თეა კურტანიძე

ხინკლის ფორმის საპილპილე და სამარილე ვინ ქმნის ქართულ სუვენირებს ადგილობრივ ბაზარზე

2049
(განახლებულია 20:58 02.03.2020)
გიფიქრიათ იმაზე, ქვეყანაში შემოსულ უცხოელებს ქართულ ბაზარზე რამდენად ხარისხიან და ეროვნული შინაარსის სუვენირებს ვთავაზობთ?

თეა კურტანიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ქართული სუფრის ადგილობრივი სუვენირებით გალამაზებაზე ბევრს ფიქრობდა. 2017 წელს მან დააპატენტა ნივთები, რომლებიც დღეს საკმაოდ პოპულარულია, ესაა ხინკლის ფორმის მქონე საპილპილე და სამარილე.

დღეს მისი პროდუქციის 37 სახეობა ექსკლუზიურად შედის სუპერმარკეტ „ნიკორას" ყველა ტურისტულ ზონაში მდებარე მაღაზიაში. მისი პროდუქცია წარმოდგენილია ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ქსელშიც. მალე დაემატება ახალი ხაზი AMULET, რომელშიც მის მიერ ნატურალური ქვებისგან შექმნილი აქსესუარები, ჩანთები და ფეხსაცმელი შევა.

თეა კურტანიძე
თეა კურტანიძე

- ქალბატონო თეა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი პირველი ხართ, ვინც ქართული სუვენირების შექმნა დაიწყო?

- როცა 2011 წელს განახლებულ მცხეთაში სუვენირების მაღაზია გავხსენი, ბაზარზე არსებულმა სუვენირების ხარისხმა და ასორტიმენტმა არ დამაკმაყოფილა. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ქართული სუვენირების წარმოებაზე ფიქრი დამეწყო. სხვათა შორის, ეს ჩანაფიქრი ეტაპობრივად განვახორციელე კიდეც. პარალელურად მქონდა „ტასოს არტ კაფე", სადაც გამოფენებს და ლიტერატურულ საღამოებს ვმართავდი. უამრავ უცხოელს და ქართველ სტუმარს ვმასპინძლობდი. როდესაც ჩემი კაფეს შთაბეჭდილებების წიგნს გადავხედავ ხოლმე, სურვილი მიჩნდება, რომ მსგავსი რამ ისევ განვაახლო. თუმცა მცხეთაში არსებულმა მაშინდელმა პირობებმა იძულებული გამხადა, რომ ის კაფე დამეკეტა.

თეა კურტანიძის საავტორო ნამუშევარი ხინკლის ფორმის სამარილე და საპილპილე
თეა კურტანიძის საავტორო ნამუშევარი ხინკლის ფორმის სამარილე და საპილპილე

- სამაგიეროდ განახორციელეთ ქართულ სუვენირების იდეა და თქვენი ერთი ნაწარმი საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

- ქართული სუფრის ადგილობრივად შექმნილი სუვენირებით გალამაზებაზე ბევრს ვფიქრობდი. 2017 წელს დავაპატენტე ხინკლის ფორმის საპილპილე და სამარილე. თუმცა საქართველოში პატენტი ვერ გიცავს, და ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფოს რაღაც თანხა ვაჩუქე. ამ ნივთმა მალე ცნობადობა და ფინანსური შემოსავალი მომიტანა და ასე ხაზგასმით ამიტომ გამოვყავი. დროთა განმავლობაში ჩემი კომპანია ART FOR YOU დაიხვეწა. მისი ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახდა.

თეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი

- თქვენი ნაწარმი კატალოგშიც შევიდა და უცხოეთშიც იხილეს...

- დიახ, 2018 წელს kar.ge-ს ინტერნეტ- და ჟურნალის კატალოგში ჩემი ნაწარმი ქართული სუვენირების ყველაზე მრავალმხრივი ასორტიმენტის მწარმოებლის სტატუსით "თეას ტრადიციული სუვენირების" სახელით შევიდა. 2019 წელს კორეაში გამართულ მე-17 საერთაშორისო ფერმენტირებული პროდუქციის გამოფენაზე kar.ge-მ რამდენიმე ათეულ ქართულ პროდუქციასთან ერთად "თეას ტრადიციული სუვენირებიც" წარადგინა. ამის შემდეგ მივიღე რამდენიმე სერიოზული წინადადება, რაც ამჟამად განხილვის პროცესშია. ამას გარდა სულ ახლახან გადავწყვიტე, რომ ქართული ანბანი და ჩვენი ქვეყნის ხედები სასაჩუქრე სანთლებზეც გადამეტანა. მგონი, საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა და ის უცხოელი ტურისტის ყურადღებასაც მიიქცევს.

თეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი

- როგორ მოხდა, რომ თქვენი ნამუშევრები ბევრი ადამიანის კოლექციაშია, მაგრამ მათ შესახებ არაფერი იცით?

- საქმე ისაა, რომ მე მაქვს საფირმო მაღაზია, სადაც ჩემი ნამუშევრები იყიდება. ადამიანები, რომლებიც ამ ძვირფას თეფშებსა და ნამუშევრებს ყიდულობენ, თავის სახელს და გვარს არასოდეს ტოვებენ. ამხელა თანხას რომ გადაიხდის ადამიანი ნამუშევარში, ბუნებრივია, ძალიან მინდა, რომ ვიცოდე ვინ არის. მაღაზიაში გოგონები გაფრთხილებული მყავს, რომ ჰკითხონ. კაცი 500 ლარს რომ თეფშში გადაიხდის, ხომ გიჩნდება სურვილი იცოდე ვინ არის? ერთმა უცხოეთში 2000 ლარად წაიღო ჩემი ნახატი, რომელიც დღეს მის კოლექციაშია. მათ ძირითადად უცხოელები ყიდულობენ. ქართველებიც ყიდულობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მათ ვიცნობ. იშვიათად, მაგრამ მაინც ვახერხებ ხოლმე, რომ ჩემ ნამუშევრებს ფოტოები გადავუღო, ხშირად არც ეგ მაქვს.

თეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი

- ყველაზე უჩვეულო ბედი თქვენს რომელ ნამუშევარს ჰქონდა?

- სხვათა შორის, რასაც დიდ ფასებს ვადებ ხოლმე, ყველაფერი იყიდება. ამასთან დაკავშირებით 2000-ლარიან ნამუშევარზე ერთ ამბავს მოგიყვებით. რაზე მწყდება გული, იცით? მასზე ბევრი არ მიშრომია. ეს იყო 50 სმ დიამეტრის ხის დაფა, რომელსაც ბაზრობაზე წავაწყდი. როცა ეს დაფა სახლში მოვიტანე, სავარაუდოდ, უკვე ერთ საათში მონახაზი გაკეთებული მქონდა. სხვათა შორის, ის ნამუშევარი ებრაელებს ძალიან მოსწონდათ. ამბობდნენ, რომ თბილისი აქ იერუსალიმს ჰგავსო. მისი გაყიდვა არც მინდოდა, უბრალოდ სახლში ადგილი აღარ მქონდა და სხვა ნახატებთან ერთად მაღაზიაში წავიღე. ჰოდა, ამ ჩვეულებრივ ხის დაგრუნტულ დაფაზე აკრილში და გუაშში თბილისია გამოსახული. ამ ნამუშევარს 2600 ლარი დავადე, იმიტომ რომ... არ გაყიდულიყო. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამ ფასში ვინმე თუ შეიძენდა. ერთხელ მაღაზიაში ჩემი ბავშვის ნათლია დავტოვე. მალევე მირეკავს და ვიღაც ცოლ-ქმარია მოსული და 2000 ლარად უნდათ ეს ნახატიო. ეს რომ გავიგე, შოკში ჩავვარდი. ბოლოს თურმე ცოლმა გადააფიქრებინა მეუღლეს.

თეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი

- ალბათ ამით არ დამთავრებულა იმ ნახატის ამბავი...

- კი, ასეა. მეორე ამბავი შარშან, ზაფხულში მოხდა. მე წასული ვიყავი და თანამშრომელმა დამირეკა, ერთი კაცია მოსული და მეუბნება, ქეშად მაქვს 2000 ლარი, თუ ამ ფასად ნახატს მომყიდით, წავიღებო. თანხმობა ვუთხარი.

თეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი

- საინტერესოა. მხატვრები ოცნებობენ, რომ მათი ნახატი რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ, თქვენ კი მაღალ ფასს იმიტომ ადებთ, რომ არ გაიყიდოს – სწორად მიგიხვდით?

- კი, ასეა. ყველაზე მაგარი ისტორია ჩემი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოვაქვეყნე – ერთი თეფში რომ გავყიდე. ორი ქართველი ბიჭი იყო შემოსული, მათ დაათვალიერეს ყველაფერი და ბოლოს მეკითხებიან, ამ თეფშს ფასი აწერია თუ კოდიო. საუბარია 520 ლარზე. მე ვუთხარი, ფასი აწერია–მეთქი. განვმარტავ, რომ 520 საერთოდ ფინანსური კოდია. მათ სიცილი დაიწყეს – მოდი, ამ თეფშთან ფოტო გადამიღე, ნეტა ვინ დახატაო. არ მქონდა მათი თავი და არც მითქვამს, რომ ავტორი მე ვარ. ამ დროს მაღაზიაში რუსი ეროვნების მამაკაცი შემოვიდა და იმავე ნახატის ფასი მკითხა. მასაც ვუპასუხე, 520 ღირს–მეთქი. უცებ შეტრიალდა, ჯიბეები ამოიქექა, ამოიღო ფული და მეკითხება, ამ თანხაში მომივაო. ის ბიჭები უხერხულად შეიშმუშნენ, ეტყობა, „გაუტყდათ“. იმ კაცს ჯიბეში 450 ლარი აღმოაჩნდა. 50 ლარი უკან დავუბრუნე და ვუთხარი, ოთხასად მოგცემ–მეთქი და ასეც მოხდა.

თეა კურტანიძის ნამუშევარი
თეა კურტანიძის ნამუშევარი

- ვიცი, რომ სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიგიღიათ, ოჯახში თუ ხატავს თქვენ გარდა ვინმე?

- მე დავამთავრე ყოფილი პუშკინის ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. ჩემი სამივე ბავშვი ხატავს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ბავშვის სწავლებაში არ უნდა ჩავერიო. შენიშვნასაც არ ვაძლევ და იმასაც არ ვუთითებ რა ფერი უნდა შეარჩიონ. ამ ასაკის ბავშვებისთვის ეს არტ-თერაპიაა, ამიტომ მირჩევნია ისიამოვნონ, ვიდრე რაღაც შექმნან. მომავალში თუ სურვილი გაუჩნდებათ, ჩემ საქმიანობაში ისინიც შემომიერთდებიან. ბედნიერი ვარ, რომ უცხოელებს საქართველოდან ლამაზ მოგონებებთან ერთად ჩემ მიერ შექმნილი სუვენირებიც მიაქვთ...

 

2049