ჯანა ამირეჯიბი

ქართველი ტომ სოიერი, ბებია-შვილიშვილის საუბრებზე აგებული წიგნი ახალი ჟანრი ლიტერატურაში?

733
(განახლებულია 20:13 15.11.2019)
„ჩვენი მეხსიერების საცავები სამოთხის სუნს, გემოსა და შეგრძნებებს ინახავს” – ასე ფიქრობს ფილოლოგი, მთარგმნელი და პედაგოგი ჯანა ამირეჯიბი.

ლიტერატურული საქმიანობა 50 წლის ასაკში დაიწყო. ნათარგმნი აქვს რუსული პოეზიის შედევრები, ვერცხლის საუკუნის ავტორები, შექსპირის სონეტები და აღმოსავლური პოეზიის გამორჩეული ქმნილებები.

მოგვიანებით მკითხველს შესთავაზა განსხვავებული, ახალი ჟანრის ნაწარმოები – მინიატურული ნოველების კრებული, რომელიც შვილიშვილთან მის ემოციურ და საინტერესო დიალოგზეა აგებული.

მისი წიგნი „მე - ნამდვილი კოკოშა“ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე იყო წარდგენილი.

პრეზენტაციაზე
პრეზენტაციაზე

- ქალბატონო ჯანა, ვიცი, პოეზიას ფილოსოფიურად უდგებით და ამიტომ საუბარს ცოტა „ხმამაღალი“ კითხვით დავიწყებ: რა არის ის, რამაც დღემდე შეგაძლებინათ საკუთარი თავისა და პრინციპებისთვის არ გეღალატათ?

- მოკლედ გიპასუხებთ: ადამიანად ყოფნის ვალდებულება და ირგვლივ მყოფთა სიყვარულია. აგრეთვე უაღრესად საყვარელი საქმის კეთება, რომელიც მომწონს, რომლითაც ვამაყობ და რის გამოც მადლიერი ვარ ღმერთისა და ბედის, რომ ამ საქმეში ჩამაყენა.

საკუთარი თავისა და პრინციპებისთვის რომ მეღალატა, სულ ცოტა, ადვილი გზებით უნდა მევლო და გზად და ხიდად დამხვედროდა დანატოვარი სახელი ან კეთილდღეობა. არაფერს გაუადვილებია ჩემთვის ცხოვრება სიყვარულის გარდა, ალბათ საკუთარ თავსაც ამიტომ ვუერთგულე.

ჯანა ამირეჯიბის წიგნი
ჯანა ამირეჯიბის წიგნი

- როგორც მთარგმნელს გეკითხებით: რა არის „ვერცხლის საუკუნის“ ქალი-პოეტების მთავარი ღირსება და ძალა, რაც მათ ასე საოცრად გარითმეს?

- მე ვფიქრობ, ეს მათი უძლურებაა!.. რადგან მათი ძალა მათსავე უძლურებაზე გადის. მათი ცხოვრება ბედით განწირულებაა, ბედისწერისა და სიკვდილის აჩრდილი სულ თან დასდევს მათ ყოველდღიურობას. ჭლექსა და შიმშილთან, რეპრესიებსა და უსამართლობასთან მუდმივი ორთაბრძოლაა მათი ძალისა და უძლურების გამოცდა. ამ ყველაფერს ისინი ფარად პოეზიას უფარებენ. მათი იარაღიც პოეზიაა და მისი წყალობით ტრაგიზმს ისეთ პოეტურ სრულყოფილებად და ესთეტიზმად აქცევენ, რომ ხანდახან ფიქრობ – ეს არ არის ცხოვრება უმძიმესი ტვირთით. ამდენი გენიალური ლექსი უბრალოდ არ დაიწერებოდა.

კოკოშა-ილია ძნელაძე - ჯანა ამირეჯიბის შვილიშვილი და წიგნის გმირი
კოკოშა-ილია ძნელაძე - ჯანა ამირეჯიბის შვილიშვილი და წიგნის გმირი

- თქვენი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული „აღმოჩენა“…

- ღმერთის აღმოჩენა სამყაროში! ჩვენ სულ ბედნიერებას დავეძებთ და ვესწრაფვით, ეს კი სამოთხის ნოსტალგიაა. ჩვენ ხომ წარმომავლობით სამოთხიდან ვართ... ჩვენი მეხსიერების საცავები სამოთხის სუნს, გემოსა და შეგრძნებებს ინახავს. როცა გარემომცველი ბუნება სიხარულს გვანიჭებს – ზღვა გვამშვიდებს, მთები გვიყვარს და მის დიდებულებასთან შეხება ენერგიით გვავსებს, მზის ჩასვლა გვასევდიანებს და გვაიმედებს; სიმწვანე, სივრცე, სილურჯე, რბილი და თბილი ნიავი – ეს ყველაფერი ბედნიერებაა. ამ დროს ვხვდებით, რომ ყველა ამ ქმნილებას, ყველა მოვლენას ღმერთის ტვიფარი ადევს და მათში ღმერთი იქადაგება.

ღმერთის აღმოჩენა სამყაროში ჩემთვის ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო...

- რომელია ლექსი, რომელიც პირველად გადმოაქართულეთ?

- ეს იყო მარინა ცვეტაევას შედევრი Офелия - в защиту королевы.

დანიის პრინცი ჰამლეტი ჩემთვის უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლოა. თან მსხვერპლი–სიმბოლო. ლექსი ჰამლეტის მიმართ ოფელიას პროტესტს გამოხატავს და ის დედოფლის ვნებების გასამართლებლად შეუქმნია ცვეტაევას და ოფელიას პირით გაუჟღერებია. ჰამლეტზე ვგიჟდები, მაგრამ ჰერტრუდას ძალიან თანავუგრძნობ.

პრეზენტაციაზე
პრეზენტაციაზე

- ბებიის სტატუსთან ერთად მწერლის სტატუსიც კარგად მოირგეთ, როგორ მოხდა ეს?

- ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა. „ფეისბუქის“ ოპუსებით კოკოშაზე ისეთი გემოვნებიანი მკითხველები დაინტერესდნენ, რომელთა აზრსაც, როგორც ლიტერატორი, დიდ ანგარიშს ვუწევ. მათ წამაქეზეს საამისოდ – აქედან არც ერთი სიტყვა არ უნდა დაიკარგოს, ამიტომ ყველაფერი ჩაწერე და დაიმახსოვრეო. მეც დავიწყე შენახვა. კოკოშას წყალობით მასალა არ მომკლებია და 177 ნოველა მოგროვდა.

- როგორ უყურებთ ეპითეტს, რომ ქართველი ასტრიდ ლინდგრენი ხართ, თქვენ გმირს კი ქართველი ტომ სოიერი უწოდეს?

- ყოველგვარი ამბიციების გარეშე, მაგრამ მშვიდად ვერა, რადგან ძალიან მრცხვენია, თანაც ეს შედარება მახარებს, იმედით მავსებს და ენერგიას მმატებს, რომ არ გავჩერდე.

პრეზენტაციის დროს
პრეზენტაციის დროს

- რას უსურვებთ თქვენი წიგნის გმირს ცხოვრებაში?

- არ მაქვს იმის განცდა, რომ კოკოშა ჩემი წიგნის გმირია. ის ჩემი შვილიშვილია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ქალიშვილის შვილი.

ამიტომ მინდა, რომ ბედნიერი იყოს. რა თქმა უნდა, მინდა, რომ დარჩეს უცნაურად და უჩვეულოდ პრინციპულ, მაგრამ კეთილ ადამიანად, თუმცა ვიცი, რომ წლებთან ერთად ისიც შეიცვლება. როდესაც აღმოვაჩენ, რომ ის აღარ არის ისეთი, როგორიც წიგნშია, მაშინ პატარა და ნამდვილი კოკოშაც ძალიან მომენატრება...

- წიგნში საინტერესოდ ჰყვებით კოკოშას ამბებს. შეგიძლიათ გაიხსენოთ სამი ამბავი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა?

- გავიხსენებ... პირველი ამბავი: 42 წლის წინ ვნახე სიზმარი, ალბათ ცხოვრების მთავარი სიზმარი, რომელმაც მაუწყა, რომ ჩემთან ნამდვილი სიყვარული მოვიდა და ამაში ღვთაებრივი კანონზომიერება მონაწილეობდა. მეორე ამბავი: ზღვაში, საკმაოდ შორს მარტო გავედი და მივცურე იახტამდე, რომელშიც ჩემი შეყვარებული იყო. ეს უკვე ცხადად მოხდა... ამბავი N3: ჩემი შვილი უსამართლოდ დატოვეს უნივერსტეტის გარეთ. მე, ყოველგვარი პროტექციის გარეშე, ჩემი პრინციპული პოზიციით შევედი უნივერსტეტის რექტორთან და იქიდან გამარჯვებული გამოვედი. სამი ამბის გახსენება მთხოვეთ, მაგრამ მე მეოთხეც გამახსენდა: ერთხელ ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, იმდენად უსამართლოდ, რომ სიკვდილის მოახლოებას ვგრძნობდი, მაგრამ დამეხმარა იმის გააზრება, რომ უკანასკნელი სიტყვა ღმერთს ეკუთვნის და გადავრჩი...

ჯანა ამირეჯიბი
ჯანა ამირეჯიბი

- სიყვარულის მარადიულობა პოეტების მოგონილი მითია?

- არ არის ეს მითი, მით უფრო, პოეტების მოგონილი. უბრალოდ, პოეტები აღარ იარსებებდნენ, რომ არა მისი უდიდებულესობა სიყვარული. რა თქმა უნდა, მარადიული და ღვთაებრივი ძალაა, ურომლისოდაც არა მარტო პოეტები ვერ იარსებებდნენ, უბრალოდ, არც გათენდებოდა. ამის არგუმენტი – ყოველი გათენებული დილაა...

 

733
თამარ კეცხოველი

ძველთბილისური სახლების ნოსტალგია და პანდემიის დროს გამოფენილი ნახატები

370
(განახლებულია 19:48 07.08.2020)
ხატვა მოულოდნელად და უცნაურად დაიწყო... მანამდე მის მეხსიერებაში ქვეცნობიერად გროვდებოდა ნანახისა და განცდილის ფრაგმენტები. მისი ნახატების სახელწოდებებიც ამის დასტურია: „ქალაქი”, „სამკითხველო”, „საზაფხულო სახლი”, „მწვანე აბაჟური”, „ძველი ბუფეტი“.

ამაში უჩვეულოც არაფერი იქნებოდა, რომ არა ის, რაც გახდა ხატვის დაწყების სტიმული და ერთგვარად მისი განკურნების საუკეთესო საშუალებაც...

თამარ კეცხოველი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. პროფესიით არქეოლოგია. ხატვა 2019 წლის სექტემბერში, ინსულტის გადატანის შემდეგ დაიწყო. დღეში ძალიან ბევრს, დაახლოებით ათ საათს ხატავდა. პირველი პერსონალური გამოფენა პანდემიის დროს ჰქონდა.

თამარ კეცხოველი
თამარ კეცხოველი

- ქალბატონო თამარ, თქვენს ნახატებში წარსულის ნოსტალგიური განწყობაა და ამ გზით გამუდმებით ცდილობთ ბავშვობაში დაბრუნებას, ასეა?

- საერთოდ სადმე დაბრუნება მაშინ გინდა, როცა იქ კარგი იყო და კარგად გრძნობდი თავს. დიახ, შესაძლოა, არის რაღაც ნოსტალგიური მომენტები, თუმცა უფრო მეტად ძველებური ინტერიერი მომწონს და ვხატავ, ვიდრე ჩემი საბჭოთა ბავშვობის დროს იყო. სიძველის მომხიბვლელობას ასაკთან ერთად ვხვდები და მინდა, რომ ეს სხვასაც გავუზიარო...

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- როგორი იყო თქვენი პლეხანოვური ბავშვობა, თუ არ ვცდები, პლეხანოვზე არსებული 23-ე სკოლა თბილისის ე.წ. პრესტიჟულ სკოლათა რიცხვშია, თქვენთვის თუ ჰქონდა ამგვარ იარლიყს მნიშვნელობა?

- დიახ, ჩემი 23-ე სკოლა „ელიტური” სკოლების სიაში შედიოდა, მაგრამ იქ ამიტომ არ მოვხვედრილვარ. უბრალოდ უბნით მეკუთვნოდა (მაშინ ასე იყო) და ტრადიციითაც, რადგან თავის დროზე იქ დედა და დეიდა სწავლობდნენ და ჩვენც იქ მიგვიყვანეს. პლეხანოვი და ჩემი უბანი ძალიან მიყვარს, ჩემი სახლი ეგაა... საერთოდ, მაპატიონ ახალუბნელმა თბილისელებმა და, თბილისი ჩემთვის ძველი უბნები და ძველი თბილისია. როდესაც ყველა ხეს ცნობ, ყველა მეეზოვეს, ფეხსაცმლის მწმენდავს და ქუჩის მოვაჭრეს სახელით იცნობ, ისაა შენი სახლი და შენი უბანი.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- 90-იანების სტუდენტობა არც ისე სასიამოვნო გასახსენებელია, მაგრამ მაინც, იმ „ბნელი“ დროის რომელ ნათელ მომენტს გაიხსენებდით?

- თავისი ხიბლი იმ ბნელი 90-იანების სტუდენტობასაც ჰქონდა. მაშინ დაიწყო მიტინგების ეპოქა და ჩამოინგრა სსრკ. ჩვენ, სტუდენტები კი მიტინგებიდან და უნივერსიტეტის ბაღიდან კარვებით პირდაპირ ქალაქგარეთ მივდიოდით. რაც კი ლამაზი ადგილი იყო ქალაქის გარშემო, სწორედ მაშინ შემოვიარე ყველა, უფრო სერიოზულად კი მთაში სიარულით ვიყავი დაკავებული. მაშინ სხვადასხვა ადგილებში იმართებოდა ბევრი ახალი ყაიდის ლექცია, სადაც ვესწრებოდით და თავისუფალ აზროვნებას ვცდილობდით... მოკლედ, ძალიან დატვირთული და საინტერესო სტუდენტობა მქონდა და მას არაფერში გავცვლიდი.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- ინსულტის მერე დაწყებული ხატვა თქვენთვის ერთგვარი შვება და გადარჩენის გზა იყო?

- ინსულტამდე სხვა ცხოვრება იყო, სახლი–სამსახური და სხვა არაფერი. ხატვით ყოველთვის ვხატავდი, უბრალოდ, ამის დრო არასდროს მქონდა. აი, ინსულტის მერე კი, როცა სამსახურიდანაც წამოვედი და სახლში დავჯექი, უცებ და ინტენსიურად დავიწყე მეგობრების პორტრეტების ხატვა. ვეღარ გავჩერდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეში ათი საათი მაინც ვხატავდი. ხატვა არ მბეზრდებოდა და სწორედ ამან გადამარჩინა და პანდემიის დროს მძიმე კარჩაკეტილობაც ამან გადამატანინა.

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- პანდემიის დროს პირველი პერსონალური გამოფენის გამართვა მონატრებული სამყაროს გამომზეურება იყო? 

- დიახ, ეს გამოფენა მეგობრებთან შეხვედრის და მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის მიზნითაც მოვაწყვეთ. ამაში გალერისტი მეგობარი დამეხმარა. ძალიან კარგი გამოფენა გამოვიდა.

თამარ კეცხოველის მიერ შესრულებული პორტრეტები
თამარ კეცხოველის მიერ შესრულებული პორტრეტები

- თქვენს ნახატებში ხშირად ჩნდება ძველი სახლი, რომელიც სიმყუდროვის განცდას აჩენს...

- ამჟამად არ ვარ ქალაქში და აქ, აგარაკზეც დავხატე რაღაცები. სიმყუდროვე თითქოს არ მაკლია სახლში, მაგრამ, ეტყობა, ეს უფრო ბავშვობის და ბებიების, ძველთბილისური სახლების ნოსტალგიაა, სადაც გაიარა ჩვენი თაობის უმრავლესობის სტუდენტობამ. ძალიან მიყვარს ძველი თბილისი და ის, რაც ფანჯრებს მიღმა ხდებოდა ძველ უბნებში, სულ ესაა...

თამარ კეცხოველის შემოქმედება
თამარ კეცხოველის შემოქმედება

- რაშია დეპრესიიდან გამოსავალი და ხსნა?

- რაშია ხსნა? ცხადია, ერთ-ერთი გზა საამისოდ ხელოვნებაცაა, რომელიც თერაპიაა... ჩემი აზრით, თუ ადამიანს რაიმეს შექმნა ხელეწიფება, უნდა გააკეთოს და არ გაჩერდეს, მერე ყველა მძიმე სიტუაციიდან იპოვის გამოსავალს...

 

370
საჰაერო ბურთები

ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან...

177
(განახლებულია 21:57 06.08.2020)
ქალმა უნდა აირჩიოს: მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს უყვართ, ის არასდროს იქნება მშვიდად; მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს არ უყვართ, ის არასდროს იქნება ბედნიერი...

აზრების ფოიერვერკი“ გთავაზობთ ანატოლ ფრანსის გამონათქვამებს.

ანატოლ ფრანსი (1844-1924), ფრანგი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი
© photo: Sputnik /
ანატოლ ფრანსი (1844-1924), ფრანგი მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი

ანატოლ ფრანსი (Anatole France, ნამდვილი გვარია ანატოლ ფრანსუა ტიბო, ფრანგულად Anatole Thibault, 1844-1924) - ფრანგი მწერალი, რომანტიკოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1921). მისი ნაწარმოებებია: „თაისი“, „ჟერონ კუანიარის აზრები“, „სილვესტერ ბონარის დანაშაული“, „პინგვინთა კუნძული“, „ანგელოზთა აჯანყება“ და სხვა.

სიყვარულში მამაკაცებს ფორმები და ფერები სჭირდებათ, მამაკაცები სურათს ითხოვენ. ხოლო ქალები - მხოლოდ შეგრძნებებს. მათ უკეთესად უყვართ, ვიდრე მამაკაცებს, ისინი ბრმანი არიან.
ჩვენ საშიშად მიგვაჩნია ისინი, ვისი ტვინიც სხვაგვარადაა მოწყობილი, და უზნეოდ ისინი, ვისი ზნეობრიობაც ჩვენსას არ ჰგავს. სკეპტიკოსებს ვუწოდებთ მათ, ვისთვისაც უცხოა ჩვენი ილუზიები და კითხვაც არ გვიჩნდება, ხომ არ იციან მათ რაიმე სხვა ილუზიებიც.
გვინდა, რომ ვუყვარდეთ, ხოლო როცა ვუყვარვართ, ან გვაწამებენ, ან ყელში ამოჰყავთ.
მტრები მყავს, და ამით ვამაყობ.
ირონია - იმედგაცრუების ბოლო სტადიაა.
რელიგიამ სიყვარულს დიდი სამსახური გაუწია, როცა ის ცოდვად აქცია.

ორი რამ, რითიც ყველა მამაკაცი ამაყობს>>

ცივილიზაცია - ეს მეცნიერული ბარბაროსობაა.
ქალმა უნდა აირჩიოს: მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს უყვართ, ის არასდროს იქნება მშვიდად; მამაკაცთან, რომელიც სხვა ქალებს არ უყვართ, ის არასდროს იქნება ბედნიერი.


ადამიანს სჩვევია ბრძნული მსჯელობა და სულელური საქციელი.
ყველა ილუზიას შორის დიდება ყველაზე აბსურდული და ყველაზე დამღუპველია.
ძალზე ბრძენი უნდა იყო, რომ სიბრძნე ტვირთად არ აქციო.
ყველაზე იშვიათი სიმამაცე - ეს აზრის სიმამაცეა.
ის, ვინც რევოლუციები მოაწყო, სხვებს არ მისცემს უფლებას, მის მაგალითს მიბაძონ.
კანონები კარგია ან ცუდი არა თავისთავად, არამედ მათი გამოყენების ხერხის მიხედვით. ამა თუ იმ უკიდურესად უსამართლო დადგენილებას ბოროტება არ მოაქვს, თუ მოსამართლე მას ცხოვრებაში არ იყენებს. ზნეობა კანონებზე ძლიერია. ზნეობისა და ჩვეულებების კულტურულობა და სირბილე ერთადერთი წამალია კანონიერი ბარბაროსობის წინააღმდეგ.
სისულელე ხშირად ხელს უშლის სისულელის ჩადენას. ყველაზე სულელურად ყველაზე სულელი ადამიანები არ იქცევიან.

ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>

უფრთხილდით მათ, ვინც საკუთარ თავს იტანჯავს: ისინი უნებლიეთ თქვენც დაგასახიჩრებენ.
კაცობრიობას ყველა დროში სიგიჟისა და სისულელის ერთნაირი მარაგი გააჩნია.
გიყვარდეს მგზნებარედ - ეს, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ გიყვარდეს თავდადებით - კიდევ უკეთესი... ჭეშმარიტად უყვართ ის, ვინც უყვართ თავიანთი სისუსტეებით... დანდობა, პატიება, ნუგეში - აი, სიყვარულის მთელი მეცნიერება.

როცა ადამიანები შეწყვეტენ ერთმანეთზე გამარჯვებას, ისინი, ბოლოს და ბოლოს, ისწავლიან საკუთარ თავზე გამარჯვებას.
გონებრივი კულტურის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს დახვეწილი გრძნობები.
ომი - ბარბაროსობაა, რომელიც ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად გაქრება.
მოგზაურობა სხვა ყველაფერზე მეტად გვასწავლის. ხანდახან სხვა ადგილას გატარებული ერთი დღე მეტს გვაძლევს, ვიდრე სახლში ათი წელი ცხოვრება.
გონივრულ დასკვნებს ჯერ არავინ დაურწმუნებია.
სჯობს, ცოტა გაიგო, ვიდრე ცუდად.
სიტყვაზე მძლავრი არაფერია... სიტყვა ამარცხებს მრისხანეს და ანგრევს ციხესიმაგრეებს. ეს უხილავი იარაღია. მის გარეშე სამყარო უხეში ძალის ხელში იქნებოდა.

ნამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს...>>

ხშირად ბედნიერებას იმას ვუწოდებთ, რაც ჩვენ თვითონ არ განგვიცდია.
თვალმომჭრელი ჭეშმარიტება ფუჭი სიტყვაა იქ, სადაც მას თავს გახვევენ.
ყველა ღიმილი სიხარულს არ გამოხატავს ისევე, როგორც ყველა ცრემლი - უბედურებას.
ქალი მამაკაცის უდიდესი აღმზრდელია.

გულს შეუძლია ჭკუის მომატება, მაგრამ ჭკუა გულს ვერ გაზრდის.
როცა ადამიანი აზროვნებს, მას ეჭვები იპყრობს, მაგრამ როცა მოქმედებს - დარწმუნებულია.
არ ვიცით, რა ვუყოთ ჩვენს ხანმოკლე სიცოცხლეს, მაგრამ მაინც მარადიული სიცოცხლე გვინდა.
გულწრფელს ვუწოდებთ ქალს, რომელიც აუცილებლობის გარეშე არ ტყუის.
შური დემოკრატიული სახელმწიფოების კეთილისმყოფელია და მათ ტირანებისგან იცავს.
მხოლოდ ქალებმა და ექიმებმა იციან, როგორი აუცილებელი და სასარგებლოა ტყუილი.
ჭეშმარიტი სიყვარული არ საჭიროებს არც სიმპათიას, არც პატივისცემას, არც მეგობრობას; ის ცოცხლობს სურვილით და იკვებება სიცრუით. ჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან.
არ მგონია, რომ ამ ქვეყანაზე იყო ეჭვიანობაზე უფრო დამამცირებელი ტანჯვა.
დაიმორჩილეთ თქვენი ვნებები და მათი ძალა გახდება თქვენი ძალა, მათი სიდიადე - თქვენი სილამაზე.
დემოკრატია ცუდად მართავს, სამაგიეროდ - ცოტას.

ბედნიერება ფრთებით მოდის, მაგრამ ყავარჯნებით მიდის>>

მომავალი - აწმყოშია, მაგრამ მომავალი წარსულშიცაა. ეს ჩვენ ვქმნით მას. თუ ის ცუდია, ჩვენი ბრალია.
ყოველთვის მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამო ვიტანჯებით.
მამაკაცები სიყვარულში უტყდებიან, სანამ მას იგრძნობენ, ხოლო ქალები - მას შემდეგ, რაც სიყვარულს გამოცდიან.

177
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 12 აგვისტოს

0
(განახლებულია 10:15 10.08.2020)
დედაქალაქში ოთხშაბათს ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, მაგრამ მოსალოდნელია წვიმაც. დღისით ჰაერი 32 გრადუსამდე მოიმატებს

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში ოთხშაბათს, 12 აგვისტოს უპირატესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა ღამით იქნება +22, ხოლო დღისით +32 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 06:06 საათზე ამოვა და 20:04 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში