თამარ ისპირიანი მებაღიშვილი

„ვოცნებობ, მალე გავიაროთ ეს რთული პერიოდი“ დიპლომატის მიერ შექმნილი საოცარი ბროშები

940
(განახლებულია 20:05 31.03.2020)
„თუ კომპოზიცია ქსოვილზე ლამაზად „დაჯდა", ესე იგი სწორი ტექნიკაა“, – ამბობს თამარ ისპირიან-მებაღიშვილი.

როდესაც მის დახვეწილ ნამუშევრებს უყურებ, რთულია დაიჯერო, რომ მათი შემქმნელი პროფესიით დიპლომატი და ეკონომისტია. მისმა ბროშებმა ბევრი ქართველი და უცხოელი ქალბატონის აქსესუარებს შორის უკვე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი. ასევე პოპულარულია ლენტებით მოქარგული მისი ნამუშევრებიც.  

როდის და რატომ გადაწყვიტა პროფესიით დიპლომატმა და ეკონომისტმა ბროშების დამზადება – ამას მასალიდან შეიტყობთ.

თამარ ისპირიანი მებაღიშვილი
თამარ ისპირიანი მებაღიშვილი

- ქალბატონო თამარ, როდის და რატომ გადაინაცვლეთ პროფესიისგან ასე შორს მდგარ სამყაროში?

- პროფესიული ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, მაგრამ სულიერი განვითარება სულ სხვაა და ამის მოთხოვნილება ყოველთვის მქონდა. სილამაზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გამაჩნდა და ადამიანის მიერ შექმნილ ლამაზ ნივთებს აღტაცებაში მოვყავდი. საკუთარ თავს სულ ვეკითხებოდი, ნუთუ მე ვერ შევქმნი ისეთ რამეს, რაც ხალხის აღტაცებას და ემოციას გამოიწვევს–მეთქი. ხელოვნება სულ სხვა სამყაროა, რომლის აღქმა ყველას არ შეუძლია, საამისოდ ესთეტი უნდა იყო... მიხარია, რომ ჩემი ნივთები ადამიანებში სასიამოვნო ასოციაციას იწვევს. თავიდან ნახატების ლენტებით მოქარგვა დავიწყე და შემდეგ ბროშების გაკეთებაზე გადავედი. ლენტებით შექმნილი პირველი ნამუშევარი მოქარგული „იასამნები" იყო.

თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული
თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული

- ქარგვის დროს ნატურალურ ქსოვილს და ატლასის ლენტებს იყენებთ და ბროშებს რა მასალისგან აკეთებთ?

- ჩემს გულსაბნევებში ბუნებრივი ქვებია – აქატი, ფირუზი, მარგალიტი, ლაზურიტი, ონიქსი, ნეფრიტი, მარჯანი, ავანტურინი, ჩეხური კრისტალები და ასევე ნატურალური ტყავი. ეს ნამუშევრები საავტორო და ექსკლუზიურია. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს – სულ ვცდილობ, რომ საქმე გავირთულო. რაც უფრო რთულ კონსტრუქციას ვაწყობ, მით უფრო კარგად გამომდის და ადრენალინიც მატულობს. მერე მიკვირს, ასე კარგად როგორ გამოვიდა. ამიტომ ისეთივე მეორე ზუსტი ასლის შექმნა გამორიცხულია...

თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული
თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული

- ბროშები და ლენტებით მოქარგული ნახატები არ იქნება მარტივი დასამზადებელი...

- სულ მიკვირს, როცა ჩემი ნივთების ფასი ეძვირებათ. ასეთ ხელნაკეთის დამზადება ურთულესი და შრომატევადია. მაგალითად, დრაკონის ბროშს ოთხი თვე ვაწყობდი, იასამნების მოქარგვას კი ექვსი თვე მოვანდომე. ასეთი ბროშების დამზადება ურთულესია, რადგან 3D კონსტრუქციითაა შექმნილი. სურათების დამზადებისას კი განსაკუთრებით რთულია ფერების ბალანსისა და კომპოზიციის ბუნებრიობის მიღწევა. ლენტებით ქარგვის დროს არანაირ ტექნიკას არ ვიყებებ. მე ხომ თვითნასწავლი ვარ, ამიტომ ისე ვმუშაობ, როგორც თავად მასალა და ფანტაზია მკარნახობს. მე ასე მესმის: თუ კომპოზიცია ქსოვილზე ლამაზად "დაჯდა", ე.ი. სწორი ტექნიკაა.

თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული
თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული

- რაიმე განსაკუთრებულ პირობასაც ხომ არ იცავთ?

- შრომის გარდა ასეთ ნივთებზე მუშაობა ჩემთვის თავისებური რელაქსაციაა. ყველა ნივთის შექმნის მომენტში განსხვავებულ მუსიკას ვუსმენ, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მათ თავისი მუსიკალური ფონიც “ახლავს“, რაც ამ ნივთს დადებით აურას სძენს. როცა ნივთების კეთება დავიწყე, მაშინ მათ გაყიდვაზე არც მიფიქრია, ჩემთვის ეს გართობა იყო.

თამარ ისპირიანი მებაღიშვილის შემოქმედება
თამარ ისპირიანი მებაღიშვილის შემოქმედება

- რეალიზაციაზე ფიქრი როდის დაიწყეთ?

- როცა ვნახე, რომ ნამუშევარი კარგი გამომდიოდა და ინტერესს იწვევდა. ერთხელ შემომთავაზეს, რომ გამეყიდა და მეც დავთანხმდი, რეალიზაცია არ გამჭირვებია. რაც მთავარია, თავად სულ მეკეთა ბროშები, ასე რომ, ჩემი პროდუქციის PR-მენეჯერიც თავად ვიყავი. ნამუშევრების რეალიზაციაში მეგობრებიც მეხმარებოდნენ, ახლა ინტერნეტ-სივრცითაც ვახერხებ.

ატლასის ლენტებით მოხატული იები
ატლასის ლენტებით მოხატული იები

- ბოლო დროს ბროშები უფრო აქტიურად გაჩნდა ჩვენი ქალბატონების აქსესუარებში...

- რამდენიმე გამოფენაზე ჩემმა გულსაბნევებმა და ბროშებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ გამოფენების მერე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა ქალბატონებმა უფრო აქტიურად დაიწყეს გულსაბნევების შეძენა და გამოყენება. ჩემი შემკვეთები საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები არიან, ვისაც სილამაზის აღქმის უნარი აქვს. ყველა მომხმარებელს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა გვაქვს. ერთიმეორის მოკითხვა და დღესასწაულების მილოცვა არ გვავიწყდება და ეს ძალიან მახარებს.

თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული
თამარ ისპირიანი მებაღიშვილის ხელნაკეთი სამკაული

- ხელოვნება რაში გეხმარებათ?

- მისი დახმარებით ვახერხებ რეალობიდან გაქცევას ჩემ მიერ შექმნილ სამყაროში, სადაც მე ვარ „ჯადოქარი". ხელოვნება ადგილია, სადაც ფანტაზია და წარმოსახვა რეალობაში გადმოდის და სადაც სასწაულები იქმნება. საბედნიეროდ, მუზა მწყალობს. იმდენი იდეა მაქვს, რომ შეიძლება ღამით ავდგე და ქაღალდზე ესკიზი შევქმნა. ახლა მსოფლიოში ისეთი არეულობაა, რომ მერიდება კიდეც რაიმეზე ვიფიქრო. მთავარია, დედამიწაზე სიმშვიდე და ჰარმონია დამკვიდრდეს. ვოცნებობ, მალე გავიაროთ ეს რთული პერიოდი, მე კი ადამიანების გასახარად კიდევ ბევრ ლამაზ ნივთს შევქმნი...

 

940
როსტომ საგინაშვილი

კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებლის ოცნება: ხშირად ამიხედავს ცაში და...

988
(განახლებულია 20:54 29.05.2020)
„ჩაკრულომ" ისტორიაში შემიყვანა. ის უკვე ჩემი ნაწილია, ჩემშია, ისევე, როგორც თითოეულ ქართველში“, – ასე გვითხრა ხალხური სიმღერების გამორჩეულმა შემსრულებელმა როსტომ საგინაშვილმა.

1977 წელს კოსმოსში გაგზავნილ "ოქროს ფირფიტაზე" ჩაიწერა ქართული პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო", რომელსაც ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად როსტომ საგინაშვილი და ილია ზაქაიძე ასრულებენ.

იდეა, დედამიწიდან გაეშვათ კოსმოსური ობიექტი, რომელიც წაიღებდა სხვადასხვა ინფორმაციას დედამიწის შესახებ, მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს ამერიკელ მეცნიერსა და ტელეწამყვანს კარლ საგანს გაუჩნდა. ეს იდეა NASA-მ განახორციელა, რომელმაც კოსმოსში გაუშვა აპარატი Voyager. მასში მოთავსებულ „ოქროს დისკზე” სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად მხოლოდ 27 მუსიკალური ნაწარმოები შეარჩიეს და მათ შორის ჩვენი ქართული ხალხური საგანძური „ჩაკრულოც“ აღმოჩნდა.

ჩვენ დავუკავშირდით ბატონ როსტომს და ვთხოვეთ კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ეს ფაქტი და მისი ცხოვრების დაუვიწყარი შეხვედრები...

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

- ბატონო როსტომ, თუ გრძნობთ თავს ისტორიის ნაწილად?

- ისტორიის ნაწილად ვგრძნობ თუ არა თავს? - ხანდახან ალბათ კი, ძირითადად ჩვეულებრივი კახელი ვარ. ეს ამბავი ხომ დღეს მარტო დედამიწის კი არა კოსმოსური ისტორიის ნაწილიცაა. „ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების შესახებ 1977 წელს ამერიკაში მეორე მოგზაურობის დროს გვითხრა ჩვენმა იმპრესარიომ. არც კი გვჯეროდა, იმდენად წარმოუდგენელი ამბავი იყო. არც დეტალები ვიცოდით, მაშინ ასე მარტივი არ იყო ინფორმაციის მიღება. ერთადერთი, რაც ვიცოდით, ის იყო, რომ მათ საბჭოთა რუსეთის მიერ რეკომენდებული Подмосковные вечера-ს ნაცვლად ერთხმად შეარჩიეს „ჩაკრულო", რომელსაც „ნასაში“ არც ლობი ჰყავდა და არც დამცველი. როცა ანსამბლთან ერთად ამ ამბავმა საქართველოში ჩამოაღწია, ატყდა აურზაური – არა ჩვენი ნამღერი „ჩაკრულოა“ გაგზავნილი და არა ჩვენიო. ყველა მეკითხებოდა, როსტომ, ამდენს რომ კამათობს ეს ხალხი, რატომ არ იტყვი, რომ ეს თქვენი „ჩაკრულოაო“.

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

- თქვენ არ ერეოდით იმ კამათში?

- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იმღერა. ეს ქართული სიმღერის ზეიმი და აღიარებაა და ეს ფაქტი მარად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში. იმედი მაქვს, მომავალში უფრო მეტად დააფასებენ ამ ფაქტის მნიშვნელობას, ვიდრე ახლა აფასებენ.

- ძალიან ბევრ გამორჩეულ ადამიანს შეხვედრიხართ ცხოვრებაში?

- ძალიან გამიმართლა, რომ მქონდა ბედნიერება ცხოვრების გარკვეული პერიოდი გამევლო ქართული ხელოვნებისა და კულტურის ნამდვილ ვარსკვლავებთან. რომელი ერთი გავიხსენო? – ჰამლეტ გონაშვილი, ანზორ კავსაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ზურა ქაფიანიძე, ანზორ ერქომაიშვილი... საოცარი თაობები წავიდა. რაინდული სული, ვაჟკაცობა, ქართველობა, ნიჭიერება, პატიოსნება ერთეულებს კი არა, მთელ თაობებს ახასიათებდა. განუმეორებელი ეპოქა იყო და ბედნიერი ვარ, რომ ამ ეპოქის პატარა ნაწილი მეც ვიყავი.

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

- ყველაზე დაუვიწყარი შეხვედრა რომელი იყო?

- შთამბეჭდავი შეხვედრა ძალიან ბევრი იყო, ერთის გამორჩევა ძნელია. მაგრამ მაინც ჯორჯ ბალანჩინთან შეხვედრას გამოვყოფდი. რატომ? ასეთ კორიფეებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და ამაღელვებელია. როგორ არ აღელდები, როცა იცი, რომ ამერიკულ ბალეტს ქართული წარმოშობის ქორეოგრაფმა ჩაუყარა საფუძველი ჩაუყარა. ყველაზე კარგი მომენტი იყო, როცა ჩვენი მოცეკვავე გოგონები ბალანჩინის ბალერინებს ქართულ ცეკვაში ხელის მოძრაობას ასწავლიდნენ. ნამდვილი მასტერ-კლასი ჩაუტარეს.

- რამეზე თუ გწყდებათ გული?

- ცხოვრების მანძილზე უნიკალური ფოტოარქივი დამიგროვდა, კარგი საქმე იქნებოდა მათი ალბომად გამოცემა, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე, ამიტომ ეს ოცნება შვილებს „ვუანდერძე". ალბათ ისტორიაც ამ ფოტოებთან ერთად "დამიმახსოვრებს". საერთოდ, კარგი პატრონი ამ უნიკალურ მოვლენას – ქართული სიმღერის კოსმოსში გაგზავნას ვგულისხმობ – ქვეყნის პრესტიჟის ასაწევად გამოიყენებდა, მაგრამ... ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს ამბავი შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ ახსენდებათ და მომიკითხავენ ხოლმე, სად არისო.

როსტომ საგინაშვილი
photo: courtesy of Tamar Saginashvili
როსტომ საგინაშვილი

- მკითხველს ვუთხრათ, დღეს სად ხართ...

- სად ვარ და სოფელში ვარ და როგორც ჩვეულებრივ პენსიონერს შეეფერება, ისე ვცხოვრობ.

- ისე, თუ გჯერათ დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზეც რომ არის სიცოცხლე?

- მე მჯერა, რომ სადღაც სხვა ცივილიზაციებიც არსებობს. ხშირად ამიხედავს ცაში და მიფიქრია, ნეტავ, ახლა ვინ ისმენს ჩვენს „ჩაკრულოს“–მეთქი, ან რომ ისმენს, რა ესმის, რა განცდა ეუფლება? ნეტავ, ჩვენსავით ბურძგლავს, როცა ესმის "ხმალო ხევსურეთს ნაჭედო"?

- დარწმუნებული ვარ, რომ „ჩაკრულო“ მარტო სიმღერა არ არის თქვენთვის...

- "ჩაკრულომ" ისტორიაში შემიყვანა. ის უკვე ჩემი ნაწილია, ჩემშია, ისევე, როგორც თითოეულ ქართველში. ჩვენ ხომ ამ სიმღერებს უბრალოდ არ ვუსმენთ. ამ დროს ჩვენი სისხლი დუღს და გული ამოვარდნაზეა. როცა ქართული სიმღერა გვესმის, თითქოს ყველა უჯრედი ამ მელოდიას ხმას აყოლებს. იმიტომ რომ ის ჩვენი ერის სულის ნაწილია. ჩვენ კი ამ ერის შვილები ვართ – ნიჭიერები, ამაყები, ძლიერები და... ჯერჯერობით ყველა „თავთავისთვის ამღერებულები". აი, როცა ყველა ერთად და ხმაშეწყობილად „ავმღერდებით", მაშინ მართლა გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა...

 

988
ეკა კობახიძე

ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება სილამაზის კონკურსში გამარჯვება და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა

554
(განახლებულია 19:40 28.05.2020)
90-იან წლებში ტელევიზიის „მეორე არხის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე იყო. თუმცა მანამდე თბილისმა ეკა კობახიძე გაიცნო სილამაზის კონკურსიდან, რომელსაც მომავალი კინოვარსკვლავები უნდა გამოევლინა.

კონკურსი იმ დროის გაყინულ ქალაქში თავისებურ გამონათებად იქცა. კონკურსის მონაწილეებს არც ვიზაჟისტები და სტილისტები ემსახურებოდნენ და არც მოდური დიზაინერის კაბები ეცვათ. თუმცა 18 წლის გოგოს ბუნებრივმა სილამაზემ და საკონკურსო დავალებების საინტერესოდ შესრულებამ მაშინვე მიიქცია მაშინდელი ინოვაციური ტელეარხის ხელმძღვანელების ყურადღება და მალე სატელევიზიო სივრცეში გადაინაცვლა.

ტელევიზიამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება და შემოქმედებით სამყაროში დაასახლა. მალე 90-იანი წლების ცნობილი ტელეგადაცემა „სინემას“ წამყვანი გახდა. მოგვიანებით ბედი კინოშიც სცადა. ფილმმა „სუსა“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, გრან-პრი ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო, ნაჩვენები იყო ბერლინალესა და როტერდამის ფესტივალებზე.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის სერვის-ცენტრში მუშაობს. სამი შვილის დედას ქალაქში სხვა კუთხით იცნობენ – როგორც მიუსაფარი ცხოველების ერთგულ დამცველსა და მფარველს, რომელმაც ოჯახში რვა ოთხფეხა მეგობარი შეიფარა.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- ეკა, თავიდან დავიწყოთ: რას გაიხსენებს ყოფილი „მის თბილისი“ სილამაზის კონკურსის შესახებ და, საერთოდ, იმ დროიდან?

- ეს იყო 1993 წელს, როცა თბილისში გამოცხადდა კონკურსი „მომავალი კინოვარსკვლავები – „ბემონი“. იდეა, რომ მასში მიმეღო მონაწილეობა, ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა მომაწოდეს. გავედი კასტინგზე და კონკურსის ფინალში მოვხვდი. ეს ის დრო იყო, როცა არ ვიყავით განებივრებული არც სალონებით და არც დიზაინერების მიერ შექმნილი კაბებით. საკუთარ თავზე თავად ვზრუნავდი. კონკურსის ფინალი გრიბოედოვის სახელობის გაყინულ თეატრში ჩატარდა. აი, მაშინ პროფესიონალები მოიწვიეს სილამაზის სალონიდან „ოცნება“, ხოლო მაკიაჟი ანუკა მურვანიძემ გამიკეთა. ეს იყო ძალიან ემოციური საღამო.

ეკა კობახიძე (მარჯვნივ) სილამაზის კონკურსზე
ეკა კობახიძე (მარჯვნივ) სილამაზის კონკურსზე

- საფინალო დავალება რა გქონდათ?

- კონკურსანტებს მოგვცეს დავალება – როგორ მივიდოდით რეჟისორთან გადაღების პირველ დღეს. ყველაზე მაღალი ქულა ამ დავალებისთვის მე ავიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ სამეულში აუცილებლად მოვხვდებოდი. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემ ცხოვრებაში. ბედნიერი ვიყავი, როცა მამა სცენაზე ამოვიდა და ხელში ამიყვანა. მეორე დღეს უკვე სხვა რეალობაში გავიღვიძე. ჩემი სამეგობრო ამაყობდა, ქუჩაში ყველა მილოცავდა. მიუხედავად ცდუნებისა, პოპულარობას ისე ვგრძნობდი, როგორც პასუხისმგებლობას. როცა პირველად ავტოგრაფი მთხოვეს, უფრო გამიკვირდა, ვიდრე მესიამოვნა, მაგრამ მეორედ უკვე თავდაჯერებული ვიყავი.

სტატია ეკა კობახიძეზე მაშინდელ პრესაში
სტატია ეკა კობახიძეზე მაშინდელ პრესაში

- ტელევიზიაში სილამაზის კონკურსის შემდეგ მოხვდით...

- დიახ, კონკურსის სპონსორებს შორის ტელეკომპანია იყო. მისმა მთავარმა რედაქტორმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ მიმიწვია გადაცემაში „სინემა“ წამყვანად და ჟურნალისტად. ეს იყო ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება. ამ პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემ პიროვნულ განვითარებაზე. პროფესიული ურთიერთობა მქონდა ცნობილ მსახიობებთან, რეჟისორებთან და კინოკრიტიკოსებთან, ეს იყო ზღაპრული სამყარო. იმ პერიოდში „მეორე არხი“ და კონკრეტულად ეს გადაცემა ახალი სიტყვა იყო ტელევიზიაში. მეამაყება, რომ ვმუშაობდი პროფესიონალებთან ზურაბ აბაშიძესთან, ზაზა დარასელთან, მანანა ნაცვლიშვილთან და კიდევ ბევრ ღირსეულ ადამიანთან.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- კინოში როგორ აღმოჩნდით?

- 2010 წელს, როდესაც ტელეკომპანია „იმედზე“ ვმუშაობდი, ჩემი ფოტო სააგენტოებში იყო. სწორედ იქ ნახა მანანა ორბელიანმა, რომელიც კასტინგისთვის დამიკავშირდა. ფილმის რეჟისორი რუსუდან პირველი გახლავთ. მოკლედ, გავიარე კასტინგი და მთავარ როლზე დამამტკიცეს. ასე მოვხვდი დიდ კინოში. ფილმს „სუსა“ ჰქვია და ცხოვრების დრამაა ერთ უბედურ ქალზე, რომელიც ქმრის ჩამოსვლას ელოდება და არყის საამქროში შვილთან ერთად მუშაობს. ის პერიოდი ჩემთვის გამოცდასავით იყო.

- დღეს სამი შვილის დედა ხართ, თუ იციან თქვენმა შვილებმა ის, რაც მოგვიყევით?

- ჩემმა შვილებმა ზოგადად იციან, რადგან ამ თემას აქტიურად არ განვიხილავ, თანაც ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. ოჯახმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოიტანა, თუმცა ინტერესები არ შეუცვლია.

ფილმში სუსა
ფილმში "სუსა"

- დღეს მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნავთ და რვა ძაღლი შეიფარეთ ოჯახში, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ოთხფეხა მეგობრებზე ყოველთვის ვზრუნავდი. არ მახსოვს პერიოდი, რომ ოჯახში ძაღლი არ გვყოლოდა. ქუჩა სავსეა სისასტიკით, განსაკუთრებით დაუცველი და მიუსაფარი ცხოველების მიმართ არიან დაუნდობლები. ყველა ძაღლი, რომელიც ჩემს სახლშია, ადამიანური სისასტიკის მსხვერპლია – ზოგი გამოგდებულია სიბერის გამო, ზოგი კი, პირდაპირი მნიშვნელობით, ნაწამები. გვერდს ვერ ავუვლიდი მათ და ღია ცის ქვეშ ვერ მივატოვებდი ბედის ანაბარად. გადაწყვეტილებას თავისთავად ვიღებ, დაუფიქრებლად და ემოციურად, ისინი უბრალოდ მომყავს სახლში. მათთან თანაცხოვრება რთული არ არის, როცა ოჯახი მხარს გიჭერს.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- არ გიჭირთ მათი მოვლა?

- რა თქმა უნდა, რთულია მათი მოვლა, უფრო სწორად, დამღლელია. ეს არის ტიტანური შრომა იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დღე დილის ექვს საათზე იწყება – ძაღლების ქუჩაში გაყვანა რომ მოვასწრო სამსახურამდე. სახლში სივიწროვის მიუხედავად ყველას თავისი კუთხე აქვს და მეგობრულად ვცხოვრობთ. კიდევ დავამატებდი იმას, რომ მყავს ერთი კატა და თუთიყუში, რომელიც ჩემმა კატამ პირით მომიყვანა.

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლამაზი ქალბატონი მიუსაფარ ძაღლებს მფარველად ევლინება, ბრიჯიტ ბარდოს მაგალითი ხომ არ გახდა თქვენთვის მისაბაძი?

- ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება და ცხოველებზე ზრუნვა ყოველთვის მისაბაძია. სამწუხაროდ, მე არ მაქვს მისი მსგავსი შესაძლებლობები. ჩემი ოცნებაა მქონდეს მიწის ნაკვეთი, სადაც დიდ თავშესაფარს მოვაწყობდი. აუცილებელია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ძალიან ხშირად უსიამოვნებები მაქვს და ეს ნებისმიერ ცხოველთა დამცველს კარგად ესმის, მაგრამ ვერანაირი პროტესტი ვერ მათქმევინებს უარს იმაზე, რასაც ვაკეთებ. სახლში შეფარებული ძაღლების გარდა, ყოველდღიურად ჩემ საცხოვრებელ სახლთან მიმდებარე ქუჩებზე მობინადრე მიუსაფარ ცხოველებსაც ვკვებავ და ვუვლი.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- ამბობენ, ცხოველებისადმი სიყვარული და სიკეთე ერთი ფესვიდან აღმოცენებული გრძნობააო...

- ჩემი აზრით, სიკეთე სუბიექტური ცნებაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შენი ქმედებით ზიანი არ მიაყენო სხვას, ნებისმიერ სულიერს. სიკეთე სულის მოთხოვნილებაა და ადამიანური თვისებაა. თუ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ადამიანი გვქვია, მაშინ გულმოწყალება უნდა გამოვიჩინოთ დაუცველი არსებების მიმართ. ნუ ვატკენთ მათ, ნუ დავჩაგრავთ და, იქნებ, შევიყვაროთ კიდეც...

554
პეპელა

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 1–7 ივნისის პერიოდში

0
(განახლებულია 22:16 31.05.2020)
ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა ამ კვირაში საკმაოდ ხელსაყრელია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ შეუდგეთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთებას

ეცადეთ, მიჰყვეთ ასტროლოგების რჩევებს, რათა ზაფხულ პოზიტიური განწყობით დაიწყოთ. მთავარია, არ იზარმაცოთ და აპათიას  არ აჰყვეთ

ვერძი

იღბალი მუდამ თქვენ გვერდით იქნება, უბრალოდ, ხელი უნდა გაიწოდოთ, საკუთარ თავსა და საქმეებს სწორი იმპულსი მისცეთ. ენდეთ ინტუიციას და მიჰყევით მის ნაკარნახევ გზას. კარგი იქნება, თუ რამე ახალ საქმეს წამოიწყებთ ან სასიყვარულო სფეროში გააქტიურდებით.

ეცადეთ, არ აჰყვეთ ნეგატიურ განწყობას, მან პრობლემების ზრდის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს. არ „ჩაიციკლოთ უარყოფით მოგონებებზე ნაკლებად მოუსმინეთ ადამიანებ, რომლებიც ძაბავენ ვითარებას, სკეპტიციზმს ამჟღავნებენ და მუდამ „ცხვირჩამოშვებული“ არიან.

კურო

კვირის პირველ ნახევარში, შესაძლოა თქვენი განწყობა ძალიან შეირყეს. თავს შეგახსენებთ ნოსტალგია და სენტიმენტალიზმი. ეცადეთ, განდევნოთ ცუდი აზრები, აიმაღლოთ პროდუქტიულობა და წინსვლის სურვილი დაიბრუნოთ.

კვირის მეორე ნახევარი, 4–7 ივნისი პლანეტების ჰარმონიული ურთიერთმოქმედების ეგიდით ჩაივლის. ეს იქნება იდეალური დრო რომანტიკისთვის, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებისთვის. მარტოხელებმა შეგიძლიათ, თამამად განაცხადოთ თქვენი გრძნობების შესახებ, თუმცა, სიფრთხილეც არ დაივიწყოთ, რათა ადამიანი, რომელიც მოგეწონათ, არ დააფრთხოთ.

ტყუპი

ტყუპებისთვის ხელსაყრელი პერიოდი იწყება, მაგრამ თუ შინაგან დემონებსა და ნეატოვს არ შეებრძოლებით, ყველაფერი კარგად ვერ წარიმართება. გაერკვიეთ თქვენს წყენებში, შურში, ბრაზში. რაც უფრო კარგ განწყობაზე იქნებით, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ სხვადასხვა სფეროში.

იქნება სტაბილური კვირა, თვითონ შეგიძლიათ შეარჩიოთ, დრო რას დაუთმოთ – მეტ მუშაობას თუ მეტ დასვენებას, თავად დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება სურვილის მიხედვით. ვარსკვლავები ქარიზმას შეგმატებენ, ამიტომ სიყვარულში უფრო გაგიმართლებთ, ვიდრე საქმეებში.

კირჩხიბი

კვირის პირველ ნახევარში ვარსკვლავები ძლიერ დისჰარმონიაში იქნებიან, რამაც თქვენში, შესაძლოა, მავნე ჩვევები გაააქტიუროს. 1 და 2 ივნისი ნეგატიური დღეებია, მაგრამ თუ ცუდზე არ იფიქრებთ, მიზნების მიღწევაში ვერაფერი შეგიშლით ხელს. არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ოთხშაბათიდან ვარსკვლავების ენერგეტიკა მკვეთრად გაუმჯობესდება და შესაბამისად, თქვენი განწყობაც გამოკეთდება. შესაძლებელი გახდება, გაარკვიოთ საკუთარი დანიშნულება ცხოვრებაში, დაისახოთ მნიშვნელოვანი მიზნები შემდეგი რამდენიმე თვისთვის, გვერდი აუაროთ საშიშროებებს და დაივიწყოთ უსიამოვნო მოვლენები.

ლომი

ამ კვირაში თქვენთვის მხოლოდ ერთი დღე – 3 ივნისი შეიძლება იყოს საშიში და არაპროგნოზირებადი. ამ დღეს ვარსკვლავები დესტრუქციულ ენერგიას გამოასხივებენ, მაგრამ თუ რთულ სიტუაციებში ოპტიმიზმს შეინარჩუნებთ, თავდაჯერებულობა და იღბალი არ მიგატოვებთ.

კვირის მეორე ნახევარი იდეალურია სულიერი ძიებების, დასვენებისა და ღრმა თვითანალიზისთვის. უქმეები დინამიკური და არასტანდარტული გელოდებათ. შეიძლება ისე დასვენება, როგორზეც დიდი ხანია, ოცნებობდით, მაგრამ ვერ ახერხებდით. ირგვლივ მყოფები თქვენს განწყობაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.

ქალწული

ასტროლოგები ქალწულებს გირჩევენ, ყურადღებიანი იყოთ საყვარელი ადამიანების გრძნობებისა და აზრების მიმართ. არ ღირს ამ ადამიანების პროვოცირება ნეგატივზე, სჯობს, იზრუნოთ მათზე. ეს ყველაზე კარგად შეგიძლიათ, ასე რომ, ამ კვირაში იყავით ის, ვინც ხართ.

უქმეებზე გაგიჭირდებათ სულიერი ქაოსის, გაუგებრობებისა და მერყეობის თავიდან აცილება. შესაძლოა, დასვენება ან სახლში ფუსფუსი გჭირდებათ. წაგადგებათ საყვარელი ფილმის ყურება, წიგნის წაკითხვა, განმარტოება, ან, თუნდაც, საყვარელ მეგობრებთან დროსი გატარება.

სასწორი

ზაფხულის დასაწყისი თქვენთვის ხელსაყრელი დროა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. იდეალური დროა მეორე ნახევრის მოსაძებნად, ფლირტისა და ხანმოკლე რომანებისთვის.

ვისაც ჰყავს პარტნიორი, სასურველია, მას მეტი დრო დაუთმოს, მაგრამ სამუშაოც არ დაივიწყოთ. ამ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, საჭიროა მხოლოდცოტაოდენი თავდაჯერებულობა და სითამამე.

მორიელი

მორიელებს ამ კვირაში საქმეებსა და ბიზნესში ძალიან გაგიმართლებთ. იდეალური დროა გარიგებების დადების, შეთანხმებებზე ხელმოწერის, სამუშაოს შეცვლისთვის... წარმატება ელოდება ასევე შემოქმედებით ადამიანებს. სიფრთხილე მართებს მათ, ვისაც ხშირად უწევს მივლინებებში წასვლა.

პარასკევსა და შაბათს, ვარსვლავებისა და პლანეტების „ხელშეწყობით“, შესაძლოა, თქვენი ნიშნისთვის ტიპური შეცდომები დაუშვათ. ამ დღეებში აჯობებს, თუ ნაკლებად იაქტიურებთ სამსახურში და მეტ დროს დაუთმობთ ოჯახს, მეგობრებს, სახლის საქმეებსა და დასვენებას.

მშვილდოსანი

ძალზე პოზიტიური პერიოდი გელოდებათ. ვარსკვლავები და პლანეტები ძალიან მშვიდი არიან, მათი ენერგია კი აღმშენებლობითია. შეგიძლიათ, ამბიციური გეგმები დაისახოთ. ვერავინ შეაჩერებს მოტივირებულ და პოზიტივით დამუხტულ მშვილდოსნებს.

ამ კვირაში შეგიძლიათ დაიმკვიდროთ თავი, აიმაღლოთ ავტორიტეტი გარემომყოფების თვალში. ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ მეტად მოქნილი და მზადმყოფნი იდეოლოგიის შეცვლისთვის. უნდა შეებრძოლოთ სიხარბესა და ეჭვიანობას – ეს უკან დაგხევთ და იღბალს დააფრთხობს.

თხის რქა

კვირის დასაწყისი ხელსაყრელი იქნება. პირველი ორი დღე სამუშაოსა და სახლის საქმეებს მიუძღვენით. გადადეთ გასართობი ღონისძიებები. ოთხშაბათიდან მოსალოდნელი მკვეთრი ცვლილებები და მოულოდნელი მოვლენები.

თუ საქმეებში არ გაგიმართლებთ, სიყვარულის სფეროზე გადაიტანეთ ყურადღება და პირიქით, ვისაც სიყვარულში გაუცრუვდება იმედები, მუშაობაზე გადაერთეთ. მთავარია, არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და ხელები არ ჩამოუშვათ, თუ რამე ისე არ წავა, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს საკუთარი გეგმების სხვებისთვის განდობა.

მერწყული

ძალზე ხელსაყრელი და პროდუქტიული პერიოდი გელოდებათ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან ოცნებების ახდენაში, მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში სიყვარულშიცა და სამუშაოზეც. ბევრი იფიქრეთ კარგზე და უკუაგდეთ ნეგატიური ფიქრები.

საქმეებშიცა და სასიყვარულო ფრონტზეც ეცადეთ, არ ითავხედოთ და არ იეშმაკოთ. ტყუილი კარგ არაფერს მოგიტანთ, ხოლო გულწრფელობა და პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებაში. იდეალური კვირაა ახალი ცოდნის მიღებისთვის.

თევზები

ეცადეთ, დაძლიოთ სტერეოტიპული აზროვნებისადმი სწრაფვა. ასტროლოგები გირჩევენ, ხშირად იფიქროთ საკუთარი თავით და დასკვნები არ გამოიტანოთ სხვისი სუბიექტური მოსაზრების საფუძველზე. ეცადეთ, ჭეშმარიტებას ჩაწვდეთ.

სიყვარულში იუმორის გრძნობა და ინტუიცია დაგეხმარებათ – მეექვსე გრძნობა ამ კვირაში საკმაოდ გამძაფრებული გექნებათ და დაგეხმარებათ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში. ასევე მოუსმინეთ უფროსი თაობის რჩევებს.

0