ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები

„მშობლებსაც ვერეოდით ერთმანეთში, დღესაც ბევრი ვერ გვანსხვავებს“: სამი ტყუპი ძმა აჭარიდან

12757
(განახლებულია 11:16 06.10.2019)
სტატისტიკური მონაცემებით, ყოველ ას მშობიარობაზე ერთი ტყუპი მოდის. სამი და ოთხი ტყუპის შობის შემთხვევები კი გაცილებით იშვიათია. სამი ტყუპი ყოველ 1 000 მშობიარობაში ერთხელ იბადება.

აჭარელი ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები უკვე 20 წლისები არიან. სამხედრო სამსახური სამივემ ერთად მოიხადა. ამასთან ცეკვავენ აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმში”. რამდენად სასიამოვნო გრძნობაა, როცა ტყუპი ხარ და რა გრძნობები აკავშირებს ძმებს ერთმანეთთან, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ ერთ-ერთი ტყუპი ნიკა ხიდაშელი ესაუბრა.

- 1999 წლის 13 აპრილს დავიბადეთ. უკვე 20 წლის ვართ. სხვა დედმამიშვილი არ გვყავს. არ ვიცი სიტყვებით როგორ ავხსნა ის გრძნობა, რასაც ტყუპისცალის ყოლა ჰქვია. ამ გრძნობას მხოლოდ ტყუპები თუ მიხვდებიან. დედმამიშვილობა ხომ საოცრებაა, მაგრამ უფრო სხვაა, როცა ტყუპისცალი გყავს. თან ჩვენ სამნი ვართ და სამივე ბიჭები, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა.

ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები
ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები

- როგორი ბავშვები იყავით? ალბათ მშობლებს უჭირდათ სამივესთან ერთდროულად გამკლავება.

- სხვათა შორის, არა, ჭკვიანი და დამჯერი ბავშვები ვიყავით.

- უჭირდათ თქვენი განსხვავება?

- თავიდან მშობლებსაც ვერეოდით ერთმანეთში, მაგრამ მერე შეეჩვივნენ. ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ადრეც და ახლაც მშობლების და ახლო ნათესავების გარდა ვერავინ გვანსხვავებს. ყველა გაოცებულია ჩვენით და სულ იმას ცდილობენ, როგორმე გაგვარჩიონ. სკოლაშიც უჭირდათ ჩვენი გარჩევა და მასწავლებლებს დიდი თავსატეხი ჰქონდათ. ერთხელ ისეც მოხდა, რომ სამივეს გამოცდა ერთმა ჩააბარა.

- რას იხსენებს დედა, რა გრძნობა დაეფლა, როცა გაიგო, რომ სამი ტყუპი ეყოლებოდა?

- დედამ იცოდა, რომ ტყუპი ეყოლებოდა, მაგრამ ერთდროულად სამს არ ელოდა. ეს ჩვენი ოჯახისთვის დიდი მოულოდნელობა, მაგრამ ამავე დროს დიდი სიხარული იყო. ის, რომ დედას ტყუპი ეყოლებოდა, არავის გაკვირვებია, რადგან მამაც ტყუპისცალია. დედა ძალიან ბედნიერია და როცა ამას ეკითხებიან, სულ ამბობს, რომ ეს არის მისთვის და მისი ოჯახისთვის უფლის საჩუქარი და ბედნიერება.

ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები
ტყუპი ძმები ლუკა, ნიკა და საბა ხიდაშელები

- ხშირად ამბობენ, რომ ტყუპებს აქვთ ერთნაირი შეგრძნებები, გრძნობენ ერთმანეთის დარდს და სიხარულს. თქვენ შემთხვევაში როგორაა?

- რაც შეეხება შეგრძნებებს, ამას ყოველდღე განვიცდით და ვგრძნობთ ერთმანეთის მდგომარეობას. როცა ერთს რაიმე აწუხებს, ამას მეორე და მესამეც გრძნობს. თუ რომელიმე ავად ხდება, ვიცით, რომ მაქსიმუმ ორ დღეში მეორეც ავად გახდება, მერე მესამეც. დედა უკვე მიჩვეულია და სულ მზადყოფნაშია. არის სიტუაცია, როცა რაღაცის თქმას ვცდილობ და უცებ ერთ-ერთი ტყუპი ამბობს ზუსტად იმავეს. ამ დროს ყველაზე დიდ სულიერ კავშირს ვგრძნობ და ვივსები სიამაყით. ხასიათი და გემოვნება სამივეს ერთნაირი გვაქვს. ყოველთვის ვცდილობთ ერთნაირად გვეცვას. ბავშვობაშიც ასე იყო.

- რას საქმიანობთ, რით ხართ დღეს დაკავებული?

- ბავშვობიდან ვცეკვავთ. მამა ქორეოგრაფია და ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე. დღეს ჩვენც მამის კვალს მივყვებით. სასიხარულოა, როცა ჩვენი ცეკვით აღფრთოვანებულ ადამიანებს ვხედავთ. გვინდა, რომ სულ ასე იყოს და ყველა ამაყობდეს ჩვენით. ჩვენთვის მთავარი სიხარული, ბედნიერება და სიყვარული ცეკვაა. ცეკვაში ყველაფერს ვდებთ, სულს, გულს, ენერგიას და ზოგადად ყველანაირ რესურსს. ჩვენი დაბადების დღიდან ჩვენზე არაერთი სტატია გამოქვეყნებულა და სიუჟეტი მომზადებულა, რაც ძალიან სასიხარულოა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- გვინდა უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ და უფრო დიდ სცენაზე წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი.

 

12757
მიზნისკენ სვლა

მამაკაცური და ქალური ლოგიკა, ანუ გაიცანი შენი მთავარი მტერი

358
(განახლებულია 21:14 03.07.2020)
სად გადის გზა წარმატებისა და წარუმატებლობისკენ? რა იცის და რა შეუძლია მოწიფულ პიროვნებას? სად ბუდობს ბედნიერება?

ცნობილი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, მწერალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი მიხაილ ლიტვაკი – ამ და სხვა საკითხებზე ლაკონურ, ფასდაუდებელ პასუხებსა და რჩევებს გვაძლევს.

ვინც ეძებს, ვინც იპოვა და, ზოგადად, ყველა, ანუ ყველაფერი მარტივია>>

• მე არ ვიცი წარმატებისკენ მიმავალი გზები, მაგრამ ვიცი გზა წარუმატებლობისკენ – ესაა სურვილი, ყველას მოსწონდე

• არ არსებობს მამაკაცური ან ქალური ლოგიკა, არის მხოლოდ სწორად აზროვნების უნარი

• გინდა გაიცნო შენი მთავარი მტერი? ჩაიხედე სარკეში. გაუმკლავდი მას – დანარჩენი ყველა დაიფანტება 

• მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ხოლო მტრებთან – სასარგებლო

• ურთიერთობების დასრულებისა და სამუშაოდან გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი საპატიო მიზეზი არსებობს – შეუძლებელია არსებულ ვითარებაში პიროვნული ზრდა.

• უმწიფარმა პიროვნებამ ხშირად იცის, მაგრამ არ შეუძლია. მოწიფულმა არა მხოლოდ იცის, არამედ შეუძლია კიდეც. ამიტომ უმწიფარი პიროვნება აკრიტიკებს, ხოლო მოწიფული – აკეთებს

• მხოლოდ სიხარული გაუზიარე მეგობრებსაცა და მტრებსაც. მეგობარს გაუხარდება, მტერს – ეწყინება

დედობა, როგორც „გმირობა“, შვილი – „სამახსოვროდ“...>>

• ბედნიერებას ნუ გაეკიდები, არამედ იპოვე ადგილი, სადაც ის ბუდობს. და ბედნიერება თავად გიპოვის. შემიძლია გიკარნახო, სადაა შენი ბედნიერება – ეს შენ თვითონ ხარ. ხოლო მისკენ გზა – ეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებაა

• ბედნიერება – ეს სწორად ორგანიზებული საქმიანობის „თანმდევი პროდუქტია"

• თუ ვინმემ უმადურობა გისაყვედურა, მაშინვე გაარკვიე, რა ღირს მისი მომსახურება, გაუსწორე ანგარიში და ამ ადამიანთან საქმე აღარ დაიჭირო

• თუ გინდა, ვინმეს რამე დაუმტკიცო, ეს ნიშნავს, რომ იმისთვის ცხოვრობ, ვისთვისაც ამის დამტკიცება გინდა. თუ საკუთარი თავისთვის ცხოვრობ, მაშინ ვინმესთვის რამის დამტკიცების საჭიროება არ არსებობს

• ოცნებები ჩვენი უნარების ხმებია. მაგალითად, მე არ ვოცნებობ ოპერაში სიმღერაზე. არც ხმა მაქვს და არც სმენა. რომ ვოცნებობდე, შესაბამისად, ამ ოცნებას ჩემი უნარები უფრო გააღვივებდა. შესაბამისად, ვეცდებოდი ოპერაში მოხვედრას. უბრალოდ, საჭიროა დაფიქრდე, როგორ განახორციელო ეს ოცნება. აქ მთავარია არ აჩქარდე, მაშინ ძალიან სწრაფად გამოვა. კარგია, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარ თავზე თქვას „მარტო იმას ვაკეთებ, რომ ვცდილობ ჩემი ოცნებები განვახორციელო"

აირჩიეთ ბედნიერება და ბედნიერება აგირჩევთ თქვენ>>

• იმისთვის, რომ გაიგო, როგორ გეპყრობიან ადამიანები, მოუყევი მათ საკუთარ გეგმებსა და ოცნებებზე. ის, ვინც შენ მიმართ ფარულ სიძულვილს გრძნობს, ამას გააკრიტიკებს. ვისაც შენთვის კარგი უნდა, დაგეხმარება

• ადამიანთან ურთიერთობისას გახსოვდეს, რომ მას საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა აქვს

• მიაღწიე წარმატებას და წყენა გაგივლის.

358
თემები:
სასარგებლო რჩევები
შორენა ქუმსიაშვილი

ემიგრანტი ქალის წერილები: „მინდა–არ მინდა, სხვა რა გზაა? ძლიერი უნდა ვიყო“

1092
(განახლებულია 19:17 03.07.2020)
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც...

სამშობლოდან შორს მყოფები, უცხოეთში პიროვნულ რეალიზებას მაინც ახერხებენ. როგორც ჩანს, მათ ოპტიმიზმს და სიცოცხლის სიყვარულს ყოფითი პრობლემები ვერაფერს აკლებს. ვინ იცის, იქნებ, ჩვენი გადარჩენის საიდუმლოც ამაშია...

ემიგრაციაში ისიც პრობლემების გამო მოხვდა. იტალიაში კარანტინში ყოფნის დროს რვეულის ფურცლებზე ცარცით ხატვა დაიწყო. ის რთული პერიოდი ამან გადაატანინა. ეს შორენა ქუმსიაშვილის ემიგრანტული ისტორიაა, რაზეც თავის ღია წერილში გვიამბობს...

შორენა ქუმსიაშვილი
შორენა ქუმსიაშვილი

ბავშვობიდან პრანჭია ვიყავი, თავად ვქმნიდი კაბის მოდელებს. ჩემს მეგობრებსაც მე ვურჩევდი სტილს, ვუხატავდი რა და როგორი სამოსი მოუხდებოდათ. თბილისში დავიბადე და ექვს წლამდე ბარათაშვილის ხიდთან ვცხოვრობდით. კარგად მახსოვს ის ქვაფენილი, აღმართი და ჩვენი ქუჩა... მერე გლდანში გადავედით და იქ ვსწავლობდი 39-ე სკოლაში. რას აღარ მოვკიდე ხელი, რომ აქეთ არ წამოვსულიყავი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.

ემიგრაციაში ვარ ცხრა წელი, ამ დროის განმავლობაში ორჯერ ვიყავი საქართველოში. უსაბუთო ვარ, მაგრამ გავრისკე და გამიმართლა, რომ უკან უპრობლემოდ დავბრუნდი. თავიდან მივდიოდი საბერძნეთში, სადაც დედა, დეიდა და ნათესავები მყავდა, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ ხელი არ შემეწყო და უცებ მივიღე გადაწყვეტილება, წამოვსულიყავი იტალიაში, სადაც ჩვენი ოჯახის ახლობელი დარეჯან ნადირაძე დამხვდა. შვილივით მიმიღო.

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

იტალიაში ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი, რამდენიმე დღეში დაბადების დღე მქონდა და აღვნიშნეთ, ამ ოჯახის ყველა წევრიც მაშინ გავიცანი.

თავს ძლიერ ადამიანად ვთვლი და ამიტომ აქაურობასთან შეგუება არ გამჭირვებია. თუმცა, მინდა–არ მინდა, სხვა რა გზაა? – ძლიერი უნდა ვიყო. უცხოეთში ყველაზე მეტად შვილები მენატრება, ჩემი ორი ბიჭი, რომლებიც სიცოცხლეს მირჩევნია. მათ გამო ყველაფერს ავიტან და გავუმკლავდები. ღმერთს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ ასეთი კარგი  შვილები მარგუნა.

კარანტინის დროს ძალიან მინდოდა თავი რამით გამერთო. მინდოდა მეხატა, მაგრამ არ მქონდა სახატავი ფანქრები და ქაღალდი, ამიტომ რვეულის ფურცლებზე ცარცით ხატვა დავიწყე. ერთ საღამოს ერთმა კეთილმა გოგომ, ნათია კაკაბაძემ, რომელსაც მაშინ კარგად არც ვიცნობდი, დამირეკა და მითხრა, შენს სახლთან ვდგავარ და გამომხედეო. გარეთ გასულს ნათია ფერადი ფანქრებით დამხვდა – საჩუქრად მომიტანა. ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის ეს რა სიხარული იყო, ნათიამ ხატვის სტიმული მომცა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩემს სიხარულს, ამიტომ არ მინდა, რომ მათ იმედები გავუცრუო.

შორენა ქუმსიაშვილი
შორენა ქუმსიაშვილი

ნათიას სოციალურ ქსელში აქვს შექმნილი ჯგუფი, სადაც დამატებული ჰყავს ადამიანები, რომლებმაც ნიჭი გამოავლინეს სხვადასხვა სფეროში. მეც ასე მოვხვდი ამ ჯგუფში. როდესაც ჩემს ლექსს ან ნახატს ვდებდი ჯგუფში, ისინი მოწონებას იმსახურებდა. ეს ჩემთვის სტიმული იყო იმისთვის, რომ მეხატა და მეწერა. მუზა ღამეც მწვევია, ავმდგარვარ და რაღაც დამიწერია, ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

შორენა ქუმსიაშვილის შემოქმედება
შორენა ქუმსიაშვილის შემოქმედება

ვოცნებობ, რომ პრობლემები მოვაგვარო და დარჩენილი ცხოვრება ჩემს შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო. მინდა საქართველოში მალე დავბრუნდე და მქონდეს სამსახური ჩემი პროფესიით. ძალიან მენატრება ჩემი დედიკო და საყვარელი ადამიანები, რომლებიც მძიმე პერიოდში მამხნევებდნენ.

შორენა ქუმსიაშვილის შემოქმედება
შორენა ქუმსიაშვილის შემოქმედება

ჩემი ნება რომ იყოს, არც ერთ დედას არ გავუშვებდი შვილებისგან შორს, რადგან მათ დედა ახლოს სჭირდებათ. ღმერთს ვთხოვ, ისე აეწყოს ცხოვრება, რომ არც ერთ დედას არასოდეს დასჭირდეს პრობლემების გამო ოჯახიდან შორს წასვლა...

1092
სასწრაფო დახმარება ბათუმში

საზარელი ავარია ქედაში: ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

0
(განახლებულია 11:15 05.07.2020)
მაშველებმა ამოიყვანეს მანქანა ხეობიდან, მას შემდეგ დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, ქედის მუნიციპალიტეტში ხეობაში ჩავარდა. დაიღუპა 56 წლის ქალი, სამი ადამიანი დაშავდა.

ავტოავარია გუშინ საღამოს სოფელ მეძიბნაში მოხდა. მანქანა ხეობიდან მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. დაშავდა სამი. ერთ მამაკაცს ტრავმული შოკი აქვს, იგი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასევე, დაახლოებით 11 წლის ბავშვი კიდურების მოტეხილობით ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადავიყვანეთ. დაშავებულია ასევე 64 წლის ქალბატონი, მას კიდურების მოტეხილობა აქვს. ამჟამად მიმდინარეობს მისი ტრანსპორტირება. ბათუმის კლინიკაში“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში