მამონტის ეშვისგან შექმნილი ნივთები: ერთადერთი ქართველი ამერიკის ხელოვნების ენციკლოპედიაში

გამოწერა
მის მსგავს ადამიანებს დღეს კრეატიულს უწოდებენ, თავის დროზე კი ნიჭიერ, მაგრამ უცნაურ კაცად მოიხსენიებდნენ...

ეს ბესო დარჯანია გახლავთ, კაცი, რომელიც ერთი შემთხვევის წყალობით გახდა მაღალი კლასის ხელოვანი, რომელიც მამონტის, სპილოს ძვლის და სხვა მასალისგან საოცარ ნაკეთობებს ამზადებს. 2001 წელს მამონტის ეშვზე, როგორც ლეგალურ მასალაზე მუშაობის გამო ამერიკელებმა ბატონი ბესო ფილ მეცგერის კერძო გამოცემაში ხელოვნების ილუსტრირებულ ენციკლოპედიაში შეიყვანეს. ის ჯერჯერობით ერთადერთი ხელოვანია პოსტსაბჭოური სივრციდან. ასეთ მნიშვნელოვან ენციკლოპედიაში საქართველო სწორედ ბესო დარჯანიას ნამუშევრის საშუალებით დაფიქსირდა.

მანამდე ბიოქიმიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი გახლდათ. შემდეგ ქანდაკების სპეციალობით უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტი დაამთავრა.

დღეს ათასზე მეტი ხელნაკეთი ნივთის ავტორია. აქვს როგორც პორტრეტული, ასევე ფანტაზიის მიხედვით შექმნილი ნამუშევრები. მისი ნახელავი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია – ამერიკის შეერთებული შტატებში, ინგლისში, კანადაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, იტალიაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. მისი ხელნაკეთი ნივთი – მაჯის საკინძები მამონტის ეშვზე ალენ დელონს აქვს. საერთოდ კი ამ პიროვნებასთან ბევრი უცნაური ისტორიაა დაკავშირებული...

© photo: courtesy of Besarion Darjaniaბესო დარჯანია
მამონტის ეშვისგან შექმნილი ნივთები: ერთადერთი ქართველი ამერიკის ხელოვნების ენციკლოპედიაში - Sputnik საქართველო
ბესო დარჯანია

- ბატობო ბესო, როგორც ჩანს, თქვენი ამბავი ის შემთხვევაა, როცა ხელოვანის მიმართულება სიყვარულმა განსაზღვრა...

- რაც შეეხება სიყვარულს, ის ძალიან დიდი სტიმულია ადამიანისთვის ყველაფერში. უდიდეს ენერგიას გაძლევს და დაუჯერებელს შეგაძლებინებს. ერთხელ მე და ჩემი მომავალი მეუღლე რუსთაველზე მივსეირნობდით და გვერდით ჩაგვიარა ქალბატონმა, რომელსაც გულზე ბროში ჰქონდა. მაშინ არც ვიცოდი კამეა რა იყო. ჩემმა დღევანდელმა მეუღლემ ჩაილაპარაკა, რა ლამაზი კამეა უკეთიაო. ალბათ ქუჩაში შემთხვევით გამვლელი ადამიანი რომ შეათვალიერო, საამისოდ დაახლოებით ათი წამი გაქვს. მეც ამ დროში დავაფიქსირე უცხო ქალბატონის გულზე ნიჟარაზე შესრულებული ნამუშევარი. დანარჩენი ჩემი გამოცდილებისა და მოხერხების ამბავი იყო. ამის მერე ბიბლიოთეკაში რამდენიმე თვის მანძილზე კამეის დამზადების ტექნოლოგია და ინსტრუმენტები შევისწავლე. ამაში ისიც დამეხმარა, რომ განათლებით ბიოლოგი ვარ და ნიჟარებს და სხვადასხვა ცხოველის ძვალს კარგად ვცნობ. ასე რომ, პირველი კამეა საქორწინო საჩუქარი იყო. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე და მეც ვამაყობთ იმით, რომ პირველი ნაკეთობა მისთვის გავაკეთე.

© photo: courtesy of Besarion Darjaniaბესო დარჯანიას ნამუშევარი
მამონტის ეშვისგან შექმნილი ნივთები: ერთადერთი ქართველი ამერიკის ხელოვნების ენციკლოპედიაში - Sputnik საქართველო
ბესო დარჯანიას ნამუშევარი

- წლებია, რაც მამონტის ეშვს „შეეჭიდეთ“ და მისგან საოცრებებს აკეთებთ, დასამზადებლად ყველაზე რთული რომელი კამეა იყო?

- უკვე 36 წელია, რაც მამონტის ეშვზე და ნიჟარაზე ვმუშაობ. ამ ხნის მანძილზე ბევრი კამეა მაქვს გაკეთებული. ყველა საინტერესო იყო თავისებურად. ყოველი ახალი ნაკეთობა ახალ რაღაცას მასწავლიდა. დამზადების სირთულით მახსენდება კამეა ქარვაზე. ქარვა ძალიან მყიფე და მსხვრევადი მასალაა და მისგან მხოლოდ მთლიან თვალს აკეთებენ ან კაბოშონს (ბეჭდის თვალი ნახევარსფეროს ფორმის). ქარვაზე კვეთის შესრულება ძალიან ძნელია, რადგან იმსხვრევა. მუშაობა ძალიან ფრთხილად და ნაზად უნდა, რომ ზედმეტი ფენა არ აიტკეჩოს. შეიძლება დასრულებულ კამეას ოდნავ ზედმეტად დააჭირო საჭრისი და წყალში ჩაყარო მთელი შრომა. მთელ ამ პროცესში ძალიან დაძაბული ხარ. თანაც ქარვაში ძალიან ბევრი ჩანართებია და ამ ჩანართებს უნდა ასცდე, რომ ნაკეთობის სახეზე უშნო წერტილი არ გამოვიდეს. ძალიან მიხარია, რომ ეს შევძელი.

© photo: courtesy of Besarion Darjaniaბესო დარჯანიას ნამუშევარი
მამონტის ეშვისგან შექმნილი ნივთები: ერთადერთი ქართველი ამერიკის ხელოვნების ენციკლოპედიაში - Sputnik საქართველო
ბესო დარჯანიას ნამუშევარი

- ალბათ მკითხველსაც გაუჩნდება ლოგიკური კითხვა – სად შოულობთ ათობით ათასი წლის წინ გადაშენებული მამონტის ეშვს?

- კამეა ძირითადად კეთდება ოკეანის ნიჟარაზე, მარჯანზე და ძვალზე – სპილოს ეშვი, ბეჰემოთის კბილი, კაშალოტის კბილი, ლომვეშაპის ეშვი და მამონტის ეშვი. აქ ჩამონათვალი ძვლებიდან ლეგალური მასალა მხოლოდ მამონტის ეშვია, რადგანაც მამონტები გადაშენებული ცხოველებია და მათი ეშვები ნამარხის სახით მოიპოვება ალასკაზე, ციმბირში (იაკუტია) და ჩრდილო კანადაში – მუდმივი სიმზრალის რეგიონებში. სხვათა შორის, მამონტის ეშვზე მუშაობის გამო (როგორც ლეგალურ მასალაზე),  2001 წელს ამერიკელებმა შემიყვანეს ფილ მეცგერის კერძო გამოცემაში – ხელოვნების ილუსტრირებულ ენციკლოპედიაში, რომელშიც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ერთადერთი ვარ. ჩემთვის ყველაზე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამ ენციკლოპედიაში საქართველოს რესპუბლიკა ჩემი ნამუშევრის საშუალებით დაფიქსირდა.

© photo: courtesy of Besarion Darjaniaბესო დარჯანიას ნამუშევარი
მამონტის ეშვისგან შექმნილი ნივთები: ერთადერთი ქართველი ამერიკის ხელოვნების ენციკლოპედიაში - Sputnik საქართველო
ბესო დარჯანიას ნამუშევარი

- ამერიკაში თქვენი ნიჭისა და ერთი შემთხვევის წყალობით მოხვდით...

- იმ პერიოდში ამერიკის კულტურის ატაშე იყო ქალბატონი ვიქტორია სლოუნი, რომელიც შემთხვევით შეესწრო ქარვაზე ჩემ მუშაობას. ის თურმე კამეების დიდი თაყვანისმცემელია, და რადგან ქარვის მეორე ნაჭერი არ მქონდა, შემიკვეთა კამეა გიშერზე. გიშერი და ქარვა ორივე ერთნაირი წარმოშობისაა, ესენი არის ხე-მცენარეების ფისი და იმის მიხედვით, თუ როგორ ნიადაგშია მოხვედრილი, ყვითელი ან შავი ფერისაა. გიშერს შავ ქარვასაც უწოდებენ. სირთულის მხრივ ფიზიკური მახასიათებლებიც ერთნაირი აქვს – მსხვრევადობა და სიმყიფე. როდესაც დამთავრებული ნამუშევარი ნახა ქალბატონმა ვიქტორიამ, იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ წარმადგინა ამერიკის კონგრესის სახელოვნებო პროექტში „ხელოვნება და განათლება“. ასე მოვხვდი ამერიკაში ოთხი თვით.

© photo: courtesy of Besarion Darjaniaბესო დარჯანიას ნამუშევარი
მამონტის ეშვისგან შექმნილი ნივთები: ერთადერთი ქართველი ამერიკის ხელოვნების ენციკლოპედიაში - Sputnik საქართველო
ბესო დარჯანიას ნამუშევარი

- ყველაზე უჩვეულო შეკვეთა რომელი გახსენდებათ?

– ერთხელ შემიკვეთეს სამაჯური, რომელზეც კამასუტრას თემატიკა იქნებოდა დატანილი. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამოვიდა. ამაში ჩემი როგორც ბიოლოგის პროფესია და თვალიც დამეხმარა. ჩემთან ერთი ქალბატონი მოვიდა და მეუბნება, ბატონო ბესო, სამაჯურის შეკვეთა მინდა მოგცეთ, ოღონდ ცოტა უცნაურისო. მაინც როგორი–მეთქი? – რამდენი ფირფიტაც დასჭირდება, იმდენი კომპოზიცია რომ იყოს მასზე კამასუტრადან ამოკვეთილიო. ექვსი ცალი ეტეოდა. გამეცინა და ვკითხე, ქალბატონო, თქვენ სამაჯური გინდათ თუ შპარგალკა–მეთქი. სამაჯურიო – მიპასუხა. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამომივიდა ნახელავი...

© photo: courtesy of Besarion Darjaniaბესო დარჯანიას ნამუშევარი
მამონტის ეშვისგან შექმნილი ნივთები: ერთადერთი ქართველი ამერიკის ხელოვნების ენციკლოპედიაში - Sputnik საქართველო
ბესო დარჯანიას ნამუშევარი

- მუსიე დელონს როგორ გადაეცით თქვენი საჩუქარი?

- ალენ დელონს ჩემი ნახელავი თბილისში ყოფნის დროს გადავეცი. საინტერესო სიტუაციაში აღმოვჩნდით. თავიდან არ იღებდა საჩუქარს, რადგან ეგონა, რომ ნაყიდი მქონდა. როცა აუხსნეს, რომ ეს ჩემი ნაკეთობა იყო და მას პატივისცემის ნიშნად ვჩუქნიდი, მხოლოდ მაშინ გამომართვა. ცოტა ხანი შეყოვნდა და მკითხა, რატომ მჩუქნითო. მე პირველი აზრი, რაც მომივიდა, ის ვუთხარი. ჩემი ბავშვობის ლეგენდა ხართ და იმიტომ–მეთქი. კაცს თვალზე ცრემლი მოადგა და გადამეხვია. არ ვიცოდი, თუ საქართველოში ხალხს ასე ვუყვარდიო. მერე მეორე კითხვა დამისვა, წინასწარ იცოდი, რომ მაჯის საკინძები მიყვარსო? თურმე საკინძების დიდი კოლექცია ჰქონია. ეს ფაქტი მე არ ვიცოდი, ამიტომ ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო ორივესთვის.

© photo: courtesy of Besarion Darjaniaბესო დარჯანია თავის ნაკეთობას გადასცემს ალენ დელონს
მამონტის ეშვისგან შექმნილი ნივთები: ერთადერთი ქართველი ამერიკის ხელოვნების ენციკლოპედიაში - Sputnik საქართველო
ბესო დარჯანია თავის ნაკეთობას გადასცემს ალენ დელონს

- ვიცი, რომ უცნაური ისტორიაა დაკავშირებული წლების წინ უცხოეთში გატანილ თქვენ კამეასთან მაცხოვრის გამოსახულებით...

- ეს აფხაზეთის კონფლიქტის დროს იყო, როცა ხალხი საზღვარგარეთ სამუშაოს საძებნელად გარბოდა. ერთი ადამიანი შემპირდა ამ საქმეში დახმარებას, რომელიც შვეიცარიაში რუდოლფ შტაინერის ანტროპოსოფიულ საზოგადოებასთან იყო დაკავშირებული. მან შეკვეთის სახით ჩამომიტანა მაცხოვრის პორტრეტი და მითხრა, მაინტერესებს ამას როგორ გააკეთებო. როგორც ამიხსნა, ამაზე იყო დამოკიდებული, როგორ გადაწყდებოდა საზღვარგარეთ ჩემი სამუშაოს საკითხი. ის ნაჭერი, რაზეც გავაკეთე მაცხოვრის გამოსახულება, სამი წელი მედო უჯრაში და არ ვიყენებდი, არ მეგონა მისგან რამე თუ გამოვიდოდა. რაღაც უცნაური ძალის ზემოქმედებით ერთ დილას ავიღე ის, მასზე მაცხოვრის სურათი გადავიტანე და კვეთა დავიწყე. დილიდან წყალიც კი არ მქონდა დალეული. მუშაობამ ისე გამიტაცა, რომ ვერ ვიგრძენი როგორ მოსაღამოვდა. მუშაობა რომ დავასრულე, საათს შევხედე – საღამოს შვიდი საათი იყო. როცა ტელევიზორი ჩავრთე, პატრიარქი გვილოცავდა სულთმოფენობის დღესასწაულს. ახლა რომ მოვინდომო, იმავეს ერთ დღეში ნამდვილად ვერ შევძლებ. მოკლედ, ეს კამეა როცა წაიღეს, პასუხი სამი წლის მანძილზე არ მოდიოდა. როდესაც შევეკითხე, რატომ იგვიანებდნენ გადაწყვეტილების მიღებას, ძალიან ბუნდოვანი პასუხი მივიღე. მივხვდი, რომ კამეა პრაქტიკულად დაკარგული იყო.

© photo: courtesy of Besarion Darjaniaბესო დარჯანიას ნამუშევარი
მამონტის ეშვისგან შექმნილი ნივთები: ერთადერთი ქართველი ამერიკის ხელოვნების ენციკლოპედიაში - Sputnik საქართველო
ბესო დარჯანიას ნამუშევარი

- თუმცა წლების მერე დაიბრუნეთ. როგორ მოხდა ეს?

- იმ პერიოდში შვეიცარიაში ჩავიდა ჩემი ნაცნობი ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც იცოდა ამ კამეის ისტორია. სრულიად შემთხვევით ის მოხვდა წვეულებაზე, სადაც ერთ-ერთ ქალბატონს ჩემი მაცხოვრის კამეა ეკეთა. მაშინვე მივიდა მასთან და ყველაფერი აუხსნა. უცხოელი ქალბატონი ძალიან შეგნებული ადამიანი აღმოჩნდა. მან მოიხსნა კამეა, მას გადასცა და უთხრა, რომ  საერთოდ არ იყო საქმის კურსში. ასე დამიბრუნდა მაცხოვრის კამეა, რომელიც დღეს ჩვენი ოჯახის რელიკვია და მფარველია. ოცნება მაქვს, კამეაში არგონავტიკის თემატიკა ავსახო, ასეთი რამ დღემდე არავის გაუკეთებია და თუ მოვახერხებ, ჩემთვის კიდევ ერთი დიდი მიღწევა იქნება...

 

ყველა ახალი ამბავი
0