სიყვარულის „ბოლო სადგური“ და მშობლიურ კუთხეზე დაწერილი 12 წიგნი

გამოწერა
ალბათ უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ერთ ადამიანს მის მშობლიურ კუთხეზე 12 წიგნი დაეწეროს და მის მიერ დაარსებულ თეატრში 60 საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი წარმოედგინოს.

თუმცა, ვინც ამ ქალბატონს კარგად იცნობს, მისთვის ეს ამბავი ჩვეულებრივი მოვლენაა. რეჟისორის, სცენარისტისა და მსახიობის იზა ვეფხვაძის ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა ეტაპი მის მშობლიურ ხარაგაულს უკავშირდება. არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ქართული პროვინცია და მისი ინტელექტუალური ნაწილი ჯერ კიდევ ძლიერი სწორედ ასეთი ადამიანებით არის.

იგი ათ წელზე მეტი ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი, შემდეგ კულტურის, განათლების, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი იყო. დაკისრებულ საქმეს ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, მაგრამ ამავე დროს შემოქმედებით ცხოვრებასაც არ ივიწყებდა. 1995 წელს მან ჩამოაყალიბა ლიტერატურული თეატრი, რომელსაც სახალხო თეატრის სტატუსი და რეზო თაბუკაშვილის სახელი მიენიჭა. ამ თეატრში 18 წლის განმავლობაში 45 ლიტერატურული სპექტაკლი დაიდგა და სამასზე მეტი წარმოდგენა გაიმართა.

თეატრის გარდა მის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და იმ ქალბატონებს, რომლებსაც ოჯახური პრობლემები აქვთ.

© photo: courtesy of Iza Vepkhvadze / FBიზა ვეფხვაძე
სიყვარულის „ბოლო სადგური“ და მშობლიურ კუთხეზე დაწერილი 12 წიგნი - Sputnik საქართველო
იზა ვეფხვაძე

- ქალბატონო იზა, რა არის თქვენი შემოქმედებითი ენერგიის წყარო?

- ჩემი შემოქმედების მასაზრდოებელი წყარო სიყვარულია. სიყვარულის გარეშე შემოქმედება იგივეა, რაც ადამიანი უგულოდ. ეს, უპირველესად, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულია. ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს შენს ცხოვრებასა და წარმატებას. მაყურებლის მოტყუება წარმოუდგენელია, ის მაშინვე გრძნობს სიყალბეს. სიყვარულსაც კარგად გრძნობს და მათში შენი სიყვარული ზიარჭურჭელივით გადადის. წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა, დასახული მიზნისკენ თავდაუზოგავი სწრაფვა, ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო იმისთვის, რომ დღე და ღამე გაასწორო.

© photo: courtesy of Iza Vepkhvadze / FBიზა ვეფხვაძე ლიტერატურული თეტარის ღონისძიებაზე
სიყვარულის „ბოლო სადგური“ და მშობლიურ კუთხეზე დაწერილი 12 წიგნი - Sputnik საქართველო
იზა ვეფხვაძე ლიტერატურული თეტარის ღონისძიებაზე

- როგორ უნდა დარჩეს ადამიანი ყურადღების ცენტრში, მისი საქმიანობა კი მუდმივად ინტერესის საგანი უკვე ნაცნობ, შეჩვეულ გარემოში?

- იმისთვის, რომ მუდმივად აქტუალური და წარმატებული იყო, ძალიან უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც ემსახურები. თუმცა მარტო სიყვარული არ კმარა, ამ შემთხვევაში საჭიროა პროფესიონალიზმი, მუდმივი ზრდა, ინდივიდუალიზმი. მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ჰგავდე და სხვას არავის. თუ შენ ხარ შენ და საზოგადოება გცნობს განსაკუთრებული, შენეული ხელწერით, მაშინ აქტუალურიც ხარ და ყოველთვის თანამედროვეც...

© photo: courtesy of Iza Vepkhvadze / FBიზა ვეფხვაძე
სიყვარულის „ბოლო სადგური“ და მშობლიურ კუთხეზე დაწერილი 12 წიგნი - Sputnik საქართველო
იზა ვეფხვაძე

- უკვე 24 წელია, რაც თეატრის რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი თავად ხართ, არ იქნება ეს ადვილი საქმე...

- დიახ, ძალიან რთულია. მაყურებელს ჰგონია, რომ ყველაზე ძნელი საათ-ნახევრის განმავლობაში სცენაზე სპექტაკლის ზეპირად გადმოცემაა. ჩემ რეპერტუარში 60 საავტორო ლიტერატურული სპექტაკლია და მაყურებელს ყველა მათგანს ზეპირი მეტყველებით გადავცემ. სინამდვილეში ყველაზე რთული სცენარის წერაა, როცა ზღვა მასალა ისე უნდა დაწურო, რომ მაყურებლამდე მთავარი სათქმელი მიიტანო. თან ისე უნდა მიიტანო, რომ გასაგები იყოს მათთვისაც, ვინც პირველად მოისმინა სპექტაკლის გმირის სახელი და იმ მაყურებლისთვისაც, რომელიც იმ პიროვნებისა და თემატიკის მკვლევარია, რაზეც სპექტაკლში მოუთხრობ. მე ისე მიყვარს ჩემი სპექტაკლის გმირები, როგორც საკუთარი ოჯახის წევრები, მათ სულში ვზივარ, მათი თვალებით ვიმზირები, სხვაგვარად წარმატება წარმოუდგენელია ან დროებითი.

© photo: courtesy of Iza Vepkhvadze / FBიზა ვეფხვაძე
სიყვარულის „ბოლო სადგური“ და მშობლიურ კუთხეზე დაწერილი 12 წიგნი - Sputnik საქართველო
იზა ვეფხვაძე

- ამ სამი სტატუსიდან რომელიმე ერთის არჩევა რომ დაგჭირდეთ, რომელს აირჩევდით?

- 24 წლის განმავლობაში ეს სამივე როლი და ფუნქცია ისე შესისხლხორცებულია ერთმანეთთან, რომ მიჭირს რომელიმე ერთს მივანიჭო უპირატესობა. არჩევანი ძალიან გამიჭირდება. თუ სცენარი ჩემ გემოვნებას არ არის მორგებული და ჩემი გულის ქურაში გატარებულ-გამოწრთობილი, ძალიან გამიჭირდება მაყურებლამდე სრულყოფილად მისი მიტანა. ერთი თეატრის მსახიობის სირთულე და ხიბლიც სწორედ ესაა. ჯერჯერობით ამ გზაზე მარცხი არ განმიცდია. თუ ეჭვის ჭია გამიჩნდება გულში, ან მაყურებლისგან ვიგრძნობ გულგრილობას, ამ საკითხზე უსათუოდ დავფიქრდები.

© photo: courtesy of Iza Vepkhvadze / FBიზა ვეფხვაძე
სიყვარულის „ბოლო სადგური“ და მშობლიურ კუთხეზე დაწერილი 12 წიგნი - Sputnik საქართველო
იზა ვეფხვაძე

- თქვენ 13 წიგნის ავტორი ხართ, რა არის ამ წიგნების ერთი საერთო სათქმელი?

- დიახ, 13 წიგნის ავტორი ვარ და აქედან 12 ჩემ მშობლიურ კუთხეს – ხარაგაულს და ხარაგაულელებს ეძღვნება. ხარაგაულია ჩემი ანი და ჰოე. ამ წიგნების პათოსი ჩემი ფესვების თავდავიწყებამდე სიყვარულია. არსად ისე მყარად არ ვდგავარ მიწაზე, როგორც აქ, ხარაგაულში. ეს მიწა მაძლევს საზრდოს შემოქმედებისა და სიყვარულისთვის, აქ გულიც სხვაგვარად მიცემს და სადაც უნდა ვიყო, სულ ადგილის დედისკენ მიმეჩქარება. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ამდენი წიგნი ერთ რაიონსა და ერთ ქალაქზე ჯერჯერობით არ არსებობს. გამიხარდება, თუ ბევრი მომბაძავს და მაჯობებს კიდეც მისი კუთხის სიყვარულში. მეცამეტე წიგნი ქართულ-ებრაული მეგობრობის თემას ეძღვნება, სათაურია "ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს". წიგნი ორენოვანია და მის ივრითზე თარგმნაზე იზრუნა ჩემმა ებრაელმა მეგობარმა პაატა იოსებაშვილმა, რომელიც ისრაელში ცხოვრობს და ორივე სამშობლო ძალიან უყვარს. ხარაგაული გამორჩეულია საქართველოში ნიჭიერ ადამიანთა სიმრავლით, მარტო ერთმა სოფელმა ფარცხნალმა საქართველოს კორიფეები აღუზარდა. ერთი პატარა სოფლიდანაა ოთხი აკადემიკოსი და 40 პროფესორი, ამავე სოფლის რვა მკვიდრი პანთეონშია დაკრძალული. მოკლედ, ხარაგაული ინტელექტუალური იმერეთის გულია...

© photo: courtesy of Iza Vepkhvadze / FBიზა ვეფხვაძე
სიყვარულის „ბოლო სადგური“ და მშობლიურ კუთხეზე დაწერილი 12 წიგნი - Sputnik საქართველო
იზა ვეფხვაძე

- ამ კუთხის სიყვარულმა ლექსებიც დაგაწერინათ...

- მიუხედავად იმისა, რომ პოეტი არ ვარ, ხარაგაულის სიყვარულმა რამდენიმე ლექსი დამაწერინა. ერთი მათგანი ჩემმა ებრაელმა მეგობარმა, ცნობილმა ავტორ-შემსრულებელმა ალექსანდრე პელეგმა აამღერა. ამ ლექსს სიამოვნებით გავაცნობ თქვენს მკითხველს:

- სევდიანი სადგური, ჩხერიმელას დუდუნი,

მატარებლის ლოდინში ფიქრს ავხსენი ურდული.

მოვიარე ბავშვობა, მზეღიმილა ველები,

ფიქრის მძივად ავასხი ასკინკილა დღეები.

გადავეშვი მორევში, ფიქრის ზღვაში ვიცურე,

თვალზე ცრემლი მომდგარი მირონივით ვიპკურე.

ვდგავარ ფიქრარეული მატარებლის კიბეზე,

უკან ჩემი ბავშვობა მომჭდობია კისერზე.

მეზიდება თავისკენ, გრძნობებს ასდით ალმური

და ღიმილით ხელს მიქნევს ჩემი ბოლო სადგური...

ბავშვობის და ჭაღარის, ნუგეში და იმედი,

და ფრიალებს ქარდაქარ მატარებლის ბილეთი...

© photo: courtesy of Iza Vepkhvadze / FB იზა ვეფხვაძე
სიყვარულის „ბოლო სადგური“ და მშობლიურ კუთხეზე დაწერილი 12 წიგნი - Sputnik საქართველო
იზა ვეფხვაძე

- როგორი იყო თქვენი ბავშვობისდროინდელი ხარაგაული?

- ვინაიდან ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, გრძნობებიც და ემოციებიც იქიდან მოგვყვება. როგორც განუმეორებელი და შეუცვლელია ბავშვობა, ასევე შეუცვლელია ყივილი იმ მიწის, რომელმაც ასაზრდოვა შენი ფესვები. ჩემი ბავშვობის ხარაგაული უფრო თბილი, ტკბილი, სიყვარულიანი, ხალხმრავალი და ბარაქიანი იყო. დღეს სოფლები დაიცალა, ახალგაზრდობის სიმცირეა, ადამიანებს უჭირთ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც შენარჩუნებულია. ესაა ახალგაზრდების სწრაფვა განათლებისა და ხელოვნებისკენ. ჩვენთან თითქმის ყველა ბავშვი მღერის და ცეკვავს, წლევანდელი „ეტალონის“ გამარჯვებულიც ხარაგაულელია. ეს კუთხე ნიჭიერების ბუდეა. რაც შეეხება კოლორიტ ადამიანებს, ბევრი შემორჩა ჩემს მეხსიერებას, ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება: თამაზ კიკნაძე, ოთარ აბაშიძე, ლევან ლურსმანაშვილი, სულიკო ციმაკურიძე, ქეთევან სახვაძე, გივი ბუაჩიძე... ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. სულ ახლახან მარადისობას შეუერთდა ხარაგაულის ჭეშმარიტი კოლორიტი ჟორა ბლუაშვილი. ყოველი მათგანი ამ კუთხის ისტორიის ცალკე ფურცელია, მათ მიღმა კი სიკეთით და სიყვარულით სავსე ამბებია... ერთხელ, ჩემ ბავშვობაში ხარაგაულში ცნობილი ქართველი მსახიობები ჩამოვიდნენ. მათი სიტყვები დღემდე მახსოვს – თუ გინდა გაიგო როგორი მსახიობი ხარ, ხარაგაულში ჩადი, თუ აქ ტაშს დაგიკრავენ, ესე იგი კარგი მსახიობი ხარ, თუ არადა, წასვლაზე უნდა იფიქროო... ასეთი გემოვნებიანი და გონიერი ხალხია ჩემ მხარეში და რა გასაკვირია, რომ მას დღემდე ვერ შეველიე და ვერც შეველევი...

ყველა ახალი ამბავი
0