ძიგორო კანო

ძიუდოს არსს რომ ჩასწვდე, დააკვირდი ქალს, რომელიც ვარჯიშობს

155
(განახლებულია 15:29 03.10.2019)
მნიშვნელობა არა აქვს, იქნები თუ არა ვინმეზე უკეთესი, მნიშვნელოვანია, იქნები თუ არა უკეთესი, ვიდრე გუშინ...

აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ ძიგორო კანოს გამონათქვამებს.

ძიგორო კანო (1860-1938) – საბრძოლო ხელოვნების იაპონელი ოსტატი, ძიუდოს შემქმნელი, კოდოკანის სკოლის დამაარსებელი.

ძიუდო (ძიუ — „რბილი", დო — „გზა") იაპონური ეროვნული ჭიდაობაა, მოდერნიზებული ჯიუ-ჯიცუ. ძიგორო კანომ ჯიუ-ჯიცუდან და სუმოდან შეარჩია ყველაზე ეფექტური ილეთები, დახვეწა თავდაცვის ხერხები და ჭიდაობის ტექნიკა, დაამუშავა შეჯიბრების წესები და ჭიდაობას სპორტული ხასიათი შესძინა. 1882 წელს კანომ გახსნა სპეციალიზებული, ძიუდოს შემსწავლელი სკოლა — კოდოკანი. და სწორედ ეს წელი ითვლება ძიუდოს დაბადების დღედ.

ძიგორო კანომ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. ის ათი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მისი ოჯახი ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად. ის უცხო ენებს კარგად ითვისებდა და 15 წლიდან ტოკიოს უცხო ენათა სკოლაში დაიწყო სიარული. 1877 წელს კანომ დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, სადაც სწავლობდა ფილოსოფიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს.

ძიგორო კანო სიჭაბუკეში ძალზე სუსტი იყო ფიზიკურად, არ გამოირჩეოდა კარგი აღნაგობით, რაც ხშირად თანატოლების მხრიდან მისი აბუჩად აგდების საბაბი ხდებოდა. კანომ გადაწყვიტა დამოუკიდებლად დაეწყო განვითარება და 17 წლისამ ჯიუ-ჯიცუს ათვისება დაიწყო, რომელიც იმ დროს იაპონიაში იყო გავრცელებული.

ძიუდოს ახალი ხელოვნება გავრცელდა მას შემდეგ, რაც კანოს მოსწავლეებმა 1885-1888 წლებში შეჯიბრებებში გაიმარჯვეს ჯიუ-ჯიცუს სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებზე. ასეთი გამარჯვების წყალობით ძიუდო სწრაფად გახდა პოპულარული.

1907 წელს ძიუდოს სწავლება იაპონიის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაინერგა, ხოლო შემდეგ გავრცელდა პოლიციასა და ჯარში.

კანო ძალზე მკაცრი მასწავლებელი იყო და დიდ ყურადღებას აქცევდა დისციპლინას. მეორე მხრივ, ის სწავლის საფასურს მხოლოდ ბრინჯითა და ჩაით იღებდა. ის ხშირად თავად უკერავდა თავის მოსწავლეებს სავარჯიშო ტანსაცმელს.

1909 წელს კანო, როგორც იაპონიის ყველაზე გავლენიანი სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1911 წელს მან დააფუძნა იაპონიის სპორტული ასოციაცია და მის პრეზიდენტად იმავე წელს აირჩიეს.

ძიგორო კანო გარდაიცვალა 1938 წელს ფილტვების ანთებით.

მისი გარდაცვალების შემდეგ ძიუდოს გავრცელების საქმეს მისი ვაჟი რისეი კანო ჩაუდგა სათავეში.

155
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (39)