35 წელი, 30 წიგნი და ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ლექსები

გამოწერა
„თუ გიყვარს, სამშობლოზე წერა სულაც არ არის ძნელი, კარგი ლექსის და, მით უმეტეს, საქართველოში” – ასე თვლის დავით ახლოური.

35 წელია წერს და ოცდაათამდე წიგნი აქვს გამოცემული, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია. პოეტი, გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის აკადემიური დოქტორი. ჟურნალ "კარდუს" და გაზეთების: "ყაყაჩო"-სა და "ლიტერატურული ქართლი"-ს მთავარი რედაქტორი. ამავე დროს საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი და შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლავთ.

© photo: courtesy of Davit Akhlouriდავით ახლოური
35 წელი, 30 წიგნი და ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ლექსები - Sputnik საქართველო
დავით ახლოური

პოეტური კრებულებისა და აქტიური ლიტერატურული საქმიანობისთვის არაერთი ჯილდო, პრემია და სიგელი აქვს მიღებული. მისი პოეტობის და პიროვნების უკეთ აღსაქმელად ალბათ ეს ლექსიც გამოდგება:

„ასე მგონია,

შევცვალე ბედი,

ვცხოვრობდი

სადღაც

ღრუბლების ზემოთ,

თუ რამე ვთქვი და

თუ რამეს ვწერდი,

ისევ შენი ხმით,

უფალო ჩემო“.

© photo: courtesy of Davit Akhlouriდავით ახლოური
35 წელი, 30 წიგნი და ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ლექსები - Sputnik საქართველო
დავით ახლოური

- ბატონო დავით, პირველი ლექსის დაწერიდან პოეტობამდე რა გზა გაიარეთ?

- პირველი ლექსი ცხრა წლის ასაკში დავწერე – საქართველოს ეძღვნებოდა. ახლაც მახსოვს, მაგრამ არასოდეს გამომიქვეყნებია. ბავშვური იყო, უბრალო. მაშინ უკვე დავიჯერე, რომ პოეზია ჩემი ბედისწერა იქნებოდა და ამ გზიდან აღარასოდეს გადავუხვევდი. მას შემდეგ ბევრჯერ გულისტკენაც შემხვედრია, მაგრამ უფრო მეტი, განუსაზღვრელად მეტი მკითხველისგან მიღებული სიხარულისა და ბედნიერების წუთები იყო.

© photo: courtesy of Davit Akhlouriდავით ახლოური
35 წელი, 30 წიგნი და ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ლექსები - Sputnik საქართველო
დავით ახლოური

- ამის დასტურია ის ჯილდოები, რომლებიც დღემდე გაქვთ მიღებული...

- ყველა ჯილდოს და პრემიას თავისი ფასი აქვს. როცა მწერალი ხარ და რომელიმე დიდი მოღვაწის პრემიას იღებ, ეს პასუხისმგებლობასაც გმატებს და რწმენასაც. საოცარი სიამაყის განცდა დამეუფლა, როდესაც რუსთაველის მშობლიურ სოფელში შოთაობის დღესასწაულზე პირველი პრემია მივიღე „ლიტერატურული მესხეთის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ასევე საამაყოა ჩემთვის აკაკი წერეთლის, იოსებ გრიშაშვილის, გიორგი ლეონიძისა და მირზა გელოვანის პრემიები, დიდი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედალი და საპატიო სიგელი. იქნებ ჩემი ღვაწლი იმაზე მეტადაც კი დაფასდა, ვიდრე ვიმსახურებდი... ამ ყველაფრისთვის მადლიერი ვარ, უპირველესად, უფლის მადლიერი.

© photo: courtesy of Davit Akhlouriწიგნის პრეზენტაციაზე
35 წელი, 30 წიგნი და ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ლექსები - Sputnik საქართველო
წიგნის პრეზენტაციაზე

- ვიცი, რომ ვრცელ ლექსებსაც კი ერთი ამოსუნთქვით წერთ, ხომ ასეა? 

- უმეტეს შემთხვევაში ასე ვწერ. ყველა ლექსს თავისი ისტორია აქვს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი „მზის საუფლოს". ერთ დღეს გათენებისას გამომეღვიძა და ამეკვიატა ფრაზა – “მზის საუფლოში დავიბადე“. მაშინვე ავიღე კალამი, ფურცელი და 13-სტროფიანი ლექსი ერთი ამოსუნთქვით, შეუსვენებლად დავწერე. ვწერდი და არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა ფინალი, უფრო მეტიც, მომდევნო ხაზიც არ ვიცოდი, ერთი სტროფი მთავრდებოდა და იწყებოდა მეორე... ზოგი რამ შეიძლება მერე შეიცვალოს ან დაიხვეწოს, მაგრამ ძირითადად ასე მეწერება.

© photo: courtesy of Davit Akhlouriდავით ახლოური
35 წელი, 30 წიგნი და ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ლექსები - Sputnik საქართველო
დავით ახლოური

- გაიხსენეთ დრო, როდესაც პირველი ლექსი დაწერეთ, რომელი ნათელი მოგონებები გამოგყვათ იმ დროიდან?

- ახლა დავფიქრდი, რა იყო ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი ბავშვობის წლებიდან. უფრო ზუსტად, ვცდილობ განსაკუთრებული მომენტები გამოვყო. სამ დღეს გამოვარჩევდი: პირველი – როცა ჩემი ლექსების დებიუტი შედგა ახალგორის რაიონულ გაზეთ „ახალგორში"; მეორე – როცა მეგობრებმა სკოლის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერად ამირჩიეს; და მესამე – 1991 წლის 9 აპრილი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, როცა უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი...

© photo: courtesy of Davit Akhlouriდავით ახლოური
35 წელი, 30 წიგნი და ერთი ამოსუნთქვით დაწერილი ლექსები - Sputnik საქართველო
დავით ახლოური

- აქვე როგორც ისტორიკოსს გკითხავთ: საქართველოს ისტორიის რომელი ფაქტია ქართველებისთვის ყველაზე მეტად ჭკუის სასწავლებელი?

- უხსოვარი დროიდან მოდის ჩვენი ქვეყანა. ცხადია, აღმართებიც გვქონდა და დაღმართებიც, ყოფნა-არყოფნის ჟამიც და ოქროს ხანაც, დღემდე ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირვამ მოგვიყვანა. უდავოდ – ბაზალეთი არ უნდა განმეორდეს! ყველაზე მტკივნეული ფურცელი ჩვენი ისტორიის, ძმათამკვლელი ომის ამ საშინელ ლაქას ვერასდროს ჩამოვირეცხავთ... სამწუხაროა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ისევ დავუპირისპირდით ერთმანეთს. რა მოგვიტანა ამან – კარგად დავინახეთ...

- ამას წინათ სოციალურ ქსელებში პოსტი დადეთ ახალგორზე, ჩვენს მკითხველსაც გავაცნოთ...

- „ხშირად მეკითხებიან: როდის იყავი ბოლოს ახალგორში? – მეკითხებიან და მეც ვფიქრობ პასუხზე. განა როდესმე წამოვსულვარ იქიდან? – არა, არასოდეს... ამ საღამოსაც დავბრუნდები ქსნის ხეობაში. ჩემს დედულეთს მოვინახულებ. როგორც ყოველთვის, პირველი დედა დამხვდება. ეს არ იქნება ერთი რიგითი სიზმარი, ეს დაუსრულებლად გაგრძელდება ჩემი ამქვეყნიური ცხოვრების კვალდაკვალ... სადაც მე ვარ, იქ არის ჩემი ქსნის ხეობა, სადაც ახალგორელები მეგულებიან, ის არის ჩემი ახალგორი. ახლახან წეროვნიდან დაბრუნებულს ბევრჯერ წამომცდა – ახალგორში ვიყავი-მეთქი“...

- ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო...

- მაგაზე ჩემს ერთ ლექსს გეტყვით:

არ დამიკარგავს

იმედი ხვალის,

არცა ვყოფილვარ

სხვისი საშველი,

მხოლოდ ბალახის

მიმყვება ვალი

ჩემს სამარეზე

ამოსასვლელის…

ცხოვრებაში მთავარია სიყვარული და ისევ სიყვარული, რომელიც გულიდან უნდა მოდიოდეს, მაგრამ თუ ადამიანს გული არა აქვს, უაზრობაა ცხოვრება...

ყველა ახალი ამბავი
0