ზაქრო კალატოზოშვილი

ატელიე N55, თბილისელი ძველი მკერავი და კარუსელი, რომელიც ტრიალებს

948
(განახლებულია 15:35 14.10.2019)
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო – ეს გამონათქვამი ყველაზე ზუსტად მოდაზე მართლდება...

ბატონ ზაქრო კალატოზიშვილს 27 წლის ასაკში თბილისში უკვე ყველა იცნობდა როგორც პროფესიონალ მკერავს, დღეს დიზაინერს რომ ეძახიან. მასთან რიგები იდგა და მოდურ თუ ოფიციალურ სამოსს იკერავდა ყველა – საბჭოთა ჩინოვნიკით დაწყებული, ქალაქში გემოვნებით ჩაცმული მამაკაცით დამთავრებული...

ბატონი ზაქრო დროს ფეხდაფეხ მისდევს და, შესაბამისად, დღესაც თავის საქმეს ემსახურება.

ზაქრო კალატოზოშვილი
ზაქრო კალატოზოშვილი

- ბატონო ზაქრო, თქვენზე გავიგე, რომ იმ დროს თქვენ გემოვნებას, თურმე, ბევრი ხელოვანი და პოლიტიკოსი ენდობოდა...

- ამ საქმეში მჟავანაძის დროიდან ვარ, ვინ აღარ მოდიოდა ჩემთან... სამთავრობო წრეებიდან ჩინოვნიკები ხშირად მაკითხავდნენ. ზოგი მათგანი ჩემთან ესკორტით მოჰყავდათ. „კაგებე“ მოიყვანდა ხოლმე დიდ ჩინოვნიკს, „პრიმერკას“ ავუღებდი და მერე ისევ უკან მიჰყავდათ. ოფიციალური შარვალ-კოსტუმი რამდენი შემიკერავს, უკვე აღარც მახსოვს...

- როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა, რამდენი წლის იყავით?

- მეშვიდე კლასამდე ხუთოსანი ვიყავი, მერე მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში ვაბარებდი, მაგრამ კორუფცია იყო და ყველაფერი ჩაწყობით ხდებოდა, ამიტომ ვერ ჩავაბარე. მშობლებმა ბევრი იფიქრეს და რახან კერვისადმი მიდრეკილებას ვავლენდი, სამკერვალოში მიმიყვანეს. ერთხელ სკოლაში შრომის გაკვეთილზე დაგვავალეს რაღაცების შეკერვა. ძველი შინელის ქსოვილისგან სახლის ფლოსტები შევკერე და მთელი ხუთი წელი მეტეხის სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, ჩემი ნახელავი გამორჩეულ ადგილზე ეკიდა.

ზაქრო კალატოზოშვილი ახალგაზრდობაში
ზაქრო კალატოზოშვილი ახალგაზრდობაში

- როდის დაოსტატდით, ეს საქმე რომელმა პროფესიონალმა შეგასწავლათ?

- მე ყოველთვის აქ ვარ, ანუ სამკერვალო ატელიეში, რომელიც კავსაძისა და მოსაშვილის კუთხეშია, N55-ში. თავის დროზე კერვა ამ საქმის სპეციალისტმა არჩილ ვარდიაშვილმა მასწავლა. ეს ატელიე სწორედ მის დროს გაიხსნა. ეს იყო 1964 წელი და მაშინ 16 წლის ბიჭი ვიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, პირველ ივნისს პირდაპირ ამ ატელიეში მოვედი. ძველი საბუთი ახლაც შენახული მაქვს, რომ ატელიეში ივნისიდან ვარ. დღეს აქ უკვე ხუთი კაცი დავრჩით. კლიენტი დღემდე მენდობა, თუ რამე შესაკერი ან გადასაკეთებელია, ისევ ჩემთან მოდიან. ადრე ბუმი იყო მეღვინეობის და, მახსოვს, მეღვინეები მოდიოდნენ ჩემთან ხშირად და ტანსაცმელს მიკვეთავდნენ.

- ვიცი, რომ მარტო პოლიტიკოსებს არ ემსახურებოდით, ხელოვანებიდან ვინ გახსენდებათ?

- ძალიან კარგად მახსენდება მსახიობი ედიშერ მაღალაშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ჩემი კლიენტი დღემდეა ჟანრი ლოლაშვილი, რომელსაც დიდი მოსაცმელები უყვარს. მომღერალი მამუკა ონაშვილი თავის დიდი ზომის პერანგებს მხოლოდ მე მაკერინებს ხოლმე. ახლა ჩემთან ერთი უცხოელი მამაკაცი, ასე 50-55 წლის იქნება, მოდის ხოლმე და რაღაცეებს მიკვეთავს. როგორ მომაგნო არ ვიცი!..

- ისე, როგორი კინოსთვის შესაფერისი გვარი გაქვთ და...

- სწორედ კინოზე გამახსენდა, მაშინ 17 წლის ვიყავი, როცა ჩვენ სოფელში „ლონდრეს“ იღებდნენ. მაშინ ბევრი მსახიობი ახლოდან ვნახეთ, გივი ბერიკაშვილი და ეროსი მანჯგალაძე გავიცანით. ბიჭები მივდიოდით და ვუყურებდით როგორ იღებდნენ ამ ფილმს. მაშინ ფილმის მასობრივ სცენებშიც გადაგვიღეს. ზაფხული იყო და გადაღებისთვის სამი მანეთი მომცეს. როგორც ჯარისკაცები ისე დავდიოდი, ხიშტებიც დაგვირიგეს. სხვათა შორის, ფილმის ოპერატორი ტიტე კალატოზიშვილი იყო, დიდი მიშას შვილი. მახსოვს, ერთხელ პატივი ვეცით მსახიობებს, თევზი დავიჭირეთ, ზოგმა ღვინო მოიტანა და ვაქეიფეთ. კარგი დრო იყო და ის გენიალური მსახიობები კარგი ადამიანები იყვნენ...

ზაქრო კალატოზიშვილი ქალიშვილებთან ერთად
ზაქრო კალატოზიშვილი ქალიშვილებთან ერთად

- როგორ შარვლებს უკერავდით „სტილიაგებს“, ალბათ, ე.წ. „შლაქსებს“?

- არა, რას ამბობთ, პირიქით, ახლა რომ არის მოდაში, ისეთ შარვლებს ვუკერავდი. ისე ვიწრო შარვალი იყო, რომ ალბათ საპნით ძლივს იხდიდნენ ხოლმე. ბუბა კიკაბიძე ჩვენთან სწორედ ასეთ შარვლებს იკერავდა, სამკუთხედი პიჯაკები ეცვა ხოლმე.

- თქვენ როგორი სტილი გიყვარდათ?

- მე თავისუფალ სტილს ვატარებდი. 20 წლის ბიჭი რომ ვიყავი, მოკასინები მეცვა, ახლაც შემოდის მოდაში. დღეს კი არ მაქვს სპეციფიკური სამუშაო სამოსი, უფრო ხშირად ჯინსი მაცვია ხოლმე. დღემდე თუ ვინმეს რამე არაორდინალური აქვს შესაკერი, მაინცდამაინც მე მაკითხავენ. დღეს ბევრს ძალიან გემოვნებიანად აცვია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ესა თუ ის სტილი უნდა შეეფერებოდეს კიდეც მამაკაცს, მარტო მოდაც არ არის საკმარისი.

- ქალებს არ უკერავდით?

- კი, ქალებსაც ვუკერავდი, ბევრი ცნობილი ქალი დადიოდა ჩემთან კაბის გადასაკეთებლად, ახლა უხერხულია მათი დასახელება.

- უხერხული რატომაა, გინეკოლოგი ხომ არ ხართ?
- მართალია, მაგრამ მაინც... ისე, მედიცინაზე გამახსენდა – ცნობილი ექიმ-რენტგენოლოგი ამირან ჩაჩავა მაკერინებდა ხოლმე ხშირად შარვალ-კოსტიუმს.

- ბატონო ზაქრო, რა არის მოდა?

- მოდა? მოდა არის კარუსელი!

- ანუ იმას გულისხმობთ, რომ ყველაფერი მეორდება?

- ზუსტად ასეა, ყველაფერი მეორდება. მოდაში ისევ ის შემოდის, რაც ადრე იყო! დაკვირვებული ვარ, რომ ყოველ 30 წელიწადში ისევ ძველი სტილი ხდება აქტუალური და მოდური.

- ანუ კარუსელი ისევ ტრიალებს?

-კი, ბატონო, ტრიალებს!..      

 

948
სანათი

შექმენი სიმყუდროვე ინტერიერში: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ადამიანის ცხოვრებაში

145
(განახლებულია 20:41 26.05.2020)
ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიის წყალობით შეგიძლიათ თქვენი ინტერიერი ორიგინალური, განსხვავებული და მიმზიდველი გახადოთ.

ქეთი ნოზაძე საუცხოო და განსხვავებულ სანათებს, დეკორციებს ქმნის. ქეთის მიერ დამზადებული ყველა ნივთი ინდივიდუალურია და მორგებულია მომხმარებლის სურვილზე, გემოვნებაზე. ქეთი ხელოვნებათმცოდნეა. ამბობს, რომ პროფესიის მიღმაც მისი ცხოვრება მუდმივ კავშირშია ხელოვნებასთან.

ქეთი ნოზაძე
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ნოზაძე

- პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პროფესიის მიღმაც ჩემი ცხოვრება მუდმივ კავშირშია ხელოვნებასთან. მარტივად და ყოველგვარი მაღალფარდოვანი საუბრის გარეშე ვფიქრობ, რომ ხელოვნება აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერშია. ჩემი გატაცებაც, ბუნების მიღმა, სწორედ ეს არის. ერთი მხრივ არსებობს ამოუცნობი სამყარო, რომელიც ჩვენ გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად ქმნის საოცრებებს და მეორე მხრივ არსებობენ ხელოვანი ადამიანები, რომლებიც საკუთარი გენიალურობის თუ ნიჭის საფუძველზე ქმნიან ამ ყოველივეს. ეს არის ჯაჭვი, ციკლი, მუდმივი პროცესი, რომელიც არასდროს დასრულდება და მუდმივად ძიებაში გამყოფებს. ამ ეტაპზე, გარდა საქმიანობისა, რომელიც „ლამპინოს“ უკავშირდება, გატაცებული ვარ გრაფიკული დიზაინის შესწავლით, რაც ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვის, რადგან მუდმივად ხელით მუშაობას ვარ მიჩვეული და ამ შემთხვევაში ყველა საჭირო მასალა და ინსტრუმენტი ერთიან, ვირტუალურ სივრცეში მაქვს, რაც თავისთავად მაძლევს განსხვავებულ შესაძლებლობებს ნამუშევრის შექმნის პროცესში.

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- რა არის „ლამპინო“ და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

- რა არის „ლამპინო"? ჯერ ზუსტად არ ვიცი, ეს არის ბრენდი, ჩემი საქმიანობა, ჰობი, თუ რაიმე სხვა. ჩემთვის ეს უბრალოდ იდეების განხორციელებაა. სანათებზე მუშაობა ყოველთვის ძალიან მომწონდა, თუმცა ბრენდის შექმნაზე ნამდვილად არასდროს მიფიქრია. ჩვენ გარშემო არსებულმა სიტუაციამ, ხელნაკეთი ნივთების პოპულარობამ და სოციალურ ქსელში გამარტივებულმა პროცესებმა, განსაკუთრებით კი მეუღლის ძალისხმევამ, რომ აუცილებლად უნდა მქონოდა სივრცე, სადაც შევძლებდი ნამუშევრები გლობალურად გამეზიარებინა, გამოიწვია „ლამპინოს“ შექმნა.

პირველი შეხება კი ხელნაკეთ ნივთებთან, როგორც საქმიანობასთან, იყო Fredo Handmade-ში, სადაც ვმუშაობ, როგორც მხატვარი (თვითნასწავლი), და თავისთავად ეს ეტაპი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი წინსვლისთვის, რადგან მივხვდი, რომ ჰობი შეიძლება საქმიანობად აქციო.

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- ბრენდის კონცეფციაზე გვესაუბრეთ...

- „ლამპინო“ მოიცავს ხელნაკეთ სანათებს, რომელიც იხატება ხელით და ამიტომ განსაკუთრებული ენერგეტიკის მატარებელია. ჩემთვის სანათი ის ნივთია, რომელიც ინტერიერში ყველაზე დიდ როლს თამაშობს განწყობის შექმნაზე.

- თქვენ მიერ შექმნილი სანათები განსხვავებული და ორიგინალურია. რა მასალით ქმნით მათ?

- მასალა საკმაოდ მრავალფეროვანია. ვიყენებ როგორც ხეს, ასევე პლასტმასს და დეკორატიულ ცემენტს, ელექტროგაყვანილობის გაკეთებაც ხშირად თავად მიწევს.

სანათები
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათები

- მოხატული სანათები რამდენად უძლებს ნათურის მხურვალებას?

- სანათები დენის წყაროზე მუშაობს და თავისთავად გათვლილი და მორგებულია ელექტროენერგიაზე, მით უმეტეს, რომ დღეს გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ ისეთი ნათურები, რომლებიც არ ხურდება და თავისთავად არ ქმნის ნივთის დაზიანების საშიშროებას.

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- სანათებში ძირითადად კოსმოსის თემა ჭარბობს. თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სფეროა?

- სანათების თემატიკას ხშირად თავად ვარჩევ, ხშირად კი მომხმარებელი მკარნახობს რა სურს მას და შეთანხმებულად ვმუშაობთ, ან მხოლოდ მის სურვილს ვეყრდნობი. კოსმოსის თემა ჩემი არჩევანი იყო, რადგან ვთვლი, რომ კოსმოსი ყველაზე საინტერესო, ამოუცნობი და ამასთან გასაოცარი სილამაზის სამყაროა. სანათი „კოსმოსი" კი ინსპირაცია აღმოჩნდა მომხმარებლისთვის და ასე შეიქმნა „სატურნის პლანეტა".

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- სანათების გარდა სხვა ნივთებსაც ქმნით?

- გარდა სანათებისა ვმუშაობ უამრავ დეკორატიულ ნივთზე, მაგალითად, სასტუმროსთვის დავამზადე აბრა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს წესრიგისა და სისუფთავისკენ, ასევე ნიშანი, რომ მოწევა აკრძალულია, ქოთნები ყვავილებისთვის, მოქარგული ფარდაგი, საკიდი ფინჯნებისთვის და მრავალი სხვა...

სანათი
photo: courtesy of Keti Nozadze
სანათი

- რა ემოციას იწვევს თქვენში ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა?

- ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო პროცესია, მით უმეტეს, როდესაც ნულიდან იწყებ ნივთის შექმნას და არარსებულიდან შედეგად იღებ განწყობას, ემოციას, ფანტაზიას. ამაზე სასიამოვნო ნამდვილად არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს შრომას, ენერგიას, დაზიანებულ ხელებს, გათენებულ ღამეებს და უდიდეს დროს მოითხოვს შენგან. ხშირად რთულია მომხმარებლისთვის გაიგოს, თუ რამდენად რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული მისთვის სასურველი ნივთის შექმნა და თავისთავად საქმიანობის დაფასება და შეფასება რთულდება, მაგრამ ალბათ გასულ ათწლეულებთან შედარებით, როცა ხელნაკეთი ნივთი საჭიროებას წარმოადგენდა და ფაქტობრივად ადამიანებს სხვა გზა არ ჰქონდათ, თავად უნდა ეკეთებინათ უამრავი რამ, რადგან ფიზიკურად არ არსებობდა რომ შეგეძინა, დღეისათვის იცვლება დამოკიდებულება და ეს ყველაფერი ხელოვნებას უფრო უახლოვდება, შესაბამისად, ფასდება იდეაც და სამუშაოც.

ქეთი ზონაძის შემოქმედება
photo: courtesy of Keti Nozadze
ქეთი ზონაძის შემოქმედება

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია, რადგან ყველაფრის კეთება ფაქტობრივად მარტო მიწევს, იმის პარალელურად, რომ 10 თვის პატარა მყავს და, შესაბამისად, შეუძლებელია მხოლოდ საქმეზე ვიყო კონცენტრირებული. მაგრამ, როდესაც გაქვს იდეები და მათი განხორციელების სურვილი გაწუხებს, თავისთავად წინ მიდიხარ, მით უმეტეს, როცა საერთოდ არ ფიქრობ, რომ წინსვლის პროცესი აუცილებლად უნდა დააჩქარო, რადგან გარშემო უამრავი საინტერესო და სასიამოვნო მომენტია, რისი გამოტოვებაც ნამდვილად არ ღირს.

145
მარიამ ეძგვერაძე-ფხაკაძე

სიკეთე ცხოვრების წესი, ანუ ქართველი ქველმოქმედი ქალბატონი გერმანიაში

483
(განახლებულია 20:22 26.05.2020)
თავისუფლების სიყვარული და სიკეთე ქართველისთვის ერთგვარი ორიენტირია, რომელიც მას ყველგან გამოარჩევს.

ეპიდემიის დროს უცხოეთში მცხოვრები ქართველები დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს მკითხველისთვის ერთი ჩვენებური ქალბატონი გაგვეცნო. მარიამ ეძგვერაძე-ფხაკაძე წლებია გერმანიაში ცხოვრობს და ბევრს თავისი ქველმოქმედებით გააცნო თავი. როგორც გვაცნობეს, ის არა მარტო საქართველოში ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, არამედ გერმანიაშიც შეძლებისდაგვარად ცდილობს ასაკოვან ადამიანებს დახმარება სრულიად უსასყიდლოდ აღმოუჩინოს. კარანტინის დროს, თურმე, მარტოხელა გერმანელ მოხუცებთან პროდუქტები მიჰქონდა. ჩვენ დავუკავშირდით მას და თავისი ცხოვრების ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ...

მარიამ ეძგვერაძე-ფხაკაძე
მარიამ ეძგვერაძე-ფხაკაძე

ყველამ კარგად ვიცით, როგორი გაჭირვება და სიდუხჭირე იყო 90-იან წლებში, განსაკუთრებით უბრალო ხალხს უჭირდა, მათ შორის ჩემი ოჯახიც იყო. სწორედ ასეთმა მდგომარეობამ გადამაწყვეტინა, რომ სამშობლო დამეტოვებინა – მინდოდა ოჯახს ფინანსურად დავხმარებოდი. ამას გარდა გერმანული მესწავლა, ჩემს პროფესიაში კვალიფიკაცია ამემაღლებინა და მერე სამშობლოში დავბრუნებულიყავი.

გერმანიაში 1999 წელს ჩამოვედი. ორი წელი ბადენ-ბადენში, 2001 წლიდან კი ქალაქ კარლსრუეში ვცხოვრობ. პირველი დღეები ძალიან განვიცადე ყველაფერი, გერმანულმა ადათ-წესებმა ისე შემაშინა, რომ ვერ წარმოვიდგენდი, ოდესმე თუ შევეგუებოდი. ორი წელი ძიძად ვმუშაობდი, ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან კარგი ოჯახი შემხვდა. ყველა თბილად მექცეოდა, მაგრამ 23 წლის გოგოსთვის ძნელი იყო სამი ბავშვის მოვლა, როცა მათი მშობლები პრაქტიკულად არ იყვნენ სახლში. ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს, სანამ აქაური ქართველები არ გავიცანი...

მარიამ ეძგვერაძე-ფხაკაძე
მარიამ ეძგვერაძე-ფხაკაძე

2001 წელს კარლსრუეს უნივერსიტეტში გერმანისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი ორი სემესტრი კარგად დავხურე, მაგრამ, საუბედუროდ, ჩემი გაშლილი ფრთები ძალიან მალე მომეკეცა. 2002 წელს ჩემთან ჩამოსული მამა, რომელიც 55 წლის იყო, ქუჩაში დაიღუპა. დაახლოებით 5000 ევრო იყო საჭირო იმისთვის, რომ მამა საქართველოში გადმომესვენებინა. მთელმა ქართველობამ შემიგროვა ფული. ამის შემდეგ მივხვდი რას ნიშნავს, როცა უცხო ქვეყანაში მარტო აღმოჩნდები და ადამიანები გვერდში დაგიდგებიან. ჩემი ქველმოქმედებაც მას შემდეგ დაიწყო...

სწავლას თავი დავანებე. დღეს სამსახური მაქვს და სულ მოძრაობაში ვარ. რაც შეეხება ქველმოქმედებას, მიჭირს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი. არ მახსოვს, რომ ამის შესახებ სოციალურ ქსელებში პოსტი ან ამის დამადასტურებელი რაიმე ფოტო დამედო. თუმცა როცა ამას სხვა აკეთებს, ერთი მხრივ ვამართლებ, რადგან სიკეთე გადამდებია, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთი წარმოდგენა მაქვს, თითქოს ჩადენილი სიკეთის გამო ხოტბის შესხმას ელოდებიან.

მარიამ ეძგვერაძე-ფხაკაძე
მარიამ ეძგვერაძე-ფხაკაძე

საქართველოში ყველაზე მეტად მოხუცებზე მეწვის გული. მათზე, ვისაც არავითარი შემოსავალი არა აქვს და კაპიკებს ითვლიან, რომ პენსიით ერთი კვირის სამყოფი წამალი მაინც შეიძინონ. არ მინდა დავკონკრეტდე ვის და როგორ დავეხმარე. მთავარია, რომ ვიღაცას ერთი დღე მაინც გავუხალისე და ეს ამბავი ბედნიერებას მანიჭებს. გერმანიაში ძირითადად ავადმყოფ ადამიანებს ვეხმარები, ქართველებთან სრულიად უანგაროდ ვეწევი თარჯიმნობას და მათ სხვადასხვა საქმეების მოგვარებაში ვეხმარები. აქ თავს მარტო არასოდეს ვგრძნობ. საკმარისია რაიმე ვთქვა, რომ მთელი კარლსრუეს ქართველობა გვერდით დამიდგება. თუმცა არა მარტო ქართველები, გერმანელიც. მოკლედ, ამ შუაგულ გერმანიაში ჩემი ოჯახი ქართულად ცხოვრობს და შვილებსაც ქართულად ვზრდით.

საქართველოში ჩემი ახლობელი ადამიანები, ნათესავები და ბავშვობის მეგობრები მენატრებიან. მათთან სითბო და სიყვარული – აი, ეს მაკლია გერმანიაში. სიკეთეს კი ეროვნება არ აქვს, მისთვის არც საზღვრებია, მთავარია, ამის შინაგანი მოთხოვნილება გქონდეს...

        

483
ტესტი კორონავირუსზე

ეჭვები გაძლიერდა: ახალი კვლევა კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობაზე მიანიშნებს

0
(განახლებულია 15:19 27.05.2020)
მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ რამდენად ინფიცირდებიან კორონავირუსით მსოფლიოს ქვეყნებში სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმები და „შოკისმომგვრელი დასკვნა“ გააკეთეს

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ადამიანის ორგანიზმთან „იდეალური ადაპტაციის“ გამო ავსტრალიელ მეცნიერებს კითხვები გაუჩნდათ COVID-19-ის წარმომავლობასთან დაკავშირებით, იუწყება გამოცემა Daily Mail–ი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფლინდერსის უნივერსიტეტის სწავლულთა გუნდმა შეისწავლა, თუ რამდენად აინფიცირებდა COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებს. დადგინდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი საეჭვოდ „იდეალურად ერგება“ ადამიანს, რამაც მეცნიერებს მისი ხელოვნური წარმოშობის თაობაზე ეჭვები გაუძლიერა.

კვლევის ერთ–ერთი თანაავტორის, პროფესორ ნიკოლაი პეტროვსკის თქმით, ვირუსი ყველაზე კარგად სწორედ ადამიანის უჯრედებზე მაგრდებოდა, რამაც გამოიწვია კიდეც ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდა.

კაცობრიობა ამგვარ ცოდნას არ ფლობს: უჰანის ლაბორატორიის დირექტორი ბრალდებებს პასუხობს>>

ამასთან, პეტროვსკის იმედი ჰქონდა, რომ ბუნებაში მოძებნიდა ისეთ ცხოველს, რომელიც ყველაზე მეტად მოწყვლადი იქნებოდა აღნიშნული ვირუსის მიმართ, მაგრამ შოკირებული დარჩა იმით, რომ SARS-CoV-2 ადამიანებს ამჯობინებდა.

„ეს ახალი ვირუსია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არასდროს ყოფილა, მაგრამ მას ადამიანის რეცეპტორებთან მიერთების ძალიან მაღალი უნარი აქვს, რაც ძალიან გასაკვირია“, — აღნიშნა პროფესორმა.

მისი თქმით, სწორედ ამან გაუძლიერა ეჭვი მეცნიერთა გუნდს იმის შესახებ, რომ შესაძლოა SARS-CoV-2 მართლაც ხელოვნურად იყოს შექმნილი, „მაგალითად, უჰანის ლაბორატორიაში — სხვა საკითხია, შემთხვევით მოხდა ეს თუ გამიზნულად“.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში