კომპოზიტორის ცხოვრებისეული „ფორტე“ და „პიანო“ – ქართველი მუსიკოსების გზა წარმატებისკენ

© photo: courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
გიგი ჭიპაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როდესაც მის კომპოზიციებს უსმენ, გჯერა, რომ მისთვის მუსიკა სამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობის მთავარი საშუალებაა.

რადგან შემთხვევით არაფერი ხდება, ალბათ ისიც წინასწარ იქნებოდა „გათვლილი“, რომ ბავშვობაში მეზობელი სწორედ მაშინ შემოსულიყო ეზოში, როცა მის მანქანაში სტივი უანდერის I just call to say I love you ისმოდა. ალბათ ეს იყო მის ცხოვრებაში პირველი კულტურული შოკი, მას შემდეგ საკუთარი თავის ძიება მუსიკაში დაიწყო...

მუსიკამ პიროვნულად გაზარდა და ამ პროცესში თითქმის ყველა ეტაპი გაიარა – დაწყებული თბილისის მუსიკალური სკოლით, ბოსტონის კონსერვატორიით დამთავრებული. ერთხელ ამერიკაში თავის საოცარ კერპსაც კი შეხვდა... დღეს მას ქართული და უცხოური მსმენელი კარგად იცნობს. მისი პირველი საავტორო კონცერტი თბილისში 2015 წელს გაიმართა, მეორე – 2019 წლის დეკემბერში, ორივე წარმატებით.

რადგან უცხოელებს ქართული გვარების წარმოთქმა უჭირთ, ამიტომ ერთ დღესაც მისი გვარი – ჭიპაშვილი უფრო ადვილად წარმოსათქმელმა „პიანომენმა“ ჩაანაცვლა. ასე გაჩნდა მუსიკალურ სამყაროში ნიჭიერი კომპოზიტორი და პიანისტი გიგი პიანომენი.

© photo: courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
კომპოზიტორის ცხოვრებისეული „ფორტე“ და „პიანო“ – ქართველი მუსიკოსების გზა წარმატებისკენ - Sputnik საქართველო
გიგი ჭიპაშვილი

- ბატონო გიგი, პიანინოსთან თქვენი ურთიერთობა როდის დაიწყო, არა მგონია, რომ სხვებივით ძალას გატანდნენ...

- დაახლოებით რაღაც ამდაგვარი ჩემ ბავშვობაშიც იყო. ერთი პერიოდი ძალას მატანდნენ, რომ მუსიკაზე მევლო, რადგან იმ დროს ფეხბურთი უფრო მიყვარდა. მახსოვს, რომ პირველ კლასში დეიდამ დოლიძეზე მასწავლებელთან მიმიყვანა და მითხრა, რომ პიანინოზე უნდა მემეცადინა. პირველი ოთხი წელი ნამდვილად გამიჭირდა. ჩემი პირველი მასწავლებელი ცაცა ფხაკაძე იყო. ოთხი-ხუთი წელი სერიოზული პრობლემა მქონდა. დაკვრა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ეზო და ბურთი უფრო მაინტერესებდა.

© photo: courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
კომპოზიტორის ცხოვრებისეული „ფორტე“ და „პიანო“ – ქართველი მუსიკოსების გზა წარმატებისკენ - Sputnik საქართველო
გიგი ჭიპაშვილი

- როდის გადასძალა ფეხბურთი მუსიკამ?

- როცა 12-13 წლის ვიყავი. მაშინ ჩემში გარდატეხა მოხდა. მახსოვს, 13 წლის რომ გავხდი, მითხრეს, თენგიზ ამირეჯიბთან მოსმენა უნდა დავგეგმოთო. ასეთი არჩევანის წინაშე დავდექი – ან ამ კაცთან უნდა წავსულიყავი, ან ფეხბურთის სასარგებლოდ გადამეწყვიტა. ვიცოდი, თუ ბატონ თენგიზ ამირეჯიბთან წავიდოდი, მაშინ ფორტეპიანოზე სერიოზული მეცადინეობა დამჭირდებოდა. პროგრამა რომ გავაკეთე, მასთან მივედი. როცა მომისმინა, მითხრა, რომ აუცილებლად ამიყვანდა. ორ-სამ წელიწადში მასთან ჩაბარება მიწევდა. ჩემი მასწავლებელი გახდა მისი მეუღლე, ქალბატონი გომა, რომელიც ათწლედში ასწავლიდა. მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე საფორტეპიანოზე, რის შემდეგაც ამერიკაში წავედი.

© photo: courtesy of GiGi PianoManსტივი უანდერთან ერთად
კომპოზიტორის ცხოვრებისეული „ფორტე“ და „პიანო“ – ქართველი მუსიკოსების გზა წარმატებისკენ - Sputnik საქართველო
სტივი უანდერთან ერთად

- ამერიკაში სად ისწავლეთ?

- პირველად ამერიკაში 2007 წელს ჩავედი და ჩავაბარე მაგისტრატურაში (რომელსაც იქ მასტერი ჰქვია). ერთი წელი ბოსტონში არსებულ „ნიუ-ინგლანდ“ კონსერვატორიაში ვისწავლე. ჩემი პედაგოგი ალექსანდრე კორსანტია იყო. იმ კონსერვატორიიდან ორას მეტრში არის ცნობილი ბერკლის აკადემია, სადაც ასწავლიან პოპ-მუსიკას, კინო-მუსიკას, ჯაზს და ყველაფერ იმას, რაც ბავშვობიდან მიყვარდა.

- ანუ კლასიკა სხვა ჟანრებმა „გადაფარა“?

- მთლად არ გადაფარა, თუმცა ბერკლიში ჩატარებულმა მასტერ-კლასებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. მეგობრები მეუბნებოდნენ, არანჟირება შეგიძლია და ჩვენთან წამოდიო. დავიწყე იქ სიარული, გავიცანი მუსიკოსები, რომლებმაც მირჩიეს, ძალიან კარგად გამოგდის და, მოდი, ეს ორი მიმართულება შეუფარდე ერთმანეთსო. თუმცა შეფარდება არაფრით გამოდიოდა და ამიტომ 2009-2010 წლებში სხვადასხვა კინო-მუსიკის იმპროვიზაციების შექმნა დავიწყე. ბერკლის ბენდთან ერთად ფესტივალებზე და ჯაზ-კლუბებში გამოვდიოდი. ეს 2015-2016 წლამდე გაგრძელდა.  

© photo: courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
კომპოზიტორის ცხოვრებისეული „ფორტე“ და „პიანო“ – ქართველი მუსიკოსების გზა წარმატებისკენ - Sputnik საქართველო
გიგი ჭიპაშვილი

- თქვენ მიერ დაწერილი მუსიკა რომელიმე ფილმში ხომ არ მოხვდა?

- სამსახიობო აკადემიაში ჩემს მეგობრებს ვუწერდი საფორტეპიანო ვერსიებს და ისინი ამ მუსიკით დოკუმენტურ ფილმებს აფორმებდნენ. ჩემი მუსიკა სამ დოკუმენტურ ფილმში მოხვდა. შემდეგ საფორტეპიანო პიესების წერაც დავიწყე. მოგვიანებით ისევ კლასიკური ხაზისკენ გადმოვიხარე. რასაც ახლა ვწერ და ვუკრავ, უფრო თანამედროვე კლასიკური პიესებია, რასაც კონსერვატორიაში ასრულებენ. დღეს ცნობილ კომპოზიციებსა და სიმღერებს სხვადასხვა ღონისძიებებზე ვუკრავ. ოთხი წელი ამერიკაში აქეთ-იქით დავდიოდი. როგორც კი იქ რაიმე კონცერტი ტარდება ხოლმე, ყოველთვის მივდივარ. ამერიკაში დარჩენაზეც მიფიქრია, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.

- ბუნებით როგორი ადამიანი ხართ?

- მე ვფიქრობ, რომ მშვიდი... კონფლიქტური და ფიცხი ნამდვილად არ ვარ.

- ხუმრობით გკითხავთ: ფიცხი რომ ყოფილიყავით, სავარაუდოდ, „ფორტე მენი“ იქნებოდით?

- სხვათა შორის, ეს სახელი ორნაირადაც შეიძლება გაიგოთ – პიანო, როგორც პიანინო, ფორტეპიანო.

- ბატონო გიგი, ბავშვობიდან მახსოვს, რომ მუსიკალური სავარჯიშო პიესები ძალიან მოსაწყენი იყო, ამ მიმართულებით თუ მუშაობთ?

- ამ მიმართულებით სულ ვფიქრობ. იქნებ ადამიანს არ უნდა, რომ მუსიკის სწავლა ბახიდან დაიწყოს და სურვილი აქვს ფორტეპიანო უფრო გამარტივებულად შეისწავლოს? მე მგონი, აჯობებდა, რომ დაკვრის სწავლა დაინტერესებულმა ადამიანმა თანამედროვე პიესებით დაიწყოს. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ამ ტიპის თანამედროვე პიესები დავწერო. ამას გარდა მინდა კინო-მუსიკაც შევქმნა.

© courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
კომპოზიტორის ცხოვრებისეული „ფორტე“ და „პიანო“ – ქართველი მუსიკოსების გზა წარმატებისკენ - Sputnik საქართველო
გიგი ჭიპაშვილი

- საამისო გამოცდილება უკვე გაქვთ?

- კინო-მუსიკა დაწერილი მაქვს რეჟისორ თამთა გაბრიჩიძის ფილმისთვის „სოვდაგარი“, რომელმაც შარშან, თებერვალში ამერიკის საკმაოდ პრესტიჟულ სანდენსის კინოფესტივალზე პირველი პრემია დაიმსახურა. ამ რეჟისორმა საოცრება შექმნა. იმ ფესტივალზე ცალკე მუსიკის დაჯილდოება არ ხდება, მაგრამ უცხოურ რეცენზიებში დადებითი გამოხმაურება ფილმში შესულ ჩემს მუსიკასაც მოჰყვა.

- რომელიმე ფილმში შესულ მუსიკასთან მიმართებაში საკუთარ ინტერპრეტაციებზე თუ გიფიქრათ?

- ასეთი ბევრია. ხშირად მიფიქრია იმაზე, მაგალითად, ამ მომენტს ამოვიღებდი და სხვას ჩავსვამდი–მეთქი. ენიო მორიკონეს დიდ პატივს ვცემ. მორიკონეს აქვს დაწერილი მუსიკა ფილმისთვის „მალენა“, რომელშიც მონიკა ბელუჩი თამაშობს. იქ ერთი თემაა, რომელსაც ამოვიღებდი და სხვა მუსიკას ჩავსვამდი.

- ამერიკაში სწავლის დროს რომელიმე ცნობილ პიროვნებას თუ შეხვდით?

- ამერიკაში შევხვდი რეჟისორ დემიენ შაზელის, რომლის ფილმმა რეკორდი მოხსნა. 2017 წლის ის „ოსკარზე“ 14 ნომინაციით იყო წარდგენილი. ამ აღიარებამდე რეჟისორი ბოსტონში სწავლობდა. ერთხელ, მახსოვს, თავის მეგობარ კომპოზიტორთან ერთად კაფეში შემოვიდა. იმ საღამოს ისინი ჩვენს მაგიდასთან საუბრობდნენ მომავალ ფილმზე, რომელიც მუსიკალურად მის მეგობარს უნდა გაეფორმებინა. იმ საუბრიდან ხუთი წელი გავიდა და აღმოჩნდა, რომ საუბარი იყო მიუზიკლზე „ლალა ლენდი“, რეჟისორის მეგობარი კი კომპოზიტორი ჯასტინ ჰურვიცი გახლდათ. სწორედ ის ჯასტინი, ვინც „ლალა ლენდისთვის“ მუსიკა დაწერა. ასე რომ, მე ისტორიული შეხვედრის მონაწილე აღმოვჩნდი.

© photo: courtesy of GiGi PianoManგიგი ჭიპაშვილი
კომპოზიტორის ცხოვრებისეული „ფორტე“ და „პიანო“ – ქართველი მუსიკოსების გზა წარმატებისკენ - Sputnik საქართველო
გიგი ჭიპაშვილი

- გარდა ნიჭისა რაზეა დამოკიდებული კომპოზიტორის წარმატება?

- პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაფერი არტ-აგენტებზეა დამოკიდებული. ამ მხრივ საქართველოში საქმე ძალიან ცუდადაა, იმიტომ რომ ასეთი პროფესიონალები ჩვენთან საერთოდ არ არსებობენ. თუ ხელოვანი რაიმე ღირებულს შექმნის, უნდა ეცადოს, რომ შუამავალს დაუკავშირდეს, ვინც საჭირო ხალხთან მის შეხვედრას უზრუნველყოფს. ამის მერე მის ნამუშევარს გზა გაეხსნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე გენიალური ნაწარმოებიც კი მისი ავტორის სახლს ვერ გასცდება... იმედია, ჩვენთანაც დადგება დრო, როცა ქართულ ბაზარზე თავისი საქმის მცოდნე არტ-აგენტები ბევრ ნიჭიერ პიროვნებას წარმატებისკენ მიმავალ გზას გაუხსნიან...

 

ყველა ახალი ამბავი
0