ირინა ყორშია

„მე ვარ ირინა, დავითის დედა და არ მაქვს უფლება სუსტი ვიყო“ როცა დროის ფასი იცი

421
(განახლებულია 17:51 04.11.2019)
როგორ უნდა გაანაწილოს ქალმა თავისი დრო, რომ ყველაფრისთვის ეყოს? – საამისოდ ბევრი გზა და საშუალებაა, მთავარია, გქონდეს საყვარელი საქმე და სურვილი, რომ ის სხვებისთვისაც საინტერესო და, რაც მთავარია, სასარგებლო გახადო...

დიზაინერ ირინა ყორშიას ზუგდიდში ყველა იცნობს, ვისაც ხელოვნებასთან აქვს შეხება. მას ბევრი ისეთი თვისება აქვს, რომ შეუძლია ერთნაირად კარგად წარუძღვეს ოჯახს, საკუთარ საქმეს, საზოგადოებრივ საქმიანობაშიც იაქტიუროს და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გადასცეს...

ირინა ყორშია
ირინა ყორშია

- ირინა, დიზაინერობის სურვილი თქვენ მიერ დახატული მოდელების შემდეგ გაგიჩნდათ?

- ანაკლიაში გავიზარდე, რვა წლიდან ვხატავდი, ვკერავდი და ვქსოვდი. ძალიან მიყვარდა ეს საქმე და სიამოვნებას მანიჭებდა. გარდა ამისა, ავეჯსაც ვუკეთებდი რესტავრაციას და სახლის დიზაინსაც ჩემი გემოვნებით ვანახლებდი. ვხატავდი მოდელებს ნაირ-ნაირი სამოსით და ამან ჩემში გააღვიძა სურვილი, რომ ეს ნახატები რეალობად მექცია, დიზაინერი გავმხდარიყავი, შემეკერა სამოსი და ჩემი ინდივიდუალური ხაზი მქონოდა. არც სამხატვროში და არც რამე სხვა წრეზე არასოდეს მივლია. რასაც მიზნად დავისახავდი, ყველაფერს ვაკეთებდი და გამომდიოდა. როცა სკოლა დავამთავრე, თბილისში ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოდელირება–დიზაინის ფაკულტეტზე ჩავაბარე. არაჩვეულებრივი ლექტორები დამხვდნენ, მათ შორის გამოირჩეოდა დიზაინერი ლალი გელაშვილი, რომელმაც ძალიან დიდი ცოდნა გადმომცა.

ირინა ყორშიას ნამუშევარი
ირინა ყორშიას ნამუშევარი

- ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად ძირითადად რა მასალას იყენებთ?

- ამ ეტაპზე საკუთარ სახელოსნოში სხვადასხვა დიზაინის ჩანთებსა და საფულეებს ვქმნი. ამ სფეროში ქალები ნაკლებად მოღვაწეობენ, მით უმეტეს, საქართველოში. ტყავი ერთ-ერთი ყველაზე რთული მასალაა დასამუშავებლად და შესაკერად. თუმცა იმდენად მომწონს მასზე მუშაობა, რომ სირთულეებს არ შევუშინებივარ. უკვე დავამტკიცე, რომ ყველაფერს, რასაც ე.წ. კაცის პროფესიას ეძახიან, თავისუფლად შეუძლია ქალიც დაეუფლოს. პერსონალური გამოფენა ჯერჯერობით არ მქონია, თუმცა საქართველოს მასშტაბით გამოფენებში მიწვევენ და ვმონაწილეობ. ამ წლის ივლისის თვეში ესპანეთში ვიყავი მიწვეული გამოფენაზე, სადაც საქართველოს კუთხე პირველად გაკეთდა.

ირინა ყორშია და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელმი
ირინა ყორშია და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

- დღეს თავად ზრუნავთ ზუგდიდში სხვების ინტერესების რეალიზებაზე და საამისოდ არაერთ აქტივობას ახორციელებთ…

- ვცდილობ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში უკვე ათ გოგონას შევასწავლე სუტაჟის ტექნიკაზე მუშაობა, რისი მეშვეობითაც სამკაულებს ქმნიან. დღეს ნაწილი მუშაობს და თავისი შემოსავალი აქვს, ნაწილი კი ამ ცოდნას თავად უზიარებს სხვებს, რაც ძალიან მახარებს. ჩემი გამოცდილების სხვებისთვის გაზირება ძალიან დიდი ხელშეწყობაა, რადგან მათ ამ ყველაფრის მიღების მერე ბევრად მარტივად შეუძლიათ საქმის კეთება და შედეგსაც მალევე აღწევენ. ზუგდიდში სახელოსნო მაქვს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და USAID-ს პროექტის (“ზრდა") ფარგლებში გრანტი ავიღე და ნოემბრის ბოლოს ჩემი სახელოსნო ანაკლიაშიც გაიხსნება. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო მშობლიური კუთხის განვითარებასა და წინსვლაში.

ირინა ყორშიას ნამუშევარი
ირინა ყორშიას ნამუშევარი

- როგორც ყოველთვის, წელსაც ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გქონდათ, რომელს გამოყოფდით?

- ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ და საინტერესო შეხვედრებს დავსწრებივარ. წლევანდელიდან გამოვყოფდი ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრას, რომელიც ორგანიზებული იყო „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ (EDEC) მიერ. ამ ცენტრში მეწარმეთა სკოლის ტრენინგები მაქვს გავლილი და ისიც ყველაზე წარმატებულ მეწარმეებს შეგვხვდა და ჩვენ საქმიანობას გაეცნო.

ირინა ყორშია და საქართველოს ელჩი ესპანეთში ილია გიორგაძე გამოფენაზე
ირინა ყორშია და საქართველოს ელჩი ესპანეთში ილია გიორგაძე გამოფენაზე

- რა გეხმარებათ იმაში, რომ წარმატებული იყოთ?

- ადვილი ნამდვილად არ არის, როცა გიწევს დროის ისე განაწილება, რომ ყველაფერი მოასწრო – ამაში დაგეგმვა მეხმარება. ვფიქრობ, თუ ადამიანების უმეტესობა დაიწყებს თავისი დღის, კვირის, თვის გასაკეთებელი საქმეების გეგმის სახით ჩამოწერას, მაშინ დრო ყველაფერზე ეყოფა. ცხოვრებაში ადამიანს ბევრი რამ ანიჭებს ბედნიერებას და ეს კონკრეტულად ერთ რაღაცას არ მოიცავს. ჩემში ბედნიერების შეგრძნებას ბევრი რამ იწვევს...

ირინა ყორშიას ნამუშევარი
ირინა ყორშიას ნამუშევარი

- ორი წინადადებით როგორ წარადგენდით საკუთარ თავს უცნობი ადამიანის წინაშე? 

- მე ვარ ირინა, დავითის დედა, და არ მაქვს უფლება სუსტი ვიყო...

 

421
ნანა ანდრონიკაშვილი მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან და ქალიშვილთან ერთად

ქართველი თავადის ასულისა და გერმანელი ჰერცოგის სიყვარულის ამბავი და ქართული საქმეები

435
(განახლებულია 21:11 27.05.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრები მსახიობის, პროდიუსერისა და ჟურნალისტის ნანა ანდრონიკაშვილის უჩვეულო ცხოვრების ისტორიას გაგაცნობთ.

წლების წინ თბილისში ლეგენდასავით დადიოდა ამბავი იმაზე, თუ როგორ გაჰყვა ცოლად ანდრონიკაშვილების შთამომავალი საქსონიის ჰერცოგს. ეს ალბათ ის შემთხვევაა, როცა ცხენზე ამხედრებული პრინცის ზღაპარი რეალურად ახდა.

თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანის სტუდენტი იყო, რუსთაველის თეატრში მაესტრო სტურუასთან ათი წელი იმუშავა. მის ანგარიშზე ათამდე თეატრალური როლი და 30-მდე კინოროლია. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში, სადაც მისი მონაწილეობით ლიტერატურული სპექტაკლები და ჩანაწერები არქივშია შემონახული.  

2008 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან ერთად, რომელიც არქეოლოგი, ისტორიკოსი და მწერალი გახლავთ. ჰყავთ ქალიშვილი – ცხრა წლის მარიამი. თავიდან ამერიკაში ცხოვრობდნენ, შემდეგ გერმანიაში, ჰანოვერში გადავიდნენ, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტიათ. რაც მთავარია, მათი საქმიანობა ყოველთვის ამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა...

ნანა ანდრონიკაშვილი
ნანა ანდრონიკაშვილი

- ქალბატონო ნანა, თქვენი ცხოვრება საინტერესო ფილმს ჰგავს, თავად რას იტყვით?

- შესაძლოა ასეც იყოს... დღევანდელი გადასახედიდან ჩემს ცხოვრებას სამ ნაწილად დავყოფდი: პირველი – ოჯახი, ბავშვობა და პროფესია, მეორე – ჩემს მეუღლესთან შეხვედრა და მასთან ახალი ცხოვრების დაწყება და მესამე ნაწილი – ჩემი ქალიშვილის მარიამის დაბადებიდან დღემდე. თეატრი და ხელოვნება ბუნებრივად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. დედა რეჟისორ-პედაგოგი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში, მამა – მსახიობი და პედაგოგი, ამიტომ თითქმის ყოველ საღამოს უნივერსიტეტსა თუ თეატრში რეპეტიციებზე ვატარებდი.

ნანა ანდრონიკაშვილი
ნანა ანდრონიკაშვილი

- მოულოდნელად ერთმა ამბავმა მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრება...

- ნათქვამია, შემთხვევით არაფერი ხდებაო და ჩემი ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია. 1997 წელს ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალი Gift, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი. ფესტივალზე ჩამოსულმა ინგლისელმა პროდიუსერებმა ლონდონში ექსპერიმენტულ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. იქ ერთ-ერთი ჟურნალის „იმპრესიონის” რედაქტორმა ჩემზე დაწერა სტატია, სადაც ჩემს ოჯახსა და საქართველოს ისტორიაზე ვისაუბრე. სტატიაში წინაპრების ფოტოებიც იყო. ის ჟურნალი საერთაშორისო იყო და ბევრ ქვეყანაში გამოქვეყნდა. მისი ერთი ეგზემპლარი „ბრიტიშ ეარვეისის“ თვითმფრინავშიც მოხვდა. აქედან იწყება ჩემი მეორე ცხოვრება. ჩემმა მომავალმა მეუღლემ, რომელიც საქმიანი ვიზიტით საქართველოში მოფრინავდა, ეს სტატია თვითმფრინავში წაიკითხა. დაინტერესდა იმით, რომ საქართველოში არისტოკრატიული საზოგადოება არსებობდა, თან, როგორც შემდეგ გამომიტყდა, იქ ჩემი ფოტოც ნახა და თურმე გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლისთანავე მოვეძებნე.

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

- საინტერესოა, როგორ გაგეცნოთ?

- როდესაც ტელეფონზე დამირეკა, ასე გამეცნო: ჰანს პრინცი ფონ საქსენ-ალტენბურგი გაწუხებთო. იმ დროს ახალი ჩამოსული ვიყავი ლონდონიდან, სადაც იცოდნენ ჩემი არისტოკრატიული წარმომავლობა და მეგონა რომელიმე ინგლისელი მეგობარი მეხუმრებოდა. დიდი ხანი დასჭირდა, რომ დავერწმუნებინე არ ხუმრობდა. ამ საუბრის მერე ერთმანეთს შევხვდით. მოგვიანებით ჩვენს ოჯახში მოვიდა და ახლოს გაგვეცნო.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- ცოლობაც განსკუთრებულად გთხოვათ?

- როდესაც საქართველოში მესამედ ჩამოვიდა, სვანეთში მთხოვა გაყოლა. იქ ნამყოფი არც მე ვიყავი და დავთანხმდი. ოქტომბრის ბოლო იყო და მოულოდნელად გზები ჩაიკეტა: სამი დღე ველოდებოდით გზის გახსნას. სწორედ იქ, იმ ულამაზეს ბუნებაში, სადაც თითქოს ღრუბლებს ზემოთ ხარ, მთხოვა ხელი. ამის მერე თბილისში ჩინელი დრამატურგის და მათი საელჩოს მოწვევით მქონდა ჩინური სპექტაკლის პრემიერა, სადაც მთავარ როლს ვთამაშობდი. სპეტაკლის მერე გრანდიოზული სახალხო ნიშნობა გვქონდა. მალე ქორწილიც გადავიხადეთ. შემდეგ გავემგზავრეთ ამერიკაში, სადაც ხელი მოვაწერეთ. 

ნანა ანდრონიკაშვილი და საქსონიის ჰერცოგი, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგი
ნანა ანდრონიკაშვილი და საქსონიის ჰერცოგი, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგი

- ალბათ ბევრი საინტერესო შეხვედრა გქონდათ ცხოვრებაში...

- დიახ, ჰანსის სტატუსის გამო ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მაგალითად, მახსენდება შეხვედრა ვაშინგტონში, უფროს და უმცროს ბუშებთან დალასში, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსთან და სოფიასთან. ერთ მიღებაზე ჰანსმა მეფე და დედოფალი ოფიციალურად გამაცნო. დედოფალი სოფია ჰანსის ოჯახს ენათესავება. ჰანსს საქართველოშიც უნდოდა ჯვრისწერის გამეორება და ბევრი სამეფო ოჯახის დაპატიჟება. მათ შორის იყვნენ ხუან კარლოსი და სოფიაც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ნიშნობა ვერ განვახორციელეთ. სხვათა შორის, ეს ამბავი საქართველოს წაადგებოდა. მოგვიანებით ჩვენ საქართველოზე ისტორიული დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი გადავიღეთ „სამეფო ალბომი“, რომელიც ამერიკის და გერმანიის ტელევიზიით გავიდა.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- საქართველოში როცა დაბრუნდით, რას საქმიანობდით?

- ვარდების რევოლუცის შემდეგ დავბრუნდით საქართველოში. ჩემს მეუღლეს აქ ევროპული დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნა უნდოდა. შევიძინეთ ტელევიზია, რომელიც სულ ერთი წელი ვამუშავეთ. მე მიმყავდა საავტორო გადაცემა „ნანას შოუ“, სადაც იმ დროისთვის უცნობ საინტერესო, ნიჭიერ ადამიანებს ვიწევდი. ჩემს მეუღლეს ჰქონდა გადაცემა „ჩემი სამშობლო”, სადაც იწვევდა ელჩებს, პოლიტიკოსებს, უცხოეთის მნიშვნელოვან ფიგურებს და მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხით აცნობდა. ჩვენი ტელევიზია იმდროინდელი მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა, ამიტომ იძულებული გაგვხადეს, რომ ის გაგვეყიდა. 2008 წელს საცხოვრებლად გერმანიაში, ჰანოვერში გადმოვედით.

ნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად
ნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად

- როგორც ჩანს, თქვენს შემოქმედებით მოთხოვნილებას ყოველ ზაფხულს იკმაყოფილებდით საქართველოში, სადაც ფილმებს იღებდით, რაზე ან ვისზეა ეს ფილმები?

- ჩემს გულში საქართველოდან არასოდეს წავსულვარ. მეამაყება, რომ სადაც უნდა ვყოფილიყავი – ამერიკაში, ინგლისსა თუ გერმანიაში, ყველა ჩემს გადაცემაში, ფილმსა თუ ინტერვიუში ჩემი მთავარი სათქმელი საქართველო იყო. აქ ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ და ხან სპეტაკლს ვდგამ და ხან ფილმებში ვმონაწილეობ. რაც მთავარია, ვთანამშრომლობ ნინო ხოფერიასთან, „ერთსულოვნების” ტელევიზიაში და ჩემს სათქმელს ლიტერატურულ გადაცემებში ვამბობ. ანუ ისევ ჩემ საყვარელ საქმიანობას ვეწევი.

- თქვენი მესამე ცხოვრება როდის დაიწყო?

- 2010 წელს შემეძინა ქალიშვილი, პრინცესა მარიამი და ჩემი მესამე ცხოვრება, რომელიც მაშინ დაიწყო, დღემდე გრძელდება. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მაქვს - ვზრდი ქალიშვილს მარიამს, რომელსაც შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ საქართველოც ისევე უყვარს და სამშობლოდ თვლის, როგორც გერმანიას. ეს კი დედაჩემის და პირადად ჩემი დამსახურებაა. მთავარი ინვესტიცია, რაც არაფრით აიწონება, განათლებაა, ჰოდა, მე და ჰანსი ინვესტიციას ჩვენს შვილში ვდებთ.

- ალბათ მკითხველსაც გაუჩნდება შეკითხვა: გერმანიაში პრინცთან ერთად სასახლეში ცხოვრობთ?

- სასახლეში არა, ჰანოვერის გარეუბანში ვცხოვრობთ საკუთარ სახლში ულამაზესი ბაღით. ალტენბურგის სასახლე, სადაც ჰანსის ბაბუა 1943 წლამდე ოფიციალურად ცხოვრობდა, ახლა სახელმწიფოსია და გერმანიის ათ საუკეთესო სასახლეს შორისაა. მახსოვს, როცა დედაჩემი წავიყვანეთ ალტენბურგში, ჰანსმა იხუმრა, დღეს სახელმწიფოს იქით ვუხდი ბილეთის ფულს იმაში, რომ ბაბუაჩემის სასახლე ვნახოო.

- პატარა პრინცესას, მარიამს თუ უყვარს საქართველოში ჩამოსვლა და ქართული თუ იცის?

- რადგან მარიამი არა მარტო ჩემი, მამამისის მხრიდანაც პრინცესაა, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და სულაც არ არის ადვილი. ის ძალიან არისტოკრატულია. ამაყი ვარ, რომ სკოლაში კარგი მოსწავლეა, რაც გერმანიაში ნამდვილად არ არის ადვილი. დადის ტაეკვანდოზე, მღერის და ცეკვავს. ჰანოვერის და ზელცეს თეატრალურ და მუსიკალურ აკადემიაშიც სწავლობს. უკვე ოთხ მიუზიკლში ითამაშა. არის სამოდელო სააგენტო „1001 ღამის“ სახე. გერმანიის თეატრში ჰანსის წინაპარზე შექმნილ ისტორიულ პიესაში ერთად ვითამაშეთ. მარიამი ჰანოვერში ქართული სათვისტომოს „გემის“ საკვირაო სკოლაში დადის. ქართულად წერს და კითხულობს. კიდევ ქართულ ცეკვაზე დადის. როგორც ჰანსი, ისიც პატრიარქის ნათლულია, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. ყოველ წელს სიხარულით ელოდება საქართველოში ჩამოსვლას. უყვარს მეგობრები და ჩვენი სახლი თბილისში. ზაფხულობით უყვარს ურეკი, სადაც გავიცანით უნიჭიერესი ქალბატონი ლალი თავართქილაძე, რომელიც ვთვლი, რომ ურეკის სახეა.

- თქვენი ცხოვრების წიგნი უკვე დაწერეთ?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ წიგნი, რომელიც დავწერე, ჩემი ცხოვრების წიგნია. მისი საშუალებით მინდა თითოეულ ადამიანს ჩემი სათქმელი ვუთხრა. ის თითქმის მზად მაქვს დასაბეჭდად. პოეტობაზე და მწერლობაზე არ მაქვს პრეტენზია. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ჩემ ცხოვრებას ლექსებად და მოკლე ჩანახატებად ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენაზე გადმოგცემთ.

- შეგიძლიათ გვითხრათ, სამშობლო რა არის თქვენთვის?

- სამშობლო რა არის ჩემთვის? რა ვიცი, ეს სახლია, სადაც დავიბადე, მელიქიშვილის ქუჩაა, სადაც გავიზარდე. ჩემი წინაპრებია, სვეტიცხოველია, მთაწმინდაა, კახეთია, სიღნაღში ჩემი წინაპრების დანგრეული სახლია. სამშობლო ჩემთვის ვაკის სასაფლაოა, სადაც დედა და მამაა დაკრძალული. სამშობლო სუნთქვაა, რომელიც სულ შენთანაა და ვერავინ წაგართმევს...

 

435
თემები:
ქართველები უცხოეთში
სანათი

შექმენი სიმყუდროვე ინტერიერში: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ადამიანის ცხოვრებაში

190
(განახლებულია 20:41 26.05.2020)
ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით შეგიძლიათ თქვენი ინტერიერი ორიგინალური, განსხვავებული და მიმზიდველი გახადოთ.

ქეთი ნოზაძე საუცხოო და განსხვავებულ სანათებს, დეკორციებს ქმნის. ქეთის მიერ დამზადებული ყველა ნივთი ინდივიდუალურია და მორგებულია მომხმარებლის სურვილზე, გემოვნებაზე. ქეთი ხელოვნებათმცოდნეა. ამბობს, რომ პროფესიის მიღმაც მისი ცხოვრება მუდმივ კავშირშია ხელოვნებასთან.

ქეთი ნოზაძე
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ნოზაძე

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პროფესიის მიღმაც ჩემი ცხოვრება მუდმივ კავშირშია ხელოვნებასთან. მარტივად და ყოველგვარი მაღალფარდოვანი საუბრის გარეშე ვფიქრობ, რომ ხელოვნება აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერშია. ჩემი გატაცებაც, ბუნების მიღმა, სწორედ ეს არის. ერთი მხრივ არსებობს ამოუცნობი სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად ქმნის საოცრებებს და მეორე მხრივ არსებობენ ხელოვანი ადამიანები, რომლებიც საკუთარი გენიალურობის თუ ნიჭის საფუძველზე ქმნიან ამ ყოველივეს. ეს არის ჯაჭვი, ციკლი, მუდმივი პროცესი, რომელიც არასდროს დასრულდება და მუდმივად ძიებაში გამყოფებს. ამ ეტაპზე, გარდა საქმიანობისა, რომელიც „ლამპინოს“ უკავშირდება, გატაცებული ვარ გრაფიკული დიზაინის შესწავლით, რაც ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვის, რადგან მუდმივად ხელით მუშაობას ვარ მიჩვეული და ამ შემთხვევაში ყველა საჭირო მასალა და ინსტრუმენტი ერთიან, ვირტუალურ სივრცეში მაქვს, რაც თავისთავად მაძლევს განსხვავებულ შესაძლებლობებს ნამუშევრის შექმნის პროცესში.

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- რა არის „ლამპინო“ და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

- რა არის „ლამპინო"? ჯერ ზუსტად არ ვიცი, ეს არის ბრენდი, ჩემი საქმიანობა, ჰობი, თუ რაიმე სხვა. ჩემთვის ეს უბრალოდ იდეების განხორციელებაა. სანათებზე მუშაობა ყოველთვის ძალიან მომწონდა, თუმცა ბრენდის შექმნაზე ნამდვილად არასდროს მიფიქრია. ჩვენ გარშემო არსებულმა სიტუაციამ, ხელნაკეთი ნივთების პოპულარობამ და სოციალურ ქსელში გამარტივებულმა პროცესებმა, განსაკუთრებით კი მეუღლის ძალისხმევამ, რომ აუცილებლად უნდა მქონოდა სივრცე, სადაც შევძლებდი ნამუშევრები გლობალურად გამეზიარებინა, გამოიწვია „ლამპინოს“ შექმნა.

პირველი შეხება კი ხელნაკეთ ნივთებთან, როგორც საქმიანობასთან, იყო Fredo Handmade-ში, სადაც ვმუშაობ, როგორც მხატვარი (თვითნასწავლი), და თავისთავად ეს ეტაპი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი წინსვლისთვის, რადგან მივხვდი, რომ ჰობი შეიძლება საქმიანობად აქციო.

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- ბრენდის კონცეფციაზე გვესაუბრეთ...

- „ლამპინო“ მოიცავს ხელნაკეთ სანათებს, რომელიც იხატება ხელით და ამიტომ განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელია. ჩემთვის სანათი ის ნივთია, რომელიც ინტერიერში ყველაზე დიდ როლს თამაშობს განწყობის შექმნაზე.

- თქვენ მიერ შექმნილი სანათები განსხვავებული და ორიგინალურია. რა მასალით ქმნით მათ?

- მასალა საკმაოდ მრავალფეროვანია. ვიყენებ როგორც ხეს, ასევე პლასტმასს და დეკორატიულ ცემენტს, ელექტროგაყვანილობის გაკეთებაც ხშირად თავად მიწევს.

სანათები
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათები

- მოხატული სანათები რამდენად უძლებს ნათურის მხურვალებას?

- სანათები დენის წყაროზე მუშაობს და თავისთავად გათვლილი და მორგებულია ელექტროენერგიაზე, მით უმეტეს, რომ დღეს გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ ისეთი ნათურები, რომლებიც არ ხურდება და თავისთავად არ ქმნის ნივთის დაზიანების საშიშროებას.

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- სანათებში ძირითადად კოსმოსის თემა ჭარბობს. თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სფეროა?

- სანათების თემატიკას ხშირად თავად ვარჩევ, ხშირად კი მომხმარებელი მკარნახობს რა სურს მას და შეთანხმებულად ვმუშაობთ, ან მხოლოდ მის სურვილს ვეყრდნობი. კოსმოსის თემა ჩემი არჩევანი იყო, რადგან ვთვლი, რომ კოსმოსი ყველაზე საინტერესო, ამოუცნობი და ამასთან გასაოცარი სილამაზის სამყაროა. სანათი „კოსმოსი" კი ინსპირაცია აღმოჩნდა მომხმარებლისთვის და ასე შეიქმნა „სატურნის პლანეტა".

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- სანათების გარდა სხვა ნივთებსაც ქმნით?

- გარდა სანათებისა ვმუშაობ უამრავ დეკორატიულ ნივთზე, მაგალითად, სასტუმროსთვის დავამზადე აბრა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს წესრიგისა და სისუფთავისკენ, ასევე ნიშანი, რომ მოწევა აკრძალულია, ქოთნები ყვავილებისთვის, მოქარგული ფარდაგი, საკიდი ფინჯნებისთვის და მრავალი სხვა...

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- რა ემოციას იწვევს თქვენში ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა?

- ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, როდესაც ნულიდან იწყებ ნივთის შექმნას და არარსებულიდან შედეგად იღებ განწყობას, ემოციას, ფანტაზიას. ამაზე სასიამოვნო ნამდვილად არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს შრომას, ენერგიას, დაზიანებულ ხელებს, გათენებულ ღამეებს და უდიდეს დროს მოითხოვს შენგან. ხშირად რთულია მომხმარებლისთვის გაიგოს, თუ რამდენად რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული მისთვის სასურველი ნივთის შექმნა და თავისთავად საქმიანობის დაფასება და შეფასება რთულდება, მაგრამ ალბათ გასულ ათწლეულებთან შედარებით, როცა ხელნაკეთი ნივთი საჭიროებას წარმოადგენდა და ფაქტობრივად ადამიანებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თავად უნდა ეკეთებინათ უამრავი რამ, რადგან ფიზიკურად არ არსებობდა რომ შეგეძინა, დღეისათვის იცვლება დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ხელოვნებას უფრო უახლოვდება, შესაბამისად, ფასდება იდეაც და სამუშაოც.

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია, რადგან ყველაფრის კეთება ფაქტობრივად მარტო მიწევს, იმის პარალელურად, რომ 10 თვის პატარა მყავს და, შესაბამისად, შეუძლებელია მხოლოდ საქმეზე ვიყო კონცენტრირებული. მაგრამ, როდესაც გაქვს იდეები და მათი განხორციელების სურვილი გაწუხებს, თავისთავად წინ მიდიხარ, მით უმეტეს, როცა საერთოდ არ ფიქრობ, რომ წინსვლის პროცესი აუცილებლად უნდა დააჩქარო, რადგან გარშემო უამრავი საინტერესო და სასიამოვნო მომენტია, რისი გამოტოვებაც ნამდვილად არ ღირს.

190
გიორგი გახარია

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ

0
(განახლებულია 10:22 28.05.2020)
საქართველოს ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი საქართველოს ეკონომიკის აღორძინების გეგმაზე მუშაობს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეთა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განახორციელებს>>

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, ამავე დროს, აცხადებენ, რომ უკვე 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ –4%–მდე დაეცემა.

„ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები, დაახლოებით 1 მილიარდ 800 მილიონი საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, 600 მლნ ლარით ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს, ეს იქნება 300 მლნ მიმდინარე ხარჯები და 300 მლნ კაპიტალური ხარჯები. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტ-ნაკლები ზიანისა და ზარალის გარეშე, ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში არ იქნება აქტუალური“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს მიერ კრედიტების სუბსიდირებას, ისე მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას, საჭიროა 3 მლრდ ლარი.

გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (სსფ) დახმარებას მიიღებს.

„საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მივიღეთ თანხმობა მზაობაზე, რომ დამატებით 1 მილიარდ 500 მლნ დოლარიც არის მზად იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ლიკვიდობის პრობლემა ექნებათ, რომ ეს რესურსი აითვისონ. მოგეხსენებათ, რომ დაკორექტირებულ ბიუჯეტს ჩვენ უახლოეს პერიოდში, ეს იქნება უახლოესი კვირა, 10 დღე შემოვიტანთ და ეს იქნება ის, სადაც გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია სსფ–თან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი.

„საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული“, – განმარტა პრემიერმა.

ამავდროულად, მან აღნშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა.

„გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა, ექსპერტებისა, ჩვენს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ აღორძინების გეგმაზე მუშაობს კემბრიჯში ძალიან სერიოზული პროფესორების ჯგუფი და ამაში გვეხმარებიან ჩვენი დონორები, საერთაშორისო პარტნიორები, ისევე, როგორც ნიუ იორკის deloitte-ის ოფისიც“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოებას აპრილის ბოლოს წარუდგინეს. ის ითვალისწინებს ფულადი კომპენსაციების გაცემას უმუშევრად დარჩენილებისთვის, საგადასახადო შეღავათებს მეწარმეებისთვის, კრედიტების გადავადებას.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა