ნუგზარ ერგემლიძე

რა მისტიურ საიდუმლოს ფლობდა ნუგზარ ერგემლიძის ბებია - ხალხური მობილური ლეჩხუმში?

210
(განახლებულია 15:33 22.10.2019)
„ცუდი სიტყვები კოსმოსში არ უნდა გაუშვა, სულ ვცდილობ კარგზე ვილაპარაკო“ -ნუგზარ ერგემლიძე ამ პრინციპის დაცვას ყველა შემთხვევაში ახერხებს.

ერთდროულად არის: მხატვარი, პოეტი, კომპოზიტორი, მომღერალი, სცენარისტი და ბოლო დროს, მსახიობიც... მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში სხვადასხვა გადაცემების სცენარისტად, არის მხატვართა კავშირის წევრი, გამოცემული აქვს ლექსების კრებული და კომპაქტ-დისკები, რომანები: „ისევ საბჭოთა კავშირში“, „მხატვარი და მარგარიტა“ და „არმაგედონის მათრახი“... 

ბოლო დროს ხშირად იღებენ ქართულ სერიალებში და სურვილი გაუჩნდა, რომ საკუთარ რომანებზე ფილმები გადაიღოს. 

მასთან ინტერვიუ სტატიკური ანუ წინასწარ შედგენილი კითხვებით არ გამოდის ხოლმე, ამიტომ მივყევით საუბარს, რომლის დროსაც მოულოდნელად ლეჩხუმელ ბებიაზე უცნაური ამბავი გაიხსენა...

ნუგზარ ერგემლიძე
ნუგზარ ერგემლიძე

- ბატონო ნუგზარ, საკუთარი შესაძლებლობები რომელ სფეროშიც სცადეთ, ყველგან წარმატებული გახდით, ანუ შემდგარი პიროვნება ხართ, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაგიმართლდათ ცხოვრებაში?

- ჯერჯერობით არ ვამბობ, რომ გამიმართლა, რადგან არ ვაპირებ მის დამთავრებას... კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და დასამთავრებელი. როცა ყველაფერს გავაკეთებ, მერე გეტყვით გამართლებული იყო თუ არა. ჩემი ბიოგრაფია აქამდე რომ შეწყვეტილიყო, ხალხი ვერ გაიგებდა თუ როგორ ვთამაშობ სატელევიზიო სერიალში...

- რომელი ამბები შეიძლება, რომ გამართლებად ჩათვალოთ?

-გამართლებად შეიძლება ჩაითვალოს ჩემი სამხატვრო აკადემიაში მოხვედრა. გამიმართლა, როცა შევხვდი ისეთ კომპოზიტორს როგორიც იყო სოსო ბარდანაშვილი, რომელმაც თავის მხრივ გამაცნო რობერტ ბარძიმაშვილი - ესეც გამართლება იყო. გამიმართლა, რომ ვთანამშრომლობდი ისეთ ანსამბლთან, როგორიცაა, „75“. კონცერტებს და გამოფენებს რომ ვაწყობდი - ესეც გამართლება იყო. გამიმართლა, რომ კარგი ცოლი მოვიყვანე და კარგი შვილები მყავს, ეს დაუსრულებელი პროცესია...

ნუგზარ ერგემლიძე
ნუგზარ ერგემლიძე

- თქვენი რომანებიც ამაზეა...

- დიახ, ჩემი რომანების საერთო სათქმელიც ცხოვრებისეული ამბებია, გამართლება-არგამართლებაზე, თუმცა მათში მისტიური მომენტებიცაა. ახლა დავწერე კიდევ ნაწარმოები, რომელსაც ჰქვია „მოამინე“ და ერთ-ერთ ჟურნალში უკვე დაიბეჭდა. მოამინეს შესახებ ამბავი ბებიაჩემისგან ვიცი, რომ არსებობს თავისუფალი ანგელოზი, რომელმაც იმ დროს როდესაც ჩვენ რაიმეზე ვსაუბრობთ შეიძლება ჩამოიაროს და გვითხრას: ამინ! ამიტომ ცუდი არაფერი უნდა თქვათ და თქვენი ბაგეთაგან ცუდი სიტყვები კოსმოსში არ უნდა გაუშვათ. მეც სულ ვცდილობ ხოლმე, რომ კარგზე ვილაპარაკო. ჩემი ბოლო რომანიც ამაზეა.. ახალგაზრდები საუბრობენ და ამ დროს ჩამოივლის მოამინე ანგელოზი და მათ საუბარს მოისმენს. მათ უწილადებს ჯადოსნურ ფანქარს, რომლითაც ისინი რასაც ხატავენ - ყველაფერი ცოცხლდება.

ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედება
ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედება

- ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება ვინ არის ადამიანები რომელთან შეხვედრამაც შეცვალა თქვენი ცხოვრება?

-ასეთი ადამიანი ბევრია და ისინი ჩემი მეგობრები არიან... ჩემი მეგობრი, სოსო შატბერაშვილი, მისი მამა, რომელმაც თავის დროზე თბილისში რომ დავრჩენილიყავი საკუთარ ბინაში ჩამწერა. იმ დროს ჩაწერის გარეშე აქ ვერავინ ჩამოვიდოდა და არაფერი გამოვიდოდა. იმან რომ ჩამწერა მერე მუშაობა დავიწყე, როცა მუშაობა დავიწყე თბილისის მოქალაქე გავხდი. ცხოვრება ერთმანეთზე აგებული ამბების და შეხვედრების ჯაჭვია... ბოლო კარგი ამბავი ისაა, რომ დაიწყო სერიალის „ფორმულა“ ახალი სეზონი, სადაც მე გადამიღეს.

- რომელია თქვენს მიერ დაწერილი სიმღერა, რომელიც ადამიანზე ასე კარგად მოქმედებს?..

- მე მაქვს ისეთი სიმღერა, რომელიც ბევრმა არც იცის, მაგრამ ძალიან ჩემია!.. ესაა სიმღერა „გაიღიმე!“. საერთოდ იდეა თავისთავად არასოდეს მოდის, ყველაფერს აქვს მისი შექმნის წინაპირობა და დაწერის მიზეზი. მაგ სიმღერაში მთავარი აზრი ისაა, რომ თუ გინდა ბედნიერი იყო საკუთარ ბედს უნდა გაუღიმო, მერე კი სხვებსაც. ვინც მუდამ დაჯღანულია და არასოდეს იღიმება, მას არასოდეს უმართლებს. ღიმილი მაგიური რამაა... 

ნუგზარ ერგემლიძე
ნუგზარ ერგემლიძე

- ფაქტობრივად რასაც დღეს რომანებში წერთ, თავის დროზე თქვენს სიმღერებშიც აისახა...

- ჩემს რომანებში ტრაქტატი არ დამიწერია, მაგრამ ყველაფერი დიალოგებში მაქვს გადმოცემული სიუჟეტის განვითარების დროს. საქართველოში და ქართულ ენაში ყველაფერს თავისი ახსნა მოეძებნება, ოღონდ ამას გაშიფვრა უნდა! მაგალითად, თუ როგორაა გააზრებული სიტყვა წყალი. ის, რომ ეს სიცოცხლის სიმბოლოა, ჩანს სიტყვებში: უფალო შემიწყალე! ვისაც წყალი არ აქვს, ასეთ გაჭირვებულ ადამიანზე ამბობენ: საწყალი კაცი!  მოწყალეს - ისეთს ეძახიან ვინც კარგად გექცევა, უმოწყალოს კი ბოროტ ადამიანზე ამბობენ... ამას გარდა ჩვენ თავად შევდგებით წყლისგან - ანუ ჩვენს ორგანიზმში 80 % ხომ წყალია... როცა ერთმანეთს კარგ სიტყვებს ჩვენში არსებული წყალი კარგად იქცევა. მიკროსკოპშიც შეიძლება დავინახოთ თუ რა ემართება მას, მაგალითად,  სასიამოვნო მუსიკაზე... 

- რაიმე მისტიური ამბავი თუ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში?

-ახლა ისეთ ამბავს მოგიყვებით, რომ გაგაოცებთ: სანამ მობილურს გამოიგონებდნენ, ჩემი ბებია, რომელმაც მოამინეზე მიამბო, უკვე ფლობდა ასეთივე ინსტრუმენტს...

- რას გულისხმობთ?

-საცერს და მაკრატელს... როცა სტუდენტი ვიყავი, ზაფხულში მასთან ხშირად ჩავდიოდი. ბებიას სახლის ტელეფონი არ ჰქონდა, რომ გამეფრთხილებინა ვიგვიანებდი. როცა მივიდოდი არ ეძინა ხოლმე, მელოდებოდა. საცერმა და მაკრატელმა მითხრა, რომ ნუგზარი მოვაო. ერთხელ მითხრა ასეთი რამ - გავატარე, მეორედ მითხრა- გავატარე. როცა ჩემი მეგობრები მოსკოვში გავაცილე, ისევ მასთან ავედი და მელოდებოდა, მითხრა: საცერმა და მაკრატელმა მითხრა, მოვაო! მაშინ  ვკითხე ისეთი რამ რაშიც მართლა დარწმუნებული ვიყავი: ჩემი მეგობრები თუ გაფრინდებიან მოსკოვში მეთქი? - აიღო ხის საცერი, რომელშიც დიდი საკერავი მაკრატელი იყო გარჭობილი, შიდა ნაწილში კი - პური და მარილი. დაჯდა და ჰკითხა საცერს და მაკრატელს რაღაც, ისიც აქეთ-იქით მოტრიალდა, ბებიამ მითხრა: ვერ გაფრინდებიანო. მეორე დღეს ზღვაზე გავედი და ვნახე ჩემი მეგობრები, რომლებიც მართლა ვერ გაფრენილან.

- ანუ რა გამოდის, რომ გურიაში მობილურის გამოგონებამდე ხალხს ჰქონდა ინფორმაციის გაგების საშუალება...

- დიახ და ეს იყო -საცერი და მაკრატელი! დანარჩენს ჩემი რომანიდან გაიგებთ. მისტიკა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ჩვენს ცხოვრებაში, მათ შორის ურთიერთობებიცაა, ამიტომ ერთმანეთს ყოველთვის უნდა გავუღიმოთ, თბილი სიტყვებით უნდა ვასაუბროთ, განსაკუთრებით სუფრასთან, ამით ღვინო თბება და იმუხტება დადებითი ენერგეტიკით და ეს ადამიანსაც გადმოგეცემა. როცა ღვინოს ელაპარაკება ადამიანი, მას ესმის! ვინც ცუდ სიტყვებს ახსენებს- ის სუფრა ცუდად მთავრდება! ეს არ არის ლიტონი სიტყვები, როცა ვამბობთ: სამყაროში რასაც გავცემთ - იგივე გვიბრუნდება...

210
ნანა ანდრონიკაშვილი მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან და ქალიშვილთან ერთად

ქართველი თავადის ასულისა და გერმანელი ჰერცოგის სიყვარულის ამბავი და ქართული საქმეები

455
(განახლებულია 21:11 27.05.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრები მსახიობის, პროდიუსერისა და ჟურნალისტის ნანა ანდრონიკაშვილის უჩვეულო ცხოვრების ისტორიას გაგაცნობთ.

წლების წინ თბილისში ლეგენდასავით დადიოდა ამბავი იმაზე, თუ როგორ გაჰყვა ცოლად ანდრონიკაშვილების შთამომავალი საქსონიის ჰერცოგს. ეს ალბათ ის შემთხვევაა, როცა ცხენზე ამხედრებული პრინცის ზღაპარი რეალურად ახდა.

თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანის სტუდენტი იყო, რუსთაველის თეატრში მაესტრო სტურუასთან ათი წელი იმუშავა. მის ანგარიშზე ათამდე თეატრალური როლი და 30-მდე კინოროლია. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასა და რადიოში, სადაც მისი მონაწილეობით ლიტერატურული სპექტაკლები და ჩანაწერები არქივშია შემონახული.  

2008 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს მეუღლესთან, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგთან ერთად, რომელიც არქეოლოგი, ისტორიკოსი და მწერალი გახლავთ. ჰყავთ ქალიშვილი – ცხრა წლის მარიამი. თავიდან ამერიკაში ცხოვრობდნენ, შემდეგ გერმანიაში, ჰანოვერში გადავიდნენ, მაგრამ საქართველოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტიათ. რაც მთავარია, მათი საქმიანობა ყოველთვის ამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა...

ნანა ანდრონიკაშვილი
ნანა ანდრონიკაშვილი

- ქალბატონო ნანა, თქვენი ცხოვრება საინტერესო ფილმს ჰგავს, თავად რას იტყვით?

- შესაძლოა ასეც იყოს... დღევანდელი გადასახედიდან ჩემს ცხოვრებას სამ ნაწილად დავყოფდი: პირველი – ოჯახი, ბავშვობა და პროფესია, მეორე – ჩემს მეუღლესთან შეხვედრა და მასთან ახალი ცხოვრების დაწყება და მესამე ნაწილი – ჩემი ქალიშვილის მარიამის დაბადებიდან დღემდე. თეატრი და ხელოვნება ბუნებრივად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. დედა რეჟისორ-პედაგოგი იყო თეატრალურ უნივერსიტეტში, მამა – მსახიობი და პედაგოგი, ამიტომ თითქმის ყოველ საღამოს უნივერსიტეტსა თუ თეატრში რეპეტიციებზე ვატარებდი.

ნანა ანდრონიკაშვილი
ნანა ანდრონიკაშვილი

- მოულოდნელად ერთმა ამბავმა მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრება...

- ნათქვამია, შემთხვევით არაფერი ხდებაო და ჩემი ცხოვრება ამის ნათელი მაგალითია. 1997 წელს ტარდებოდა საერთაშორისო ფესტივალი Gift, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი. ფესტივალზე ჩამოსულმა ინგლისელმა პროდიუსერებმა ლონდონში ექსპერიმენტულ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად მიმიწვიეს. იქ ერთ-ერთი ჟურნალის „იმპრესიონის” რედაქტორმა ჩემზე დაწერა სტატია, სადაც ჩემს ოჯახსა და საქართველოს ისტორიაზე ვისაუბრე. სტატიაში წინაპრების ფოტოებიც იყო. ის ჟურნალი საერთაშორისო იყო და ბევრ ქვეყანაში გამოქვეყნდა. მისი ერთი ეგზემპლარი „ბრიტიშ ეარვეისის“ თვითმფრინავშიც მოხვდა. აქედან იწყება ჩემი მეორე ცხოვრება. ჩემმა მომავალმა მეუღლემ, რომელიც საქმიანი ვიზიტით საქართველოში მოფრინავდა, ეს სტატია თვითმფრინავში წაიკითხა. დაინტერესდა იმით, რომ საქართველოში არისტოკრატიული საზოგადოება არსებობდა, თან, როგორც შემდეგ გამომიტყდა, იქ ჩემი ფოტოც ნახა და თურმე გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლისთანავე მოვეძებნე.

ოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად

- საინტერესოა, როგორ გაგეცნოთ?

- როდესაც ტელეფონზე დამირეკა, ასე გამეცნო: ჰანს პრინცი ფონ საქსენ-ალტენბურგი გაწუხებთო. იმ დროს ახალი ჩამოსული ვიყავი ლონდონიდან, სადაც იცოდნენ ჩემი არისტოკრატიული წარმომავლობა და მეგონა რომელიმე ინგლისელი მეგობარი მეხუმრებოდა. დიდი ხანი დასჭირდა, რომ დავერწმუნებინე არ ხუმრობდა. ამ საუბრის მერე ერთმანეთს შევხვდით. მოგვიანებით ჩვენს ოჯახში მოვიდა და ახლოს გაგვეცნო.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- ცოლობაც განსკუთრებულად გთხოვათ?

- როდესაც საქართველოში მესამედ ჩამოვიდა, სვანეთში მთხოვა გაყოლა. იქ ნამყოფი არც მე ვიყავი და დავთანხმდი. ოქტომბრის ბოლო იყო და მოულოდნელად გზები ჩაიკეტა: სამი დღე ველოდებოდით გზის გახსნას. სწორედ იქ, იმ ულამაზეს ბუნებაში, სადაც თითქოს ღრუბლებს ზემოთ ხარ, მთხოვა ხელი. ამის მერე თბილისში ჩინელი დრამატურგის და მათი საელჩოს მოწვევით მქონდა ჩინური სპექტაკლის პრემიერა, სადაც მთავარ როლს ვთამაშობდი. სპეტაკლის მერე გრანდიოზული სახალხო ნიშნობა გვქონდა. მალე ქორწილიც გადავიხადეთ. შემდეგ გავემგზავრეთ ამერიკაში, სადაც ხელი მოვაწერეთ. 

ნანა ანდრონიკაშვილი და საქსონიის ჰერცოგი, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგი
ნანა ანდრონიკაშვილი და საქსონიის ჰერცოგი, ჰანს ფონ საქსენ-ალტერბურგი

- ალბათ ბევრი საინტერესო შეხვედრა გქონდათ ცხოვრებაში...

- დიახ, ჰანსის სტატუსის გამო ბევრი საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მაგალითად, მახსენდება შეხვედრა ვაშინგტონში, უფროს და უმცროს ბუშებთან დალასში, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსთან და სოფიასთან. ერთ მიღებაზე ჰანსმა მეფე და დედოფალი ოფიციალურად გამაცნო. დედოფალი სოფია ჰანსის ოჯახს ენათესავება. ჰანსს საქართველოშიც უნდოდა ჯვრისწერის გამეორება და ბევრი სამეფო ოჯახის დაპატიჟება. მათ შორის იყვნენ ხუან კარლოსი და სოფიაც, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ნიშნობა ვერ განვახორციელეთ. სხვათა შორის, ეს ამბავი საქართველოს წაადგებოდა. მოგვიანებით ჩვენ საქართველოზე ისტორიული დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი გადავიღეთ „სამეფო ალბომი“, რომელიც ამერიკის და გერმანიის ტელევიზიით გავიდა.

ქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად

- საქართველოში როცა დაბრუნდით, რას საქმიანობდით?

- ვარდების რევოლუცის შემდეგ დავბრუნდით საქართველოში. ჩემს მეუღლეს აქ ევროპული დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნა უნდოდა. შევიძინეთ ტელევიზია, რომელიც სულ ერთი წელი ვამუშავეთ. მე მიმყავდა საავტორო გადაცემა „ნანას შოუ“, სადაც იმ დროისთვის უცნობ საინტერესო, ნიჭიერ ადამიანებს ვიწევდი. ჩემს მეუღლეს ჰქონდა გადაცემა „ჩემი სამშობლო”, სადაც იწვევდა ელჩებს, პოლიტიკოსებს, უცხოეთის მნიშვნელოვან ფიგურებს და მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხით აცნობდა. ჩვენი ტელევიზია იმდროინდელი მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა, ამიტომ იძულებული გაგვხადეს, რომ ის გაგვეყიდა. 2008 წელს საცხოვრებლად გერმანიაში, ჰანოვერში გადმოვედით.

ნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად
ნანა ანდრონიკაშვილი ოჯახთან ერთად

- როგორც ჩანს, თქვენს შემოქმედებით მოთხოვნილებას ყოველ ზაფხულს იკმაყოფილებდით საქართველოში, სადაც ფილმებს იღებდით, რაზე ან ვისზეა ეს ფილმები?

- ჩემს გულში საქართველოდან არასოდეს წავსულვარ. მეამაყება, რომ სადაც უნდა ვყოფილიყავი – ამერიკაში, ინგლისსა თუ გერმანიაში, ყველა ჩემს გადაცემაში, ფილმსა თუ ინტერვიუში ჩემი მთავარი სათქმელი საქართველო იყო. აქ ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ და ხან სპეტაკლს ვდგამ და ხან ფილმებში ვმონაწილეობ. რაც მთავარია, ვთანამშრომლობ ნინო ხოფერიასთან, „ერთსულოვნების” ტელევიზიაში და ჩემს სათქმელს ლიტერატურულ გადაცემებში ვამბობ. ანუ ისევ ჩემ საყვარელ საქმიანობას ვეწევი.

- თქვენი მესამე ცხოვრება როდის დაიწყო?

- 2010 წელს შემეძინა ქალიშვილი, პრინცესა მარიამი და ჩემი მესამე ცხოვრება, რომელიც მაშინ დაიწყო, დღემდე გრძელდება. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია მაქვს - ვზრდი ქალიშვილს მარიამს, რომელსაც შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ საქართველოც ისევე უყვარს და სამშობლოდ თვლის, როგორც გერმანიას. ეს კი დედაჩემის და პირადად ჩემი დამსახურებაა. მთავარი ინვესტიცია, რაც არაფრით აიწონება, განათლებაა, ჰოდა, მე და ჰანსი ინვესტიციას ჩვენს შვილში ვდებთ.

- ალბათ მკითხველსაც გაუჩნდება შეკითხვა: გერმანიაში პრინცთან ერთად სასახლეში ცხოვრობთ?

- სასახლეში არა, ჰანოვერის გარეუბანში ვცხოვრობთ საკუთარ სახლში ულამაზესი ბაღით. ალტენბურგის სასახლე, სადაც ჰანსის ბაბუა 1943 წლამდე ოფიციალურად ცხოვრობდა, ახლა სახელმწიფოსია და გერმანიის ათ საუკეთესო სასახლეს შორისაა. მახსოვს, როცა დედაჩემი წავიყვანეთ ალტენბურგში, ჰანსმა იხუმრა, დღეს სახელმწიფოს იქით ვუხდი ბილეთის ფულს იმაში, რომ ბაბუაჩემის სასახლე ვნახოო.

- პატარა პრინცესას, მარიამს თუ უყვარს საქართველოში ჩამოსვლა და ქართული თუ იცის?

- რადგან მარიამი არა მარტო ჩემი, მამამისის მხრიდანაც პრინცესაა, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და სულაც არ არის ადვილი. ის ძალიან არისტოკრატულია. ამაყი ვარ, რომ სკოლაში კარგი მოსწავლეა, რაც გერმანიაში ნამდვილად არ არის ადვილი. დადის ტაეკვანდოზე, მღერის და ცეკვავს. ჰანოვერის და ზელცეს თეატრალურ და მუსიკალურ აკადემიაშიც სწავლობს. უკვე ოთხ მიუზიკლში ითამაშა. არის სამოდელო სააგენტო „1001 ღამის“ სახე. გერმანიის თეატრში ჰანსის წინაპარზე შექმნილ ისტორიულ პიესაში ერთად ვითამაშეთ. მარიამი ჰანოვერში ქართული სათვისტომოს „გემის“ საკვირაო სკოლაში დადის. ქართულად წერს და კითხულობს. კიდევ ქართულ ცეკვაზე დადის. როგორც ჰანსი, ისიც პატრიარქის ნათლულია, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. ყოველ წელს სიხარულით ელოდება საქართველოში ჩამოსვლას. უყვარს მეგობრები და ჩვენი სახლი თბილისში. ზაფხულობით უყვარს ურეკი, სადაც გავიცანით უნიჭიერესი ქალბატონი ლალი თავართქილაძე, რომელიც ვთვლი, რომ ურეკის სახეა.

- თქვენი ცხოვრების წიგნი უკვე დაწერეთ?

- დიახ, შეიძლება ითქვას, რომ წიგნი, რომელიც დავწერე, ჩემი ცხოვრების წიგნია. მისი საშუალებით მინდა თითოეულ ადამიანს ჩემი სათქმელი ვუთხრა. ის თითქმის მზად მაქვს დასაბეჭდად. პოეტობაზე და მწერლობაზე არ მაქვს პრეტენზია. მხოლოდ ერთს გეტყვით, რომ ჩემ ცხოვრებას ლექსებად და მოკლე ჩანახატებად ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენაზე გადმოგცემთ.

- შეგიძლიათ გვითხრათ, სამშობლო რა არის თქვენთვის?

- სამშობლო რა არის ჩემთვის? რა ვიცი, ეს სახლია, სადაც დავიბადე, მელიქიშვილის ქუჩაა, სადაც გავიზარდე. ჩემი წინაპრებია, სვეტიცხოველია, მთაწმინდაა, კახეთია, სიღნაღში ჩემი წინაპრების დანგრეული სახლია. სამშობლო ჩემთვის ვაკის სასაფლაოა, სადაც დედა და მამაა დაკრძალული. სამშობლო სუნთქვაა, რომელიც სულ შენთანაა და ვერავინ წაგართმევს...

 

455
თემები:
ქართველები უცხოეთში
სანათი

შექმენი სიმყუდროვე ინტერიერში: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ადამიანის ცხოვრებაში

190
(განახლებულია 20:41 26.05.2020)
ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით შეგიძლიათ თქვენი ინტერიერი ორიგინალური, განსხვავებული და მიმზიდველი გახადოთ.

ქეთი ნოზაძე საუცხოო და განსხვავებულ სანათებს, დეკორციებს ქმნის. ქეთის მიერ დამზადებული ყველა ნივთი ინდივიდუალურია და მორგებულია მომხმარებლის სურვილზე, გემოვნებაზე. ქეთი ხელოვნებათმცოდნეა. ამბობს, რომ პროფესიის მიღმაც მისი ცხოვრება მუდმივ კავშირშია ხელოვნებასთან.

ქეთი ნოზაძე
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ნოზაძე

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პროფესიის მიღმაც ჩემი ცხოვრება მუდმივ კავშირშია ხელოვნებასთან. მარტივად და ყოველგვარი მაღალფარდოვანი საუბრის გარეშე ვფიქრობ, რომ ხელოვნება აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერშია. ჩემი გატაცებაც, ბუნების მიღმა, სწორედ ეს არის. ერთი მხრივ არსებობს ამოუცნობი სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად ქმნის საოცრებებს და მეორე მხრივ არსებობენ ხელოვანი ადამიანები, რომლებიც საკუთარი გენიალურობის თუ ნიჭის საფუძველზე ქმნიან ამ ყოველივეს. ეს არის ჯაჭვი, ციკლი, მუდმივი პროცესი, რომელიც არასდროს დასრულდება და მუდმივად ძიებაში გამყოფებს. ამ ეტაპზე, გარდა საქმიანობისა, რომელიც „ლამპინოს“ უკავშირდება, გატაცებული ვარ გრაფიკული დიზაინის შესწავლით, რაც ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვის, რადგან მუდმივად ხელით მუშაობას ვარ მიჩვეული და ამ შემთხვევაში ყველა საჭირო მასალა და ინსტრუმენტი ერთიან, ვირტუალურ სივრცეში მაქვს, რაც თავისთავად მაძლევს განსხვავებულ შესაძლებლობებს ნამუშევრის შექმნის პროცესში.

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- რა არის „ლამპინო“ და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

- რა არის „ლამპინო"? ჯერ ზუსტად არ ვიცი, ეს არის ბრენდი, ჩემი საქმიანობა, ჰობი, თუ რაიმე სხვა. ჩემთვის ეს უბრალოდ იდეების განხორციელებაა. სანათებზე მუშაობა ყოველთვის ძალიან მომწონდა, თუმცა ბრენდის შექმნაზე ნამდვილად არასდროს მიფიქრია. ჩვენ გარშემო არსებულმა სიტუაციამ, ხელნაკეთი ნივთების პოპულარობამ და სოციალურ ქსელში გამარტივებულმა პროცესებმა, განსაკუთრებით კი მეუღლის ძალისხმევამ, რომ აუცილებლად უნდა მქონოდა სივრცე, სადაც შევძლებდი ნამუშევრები გლობალურად გამეზიარებინა, გამოიწვია „ლამპინოს“ შექმნა.

პირველი შეხება კი ხელნაკეთ ნივთებთან, როგორც საქმიანობასთან, იყო Fredo Handmade-ში, სადაც ვმუშაობ, როგორც მხატვარი (თვითნასწავლი), და თავისთავად ეს ეტაპი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი წინსვლისთვის, რადგან მივხვდი, რომ ჰობი შეიძლება საქმიანობად აქციო.

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- ბრენდის კონცეფციაზე გვესაუბრეთ...

- „ლამპინო“ მოიცავს ხელნაკეთ სანათებს, რომელიც იხატება ხელით და ამიტომ განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელია. ჩემთვის სანათი ის ნივთია, რომელიც ინტერიერში ყველაზე დიდ როლს თამაშობს განწყობის შექმნაზე.

- თქვენ მიერ შექმნილი სანათები განსხვავებული და ორიგინალურია. რა მასალით ქმნით მათ?

- მასალა საკმაოდ მრავალფეროვანია. ვიყენებ როგორც ხეს, ასევე პლასტმასს და დეკორატიულ ცემენტს, ელექტროგაყვანილობის გაკეთებაც ხშირად თავად მიწევს.

სანათები
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათები

- მოხატული სანათები რამდენად უძლებს ნათურის მხურვალებას?

- სანათები დენის წყაროზე მუშაობს და თავისთავად გათვლილი და მორგებულია ელექტროენერგიაზე, მით უმეტეს, რომ დღეს გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ ისეთი ნათურები, რომლებიც არ ხურდება და თავისთავად არ ქმნის ნივთის დაზიანების საშიშროებას.

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- სანათებში ძირითადად კოსმოსის თემა ჭარბობს. თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სფეროა?

- სანათების თემატიკას ხშირად თავად ვარჩევ, ხშირად კი მომხმარებელი მკარნახობს რა სურს მას და შეთანხმებულად ვმუშაობთ, ან მხოლოდ მის სურვილს ვეყრდნობი. კოსმოსის თემა ჩემი არჩევანი იყო, რადგან ვთვლი, რომ კოსმოსი ყველაზე საინტერესო, ამოუცნობი და ამასთან გასაოცარი სილამაზის სამყაროა. სანათი „კოსმოსი" კი ინსპირაცია აღმოჩნდა მომხმარებლისთვის და ასე შეიქმნა „სატურნის პლანეტა".

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- სანათების გარდა სხვა ნივთებსაც ქმნით?

- გარდა სანათებისა ვმუშაობ უამრავ დეკორატიულ ნივთზე, მაგალითად, სასტუმროსთვის დავამზადე აბრა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს წესრიგისა და სისუფთავისკენ, ასევე ნიშანი, რომ მოწევა აკრძალულია, ქოთნები ყვავილებისთვის, მოქარგული ფარდაგი, საკიდი ფინჯნებისთვის და მრავალი სხვა...

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- რა ემოციას იწვევს თქვენში ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა?

- ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, როდესაც ნულიდან იწყებ ნივთის შექმნას და არარსებულიდან შედეგად იღებ განწყობას, ემოციას, ფანტაზიას. ამაზე სასიამოვნო ნამდვილად არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს შრომას, ენერგიას, დაზიანებულ ხელებს, გათენებულ ღამეებს და უდიდეს დროს მოითხოვს შენგან. ხშირად რთულია მომხმარებლისთვის გაიგოს, თუ რამდენად რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული მისთვის სასურველი ნივთის შექმნა და თავისთავად საქმიანობის დაფასება და შეფასება რთულდება, მაგრამ ალბათ გასულ ათწლეულებთან შედარებით, როცა ხელნაკეთი ნივთი საჭიროებას წარმოადგენდა და ფაქტობრივად ადამიანებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თავად უნდა ეკეთებინათ უამრავი რამ, რადგან ფიზიკურად არ არსებობდა რომ შეგეძინა, დღეისათვის იცვლება დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ხელოვნებას უფრო უახლოვდება, შესაბამისად, ფასდება იდეაც და სამუშაოც.

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია, რადგან ყველაფრის კეთება ფაქტობრივად მარტო მიწევს, იმის პარალელურად, რომ 10 თვის პატარა მყავს და, შესაბამისად, შეუძლებელია მხოლოდ საქმეზე ვიყო კონცენტრირებული. მაგრამ, როდესაც გაქვს იდეები და მათი განხორციელების სურვილი გაწუხებს, თავისთავად წინ მიდიხარ, მით უმეტეს, როცა საერთოდ არ ფიქრობ, რომ წინსვლის პროცესი აუცილებლად უნდა დააჩქარო, რადგან გარშემო უამრავი საინტერესო და სასიამოვნო მომენტია, რისი გამოტოვებაც ნამდვილად არ ღირს.

190
გადამზიდავთა საპროტესტო აქცია ფოთში

ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლების უმეტესობას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
(განახლებულია 10:49 28.05.2020)
მძღოლებმა, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, უკვე დატოვეს ტირ–პარკი. დანარჩენი მძღოლების ტესტის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი

თბილისი, 28 მაისი — Sputnik.  ფოთში სატვირთოს 189 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ 54 ადამიანის ტესტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

გუშინ, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიებისთვის მოწყობილ ტირ-პარკში მყოფმა სატვირთოს მძღოლებმა თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართეს.

ლაბორატორიაში სულ 243 ნიმუში გაიგზავნა.

 „ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ტირ–პარკში იმყოფებიან. მძღოლებმა, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, უკვე დატოვეს ტირ–პარკი. ველოდებით სხვა მძღოლების ტესტის პასუხებს, ისინი პასუხების მიღების შემდეგ შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას. სახლებში მათ ადგილობრივი საზოგადოებრივი ცენტრები გააკონტროლებენ“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ.

ფოთში ტირ–პარკი 17 აპრილიდან ფუნქციონირებს.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში