ღიმილით ვარსკვლავებისკენ...

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიიური გაგარინი კოსმოდრომ ბაიკანურისკენ
იური გაგარინი კოსმოდრომ ბაიკანურისკენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ კვლავ მოგესალმებათ ლელა ანჯაფარიძის სახელით მისი ვირტუალური აივნიდან და ჩვენს ფონდში დაცულ ჩანაწერებს გთავაზობთ.

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენს აივანზე გავედი სისხამ დილით, როდესაც ცაზე ჯერ კიდევ ვარსკვლავები ეკიდა თბილად და მოკრძალებულად… თბილად — იმიტომ რომ ვარსკვლავებია… მოკრძალებულად კი იმიტომ, რომ ზუსტად ამ დღეს, 1934 წლის 9 მარტს დაიბადა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანი — იური გაგარინი… კაცი, ვინც იყო პირველი, ვინც ყველაზე მეტად მიუახლოვდა მათ და ვინც პირველმა დაინახა ჩვენი შესანიშნავად ლამაზი დედამიწა შორიდან – ისე, ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, მეზობელ თაროზე მოკალათებულ, ცოტა მტვრიან გლობუსს რომ ვუყურებთ ხოლმე… 

როდესაც ვკითხულობ იური გაგარინის ბიოგრაფიას, სულ ვეძებ ხოლმე იმ ადგილს, იმ მომენტს, იმ წერტილს, როდესაც რაღაცა ბუნების ძალამ სწორედ ის შეარჩია უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მისიის შესასრულებლად… და, იცით, აღმოვაჩინე! მთელი თავისი, სამწუხაროდ, ძალიან ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში (სულ რაღაც 34 წელი) იურა ძალიან წესიერ და გულწრფელ ადამიანად რჩებოდა…

მაგრამ ჩემი აზრი დილეტანტურია. პირველი კოსმონავტების შერჩევა კი ხდებოდა ცენტრალური საავიაციო ჰოსპიტლის უმაღლესი დონის და რანგის სპეციალისტების მიერ. მათ ყურადღება მიაქციეს იური გაგარინის თვისებებს: „ის ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ ძალებში. ვარჯიშებს და დატვირთვებს ადვილად იტანს, განვითარებულია ჰარმონიულად. გულწრფელია, სუფთა სულის ადამიანია. ზრდილობიანია, განსაკუთრებული ტაქტის გრძნობა აქვს, პუნქტუალურობამდე აკურატულია, გააჩნია მაღალი ინტელექტუალური განვითარება და შესანიშნავი მეხსიერება. მეგობრებისგან გამოირჩევა აქტიური ყურადღების ფართო მოცულობით, სწრაფი რეაქციით, განსაკუთრებული მიხვედრილობით. შრომისმოყვარეა. არასდროს არ ერიდება საკუთარი პოზიციის დაცვა, თუ მას სწორად მიიჩნევს“…

მე კიდევ უცებ მივხვდი, რომ პატივცემულ სპეციალისტებს და, მით უმეტეს, მე ერთი მთავარი რამ გამოგვრჩა — იური გაგარინის შესანიშნავი და განუმეორებელი ღიმილი…

აბა, კაცს ვარსკვლავებთან რომ გაუშვებ, ყველაზე ლამაზი და ბავშვივით გულწრფელი ღიმილი თუ არ ექნება, რა აზრი აქვს?!.

სხვათა შორის, სელექციონერებმა გამოიყვანეს გლადიოლუსის სპეციალური ჯიში, რომელსაც ჰქვია „გაგარინის ღიმილი“… ეს არის გიგანტური ყვავილი, რომლის სიმაღლე 1,9 მ-ს აღწევს და 16-19 კვირტს ისხამს. მისი ყვავილები ნაზი ატმისფერია, წითელი გულით…

გლადიოლუსი სახელად "იური გაგარინის ღიმილი"
ღიმილით ვარსკვლავებისკენ... - Sputnik საქართველო
გლადიოლუსი სახელად "იური გაგარინის ღიმილი"

ახლა რაც შეეხება კოსმოსში ადამიანის პირველ გაფრენას…

1960 წლის 3 მარტს დურგლისა და კოლმეურნის შვილი, 26 წლის იური გაგარინი, ორენბურგის სამხედრო-საავიაციო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ოფიციალურად ჩაეწერა კოსმონავტების რიგებში. 2011 წელს იმდროინდელი მასალის უდიდეს ნაწილს მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“ და აღმოჩნდა, რომ მოსკოვმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელები 1961 წლის 20 აპრილს აპირებდნენ კოსმოსში ადამიანის გაშვებას. ბუნებრივია, რომ ყველაზე მაღალ დონეზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ საბჭოთა კავშირს აშშ-სთვის უნდა გაესწრო. 

კოსმოსში გაფრენა დაიგეგმა 1-დან 17 აპრილამდე პერიოდში. ბოლო ტურში გავიდა 6 კანდიდატი. გაფრენამდე ორი დღით ადრე დარჩა მხოლოდ ორი მათგანი — იური გაგარინი და გერმან ტიტოვი. საბოლოო არჩევანი იურიზე შეჩერდა იმის გამო, რომ გაფრენის წინა დღეებში, ძილშიც კი, მისი პულსი 70 დარტყმას არ აღემატებოდა. ისე კი, მე ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, რომ 12 აპრილს გაგარინი 5 საათზე გააღვიძეს. რამ დააძინა?! და როცა შეეკითხენ, როგორ გეძინაო, ხუმრობით უპასუხა – როგორც მასწავლეთო…

11 აპრილს, გაფრენის წინ სსრკ-ის მთავარ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს გასავრცელებლად ინფორმაციის სამი ვარიანტი გადასცეს: „დადებითი შედეგი“, ანუ კოსმონავტი გადარჩება; „ნეიტრალური შედეგი“, ანუ რაკეტა გახდება უმართავი და შესაძლებელია დაეშვას სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და „ბოლო ვარიანტი“, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ კოსმონავტი დაიღუპებოდა… 

იური გაგარინი მეუღლესთან ერთად
ღიმილით ვარსკვლავებისკენ... - Sputnik საქართველო
იური გაგარინი მეუღლესთან ერთად

იური გაგარინს მისცეს უფლება დაეწერა წერილი მეუღლისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, საქმის კურსში არ იყო. მხოლოდ ის წერილი რომ წაიკითხო, მიხვდები, რა კარგი და ნათელი კაცი იყო იური. წერილში სულ სამი თხოვნაა. იური სთხოვს ვალენტინას (ტერეშკოვა არ გეგონოთ, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ) — იმ შემთხვევაში, თუ რამე მოუვა, მიხედოს ბავშვებს და აუცილებლად აიწყოს პირადი ცხოვრება. წერილის ბოლოს კი მოკრძალებული თხოვნაა – ჩემი მშობლები არ მიატოვო, ყველაზე მეტად მათ გაუჭირდებათო. ეს წერილი ვალენტინა გორიაჩევას გადასცეს 7 წლის შემდეგ, 1968 წელს, როდესაც იური გაგარინი დაგეგმილი საწვრთნელი ფრენის დროს დაიღუპა…

თურმე ყველაზე ძლიერი კოსმონავტებიც კი ხშირად ორბიტაზე გასვლისას ნერვებს ვერ იოკებენ, უცენზურო სიტყვებსაც ხმარობენ სიტუაციის არაადეკვატურობის გამო. იური გაგარინის ჩანაწერები რომ გაშიფრეს, მის ცნობილ Поехали-მდე, რომელიც არავისთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, მან სტარტის წინ თქვა: „ნახვამდის, ძვირფასო მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე“. კოსმოსში გასვლისას კი წყნარად განაცხადა — “რა საინტერესოა… მკაფიოდ ვხედავ დედამიწას… ის ცისფერია… მთებსაც და ნაოჭებსაც და მდინარეებსაც, მაგრამ ცაზე ვარსკვლავები არ არის…“

როდესაც იური გაგარინი დაბრუნდა დედამიწაზე და მას შეეკითხენ, როგორ ჩაიარა ფრენამო, არც დაუმალავს, რომ ის ფაქტიურად არაფერს აკეთებდა და უბრალოდ იჯდა რაკეტაში. იხუმრა კიდევაც – ჯერჯერობით ვერ გავერკვიე, მე კოსმოსში პირველი ადამიანი ვიყავი, თუ ბოლო ძაღლიო… 

ერთი საიდუმლო უნდა გაგანდოთ… როდესაც გაგარინი ჩაჯდა რაკეტაში, სტარტამდე 2 საათით ადრე, აღმოჩნდა, რომ არ ჩაიკეტა მთავარი სარქველი. შემდეგ გაგარინს დაავიწყდა ტუმბლერის გადართვა და ის ეთერიდან გაქრა… ფრენამდე საკმაოდ დიდი დრო იყო დარჩენილი და გენერალურმა კონსტრუქტორმა სერგეი კოროლიოვმა მას შესთავაზა მუსიკა მოესმინა. როგორც აღმოჩნდა, იური გაგარინი გაფრენის წინ ისმენდა ბულატ ოკუჯავას სიმღერებს. როგორი დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ სიმღერებს შორის ესეც იყო…  „ქართული სიმღერა“…

მთავარი კი, იცით, რა არის? ის, რომ იური გაგარინი, რომელსაც მთელი მსოფლიო ხელისგულზე ატარებდა, არ შეიცვალა…

ის ვერ გააფუჭა ვერც მდგომარეობამ და ვერც ფულმა. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან სასაცილოდ მოგეჩვენებათ კიდევაც, რა ფულზე და მდგომარეობაზე იყო საუბარი. 

ადამიანის კოსმოსში პირველი გაფრენიდან მეექვსე დღეს ნიკიტა ხრუშჩოვმა ხელი მოაწერა საიდუმლო განკარგულებას, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა კავშირის მთავრობის სახელით პირველ კოსმონავტს იური გაგარინს და მისი ოჯახის წევრებს საჩუქრად გადაეცემათ ავტომანქანა „ვოლგა“, საცხოვრებელი სახლი ავეჯით და მოწყობილობით… თანდართულ ჩამონათვალში შეტანილი იყო: თეთრეულის 6 კომპლექტი, 2 საბანი, 2 წყვილი ფეხსაცმელი (შავი და ღია ფერის), 6 თეთრი პერანგი, ხელთათმანები — 1 წყვილი, ცხვირსახოცები — 12 ცალი…

ბევრ საინტერესო ეპიზოდს ჰყვებიან იური გაგარინის მსოფლიო ტურნეს შესახებ. ის, რომ მან დაიპყრო ჯინა ლოლობრიჯიდას გული, უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ გუშინ წავიკითხე, რომ თურმე დიდი ბრიტანეთის დედოფლის გულიც მოუგია… 1961 წლის ივლისში, დედოფალთან მიღების დროს იური გაგარინი დაიბნა, როდესაც სუფრაზე უამრავი სხვადასხვა სახის დანა-ჩანგალი დაინახა, რომლითაც სარგებლობა არ იცოდა და პირდაპირ მიმართა დედოფალს — „თქვენო აღმატებულებავ, მე უბრალო კაცი ვარ და რუსეთის მიყრუებულ სოფელში დავიბადე, სადაც ნებისმიერი საკვების მიღების დროს ერთადერთი ინსტრუმენტი კოვზი იყო. ამიტომაც სულ არ ვიცი, როგორ ვისარგებლო ამ რაღაცეებით“. შესანიშნავმა და ღირსეულმა დედოფალმა ელისაბედ II-მ კი უპასუხა — სულ ტყუილად ნერვიულობთ. მე ბუკინგემის სასახლეში ვარ გაზრდილი და დღემდე ვერ ვისწავლე მათი ხმარება, რასაც მაწვდიან, იმით ვსარგებლობო“, რის მერეც დედოფალმა აიღო უბრალო კოვზი და გაგარინთან ერთად გემრიელად მიირთვა ომარებისგან გამზადებული პაშტეტი…

იური გაგარინი კოსმოსიდან დაბრუნების შემდეგ არ მოითენთა, არ მოეშვა, არ დაწყნარდა და ყოველდღე ვარჯიშობდა სრული დატვირთვით. თურმე მარსზე გაფრენაზე ოცნებობდა… სამწუხაროდ, ის ჩვეულებრივი საწვრთნელი ფრენის დროს დაიღუპა…

სრულიად ბუნებრივია, რომ პირველი კოსმონავტის იური გაგარინის ხსოვნა უკვდავია. არსებობს მისი სახელობის ქალაქი, უამრავი მისი სახელობის ქუჩა, გამზირი, მოედანი… მისი ქანდაკებები ამშვენებს ქალაქებს. მისი სახელი მიენიჭა უმაღლეს სასწავლებლებს, პარკებს, აეროპორტებს, გემებს… ტარდება მისი სახელობის ტურნირები, ოლიმპიადები… დაწესებულია მისი სახელობის ჯილდოები და სტიპენდიები… იური გაგარინის სახელი დაარქვეს მთვარეზე განთავსებულ კრატერსა და ასტეროიდს… 

მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ამ ლამაზმა და ღირსეულმა კაცმა ჩვენს გულებში კომეტასავით ნათელი კვალი დატოვა და იმის იმედი გვაჩუქა, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფერი!..

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და გაგარინის ღიმილივით ნათელ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0