სვეტლანა ლოგუა

იურისტის ცხოვრებისეული გატაცება: ქალი, რომელმაც ქაღალდი აამეტყველა

2573
(განახლებულია 18:39 23.10.2019)
სვეტლანა ლოგუა წარმოშობით სოხუმიდანაა, თუმცა ამჟამად ბათუმში ცხოვრობს. პროფესიით იურისტია. შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ მთავარი მებაჟე-ოფიცერი გახლავთ. რამდენიმე წლის წინ ქვილინგის ხელოვნებით დაინტერესდა და მის ტექნიკას თავად დაეუფლა.

მოკლე ხანში იმდენად დახვეწა ნამუშევრები, რომ დღეს „ქაღალდის მბრძანებელს“ უწოდებენ. სვეტლანას ორი ერთნაირი ნივთი არ დაუმზადებია, რასაც ქმნის, იმის მხოლოდ ორიგინალური ნიმუშები არსებობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაფერს იმპროვიზაციით და მონახაზის გარეშე აკეთებს.

სვეტლანა ლოგუა
სვეტლანა ლოგუა

- ხელოვნება ყველა ადამიანშია, მთავარია აღმოაჩინო ის. ხელოვნებას ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. გატაცებული ვარ ქვილინგით. ეს არის ხელოვნების დარგი, რომელიც სათავეს მე-14 საუკუნიდან იღებს. ქვილინგი ინგლისური სიტყვაა და ფრინველის ფრთას ნიშნავს. ეს გახლავთ ქაღალდის დახვევის ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც იქმნება სხვადასხვა ნამუშევრები და ნახატები.

სვეტლანა ლოგუას შემოქმედება
სვეტლანა ლოგუას შემოქმედება

- როდის დაინტერესდით ამ ხელოვნებით?

- 2015 წელს შემოსავლების სამსახურის უფროსისგან საახალწლო მოსალოცი ბარათი მივიღეთ, სადაც დახვეული ქაღალდისგან იყო გამოსახული ულამაზესი ნაძვის ხე. მაშინ აღმოვაჩინე  ხელოვნების ეს დარგი და შექმნის ტექნიკას ჩემით დავეუფლე. ამ პატარა მოსალოცმა ბარათმა შეცვალა ჩემი ცხოვრება და  დღეს თუ ასეთ საინტერესო ნამუშევრებს ვქმნი, სწორედ მისი დამსახურებაა.

სვეტლანა ლოგუას შემოქმედება
სვეტლანა ლოგუას შემოქმედება

- თქვენი სულიერი განწყობა, ემოცია ყოველთვის იგრძნობა თქვენს ნამუშევრებში? შესაძლოა მსგავსი საქმიანობის იმპულსი ცხოვრებაში რაიმე მძაფრი შეგრძნება გახდეს?

- შექმნის პროცესში მხოლოდ ქაღალდის კომპოზიციის შექმნაზე არ ვარ ორიენტირებული, მთავარია ნამუშევარი შინაარსობრივი  და მრავლის მთქმელი იყოს, გამოხატოს ხასიათი, ემოცია. მნახველს ჩემი ნამუშევრების დანახვისას ხშირად უჩნდება კითხვა - რისგანაა გაკეთებული? და მაშინ ვხვდები, რომ მიზანი მიღწეულია, რადგან  ქაღალდი ახლებური, სრულიად განსხვავებული ფორმით წარმოჩნდება ჩემს ნამუშევრებში.

სვეტლანა ლოგუას შემოქმედება
სვეტლანა ლოგუას შემოქმედება

- როგორ იქმნება თქვენი თითოეული ნამუშევარი?

- თაიგულების შექმნისას წინასწარ არ ვიცი რა გამოვა, შესაძლოა სხვა მქონდეს ჩაფიქრებული და საბოლოოდ სრულიად სხვა გამოვიდეს. რაც შეეხება სილუეტებს, აქ განსხვავებული ტექნიკით ვმუშაობ, მთავარია სწორი მიმართულება მისცე, რომ სრულყოფილი გამოვიდეს სხეული, სახე. როდესაც პირველად ვქმნი, მაშინ მონახაზს გავაკეთებ, ვჩერდები და შესაძლოა 2-3 დღე იდოს და ვუყურო. არის ნამუშევრები, რომელთა შექმნისთვის ორი თვეც დამჭირვებია, რათა რეალურთან ახლოს იყოს. დაახლოებით ერთი წელი ვემზადებოდი პორტრეტების შესაქმნელად. მაშინ მეგონა, რომ ძალიან რთული იყო კონკრეტული ადამიანის ხასიათის ქაღალდით გამოხატვა. პირველი მცდელობა ბობ მარლის პორტრეტი იყო. სულ ვამბობდი, თუ პორტრეტს შევქმნი, მაშინ შეიძლება მეწოდოს ხელოვანი.

სვეტლანა ლოგუას შემოქმედება
სვეტლანა ლოგუას შემოქმედება

- პორტრეტებსაც იგივე ტექნიკით ქმნით?

- პორტრეტსაც თითქმის იგივე ტექნიკით ვქმნი, უბრალოდ რაღაცნაირად ჩემით მომივიდა აზრად. გარდა ამისა არის რუსი მხატვარი, რომელიც ქაღალდისგან ქმნის პორტრეტებს, მაგრამ ის სულ სხვანაირად აკეთებს. მე ჩემი მეთოდი შევიმუშავე.

სვეტლანა ლოგუას შემოქმედება
სვეტლანა ლოგუას შემოქმედება

- სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ. როგორ უთავსებთ სამსახურს ჰობს?

- ხშირად მეკითხებიან, როდის ასწრებ? რა ნებისყოფა გაქვს სათითაოდ დაამზადო თითო დეტალი, შექმნა კომპოზიცია და მერე ეს ყველაფერი ერთ ჩარჩოში მოაქციო და შექმნა რაღაც ახალი, განსხვავებული?  და მაშინ ვპასუხობ, მიყვარს რასაც ვაკეთებ და თუ გიყვარს დროს ყოველთვის გამონახავ. ყოველთვის რაღაც ახალს ვეძებ და ვპოულობ, რადგან მომწონს ყოველი შექმნილი.  თითოეული მათგანი ჩემთვის ცოცხალია, თითქოს რაღაც წამი დავიჭირე და გავაჩერე.  თითოეულ ნამუშევარს დიდი ემოციით, სიყვარულით, სითბოთი ვქმნი. ჩემი ნამუშევრები არ არის რაღაც თანამედროვე უსულო მექანიზმის მიერ ასლებად გამოშვებული, ის ხელით კეთდება და შესაბამისად სიცოცხლით სავსეა.

ჩემთვის ქაღალდი, მხოლოდ საწერად გამოსაყენებელი მასალა არაა. უბრალოდ მხატვრები თუ ფუნჯით ხატავენ, მე ვხატავ ქაღალდით და მგონი ქაღალდისგან ვქმნი საოცრებებს.

სვეტლანა ლოგუას შემოქმედება
სვეტლანა ლოგუას შემოქმედება

- ავტოპორტრეტი შეგიქმნიათ?

- არა, ავტოპორტრეტი არასოდეს შემიქმნია.

სვეტლანა ლოგუას შემოქმედება
სვეტლანა ლოგუას შემოქმედება

- საუცხოო ნამუშევრები გაქვთ. არასოდეს გიფიქრია ფართო საზოგადოებისთვის გაგეცნოთ თქვენი შემოქმედება? სურვილი არ გაგჩენიათ პერსონალური გამოფენა მოგეწყოთ?

- ვთვლი, რომ ჯერ ადრეა პერსონალურ გამოფენაზე ფიქრი. ერთწლიანი საქმიანობა არაა საკმარისი პერსონალური გამოფენის მოწყობისთვის. ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ, მაქვს იდეები, რომელთა ქაღალდით ამეტყველება მსურს. უბრალოდ ჯერ არ ვიცი როგორ. მართალია ჩემი შემოქმედების აქტიური ქომაგი „ქაღალდის მბრძანებელს“ მიწოდებს, მაგრამ ვთვლი, რომ ხელოვნების ამ ჟანრს ახლა ვეუფლები. ასე, რომ ამ ეტაპზე პერსონალური გამოფენის მოწყობაზე ნაადრევია ფიქრი. თუმცა, მსურველებს ჩემი ნამუშევრების ხილვა შეუძლიათ წიგნების მაღაზია კაფეში  ABC - Coffee & Book.

 

2573
ნანა ანდრონიკაშვილი მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან და ქალიშვილთან ერთად

ქართველი თავადის ასულისა და გერმანელი ჰერცოგის სიყვარულის ამბავი და ქართული საქმეები

451
(განახლებულია 21:11 27.05.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრები მსახიობის, პროდიუსერისა და ჟურნალისტის ნანა ანდრონიკაშვილის უჩვეულო ცხოვრების ისტორიას გაგაცნობთ.

წლების წინ თბილისში ლეგენდასავით დადიოდა ამბავი იმაზე, თუ როგორ გაჰყვა ცოლად ანდრონიკაშვილების შთამომავალი საქსონიის ჰერცოგს. ეს ალბათ ის შემთხვევაა, როცა ცხენზე ამხედრებული პრინცის ზღაპარი რეალურად ახდა.

თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანის სტუდენტი იყო, რუსთაველის თეატრში მაესტრო სტურუასთან ათი წელი იმუშავა. მის ანგარიშზე ათამდე თეატრალური როლი და 30-მდე კინოროლია. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში, სადაც მისი მონაწილეობით ლიტერატურული სპექტაკლები და ჩანაწერები არქივშია შემონახული.  

2008 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან ერთად, რომელიც არქეოლოგი, ისტორიკოსი და მწერალი გახლავთ. ჰყავთ ქალიშვილი – ცხრა წლის მარიამი. თავიდან ამერიკაში ცხოვრობდნენ, შემდეგ გერმანიაში, ჰანოვერში გადავიდნენ, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტიათ. რაც მთავარია, მათი საქმიანობა ყოველთვის ამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა...

ნანა ანდრონიკაშვილი
ნანა ანდრონიკაშვილი

- ქალბატონო ნანა, თქვენი ცხოვრება საინტერესო ფილმს ჰგავს, თავად რას იტყვით?

- შესაძლოა ასეც იყოს... დღევანდელი გადასახედიდან ჩემს ცხოვრებას სამ ნაწილად დავყოფდი: პირველი – ოჯახი, ბავშვობა და პროფესია, მეორე – ჩემს მეუღლესთან შეხვედრა და მასთან ახალი ცხოვრების დაწყება და მესამე ნაწილი – ჩემი ქალიშვილის მარიამის დაბადებიდან დღემდე. თეატრი და ხელოვნება ბუნებრივად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. დედა რეჟისორ-პედაგოგი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში, მამა – მსახიობი და პედაგოგი, ამიტომ თითქმის ყოველ საღამოს უნივერსიტეტსა თუ თეატრში რეპეტიციებზე ვატარებდი.

ნანა ანდრონიკაშვილი
ნანა ანდრონიკაშვილი

- მოულოდნელად ერთმა ამბავმა მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრება...

- ნათქვამია, შემთხვევით არაფერი ხდებაო და ჩემი ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია. 1997 წელს ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალი Gift, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი. ფესტივალზე ჩამოსულმა ინგლისელმა პროდიუსერებმა ლონდონში ექსპერიმენტულ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. იქ ერთ-ერთი ჟურნალის „იმპრესიონის” რედაქტორმა ჩემზე დაწერა სტატია, სადაც ჩემს ოჯახსა და საქართველოს ისტორიაზე ვისაუბრე. სტატიაში წინაპრების ფოტოებიც იყო. ის ჟურნალი საერთაშორისო იყო და ბევრ ქვეყანაში გამოქვეყნდა. მისი ერთი ეგზემპლარი „ბრიტიშ ეარვეისის“ თვითმფრინავშიც მოხვდა. აქედან იწყება ჩემი მეორე ცხოვრება. ჩემმა მომავალმა მეუღლემ, რომელიც საქმიანი ვიზიტით საქართველოში მოფრინავდა, ეს სტატია თვითმფრინავში წაიკითხა. დაინტერესდა იმით, რომ საქართველოში არისტოკრატიული საზოგადოება არსებობდა, თან, როგორც შემდეგ გამომიტყდა, იქ ჩემი ფოტოც ნახა და თურმე გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლისთანავე მოვეძებნე.

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

- საინტერესოა, როგორ გაგეცნოთ?

- როდესაც ტელეფონზე დამირეკა, ასე გამეცნო: ჰანს პრინცი ფონ საქსენ-ალტენბურგი გაწუხებთო. იმ დროს ახალი ჩამოსული ვიყავი ლონდონიდან, სადაც იცოდნენ ჩემი არისტოკრატიული წარმომავლობა და მეგონა რომელიმე ინგლისელი მეგობარი მეხუმრებოდა. დიდი ხანი დასჭირდა, რომ დავერწმუნებინე არ ხუმრობდა. ამ საუბრის მერე ერთმანეთს შევხვდით. მოგვიანებით ჩვენს ოჯახში მოვიდა და ახლოს გაგვეცნო.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- ცოლობაც განსკუთრებულად გთხოვათ?

- როდესაც საქართველოში მესამედ ჩამოვიდა, სვანეთში მთხოვა გაყოლა. იქ ნამყოფი არც მე ვიყავი და დავთანხმდი. ოქტომბრის ბოლო იყო და მოულოდნელად გზები ჩაიკეტა: სამი დღე ველოდებოდით გზის გახსნას. სწორედ იქ, იმ ულამაზეს ბუნებაში, სადაც თითქოს ღრუბლებს ზემოთ ხარ, მთხოვა ხელი. ამის მერე თბილისში ჩინელი დრამატურგის და მათი საელჩოს მოწვევით მქონდა ჩინური სპექტაკლის პრემიერა, სადაც მთავარ როლს ვთამაშობდი. სპეტაკლის მერე გრანდიოზული სახალხო ნიშნობა გვქონდა. მალე ქორწილიც გადავიხადეთ. შემდეგ გავემგზავრეთ ამერიკაში, სადაც ხელი მოვაწერეთ. 

ნანა ანდრონიკაშვილი და საქსონიის ჰერცოგი, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგი
ნანა ანდრონიკაშვილი და საქსონიის ჰერცოგი, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგი

- ალბათ ბევრი საინტერესო შეხვედრა გქონდათ ცხოვრებაში...

- დიახ, ჰანსის სტატუსის გამო ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მაგალითად, მახსენდება შეხვედრა ვაშინგტონში, უფროს და უმცროს ბუშებთან დალასში, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსთან და სოფიასთან. ერთ მიღებაზე ჰანსმა მეფე და დედოფალი ოფიციალურად გამაცნო. დედოფალი სოფია ჰანსის ოჯახს ენათესავება. ჰანსს საქართველოშიც უნდოდა ჯვრისწერის გამეორება და ბევრი სამეფო ოჯახის დაპატიჟება. მათ შორის იყვნენ ხუან კარლოსი და სოფიაც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ნიშნობა ვერ განვახორციელეთ. სხვათა შორის, ეს ამბავი საქართველოს წაადგებოდა. მოგვიანებით ჩვენ საქართველოზე ისტორიული დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი გადავიღეთ „სამეფო ალბომი“, რომელიც ამერიკის და გერმანიის ტელევიზიით გავიდა.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- საქართველოში როცა დაბრუნდით, რას საქმიანობდით?

- ვარდების რევოლუცის შემდეგ დავბრუნდით საქართველოში. ჩემს მეუღლეს აქ ევროპული დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნა უნდოდა. შევიძინეთ ტელევიზია, რომელიც სულ ერთი წელი ვამუშავეთ. მე მიმყავდა საავტორო გადაცემა „ნანას შოუ“, სადაც იმ დროისთვის უცნობ საინტერესო, ნიჭიერ ადამიანებს ვიწევდი. ჩემს მეუღლეს ჰქონდა გადაცემა „ჩემი სამშობლო”, სადაც იწვევდა ელჩებს, პოლიტიკოსებს, უცხოეთის მნიშვნელოვან ფიგურებს და მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხით აცნობდა. ჩვენი ტელევიზია იმდროინდელი მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა, ამიტომ იძულებული გაგვხადეს, რომ ის გაგვეყიდა. 2008 წელს საცხოვრებლად გერმანიაში, ჰანოვერში გადმოვედით.

ნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად
ნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად

- როგორც ჩანს, თქვენს შემოქმედებით მოთხოვნილებას ყოველ ზაფხულს იკმაყოფილებდით საქართველოში, სადაც ფილმებს იღებდით, რაზე ან ვისზეა ეს ფილმები?

- ჩემს გულში საქართველოდან არასოდეს წავსულვარ. მეამაყება, რომ სადაც უნდა ვყოფილიყავი – ამერიკაში, ინგლისსა თუ გერმანიაში, ყველა ჩემს გადაცემაში, ფილმსა თუ ინტერვიუში ჩემი მთავარი სათქმელი საქართველო იყო. აქ ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ და ხან სპეტაკლს ვდგამ და ხან ფილმებში ვმონაწილეობ. რაც მთავარია, ვთანამშრომლობ ნინო ხოფერიასთან, „ერთსულოვნების” ტელევიზიაში და ჩემს სათქმელს ლიტერატურულ გადაცემებში ვამბობ. ანუ ისევ ჩემ საყვარელ საქმიანობას ვეწევი.

- თქვენი მესამე ცხოვრება როდის დაიწყო?

- 2010 წელს შემეძინა ქალიშვილი, პრინცესა მარიამი და ჩემი მესამე ცხოვრება, რომელიც მაშინ დაიწყო, დღემდე გრძელდება. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მაქვს - ვზრდი ქალიშვილს მარიამს, რომელსაც შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ საქართველოც ისევე უყვარს და სამშობლოდ თვლის, როგორც გერმანიას. ეს კი დედაჩემის და პირადად ჩემი დამსახურებაა. მთავარი ინვესტიცია, რაც არაფრით აიწონება, განათლებაა, ჰოდა, მე და ჰანსი ინვესტიციას ჩვენს შვილში ვდებთ.

- ალბათ მკითხველსაც გაუჩნდება შეკითხვა: გერმანიაში პრინცთან ერთად სასახლეში ცხოვრობთ?

- სასახლეში არა, ჰანოვერის გარეუბანში ვცხოვრობთ საკუთარ სახლში ულამაზესი ბაღით. ალტენბურგის სასახლე, სადაც ჰანსის ბაბუა 1943 წლამდე ოფიციალურად ცხოვრობდა, ახლა სახელმწიფოსია და გერმანიის ათ საუკეთესო სასახლეს შორისაა. მახსოვს, როცა დედაჩემი წავიყვანეთ ალტენბურგში, ჰანსმა იხუმრა, დღეს სახელმწიფოს იქით ვუხდი ბილეთის ფულს იმაში, რომ ბაბუაჩემის სასახლე ვნახოო.

- პატარა პრინცესას, მარიამს თუ უყვარს საქართველოში ჩამოსვლა და ქართული თუ იცის?

- რადგან მარიამი არა მარტო ჩემი, მამამისის მხრიდანაც პრინცესაა, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და სულაც არ არის ადვილი. ის ძალიან არისტოკრატულია. ამაყი ვარ, რომ სკოლაში კარგი მოსწავლეა, რაც გერმანიაში ნამდვილად არ არის ადვილი. დადის ტაეკვანდოზე, მღერის და ცეკვავს. ჰანოვერის და ზელცეს თეატრალურ და მუსიკალურ აკადემიაშიც სწავლობს. უკვე ოთხ მიუზიკლში ითამაშა. არის სამოდელო სააგენტო „1001 ღამის“ სახე. გერმანიის თეატრში ჰანსის წინაპარზე შექმნილ ისტორიულ პიესაში ერთად ვითამაშეთ. მარიამი ჰანოვერში ქართული სათვისტომოს „გემის“ საკვირაო სკოლაში დადის. ქართულად წერს და კითხულობს. კიდევ ქართულ ცეკვაზე დადის. როგორც ჰანსი, ისიც პატრიარქის ნათლულია, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. ყოველ წელს სიხარულით ელოდება საქართველოში ჩამოსვლას. უყვარს მეგობრები და ჩვენი სახლი თბილისში. ზაფხულობით უყვარს ურეკი, სადაც გავიცანით უნიჭიერესი ქალბატონი ლალი თავართქილაძე, რომელიც ვთვლი, რომ ურეკის სახეა.

- თქვენი ცხოვრების წიგნი უკვე დაწერეთ?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ წიგნი, რომელიც დავწერე, ჩემი ცხოვრების წიგნია. მისი საშუალებით მინდა თითოეულ ადამიანს ჩემი სათქმელი ვუთხრა. ის თითქმის მზად მაქვს დასაბეჭდად. პოეტობაზე და მწერლობაზე არ მაქვს პრეტენზია. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ჩემ ცხოვრებას ლექსებად და მოკლე ჩანახატებად ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენაზე გადმოგცემთ.

- შეგიძლიათ გვითხრათ, სამშობლო რა არის თქვენთვის?

- სამშობლო რა არის ჩემთვის? რა ვიცი, ეს სახლია, სადაც დავიბადე, მელიქიშვილის ქუჩაა, სადაც გავიზარდე. ჩემი წინაპრებია, სვეტიცხოველია, მთაწმინდაა, კახეთია, სიღნაღში ჩემი წინაპრების დანგრეული სახლია. სამშობლო ჩემთვის ვაკის სასაფლაოა, სადაც დედა და მამაა დაკრძალული. სამშობლო სუნთქვაა, რომელიც სულ შენთანაა და ვერავინ წაგართმევს...

 

451
თემები:
ქართველები უცხოეთში
სანათი

შექმენი სიმყუდროვე ინტერიერში: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ადამიანის ცხოვრებაში

190
(განახლებულია 20:41 26.05.2020)
ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით შეგიძლიათ თქვენი ინტერიერი ორიგინალური, განსხვავებული და მიმზიდველი გახადოთ.

ქეთი ნოზაძე საუცხოო და განსხვავებულ სანათებს, დეკორციებს ქმნის. ქეთის მიერ დამზადებული ყველა ნივთი ინდივიდუალურია და მორგებულია მომხმარებლის სურვილზე, გემოვნებაზე. ქეთი ხელოვნებათმცოდნეა. ამბობს, რომ პროფესიის მიღმაც მისი ცხოვრება მუდმივ კავშირშია ხელოვნებასთან.

ქეთი ნოზაძე
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ნოზაძე

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პროფესიის მიღმაც ჩემი ცხოვრება მუდმივ კავშირშია ხელოვნებასთან. მარტივად და ყოველგვარი მაღალფარდოვანი საუბრის გარეშე ვფიქრობ, რომ ხელოვნება აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერშია. ჩემი გატაცებაც, ბუნების მიღმა, სწორედ ეს არის. ერთი მხრივ არსებობს ამოუცნობი სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად ქმნის საოცრებებს და მეორე მხრივ არსებობენ ხელოვანი ადამიანები, რომლებიც საკუთარი გენიალურობის თუ ნიჭის საფუძველზე ქმნიან ამ ყოველივეს. ეს არის ჯაჭვი, ციკლი, მუდმივი პროცესი, რომელიც არასდროს დასრულდება და მუდმივად ძიებაში გამყოფებს. ამ ეტაპზე, გარდა საქმიანობისა, რომელიც „ლამპინოს“ უკავშირდება, გატაცებული ვარ გრაფიკული დიზაინის შესწავლით, რაც ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვის, რადგან მუდმივად ხელით მუშაობას ვარ მიჩვეული და ამ შემთხვევაში ყველა საჭირო მასალა და ინსტრუმენტი ერთიან, ვირტუალურ სივრცეში მაქვს, რაც თავისთავად მაძლევს განსხვავებულ შესაძლებლობებს ნამუშევრის შექმნის პროცესში.

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- რა არის „ლამპინო“ და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

- რა არის „ლამპინო"? ჯერ ზუსტად არ ვიცი, ეს არის ბრენდი, ჩემი საქმიანობა, ჰობი, თუ რაიმე სხვა. ჩემთვის ეს უბრალოდ იდეების განხორციელებაა. სანათებზე მუშაობა ყოველთვის ძალიან მომწონდა, თუმცა ბრენდის შექმნაზე ნამდვილად არასდროს მიფიქრია. ჩვენ გარშემო არსებულმა სიტუაციამ, ხელნაკეთი ნივთების პოპულარობამ და სოციალურ ქსელში გამარტივებულმა პროცესებმა, განსაკუთრებით კი მეუღლის ძალისხმევამ, რომ აუცილებლად უნდა მქონოდა სივრცე, სადაც შევძლებდი ნამუშევრები გლობალურად გამეზიარებინა, გამოიწვია „ლამპინოს“ შექმნა.

პირველი შეხება კი ხელნაკეთ ნივთებთან, როგორც საქმიანობასთან, იყო Fredo Handmade-ში, სადაც ვმუშაობ, როგორც მხატვარი (თვითნასწავლი), და თავისთავად ეს ეტაპი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი წინსვლისთვის, რადგან მივხვდი, რომ ჰობი შეიძლება საქმიანობად აქციო.

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- ბრენდის კონცეფციაზე გვესაუბრეთ...

- „ლამპინო“ მოიცავს ხელნაკეთ სანათებს, რომელიც იხატება ხელით და ამიტომ განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელია. ჩემთვის სანათი ის ნივთია, რომელიც ინტერიერში ყველაზე დიდ როლს თამაშობს განწყობის შექმნაზე.

- თქვენ მიერ შექმნილი სანათები განსხვავებული და ორიგინალურია. რა მასალით ქმნით მათ?

- მასალა საკმაოდ მრავალფეროვანია. ვიყენებ როგორც ხეს, ასევე პლასტმასს და დეკორატიულ ცემენტს, ელექტროგაყვანილობის გაკეთებაც ხშირად თავად მიწევს.

სანათები
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათები

- მოხატული სანათები რამდენად უძლებს ნათურის მხურვალებას?

- სანათები დენის წყაროზე მუშაობს და თავისთავად გათვლილი და მორგებულია ელექტროენერგიაზე, მით უმეტეს, რომ დღეს გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ ისეთი ნათურები, რომლებიც არ ხურდება და თავისთავად არ ქმნის ნივთის დაზიანების საშიშროებას.

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- სანათებში ძირითადად კოსმოსის თემა ჭარბობს. თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სფეროა?

- სანათების თემატიკას ხშირად თავად ვარჩევ, ხშირად კი მომხმარებელი მკარნახობს რა სურს მას და შეთანხმებულად ვმუშაობთ, ან მხოლოდ მის სურვილს ვეყრდნობი. კოსმოსის თემა ჩემი არჩევანი იყო, რადგან ვთვლი, რომ კოსმოსი ყველაზე საინტერესო, ამოუცნობი და ამასთან გასაოცარი სილამაზის სამყაროა. სანათი „კოსმოსი" კი ინსპირაცია აღმოჩნდა მომხმარებლისთვის და ასე შეიქმნა „სატურნის პლანეტა".

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- სანათების გარდა სხვა ნივთებსაც ქმნით?

- გარდა სანათებისა ვმუშაობ უამრავ დეკორატიულ ნივთზე, მაგალითად, სასტუმროსთვის დავამზადე აბრა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს წესრიგისა და სისუფთავისკენ, ასევე ნიშანი, რომ მოწევა აკრძალულია, ქოთნები ყვავილებისთვის, მოქარგული ფარდაგი, საკიდი ფინჯნებისთვის და მრავალი სხვა...

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- რა ემოციას იწვევს თქვენში ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა?

- ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, როდესაც ნულიდან იწყებ ნივთის შექმნას და არარსებულიდან შედეგად იღებ განწყობას, ემოციას, ფანტაზიას. ამაზე სასიამოვნო ნამდვილად არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს შრომას, ენერგიას, დაზიანებულ ხელებს, გათენებულ ღამეებს და უდიდეს დროს მოითხოვს შენგან. ხშირად რთულია მომხმარებლისთვის გაიგოს, თუ რამდენად რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული მისთვის სასურველი ნივთის შექმნა და თავისთავად საქმიანობის დაფასება და შეფასება რთულდება, მაგრამ ალბათ გასულ ათწლეულებთან შედარებით, როცა ხელნაკეთი ნივთი საჭიროებას წარმოადგენდა და ფაქტობრივად ადამიანებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თავად უნდა ეკეთებინათ უამრავი რამ, რადგან ფიზიკურად არ არსებობდა რომ შეგეძინა, დღეისათვის იცვლება დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ხელოვნებას უფრო უახლოვდება, შესაბამისად, ფასდება იდეაც და სამუშაოც.

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია, რადგან ყველაფრის კეთება ფაქტობრივად მარტო მიწევს, იმის პარალელურად, რომ 10 თვის პატარა მყავს და, შესაბამისად, შეუძლებელია მხოლოდ საქმეზე ვიყო კონცენტრირებული. მაგრამ, როდესაც გაქვს იდეები და მათი განხორციელების სურვილი გაწუხებს, თავისთავად წინ მიდიხარ, მით უმეტეს, როცა საერთოდ არ ფიქრობ, რომ წინსვლის პროცესი აუცილებლად უნდა დააჩქარო, რადგან გარშემო უამრავი საინტერესო და სასიამოვნო მომენტია, რისი გამოტოვებაც ნამდვილად არ ღირს.

190
გადამზიდავთა საპროტესტო აქცია ფოთში

ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლების უმეტესობას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
(განახლებულია 10:49 28.05.2020)
მძღოლებმა, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, უკვე დატოვეს ტირ–პარკი. დანარჩენი მძღოლების ტესტის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი

თბილისი, 28 მაისი — Sputnik.  ფოთში სატვირთოს 189 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ 54 ადამიანის ტესტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

გუშინ, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიებისთვის მოწყობილ ტირ-პარკში მყოფმა სატვირთოს მძღოლებმა თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართეს.

ლაბორატორიაში სულ 243 ნიმუში გაიგზავნა.

 „ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ტირ–პარკში იმყოფებიან. მძღოლებმა, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, უკვე დატოვეს ტირ–პარკი. ველოდებით სხვა მძღოლების ტესტის პასუხებს, ისინი პასუხების მიღების შემდეგ შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას. სახლებში მათ ადგილობრივი საზოგადოებრივი ცენტრები გააკონტროლებენ“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ.

ფოთში ტირ–პარკი 17 აპრილიდან ფუნქციონირებს.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში