ქართველი სამხედრო ინჟინრის საიდუმლო პროექტები - დელფინარიუმი საბრძოლო დელფინებისთვის

© photo: David Akhvlediani / FBსევასტოპოლი, ევროპაში ყველაზე დიდი დელფინარიუმი. შეიქმნა როგორც სამხედრო ობიექტი, სადაც "დივერსანტ" დელფინებს წვრთნიდნენ
სევასტოპოლი, ევროპაში ყველაზე დიდი დელფინარიუმი. შეიქმნა როგორც სამხედრო ობიექტი, სადაც დივერსანტ დელფინებს წვრთნიდნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ქართულმა ნიჭიერებამ და გენმა უცხოეთშიც არა ერთხელ იჩინა თავი და გამორჩეული საქმეებით  ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. სამწუხაროდ ბევრ მათგანზე დღემდე არ გვაქვს ამომწურავი ინფორმაცია.

შესაძლოა, მათ რიცხვში აღმოჩნდეს ნიჭიერი სამხედრო ინჟინერი, არქიტექტორი ალექსი გოქაძე, რომლის 30 წლიან მოღვაწეობასთან დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყირიმის, კერძოდ კი, სევასტოპოლის აღორძინება.

© photo: David Akhvlediani / FBსამხედრო ინჟინერი და არქიტექტორი ალექსი გოქაძე
ქართველი სამხედრო ინჟინრის საიდუმლო პროექტები - დელფინარიუმი საბრძოლო დელფინებისთვის - Sputnik საქართველო
სამხედრო ინჟინერი და არქიტექტორი ალექსი გოქაძე

მის სახელთანაა დაკავშირებული არა ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ასევე უცხოეთში. მას ეკუთვნის ევპატორიასთან საზღვაო ბაზის პროექტიც, რომლის დროსაც ტბა ზღვას მიუერთდა. ალექსი გოქაძე ყველაზე დიდი და გასაიდუმლოებული დელფინარიუმის პროექტის ავტორია. აქ ომის დროს საბჭოთა სამხედროები საბრძოლო დელფინებს წვრთნიდნენ. მის მიერაა განხორციელებული სხვადასხვა სახის სამოქალაქო პროექტებიც.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს პიროვნება შავი ზღვის ფლოტის სამშენებლო სამმართველოში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. მასალაში მოყვანილი ფაქტები ამის დასტურია.

უფრო კონკრეტულად ქართველი ინჟინრის საქმიანობაზე მოგვითხრობს მისი შვილიშვილი, ჟურნალისტი დავით ახვლედიანი, რომლის საოჯახო არქივში არა ერთი ისტორიული ფოტო და წერილობითი დოკუმენტი ინახება.

© photo: courtesy of David Akhvledianiდავით ახვლედიანი
ქართველი სამხედრო ინჟინრის საიდუმლო პროექტები - დელფინარიუმი საბრძოლო დელფინებისთვის - Sputnik საქართველო
დავით ახვლედიანი

-ბატონო დავით, თუ შეიძლება მოგვიყევით თქვენი ბაბუის ცხოვრების იმ პერიოდზე, სანამ მას ყირიმში გაამწესებდნენ...

- ალექსი გოქაძე, დედის მამა იყო. ის ქუთაისში, სახალხო მასწავლებლის, ნესტორ გოქაძის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ბაბუაჩემი ყმაწვილობისას ავიაციით იყო გატაცებული და საშუალო განათლების მიღების შემდეგ თბილისის 31-ე ქარხანასთან არსებულ საავიაციო სასწავლებელში ჩაირიცხა. შემდეგ უფროსი ძმის, ბორის გოქაძის გავლენით, (რომელიც ქართული საინჟინრო სკოლის ერთ-ერთ დამაარსებლად და ქართველ არქიტექტორთა პირველი პლეადის წარმომადგენლად ითვლება), სწავლა  მაშინდელ თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტში განაგრძო. პროფესიის დაუფლების შემდეგ ბაბუა „ქუთაისპროექტის“ ინჟინერი გახდა. მისი პროექტით არის აშენებული ქარხანა „გორნიაკის“ ადმინისტრაციული შენობები. ეს ის პერიოდია, როდესაც მეორე მსოფლიო ომი რამდენიმე წლის დასრულებულია. ბაბუა მიავლინეს ქალაქ კუიბიშევში სპეციალურ კურსებზე, რის შემდეგაც ის ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო აკადემიის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1953 წელს, საზღვაო აკადემიის წარმატებით დასრულების შემდეგ უკვე როგორც ოფიცერი სამხედრო სამსახურში ყირიმში, კერძოდ ქალაქ სევასტოპოლში გაამწესეს. 

© photo: David Akhvlediani / FBსამხედრო ინჟინერი და არქიტექტორი ალექსი გოქაძე
ქართველი სამხედრო ინჟინრის საიდუმლო პროექტები - დელფინარიუმი საბრძოლო დელფინებისთვის - Sputnik საქართველო
სამხედრო ინჟინერი და არქიტექტორი ალექსი გოქაძე

- რას იხსენებდა თქვენი ბაბუა იმ დროიდან, როდესაც სევასტოპოლში აღმოჩნდა?

- ბაბუა მიყვებოდა, რომ როცა პირველად აღმოჩნდა ამ ქალაქში, ის ომის შედეგად ფაქტობრივად პირისაგან მიწისა იყო აღგვილი. მაშინდელ ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ეს ქალაქი უმოკლეს ვადებში აღედგინა. საინტერესოა, როცა ბაბუამ ლეიტენანტის წოდებით დაიწყო აქ სამსახური. შავი ზღვის ფლოტის მთავარ სამშენებლო სამმართველოს იმ დროს პოლკოვნიკი არჩილ გელოვანი ხელმძღვანელობდა. საგულისხმო ფაქტია, რომ იმ დროს ასეთი მნიშვნელობის, ნახევრად გასაიდუმლოებულ სამმართველოში ერთდროულად სხვადასხვა ასაკის ორი ქართველი მუშაობს. მათი პირადი და ოჯახებით მეგობრობაც სწორედ მაშინ დაიწყო.

-ყირიმში რომელი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაპროექტება ანდეს ქართველ ინჟინერს?

-როდესაც აშშ-მა შტატებმა ბირთვული შეტევა განახორციელა ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე, საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის მიერ შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც ყურადღება ეთმობოდა სამხედრო-სტრატეგიული ობიექტების დაპროექტებას. სწორედ ასეთი ობიექტები იქნა დაპროექტებული უშუალოდ ბაბუაჩემის და მისი კოლექტივის მიერ. ის იხსენებდა, რომ ბირთვული დაპირისპირების პერიოდში, სტალინმა ბერიას, როგორც საბჭოთა ბირთვული პროექტის კურატორს, დაავალა ისეთი ადგილის მოძიება, სადაც საპასუხო ბირთვული შეტევისთვის წყალქვეშა ნავების განთავსება იქნებოდა შესაძლებელი.

© photo: David Akhvlediani / FBბალაკლავა, საბჭოთა სამხედრო-სტრატეგიული ჰიდროტექნიკური ობიექტი N-825
ქართველი სამხედრო ინჟინრის საიდუმლო პროექტები - დელფინარიუმი საბრძოლო დელფინებისთვის - Sputnik საქართველო
ბალაკლავა, საბჭოთა სამხედრო-სტრატეგიული ჰიდროტექნიკური ობიექტი N-825

- რომელი საიდუმლო პროექტია მის სახელთან დაკავშირებული?

- 1953 წელს, როცა სევასტოპოლში შეიქმნა სპეციალური სამშენებლო სამმართველო N 528,  ბალაკლავაში საიდუმლო ბაზის მშენებლობაზე ბაბუა და მისი კოლექტივი იყო პასუხისმგებელი. ეს პროექტი უნიკალურია, წარმოიდგინეთ, რომ ბუნებრივ კლდეში არსებულ გვირაბში 600 მეტრის სიგრძეზე გადის არხი, სადაც 6-7 წყალქვეშა ნავს  შესვლა და სრული საბრძოლო აღჭურვილობით და მომსახურებით გაჩერება შეუძლია. ასეთი ობიექტი 100 კილოტონიანი სიძლიერის ბირთვულ შეტევას უძლებს. გარდა ამისა ბაბუაჩემს ეკუთვნის პროექტი „დონ-უზლავი“ -მეორე სათადარიგო საზღვაო ბაზა ევპატორიასთან, სადაც ტბა „სოლიონნოე“ არხის მეშვეობით ზღვას მიუერთდა. მან ასევე ლასპის ყურეში დააპროექტა ფლოტის სათადარიგო სამეთაურო პუნქტი, რომლის მნიშვნელობის შესახებ მაშინ 15-მდე ადამიანმა თუ იცოდა. როგორც ბაბუაჩემი ყვებოდა, ობიექტის გასაიდუმლოებული მშენებლობის გამო სხვადასხვა ეტაპებზე მშენებელთა ბრიგადებიც კი იცვლებოდა. კონცხ ფიოლენტზე საზღვაო ფეხოსანთა საწვრთნელი ბაზა ასევე ბაბუაჩემის დაპროექტებული გახლავთ. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ბაბუა შავი ზღვის ფლოტის სამშენებლო სამმართველოში ის პიროვნება იყო, ვისაც ამ სფეროში სიტყვა ნამდვილად ეთქმოდა. რადგან სამხედრო-საზღვაო აკადემიაში, მისი სპეციალიზაცია სწორედ საფორტიფიკაციო ნაგებობები იყო.

- რით იყო უნიკალური ბატონ ალექსის მიერ სევასტოპოლში დაპროექტებული დელფინარიუმი? 

-ეს დელფინარიუმი ბაბუაჩემმა, სევასტოპოლში, კონკრეტულად კი, „კაზაჩაია ბუხტას“ ყურეში, საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალის, გორშკოვის დავალებით დააპროექტა. ამჟამად ის ევროპაში ყველაზე დიდ დელფინარიუმად ითვლება. ალბათ გაგიკვირდებათ: რა არის ამ უწყინარი ძუძუმწოვარებისთვის აგებულ ნაგებობაში განსაკუთრებული? პასუხი ბევრს გააოცებს: აქ მებრძოლ-დივერსანტ დელფინებს წვრთნიდნენ! მათ ტანზე უმაგრებდნენ ნაღმებს და მოწინააღმდეგის გემებისკენ მიმართავდნენ. ეს ობიექტი მრავალი წელი გასაიდუმლოებული იყო და უშუალოდ სსრკ შეიარაღებული ძალების გენ-შტაბის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

© photo: David Akhvlediani / FBსევასტოპოლის გათავისუფლებისთვის დაცემული 414-ე ქართული დივიზიის დაღუპულ მებრძოლთა ძეგლი
ქართველი სამხედრო ინჟინრის საიდუმლო პროექტები - დელფინარიუმი საბრძოლო დელფინებისთვის - Sputnik საქართველო
სევასტოპოლის გათავისუფლებისთვის დაცემული 414-ე ქართული დივიზიის დაღუპულ მებრძოლთა ძეგლი

- უცხოეთში მივლინების შემდეგ რომელიმე ობიექტია ალექსი გოქაძის პროექტით აგებული? 

- უცხოეთში ბაბუაჩემი 60-იან წლებში მიავლინეს. მისი ავტორობით, რუმინეთის მეფე მიჰაის სასახლის ესკიზის მიხედვით ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე სსრკ თავდაცვის სამინისტროს სასახლე და არაერთი ობიექტი აიგო. მათ შორის საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი გრეჩკოს აგარაკი ფოროსში. ბაბუა ასევე მუშაობდა კუბაში, ბირთვული დანადგარებისთვის ოპერატიული მოედნებისა და მარიელში საზღვაო ბაზის პროექტების მშენებლობაზე. ეგვიპტეში, პორტ საიდში მას სამხედრო აეროდრომის დაპროექტებაც მოუწია. მასვე ეკუთვნოდა გასაიდუმლოებული პროექტები იემენსა და ინდონეზიაში.

- ეს რაც შეეხება სამხედრო ობიექტებს, სამოქალაქო პროექტებიც თუ ჰქონდა მას განხორციელებული?

-დიახ, ბაბუაჩემს არაერთი სამოქალაქო პროექტიც აქვს შესრულებული. სევასტოპოლში, გორპიშჩენკოს და გოგოლის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლები მისი პროექტების მიხედვითაა აგებული. ასევე ავტორია ხუთი მონუმენტისა, რომელთაგან ერთ-ერთზე დიდი რუდუნებით, როგორც პროექტის ინიციატორმა და საავტორო უფლებით აღჭურვილმა პირმა, პირადად იმუშავა. ეს გახლავთ ყირიმის განთავისუფლებისთვის დაღუპული 414-ე ქართული დივიზიის მებრძოლთა ობელისკი სევასტოპოლში, რომელიც 1960 წელს საზეიმოდ გაიხსნა.

- ბატონ ალექსის ბევრ ცნობილ პიროვნებასთან უწევდა შეხვედრა და რაიმე საინტერესო ამბავი თუ აქვს მოყოლილი?

- მახსენდება მისი მოყოლილი საინტერესო ისტორია, რომელიც ქართული დივიზიის დაღუპულ მებრძოლთა ობელისკის აგებასთანაა დაკავშირებული. ბაბუაჩემი მაშინ კაპიტანი გახლდათ, როდესაც ერთ-ერთ სამხედრო მშენებლობაზე თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. ველზე გასულს უეცრად თურმე შავებში ჩაცმული ქალის ქვითინი მოესმა ქართულად. მას საფლავთან ღვინო, ჩურჩხელები და ქართული ნუგბარი ჰქონდა დაწყობილი და დაღუპულ შვილს დასტიროდა. ამ ფაქტმა თურმე ბაბუაზე ძალიან იმოქმედა. 1944 წელს, სევასტოპოლის განთავისუფლებისთვის ბრძოლაში ამ ტერიტორიაზე ბევრი ქართველი დაღუპულა. მოხდა ისე, რომ იმ 172 მეომრის ძვლები ბაბუაჩემმა თურმე საკუთარი ხელებით გაწმინდა და ძმათა სასაფლაო თავად მოაწესრიგა. ამის მერე გამოვიდა ინიციატივით, რომ ფლოტის ხელმძღვანელობას მისთვის ქართველი მებრძოლების უკვდავსაყოფად ობელისკის აგების ნებართვა მიეცა. ის ობელისკი აიგო და ძეგლის პროექტის ავტორიც ბაბუაჩემია. მან გადაწყვიტა, რომ ის ძეგლი ქართული, ბოლნური ტუფით ყოფილიყო მოპირკეთებული. ქართული ჩუქურთმები ძეგლზე მან საკუთარი ხელით ამოტვიფრა.

© photo: David Akhvlediani / FBბულგარული დესანტის ძეგლი, რომელიც 1966 წელს სევასტოპოლში დაიდგა
ქართველი სამხედრო ინჟინრის საიდუმლო პროექტები - დელფინარიუმი საბრძოლო დელფინებისთვის - Sputnik საქართველო
ბულგარული დესანტის ძეგლი, რომელიც 1966 წელს სევასტოპოლში დაიდგა

- ამ ძეგლის სკულპტურის ავტორიც ქართველია...

- როგორც უკვე გითხარით, ბაბუა ქუთაისელი გახლდათ, მას ახსოვდა, რომ მისი მეგობარი, ტიტე სიხარულიძე იაკობ ნიკოლაძის მოსწავლე გახლდათ. ამიტომაც ჩათვალა, რომ ტიტე სიხარულიძე ამ საქმეს უზადოდ გაართმევდა თავს. ასეც მოხდა-სევასტოპოლში ძეგლის მეომრის სკულპტურა მოქანდაკე ტიტე სიხარულიძემ წარმატებით შეასრულა. ბაბუა იგონებდა, რომ დაღუპული ქართველი მებრძოლებისთვის ძეგლის შენებაში ფლოტის ხელმძღვანელობა აქტიურად იყო ჩაბმული. თუმცა დაბრკოლებებს საქართველოში წააწყდა.

- რა მოგიყვათ ამ დაბრკოლებების შესახებ?

- როგორც მან მომიყვა: იმდროინდელმა ბიუროკრატებმა ჯარისკაცის ქანდაკებისთვის საჭირო ბრინჯაოს გამოყოფა შეაფერხეს, რისთვისაც ბაბუას თბილისში ჩამოსვლა მოუხდა. როდესაც ცეკას პირველ მდივანთან, ვასილ მჟავანაძესთან შესულა საკითხის გასარკვევად, ვასილ პავლეს ძე ფეხზე წამომდგარა. გაეცნო თუ არა საქმის ვითარებას, მჟავანაძემ უმალ დაიბარა კაბინეტში პასუხისმგებელი პირები და მკაცრად ჰკითხა: ბინებში ონკანები თუ გიყენიათ? მათ გაკვირვებულებს ერთმანეთისთვის გადაუხედავთ. მჟავანაძე გაცხარებულა და უთქვამს: თუკი საქართველოში ორი ტონა ბრინჯაო ვერ ვიშოვეთ ქართველი გმირების უკვდავსაყოფად, მაშინ მოხსენით სახლებში ბრინჯაოს ონკანები და სევასტოპოლში გააგზავნეთო. აი, ასე აიგო ეს ძეგლი... სხვათაშორის ის ძეგლი კინოფილმ „მზიურში“ მოსჩანს იმ ეპიზოდში, როდესაც გოგონები „იავნანას“ მღერიან. ბაბუას პროექტებიდან პირადად არც ერთი მინახავს, მხოლოდ მათი ფოტოებია ჩვენს საოჯახო არქივში შემონახული. იმედია მაქვს, ოდესმე მექნება იმის ბედნიერება, რომ ბაბუის მიერ აგებული რომელიმე ძეგლი ან ობიექტი პირადად ვნახო...

 

ყველა ახალი ამბავი
0