პატარების ზეიმი მოხუცებისთვის, ანუ სიკეთის გაკვეთილები თემაზე – ჩვენც დავბერდებით

გამოწერა
ამბობენ, რომ მოხუცები პატარა ბავშვებივით არიან და სწორედ მათსავით ითხოვენ ტკბილეულს, სითბოს და ყურადღებას.

მათ შორის ერთგვარი ხიდივით გაიდო, როდესაც ტრადიცია დამკვიდრა, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები პერიოდულად მოხუცთა პანსიონატში მიდიან სტუმრად. ამ დროს ბავშვებსა და მოხუცებს შორის ასაკობრივი ზღვარი იშლება და სრული იდილია და ჰარმონია დგება. ამგვარი ერთობა განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში იგრძნობა...

გადავწყვიტეთ ამ თემაზე N205 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილეს და ამავე დროს მოხუცთა პანსიონატი „ჩემი ოჯახის“ დამაარსებელს ინგა ბუღაძეს გავესაუბროთ.

© photo: courtesy of Inga Bughadzeინგა ბუღაძე
პატარების ზეიმი მოხუცებისთვის, ანუ სიკეთის გაკვეთილები თემაზე – ჩვენც დავბერდებით - Sputnik საქართველო
ინგა ბუღაძე

- ქალბატონო ინგა, პირველად როდის გადაიკვეთა ბაღისა და პანსიონატის გზები?

- საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორის მოადგილედ 2016 წელს დავიწყე მუშაობა. მაშინ გადაიკვეთა ჩვენი გზები მოხუცთა პანსიონატთან. 205-ე ბაღს, ქალბატონ ია პატეიშვილის ხელმძღვანელობით, დროთა განმავლობაში ტრადიციად ექცა მოხუცებთან მისვლა, მათ ყოველთვის ვულოცავთ დედის დღეს და სხვა თარიღებს. ადრე საჭირო ტექნიკაც შევუძინეთ. ბაღის ბავშვებთან ერთად მივდივართ ხოლმე საჩუქრებით და ზეიმს ვუმართავთ. ბავშვებისთვის ეს ნამდვილი სიკეთის გაკვეთილებია. მახარებს ის ამბავი, რომ ამ კეთილ ინიციატივასა და მადლიან საქმეში ჩვენ სხვა ბაღებიც შემოგვიერთდნენ.

© photo: courtesy of Inga Bughadzeსაახალწლო ზეიმი
პატარების ზეიმი მოხუცებისთვის, ანუ სიკეთის გაკვეთილები თემაზე – ჩვენც დავბერდებით - Sputnik საქართველო
საახალწლო ზეიმი

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში, სადაც სამი თაობის ადამიანების ერთ ოჯახში ცხოვრების ტრადიციაა, ბოლო დროს მაინც რატომ მომრავლდა მოხუცთა პანსიონატები?

- ჩემი აზრით, ეს საჭიროება ძირითადად შვილების ემიგრაციაში ყოფნამ გამოიწვია. მოგეხსენებათ, საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ ბევრი გადის. ზოგ შემთხვევაში მათი ასაკოვანი მშობლები მარტო რჩებიან, ამიტომ დღის წესრიგში ამგვარი პანსიონატების გახსნის აუცილებლობა დადგა. არც ისე დიდი ხნის წინ ჩემი ინიციატივით გაიხსნა მოხუცთა პანსიონატი „ჩემი ოჯახი". საერთოდ, მოხუცები ძალიან მიყვარს, ყოველთვის მინდოდა მათი ცხოვრება ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. პანსიონატში ამ ხალხის გახალისების მიზნით ვმართავთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, ექსკურსიებსა და კინოთეატრებში მათ გაყვანასაც ვახერხებთ. მინდა, რომ ეს სახლი თანადაფინანსებაზე გადავიდეს, რასაც, მჯერა, მალე მივაღწევ. ეს ადგილი გაამართლებს სახელს და აქ მოსულები თავს მართლა ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ ოჯახში.

© photo: courtesy of Inga Bughadzeზეიმი საბავშვო ბაღში
პატარების ზეიმი მოხუცებისთვის, ანუ სიკეთის გაკვეთილები თემაზე – ჩვენც დავბერდებით - Sputnik საქართველო
ზეიმი საბავშვო ბაღში

- მოხუცთა პანსიონატის გარდა საბავშვო ბაღი მიუსაფარ ბავშვთა სახლსაც ხშირად სტუმრობს...

- დიახ, ჩვენი საბავშვო ბაღი სტუმრობს დუშეთის რაიონის სოფელ პირმისაანთკარის მიუსაფარ ბავშვთა სახლს, რომელსაც სარეცხი მანქანა შევუძინეთ. ქალბატონ ია პატეიშვილის ინიციატივითა და სხვა ბაღების დირექტორების დახმარებით მათ შენობაში სასმელი წყალი შევუყვანეთ. ყოველ წელს ჩავდივართ სოფელ არაგვისპირში და იქ სხვადასხვა საჭიროების ნივთები ჩაგვაქვს. ამ შეხვედრების დროს ბავშვები ერთმანეთს ეცნობიან, ერთად ხალისობენ და თამაშობენ.

© photo: courtesy of Inga Bughadzeინგა ბუღაძე
პატარების ზეიმი მოხუცებისთვის, ანუ სიკეთის გაკვეთილები თემაზე – ჩვენც დავბერდებით - Sputnik საქართველო
ინგა ბუღაძე

- პანსიონატის რომელიმე მკვიდრზე ხომ არ მოგვითხრობთ?

- ჩვენთან 94 წლის იზო იაშვილია. უმაგრესი ბებოა! – საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, ყველას სიცილით ხოცავს. ამასთან გამორჩეული ქალბატონია, ძალიან განათლებული. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტია – გერმანისტი. თავის დროზე, თურმე, ტურისტული ჯგუფები დაჰყავდა საზღვარგარეთ. ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვება, გვეუბნება, მიწაზე ფეხი არ დამიდგამს, სულ დავფრინავდიო. აქამდე დისშვილებს იყო გადაყოლილი. ერთადერთი იმაზე წუხს, რომ შვილი არ ჰყავს. სად მეცალა ოჯახის შესაქმნელად, შეიძლება არ გამომდგომოდა, მაგრამ ერთი შვილი მაინც უნდა გამეჩინაო.

© photo: courtesy of Inga Bughadzeინგა ბუღაძე
პატარების ზეიმი მოხუცებისთვის, ანუ სიკეთის გაკვეთილები თემაზე – ჩვენც დავბერდებით - Sputnik საქართველო
ინგა ბუღაძე

- „ჩვენც დავბერდებით“ - რამდენად გიფიქრიათ ამაზე? 

- ჩვენც დავბერდებით – ეს ამბავი ხომ ყველასთვის გარდაუვალია. არ არის სწორი, რომ ამაზე ადამიანი მხოლოდ მაშინ დაფიქრდეს, როდესაც სიბერე მოადგება კარზე. ჩვენ ყველა ისე უნდა მოვექცეთ ირგვლივ მყოფთ, როგორც გვინდა, რომ თავად მოგვექცნენ. ამიტომ როდესაც სიბერეზე ვფიქრობ, ის აზრი მიჩნდება, რომ ალბათ ღრმა სიბერეში მეც ჩემ თანატოლ ადამიანებთან ურთიერთობას ვისურვებდი. თუ მსგავსი ტიპის პანსიონატები მართლა შეძლებენ, რომ უმწეო მოხუცებს სიბერე გაულამაზონ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მინდა, რომ ჩემ მიერ გახსნილ პანსიონატში მოხუცები თავს კარგად და მშვიდად გრძნობდნენ, არ მოაკლდეთ სითბო და ყურადღება. აქვე მინდა ყველას, მოხუცებსაც და ბავშვებსაც მივულოცო დამდეგი ახალი წელი და მათთვის სასურველი ნატვრის ახდენა ვუსურვო...

ყველა ახალი ამბავი
0