ემიგრანტი ქალის წერილები: „ახლა საკუთარ თავს და სამშობლოს ვეკითხები – სად შემეშალა?“

გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

შორს წასულები ოჯახსა და სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. ამასთან ერთად ბუნებრივი ნიჭის წყალობით პიროვნულ რეალიზებასაც ახერხებენ და ყოველდღე ამტკიცებენ, რომ მათ შემოქმედებით ნატურას მატერიალური პრობლემები ვერ დაჩრდილავს...

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ნინია ბერიძე ასპინძაში დაიბადა. ლექსებს ბავშვობიდან წერს, ემიგრაციაში, სხვების მსგავსად,  მანაც რთული გზა გაიარა, მაგრამ სულიერებას ვერ შეელია. ლექსებს უცხოეთშიც წერს, დღეს უკვე შორს დარჩენილ ბავშვობასა და სამშობლოზე. ამ წერილში მისი ცხოვრების ამბავია...

© photo: courtesy of Ninia Beridzeნინია ბერიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ახლა საკუთარ თავს და სამშობლოს ვეკითხები – სად შემეშალა?“ - Sputnik საქართველო
ნინია ბერიძე

„მე უბრალოდ მე ვარ. სამცხეში დავიბადე. ვიღაცეებს ჩემთვის არაორდინარულიც უწოდებიათ, გიჟიც და გადარეულიც... იქ დავიბადე, სადაც ჩემი სახლის ბოლოს მტკვარია. სკოლაში ვსწავლობდი, ვკითხულობდი მხოლოდ ზღაპრებს და ბავშვობიდან ვწერდი დიდ ლექსებს. პირველად ათი წლისას ამეხილა თვალი და მივხვდი, რომ ზღაპრებით მტკვარს ვერ გადავცურავდი...

შრომა დაბადებიდან მდევდა. პირველ წელს ვერ ჩავაბარე უნივერსიტეტში და ოჯახი გადაირია, მერე… ჯერ პედაგოგიური დავამთავრე ქუთაისში, მერე პოლიტექნიკურის საინჟინრო ფაკულტეტი.

ვაგროვე დიპლომები, მაგრამ არც ერთი არ გამომადგა.

© photo: courtesy of Ninia Beridzeნინია ბერიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ახლა საკუთარ თავს და სამშობლოს ვეკითხები – სად შემეშალა?“ - Sputnik საქართველო
ნინია ბერიძე

ვიმუშავე ავტოქარხანაში, 90-იანებში ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში ვიყავი. იმ ბნელ წლებში მერიასთან ბავშვთა თეატრი ჩამოვაყალიბე. ვკრეფდი და ვპოულობდი ნიჭიერ ბავშვებს, ვმართავდი სპეკტაკლებს, კონცერტებსა და საღამოებს. ვხვდებოდი ომის ვეტერანებს, შეფობა მქონდა აღებული ბროწეულას უპატრონო ბავშვთა სახლზე. ეს ყველაფერი ხშირად შიშველი ხელებით და სპონსორების წინაშე ყელგამოწვდილმა შევძელი...

2007 წელს მერიაში ვმუშაობდი, როცა ხელფასი 28 ლარი გამომიწერეს. მეტკინა და შევცბი. გავყიდე ერთადერთი ბინა, რომელიც გამაჩნდა, და ცრემლების ყლაპვით ათენისკენ მიმავალ ავტობუსში ავედი, იქიდან კი – რომში... უცხოეთში ბევრი რამ გადავიტანე. მახსოვს ჩემს გულზე დამაგრებული აბრა და ქუჩებში ხეტიალი – ასე ვეძებდი სამსახურს... გამოვიარე ჯოჯოხეთი, უკვე მეცამეტე წელი დაიწყო. ახლა საკუთარ თავს და სამშობლოს ვეკითხები – სად შემეშალა? ვითომ ვიცხოვრე? ვსვამ კითხვას, მაგრამ პასუხი არ მაქვს... ცხოვრების მიწურულს ისევ მივუბრუნდი ზღაპრების კითხვას და ისევ ვწერ ლექსებს, გნებავთ ერთი ლექსი წაგიკითხოთ?

© photo: courtesy of Ninia Beridzeნინია ბერიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ახლა საკუთარ თავს და სამშობლოს ვეკითხები – სად შემეშალა?“ - Sputnik საქართველო
ნინია ბერიძე

ამ მთების იქით სახლია ჩემი და თუ არაა, მინდა რომ იყოს.

ასე მგონია, ვიღაცა მიცდის, ნატვრის ახდენას უნდა უცქირო.

ამ ტბების იქით საქართველოა, ჩემი ფიქრი და დარდი უჩინო.

ვტირივარ, ვდარდობ, რით დავეხმარო ასე პატარას, როგორ ვუშველო?

ამ ქვეყნის იქით ქვეყანა მიცდის, ჩამოფლეთილი კაბის კალთებით,

მე კიდევ შვილი ჩემი მიწისა ურცხვად მივირთმევ მის სადღეგრძელოს.

ვაშენებთ სხვას და დავჯიჯგნეთ ჩვენი, დამნაშავეა ყოველთვის მტერი.

გადაგვიდგაო ქართველებს ღმერთი, ვერ ვუდგევართო ერთმანეთს გვერდში.

ტირის და მოთქვამს ქვეყანა ჩემი, უპატრონო და ალბათ უშვილოც,

უჭირისუფლო მკვდარს დავამსგავსე ჩემი ოცხე და ჩემი სამკვიდრო.

ამ მთების იქით სახლია ჩემი, ჩემი ბავშვობა და სასაფლაო...

© courtesy of Ninia Beridzeნინია ბერიძე
ემიგრანტი ქალის წერილები: „ახლა საკუთარ თავს და სამშობლოს ვეკითხები – სად შემეშალა?“ - Sputnik საქართველო
ნინია ბერიძე

თუკი ოდესმე ვინმე შემეკითხება – რა მახსენდება ჩემი ნახევარ საუკუნეს გადაცილებული ცხოვრებიდან, ვუპასუხებ: სიკეთე–მეთქი...

ჩვენი სიცოცხლე ისეთი პატარაა, რომ მუჭში მოიმწყვდევ. ადამიანებო, დააგროვეთ ბედნიერი წუთები, სიკეთით იცხოვრეთ!..

 

ყველა ახალი ამბავი
0