავადება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

 „ამან მოგვცა შესაძლებლობა მოგვეგო დრო, უკეთ გავრკვეულიყავით გამოწვევის სირთულეებში და შემდგომ ჩვენ გვქონდა კონკრეტული, მიზნობრივი სოციალური დახმარების გეგმა, რომელიც წარმოვადგინეთ და რომლითაც ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ“, – განაცხადა პრემიერმა. 

გახარიამ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ვარიანტს მთავრობა განსახილველად მოქალაქეებს წარუდგენს.

 „ყოველთვის ვამბობდი, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია – ეს სხვა ისტორია, სხვა გეგმაა. იგი სხვა დონის მუშაობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდის წევრები, ჩართული არიან ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე მუშაობის პროცესში“, – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ეს არის ქვეყნის მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძლევადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელზეც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობენ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერები, ასევე აუდიტორული კომპანია Deloitte–ის ნიუ–იორკის ოფისის ანალიტიკოსები. აღნიშნული გეგმა საქართველოს შესაძლებლობას მისცემს პოსტპანდემიურ ეკონომიკასა და გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და ეფექტური.


0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა