ემიგრანტი ქალის წერილები: „ეს ალბათ ჩემი პროტესტი იყო, სიცოცხლისკენ მიწამ მომაბრუნა“

© photo: courtesy of Mery Papunashviliმერი პაპუნაშვილი
მერი პაპუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები უცხოეთში პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ, მათი გენეტიკური შემოქმედებითი უნარი ყოფითმა პრობლემებმა ვერ დაჩრდილა. ქალბატონი მერი პაპუნაშვილი ყველაზე ასაკოვანია იმ ემიგრანტებს შორის, ვისი წერილიც ამ რუბრიკაში გაგაცანით.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ 80 წელი მისთვის პირობითია და მხოლოდ ცარიელი რიცხვია, რადგან პოეტი ემიგრაციაშიც აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა: ლექსებს წერს და პოეზიის საღამოებს მართავს. ჰოლანდიიდან გამოგზავნილი მისი ღია ბარათი სხვადასხვა დროს ნაფიქრი და განცდილი ცხოვრების ამბებია...

© photo: courtesy of Mery Papunashviliმერი პაპუნაშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ეს ალბათ ჩემი პროტესტი იყო, სიცოცხლისკენ მიწამ მომაბრუნა“ - Sputnik საქართველო
მერი პაპუნაშვილი

„ოცი წელია, რაც ჰოლანდიაში ემიგრანტი ვარ. ერთხელ, საქართველოში ყოფნის დროს, როცა წიგნების გადარჩევა დავიწყე, ორ საქაღალდე ჩემს ჩანაწერებს წავაწყდი. გადავიკითხე და მომეჩვენა, რომ ისინი არც მოძველებული და არც ეგრერიგად მისატოვებელი იყო. მერე ჩემმა ქალიშვილმა დამაფინანსა და წიგნად გამოვეცი. იოსიფ ბროდსკი წერდა, ემიგრაციაში რომ წავედი, სულ სამოცი კაცი მყავდა მკითხველი და ბედნიერი ვიყავი, მათთვის რომ ვწერდიო. ალბათ ასეა, ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვინც მიღწეულს შედეგით არ ზომავს.

ხშირად ბედნიერებას იქ ვეძებთ, სადაც არ არის... საერთოდ არანაირი ტესტების არ მჯერა, დროის ფუჭად დაკარგვა მგონია, მაგრამ ამას წინათ სულმა წამძლია. უნდა ჩამეწერა ის მყისიერი ასოციაცია, რასაც ჩემში იწვევს სიტყვა – ზღვა, მე პოეზია ჩავწერე და პასუხად მივიღე: ეგ არის შენი ცხოვრების საქმეო...

© photo: courtesy of Mery Papunashviliღონისძიებაზე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ეს ალბათ ჩემი პროტესტი იყო, სიცოცხლისკენ მიწამ მომაბრუნა“ - Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე

ჩემი ცხოვრება არ ყოფილა ვარდებით მოფენილი... ომის დროს დავიბადე გათოშილ და ჩაბნელებულ თბილისში. მამა ომის შემდეგ ვნახე პირველად – ორივე ფეხში დაჭრილი, ყავარჯნებს დაყრდნობილი, გაწამებული და ღიმილდავიწყებული. პირველ ქალთა სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ პირველ ვაჟთა სკოლასთან შეგვაერთეს და 47-ედ გვაქციეს. მერვე კლასში ვიყავი, როცა სტალინი გარდაიცვალა. ქვეყნის და სიცოცხლის დასასრული გვეგონა. გლოვამ მთელი საბჭოეთი მოიცვა. შემდეგ ეს გლოვა გაკრიტიკებული სტალინის დასაცავად სანაპიროზე სტალინის ძეგლისკენ ორგანიზებულმა სვლებმა ჩაანაცვლა. წყვილ-წყვილად დავეწყობოდით ხოლმე და დავეშვებოდით ჩიტაძის ქუჩით, „გაფრინდი შავო მერცხალოს“ სიმღერით და „მამავ-ძვირფასოთი“. მაშინ პირველად გაჟღერდა საქართველოს სსრკ-დან გამოსვლის აზრი და ამას გულანთებული ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა. ისეთი დრო იყო, რომ ბევრი მდარე პოეტი, რომელთა ლექსი კი არა, სახელიც აღარავის ახსოვს, მეხოტბეობდა და ყელყელაობდა, ხოლო გალაკტიონს, რომლის ბადალი საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც ძნელად მოიძებნება, ჯეროვნად არ აფასებდნენ. სტუდენტები და მოსწავლეები მისი ლექსებით ვსულდგმულობდით.

© photo: courtesy of Mery Papunashviliმერი პაპუნაშვილი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ეს ალბათ ჩემი პროტესტი იყო, სიცოცხლისკენ მიწამ მომაბრუნა“ - Sputnik საქართველო
მერი პაპუნაშვილი

1965 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წერა ადრე დავიწყე, სკოლაში ლიტერატურის წრე გვქონდა და ხელნაწერ ალმანახს ვუშვებდით. 12 წლის ვიყავი, როცა ჟურნალ „პიონერში“ ჩემი მოთხრობა პირველად დაიბეჭდა. პერიოდულად ვაკეთებდით რადიოგადაცემებს, ვიბეჭდებოდი ჟურნალ-გაზეთებში – „თბილისი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „სოფლის ცხოვრება“, „ცისკარი“ და „საქართველოს ქალი“.

შემდეგ წერა კი არა, კარგა ხანს კითხვაც აღარ შემეძლო. ყველაფერს გავებუტე – საყვარელ სახლს, თბილისს, სამსახურს, თქვენ წარმოიდგინეთ, ნივთებსაც კი... ავიყარე და სოფლად დავსახლდი. ეს ალბათ ჩემი ერთგვარი პროტესტი იყო, სიცოცხლისკენ მიწამ მომაბრუნა. დარდს წამოვუდექი და ატყევებულ ბუკნარს შევეჭიდე. ასეთი თავდავიწყებით არაფერი მიკეთებია. იქაურობა ულამაზეს ბაღნარად ვაქციე. როცა ფერხთით ყაყაჩო გამეშალა, ვიგრძენი, რომ ეს რაღაც ნიშანი იყო ზემოდან...

მერე ქვეყანა დაიქცა, როგორც ოდითგან გვჩვევია, ქართველი ქართველს დაეტაკა. მთელი საქართველო და თბილისი ჩაბნელდა, ხალხის ანაბრები მოიპარეს და დემაგოგიაში რეკორდი დავამყარეთ. რაც თავი მახსოვს, მას მერე ასე მოვდივართ და მოვტირით. აღარ დასრულდა...

დედაჩემი ქომეთიანი იყო გვარად, საგარეჯოს რაიონის ცნობილ სოფელ ხაშმიდან, იქ ორად-ორი ძმის დავითის და შაქროს ჩამომავლობა გამრავლდა, ვიცნობ თუ არა მათ, არ აქვს მნიშვნელობა – ყველა ჩემი ნათესავია და ყველა მიყვარს... სანამ ქართველები ერთმანეთის სიყვარულს არ ვისწავლით, არაფერი გამოვა. ემიგრაციაშიც ასეთ, სიყვარულით სავსე სამშობლოზე ვოცნებობ, უკვე მერამდენე წელია, ღმერთმა ეს ოცნება სინამდვილედ გვიქციოს...“

ყველა ახალი ამბავი
0