ემიგრანტი ქალის წერილები: მგონი სიცოცხლის შანსი მეორედ ტყუილუბრალოდ არ მომეცა

© courtesy of Anna Zhorzholianiანა ჟორჟოლიანი
ანა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში ზოგჯერ გაუსაძლის პირობებში შრომობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ. მათ შემოქმედებით ნიჭსა და უნარს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია.

ეს წინასაახალწლო ტკივილითა და იმედით გაჯერებული გზავნილი ანა (მანანა) ჟორჟოლიანმა იტალიიდან გამოგზავნა სამშობლოში.

„დავიბადე იმერეთში, წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალ გზისპირა სოფელში. ჩემს უმცროს ძმასთან ერთად მაღლაკის კულტურის სახლის დირექტორის და ბიბლიოთეკარის განათლებულ, ტკბილ და თბილ ოჯახში გავიზარდე. თბილისის სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე. მერე დავოჯახდი, მყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი. წერა ბავშვობიდან დავიწყე, მაგრამ არ ვამჟღავნებდი, ეს მხოლოდ ძალიან ახლობელმა წრემ იცოდა. ასეთია ჩემი ცხოვრების მოკლე ამბავი ემიგრაციამდე.

კალამი რომ ისევ მომემარჯვებინა, ემიგრაციაში ყოფნამ და მონატრებამ გადამაწყვეტინა, დამიჯერეთ, სხვანაირად ამ ტკივილს ვერ გავუძლებდი...

მალე ახალი წელი მოვა, ჯადოსნური დღესასწაული, რომელიც ასაკის, სქესის და მდგომარეობის მიუხედავად, ყველას აღაფრთოვანებს და უკეთესი მომავლის რწმენით და იმედით აღავსებს. ახალი წლის წინ და შემდეგაც ყოველთვის რაიმე ახალს ველოდები. მეტს ვოცნებობ, მაგალითად, სიმყუდროვეზე, ოჯახის სითბოსა და ერთად ყოფნაზე, რაც ემიგრატებისთვის ყველაზე მტკივნეული თემაა...

© photo: courtesy of Anna Zhorzholianiანა ჟორჟოლიანი
ემიგრანტი ქალის წერილები: მგონი სიცოცხლის შანსი მეორედ ტყუილუბრალოდ არ მომეცა - Sputnik საქართველო
ანა ჟორჟოლიანი

ტკბილ და დაუვიწყარ მოგონებად შემორჩა ხსოვნას ოჯახთან ერთად გატარებული ყველა ახალი წელი. ბავშვობაში, მახსოვს, მამა ნაძვის ხეს დედასთან ერთად აწყობდა და ეს ყოველთვის ჩვენი დაძინების შემდეგ ხდებოდა. დილით მე და ჩემს პატარა ძმას გვხვდებოდა უზარმაზარი ნაძვის ხე, ჭერს რომ ეხებოდა წვერით. დღეს თითქოს სასაცილოდ მოჩანს ის ხუთქიმიანი საბჭოური ვარსკვლავი, მაგრამ მაშინ ისე მახარებდა მისი კაშკაში მორთულ ნაძვის ხეზე, რომ აღტაცებას ვერ ვფარავდი. მართლა მეგონა, რომ ეს მორთული ნაძვის ხე თავისი საჩუქრებით თოვლის ბაბუამ მომიტანა. თოვლის ბაბუას როლს მამა ასრულებდა, რაც ძალიან კარგად გამოსდიოდა. თითქმის სკოლის ასაკამდე მჯეროდა, რომ მამა თოვლის ბაბუაც იყო. ახლა ამაზე მეღიმება, მაშინ კი უბედნიერესად ვთვლიდი თავს. მერე, როცა სკოლაში მისულს, ახალი წლის ზეიმზე სხვა თოვლის ბაბუა გამოგვეცხადა, ისე შემეშინდა, რომ ავტირდი და ძლივს დამაწყნარეს...

© photo: courtesy of Anna Zhorzholianiანა ჟორჟოლიანი
ემიგრანტი ქალის წერილები: მგონი სიცოცხლის შანსი მეორედ ტყუილუბრალოდ არ მომეცა - Sputnik საქართველო
ანა ჟორჟოლიანი

საახალწლო სამზადისი განსაკუთრებული იყო ჩვენს ოჯახში. ყველაფრის მოთავე მამა იყო. სურსათ-სანოვაგეს მამასთან ერთად ბაბუაც ეზიდებოდა ბაზრიდან, დედა და ბებია დიდ სამზადისში იყვნენ. როგორ მიყვარდა მათ გვერდით ყოფნა, სულ ვცდილობდი, რომ ამ მზადებაში ჩემი წვლილი შემეტანა, მაგრამ ახალი წლის დადგომამდე ვერ ვძლებდი და იქვე ჩამომეძინებოდა ხოლმე. დილით კი საწოლში საჩუქარი – ახალი თოჯინა მხვდებოდა. ერთად ყოფნის და საჩუქრების დარიგების ეს პროცესი დღემდე მიყვარს. ამ ტრადიციას ოჯახის შექმნის შემდეგაც ვაგრძელებდი მეუღლესა და შვილებთან ერთად. მოკლედ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვიდრე ჩვენ შორის საშინელი სიკვდილი არ ჩადგა. ორი პატარა ბავშვით მარტო დავრჩი. აი, იქ დამთავრდა ჩემი ოჯახის მთლიანობა. ეს იყო 2004 წელი...

შემდეგ ემიგრაციაში წამოვედი. ეს წლები ჩემთვის დღემდე დიდი ტკივილითა და დარდით სავსეა. მიუხედავად იმისა, რომ კარგ ოჯახში მოვხვდი და ორი ბერძენი ბავშვის ძიძა გავხდი, ყოველთვის ცრემლიანი ვიყავი, რადგან საკუთარი შვილები არ იზრდებოდნენ ჩემ გვერდით...

© photo: courtesy of Anna Zhorzholianiანა ჟორჟოლიანი
ემიგრანტი ქალის წერილები: მგონი სიცოცხლის შანსი მეორედ ტყუილუბრალოდ არ მომეცა - Sputnik საქართველო
ანა ჟორჟოლიანი

მიუხედავად მდიდრული სუფრისა, საუცხოო ნაძვის ხისა, გაკაშკაშებული ქუჩებისა, ემიგრაციაში გატარებული ყველა ახალი წელი ჩემთვის ასოცირდება სევდასთან, ნაღვლიან და იმ მონატრებულ სითბოსთან, რასაც დედაშვილობა ჰქვია. ამ სიცარიელეს ვერასოდეს შევივსებ... ეს არის ენით უთქმელი ტკივილისა და ცრემლიანი ღამეების ნაკადი, რომელმაც მთელი საქართველოს დედები მორალურად გაგვანადგურა და დაგვინგრია, დედაშვილური სიყვარულით გამოწვეული ბედნიერება წაგვართვა...

ახლა იტალიაში ვარ. ჩვენ აქ არ ვცხოვრობთ, მხოლოდ ვსუნთქავთ და თავს ძალას ვატანთ, რომ ვიარსებოთ. პირველი სტრიქონები აქ ჩამოსვლის დროს დავწერე, მაგრამ არავისთვის გამიმხელია. ისე წამოვედი ემიგრაციაში, რომ ჩემს საახლობლოში თითქმის არავინ იცოდა პოეზიით ჩემი გატაცების შესახებ. როცა გაუსაძლისი გახდა შვილებისა და სამშობლოსგან შორს ყოფნა, ყველა ჩემმა დარდმა და ოცნებამ ლექსებში ამოხეთქა...

© photo: courtesy of Anna Zhorzholianiანა ჟორჟოლიანი
ემიგრანტი ქალის წერილები: მგონი სიცოცხლის შანსი მეორედ ტყუილუბრალოდ არ მომეცა - Sputnik საქართველო
ანა ჟორჟოლიანი

მალე გაფანტავს მზის სხივები ნისლიან ბურუსს,
სულში დათბება, სიყვარული გულს ააძგერებს,
თვალს შეაშრება მწუხარებით ნადენი ცრემლი,
და გაზაფხული საოცნებო
კვლავ გაგვახარებს.
მოედებიან მოფარფატე ფიფქთა ფიქრები,
აბუზულ სევდას ღიმილები დაუბრუნდება,
ამხედრდებიან სიყვარულით მსრბოლნი რაშები

და გაზაფხულზე ვარდები თეთრად ამღერდებიან..  

რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შემექმნა. ექიმების პროგნოზით, სამიოდე თვის სიცოცხლე მქონდა დარჩენილი. მაგრამ მოხდა სასწაული და, აი, დღეს ჩემი ცხოვრების ამბავს გიყვებით. მგონი სიცოცხლის შანსი მეორედ ტყუილუბრალოდ არ მაჩუქეს. ამიტომ მინდა ეს წლები მხოლოდ სიკეთის კეთებაში გავატარო.

ჩემი საახალწლო სურვილები? – ძალიან მინდა, რომ მალე ემიგრაციის მძიმე წლები ყველასთვის დამთავრდეს და სამშობლოში დავბრუნდეთ. კიდევ ის მინდა, რომ საქართველოში შუღლი და მტრობა აღარ იყოს. ყველა მიყვარს და ჩემს ქართველებს აქედან ვეფერები...

 

ყველა ახალი ამბავი
0