მირანდუხტ დავითულიანი მეუღლესთან ერთად

ხელის თხოვნა ინდოეთის ოკეანის ფსკერზე: ქართველი გოგონას საოცარი სიყვარულის ისტორია

721
(განახლებულია 19:05 20.09.2019)
ამბავი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, ძალიან ლამაზ სიყვარულზეა და მას დიდი შესავალი არ სჭირდება.

მირანდუხტ დავითულიანი რაჭიდანაა. რაჭაში საკუთარი ჰოსტელი აქვს, სადაც მომავალი მეუღლე ლუის მარკესი გაიცნო. სწორედ აქ დაიწყო ბობოქარი და თავბრუდამხვევი სიყვარული. რა და როგორ განვითარდა, ამას მირანდუხტი თავად მოგიყვებათ.

მირანდუხტ დავითულიანი
მირანდუხტ დავითულიანი

- რაჭაში დავიბადე და გავიზარდე. პროფესიით სოციოლოგი ვარ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ კუთხეს დავუბრუნდი და გავხსენი ჩემი ჰოსტელი.

- არაერთ ტურისტს და მოგზაურს მასპინძლობთ. თქვენ თვითონ რამდენად ხშირად მოგზაურობთ?

- ძალიან მიყვარს მოგზაურობა. სწორედ მოგზაურობის სიყვარულმა გადამაწყვეტინა, რომ გამეხსნა ჰოსტელი და სხვადასხვა ქვეყნებიდან მიმეღო სტუმრები. ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც მოგზაურობა არ იზიდავს. ათზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. ძალიან მიზიდავს ეგზოტიკური ქვეყნები, მათი ბუნება, განსხვავებული ტრადიციები და ა.შ. ნამყოფი ვარ მალაიზიაში, ვიეტნამში, კამბოჯაში, მალდივებზე, დანიაში და სხვ. თითოეულმა ქვეყანამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

მირანდუხტ დავითულიანი
მირანდუხტ დავითულიანი

- მოგზაურობის შესახებ გაქვთ ბლოგი, რატომ გაგიჩნდათ ბლოგის შექმნის იდეა?

- ყოველი მოგზაურობის შემდეგ ვწერდი პოსტებს. მინდოდა ჩემი პოსტები სასარგებლო და შემეცნებითი ყოფილიყო. ადამიანებს ვუზიარებდი რჩევებს, ჩემ გამოცდილებას. ჩემი ახლობლები მირჩევდნენ, რომ უფრო ფართო სახე მიმეცა ამ ყველაფრისთვის და შემექმნა გვერდი, სადაც დაწვრილებით დავწერდი ყველა ინფორმაციას ფასების, ბილეთების, ღირსშესანიშნაობების შესახებ. სწორედ მათი რჩევების შემდეგ შევქმენი გვერდი, სადაც ჩემი მოგზაურობის შესახებ ვწერ.

მირანდუხტ დავითულიანი მოგზაურობის დროს
მირანდუხტ დავითულიანი მოგზაურობის დროს

- რომელმა ქვეყანამ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- ალბათ ვიეტნამს გამოვარჩევდი, რომელიც მართლაც საოცრებაა. საოცრად ლამაზი ტაძრები აქვთ. თუმცა ბუნებამ წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა. მოდით სულ თავიდან დავიწყებ...

ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში გამთენიას, ხუთ საათზე ჩავფრინდით. 100%-ით მოწესრიგებული საბუთები მქონდა, ამიტომ ხუთ წუთში ჩემი სახელიც გამოაცხადეს და ვიეტნამის ვიზაც ბედნიერად განთავსდა ჩემ პასპორტში. ხუთ საათზე, იცით, რა ხდება იქ? ყველა და ყველაფერი ახმაურებული და შრომის პროცესშია. აეროპორტიდან რომ გამოხვალთ, დაგხვდებიან საყვარელი ვიეტნამელები, რომლებიც ხუთ დოლარად ქალაქში წაყვანას შემოგთავაზებენ „მარშუტკით“. რა თქმა უნდა, შენ გარდა სხვებსაც ელოდებიან. თავიდან შეიძლება კარგი შემოთავაზება გეგონოთ, თუმცა არა, არსებობს ავტობუსიც, რომელსაც მხოლოდ ერთ დოლარად შეუძლია წაგიყვანოთ ქალაქის ცენტრამდე.

ჰანოიში საოცარი ქაოსია, რამდენი მოტოციკლი, ველოსიპედი, მანქანა ირევა ერთდროულად ერთმანეთში ვერც მოასწრებ დანახვას, თან როგორ მოძრაობენ და რა სისწრაფით. ყველა ასაკის ადამიანი ზის მოტოციკლზე, 6-7 წლიდან დაწყებული 80 წლამდე დამთავრებული, შეიძლება მეტიც. ხშირად დაინახავთ, როგორ მიჰყავს სკუტერით დედას ორი მოზრდილი ბავშვი სკოლაში და კიდევ პატარა, 2-3 წლის როგორ უზის პატარა სკამზე, რომელიც ფეხებს შორის აქვს ჩადგმული, აი, იმ ადგილას, სადაც თავად უდევს ფეხები.

მირანდუხტ დავითულიანი
მირანდუხტ დავითულიანი

ღამის გასათევი შეიძლება ერთ დოლარადაც იშოვო ჰოსტელში, მაგრამ თუ უფრო კომფორტის მოყვარული ხარ, 20-დოლარიანი, თავისი საუზმით მშვენიერია. მაინცდამაინც ვერ ენდობი ბუქინგზე არსებულ ფოტოებს. დავჯავშნეთ სასტუმრო, რომელიც ძალიან მომეწონა და რომ შევედი ნომერში, აი ეგ იყო კოშმარი. დაძინებაზე რა ვთქვა, დაჯდომის სურვილიც არ მქონდა, მიუხედავად საოცარი დაღლილობისა. რომ ვუთხარი, ეს ოთახი და ფოტოზე არსებული რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან–მეთქი, მიპასუხა – უი, დიახ, ბოდიში, ეგ ფოტო შვიდი წლის წინ დავდე, რომ გავარემონტეთ და მას შემდეგ დამავიწყდა შეცვლაო. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად დავტოვეთ იქაურობა და სხვა სასტუმროში გავეშურეთ, იქვე ახლოს. ორი ღამე თავისუფლად გეყოფათ ჰანოის დასათვალიერებლად. თუ კარგად დაგეგმავთ, შესაძლოა ამ დროში ტამ კოკსაც ესტუმროთ, რომლის ღირებულებაც 26-30 დოლარს შეადგენს. ბევრ ტურისტულში განსხვავებული ფასია, რაშიც შედის მგზავრობა, გიდი და მშვენიერი ლანჩი. ტამ კოკისკენ გზას მივუყვებოდით და შორიდან დანახული ბუმბერაზი მთების „აჩრდილებიც“ კი საოცარ ემოციას აღძრავდა ჩვენში. გასაოცრად შერწყმულია ერთმანეთში ბრინჯის ყანები, რომლებსაც თითქოს მცველებად თავზე დასდგომიან ვეებერთელა მთები და შუაში მონარნარე მდინარე. მდინარეში იმდენი ნავი ირევა, ჩინეთის მაგისტრალი გეგონება, მაგრამ ისეთი პროფესიონალები არიან, ბედნიერად სხედან, ქოლგა უჭირავთ ხელში და ფეხების დახმარებით ნიჩბებს ისე უსვამენ, მე ორივე ხელის გამოყენებითაც კი გამიჭირდებოდა. ბრინჯის ყანაში ნავით ორსაათიანი სეირნობის შემდეგ მდინარის ბოლოსაც მივადექით, სადაც წყლის მარკეტი დავინახე, გემრიელობებით პირი ჩავიტკბარუნეთ და ნეტარებას მივეცით, მაგრამ, ცხადია, იქ ყველაფერი ორმაგად ძვირია. თუმცა სანახაობად ღირს.

მოკლედ, საოცრებები ხდება ვიეტნამში, იმდენი რამაა მოსაყოლი, თუმცა ამისთვის დრო არ გვეყოფა...

მირანდუხტ დავითულიანი
მირანდუხტ დავითულიანი

- მოგზაურობას უკავშირდება თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული. მოუყევით ჩვენს მკითხველს, როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე და როგორ გთხოვათ ხელი?

- შეტყობინება მივიღეთ ჰოსტელში – „ერთ ნომერს დამიჯავშნით?“ ჯავშნებს გადავხედე და თავისუფალი თარიღები აღმოგვაჩნდა, ამიტომ ჯავშანიც მივიღე. დანიშნულ დროს სტუმარიც ჩამოვიდა. „ლუის მარკესზე ნომერია დაჯავნილი, ვენესუელადან“, თქვა და თითქოს ამ სიტყვების თქმისთანავე სიყვარული შემოიტანა ჩემში. ორი კვირით იყო ჩამოსული, საქართველოს დათვალიერება უნდოდა და მთელი ორი კვირა ჩვენთან დარჩა, არსად აღარ წასულა. გამგზავრების შემდეგ ხშირად მწერდა და ურთიერთობა გავაგრძელეთ. და, ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, ყველაფერი ვენესუელური სერიალივით განვითარდა... ერთ დღესაც მეილზე მივიღე შეტყობინება – „ძვირფასო მირანდუხტ, მსურს შენთან ერთად ორი კვირა გავატარო მალდივებზე“. წერილს თან ერთვოდა ორი ბილეთიც. ვერ აგიწერთ ისე გამიხარდა. რვასაათიანი ფრენის შემდეგ დავფრინდით მალდივებზე, ერთ ძალიან პატარა კუნძულზე, რომელზეც მხოლოდ აეროპორტია განთავსებული.

მირანდუხტ დავითულიანი მეუღლესთან ერთად
მირანდუხტ დავითულიანი მეუღლესთან ერთად

სასტუმრო 10 დღით გვქონდა დაჯავშნილი. ერთ დღესაც მკითხა, შუა ოკეანეში გავალთ ჩასაყვინთად და ხომ არ გეშინიაო. არა! – ისე თავდაჯერებით ვუპასუხე, საკუთარ თავსაც ლამის დავაჯერე, რომ გამოცდილი მყვინთავი ვიყავი. მივდივართ და მივაპობთ ბობოქარ ტალღებს ინდოეთის ოკეანეში. შემმოსეს აღჭურვილობით და გადახტიო, მითხრეს, მეც თავდაჯერებულობა არ დავკარგე და ჩავხტი. ცოტა ბრაზმორეული ვბუზღუნებდი გულში – როგორ ჩამიშვა უცხო ბიჭთან ერთად ჩასაყვინთად თავის გარეშე-მეთქი.

ფიქრებში გართულმა ინსტრუქტორთან ერთად 10 მეტრ სიღრმეზე ჩავყვინთე. წყალქვეშ არსებული სამყარო შეუდარებელია, თითოეული იქ მყოფი მცენარისაც კი ზედმეტად მშურდა. ახლა აქეთ წავიდეთო, ხელით მანიშნა ინსტრუქტორმა. და მე, ჯერ კიდევ ლუისზე მობუზღუნე, თუ როგორ მიმატოვა შუა ოკეანეში ინსტრუქტორთან ერთად, შევტრიალდი და წამიერად ჩემი ყველა სიტყვა უკან წავიღე! „ცოლად გამომყვები?" – ქართულად დაწერილი, წყალგამძლე ქსოვილი გამიშალა ოკეანის ფსკერზე და ბეჭედიც ისეთი ლამაზი გამიკეთა, წყალქვეშა სამყაროც კი მონუსხა მისმა სილამაზემ. ლოგიკურია – ხმა ვერ ამოვიღე, მაგრამ „კის" გარდა სხვა სიტყვაზე არც კი ვფიქრობდი. საოცარი ემოციით დატვირთულმა ამოვყვინთე წყლიდან და ომახიანი „კი“ ხელახლა ვუთხარი. ჩავსხედით კატარღაში და ბედნიერებმა განვაგრძეთ სვლა კუნძულისკენ. ექვს თვეში დავქორწინდით. რვა სექტემბერს გვქონდა საქართველოში ქორწილი.

მირანდუხტ დავითულიანი მეუღლესთან ერთად
მირანდუხტ დავითულიანი მეუღლესთან ერთად

- საქართველო როგორ მოსწონს?

- ბევრი კუთხე მოვიარეთ ერთად, აღფრთოვანებული დარჩა ბახმაროში ვიზიტის შემდეგ. რაჭაზე თავდავიწყებით არის შეყვარებული, ბათუმით ძალიან მოიხიბლა.

- ახლო მომავლში სად გეგმავთ გამგზავრებას?

- ახლა ჩემი მეუღლე გერმანიაშია, მალე მეც ჩავალ და ერთად გადავწყვეტთ, სად გავემგზავრებით. მოგზაურობა უკვე  ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

 

721