ქალი სახელად მოლოდინი, მისი ცხოვრების „შემოდგომის ვალსი” და პოეზიის „ვერცხლის ხანა“

© photo: courtesy of Megi Molodiniმეგი მოლოდინი
მეგი მოლოდინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოეზია მისთვის მაშველი რგოლი და სიცოცხლის დეტონატორია. რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება განვლო. ერთ დღესაც სახელი და გვარი შეიცვალა და ყველაფერი, რაც მანამდე ნახა და განიცადა პოეტურად გარითმა...

ასე გაჩნდა სამყაროში მეგი მოლოდინი, რომელმაც ძალიან ლამაზად ჩაანაცვლა მედეა გადელია.

„გაკაწრული მთვარეულები“- ასე ქვია სოხუმელი პოეტისა და მთარგმნელის ლექსების კრებულს. ჩვენთან საუბარში თავისი „ხსოვნის დღიურიდან“ საინტერესო ამბები გაიხსენა...

© photo: courtesy of Megi Molodiniმეგი მოლოდინი
ქალი სახელად მოლოდინი, მისი ცხოვრების „შემოდგომის ვალსი” და პოეზიის „ვერცხლის ხანა“ - Sputnik საქართველო
მეგი მოლოდინი

- ქალბატონო მეგი, საუბარი მარადიული კითხვით დავიწყოთ: რისთვისაა საჭირო ადამიანისთვის პოეზია?

- პოეზიაზე და ზოგადად, ხელოვნებაზე იმდენი რამ დაწერილა და თქმულა, რომ ძნელია, რაიმე ახალი დაამატო და თან ისე, რომ ნათქვამი ბანალური არ გამოვიდეს. თუმცა ჩემი აზრით, ალბათ, რამდენი ადამიანიცაა, პოეზიის იმდენივე აღქმაა, შეგრძნება და მოთხოვნილება არსებობს. პირადად მე, პოეზია მაინც მაშველი რგოლი მგონია და არის კიდევაც ჩემთვის ამ ურთულეს და გაუტანელ ყოფით პროზაში. ის სიცოცხლის დეტონატორია ადამიანში, თუ რასაკვირველია, მას უყვარს ის და მისი შემეცნების უნარიც აქვს. რაც ყველაზე მთავარია, ბროდსკის სიტყვებით რომ ვთქვათ: „პოეზია ეხმარება ადამიანს, რომ იქცეს ადამიანად “. ადამიანად დარჩენა ის უდიდესი სიკეთე და მადლია, რომელსაც პოეზიის ღმერთი უშურველად გასცემს...

© photo: courtesy of Megi Molodiniმეგი მოლოდინი
ქალი სახელად მოლოდინი, მისი ცხოვრების „შემოდგომის ვალსი” და პოეზიის „ვერცხლის ხანა“ - Sputnik საქართველო
მეგი მოლოდინი

- მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს უმრავლესობა ბავშვობიდან ითვისებს, თქვენ ვინ შეგაყვარათ?

- მხატვრული ლიტერატურა მამამ შემაყვარა ბავშვობიდან, თვითონაც მწერალი იყო. აფხაზეთში საკმაოდ პოპულარული იყო მისი რომანი „პოსეიდონის საიდუმლოება”. სიტყვამ მოიტანა და, ოდესმე მამაზე, მის ფენომენზე დავწერ და მის მემუარებსაც გამოვაქვეყნებ. არასოდეს დამავიწყდება, როგორ წამაკითხა მან ანა კალანდაძის „ჭია-ჭია მარია'' და ჯონ გოლზუორთის „ვაშლის ყვავილი'', რომლებიც განსაკუთრებული სიყვარულით, სამუდამოდ ჩაეწერნენ ჩემი ბავშვობის ხსოვნის „დღიურში''...

© photo: courtesy of Megi Molodiniმეგი მოლოდინი
ქალი სახელად მოლოდინი, მისი ცხოვრების „შემოდგომის ვალსი” და პოეზიის „ვერცხლის ხანა“ - Sputnik საქართველო
მეგი მოლოდინი

- თქვენი პირველი ლექსი გაიხსენეთ - რა გახდა მისი დაწერის სტიმული?

- პოეზია ძალიან მიყვარდა, ისევე როგორც ზღვა... ლექსების წერა ადრეული ასაკიდან დავიწყე. მახსოვს, რომ სწორედ ზღვაზე დავწერე ჩემი პირველი ლექსიც… განსაკუთრებულად მახსენდება სოხუმი, სკოლაში დაწყებითის მასწავლებელი ციალა გამსახურდია და ქართულის მასწავლებელი ცაცა ხუნდაძე, ამ უკანასკნელმა მასწავლა ის, რაც ადამიანურის საფუძველია ადამიანში, მითუმეტეს, პოეტური სულის გასაღვივებლად. ჩემი პირველი ლექსი სკოლის კედლის გაზეთში დაბეჭდეს, მერე კი ინსტიტუტის გაზეთში… ეს მოხდა სხვების ინიციატივით, თორემ პირადად მე, არც მაშინ და არც მერე, ჩემი ფეხით არსად მივსულვარ- ლექსები დამიბეჭდეთ-მეთქი. უბრალოდ, მათ იცოდნენ, რომ ჩემთვის ვწერდი და როგორც დავალებას, ისე მავალებდნენ, რომ ლექსები სკოლის გაზეთისთვის მიმეტანა. გაგრაში მუშაობის პერიოდშიც, ჩემმა მეგობარმა, ვისთანაც ბინაზე ვცხოვრობდი, ჩემი სამი ლექსი რედაქციაში ისე წაიღო, რომ მე არ გამაგებინა. მან იცოდა, რომ წინააღმდეგი ვიყავი.

© photo: courtesy of Megi Molodiniმეგი მოლოდინი
ქალი სახელად მოლოდინი, მისი ცხოვრების „შემოდგომის ვალსი” და პოეზიის „ვერცხლის ხანა“ - Sputnik საქართველო
მეგი მოლოდინი

- თქვენს თარგმანებზეც ვისაუბროთ, არსებობს მოსაზრება, რომ ლექსების თარგმნა უფრო რთულია, ვიდრე წერა - თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ამ მოსაზრებას ვეთანხმები იმდენად, რამდენადაც თარგმნა გაცილებით საპასუხისმგებლო საქმეა. რადგან მკითხველამდე ისე უნდა მიიტანო ავტორი, რომ მისი პოეტური სულიც შეინარჩუნო და სწორად გადმოსცე ის სათქმელი, რისთვისაც ეს ლექსი დაიწერა. ამასთან არ უნდა დაიკარგოს ავტორის ხელწერა, სტილი და ლექსის რიტმი, უნდა გაითვალისწინო ლექსის რითმული წყობა და რაც ყველაზე მთავარია, გაითავისო ავტორის შინაგანი პოეტური სამყარო... როცა ყველაფერ ამას მთარგმნელი კარგად ახერხებს, მიმაჩნია, რომ ის ორგზის პოეტია...

© photo: courtesy of Megi Molodiniმეგი მოლოდინი
ქალი სახელად მოლოდინი, მისი ცხოვრების „შემოდგომის ვალსი” და პოეზიის „ვერცხლის ხანა“ - Sputnik საქართველო
მეგი მოლოდინი

- თქვენს ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ მთარგმნელი მეგობრებმა გამხადესო...

- დიახ, შეიძლება ასე ითქვას, რადგან ლექსებს კი ვწერდი ბავშვობიდან, მაგრამ არასოდეს მიცდია, რომ თარგმანში ბედი მეცადა. ერთი ბედნიერი შემთხვევის წყალობით, სოციალურ ქსელში გადავწყვიტე, რომ გადმომექართულებინა მარინა ცვეტაევას საყოველთაოდ ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ლექსი “მე მომწონს”, რომლის ტექსტზე დაიწერა ასეთივე შესანიშნავი სიმღერა პოპულარული ფილმისთვის. მოხდა ისე, რომ იმ შემთხვევამ გამაცნო დიდებული მთარგმნელი, ქალბატონი ჯანა ამირეჯიბი, რომელთანაც დღეს გულითადი მეგობრობა მაკავშირებს და რომლის წინასიტყვაობაც ჩემს მოკრძალებულ კრებულს ამშვენებს. მაშინ გავეცანი ხსენებული ლექსის მისეულ მშვენიერ თარგმანს. ის სტიმული გახდა ჩემთვის, რათა თარგმანში მეც მომესინჯა ძალები და იმ ლექსის კიდევ ერთი, ჩემი ვერსია გამეკეთებინა.

© photo: courtesy of Megi Molodiniმეგი მოლოდინი
ქალი სახელად მოლოდინი, მისი ცხოვრების „შემოდგომის ვალსი” და პოეზიის „ვერცხლის ხანა“ - Sputnik საქართველო
მეგი მოლოდინი

-არ გკითხავთ რატომ შეაჩერეთ არჩევანი რუსული პოეზიის „ვერცხლის ხანაზე“, რადგან ის მართლაც განსაკუთრებულია, გამორჩეულად თუ გიყვართ რომელიმე ავტორი?

-  სიყმაწვილიდან ვეტრფოდი: ცვეტაევას, ახმატოვას, ბლოკის, პასტერნაკის, ესენინისა და სხვათა პოეზიას. განსაკუთრებულ პატივისცემას კი ყოველთვის იმსახურებდნენ ჩემში ის ხელოვანები, რომელნიც თავად იყვნენ საბჭოური მანქანის მსხვერპლი... მათგანაც  გამორჩეულად მიყვარდა მარინა ცვეტაევა და ალექსანდრე ბლოკი, რომელთაც საკუთარი გულწრფელი ლექსებიც ვუძღვენი. სულ მალე შესანიშნავი პოეტისა და მთარგმნელის, ია ხასაიას შემოთავაზებითა და რჩევით მთარგმნელთა კლუბში გავწევრიანდი, რომლის პრეზიდენტი, დიდებული ბატონი, ალექსანდრე ელერდაშვილი გახლავთ. მოკლედ ქართველ მთარგმნელთა შესანიშნავმა ოჯახმა მე მომცა ყველაფერი ის, რასაც უნდა შეევსო ამ სფეროში ჩემი საქმიანობა, განევრცო და გაემყარებინა ამ ჯადოსნური პროცესისადმი მისწრაფება და სიყვარული, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის „ნარკოტიკულ’’ დამოკიდებულებად მექცა...

© photo: courtesy of Megi Molodiniმეგი მოლოდინი
ქალი სახელად მოლოდინი, მისი ცხოვრების „შემოდგომის ვალსი” და პოეზიის „ვერცხლის ხანა“ - Sputnik საქართველო
მეგი მოლოდინი

- გაიხსენეთ თქვენი ლექსი, რომელიც სრულიად უჩვეულო დროს „მოვიდა“ თქვენამდე...

- იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთ წვეულებაზე, როდესაც სრულიად მოულოდნელად შევხვდი ადამიანს, რომელიც წლები არ მენახა, მან საცეკვაოდ გამიწვია და მაშინ უეცრად დაიბადა ჩემი ლექსი „შემოდგომის ვალსი''...

© photo: courtesy of Megi Molodiniმეგი მოლოდინი
ქალი სახელად მოლოდინი, მისი ცხოვრების „შემოდგომის ვალსი” და პოეზიის „ვერცხლის ხანა“ - Sputnik საქართველო
მეგი მოლოდინი

- თქვენი რომელი ლექსი გამოხატავს ყველაზე კარგად თქვენს პიროვნებას?

- ყველაზე კარგად?- ჩემს ერთ ლექსს გაგაცნობთ:

სიკვდილის შემდეგ? -

მიწა მერგოს სამი არშინი...

ტანს გვირილები მეცრებოდეს

მზისგან გაშლილი,

თან შორიახლო შრიალებდნენ

ცაცხვი, ძახველი...

იქ - ეს მეყოფა,

აქ - მიმყოფე

ცოცხლად

სახელი...

© photo: courtesy of Megi Molodiniმეგი მოლოდინი
ქალი სახელად მოლოდინი, მისი ცხოვრების „შემოდგომის ვალსი” და პოეზიის „ვერცხლის ხანა“ - Sputnik საქართველო
მეგი მოლოდინი

- სახელი ახსენეთ... პოეტურ ფსევდონიმად რატომ აირჩიეთ „მეგი მოლოდინი”?- რთულია მოლოდინი...

- ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია მედეა გადელია... მოლოდინი კი თავისთავად რთულია, მითუმეტეს ჩვენი მწარე რეალობის გათვალისწინებით, მაგრამ ეს ცნება ჩემთვის უკვე მთელ შეგნებულ ცხოვრებად, ფიქრისა და განსჯის ერთ დიდ უცნაურ მოცემულობად, განვლილი წლების ერთგვარ  შეჯამებად იქცა, რომელსაც უდავოდ აცოცხლებს და  ასულდგმულებს მეორე ცნება, მოლოდინის თანმდევი სიტყვა -იმედი... იმედი კი, როგორც იტყვიან, ყველაზე ბოლოს კვდება და მოლოდინზე გაცილებით მეტის დამტევია...

მეგო მოლოდინის თარგმანი

ანა ახმატოვა

* * *

ყოფილა ხოლმე: მოვყევ დუმილით,

რაც უმღერია სიზმარს,

ერთი გვაქვს ვარდსაც და რომ უღიმის,

ხვედრი, მეც და იმ სხივსაც...

მოცოცავს თოვლი მთებით, დამრეცით,

მე კი ვარ თოვლზე თეთრი,

თუმც მდინარენი ტკბილად მსიზმრობენ

მღვრიე ქაფების ფრთებით.

ფიქრზე მშვიდია უფრო ნაძვნარი,

როცა განთიადს ხვდები...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0