მაია ლომიძე

უსინათლო მუსიკოსის ვარდისფერი ოცნება, ანუ ბედნიერება, რომელიც ჩვენშია

696
(განახლებულია 19:37 09.10.2019)
მაია ლომიძე უსინათლო პიანისტია, რომელმაც არაერთი ადამიანი აღაფრთოვანა თავისი ნიჭით.

დაკვრა ხუთი წლისამ დაიწო. თავიდანვე განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა და მასწავლებელი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. მთელი მისი ცხოვრება მუსიკას და ფორტეპიანოს უკავშირდება. საოპერო მომღერლობაზე ოცნებობს და მიზნის მისაღწევად ძალას არ იშურებს. მაიამ თავისი ცხოვრების და შემოქმედების შესახებ „Sputnik–საქართველოსთან“ ისაუბრა.

- 24 წლის ვარ. დავამთავრე 202-ე საჯარო სკოლა, ასევე ნიჭიერთა ათწლედი. 2018 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით. მეოთხე წელია ვეუფლები კლასიკურ ვოკალს საოპერო განხრით. ვარ სოპრანო და ვნახოთ რა გამოვა, მომავალში მინდა საოპერო მომღერალი გავხდე.

მაია ლომიძე
მაია ლომიძე

- რა ადგილი უკავია მუსიკას თქვენ ცხოვრებაში?

- მუსიკა თვითონაა მთელი ჩემი ცხოვრება. მის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ხუთი წლიდან ამ სფეროში ვარ და ის ჩემი ნაწილი გახდა. იყო პერიოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა, შემდეგ მსახიობობა. ვინაიდან უსინათლო ვარ, ვფიქრობდი, რომ ამას ვერ შევძლებდი, ამიტომ გადავიფიქრე. თუმცა დღეს ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.

- ვინ აღმოაჩინა, რომ მუსიკის ნიჭი გქონდათ?

- ხუთი წლის ვიყავი, საესტრადო სიმღერების სწავლა რომ დავიწყე. ძალიან მარტივად ვიმახსოვრებდი ყველაფერს. ამის შემდეგ ჩემმა მასწავლებელმა დამსვა პიანინოსთან და რაღაც დავალებები მომცა. ყველაფერი კარგად გავაკეთე. მაშინ უთხრა დედაჩემს, აბსოლუტური სმენა აქვს და მიხედეთო. მალევე შემიყვანეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 მუსიკალურ სკოლაში. ცხრა წელი იქ ვისწავლე. ამის შემდეგ გადავედი ნიჭიერთა ათწლედში. შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში.

მაია ლომიძე
მაია ლომიძე

- როგორც ვიცი, სულ ახლახან სოლო კონცერტიც გქონდათ.

- დიახ, მაისის თვეში მქონდა სოლო კონცერტი. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა და ყველა კმაყოფილი იყო. ძალიან ვღელავდი, ღამე არ მეძინა, რადგან საპასუხისმგებლო იყო ეს გამოსვლა ჩემთვის.

- ტრავმა როგორ მიიღეთ?

- ნაადრევად დავიბადე, ხუთთვიანი. ვყოფილვარ ერთი კილო. ინკუბატორში ვიყავი გარკვეული პერიოდი. ჟანგბადმა „გადამიწვა“ თვალის ნერვი. ამას კიდევ ბევრი პრობლემა დაერთო თან და ამის გამო, სამწუხაროდ, მზის სხივი არასოდეს მინახავს. რომ ვთქვა, ამას ძალიან განვიცდი და ვდარდობ, მოგატყუებთ. ერთადერთი, რატომაც განვიცდი, მიჭირს მარტო გადაადგილება. იმდენად მიყვარს სიარული, დედას ხშირად უთქვამს, შენ რომ ხედავდე, სახლში ვერ დაგიჭერდიო. ასევე ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ბოლო პერიოდში შეიქმნა საიტი, სადაც ყოველდღიურად ძალიან ბევრი წიგნი ემატება. საბედნიეროდ, აუდიოწიგნები გამოიგონეს და ეს დიდი შეღავათია. მართლა უზომოდ მიყვარს კითხვა, დედა და ბებია ისე მიდგანან გვერდით, იმდენ დროს და ენერგიას მითმობენ, რომ ნამდვილად ვეღარ ვეტყვი წიგნები მიკითხონ. აი, ეს ორი ფაქტორია, რის გამოც გული მწყდება, რომ ვერ ვხედავ.

- რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- რამდენიმეს გამოვყოფ. პირველი ეს არის შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“. პირველი სერიოზული წიგნი, რომელიც წავიკითხე, სწორედ ეს იყო. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღემდე მისი გავლენის ქვეშ ვარ. მეორეა ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“. სულ ვიძახი, რომ ედმონდ დანტესი ჩემთვის მამაკაცის იდეალია. მესამეა ვიქტორ ჰიუგოს „კაცი, რომელიც იცინის“.

- თქვენს გონებაში რა ფერებში ხატავთ სამყაროს?

- ო, სამყარო საოცარი რამეა. სიმართლე გითხრათ, ბევრი არ მიფიქრია ამაზე. არ დამინახავს, მაგრამ არ ვიცი, რატომ ამოვიჩემე, ორი საყვარელი ფერი მაქვს – თეთრი და ვარდისფერი. ალბათ ამ ფერებში ვხატავ ჩემ სამყაროს.

მაია ლომიძე
მაია ლომიძე

- არახალია, რომ საქართველოში შშმ პირები ძალიან ბევრ პრობლემას და წინააღმდეგობას აწყდებიან. პირადად თქვენ რა პრობლემებს აწყდებით ყველაზე ხშირად?

- ძალიან მწვავედ დგას გადაადგილების პრობლემა. დამოუკიდებლად ვერ გადავაადგილდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვერ ვსარგებლობთ მიწისქვეშა გადასასვლელებით, ზებრა გადასასვლელებით. ასევე დიდი პრობლემაა საზოგადოების ცნობიერება. რომ მხედავენ, ზოგი ისე ვიშვიშებს, ისეთ კითხვებს მისვამენ, გაოცდებით. ერთხელ ავტობუსში ერთი ქალბატონი დაინტერესდა, თმას თავად ვივარცხნიდი თუ არა. ერთმა 50-თეთრიანიც ჩამიდო ხელში, ალბათ ეგონა მოწყალებას ვითხოვდი. ზოგმა ლამის ტირილი დაიწყოს. ჩვენ საამისოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე და ეს ნამეტანია. ჩვენ არ გვჭირდება თანაგრძნობა და სიბრალული. საბედნიეროდ, ჩვენი თაობის წარმომადგენლებიდან იგივე რეაქციები არ მოდის. უფრო ძველი თაობის წარმომადგენლები იჩენენ „გადაჭარბებულ სიბრალულს“.

ბევრ ადამიანს უკვირს და უკითხავს, როგორ ვსარგებლობთ სოციალური ქსელით, როგორ ვკითხულობთ, განათლებას როგორ ვიღებთ. არ იციან, რომ უსინათლოებისთვის ალტერნატიული გზები არსებობს.

- თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ მონაპოვრად რას მიიჩნევთ?

- ოჯახს. მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდი. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩემ ჩამოყალიბებაში და ყოველთვის მადლიერი ვიქნები მათი. 24 საათი სულ მე დამყვებიან. ორი პატარა და მყავს, რა თქმა უნდა, მათაც აქცევენ ყურადღებას, მაგრამ დროის ძალიან დიდ ნაწილს მაინც მე მითმობენ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- ძალიან მინდა საოპერო მომღერალი გავხდე და ძალებს არ დავიშურებ ამისთვის. დღეს აქტიურად ვაგრძელებ რეპეტიციებს, მუშაობას და ვნახოთ, იმედია, გამომივა.

 

696
ნათია კიკნაძე

„გერმანია ჩემი მეორე სამშობლოა, საქართველო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილი...“

583
(განახლებულია 22:05 01.07.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მხატვარს ნათია კიკნაძეს გაგაცნობთ.

„სამშობლო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილია, რომელიც საქართველოში დავტოვე“ – ამბობს მხატვარი ნათია კიკნაძე, რომელიც წლებია, რაც გერმანიაში დამკვიდრდა.

საქართველოში თოიძის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ჩავიდა. გერმანული ენის ათვისების მერე ოცნება აისრულა და ქალაქ ლარში არსებულ აკადემიაში თავისუფალი მხატვრობის განხრით ჩააბარა. ხატვის დროს უპირატესობას სიურრეალიზმს ანიჭებს და თვლის, რომ მის ნახატებში უფრო ქვეცნობიერის გამოძახილია. სექტემბრის თვეში გერმანიაში სადიპლომო გამოფენისთვის ემზადება.

ნათია კიკნაძე
ნათია კიკნაძე

- ნათია, როგორი იყო საქართველოში გატარებული ბავშვობა და გერმანიამდე გავლილი გზა?

- მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ფინანსური მდგომარეობა არც ისე კარგი გვქონდა, ჩემი მზრუნველი დეიდებისა და ბებიების წყალობით ბავშვობა ლამაზ ფერებში მახსენდება. ბებია, რომელიც ჩვენთან ცხოვრობდა, მანებივრებდა თავისი შეკერილი ულამაზესი კაბებით. თავისი იდეალური ბებიობით კიდევ უფრო მილამაზებდა ბავშვურ ფერად სამყაროს. რაც თავი მახსოვს, ანუ ორი წლიდან მოყოლებული ვხატავ. ხატვის ნიჭი გამომყვა მამისგან, რომელიც მხატვარია. დედა მიყვება – ორი წლის ვყოფილვარ, როდესაც წიგნზე ისეთი ადამიანი მიმიხატია, რომ მეორე ოთახიდან შემოსულს შეშინებია, სახლში კიდევ ვინმე ხომ არ არისო, რადგან ჩემი დახატული თურმე მოზრდილი ადამიანის ნახატს ჰგავდა. ხატვა ჩემი ნაწილია, ისევე, როგორც ჩემი სხეული და სული, როგორც სუნთქვა, ისეა ჩემთვის.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ხატვის ნიჭი სად განავითარეთ?

- თოიძის სასწავლებელში, სადაც ორი წელი ტანსაცმლის დიზაინზე ვისწავლე. ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში სწავლა, მაგრამ ფინანსურად ამის საშუალება არ მქონდა. 20 წლის ასაკში კერამიკის საამქროში პატარა ფიგურების მხატვარად ვმუშაობდი. ძალიან მალე ის დაიხურა და მხატვრისთვის შესაფერისი სამსახური ვერ ვიშოვე. გადავწყვიტე გერმანიაში ჩამოსვლა და სამხატვრო აკადემიაში სწავლა.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- როდის მოახერხეთ ამ ოცნების ასრულება?

- 2002 წელს გადავწყვიტე გერმანიაში ჩამოსვლა და სწავლის გაგრძელება. მაშინ 22 წლის ვიყავი. მოვემზადე გერმანულში და, მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეში უკვე კარგად ავითვისე ენა და საელჩოში გამოცდაც მალე ჩავაბარე, ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემები იქმნებოდა, რაც კიდევ უფრო მიმძაფრებდა აქ ჩამოსვლის სურვილს. საერთოდ, როდესაც რაიმე მინდა ხოლმე და არ გამოდის, შემიძლია იქამდე ვცადო, სანამ მიზანს არ მივაღწევ. ამის მერე გერმანიაში 24 წლის ასაკში გაცვლითი პროგრამით, ანუ ოპერ-გოგონად ჩამოვედი. რის სანაცვლოდაც ის ოჯახი გერმანულის სწავლის კურსებს მიფინანსებდა. ორი წელი გერმანული ენის კურსებზე ვისწავლე, ოცნება მესამე წელს ავიხდინე. ჩემი სადიპლომო გამოფენა, რომელზე მუშაობაც აკადემიაში უნდა გამეგრძელებინა, დროებით შეჩერებულია. სექტემბრიდან, იმედია, კორონას ამბები როცა ჩაწყნარდება, მერე თავისუფლად შევძლებ მის გამართვას.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- როდის ახდა თქვენი ოცნება გერმანიაში სწავლასთან დაკავშირებით?

- 2007 წლის ოქტომბერში ჩავაბარე ქალაქ ლარში არსებულ აკადემიაში, თავისუფალი მხატვრობის განხრით. ამ დროს ქალაქ ფრაიბურგში ვცხოვრობდი და ამ ქალაქში მატარებლით მიწევდა სიარული. გამოცდისთვის მომთხოვეს ჩემი ნახატების კრებული და სამშობლოდან ჩამოტანილი დიპლომის აკრედიტაცია. საბედნიეროდ, თოიძის სასწავლებელმა იმ წელს გაიარა აკრედიტაცია, ასე რომ, იმ ნახატების და დიპლომის ფონზე აკადემიაში მიმიღეს.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- სამხატვრო აკადემიაში სწავლის ექვსი წელი როგორი იყო და თქვენი, როგორც მხატვრის მიმართულება და სტილი გერმანულმა აკადემიამ თუ შეცვალა?

- თავისუფალი მხატვრობა იმით განსხვავდება, რომ თავისუფალი ხარ ხატვაში. ჩვენ იქ არ გვაზომინებდნენ ნახატებს და სიმეტრიების დაცვაც არ იყო აუცილებელი. უფლებას გვაძლევდნენ, რომ ჩვენი იდეებით გვეხატა, რაც აისახება როგორც ჩემს ნახატებში, ტანსაცმლის დიზაინის სწავლაშიც. უმეტესად სიურრეალიზმს ვხატავ. იშვიათად, რომ დავხატო ის, რასაც ფიზიკურად ვხედავთ. ჩემს ნახატებში უფრო ქვეცნობიერის გამოძახილია. თუმცა ძალიან ბევრი ნახატებიც მაქვს კარიკატურის ჟანში. ამჟამად ვმუშაობ ხის სპილოების სერიაზე, რომლებსაც სხვადასხვა ორნამენტებით და ხასხასა ფერებით ვაფორმებ. სპილოები ჩემი მეუღლის ხის საამქროში იჭრება. აკადემიაში გამოცდებს ყოველწლიურად ადვილად ვაბარებდი, მაგრამ იქ ნახატების გამოფენა ხდება მხოლოდ ერთხელ, სწავლების ბოლოს, სადიპლომოდ. 2011 წელს მქონდა ნახატების გამოფენა პატარა სივრცეში ქალაქ ფრაიბურგში, ოღონდ მაშინ ნახატები არ გამიყიდია, რადგან ვაგროვებდი სადიპლომო გამოფენისთვის.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- მომავალმა მეუღლემ რითი მოგხიბლათ და როგორია თქვენი ქართულ-გერმანული ოჯახი?

- ერთმანეთი 2011 წელს, როგორც ხდება ხოლმე, ინტერნეტით გავიცანით. მან თავისი მზრუნველობით და ყურადღებით მომხიბლა. ძალიან ნიჭიერი და მშრომელი ადამიანია. 2012 წელს დავოჯახდით. ჩვენი ქართულ-გერმანული ოჯახი მშვიდია, რადგან ჩემს ქართულ ემოციებს გერმანული სიმშვიდე აწონასწორებს. როგორც გერმანელების უმრავლესობას, ყოველ შაბათ-კვირას ოჯახური სეირნობისა და განტვირთვის დღე გვაქვს.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ქართული თემები თუ ჩნდება თქვენს ნამუშევრებში?

- ასე ზუსტად ალბათ ვერ ვიტყვი, მაგრამ ქართული სული უდავოდ დევს მათში, რადგან ხატვის დროს ჩემი გრძნობებისა და სულის ნაწილი ნახატზე რჩება. ძალიან ბევრი ჩანაფიქრი და მიზანი მაქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდე როგორც მხატვარი, მინდა მოვაწყო ბევრი გამოფენა და, რაც მთავარია, კიდევ უკეთესი ნახატები შევქმნა. რადგან ვფიქრობ, მეტი შემიძლია. ჩემს სადიპლომო გამოფენას, რომელიც 2013 წელს უნდა მქონოდა, დედობა ჩავანაცვლე. ჩემი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, რადგან მყავს საოცარი ბიჭი, რომელიც ახლა ექვსი წლის ხდება, გოგონა ორი წლისაა. ამის გამო შვიდი წელი შემოქმედებითი პაუზა მქონდა, მაგრამ ხატვა არასოდეს შემიწყვეტია. სექტემბრიდან ვბრუნდები აკადემიაში სადიპლომო გამოფენის გასაკეთებლად. იმედია, კორონას გამო ხელი აღარ შეგვეშლება.

ნათია კიკნაძის შემოქმედება
ნათია კიკნაძის შემოქმედება

- ანუ გერმანიამ მთლიანად შეცვალა თქვენი ცხოვრება...

- გერმანიაში ცხოვრების დაწყებას შევადარებდი სინათლისკენ გადადგმულ ერთ უზარმაზარ ნაბიჯს. ამ ქვეყანამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ და საშუალება მომცა, რომ ჩემი ოცნებები ამეხდინა. გერმანია ჩემი მეორე სამშობლოა. თუმცა რასაც ჩემი სამშობლო ჰქვია, სადაც დავიბადე, მოვინათლე, სადაც დედა, ნათესავები და ბევრი მეგობარი მყავს, ის სამშობლო ჩემი სულის მოგლეჯილი ნაწილია, რომელიც საქართველოში დავტოვე. სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ის ნაწილი ყოველთვის მაკლია, თუმცა ჩემს გულში და გრძნობებშიცაა. ამ განცდას მიმსუბუქებს ის ამბავი, რომ ჩემი და უკვე ექვსი წელია აქ, ფრაიბურგში ცხოვრობს. როდესაც ჩემთან ჩამოდის ხოლმე ბედნიერებას მანიჭებს და ნოსტალგიას მიმსუბუქებს...

583
ანა დედაბრიშვილი

„ნახატი ხან გენიალური გგონია, ხან გეზიზღება“: ანა დედაბრიშვილის გამორჩეული ნამუშევრები

128
(განახლებულია 20:21 01.07.2020)
უნიჭიერეს ახალგაზრდა მხატვარს ანა დედაბრიშვილს ნამდვილად უნდა იცნობდეს ჩვენი მკითხველი. ის თანამედროვე ხელოვნების სფეროში თავის სათქმელს ამბობს.

ანას სამუშაო მასალა და მიმართულება ყოველთვის განსხვავებულია. ადამიანები მის ნახატებში ყოველთვის სხვადასხვა რამეს ხედავენ. ამბობს, რომ ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის შემოქმედებას.

ანა დედაბრიშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის შემოქმედება

- გაეცანით ჩვენს მკითხველს…

- პირველ რიგში ადამიანი ვარ, დედამიწაზე ვცხოვრობ, ერთი ჩვეულებრივი და თან ძალიან განსაკუთრებული, როგორც ყველა ადამიანი. ვსწავლობდი „თავისუფალ უნივერსიტეტში“, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე, სადაც მივიღე ფართო და ზოგადი განათლება სოციალურ მეცნიერებებში, რაც პირველ რიგში დამეხმარა პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რათა, ასე ვთქვათ, „აზრზე მოვსულიყავი“ რა ხდება სამყაროში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარკეტინგში ვმუშაობდი, სადაც აღმოვაჩინე, რომ გრაფიკული დიზაინის მიმართ მქონდა ინტერესი. შემდეგ ვისწავლე და გავხდი გრაფიკული დიზაინერი. რამდენიმე სარეკლამო კომპანიაში ვიმუშავე და შემდეგ გავბედე ის მეკეთებინა, რაც მინდოდა. თუმცა გრაფიკულ დიზაინს ახლაც ვაკეთებ „ფრილანსერად“ მუშაობით და ძალიან მომწონს. ახლა ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურაში, ფერწერაზე. ისე, ხელოვნება ყოველთვის მიყვარდა და ჩემს თავს მასში ვპოულობდი.  ცხოვრების რაღაც ეტაპზე თითქოს აღარ მჯეროდა, რომ ხელოვნებაში შემიძლია ვიყო, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც წარმოისახავ და მოისურვებ, შესაძლებელია. ჩემს თავში და სამყაროში უამრავი შესაძლებლობა და აღმოსაჩენი ადგილია და ვეძებ. აი, ამას ვაკეთებ ახლა.

ავტოპორტრეტი
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ავტოპორტრეტი

- Როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება ხელოვნებას?

- ეს ცოტა ამოუხსნელია. როგორ გითხრათ, შინაგად ჩემში ბევრი ძალა, ენერგია, ემოციები, აზრებია. ყველაფერს ძალიან ვუღრმავდები, ბევრი რამით შემიძლია აღტაცება და ამ ჩემი შინაგანი ამბების თვითგამოხატვის მოთხოვნილება მაქვს. როცა ამას ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, თითქოს სხვანაირად ვერ ვძლებ. ხელოვნება სუნთქვასავითაა.

ღრუბლები სტუმრად მთებთან
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ღრუბლები სტუმრად მთებთან

- Როგორ ფიქრობთ, თქვენი ნახატები თქვენს პიროვნებას წარმოაჩენს? Რისი თქმა გსურთ მათი საშუალებით?

- კი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ მეც კი მაცნობს ჩემს ქვეცნობიერ და დაფარულ ამბებს და ჩემს სამყაროს, თუ სამყაროებს, რაც ჩემთვისაც კი უცნობია და მხოლოდ ტილოს, ფერების, ფუნჯის ჯადოსნური შეხებით ჩნდება და ირკვევა.

ანა დედაბრიშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის შემოქმედება

- აღწევს ეს ხმა ადამიანებამდე?

- ჯერჯერობით არც ისე ბევრ ადამიანამდე, მაგრამ აღწევს. როცა ეს ხდება, ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ადამიანები ჩემს ნახატებში ყოველთვის სხვადასხვა რამეს ხედავენ, მათი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს კიდევ უფრო საინტერესოა და ასეც უნდა იყოს. ესეც მახარებს.

ის, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე, როგორ აფასებენ ჩვენს ნამუშევრებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სინამდვილეში ხელოვანები ხომ ძალიან მგრძნობიარე ადამიანები ვართ. შეიძლება ვინმეს ცუდი კომენტარის გამო უცებ ჩვენმა საქმიანობამ აზრი დაკარგოს და მერე ისევ დროა საჭირო ამ აზრის შეძენამდე, რასაც ვებრძვი. მაგრამ მერე ვფიქრობ ხოლმე, რომ რა გამოხმაურებაც არ უნდა ჰპოვოს ჩემმა ნახატებმა ადამიანებში, ის მაინც ჩემთვის ძალიან ღირებულია, რადგან მე და ტილო ერთად რაღაც ახალ სამყაროს ვხსნით. ახლა დავიწყე, მაგრამ ვხედავ რა ემოციების მიღება შეიძლება. ხატვის პროცესი უამრავ ემოციას მოიცავს. ხან მოგწონს ნახატი, ხან გენიალური გგონია, ხან გეზიზღება, ყველაფერი შეიძლება იგრძნო ხატვის პროცესში.

ისე, ძირითადად, ადამიანები პოზიტიურობას ხედავენ ჩემს ფერებში. ჩემი მიზანიც ეგაა – პოზიტივის გადაცემა და გამბედაობის შემატება იმისთვის, ვინც ნამუშევრებს ნახავს.

ანა დედაბრიშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის შემოქმედება

- თქვენი შემოქმედება თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუ კონკრეტული მიმართულება გაქვთ არჩეული?

- არა, არანაირი მიმართულება არ მაქვს არჩეული. მგონია, რომ ხელოვანმა თავი არ უნდა შეიზღუდოს. საერთოდ ის ხელოვანები აღწევენ წარმატებას, ვინც თავს არ იზღუდავს, მაქსიმალურად თავისუფლად აძლევს საშუალებას ქვეცნობიერს, რომ გამოხატოს თავისი თავი, არ ეშინია, არ ფიქრობს იმაზე, რომ რამე ჩარჩოში ჩაჯდეს, რამე კონკრეტული მასალა გამოიყენოს და რამე მასალა არა. ხელოვანი პირველი რიგში თავისუფალი ადამიანი უნდა იყოს, ამიტომ მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევ ჩემს თავს და ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ რაც თავში მომივა. ექსპერიმენტს მივმართავ, ამ ეტაპზე არც იმის მეშინია, რომ ვინმეს შემთხვევით მიმამსგავსონ.

გამოხატვის ფორმებშიც არ ვიზღუდავ თავს. შეიძლება ფერწერით გამოვიხატო, შეიძლება ნაწერით, შეიძლება თვითგამოხატვისთვის ინსტალაციას მივმართო, ან ფოტოს, ან უბრალოდ სიტყვები დავწერო სხვადასხვა მასალისგან, გრაფიკული დიზაინიც და კომპიუტერული ტექნიკაც შეიძლება გამოვიყენო, ამაშიც არ ვარ შეზღუდული. შეზღუდვებს მხოლოდ ჩვენი გონება ქმნის და მასვე შეუძლია მათი გაქრობა.

ანა დედაბრიშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის შემოქმედება

- შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე ემოციური ამბავი, ისტორია, რამაც თქვენს ნახატებში ჰპოვა ასახვა?

- ხადაში ვიყავით მეგობრები კარვებით ერთი კვირის განმავლობაში და როდესაც დავბრუნდი, რამდენიმე თვის შემდეგ უბრალოდ ხატვის დროს იქ მიღებული შთაბეჭდილებები გაცოცხლდა და გადმოვიდა ტილოზე. დავხატე ნამუშევარი „ღრუბლები სტუმრად მთებთან“. აი, ეს ძალიან საინტერესო პროცესია, როდესაც ქვეცნობიერში შენახული შთაბეჭდილებები, რაღაც მომენტში თითქოს თავისით გადმოდის ფურცელზე.

ასევე მოგზაურობის დროს აღმოვაჩინე წყალტუბოში მიტოვებული სანატორიუმი, სადაც თითქოს დრო გაჩერებული იყო, რომელიც შემდეგში ფურცელზე გადმოვიდა. Ჩემთვის მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილელები მნიშვნელოვანია.

ანა დედაბრიშვილი
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილი

- ამ მოკლე პერიოდში გამოფენის გამართვა ხომ არ მოასწარით?

- აკადემიის სტუდენტებს გვქონდა გამოფენა თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და კიდევ დავგეგმე გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იმედია, ვირუსი არ შეგვიშლის ხელს და გაიმართება. ჯერ ნახატებს ვაგროვებ პერსონალური გამოფენისთვის.

ანა დედაბრიშვილის ნამუშევრები
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის ნამუშევრები

- მართალია, დედას არ ეკითხებიან რომელი შვილი უფრო უყვარს, მაგრამ მაინც გკითხავთ, შეგიძლიათ რომელიმე თქვენი ნახატი გამოარჩიოთ, განსაკუთრებულად გიყვართ რომელიმე?

- დიახ, არის ერთი ნახატი, პირველი თავისუფალი ნახატი – „საკუთარ თავთან ჰარმონიაში დაბრუნება“. ის ასახავს ჩემი არეული ცხოვრების დასასრულს, როდესაც მე საკუთარ თავთან ჰარმონია ვიპოვე, საკუთარ თავს ხელი ჩამოვართვი, ორივე ფიგურა, რომელსაც ნახატზე ვხედავთ, ერთი ადამიანია, რომელიც სარკეში ირეკლება და ხელს ართმევს თავის თავს. Ზოგადად, ეს არეკვლადი ერთი და იგივე საგანი ჩემს ყურადღებას იპყრობს ყოველთვის, ასევე ფიგურებში ვხედავ წრეებს, ეს ვარსკვლავებს და პლანეტებს გვაგონებს. ეს იმის გამოხატულებაა ჩემთვის, რომ ადამაინებში მთელი სამყაროა მოცემული, „ჩატვირთული“, ფიგურები საჭადრაკო დაფაზე დგანან, ეს ხელის ჩამორთმევაა ჰარმონიის პოვნის მცდელობა საკუთარ თავთან. გადაწყვეტილებაა ამ გადაწყვეტილებათა ცხოვრებისეულ საჭადრაკო დაფაზე. ასევე ღრუბლები, როგორც რაღაც ღვთიური, არაამქვეყნიური, ალბათ, ღრუბლების თვალიერება და ყურება ყოველთვის მიყვარს. მრგვალი კვერცხი, როგორც დაბადების სიმბოლო. სოკო ჩემს პიროვნულ გამოცდილებებთან ასოცირდება, მის ასე გაზიარებას რამდენად შევძლებ არ ვიცი, უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სოკო წამიერია, მალე ამოდის და ქრება, იმ ჰარმონიის წუთივით, რომელიც ყოველთვის არ გვეძლევა და ამიტომ გვეძვირფასება.

გრაფიკულ დიზაინშიც მაქვს ჩემი საყვარელი ნამუშევარი და ეგეც რატომღაც ჩემი პირველი ნამუშევარია, ღვინო „ტალავერის“ ლოგო, რომელიც არის ქართული ასო ტ-ს და ყურძნის ფორმის კომბინაცია.

ანა დედაბრიშვილის შემოქმედება
photo: courtesy of Ana Dedabrishvili
ანა დედაბრიშვილის შემოქმედება

- იზოლაციამ ხომ არ შეცვალა თქვენი ემოციური მდგომარეობა, ხედვის რაკურსი? ზოგადად, ამ პერიოდმა რა გავლენა იქონია თქვენზე?

- იზოლაციის დროს მომიხდა ყველა იმ უნარისა და შესაძლებლობის მობილიზება, რაც თავს კარგად მაგრძნობინებდა, ამიტომ ეს ერთგვარი ვარჯიში იყო, რამაც გამაძლიერა. ერთი თვის განმავლობაში ბუნებაში ვცხოვრობდი, ასევე უფრო მეტად დავუახლოვდი ოჯახის წევრებს და ვისწავლე იმ მომენტის დაფასება და ბოლომდე შეგრძნება, რომელშიც იმყოფები. თითქოს უფრო მეტად გავცოცხლდი, ანუ უფრო მეტად დავიწყე იმ აზრებზე დაკვირვება, რომელიც გონებაში შემოდიოდა.

ზუსტად ამ დროს კიდევ ერთხელ ვუყურე ფილმს „შუაღამე პარიზში“, სადაც ჰემინგუეი ეუბნება მთავარ გმირს, რომ თუ მას ეშინია სიკვდილის, ის ვერ გახდება ხელოვანი. კორონას შიშიც ამ განწყობით დავამარცხე, რომ თუ ხარ ხელოვანი, გამბედავი უნდა იყო.

- ალბათ წინ ბევრი გეგმა გაქვთ, თქვენს გეგმებს ხომ არ გაგვიზიარებთ?

- მინდა აუცილებლად საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა, სადაც ვფიქრობ, რომ უფრო მეტად მომეცემა იმ ისტალაციების იდეების განხორციელების საშუალება, რომლებსაც ახლა ვაყალიბებ. ისე კი, ვფიქრობ, რომ მთავარია არა შედეგი, არამედ პროცესით სიამოვნების მიღება, საკუთარ თავში ფერების, აზრების, ნახატების, სამყაროების აღმოჩენით მიღებული სიამოვნება.

 

128
ეკატერინე ტიკარაძე

ტიკარაძე: თემა პირადად ჩემთვისაც  მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი შვილიც აბიტურიენტია

0
(განახლებულია 14:50 02.07.2020)
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეროვნულ გამოცდებზე საუბრობს.

 

ტიკარაძე: თემა პირადად ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი შვილიც აბიტურიენტია
„თემა ჩემთვისაც პირადად მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი შვილიც აბიტურიენტია. აქედან გამომდინარე, მე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი, ჩართული ვარ ამ თემატიკაში. დღესდღობით, ჩვენ კონკრეტულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ განათლების სამინისტროსთან და შევეცდებით, ბავშვებისთვის შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო“, -ამბობს ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტრო ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს.

0