თეონა გოგიჩაიშვილი

„ფრაუ თეონას“ ქართულ-გერმანული საქმეები, უჩვეულო აუდიენცია მერიაში და გააზრებული ოპტიმიზმი

210
(განახლებულია 16:55 12.02.2020)
 რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ თეონა გოგიჩაიშვილს, რომელიც 22 წელია გერმანიაში ცხოვრობს და კულტურის სფეროში წარმატებულად საქმიანობს.

ალბათ იმაში, რომ გერმანიაში ქართველს საპასუხისმგებლო საქმე ანდეს და კულტურის სფეროში მნიშვნელოვან პროექტებს უფინანსებენ, საქმიანი თვისებების გარდა მისმა პიროვნულმა ფაქტორმაც ითამაშა გადამწყვეტი როლი. თეონა გოგიჩაიშვილი ქალაქ რემშაიდის ხელოვნებისა და მუსიკის სკოლის ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი გახლავთ. გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში წლებია, რაც კულტურულ პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა, ქართულ-გერმანული ფესტივალი „სუფრა", რომელიც 2019 წლის ივლისში, ჰამბურგში გაიმართა და ფოტო-ფესტივალი „ქოლგა“, რომლის თანაორგანიზატორი და კურატორიც გახლავთ.

სულ ახლახან, მისი ინიციატივით, კიოლნის უნივერსიტეტში ფოტოგამოფენა „ისტორიები საქართველოზე" გაიმართა. შეიძლება ითქვა, რომ ყველა მისი წამოწყება საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას ემსახურება.

თეონა გოგიჩაიშვილი
თეონა გოგიჩაიშვილი

-ქალბატონო თეა, გერმანელებს ზოგადად ჩვევიათ ადამიანების ობიექტურად შეფასება და ის, რომ საპასუხისმგებლო საქმე განდეს, ამის დასტურია...

- გერმანელები მართლაც ძალიან პრაქტიკულად აზროვნებენ.  დასავლეთ გერმანიაში ძალიან ლიბერალურები არიან. იქ დიდ როლს არ თამაშობს ის, თუ საიდან ხარ და რა ფერის კანი გაქვს. თუკი შენს საქმეს კარგად აკეთებ, კომპეტენტური და კოლეგიალური ხარ, მაშინ შენს კარიერას წინ არაფერი დაუდგება. ჩვენი მუსიკის და ხელოვნების სკოლას მრავალფეროვანი პროგრამა აქვს. კლასიკური მუსიკის გარდა აქ მოსულ არამარტო ბავშვებს და თინეიჯერებს, უფროსებსაც, თანამედროვე მუსიკის, პოპ, როკის და ელექტრონული მუსიკის მასტერ-კლასებს ვთავაზობთ. ხელოვნების დეპარტამენტში ყველა ასაკის მსურველს შეუძლია უნარების მიხედვით შეისწავლოს: ფერწერა, გრაფიკა, „მიქსდ-მედია", ინსტალაცია, ფოტოგრაფია და ილუსტრაცია.

აკა მორჩილაძის წიგნის პრეზენტაციაზე კიოლნში
აკა მორჩილაძის წიგნის პრეზენტაციაზე კიოლნში

- გერმანიაში ყველას გვარის მიხედვით მიმართავენ და ქართული გვარის წარმოთქმა არ გაუჭირდათ?

- ეგ პრობლემა ნამდვილად იყო. ჩემი გვარის გამოთქმის დროს ყველა „ენას იტეხს" ხოლმე. ამიტომ აქ ხშირად „ქალბატონ გოგიჩაიშვილის“ ნაცვლად Frau Teona-ს- „ქალბატონ თეონას“ მეძახიან.

თეონა გოგიჩაიშვილი გამოფენაზე, 2019 მაისი, კიოლნი
თეონა გოგიჩაიშვილი გამოფენაზე, 2019 მაისი, კიოლნი

-საინტერესოა როგორი გამოცდა მოუწყვეს გერმანელებმა თავის დროზე, ფრაუ თეონას?

- ამ ამბავს სახალისო მომენტი ახლავს. როდესაც რემშაიდში ჩემი ინტერვიუს დრო დადგა, პირადი შეხვედრა დამინიშნეს. სახლიდან საათნახევრით ადრე გავედი, მაგრამ მატარებელმა დაიგვიანა და შეხვედრაზე 15 წუთით გვიან მივედი. დარბაზში შევედი და რას ვხედავ?- ქალაქის მერიდან დაწყებული,  ადმინისტრაციიდან ყველა წევრი ადგილზეა და მე მელოდება. დარბაზი ისეთი დიდი იყო, რომ შუა საუკუნეების რაინდების თავშეყრის ადგილი გეგონებოდათ. სასწრაფოდ შევვარდი ჩანთით ხელში და თმა გაბურძგნული, რადგან გარეთ ძლიერი ქარი იყო. ქალაქის მერმა რომ დამინახა, მკითხა: ჩაი თუ ყავა? ისეთ დღეში ვიყავი, რომ უნებურად ვუპასუხე: არაყი მეთქი! ამის გამგონე ყველა სიცილით გადაყირავდა. იმის მერე, როცა შემხვდებოდნენ, სიცილით მეკითხებოდნენ: არაყი ხომ არ დავლიოთო? აი, ასეთი ავთენტური შეხვედრა გამოვიდა მერიაში და ჩემი სამსახურის ამბავიც რომ პოზიტიურად  გადაწყდა, ალბათ ამის „ბრალიც" იყო... ეს ამბავი შემდეგ ჩემი ამბავი აღვნიშნეთ, ოღონდ, არყით არა, შამპანიურით.

თეონა გოგიჩაიშვილი თბილისში გერმანელ სტუმრებთან ერთად, 2019 ოქტომბერი
თეონა გოგიჩაიშვილი თბილისში გერმანელ სტუმრებთან ერთად, 2019 ოქტომბერი

-საქართველოში როგორ ცხოვრება დატოვეთ და გერმანიაში ჩასვლის პირველი შთაბეჭდილება თუ გახსოვთ?

- მეექვსე გერმანული სკოლის დამთავრების მერე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ბერძნულისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 1996 წელს ჩამოვედი გერმანიაში, სადაც დაადის სტიპენდიით მოვხვდი. ქალაქ ფრაიბურგის უნივერსიტეტში ახალი გერმანული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა. სანამ უნივერსიტეტში სწავლა დაიწყებოდა "შვარცვალდში" (Schwarzwald -Black Forest) მოვხვდი. ახლაც თვალწინ მიდგას უზარმაზარი, უძველესი და იდუმალებით მოცული ნაძვების ტყე, რომლის შემხედვარე თავი უცებ ძმები გრიმების ზღაპარში მეგონა... თბილისში ვერის უბანში გავიზარდე. ჩემი ნათელი მოგონებები ბავშვობაში, გურიაში გატარებულ საზაფხულო არდადეგებს უკავშირდება, აგვისტოს ცხელ ღამეებში ცაზე „ირმის ნახტომს“ შევცქეროდი.

თეონა გოგიჩაიშვილი, ბესო ხაინდრავა - ქოლგის დამფუძნებელი და ნინო-ანა სამხარაძე - ფოტოკონკურსის მენეჯერი
თეონა გოგიჩაიშვილი, ბესო ხაინდრავა - "ქოლგის" დამფუძნებელი და ნინო-ანა სამხარაძე - ფოტოკონკურსის მენეჯერი

 - ფოტო კონკურსი „ქოლგა“ ალბათ სიმბოლურად ქართულ-გერმანული ურთიერთობების ქოლგადაც იქცა, ასეა?

- მართლაც ასეა, ჩვენი ფოტო კვირეული და ფოტოკონკურსი გერმანიის ფოტო სამყაროში უკვე საკმაოდ ცნობილია. 2010 წლის ზამთარში სრულიად შემთხვევით გავიცანი „ქოლგის" დამფუძნებელი ბესო ხაინდრავა, ფოტოგრაფიაზე შეყვარებული თავმდაბალი ადამიანი, რომლის დიდი ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ფოტო-მეგობრობას. 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში „ქოლგის" ფარგლებში არაერთი საინტერესო გამოფენა და მასტერ-კლასი მოეწყო. შესაბამისად გერმანიაშიც ხელს ვუწყობთ ქართული კულტურისა და ფოტოგრაფიის პოპულარიზაციას. 2018 წელს ქალაქ ფრანკფურტში მსოფლიოში განთქმული წიგნის ბაზრობის ფარგლებში, რომლის საპატიო სტუმარი საქართველო იყო, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფისა და მთასვლელის, ნაადრევად დაღუპული გურამ თიკანაძის გამოფენა მოვაწყვეთ.

ფოტოფესტივალის ქოლგა გუნდთან ერთად
ფოტოფესტივალის "ქოლგა" გუნდთან ერთად

- ის, რომ ჰამბურგში ქართულ-გერმანული „სუფრა გაიშალა", თქვენი დამსახურებაა?

-ქართულ-გერმანული ფესტივალის „სუფრა" იდეა მე და ჰამბურგელ ხელოვანს, ოლაფ შელერს გაგვიჩნდა. ოლაფი ჰამბურგის ტრადიციული უბნის, ალტონის „არტ ჰაუსის“ დირექტორია. ჩვენ ერთად შევადგინეთ პროგრამა და მოვიწვიეთ საინტერესო ქართველი მუსიკოსები და ხელოვანები. ფესტივალის ფარგლებში არამარტო ქართული სუფრა გაიშალა, არამედ ჩავატარეთ: ქართული ხალხური სიმღერის მასტერ-კლასი, ქართული ფილმების ჩვენება, ფოტო-გამოფენა, წიგნის პრეზენტაცია და აგრეთვე ქართული კერძების დამზადების მასტერ-კლასი. რაც შეეხება იმას, თუ რა მოეწონათ გერმანელებს, ბოლო წლებია, აქ ძალიან აქტუალურია ვეგეტარიანული კვება და ამ კუთხით გერმანელ სტუმრებს განსაკუთრებით დაამახსოვრდათ: ბადრიჯანი ნიგვზით, კიტრი-პამიდვრის სალათი, მწვანე ლობიო და ჭადი.

2019 წლის ნოემბერში, ჰამბურგის გალერეა ამე ნუეში
2019 წლის ნოემბერში, ჰამბურგის გალერეა "ამე ნუეში"

- ბედნიერებაზე რას ფიქრობს წარმატებული ადამიანი?

- ამ ქვეყანაში ჩემი იმ თვისებების განვითარება მოხდა, რაც უკვე იყო ჩემში, ესაა თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობა. ერთადერთი, რაც ვერ გაანელა ჩემში ამ გარემომ, ესაა საქართველოს, ჩემი ოჯახისა და მეგობრების მუდმივი მონატრება. მენატრება ჩვენებური მზიანი ამინდები,  ზაფხული გურიაში, ქართულად ლაპარაკი... რაც შეეხება ბედნიერებას, ამ თემას ფილოსოფიურად აღვიქვამ. ჩემი აზრით, ის არაა ხანგრძლივი შეგრძნება, რადგან ყველაფერი ცვალებადია და მდინარესავით მიედინება. მთავარია, სულიერად და ფიზიკურად არ მოეშვა, ოპტიმიზმი რთულ სიტუაციებშიც შეინარჩუნო, ოღონდ, შეშლილს და უაზროს კი არა, სიღრმისეულ, გააზრებულ ოპტიმიზმს ვგულისხმობ...

 

210
თემები:
ქართველები უცხოეთში (77)
ანელი აწკარუნაშვილი

„პრობლემა არაა, შეგიძლიათ ქართულად მესაუბროთ“ ქართული საკვირაო სკოლა დუბლინში

163
(განახლებულია 20:40 05.08.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ქალბატონს, რომელმაც ირლანდიაში ქართული საკვირაო სკოლა დააარსა.

ანელი აწკარუნაშვილი ოცი წელია დუბლინში ცხოვრობს და მისი საკვირაო სკოლის დამსახურებაა ის, რომ იქ მცხოვრები ქართველი ბავშვები საქართველოსთან სულიერ კავშირს არ წყვეტენ. ირლანდიელებმა სწორედ ამ სკოლის დახმარებით გაიგეს ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაზე, რადგან სკოლა ამ წლების მანძილზე სხვადასხვა საინტერესო აქტივობითაც გამოირჩევა.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- ქალბატონო ანელი, როგორ დაიწყო თქვენი გზა საქართველოდან ირლანდიამდე?

- ირლანდიაში ჩამოსვლამდე თბილისში ვცხოვრობდი. პროფესიით დაწყებითი კლასების სპეციალისტი ვარ. სწავლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე თვეში მომიწია ირლანდიაში გადმოსვლა ოჯახთან ერთად და თითქმის ოცი წელია, რაც დუბლინში ვცხოვრობ.

- უცხო გარემოსთან შეგუების მომენტი რთულად გაიარეთ?

- სიმართლე გითხრათ, აქ ჩამოსვლის დროს ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. როგორც ბევრი ქართველისთვის, პირველი წლები არც ჩემთვის იყო ადვილი. ამის მიზეზი უცხო გარემო, განსხვავებული კულტურა და წეს-ჩვეულებები, ენის ბარიერი იყო. თუმცა ეს სირთულეები უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის რიტმისთვის ფეხი ამეწყო...

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- და, როგორც ჩანს, კარგადაც აუწყვეთ, დღეს თქვენ მიერ დაფუძნებული ქართული სკოლა პოპულარულია ირლანდიაში მცხოვრებ ქართველებში, როდის დააარსეთ ის?

- საგანმანათლებლო ცენტრი „ლამპარი“ 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა. მე თავად სამი შვილი მყავს და ვცდილობდი, რომ მათ ქართული წერა-კითხვა ესწავლათ, თუმცა მივხვდი, რომ მხოლოდ ქართული წერა-კითხვის სწავლა არ იყო საკმარისი და ბავშვებს უფრო მეტი უნდა სცოდნოდათ თავისი ქვეყნის შესახებ. აქედან გაჩნდა იდეა, რომ გამეხსნა საკვირაო სკოლა. ეს იდეა ჩემს მეგობრებს გავუზიარე და ყველა ერთად გავერთიანდით მის გარშემო. თავდაპირველად სკოლაში მხოლოდ 15 მოსწავლე იყო, ძირითადად ჩემი და ჩემი მეგობრების შვილები, თუმცა შემდეგ გავიზარდეთ და ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით. დღეს დაახლოებით 40 მოსწავლეა სკოლაში და ქართული ენის გარდა ისწავლება საქართველოს ისტორია, რელიგიის ისტორია, ბუნება.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- თანამოაზრეებზე რას იტყვით?

- იმ დროისათვის არ ვიყავით განებივრებული სახელმძღვანელოებით, არც ინტერნეტ-სივრცეში იძებნებოდა ბევრი ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში პედაგოგებს თვითონ უხდებოდათ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. სწორედ საოცარი და პროფესიონალი პედაგოგების ქეთი ჯიღაურის, თეა ლიპარტელიანის, ეკა ფეიქრიშვილის და ჩვენი ყოფილი კოლეგების ნუნუკა ავგაროზაშვილის, მაია აწკარუნაშვილის და თამუნა ჩიტიძის თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია ის, რომ ჩვენ დღეს საყვარელ საქმეს ვაკეთებთ და მომავალი თაობის აღზრდაში მცირედი წვლილი შეგვაქვს.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- ირლანდიელებს თუ გამოუთქვამთ თქვენს სკოლაში სწავლის სურვილი?

- ირლანდიელებს არა, თუმცა საკმაოდ ბევრი მოსწავლე გვყავს შერეული ოჯახებიდან. ერთ ფაქტს გავიხსენებ: გასული წლის დასაწყისში ახალი მოსწავლე მოვიდა სკოლაში, მამით ქართველი და დედით ირლანდიელი. როდესაც დედასთან საუბარი დავიწყე, გამაჩერა და ქართულად მითხრა, პრობლემა არაა, შეგიძლიათ ქართულად მესაუბროთო. ჩემთვის ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

- ქართველები ხომ ყველგან მსგავსებას ვეძებთ, ალბათ არც თქვენ ხართ გამონაკლისი?

- იცით, ქართველებსა და ირლანდიელებს შორის ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე. პირველი ისაა, რომ მათ ჩვენ მსგავსად გასაოცარი მეგობრობა იციან. ჩამოსვლიდან ძალიან მალე შევიძინე ბევრი ირლანდიელი მეგობარი, რომლებთანაც დღესაც ვაგრძელებ ურთიერთობას. სირთულეების გადალახვაში გარკვეულწილად ისინიც დამეხმარნენ.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- რა ქართულ აქტივობას ახორციელებს თქვენი სკოლა?

- აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც საშუალება გვეძლევა წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა. ყოველ წელს სკოლაში იმართება ღონისძიება, სადაც, გარდა ჩვენი თანამემამულეებისა, ვიწვევთ ჩვენს ირლანდიელ მეგობრებს, ვაცნობთ ქართულ კულტურას, ტრადიციებს და ქართულ სამზარეულოს. მინდა დავამატო, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ ღონისძიებების დროს ხდება ჩვენი მოსწავლეების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნივთების გაყიდვა. შემოსული თანხით საქართველოში ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს. მართალია, ეს ქველმოქმედება მცირედია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პატარებმა სხვებზე ზრუნვა და სიკეთის კეთება ისწავლონ.

დიასპორის დღეებზე თბილისში
დიასპორის დღეებზე თბილისში

- სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ბავშვებთან თუ გაქვთ კავშირი?

- ჩვენი ცენტრი ორიენტირებული არ არის მხოლოდ საგაკვეთილო პროცესზე, ჩვენი მიზანია, რომ აქ მყოფი ქართველი ბავშვები ერთმანეთს დავამეგობროთ. სწორედ ამიტომ ხშირად ვაწყობთ სასკოლო ტურებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. 2016 წელს წელს სასკოლო ტურით ვიმყოფებოდით საფრანგეთში, პარიზში. იქ ვესტუმრეთ პარიზში არსებულ ქართული კულტურის კერას, სახელად „ლაზი“, სადაც ჩვენი მოსწავლეები შეხვდნენ იქ მცხოვრებ თანატოლებს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- დაარსების დღიდან რამდენი თაობის ქართველები აღზარდა თქვენმა სკოლამ?

- საკვირაო სკოლამ უკვე ქართველების სამი თაობა აღზარდა. ჩვენ ვცდილობთ მათთან კონტაქტი არ დავკარგოთ და სწორედ მათთვის ვატარებთ ხოლმე ლექცია-გაკვეთილებს. გარდა ჩვენი სკოლის პრდაგოგებისა, აქ ლექციებს უკითხავენ ასევე მოწვეული სტუმრები.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- პანდემიის დროს რა ხდებოდა თქვენს სკოლაში?

- პანდემიის დროს ჩვენ არ გავჩერებულვართ. ვატარებდით ონლაინ გაკვეთილებს. სწავლის პარალელურად ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად ჩავატარეთ ონლაინ-ლექცია თემაზე „სადაურსა სად წაიყვან...” ჩვენი უფროსი მოსწავლეები ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული პირველი საერთაშორისო ონლაინ-სკოლის „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ პროექტში. უზომოდ მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვისაც მცირედი წვლილი მიუძღვის საკვირაო სკოლის არსებობაში, ესენი არიან: M.Murray, ი. კოპლატაძე, Father D. Lonergan და საქართველოს საელჩო ირლანდიაში. განსაკუთრებული მადლობა ბატონ გიორგი ზურაბაშვილს თანადგომისთვის, ახლო მომავალში სწორედ მისი უშუალო მხარდაჭერით ბევრ საინტერესო პროექტს ვგეგმავთ. ოქტომბერში ვაწყობთ შემოდგომის ფესტივალს, ჩვენებურად რთველს, სადაც ჩვენი მოსწავლეები და მათი აქაური თანატოლები გაეცნობიან საქართველოს, როგორც ღვინისა და ვაზის სამშობლოს. ირლანდილებს ქართული ღვინის მრავალწლიან ისტორიას გავაცნობთ, ბავშვები თავის საყვარელ ქართულ ნუგბარს - ჩურჩხელებს ამოავლებენ.

ანელი აწკარუნაშვილი
ანელი აწკარუნაშვილი

- შორიდან ალბათ სხვაგვარად აღიქვით ის, რასაც სამშობლო ჰქვია?..

- სამშობლო ალბათ ყველაფერია – ბავშვობა, მეგობრები, ოჯახი... ჩემთვის სამშობლო სიყვარულია, ადგილია, სადაც გული სხვანაირად მიცემს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ ზაფხულს ჩავდივარ, ჩემი მზიანი და თბილი ქვეყანა ყოველთვის მენატრება. ირლანდიელი მეგობრები ხშირად მეკითხებიან – ვაპირებ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას. ჩემი პასუხია: იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები...

 

163
თემები:
ქართველები უცხოეთში (77)
გამოფენაზე

„გელბახას“ მისტიკური სამყარო, ანუ „ადამიანი, ვისაც შეიძლება ენდო”

720
(განახლებულია 19:16 04.08.2020)
ხატვა ბავშვობიდან იყო მისი სტიქია. თავიდან ტუშით ხატავდა და, შესაბამისად, მისი ნახატები შავ-თეთრი იყო, ფერები მოგვიანებით გაჩნდა.

დათო გელბახიანმა სკოლის მერე არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა და 15 წელი აღარ დაუხატავს. ხატვას ბოლო ათი წელია დაუბრუნდა. მისი ნახატების პირველი გამოფენა საკმაოდ წარმატებით 2018 წელს „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა, მასზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა. ერთი წლის მერე კი ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისმა ნახატებმა მეორედ შეკრიბა ხელოვნების მოყვარულები. მის ნამუშევრებზე პანდემიის დროსაც დიდი მოთხოვნილება იყო და არა მარტო საქართველოში...

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ბატონო დათო, თქვენს ნამუშევრებში გადაჯაჭვულია მისტიკა და რეალობა, რამდენად გჯერათ სასწაულის?

- სასწაულების მჯერა, როგორ არ უნდა მჯეროდეს... მარტივ მაგალითს გეტყვით, განა ცხრა თვის ლოდინის მერე ადამიანის დაბადება სასწაული არ არის? არა მგონია, უცნაური ადამიანი ვიყო, ჩვეულებრივი ვარ. თუმცა მისტიკა მიტაცებს და ვცდილობ, რომ ყველაფერ უცნაურს ლოგიკური ახსნა მოვუძებნო ხოლმე. თავიდან შავ-თეთრი ნახატები მქონდა და ტუშით ვხატავდი. შემდეგ ფერები და საღებავები შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ხატვის დროს შთაგონებას მიჰყვებით თუ რაციოს კარნახით ხატავთ?

- ჩემს ნახატებში ალბათ შთაგონებას უფრო მივყვები, სიუჟეტს არასდროს ვგეგმავ წინასწარ. როცა ხატვას ვიწყებ, არც კი ვიცი ბოლოს რა გამოვა, დაახლოებით წარმომიდგენია, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. და, რაც მთავარია, წინასწარ ვერასდროს დავგეგმავ. მოდი, ხვალ ავდგები და დავხატავ – ასე არაა ჩემთან...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- ბოლო ათი წელია, რაც ხატვას დაუბრუნდით...

- დიახ, სკოლის მერე 15 წელი არ გავკარებივარ ფანქარს და საღებავებს. ბოლო ათი წელია რაც დავუბრუნდი. მიზეზი მარტივია: უბრალოდ მომინდა ხატვა...

- ნანობთ იმ წლებს?

- არა, ზოგადად არასოდეს არაფერს ვნანობ, რადგან, ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც ხდება, კანონზომიერია.

დათო გელბახიანი
დათო გელბახიანი

- ამხელა პაუზა იმიტომ ხომ არ დაგჭირდათ, რომ ახალი შეგრძნებებით და ემოციით შევსებულიყავით?

- მართლაც ასე იყო. ის წლები, როცა არაფერი მიხატავს, ფანტაზია და თემები დამიგროვდა და ეს ალბათ კარგად აისახა ჩემს ნახატებზე. უფრო ზუსტად კი ეს იყო მონატრება და სურვილი – რაღაც ახალი და განსხვავებული შემექმნა.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენმა პირველმა პერსონალურმა გამოფენამ ხმაურით ჩაიარა...

- ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა 2018 წელს „აბრეშუმის გალერეაში“ გაიმართა, მასზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მესტუმრა, ტელევიზიებმაც გააშუქეს. პირველი გამოფენის შემდეგ მომეცა სტიმული, რადგან დავინახე ადამიანები, რომლებსაც სახეზე ეტყობოდათ, რომ სიამოვნებდათ ჩემი ნახატების ყურება და მოვალეობის მოხდის მიზნით არ იყვნენ მოსული. მივხვდი, რომ არ უნდა გავჩერდე და უნდა გავაკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის და ყველას მოსწონს. ამას მოჰყვა 2019 წლის პერსონალური გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელმაც ასევე ფურორით ჩაიარა და კარგად მახსენდება. ამის შემდეგ უკვე „კორონა ჩაერია” და დაგეგმილი გამოფენა ჩაიშალა.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- ნახატების გაყიდვის პრობლემა არ გაქვთ?

- მიხარია, რომ ჩემი ნახატები დიდი რაოდენობით იყიდება – არა მარტო საქართველოში, ამერიკაში, რუსეთში, გერმანიაში, უკრაინასა და ჰოლანდიაში. ამაში პანდემიასაც არ შეუშლია ხელი.

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თუ გაქვთ ნახატი, რომელმაც „დაგამახსოვრათ“ თავი?

- ასეთი გამორჩეული ნახატი არ მაქვს, ყველა ერთნაირად მიყვარს. უბრალოდ იყო ასეთი შემთხვევა: ერთხელ შავი საფერავი ღვინის წვეთი დაეცა ფურცელზე და ასე შეიქმნა პირველი ნახატი „საფერავითა“ და ტუშით. ამ ნახატს „ბაბუა“ ჰქვია. ესაა მონატრებული ბაბუა, რომელიც შვილების და შვილიშვილების მოლოდინში ხის ძირას ღობესთან ზის ჩაფიქრებული. ერთი ნახატის წინაპირობა კი ჩემი მონატრება გახდა. ერთ დღეს ვიგრძენი, რომ ჩემი გოგო, მარიამი, რომელიც უცხოეთში სწავლობს, ძალიან მომენატრა და დავხატე...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენი შემოქმედების შეფასების დროს ყველაზე მეტად რა გსიამოვნებთ?

- ყველაზე მეტად რაც მსიამოვნებს, ისაა, რომ ყველა იძახის “გელბახას” ნამუშევრების ამოცნობა ათასი ნახატიდან შეიძლებაო, ანუ შენი ხელწერა გაქვსო. მახარებს ის, რომ არავის ვბაძავ და განსხვავებული ვარ.  

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- თქვენი აზრით, ვინ არის „გელბახა“, როგორი ადამიანია?

- “გელბახა” – ეს მეტსახელი ბავშვობიდან შემრჩა და მივეჩვიე. გელბახა ვინ არის? ამაზე მე რა ნამუსით უნდა ვილაპარაკო? - არ ვიცი და ვერც გეტყვით. მხოლოდ ერთს ვიტყვი: გელბახა არის ადამიანი, ვისაც შეიძლება, რომ ენდო...

დათო გელბახიანის შემოქმედება
დათო გელბახიანის შემოქმედება

- რაზე ოცნებობთ და რას ელოდებით ცხოვრებისგან?

- ვოცნებობ იმაზე, რომ ქალაქგარეთ სიწყნარესა და სიმწვანეში ოჯახთან ერთად ვიცხოვრო. პირველ რიგში გარშემო ჩემი ახლობლები და მეგობრები კარგად უნდა იყვნენ, რომ ხალისი და განწყობა მქონდეს იმისთვის, რომ რაღაც კარგი შევქმნა. არაა აუცილებელი ფეშენებელური ვილა იყოს, უბრალო პატარა სახლიც დამაკმაყოფილებს. მთავარია, მქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც ვიმუშავებ და რაღაც კარგს შევქმნი, ესაა და ეს...

 

720
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 17:40 05.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია.

თევზების დღეები ადამიანებს დასვენებისა და შემოქმედებისთვის განაწყობს. ძლიერდება სენტიმენტალობა, ემოციურობა, ინტუიცია, მგრძნობელობა. შესანიშნავი დროა შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ქველმოქმედებისთვის, იურიდიული პრობლემების მოგვარებისთვის. შეიძლება სესხის აღება.

კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობების დაწყებისთვის. ამ დროს გამძაფრებულია ინტუიცია, რაც ადამიანის ამოცნობას ხელს უწყობს.

რეკომენდებულია მშვიდად მუშაობა, ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, ირგვლივ მყოფების მოსმენა, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში კონფლიქტების თავიდან არიდება, ადამიანებთან ურთიერთობებში მოქნილობა, ნიუანსებისადმი ყურადღება, ინდივიდუალური მუშაობა და არა გუნდური.

არარეკომენდებულია რთული პროექტების დაწყება, მოლაპარაკებების გამართვა, ზეგავლენის ქვეშ მოქცევა და ადამიანების წინადადებებზე დათანხმება, ზედმეტი აქტიურობა, დინების წინააღმდეგ წასვლა.

არასასურველია ამ დღეს მგზავრობა.

თმის შეჭრა, შეღებვა: არახელსაყრელი დღეა როგორც შეჭრის, ისე შეღებვისთვის. შეიძლება თმა დაზიანდეს, გაჩნდეს ქერტლი, გაიყოს თმის ბოლოები.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო>>

მებაღეობა: ხელსყრელი დღეა ბაღში მუშაობისთვის, კერძოდ, შეიძლება ნიახურის, ბოლქვიანების დათესვა, ხეებისა და კენკროვანების შეწამვლა, მორწყვა, სასუქის მიცემა, ოთახის მცენარეების დათესვა–დარგვა. არასასურველი დღეა მავნებლებთან ბრძოლისთვის, გასხვლისთვის.

0