„ყველა ჩემს ლექსში თუშეთში ვარ“ – ქართველი პოეტი იტალიაში, ანუ სიყვარული თუშურ დიალექტზე

© photo: courtesy of Giorgi Ramazashviliგიორგი რამაზაშვილი
გიორგი რამაზაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ თუში პოეტის გიორგი რამაზაშვილის იტალიურ ცხოვრებასა და ქართულ მონატრებაზე მოგითხრობთ.

„იცით, რა მინდა? სულ მუხლის ჩოქით და ლოცვით შემომატარა ჯვარ-ხატი!“

საქართველოში იმ მცირე პოეტთა შორისაა, ვინც ლექსებს თუშურ დიალექტზე წერს. გამოცემული აქვს ორი კრებული, მათში როგორც ლიტერატურული, ასევე დიალექტზე დაწერილი ლექსებია შესული. ახლო მომავალში გამოსცემს მესამე წიგნს, სადაც მხოლოდ თუშურ დიალექტზე დაწერილი ლექსები შევა.

საოცრად უყვარს თავისი კუთხე, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო, იძულებული გახდა, რომ მიეტოვებინა ის და უცხო ქვეყანაში გადასახლებულიყო. სამყაროში ყველაფერს სხვებისგან განსხვავებულად, ორმაგად გრძნობს და განიცდის, რადგან თუშია და ფიქრის ჩიტი უცხო მიწაზეც არ ანებებს თავს...

ათას საფიქრალ მომეც,

ფიქრის ჩიტებ დამახვი,

ჯეჯიმიან ფარდაგში,

ლექსის მოთქმად გამახვი.

აღარც მზეს მიმაპყარი-დ,

აღარც ბანზე დამაფინ,

რ'აიმ ბედით გეგულე-

რ'აიმ ფიქრით გამაჩი,

ჰაბა მითხარ ბედ მწერო,

რ'ა გამომიტან განაჩენ.

© photo: courtesy of Giorgi Ramazashviliგიორგი რამაზაშვილი
„ყველა ჩემს ლექსში თუშეთში ვარ“ – ქართველი პოეტი იტალიაში, ანუ სიყვარული თუშურ დიალექტზე - Sputnik საქართველო
გიორგი რამაზაშვილი

- გიორგი, როგორ გრძნობთ თავს უცხოეთში, როგორ ცხოვრობთ, რა გიხარიათ და რაზე გწყდებათ გული?

- რა ვიცი, რა გითხრათ? იტალიის სამხრეთით, ტარანტოს პროვინციაში, ქალაქ კასტელანეტაში ვცხოვრობ. ვმუშაობ ჩვეულებრივ, როგორც ყველა ქართველი ემიგრანტი, აქ შრომა სათაკილო არ არის და, შესაბამისად, არც ვთაკილობ. ის უფრო შემრცხვებოდა, პურის ფული რომ სამათხოვრო მქონოდა. თუმცა საქართველოში ეგ მომენტიც მქონდა. მართალია, ჯობდა, ეს პრობლემა ქვეყანაში მოგვარებულიყო, მაგრამ არა უჭირს, ალბათ ესეც ერთგვარი გამოცდა იყო უფლისგან... არც დღე მომწონს, არც მზე და არც სამყარო, სხვანაირი დილა მოვიდა, სულაც არა ჰგავს იმ დილებს, რაც მე მახსოვს. რა ტკბილი და სიყვარულით სავსე დილა თენდებოდა ხოლმე, რა ძალიან სხვანაირად მეჩვენება დღეს ისიც და დღევანდელიც, რას დავაბრალო? რა ვიცი, გაგონილი მაქვს: კარგი ქვა ყორეს არ გამოსძვრებაო. ვიცი, რომ ვერ ვიკარგქვავე, ვერ გავუძელი ყორის ლიბოში მეხერხემლა. არც მეწყინება, თუ ვინმე იტყვის, ყორეს გამოსძვრა და მიატოვა თავისი წინაპრების ნავალ–ნაბილიკარიო...

- მოდი, ემიგრაციამდე ბევრად ადრე, ბავშვობა და ბედნიერი ცხოვრება რომ გქონდათ, ის გაიხსენეთ...

- ჩემი გვარი წარმოშობით თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან გახლავთ. მე და ბებო ზემო ალვანში ვცხოვრობდით და სახლ-კარი იქ მაქვს. ძალიან მიყვარს იქაურობა. დედაც ცოცხალი იყო, მაინც ბებო რომ მზრდიდა. თითქოს გული მიგრძნობდა, დედას მალე დავკარგავდი და წინასწარვე შევეჩვიე იმას, რომ ბებოს უნდა გავეზარდე. 14 წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა და მას შემდეგ ბებია (დედის დედა) თებრო ბასხაჯაური მზრდიდა. რვა წელია რაც ბებოც მომიკვდა და მარტო დავრჩი...

© photo: courtesy of Giorgi Ramazashviliგიორგი რამაზაშვილი
„ყველა ჩემს ლექსში თუშეთში ვარ“ – ქართველი პოეტი იტალიაში, ანუ სიყვარული თუშურ დიალექტზე - Sputnik საქართველო
გიორგი რამაზაშვილი

- ლექსების წერა, თანაც თუშური დიალექტით, როდის დაიწყეთ?

- არ მახსოვს პირველი ლექსი როდის, ვისზე ან რაზე დავწერე. მახსოვს ჩემი პირველი შემოქმედებითი საღამო, რომელიც ზემო ალვანის კულტურის სახლში გაიმართა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. როცა გავაცნობიერე, რომ ლექსებს ვწერდი, დავაკვირდი, რომ ისინი ძირითადად ან რელიგიური იყო, ან მიცვალებულს ეძღვნებოდა. მათი წერა ადრეული ასაკიდან დავიწყე, არავინ იცოდა, რომ ვწერდი, რადგან ვმალავდი ხოლმე. როცა ვინმე გაიგებდა, ძალიან გაკვირვებული რჩებოდა: ასეთი პატარაა და თუშური დიალექტით წერსო!.. შეკვეთით ვერაფერს დაწერს კაცი – ან წერ, ან არ წერ. ხან ისე უგონოდ ვწერ ხოლმე, როცა აზრზე მოვდივარ, უკვე ლექსია! მე ასე მესმის: ადამიანმა თუ არ იცის იმ მთების ხიბლი და სიძველის სიყვარული არ აქვს, არაფერი დაეწერება...

- ვიცი, რომ იტალიაში მყოფ ჩვენს ემიგრანტებს თქვენი ლექსები ძალიან უყვართ...

- იტალიაში ძალიან გამიმართლა – ისეთ წრეში აღმოვჩნდი, რომ უცხოობა არ მიგრძვნია. ძალიან დამეხმარნენ ჩემი თუშები. შევხვდი ბევრ კარგ ხელოვან ადამიანს და, ასე თუ ისე, სულის გამოკვებასაც ვახერხებ. პირველად იტალიაში ქალბატონმა როზეტა კიტოვანმა წარმადგინა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას და ყველას. აქ გავიცანი ქალბატონი მაია ლომიძე, რომელიც ემიგრანტებს ძალიან გვიდგას მხარში. მან არაერთი ნიჭიერი ემიგრანტის შემოქმედება გამოიტანა სამზეოზე და საღამოებიც მოაწყო. ბევრს უკვირს იტალიაში რომ წამოვედი სამუშაოდ, მაგრამ მე არ მეთაკილება. შიმშილი და გაჭირვება ბევრად სათაკილოა, მით უმეტეს, ახალგაზრდა კაცისთვის, ვიდრე პატიოსანი შრომა. საქართველოში 500-ლარიანი ხელფასი მაინც რომ მქონოდა, ქვეყანას არ დავტოვებდი…

© photo: courtesy of Giorgi Ramazashviliგიორგი რამაზაშვილი
„ყველა ჩემს ლექსში თუშეთში ვარ“ – ქართველი პოეტი იტალიაში, ანუ სიყვარული თუშურ დიალექტზე - Sputnik საქართველო
გიორგი რამაზაშვილი

- თქვენი ლექსები თურქულად ითარგმნა...

- დღეს უკვე ბევრი ჩემი პოეზიის საღამო ჩატარდა როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში, სტამბულის ქართული კულტურის ცენტრში და ქართული ხელოვნების სახლში. ჩემი ლექსები თურქულ ენაზე ბატონ ეშრეფ ილმაზის, იგივე გოდერძი მახარაძის დახმარებით ითარგმნა. ბატონი ეშრეფი თურქეთელი ქართველია და ქართულად გადასარევად მეტყველებს. რომ არ გითხრათ, არ შემიძლია, ჩემი საღამოსთვის საქართველოდან ჩამოვიდა ჩემი საუკეთესო მეგობარი და საუკეთესო პოეტი, ქრისტეს მხედარი, იგივე თენგო ხუციშვილი, საოცარი შეგრძნება იყო. არ ვიცი როგორ გადავიტანე. ყველაფერს ველოდი თენგოს ჩამოსვლის გარდა. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა ჩემი სიხარული მთელ საქართველოს გავუზიარო.

- საქველმოქმედო პოეზიის საღამოებსაც მართავთ ხოლმე, ვიცი, რომ 21 ნოემბერსაც აპირებთ, ამჯერად ვის ეხმარებით?

- 21 ნოემბერს ჯგუფის „იტალიის ცის ქვეშ“ და ქალბატონ მაია ლომიძის ორგანიზებით იგეგმება ჩემი შემოქმედებითი საღამო, რომელიც საქველმოქმედო ხასიათის იქნება. მისგან შემოსული თანხით გვინდა ყველასთვის საყვარელი მწერლის გოდერძი ჩოხელის ვაჟს ნიკა ჩოხელს დავეხმაროთ, რათა მან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოს...

© photo: courtesy of Giorgi Ramazashviliგიორგი რამაზაშვილი
„ყველა ჩემს ლექსში თუშეთში ვარ“ – ქართველი პოეტი იტალიაში, ანუ სიყვარული თუშურ დიალექტზე - Sputnik საქართველო
გიორგი რამაზაშვილი

- დღეს სულ გავიძახით, ქართველი კაცი გადასხვაფერდაო, თუ იცით, რისი ბრალია ეს? 

- არ ვიცი... ის კი ვიცი, რომ უკვე აღარ ვარ ის, რაც ვიყავი და რაც უნდა ვიყო. აღარც ის მთვარე მაქვს, აღარც ის მზე და აღარც არავინ მეთბილება. ეს ცვლილება როგორ არ უნდა მეჯეროს, როცა ყველა დილის სხვაობას ვგრძნობ. ვითომ ყველაფერი გულის ბრალია? გაუცივდა ადამიანებს გული და გაქრა ყველაფერი, რასაც ჯერ კიდევ ვეთაყვანებოდით? განა ბევრი მინდა? – არ დავიშუროთ თბილი „გამარჯობა“ და ერთმანეთის სიყვარულით მოკითხვა. დაშავდება, თუ გვეყვარება ერთურთი? აბა, ჩავიხედოთ საკუთარ გულში: რატომ ავდევთ სხვებს და ამპარტავნება გვიტაცებს? – არ მესმის. ხომ შეიძლება სიყვარულის დოღი და სიკეთის შეჯიბრი გვქონდეს? საქართველოში ყველა და ყველაფერი მენატრება, განსაკუთრებით ტაძარი, დედას და ბებოს საფლავი, ჩემი ოჯახი, დისშვილები, მეგობრები და ჩემი ეზო-კარი მენატრება, არ ვიცი როდემდე გავუძლებ ამას, მაგრამ უფალი ალბათ შემაძლებინებს...

© photo: courtesy of Giorgi Ramazashviliგიორგი რამაზაშვილი
„ყველა ჩემს ლექსში თუშეთში ვარ“ – ქართველი პოეტი იტალიაში, ანუ სიყვარული თუშურ დიალექტზე - Sputnik საქართველო
გიორგი რამაზაშვილი

- ახლა რას ინატრებდით?

- იცით, რა მინდა? სულ მუხლის ჩოქით და ლოცვით შემომატარა ჯვარ-ხატი, სანთლის ალში გახვეულს მომატარა ჩემი წინაპრების საფლავები – ადგილი, სადაც ყველაზე და ყველაფერზე ძალიან მიყვარს სტუმრობა. ყველა ჩემ ლექსში თუშეთში ვარ, შეიძლება სხვა თემაზე ვწერდე, მაგრამ გონით მაინც იქა ვარ...

 

ყველა ახალი ამბავი
0