ლიკა დავითაშვილი

„თითოეულ ზარზე თუ შეტყობინებაზე ცრემლები მომდის“ რა გვითხრა გერმანიაში მყოფმა ქართველმა

146
(განახლებულია 16:41 18.03.2020)
როდესაც ევროპის ბევრი ქვეყანა კორონავირუსის გამო ცხოვრების გამკაცრებულ რეჟიმზე გადავიდა, ამ დროს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებიც, ბუნებრივია, იძულებული გახდნენ, რომ თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ.

მათ შორის აღმოჩნდა უცხოეთში საქმიანი ვიზიტით მყოფი ლიანა დავითაშვილი, რომელიც გერმანიაში „აწარმოე საქართველოს“ და GIZ-ის სახელით Fit for Partnership-ის პროექტის ფარგლებში მოწყობილ მენეჯმენტ-ტრენინგზე იყო ჩასული.

„მეგობრებო კარგად ვართ! ეხლა ერთი კვირა უნდა ვიყო იზოლაციაში გერმანიაში, შემდეგ ორი კვირა საქართველოში. მირჩიეთ რამე როგორ არ გადავირიო სამი კვირა ოთხ კედელში. მთელი ცხოვრების მანძილზე სულ ვცდილობ, არასდროს არავინ შევაწუხო ჩემი პრობლემებით. სიტყვებით ვერ აღვწერ ემოციას, როცა სათითაოდ დაიწყეთ მოწერა და დარეკვა. დახმარებას მთავაზობთ ზოგი თანხით, ზოგი გერმანიაში მყოფი მეგობრებით, ზოგი ბილეთების მოძებნით. თითოეულ ასეთ ზარზე თუ შეტყობინებაზე ცრემლები მომდის. ძალიან მიყვარხართ და მეამაყებით“ – ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ლიანა დავითაშვილმა ორი დღის წინ. 
ლიკა დავითაშვილი
ლიკა დავითაშვილი

ამ წუთებში ის გერმანიის ქალაქ როიტლინგენის ერთ-ერთ სასტუმროში თვითიზოლაციაში იმყოფება და სამშობლოში გამოფრენას ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. ჩვენ მას დავუკავშირდით და გავესაუბრეთ.

- ქალბატონო ლიანა, როდის ჩაფრინდით გერმანიაში?

- აქ 24 თებერვალს ჩამოვედი ერთი თვით Fit for Partnership-ის პროექტით.

- ამჟამად სად ხართ და როგორ ხართ?

- კარგად ვარ, ახლა სასტუმროში სიფრთხილის მიზნით თვითიზოლაციაში ჩემივე ნებით ვიმყოფები. სასტუმროს გარეთ არ გავდივარ.

- ადგილობრივები თუ გაქცევენ ყურადღებას?

- კი, ძალიან ყურადღებიანები არიან. სასტუმროში ჩვეულებრივად ვმოძრაობ. საკვებს პირდაპირ ნომერში მაწვდიან.

ლიკა დავითაშვილი
ლიკა დავითაშვილი

- თუ იცნობთ მაგ ქალაქში ვინმეს?

- აქ, სამწუხაროდ, არავის ვიცნობ. დახმარება არავისთვის მითხოვია. როცა ჩემი ამბავი გაიგეს, დახმარება ყველამ საკუთარი სურვილით შემომთავაზა. ჩემს თბილისელ მეგობრებს ჰყავთ სხვადასხვა ქალაქებში მეგობრები და შემომთავაზეს, რომ იქ წავსულიყავი. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი მათი აქაური მეგობრები ქართველები არიან თუ არა. მე ყველას უარი ვუთხარი და სასტუმროში დარჩენა ვამჯობინე.

- რას გეუბნებნიან, საქართველოში დაბრუნებას როდის შეძლებთ?

- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე ოთხჯერ ვიყიდე ბილეთი სხვადასხვა რეისზე, მაგრამ ყველა რეისი გაუქმდა. საელჩოში გავარკვიეთ, რომ საქართველოში დაბრუნების ერთადერთი ვარიანტი „ჯორჯიან ეარვეიზის“ რეისია, სხვა ყველაფერი გაუქმებულია. გადაჯდომით ფრენას ვერ შევძლებთ, რადგან ამ რეგიონში რეისები და სახმელეთო მიმოსვლა შეიზღუდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახლში სასწაულ ფასად, უკვე მეხუთედ ნაყიდი ბილეთით 23 მარტს ჩამოვალ.

- „სასწაულ ფასადო“, ახსენეთ...

- შვიდი დღით ადრე თვითმფრინავის ბილეთი 1000 ლარზე მეტი ღირს.

- იმედია, არ გეშინიათ?

- რა თქმა უნდა, არა, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ, საქართველოში ორი წლის შვილი მელოდება. ერთი სული მაქვს, რომ მას მალე და ჯანმრთელი დავუბრუნდე.

- მშვიდობიან დაბრუნებას გისურვებთ!

 

146