დონა გიორგაძე

ემიგრანტი ქალის წერილები: „მარტო ის მაშფოთებდა, რომ მალე ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა“

724
(განახლებულია 18:09 08.10.2019)
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც... შორს წასულები ოჯახსა და სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. რომ არა ისინი, ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა...

დონა გიორგაძე – უცხო ენების სპეციალისტი, დაოჯახებულია და ცხრა წელია, რაც ემიგრაციაშია. თავის ამერიკულ ისტორიას საინტერესო ამბებად დღიურის სახით წერს და აქვეყნებს სოციალურ ქსელებში. გვსურს გაგაცნოთ მისი პირველივე ჩანაწერი, რომელშიც თავის პირველ შთაბეჭდილებაზე საკმაოდ რეალისტურად მოგვითხრობს...

დონა გიორგაძე
დონა გიორგაძე

დონა გიორგაძე: „ვიცოდი, რომ სასტიკად მომენატრებოდა ჩემი შვილების გაოფლილი თმისა და კანის სუნი“.

მე გამიმართლა... ამერიკაში ჩამოსვლის პირველივე დღიდანვე გამიმართლა... უფრო სწორად იმ დღიდან, როდესაც საკონსულოში შევედი ყოველგვარი ყალბი საბუთის გარეშე და მითხრეს „წადი, იგულავეო“. „გულაობის“ რა მოგახსენოთ, მაგრამ იქიდან სულ ფრენა-ფრენით გამოვვარდი და სანამ ტეხასის მიწაზე არ დავდგი ფეხი, 2004 წლის 12 ოქტომბერს, არ მჯეროდა, რომ ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. საქართველოში ორი შვილით: სოფო - შვიდი და ლილე - ხუთი წლის, ქირით ვცხოვრობდით ოროთახიან, ფაქტიურად ერთ საძინებლიან ბინაში. იმ ზაფხულს ბინის მეპატრონემ გაყიდვა დააპირა და თუკი რამე თანხა მქონდა ლატარიის თამაშით მოგროვილი, გადავუხადეთ. დანარჩენს წლის ბოლომდე დაგიფარავთ–მეთქი. ის პერიოდი იაფი ბინების დასასრული იყო საქართველოში. რამდენიმე თვეში ბინების ფასი გაორმაგდა და ერთ წელიწადში მსგავსი ბინა $15000 ნაკლებად არ გაიყიდებოდა. მოკლედ, ეს კი იყო კარგი ამბავი, მაგრამ ოჯახური იდილია ვერ იყო მთლად მწყობრში და ამერიკაში წასვლა თუნდაც დროებით, ჩემთვის ერთგვარი შვება იყო.

დეტალებში მახსოვს წამოსვლის ღამე, როგორ წამობოდიალდნენ მძინარე ბავშვები აეროპორტში, მე კიდევ ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ მათ დატოვებაზე არასოდეს მიფიქრია. ვიცოდი, რომ სასტიკად მომენატრებოდა ჩემი შვილების გაოფლილი თმისა და კანის სუნი...

დონა გიორგაძე
დონა გიორგაძე

გამიმართლა იმიტომ, რომ ბევრი სხვა ემიგრანტისგან განსხვავებით, ჩემი ბავშვობის მეგობართან, მის ქორწილში მივდიოდი. სოფო დაახლოებით ექვსი წელი არ მყავდა ნანახი და მაშინ ეს პერიოდი უსასრულოდ მეჩვენებოდა. იმდენჯერ წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა აეროპორტში, იმდენჯერ ვიკივლე გულში, რომ ესკალატორზე მდგომმა ქვემოთ მომლოდინე სოფო როცა დავინახე, ფაქტიურად ემოციის ნასახი აღარ მქონდა დარჩენილი. საქართველოში უკვე გრილოდა და მე თბილად მეცვა, ტეხასში ჰაერში ზაფხულის სითბო ტრიალებდა. სოფო ჯერ კიდევ იმ ოჯახში ცხოვრობდა, სადაც ბავშვების მომვლელად მუშაობდა და მეც იქ მიმიყვანა, ანუ ქორწილამდე ორივე იქ ვრჩებოდით. ქართულ რეალობას არ გაცილებული, აზრადაც არ მომივიდოდა, რომ უზარმაზარ სახლში ყველას საკუთარი აბაზანა ექნებოდა. რაც მკაფიოდ მახსენდება იქაური სუნია, რაღაცნაირი ახლისა და სისუფთავის. ფეხსაცმელს რომ ტურტლი და მტვერი არ ედებოდა – ამაზე გავრეკე. ზუსტად ისე იყო, როგორც ფილმებში მინახავს, გაწკრიალებული ბოტასებით შემეძლო გარეთ მერბინა და მერე ლოგინზე წამოვკოტრიალებულიყავი.

ქორწილი არნახული იყო, ისეთი, მხოლოდ ფილმებში რომ მენახა. პატარძლისა და მისი დაქალების სასტუმროში მომზადება თავის შამპანიურ-ლანჩიანად, ცერემონია მდელოზე და ბევრი ცეკვა და მუსიკა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ უნამუსოდ მოვითხოვე მიკროფონი და რა ვიბოდიალე აზრზე არ ვარ, მხოლოდ ის მახსოვს, ბოლოს ყველა ტაშს მიკრავდა და ჯორჯიას გაიძახოდა...

დონა გიორგაძე
დონა გიორგაძე

ორი კვირის განმავლობაში სოფომ მაქსიმალურად მომატარა ყველაფერი. მიყიდა პირველი ადამიანური ლიფი, პირველად გავსინჯე სუში და გამდნარ კარაქში ჩაწობილი ლობსტერი. ყველაფერი მომწონდა, თვით კონტეინერების მაღაზიებში ბოდიალიც კი. მახსოვს ყველაფერს საქართველოს ფასებს ვადარებდი და სირცხვილისაგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი, როცა სოფო უამრავ ფულს ხარჯავდა ჩემთვის რაღაცეების ყიდვაში. იმაშიც გამიმართლა, რომ ნიუ-ჯერსიში მყავდა ბავშვობის მეორე მეგობარი, რომლის პატარა, მაგრამ სტუმართმოყვარე სახლის კარი ჩემთვის ფართოდ იყო გაღებული. გამიმართლა, რომ ქეთის დახმარებით რამდენიმე ინტერვიუზე ვიყავი და სულ რამდენიმე დღეში დავიწყე სამსახური. ყველაზე მეტად ალბათ კიდევ ის გამიმართლა, რომ მოვხვდი ოჯახში, სადაც მამა და ორი პატარა გოგო ცხოვრობდა. ბავშვების დედა მოსალოცად იყო ჯანდაბაში წასული (ძალიან გაურკვეველი სექტის წევრი იყო, დატოვა შვილები და „ღვთის გზას“ დაადგა, მერე რამდენიმე თვეში დაბრუნდა, მაგრამ სახლში აღარავინ მოუშვა). ჰოდა, ეს ჩვენი ერიკი (მამა) მთელი დღე მუშაობდა, მე კი პატარა გოგოების დედაც, მომვლელიც, მასწავლებელი და ყველაფერი ვიყავი. რამდენიმე დღეში ბავშვები ისე შემეჩვივნენ, კალთიდან ვეღარ ვიგლეჯდი და დედა აღარ ახსოვდათ.

დონა გიორგაძე
დონა გიორგაძე

მახსოვს, როცა პირველ ღამეს მარტო დავრჩი ჩემთვის გამოყოფილ საძინებელში, როგორ ვიგრძენი, რომ ჩემი შვილები მენატრებოდნენ. ჯერ კიდევ არ ვიცოდი წინ რა მელოდა და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. პირველად მაშინ ვიტირე ბალიშში თავჩარგულმა... საბედნიეროდ, გამიმართლა და მალე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. ერიკი ძალიან სასაცილო, მაგრამ უკეთილშობილესი ადამიანი იყო და ერთი თვის შემდეგ გამოვუტყდი ინტერვიუს დროს მოგატყუე სამი წელი კი არა, ორი თვეა რაც აქ ვარ–მეთქი. თუმცა იმ დროს ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მისთვის მთავარი იყო, რომ მისი შვილები საიმედო ხელში იყვნენ და საჭმელი არ აკლდათ. ნელ-ნელა წერა-კითხვა და მათემატიკის სწავლაც დავიწყეთ. ჩემი დილა ასე იწყებოდა – ბავშვებს გავამზადებდი დილით, ჩაცმა, დაბანა, კბილები, საუზმე, მერე ყავას მოვიდუღებდი და საქართველოში ჩემს გოგოებს ვურეკავდი, რომ მათი ხმა გამეგონა – ეს იყო ჩემი რიტუალი...

დონა გიორგაძე
დონა გიორგაძე

გამიმართლა, რომ საქართველოში დაბრუნებამდე ორი თვით ადრე გავიცანი დევიდი, რომელმაც ნიუ-იორკის მუზეუმები მომატარა და პირველად მაშინ ვნახე ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების ნამუშევრები ორიგინალში. საკმაოდ სიურრეალისტური მომენტი იყო. დავბოდიალობდით ისეთ ადგილებში, სადაც მხოლოდ ადგილობრივი ნიუ-იორკელები დადიან და არა ტურისტები, სადაც იგრძნობა ამ ქალაქის ისტორია და ხიბლი. მოვიარეთ ჯაზ-კლუბები, რომლის კედლებშიც მუსიკის ისტორიას გრძნობ. იმ დროს კონკიას გმირად ვგრძნობდი თავს და მხოლოდ ის მაშფოთებდა, რომ ცოტა ხანში ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა და მე ისევ იმ უბადრუკ რეალობას უნდა დავბრუნებოდი...

მიუხედავად შიშისა, მაინც დავბრუნდი, რადგან სხვანაირად ვერანაირად დავალაგებდი სიტუაციას, ბავშვების მიტოვება დიდი ხნით არ მინდოდა, არც ვიზის დარღვევა. 2005 წლის აგვისტოს, ზუსტად ჩემს დაბადების დღეს, სულ ტირილ-ტირილით გამაცილა დევიდმა აეროპორტში და ბოლო წუთამდე მემუდარებოდა არ წავსულიყავი. ასე დასრულდა ჩემი პირველი ვიზიტი ამერიკაში, ქვეყანაში, რომელმაც ჩამიხუტა, მომეფერა, ფული გადამიხადა, თვალები ამიხილა, უამრავი საინტერესო რამ მასწავლა და დროებით უკან გამომისტუმრა. საჭირო და აუცილებელი ცვლილებების დრო იყო და ჩემს გარდა ამას ვერავინ გააკეთებდა...

724
დავით მურაჩაშვილი

„სამყარო ხელისგულზე“ ანუ მხატვარი, რომელიც სინათლეს და „სინათლის სიჩქარით“ ხატავს

1959
(განახლებულია 09:51 01.08.2020)
როცა ბავშვობიდან ხდები ხელოვნების მსახური, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი სულის ადამიანი გაიზრდები და ბედნიერებას საკუთარი თავის გარდა სხვებსაც მიანიჭებ.

დავით მურაჩაშვილს ერთნაირი წარმატებით შეეძლო გამხდარიყო მუსიკოსიც და მხატვარიც, ბავშვობაში ხატვის დროს ყოველთვის მღეროდა. ტყუპ ძმასთან ერთად ნამღერი მისი ხალხური სიმღერა ოქროს ფონდშიც კი მოხვდა.

თუმცა წლების მერე საბოლოოდ მხატვრობა არჩია. ხატავს თითქმის ყველა მიმდინარეობაში და იმაზე სწრაფად ვიდრე ბევრისთვის ეს შესაძლებელია. 504 ნახატი -1,6 წელში, ასეთია მისი პირადი შემოქმედებითი რეკორდი. ამასთან ხატავს იმას, რაც ყველაზე ზოგადად რთულ დასახატავად ითვლება...

დავით მურაჩაშვილი
დავით მურაჩაშვილი

- ბატონო დავით, სანამ ხატვას დაიწყებდით, ჯერ კიდევ ბავშვობაში საკმაოდ კარგად აითვსეთ ქართული ხალხური მუსიკა, სად მღეროდით? 

- ძალიან ადრეული ასაკიდან ვხატავდი და ვმღეროდი. აქვე გეტყვით, რომ ტყუპისცალი ვარ, ჩემი და ჩემი ძმის ყველაზე კარგი გართობა იყო, როცა თან ვმღეროდით და თან ვხატავდით, თუმცა არც ცელქობას ვიკლებდით. ძირითადად ვმღეროდით, უფრო ქართულ ხალხურ სიმღერებს. მაშინ გორში ვცხოვრობდით და სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა იქ ხალხური სიმღერის ვაჟთა კაპელა „ქართლი“, რომლის ყველაზე პატარა წევრები მე და ჩემი ძმა ვიყავით. უდიდესი ამაგი აქვს ჩვენზე და რომ იტყვიან, მომღერლებად გვაქცია ჩვენმა ხელმძღვანელმა, გიორგი საძაგლიშვილმა, რომლის ძალიან მადლობელი ვართ მეც და მთელი ჩემი ოჯახიც. მან შეგვასწავლა მე და ჩემს ძმას ისეთი ურთულესი სიმღერები როგორიც მანამდე (ალბათ არც მერე) ჩვენი ასაკის (8-9 წლის) ბავშვს არ შეუსრულებია. ესენი იყო: „შაშვი-კაკაბი, „ბერიკაცი ვარ“,“ ჩაკრულო“, „მეტივური“, „დიამბეგო“ და ბევრი სხვა. თბილისში მუსიკალურ სასწავლებელში ვსწავლობდი. მოკლედ, ხელოვნებასთან ჩემი პირველი სერიოზული შეხება მუსიკასთანაა დაკავშირებული.

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

- ძმებს იშვიათი პატივი გერგოთ, ალბათ მიხვდით რაზე გეკითხებით?

- თქვენ გულისხმობთ იმას, რომ ჩემი და ჩემი ძმის შესრულებით სიმღერა „ბერიკაცი ვარ“ შეტანილია მე-20 -ე საუკუნის ხალხური სიმღერის ოქროს ფონდში, რაც დღემდე გვახარებს და გვეამაყება.

 - ამის მიუხედავად პროფესიად მაინც მხატვრობა არჩიეთ?

- სიმღერის პარალელურად სამხატვრო სკოლაში დავდიოდი და  პირველი ნაბიჯებს მხატვრობაში იქ ვდგამდი. თბილისის სამხატვრო აკადემია ინტერიერის დიზაინის განხრით დავამთავრე. მაშინ არც მიფიქრია, რომ ფერწერაზე ჩამებარებინა, რატომღაც მეგონა დიზაინი უფრო ახლოს იყო ჩემთან, რადგან მამა დიზაინერი მყავს და ეს პროფესია ძალიან მომწონდა. საბოლოოდ მივხვდი, რომ მხოლოდ ხატვაა ჩემი მოწოდება. ჩარჩოები არ მიყვარს და ვთვლი, რომ თუ ხელოვანი ჩარჩოში ჩაჯდება, საკუთარ თავს დაკარგავს. მე ვფიქრობ, ზუსტად ვიპოვე საკუთარი თავი...

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

- ვიცი, რომ მოგზაურობა გიყვართ, ალბათ უფრო ხშირად ის ხდება ინსპირაცია თქვენთვის, ასეა?

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ბუნება, ახალი ადგილები, ცხოველები. თუმცა ჩემთვის ინსპირაცია მარტო მოგზაურობა კი არა, შეიძლება სველი ფოთლიდან ჩამოვარდნილი წვიმის წვეთი გახდეს, ან მოხუცი, რომელიც ქუჩაში ზის სევდიანი, ან ქუჩის მუსიკოსი. ბავშვობაში საბავშვო ბაღში, სადაც დავდიოდი, შესასვლელში დიდი ტილო ეკიდა ზამთრის პეიზაჟით, ყოველთვის მიხაროდა ამ სურათის დანახვა და ემოციით მავსებდა. ახლა, როცა მინდა უბრალოდ ჩემთვის ვხატო და სულიერი საზრდო მივიღო, ზამთრის პეიზაჟს ვხატავ ხოლმე…

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

-„სამყარო  ხელისგულზე“-ასე გსურთ დაარქვათ თქვენს გამოფენას…

- დიახ, გამოფენას სექტემბრის თვეში ვგეგმავ. ეს ნამდვილად იქნება ჩემი სამყარო, რომელიც თავისთავად ძალიან დიდია და ამავე დროს ისეთი პატარაც, რომ ხელისგულზე მინდა დავტიო და ჩემი ხელოვნების მოყვარულებს და შემფასებლებს მივუძღვნა.

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

-  თაყვანისმცემლებისგან რამდენად განებივრებული ხართ?

- ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ არ მახსოვს, რომ ვინმეს ჩემი შემოქმედებისთვის თუნდაც, გაუგებარი ეწოდებინა, სხვა სახის კრიტიკაზე აღარაფერს ვამბობ. ზოგჯერ უხერხულობაშიც ვარ ხოლმე, როცა იმაზე მეტ საქებარ სიტყვას მეუბნებიან, ვიდრე ამას ვიმსახურებ.  ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე თქვენთვის ვხატავ ჩემო მეგობრებო და საყვარელო ადამიანებო, ამ ნახატებში გულწრფელი ვარ და მადლობას გეუბნებით ყველას, ვინც ჩემს ასეთ გულწრფელობას აფასებს. სხვათა შორის ყველაზე მეტი ნახატი პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გავყიდე.

დავით მურაჩაშვილის შემოქმედება
დავით მურაჩაშვილის შემოქმედება

- თქვენზე ამბობენ, რომ ხართ მხატვარი, რომელიც სინათლეს ხატავს, რას ნიშნავს ეს?

- საერთოდ ცნობილია, რომ მხატვრისთვის სინათლისა და წყლის დახატვა ყველაზე რთულია. ვერ გეტყვით, რამდენად რთულია, მე არ ვიცი… მე უბრალოდ ვიღებ ფუნჯს, ტილოს, ვრთავ მუსიკას და მერე ვერ გეტყვით რა ხდება: ფუნჯი თავისით „ხატავს“, მიმდინარეობასაც თავისით „არჩევს”, ფერებსაც თვითონ „უხამებს“, მე მხოლოდ ფუნჯი მიჭირავს ხელში...

დავით მურაჩაშვილი
დავით მურაჩაშვილი

- ყველა ნახატს მართალა ერთ საათში ასრულებთ?

-დიახ, ასეა, ნახატს ერთ საათში ვამთავრებ, მაქსიმუმ, ორში, ტილოს ზომას გააჩნია და იმას, რა მასალაზე ვმუშაობ. ზეთზე მუშაობას უფრო დიდი დრო მიაქვს, ვიდრე აკრილზე. არასოდეს ვტოვებ ნახატს დასამთავრებელს, თუ დავიწყე, ის ნახატი აუცილებლად დასრულდება, თანაც, მოკლე დროში. ჩემეული ხედვა მაქვს და ძალიან ბევრი მიმდინარეობა მაინტერესებს: კუბიზმი, აბსტრაქციონიზმი, ჰიპერრეალიზმი, იმპრესიონიზმი, გრაფიკაც მომისინჯავს, იმუშავია მინანქარზეც, რომლის რამდენიმე ნამუშევარი შემომრჩა მხოლოდ და მას დედაჩემი სათუთად ინახავს.

დავით მურაჩაშვილი
დავით მურაჩაშვილი

- სირთულეებსაც არ ერიდებით და ამ მხრივ რას გაიხსენებთ?

- წლების წინ მოვსინჯე ერთი ძალიან უცნობი და ტექნიკურად  ურთულესი ჟანრი, რომელსაც მხოლოდ მამაჩემი აკეთებდა როცა დიზაინზე მუშაობდა. ესაა აპლიკაცია, სადაც მასალად გამოიყენება   ფერადი ორგანული მინა, წებვადი ქაღალდი (ორაკალი) და საკანცელარიო დანა. ამ მასალებით შევქმენი მხატვრული კომპოზიციები, რომლებიც შენახული მაქვს. როცა გამოფენა მექნება, მათ აუცილებლად წარმოვადგენ, მაგრამ არასოდეს გავყიდი, რადგან ისინი ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

- ბოლო დროს თქვენ ცხოვრებაში ბედნიერი ამბავი მოხდა...

- დიახ, ორი კვირის წინ უბედნიერესი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში-ტყუპი ვაჟი შემეძინა. მე კიდევ მყავს ერთი ვაჟი, რომელიც წელს სკოლაში წავა და მამიკოს ძალიან უყვარს. მეტი რა უნდა ვინატრო?- ვაკეთებ საყვარელ საქმეს, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე. მაქვს ძალიან კარგი და მეგობრული ოჯახი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, მაშინაც, როცა მიჭირდა და მაშინაც, როცა მილხინდა. მყავს მშობლები, და, ტყუპისცალი ძმა, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. რაც შეეხება ხელოვნებას, თუ ადამიანებს ჩემმა ნახატებმა ნაცრისფერი დღეები ცოტათი მაინც გაუფერადა, ჩავთვლი, რომ უბედნიერესი ადამიანი ვარ...

 

1959
სალომე თვაური

როგორია თავისუფალი მხატვრის ოცნების სახლი და ვინ არის „მონა ნინო“?

474
(განახლებულია 20:33 30.07.2020)
როცა ხატვა დაიწყო, სურვილი ჰქონდა, რომ ხატვის საკუთარი სტილისთვის მიეგნო და ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა.

სალომე თვაურმა საკუთარი თავის ძიებაში არჩევანი არაერთხელ შეცვალა. სამხატვრო აკადემიაში ჯერ ინტერიერის დიზაინზე ჩააბარა, შემდეგ ფერწერის ფაკულტეტზე გადავიდა. თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მისი ძირითადი სფერო არქიტექტურა იყო.

თვლის, რომ აქ საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს და ამ საქმეში მხატვრული ფანტაზიაც წაადგება. აპრილის თვეში საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დაგეგმილი იყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო. ჩავთვალოთ, რომ ეს მასალა იმ ჩაშლილი გამოფენის მცირე კომპენსაციაა...

სალომე თვაური
სალომე თვაური

- სალომე, როდესაც ხატვა დაიწყეთ, რა იყო ის, რისკენაც ისწრაფოდით?

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ხელწერის მიგნება იყო. ვფიქრობ, ნებისმიერი ხელოვანისთვის აუცილებელია, რომ მისი ინდივიდუალიზმი იყოს გამოკვეთილი. თავიდან ბევრი შრომა დამჭირდა იმისათვის, რომ ისე მეხატა, რომ ყველა ჩემს ნამუშევარს საერთო ხაზი ჰქონოდა. თუმცა ისიც კარგია, თუ სამომავლოდ რადიკალურად განსხვავებულ ნამუშევრებს შევქმნი.

- როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს?

- ყველა ხელოვანი ინდივიდუალურია, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობენ მხატვრები, რომლებიც უკვე ცნობილი ნამუშევრების ასლებით ცდილობენ სახელის მოხვეჭას, რასაც, რა თქმა უნდა, არ მივესალმები. რაც შეეხება ჩემს ნახატებს, ვფიქრობ, თითოეულ ნამუშევარში კარგად ჩანს ადამიანის ხასიათი, ფერების ასეთი კონტრასტი, რაც ჩემს ნახატებშია, ხასიათთან პირდაპირ კავშირშია და მნახველში სხვადასხვა ემოციას იწვევს.

სალომე თვაურის საყვარელი ნახატი  მონა ნინო
სალომე თვაურის საყვარელი ნახატი "მონა ნინო"

- ძირითადად პორტრეტებზე მუშაობთ...

- დიახ, ჩემი ძირითადი მიმართულება პორტრეტებია. ჩემი ნახატების პერსონაჟებს მეტყველი თვალები გამოარჩევს. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვინც დახატული მყავს, ამ პორტრეტით თავის ისტორიას ჰყვება.

- რა არის მხატვრისთვის მნიშვნელოვანი?

- მხატვარს უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი თავისუფლება, და არა მარტო მხატვარს. თუ ნებისმიერ პროფესიაში ადამიანი თავისუფალი არ არის, ის ღირებულს ვერაფერს შექმნის, ჩარჩოში ყოფნა არ შემიძლია.

სალომე თვაურის შემოქმედება
სალომე თვაურის შემოქმედება

- დღეს არქიტექტურის სფეროში გადაინაცვლეთ, როგორც ამ სფეროს მომავალი სპეციალისტი, რას იტყვით საქართველოს რეალობის გათვალისწინებით ქართულ არქიტექტურაზე?

- ჩემი აზრით, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში აშენებულა საქართველოს მასშტაბით, არქიტექტურული ხედვით ყველაზე თვალსაჩინოდ დახვეწილი მაინც ახალი ბათუმის სახე და არქიტექტურაა. მე მომწონს ბათუმში აგებული თანამედროვე შენობები, რაც რადიკალურად განსხვავდება დუბაის არქიტექტურისგან, რასთანაც ხშირად ავლებენ ხოლმე პარალელს. ვფიქრობ, ასეთი ბათუმი მუდმივად ცვლილებებისადმი განაწყობს ადამიანს, რაც თავისთავად კარგია.  

- განწყობა ახსენეთ, შენობების დაპროექტებისას ფსიქოლოგიასაც ითვალისწინებენ...

- დიახ, არქიტექტურა გადაბმულია ფსიქოლოგიის სფეროზე. როდესაც ვხედავ კონკრეტულ შენობას, მისი ფორმებიდან და ფერებიდან გამომდინარე მიჩნდება კონკრეტული განცდები. ესა თუ ის ნაგებობა ადამიანის მსგავსად გიყალიბებს მისდამი შენს დამოკიდებულებას და კონკრეტულ შთაბეჭდილებას ახდენს.

სალომე თვაურის შემოქმედება
სალომე თვაურის შემოქმედება

- თანამედროვე ადამიანი, ბედნიერი რომ იყოს, როგორ სახლში უნდა ცხოვრობდეს?

- სახლს, რომელშიც ადამიანი ბედნიერი იქნება, აუცილებელია ჰქონდეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, რადგან მწვანე საფარი ადამიანზე ფსიქოლოგიურად კარგად მოქმედებს, ასევე უნდა იყოს სხვადასხვა ასაკის, გემოვნებისა და ინტერესების ადამიანზე გათვლილი დასასვენებელი-გასართობი სივრცე, სადაც ყველა კონფორტულად იგრძნობს თავს. რაც შეეხება სახლის არქიტექტურას, ჩემი აზრით, ის უნდა იყოს ნათელი, ფართო, ვიტრაჟებიანი, ამ უკანასკნელს უჩვეულო ფორმას მივუსადაგებდი.

სალომე თვაურის შემოქმედება
სალომე თვაურის შემოქმედება

- თქვენი ოცნების სახლი როგორ წარმოგიდგენიათ?

- ჩემი ოცნების სახლში აუცილებლად იქნებოდნენ ბავშვები და შინაური ცხოველები. კიდევ სახლის ეზოში იქნებოდა სხვადასხვა ჯიშის ბევრი ყვავილი, ყველაფერი იქნებოდა საინტერესო დიზაინით აწყობილი და გაშლილი. მას ექნებოდა გასართობი ზონა და საცურაო აუზი. ჩემს სახლში წამყვანი დიზაინი იქნებოდა და თითოეული დეტალი პირდაპირ თანხვედრაში სახლის საერთო დიზაინთან. სახლის კედლებზე კი ჩემი ნახატები იქნებოდა გამოფენილი.

სალომე თვაურის შემოქმედება
სალომე თვაურის შემოქმედება

- რომელ ნახატს მიუჩენდით გამორჩეულ ადგილს?

- ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი, რაც კი შემიქნია ამ ხნის მანძილზე. "მონა ნინო" – ასე ჰქვია ამ პორტრეტს. ამის შემდეგ ბევრი პორტრეტი შევქმენი, მაგრამ ის დამახასიათებელი შტრიხები, რაც ამ ნამუშევარს გამოარჩევს (ჩემი აზრით), ვერც ერთმა პორტრეტმა ვერ გაიმეორა. ამიტომ ძალიან მიყვარს და ჩემი ფავორიტია. მას რომ ვუყურებ, ვივსები და ყოველ შეხედვაზე სხვადასხვა თვალით აღვიქვამ.

სალომე თვაურის შემოქმედება
სალომე თვაურის შემოქმედება

- ვინ არის ნინო, კონკრეტული პიროვნებაა?

- ნინო ამაყი ქალბატონია, რომელიც ამავე დროს არის "მონა". ის ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და როცა ვხატავდი, კონკრეტულად არავინ მიგულისხმია. ნინო იმიტომ შევარქვი, რომ ეს სახელი ძალიან უხდება, უფრო ალამაზებს და საინტერესოს ხდის. ნინო ვიღაცის ტყვეა, მონა, რომლის ყველა სურვილი უგულებელყოფილია. თუმცა მისი მზერა მაინც გამოხატავს სიამაყეს და, ვფიქრობ, ბევრს ამბობს მის ხასიათზე. რაც მთავარია, ნინოს არ აქვს განათლება, მას გამართულად საუბარიც არ შეუძლია და კანონებიც უცნობია მისთვის. ზოგადად, ადამიანში მონის აღმოცენებას ხშირ შემთხვევაში სწორედ განათლების არქონა იწვევს, თუმცა გამონაკლისებიც არიან...

 

474
გიგი უგულავა და გიგა ბოკერია

ბოკერია და უგულავა მაჟორიტარი კანდიდატები: „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატები დაასახელა

0
(განახლებულია 16:36 03.08.2020)
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.

 

თბილისი, 3 აგვისტო  - Sputnik.  ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“  მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა, აქედან 14 – საქართველოს რეგიონებში. 

კანდიდატები 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. კანდიდატების პრეზენტაციისას პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებელია საქართველოს შველა, რომელიც მდიდარი მთავრობის ხელში ღარიბი ქვეყანაა“.

 „დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც გასვრილია ნეპოტიზმში, კორუფციასა და წილებში. დიახ, ეს მათი საქართველოა. მათი საქართველო იქაა, სადაც არის ოლიგარქების შუშის სახლები, ტენდერები და კორუფცია, მაგრამ ეს ქვეყანა სხვა საქართველოა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მან ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ პირველ 100 დღეს პარტია იხელმძღვანელებს დევიზით – კეთილდღეობა, დაცვა და დასავლური ინტეგრაცია.

ბოკერია და უგულავა – მთავარი დამრტყმელი ძალა

ზუგდიდში „ევროპელებმა“ მაჟორიტარად  თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, ხოლო ფოთი–ხობი–სენაკის საარჩევნო ოლქში კი გიგა ბოკერია დაასახელეს.

მმართველი პარტიიდან ბოკერიას დეპუტატი ირაკლი ხახუბია დაუპირისპირდება, უგულავას კი საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრეს–მდივანი ირაკლი ჩიქოვანი. 

 „პირველად, ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში, მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ფოთში-ხობსა და სენაკში. არამარტო იმიტომ, რომ ფოთში დედაჩემია დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეს ნაწილი არის საქართველოში ყველაზე ევროპული ნაწილი.  გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს!  ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც თავისუფლება იქნება დაცული, ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც მოქალაქეები თვითონ მოიპოვებენ თავის ბედნიერებას. თქვენთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ადრე „ევროპული საქართველო“ ოპოზიციიდან ერთიანი კანდიდატების დასახელებას ემხრობოდა. თუმცა, მათი წინადადება არ გაიზიარა მეორე ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

 „ჩვენ ორ ვარიანტს გთავაზობთ. პირველი: ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ ყველა დიდ ქალაქში საკუთარი კანდიდატები დაასახელოს და სხვა რაიონებში მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატებს. მეორე ვარიანტია: ჩვენ მხარს დავუჭერთ „ნაცმოძრაობას“ ქალაქებში, იგი კი საკუთარ კანდიდატებს არ დაასახელებს იმ ოთხ საარჩევნო ოლქში, სადაც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატების იქნებიან წარმოდგენილი“, – აღნიშნა ადრე ბოკერიამ.

მაშინ „ნაცმოძრაობაში“ ამ წინადაებაზე არ დათანხმდნენ.

 „იქ, სადაც „ნაცმოძრაობას“ კარგი პოზიციები აქვს, ჩვენ ჩვენს კანდიდატებს წამოვაყენებთ“, – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.

საარჩევნო ოლქების სია, სადაც „ევროპულმა საქართველომ“ საკუთარი კანდიდატები დაასახელა:

 საარჩევნო ოლქი  რეგიონი "ევროპული საქართველო"  "ქართული ოცნება"
თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხი
კახეთი ზურაბ ჭიაბერაშვილი ირაკლი ქადაგიშვილი
გურჯაანი–საგარეჯო–სიღნაღი–დედოფლისწყარო კახეთი გიორგი ღვინიაშვილი დავით სუნღულაშვილი
რუსთავი ქვემო ქართლი ირმა ნადირაშვილი ნინო ლაცაბიძე
მარნეული–გარდაბანი ქვემო ქართლი აჰმედ იმამყულიევი ზაურ დარგალი
ახალციხე–ნინოწმინდა სამცხე–ჯავახეთი არსენ კარაპეტიანი სამველ მანუკიანი
 ქუთაისი იმერეთი ოთარ კახიძე ზაა ლომინაძე

საჩხერე–ჭიათურა–ხარაგაული

იმერეთი სერგო რატიანი პაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი–ბაღდადი–თერჯოლა–ტყიბული იმერეთი გიგი წერეთელი ბეჟან წაქაძე

სამტრედია–წყალტუბო–ვანი–ხონი

იმერეთი აკაკი ბობიხიძე გივი ჭიჭინაძე

ზუგდიდი

სამეგრელო–ზემო სვანეთი გიგი უგულავა ირაკლი ჩიქოვანი
ფოთი–ხობი–სენაკი სამეგრელო–ზემო სვანეთი გიგა ბოკერია ირაკლი ხახუბია
აბაშა–მარტვილი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ სამეგრელო–ზემო სვანეთი ლელა ქებურია ალექსანდრე მოწერელია

ოზურგეთი–ლანჩხუთი–ჩოხატაური

გურია ხათუნა გოგორიშვილი ვასილ ჩიგოგიძე

ხულო–შუახევი–ქედა და ხელვაჩაური

აჭარა ტარიელ ნაკაიძე  ანზორ ბოლქვაძე

რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის რაიონში დეპუტატის მანდატისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს („ქართული ოცნებიდან“ ნოდარ ტურძელაძე), მთაწმინდა–კრწანისის წაიონში კი შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ოდიშარიას დაუპირისპირდება.

 

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020