ნინო ალადაშვილი

ქვეცნობიერთან შეხება, „ღმერთის აღმოჩენა“ და სამი მიზეზი ლექსის დასაწერად

549
(განახლებულია 19:29 05.12.2019)
პირველად მუზა გვიან, 40 წლის ასაკში ეწვია. მას შემდეგ თვლის, რომ „სამუდამოდ ყულფმისჯილია” და შვებას მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა წერას იწყებს...

ინგლისური ენის სპეციალისტი ნინო ალადაშვილი, როცა პროფესიას ირჩევდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ ერთხელაც დაგროვილი ემოციები და ცხოვრებისეული განცდები „საკუთარი თავიდან ამოყვანის“ სურვილს გაუჩენდა, ეს პროცესი კი ასეთი პოეტური და მისტიკურიც თუ აღმოჩნდებოდა... 

ლექსების პირველ კრებულს პოეტმა „ამომიცანი“ უწოდა, მეორე კრებული გაზაფხულზე გამოვა.

ნინო ალადაშვილი
ნინო ალადაშვილი

- ქალბატონო ნინო, როგორ ფიქრობთ, პოეზია სულიერი თავშესაფარია თუ თვითდამკვიდრების გზა? 

- ჩემთვის პოეზია არ არის თვითდამკვიდრების გზა, ის სულიერი თავშესაფარია, რომელიც დროდადრო გარდაუვალი აუცილებლობა ხდება. მე არც ისე ხშირად ვწერ, მხოლოდ მაშინ, როცა სხვაგვარად არ შემიძლია. ამის უკეთ ახსნა ჩემი ერთ-ერთი ჩანაწერით შემიძლია. „ზოგჯერ მგონია, თოკის ყულფში თავგაყოფილ ადამიანს ჰგავს პოეტი. ერთხელ თუ აღმოჩნდი ყულფში, თავს ვერასდროს დააღწევ. არც ბოლომდე გახრჩობს, არც უკან გიშვებს. ყელში გიჭერს და ლექსებს გაწერინებს. ხანდახან ფართოვდება ყულფი და შენც ეშვები, თითქოს ჩვეულებრივად სუნთქვავ, ჩვეულებრივად ცხოვრობ. ვეღარ წარმოგიდგენია, ოდესმე თუ კვლავ მოგინდება ლექსების წერა. უკვე დაწერილი ლექსები ისე გიკვირს, ვერც კი იჯერებ, რომ შენ დაწერე. გადის დრო და გრძნობ, თითქოს შენ გარშემო ყველაფერი უძრავი ხდება, დედდება და მყარდება. ისევ ვიწროვდება ყულფი. ყელში გიჭერს. ისე გიჭერს, დახრჩობამდე მიჰყავხარ და შენდაუნებურად კვლავ გაწერინებს. წერ და გრძნობ, რამხელა შვებად მოდის ლექსი, გრძნობ, რომ ცოცხალი ხარ, იმისთვის არსებობ, რომ წერო. ხვდები, სამუდამოდ ყულფმისჯილი ხარ. ისევ ლექსით უნდა გადარჩე“.

ნინო ალადაშვილი
ნინო ალადაშვილი

- გახსოვთ პირველად რა მიზეზით გეწვიათ მუზა?

- უცნაურია, მაგრამ მუზა პირველად 40 წლის ასაკში მეწვია. ადრეული ასაკიდანვე თუ რამე გამორჩეულად მიყვარდა, ეს იყო კითხვა და ფიქრი, მაგრამ არც ბავშვობაში და არც მერე, მოზარდობისას ერთი სტრიქონის დაწერაც არ მიცდია. წერის დაწყებას სამი მიზეზი უძღოდა, ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი და თავს დატეხილი სამი მოვლენა, რამაც სულიერი გარდატეხა მოახდინა ჩემში. მეუღლესთან წლების მანძილზე უკვე უსიამოვნებად ქცეული ქორწინების დანგრევა და თავისუფლების შეგრძნება, მამის გარდაცვალება და შედეგად მიღებული დეპრესია და, ბოლოს, მოულოდნელად მოსული სიყვარული, რომელმაც ერთბაშად აღმომაჩენინა, რომ ცხოვრება ისევ გრძელდება, რომ ქალი ვარ და ისევ შემიძლია, რომ მიყვარდეს. პირველი ლექსი სწორედ სიყვარულზეა და „სულელი ქალი" ჰქვია. მახსოვს, ვერც კი გავაცნობიერე, რომ ლექსს ვწერდი. დაწერის შემდეგ თვითონაც გაოცებული დავრჩი. არაერთი ლექსის დაწერა დასჭირდა ბოლომდე იმის გააზრებას, რომ ლექსების წერა შემეძლო და მინდოდა...

ნინო ალადაშვილი
ნინო ალადაშვილი

- რითი უნდა განსხვავდებოდეს „ნამდვილი“ ლექსი გარითმული სტრიქონებისგან?

- ხშირად წამიკითხავს ლექსი, რომელიც ტექნიკურად უნაკლოდ არის შესრულებული. საათის მექანიზმივით ზუსტად აწყობილი რითმით, რიტმით, მაგრამ კითხულობ, კითხულობ და ვერაფრით გაინტერესებს, არც ემოციას ბადებს, ვერც თავს გამახსოვრებს. თუმცა ყოფილა შემთხვევა, რომ მხოლოდ ერთი სტრიქონი წამიკითხავს და იქ პოეზია აღმომიჩენია. პოეზია ის არის, რაც გულს გვითრთოლებს, ან ჟრუანტელს გვგვრის, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს და კათარზისს განგვაცდევინებს. ეს მაშინ ხდება, როცა ავტორის სულის მდგომარეობა ჩანს ლექსში, მისი განცდები, შთაბეჭდილება, ან დამოკიდებულება არის გადმოცემული. როცა ლექსი იმავე ემოციას აღძრავს მკითხველში, რა ემოციამაც პოეტს ლექსი დააწერინა. ბესიკ ხარანაულს აქვს კარგად ნათქვამი: „პოეტი ის კი არ არის, ვინც დაწერა ერთი ან ასი ლექსი. პოეტი ისაა, ვინც სული მოჰფინა“.

ნინო ალადაშვილი
ნინო ალადაშვილი

- ყველაზე მოულოდნელად სად და როდის „შემოგეწერათ“ ლექსი?

- ჩემთან შთაგონება უმეტეს შემთხვევაში დილით მოდის, გაღვიძებისთანავე. მოდის ძირითადი ფრაზა, რომელიც ლექსის ან დასაწყისი ხდება, ან დასასრული. ზოგჯერ სანამ საწოლიდან ავდგები, იქვე ვასრულებ ლექსს. ზოგჯერ კი ვაგრძელებ იქ, სადაც მომიხდება, სახლში იქნება ეს, საქმიანობისას, ქუჩაში, ფეხით სიარულისას თუ ტრანსპორტში მგზავრობისას. ყველაზე უჩვეულო ადგილი აბაზანაში, შხაპის ქვეშ ყოფილა. ჩემი შვილისთვის დამიძახია და მითხოვია, რამდენიმე სტრიქონი ჩაეწერა, რომ გამოსვლამდე არ დამვიწყებოდა.

ნინო ალადაშვილი
ნინო ალადაშვილი

- როგორ ახსნით - რა არის ბედნიერება?

- ყოველი ადამიანი ბედნიერებისკენ მიისწრაფვის. ერთმანეთსაც მუდამ ბედნიერებას ვუსურვებთ, მაგრამ, მოდი, განვსაზღვროთ, რა არის ბედნიერება. ხშირად ბედნიერებას არასწორად ვუწოდებთ ხოლმე ვინმეს, ან რაიმეს მიერ გამოწვეულ აღფრთოვანებას, აღგზნებას, ან გულის ათრთოლებას. სინამდვილეში ბედნიერებას არ სჭირდება მიზეზი. ადამიანი ბედნიერია ისე, სრულიად უმიზეზოდ. მას ვერ მოგვანიჭებს ვერავინ და ვერაფერი. მას ვერ ვიპოვით გარე სამყაროში. ის ჩვენშია, ჩვენი შინაგანი მდგომარეობაა. ბედნიერს ან უბედურს ადამიანს ხდის არა გარემომცველი სამყარო, არამედ მისი აზრები. როცა ადამიანი ამას გააცნობიერებს და შეიგრძნობს, ბედნიერების განცდა მუდამ მასთან იქნება, სადაც უნდა წავიდეს და რასაც არ უნდა აკეთებდეს. მისი დაკარგვა შეუძლებელია.

- ურთიერთობებში რა არის მნიშვნელოვანი?

- ვფიქრობ, ადამიანურ ურთიერთობებში მთავარი და აუცილებელი თვისებები გულწრფელობა, საკუთარი შეცდომების აღიარების და სხვისი პატიების უნარია. სამყარო მხოლოდ ადამიანების გამოა ასე მშვენიერი. ისე ამ ქვეყნად არაფერს ექნება აზრი – არც მზის ამოსვლას, არც ჩასვლას, არც რომელიმე საოცარ ადგილს დედამიწაზე, არც ბუნების თვალწარმტაც პეიზაჟს. სამყარო მხოლოდ ადამიანური ურთიერთობებით ფასობს...

ნინო ალადაშვილი
ნინო ალადაშვილი

- თქვენი ლექსის სტრიქონი მინდა მკითხველს გავაცნო:

„მე ხელუხლებლად დავტოვებ ჩემში

ყველაფერს, რაც კი მიყვარდა, მტანჯა,

გავდივარ... თურმე ყოფილა ძნელი

დამშვიდობება საკუთარ თავთან“.

- აქედან გამომდინარე კითხვა: რატომ გადის ადამიანი საკუთარი თავიდან?

- საკუთარი თავიდან გასვლა ისევ საკუთარი თავის ძიებაა. საკუთარი თავის შეცნობით მთელი სამყაროს შეცნობაც შესაძლებელია, რადგან სამყარო ჩვენშია. მაქვს ასეთი ლექსი - „ამომიყვანეთ საკუთარი თავიდან", სადაც ვცდილობ დავტოვო ჩემი „მე", დავივიწყო პირადი სევდა, სიხარული თუ ტკივილი, შევუერთდე და გავიზიარო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადო, სხვა ადამიანების დარდი და სიხარული, მაგრამ ამის შემეცნების და გააზრების პროცესში თანდათან ვხვდები, რომ საზოგადო დარდი და სიხარულიც შეუცნობლად ისევ პირად დარდად და სიხარულად გადაიქცევა. აშკარაა, რომ საკუთარი თავიდან გაქცევა ისევ მასთან გვაბრუნებს, უფრო ღრმად გვახედებს მასში და იქ მთელ სამყაროს აღმოგვაჩენინებს. ის, რაც ჩვენ გარეთ არსებობს, იგივეა ჩვენ შიგნით. გარე და შიდა სამყარო ორად იმიტომ გვეჩვენება, რომ ჩვენ ვართ საზღვარი, გამყოფი ხაზი. თუ ამ ხაზს გავაქრობთ, ანუ „მეს" უგულებელვყოფთ, მაშინ ჩვენში არსებული და ჩვენ გარეთ არსებული სამყარო ერთი მთლიანი იქნება. ასე რომ, საკუთარი თავი შეიცნო სამყაროში, იგივეა, სამყარო შეიცნო საკუთარ თავში. საერთოდ ადამიანის ამ ქვეყნად მოსვლის დანიშნულება საკუთარი თავის ძიება მგონია, მისი შეცნობა და მასში ღმერთის აღმოჩენა.

ნინო ალადაშვილი
ნინო ალადაშვილი

- სტროფი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს ახლანდელ სულიერ განწყობას...

- საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ. საოცარი სისწრაფით მეცვლება გუნება-განწყობილება, ხშირად ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობამდე, მაგრამ განწყობა, რომელიც ამ პატარა ლექსშია, არასდროს მტოვებს:

„ყველა რაიმეს

ამსგავსებს თავს

დაჟინებით.

ზოგი - ყვავილს,

ზოგი - ფუტკარს,

ზოგიც - პეპელას,

მე სულ მგონია,

ჩიტსა ვგავარ,

ფრთამოკეცილს,

მოვა ჩემი დრო,

გავშლი ფრთებს

და გავფრინდები“.

- გაქვთ თუ არა ლექსი, რომელიც „გაწუხებთ“, მაგრამ ქაღალდზე ვერ გადაგაქვთ?  

- მაქვს ერთი ასეთი ლექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დავიწყე, მაგრამ წერის პროცესში იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი, რომ ვერ შევძელი გაგრძელება და მივატოვე. გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ ლექსი წინასწარმეტყველური იყო. ასეთი ლექსი არც ერთი პოეტისთვის არ იქნება გასაკვირი. ვინც წერს, მან იცის, რომ შთაგონება, შემოქმედებითი პროცესი მთლიანად მისტიკაა. ეს არის უფრო დიდ, შეუცნობელ სამყაროსა და ადამიანს შორის მოულოდნელად გაღებული კარი, ეს არის უნებური შეხება ჩვენს ქვეცნობიერთან თუ არაცნობიერთან. სწორედ ამით არის განპირობებული პოეზიის ძალმოსილება. ამიტომ ხშირად პოეტზე არ არის დამოკიდებული, თუ რატომ წერს, რას წერს და როგორ წერს. იმ მიტოვებული ლექსის ყოველ გახსენებაზე გული მეკუმშება, მაგრამ შეგნებულად არ ვაგრძელებ. ალბათ ოდესმე დავწერ...

- ჩამოთვალეთ ცხოვრებაში სამი მთავარი რამ...
- რა არის მთავარი? – ამ შეკითხვას ყველაზე მარტივად, ყოველგვარი ფიქრის და განსჯის გარეშე ვუპასუხებ. ცხოვრებაში მთავარი სამი რამ არის: პირველი - სიყვარული, მეორე - სიყვარული და მესამე - სიყვარული!

შეიძლება ვინმეს ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ჭეშმარიტებაც ყოველთვის ბანალურია. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებაა და ის სიყვარულშია – სამყაროს, ჩვენივე თავის და ყოველი არსების სიყვარულში.

549