ია ლუარსაბიშვილი

ქალი, რომელიც ლამაზ ამბებს ხატავს: მხატვრობაში ნაპოვნი ბედნიერება

547
(განახლებულია 16:05 21.11.2019)
არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ ერთი ვიცი – სიცოცხლის ბოლომდე ფუნჯი მეჭირება ხელში და დავხატავ ლამაზ ამბებს – ეს სიტყვები თვითნასწავლ მხატვარს ია ლუარსაბიშვილს ეკუთვნის.

ორი წლის იყო, როცა ხატვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრებაა ხატავს, ამ კუთხით უმაღლესი განათლება არ აქვს მიღებული. ხატვის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს, ამბობს, რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაიცანით ქართველი მხატვარი, რომელიც სამშობლოს და ბუნების თემატიკაზე საუცხოო ნამუშევრებს ქმნის.

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ჩუღურეთის რაიონის ერთ-ერთ ძირძველ უბანში – სვანეთის უბანში. სკოლაც ამავე უბანში დავამთავრე. შემდეგ ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ამჟამად ვმუშაობ თბილისის ერთ-ერთ საჯარო ბაღში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე. ასევე ვარ თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც საკუთარი თვალით, საკუთარი ფერებით აღიქვამს სამყაროს და გადმოაქვს ტილოზე.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- როდის აღმოაჩინეთ, რომ ხატვის ნიჭი გქონდათ? თქვენი პირველი ნახატი გაიხსენეთ...

- ღრმა ბავშვობიდან ვხატავ. პირველად ფანქარი ორი წლისას ამიღია. ჩემი პირველი ნახატი ყოფილა კუ, კერძოდ დედა-შვილი კუები. ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ ვხატავდი კუებს, თუმცა ერთი რვეული ამივსია სხვადასხვა ზომის კუს ნახატებით. ბავშვობიდან მიყვარდა ბუნების ხატვა, ასევე სხვადასხვა მწერლის ნაწარმოების შინაარსიდან გამომდინარე ამბის დასურათება. მაგალითად სკოლაში გარკვეული პერიოდი იყო გამოფენილი ჩემი ნახატები გიორგი ლეონიძის წიგნიდან „ნატვრის ხე“. ეს იყო ჩემი თვალით დანახული სხვადასხვა ნაწარმოების ამბებით შექმნილი საერთო სურათი.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- დღეს რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში მხატვრობას?

- მოგახსენეთ, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მხატვრობის კუთხით კი არასდროს განვვითარებულვარ პროფესიულად. რაც თავი მახსოვს, უბრალოდ ვიღებ ფუნჯს და ვქმნი ფერებს. ეს ჩემი სულის ნაწილია. ჩემი რეალური მხარეა და ჩემი ნამდვილი მეა.  თუმცა კი მრავალმხრივი ადამიანი ვარ და სხვადასხვა საქმიანობებით ვარ დაკავებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი ადგილი მხატვრობას უკავია ჩემ ცხოვრებაში.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- რა არის თქვენი ნამუშევრების ძირითადი თემატიკა?

- მთლიანობაში პეიზაჟისტი ვარ – ბუნება, ყვავილები, თბილი, ნათელი ფერები. თუმცა, ძირითადი თემატიკა არის ჩემი ქვეყანა, საქართველო. რაც თავი მახსოვს, ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, ასე მზრდიდნენ ბავშვობიდან. უამრავი ნამუშევარი მაქვს შექმნილი სამშობლოს თემატიკაზე, სხვადასხვა კუთხეებზე. ჯერ მივდივარ იქ და შემდეგ ვქმნი ჩემი თვალით დანახულ სამშობლოს ფერებს. ასევე ყვავილები. ძალიან მიყვარს ყვავილების ხატვა, ჩემი აზრით, ხასხასა ყვავილების ფერზე ლამაზი არც ერთი ფერი არ არის ამ ქვეყანაზე.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

- ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით. შესაძლოა ლამაზ მუსიკაზე მოფრინდეს ჩემთან მუზა, რომელსაც შემდეგ ტილოზე ვღვრი. ან ვინმეს ლამაზად წაკითხულმა ლექსმა მომჭრას სმენა. წავიდე, ავიღო ფუნჯი და გადმოვცე ჩემი ემოციები. აი, მაგალითად, ჩემი ბოლო ნამუშევარი გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე „მთაწმინდის მთვარეზეა“ აგებული, და სახელიც, შესაბამისად, იგივე ჰქვია. შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ჩამოცვენილი შემოდგომის ყვითელი ფოთლები, რომლებსაც სეირნობისას ვაშრაშუნებდე და ავაგო გონებაში კომპოზიცია.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- რას ნიშნავს აკეთო საქმე, რომელიც სიამოვნებას და ბედნიერებას განიჭებს?

- ძალიან ბევრ რამეს. იცით რა, მე ვფიქრობ, ადამიანი რისთვისაც იბადება, რაც ძლიერია მასში, სწორედ ის უნდა განავითაროს, ის აკეთოს მთელი ცხოვრება. სწორედ ამ დროს შეიძლება იყოს ადამიანი სრულყოფილი, ბედნიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული და, შესაბამისად, ის საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს მას, რა თქმა უნდა, სიღრმისეულად კარგი და ჭეშმარიტად საუკეთესო გამოვა.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- ძალიან ბევრი ნამუშევარი გაქვთ, რომელმა მათგანმა დაგიტოვათ განსაკუთრებული ემოცია და რატომ?

- ჩემი თითოეული ნამუშევარი ჩემში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს, რადგან თითოეული მათგანი საკუთარ მეს ატარებს, ხასხასა ფერებით საკუთარი ამბავი აქვს გადმოცემული. განსაკუთრებული ემოცია მაინც დამიტოვა ნამუშევარმა "ყაზბეგი, ტაძრისკენ მიმავალი გზა", რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულმა დედამ საკუთარი შვილი უნდა აღზარდოს ისე, რომ მისი ჭეშმარიტი გზა უფლისკენ და ტაძრისკენ მიმავალი ბილიკი იყოს. ყაზბეგი თოვლიანია, ხოლო დედა-შვილი – შილიფად ჩაცმულნი, ფეხშიშველნი.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- როგორ ფიქრობთ, მხატვრობამ, რომელიც ასე ძალიან გიყვართ, შეგცვალათ და რაიმეში თუ გამოიხატა ეს?

- ვფიქრობ, რომ ვერც ერთი პროფესია ვერ შეცვლის ადამიანს. ჩემი აზრით, ჯერ ხარ ის, რაც ხარ და შემდეგ პროფესიაში გამოხატავ შენ ნამდვილ მეს. შესაბამისად, მხატვრობას არ შევუცვლივარ, პირიქით, ამ საქმიანობამ ჩემი თავი გამოხატა რეალურად, ის, რაც სინამდვილეში ვარ, ფერადი, მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვები და არ უყვარს მარტოობა. კვლავ და კვლავ გავიმეორებ – მხატვრობამ, ჩემმა ნიჭმა მე უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ფერებს. რომელია თქვენთვის სამყაროს ფერი?

- ძალიან ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, საოცრად სხვანაირი ფერებით გადმოსცემ ამბავსო. დიახ, ჩემი სავიზიტო ბარათი ჩემი ფერებია, როგორი ფერებითაც ვხედავ ღრუბლებს, მთებს, ყვავილებს... მოგახსენეთ, მე თვითნასწავლი მხატვარი ვარ, შესაბამისად, არავის უსწავლებია ჩემთვის სამხატვრო ტექნიკა. არც დიპლომირებული მხატვარი ვარ და არც კერძოდ მივლია არასდროს ხატვის პედაგოგთან. ეს ყველაფერი ჩემით, ჩემი საკუთარი ტექნიკით, საკუთარი ფერებით და, რაც მთავარია, სიყვარულით მაქვს გადმოცემული თითოეულ ტილოზე.

ჩემთვის სამყაროს ფერები ყვითელი და ცისფერია, ამ ორი ფერის კომბინაცია ყველა ჩემ ნახატში ფიგურირებს.

ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება
ია ლუარსაბიშვილის შემოქმედება

- როგორ ხედავთ თქვენს მომავალს?

- არ ვიცი რა მოხდება მომავალში. ზოგადად არაფრის დაგეგმვა არ მიყვარს, ყველაფერი სპონტანურად მოდის ჩემ ცხოვრებაში, თუმცა ის ვიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ფუნჯი მეჭირება ხელში და დავხატავ ლამაზ ამბებს...

547
ნიკოლოზ მებაღიშვილი

„ვერ გაექცევა ვალდებულებებს, ვისაც ასხია მხრებზე მანტია“, ანუ ლირიკული იურისპრუდენცია

342
(განახლებულია 21:06 07.07.2020)
იურისტი ნიკოლოზ მებაღიშვილი წარმოშობით მუხრანიდანაა, სადაც ბავშვობის წლები გაატარა. იურისპრუდენციაზე ადრე პოეზიით დაინტერესდა.

ლექსებსაც ბავშვობიდან წერს. დღეს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და მის ანგარიშზე არაერთი მოგებული პროცესია.

დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ თითქმის ყოველდღე ახერხებს, რომ საოცრად ლირიკული და ემოციური ლექსები წეროს, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ უჩვეულო – იურიდიული ტერმინების გამოყენებითაც...

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

   

- ბატონო ნიკოლოზ, პროფესიული არჩევანი რა ნიშნით გააკეთეთ, იქნებ ეს ოჯახური ტრადიციაა?

- ეს პროფესია ყოველთვის, ადრეული ასაკიდან იწვევდა ჩემში ინტერესს, ამიტომ პროფესიული არჩევანის გაკეთება არ გამჭირვებია. მამა ეკონომისტი გახლდათ, დედა – მასწავლებელი, ასე რომ, ოჯახური ტრადიცია ამ მხრივ არ ყოფილა განმსაზღვრელი.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- მართალია, საკმაოდ პრაგმატული პროფესია აირჩიეთ, მაინც პოეზიის ერთგული დარჩით...

- ლექსების წერა ახლა არ დამიწყია, ბავშვობიდან ვწერ. პოეზია ჩემი გულივით იყო და მეც ყოველთვის სავსე ვიყავი მისით. ყველა ჩემი ლექსი უზომოდ დიდი გრძნობების მოზღვავებითაა ნაკარნახევი. ვწერ იმას, რაც მტკივა, რაც მაწუხებს, რაც მაშფოთებს და მაღელვებს. რაზეც ცრემლები მომდის, რაც მტკივა ძალიან...

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- შეიძლება ითქვას, რომ ახალი ჟანრი შექმენით პოეზიაში. ჩვენი მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს რას გეკითხებით, მცირე ამონარიდს შევთავაზებ თქვენი ერთი ლექსიდან:

„ასე დასრულდა ეს გარინდება,

ვკითხულობ სარჩელს დასაბუთებულს,

და ხვალინდელ დღეს, დამეფიცება -

არ ველოდები განსაკუთრებულს.

რა სამყაროა ან რა მიწაა?

ვეფხვის ზოლებით წვება ბუნება,

და როგორც ჭადრაკს თითქმის წაგებულს,

საქმესაც უნდა შემობრუნება…

ზოგჯერ ბრალმდებლის, ზოგჯერ დამცველის,

ხან მოსამართლის გხვდება მისია,

და რაც გამარცხებს თითქმის ყოველთვის -

სწორედ ის მცირე კომპრომისია…

აი, დაიწყო მისი პროცესი,

ახლა დრო უფრო მეტად ზანტია,

ვერ გაექცევა ვალდებულებებს,

ვისაც ასხია მხრებზე მანტია“…

- რაც შეეხება ახალ ჟანრს, არ ვიცი რა გიპასუხოთ. იურიდიულ ამბებსა და საქმეებზე ამ ფორმით წერა, ვფიქრობ, განსხვავებულია და საინტერესო მათთვის, ვისაც პოეზია უყვარს. პირველი თუ ვარ, ვერ გეტყვით, მსგავს თემებზე და ამ ფორმით შეიძლება სხვა პოეტებიც წერენ.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა თუ იციან მათი ადვოკატის ამ ნიჭის შესახებ?

- დიახ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა იციან, რომ პოეტი ვარ. ყოფილა შემთხვევა, რომ მათთვის ლექსებიც წამიკითხავს. რაც ჩემი მხრივ იმის მცდელობა ყოფილა, რომ მათთვის რამდენადმე შემემსუბუქებინა მეტისმეტად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩემი აზრით, გამომსვლია კიდეც, რადგან ჩვენ საქმეში შინაგან მზადყოფნას, რომ საკუთარ უდანაშაულობაში დაარწმუნო სხვები, დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ყველაზე წარმატებული რომელი საქმე გახსენდებათ?

- წარმატებული საქმეები ბევრი მქონია, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო მათი გახსენებისგან თავს შევიკავებ.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- საკმაოდ დაძაბული საქმიანობა გაქვთ და ლექსების წერას რა სიხშირით ახერხებთ?

- ლექსებს ყოველდღე ვწერ. ჩემთვის ლექსის გარეშე ჩავლილი დღე მკვდარია. პოეზია ჩემი გულია, სუნთქვაა, სუნთქვის გარეშე ხომ ვერ ძლებს დიდხანს ადამიანი? პოეზიაც ასეა ჩემი სულისთვის. წერისთვის იმპულსი და ინსპირაცია კი ღმერთს ყოველდღე მოაქვს ჩემთვის...

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- ბოლოს რა ლექსი დაიწერა ამგვარი იმპულსის წყალობით?

- სულ რამდენიმე დღის წინ დაწერილ ლექსს გაგაცნობთ:

„მე მინდა ლოცვა, ო, წმინდა ლოცვა,

ლოცვა - სიჩუმით, ლოცვა - დუმილით,

რომ იქნებ ყველა ვნება დაშანთო

შენი ღვთიური ნება-სურვილით...

არ მინდა ბგერა, სიჩუმით გეტყვი:

ამოუხსნელი თრთოლვის მარწუხებს,

რომელი სიტყვით გამოითქმება

რაც ასე ძლიერ მწვავს და მაწუხებს?!

ამაო სოფლად რა დამრჩენია?!

ყოფიერება გულს არ მსახურებს,

სიტყვა გრძნობასთან ისე მცირეა,

როგორც კლდეებთან თეთრი საყურე...

და სინანულით გაფენილ დღეებს,

ოჰ, რა გაუძლებს, ველი ნათებას,

რომის დიდების ვინ ახსნის მზეებს?!

ყველა გზა შენსკენ მოემართება...

არ დაიღლება გული ოცნებით,

სიჩუმეც ზოგჯერ ხომ ასე კივის!

და, აბა, სიტყვას სად შეუძლია

რაც შეუძლია ცრემლებს და ტირილს...

მე მინდა ლოცვა, ო, წმინდა ლოცვა,

ლოცვა - სიჩუმით, ლოცვა - დუმილით,

რომ იქნებ ყველა ვნება დაშანთო

შენი ღვთიური ნება-სურვილით“...

- თქვენს ლექსებში ლირიზმის გარდა იუმორიც არის...

- იუმორი ნიჭიერ, ხალას ადამიანს ყოველთვის და ყველა სფეროში ეხმარება, გამონაკლისი არც იურისპრუდენციაა. სასამართლო პროცესებზე როდესაც დაძაბული პაუზა დგება ხოლმე, ვცდილობ, რომ ის ზომიერი იუმორით განვმუხტო.

ნიკოლოზ მებაღიშვილი
ნიკოლოზ მებაღიშვილი

- საქართველოში რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული ადვოკატი იყო?

- ვფიქრობ, ადვოკატი რომ წარმატებული იყოს, საქართველოში კი არა, ყველა ქვეყანაში საჭიროა, პირველ რიგში, პატიოსანი, წესიერი და მაღალი მორალის მქონე ადამიანი იყოს. დიდი გამარჯვებები მხოლოდ წესიერებითა და დაუღალავი შრომით მიიღწევა – ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

 

342
ნინო ორლოვსკაია

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის რა განძი დამარხეს ბახმაროს მთაზე ბავშვებმა

853
(განახლებულია 22:08 06.07.2020)
მის ძარღვებში მეამბოხე პოლონელი დეკაბრისტისა და გურული ფირალების სისხლია, ალბათ ამიტომ უყვარს თავისუფლება და არ ცნობს კლიშეებს. ასეთია ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო ორლოვსკაია.

მისი გაკვეთილები ერთმანეთისგან განსხვავებულ სანახაობას ჰგავს, ამიტომ პატარა მოსწავლეები სკოლის მიღმა აქტივობებზე სიამოვნებით თანხმდებიან...

ნინო ორლოვსკაია
ნინო ორლოვსკაია

- ქალბატონო ნინო, სკოლაში მისვლის პირველი დღე და იმდროინდელი შთაბეჭდილებები თუ გახსოვთ?

- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ახლა ოზურგეთში ვცხოვრობ. სკოლაში თითქმის ოცი წელია ვმუშაობ. მასწავლებლობაზე კი ბავშვობიდან ვოცნებობდი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა. სკოლაში მისვლის პირველი დღე, რა თქმა უნდა, მახსოვს. რამდენიმე წყვილი გაოცებული თვალი მიყურებდა და ჩემგან საოცრებებს ელოდა... მას მერე ბევრი დრო გავიდა. თაობები შეიცვალა და მე საკლასო ოთახში ისევ იმ იმედით შევდივარ, რომ ჩემს პატარებს ცოდნის საოცარ სამყაროში ვამოგზაურებ. სამი წლის მანძილზე სამი სკოლა შევიცვალე. დიდხანს ვფიქრობდი, რადგან ძნელია ახალ ადგილზე თავის დამკვიდრება. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა, ახალი შესაძლებლობები და იდეები იყო.

ნინო ორლოვსკაია
ნინო ორლოვსკაია

- დაწყებითი კლასის მასწავლებელი მაღალი კლასის მასწავლებლისგან რითი უნდა განსხვავდებოდეს?

- სრულად ვაცნობიერებ მასწავლებლის როლს ადამიანის ჰარმონიულ ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ მასწავლებელს. აქედან იწყება უშუალო კონტაქტი სკოლასა და მოსწავლეს შორის. მიყვარს პატარებთან მუშაობა, კარგია, რადგან ისეთი სუფთები არიან... გარკვეული დროის მანძილზე ხედავ, ნელ-ნელა როგორ უყვარდებათ სკოლაში მოსვლა, როგორ უხარიათ გაკვეთილები, როგორ იძენენ სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სწავლობენ სიყვარულს, მეგობრობას, სიკეთის კეთებას და გრძნობ, რომ ამის შემოქმედი თავად ხარ...

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- თქვენ ჩამოაყალიბეთ ჯგუფი „პოპინსი და მოსწავლეები“, სადაც თქვენი მოსწავლეების აქტივობებზე წერთ...

- ამ ჯგუფის მიზანია თავი მოუყაროს იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც მთელი წლის განმავლობაში გადავცემ. უამრავი ფოტო- და ვიდეომასალა დაგვიგროვდა. მოსწავლეები საკუთარ თავს „პოპინსელებს“ უწოდებენ და ამით ამაყობენ კიდეც. განსაკუთრებით მოსწონთ, როცა თავად არიან რაღაცის მაძიებლები, თავად ქმნიან, შეისწავლიან და აღმოაჩენენ. ჯგუფის არსებობა განსაკუთრებით დაგვეხმარა დისტანციური სწავლების დროს. მოსწავლეებისთვის უცხო არ იყო მსგავსი მუშაობის სტილი. საინტერესო და მრავალფეროვან დავალებებს ხალისით ასრულებდნენ.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- რატომ მაინცდამაინც პოპინსი, რამე ისტორია აქვს ამ ფაქტს?

- აქვს. ერთხელ ბავშვები გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში წავიყვანე. შემოდგომის თბილი, საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო. ფოტოებიც გადავიღეთ... ერთ-ერთ ფოტოში ჭრელა-ჭრულა ფოთლებით მორთული ქოლგა მიჭირავს და თითქოს ცისკენ მივიწევ... მერი პოპინსისეული ასეთი ფოტოს შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ შეგვექმნა ჯგუფი „პოპინსი და მოსწავლეები“.

კლასგარეშე აქტივობაზე მოსწავლეებთან ერთად
კლასგარეშე აქტივობაზე მოსწავლეებთან ერთად

- თურმე უჩვეულო თემებს აძლევთ დასაწერად, რომელიმე დავალებას ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ერთხელ მოსწავლეებს ვთხოვე წარმოედგინათ, თითქოს მესამეკლასელებმა დამარხული განძი იპოვეს და ამაზე დაეწერათ თხზულება. როცა დაიწყო პოპინსური დავალებების რეალური და გამოგონილი ამბების ისტორია, მათი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარით გაოცებული დავრჩი. ზოგმა საკუთარ ეზოში თამაშის დროს შემთხვევით აღმოჩენილ ქვევრზე დაწერა, ზოგმა ნაპოვნი საგანძური საზღვრისპირა სკოლებს დაურიგა, რათა იქაურმა ბავშვებმა ღირსეული განათლება მიიღონ, ზოგმა საინტერესო წიგნების ჩამონათვალი აქცია განძად და მიწაში ჩამარხა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, თუ ვინმე იპოვით, გირჩევთ ეს წიგნები წაიკითხოთო. სხვათა შორის, ბახმაროს მთაზე ახლაც ფრიალებს „პოპინსი და მოსწავლეების“ დროშა და თუ ვინმეს გაინტერესებთ რა ჯადოსნური „განძი“ შეინახა იქ პატარა პოპინსელმა, ადვილად მიაგნებთ.

მოსწავლეებთან ერთად
მოსწავლეებთან ერთად

- რომელიმე გაკვეთილიც ხომ არ გახსენდებათ?

- ვცდილობ ყოველი დღე განსაკუთრებული იყოს, ახალი აქტივობებით და სიურპრიზებით სავსე. ამას უკვე ისე მიეჩვივნენ, რომ მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ. ყოველ ახალ გაკვეთილს სიხარულით ელოდებიან. მახსენდება, ერთ-ერთი გაკვეთილის ბოლოს ბავშვები როგორ მოვიდნენ ჩემთან სათითაოდ და მადლობა გადამიხადეს საინტერესო გაკვეთილისთვის. ისეთი ბედნიერი ვიყავი...

გაკვეთილზე
გაკვეთილზე

- ხაზგასმით ამბობთ, რომ თავისუფლებისმოყვარე სული გაქვთ, ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ თქვენში მეამბოხე პოლონელი დეკაბრისტისა და გურული ფირალების სისხლია?

- ალბათ ასეცაა. ბაბუა მიყვებოდა, დეკაბრისტების აჯანყების დროს ჩემი წინაპარი, თურმე, პოლონეთიდან კავკასიაში გადმოუსახლებიათ. საქართველოში ჩამოსულს გურული ქალი შეყვარებია და ცოლად შეურთავს. გვარდიის ყოფილი ოფიცერი, გრაფი ორლოვსკი, თურმე, ვერც გურიაში ეგუებოდა უსამართლობას და სოფელში გაჭირვებულ ხალხს ესარჩლებოდა, ღარიბებს ეხმარებოდა. ასე რომ, მე გაქართველებული პოლონელის შთამომავალი ვარ და ამიტომაა ალბათ ჩემშიც სიცოცხლის, თავისუფლების დიდი სიყვარული და ჩემს მოსწავლეებსაც ასე ვზრდი.

- რა სიტყვებით ემშვიდობებით ხოლმე თქვენს მოსწავლეებს, როდესაც ისინი მაღალ კლასში გადადიან?

- დამშვიდობების დროს მათ ასე ვეუბნები: დაიმახსოვრეთ, რასაც უნდა აკეთებდეთ ცხოვრებაში, აკეთეთ სიყვარულით. არასოდეს დაკარგოთ თავისუფლება და ყოველთვის იყავით ბავშვივით ლაღი და სუფთა. შეიყვარეთ სიცოცხლე მთელი თავისი დიდებულებით, უცქირეთ სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით. იოცნებეთ და იბრძოლეთ საკუთარი ოცნების ასრულებისთვის...

 

853
მონტენეგრო

ღიაა დამატებითი შეზღუდვების გარეშე მონტენეგრომ საქართველოსთვის საზღვრები გახსნა

0
(განახლებულია 12:18 08.07.2020)
იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქე მონტენეგროში ჩავიდეს საჭირო არაა არც კორონავირუსის ტესტის წარდგენა და არც სავალდებულო კარანტინის რეჟიმის გავლა

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მონტენეგრომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებსაც ქვეყანაში შესვლა დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ, იუწყება პირველი არხი.

ქვეყნები, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვრები გახსნეს – უპირობოდ და პირობებით>>

ჩამონათვალში მოხვდა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კიდევ 50 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო. ამ ქვეყნების მოქალაქეებს არ მოუწევთ არც კორონავირუსის ტესტის წარდგენა და არც სავალდებულო კარანტინის რეჟიმის გავლა. საქართველოსთან ერთად ამ სიაში მოხვდნენ უკრაინა, ბელარუსი, თურქეთი და ჩინეთი.

კორონავირუსზე ტესტის წარდგენა მონტენეგროში შესასვლელად დასჭირდებათ ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, კოსოვოს, ისრაელის, სინგაპურისა და კანადის მოქალაქეებს. დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები ვალდებული იქნებიან, სავალდებულო კარანტინი გაიარონ.

ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომლებისთვისაც ის საზღვრებს ხსნის 1 ივლისიდან. საზღვრები საქართველოსთვის გახსნეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ლარვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

ამასთან ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შეზღუდვებს 30 სექტემბრიდან ხსნის. ამის შესახებ ვენაში საქართველოს საელჩოში განაცხადეს.

პირბადე და დეკლარაცია: რა უნდა ვიცოდეთ ნიდერლანდებში მოგზაურობისას>>

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში