ნანო შაინიძე

მარად შეყვარებული პოეტი ქალის „ავანსცენა“ და სიყვარულის სახელობის თეატრალური დასი

361
(განახლებულია 20:04 19.09.2019)
ადამიანი მარტო განვლილი გზის მიხედვით არ ფასდება, იმასაც აქვს მნიშვნელობა, ყველაფრის მიუხედავად, რას განიცდის და თავიდან არჩეულ გზას როგორ აგრძელებს...

ბათუმელი პოეტი ნანო შაინიძე ორი წიგნის ავტორია. ამბობს, რომ ყოველთვის ცხოვრების ავანსცენაზე დგას და ამიტომაც თავისი ლექსების პირველ კრებულსაც ასევე უწოდა. ცხოვრებაში განცდილი, ლექსების გარდა, ნამდვილ სცენაზეც გადაიტანა და მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დაარსებულ დასს ჩაუდგა სათავეში. ბათუმის ფესტივალზე „გია ქურიძის სახელობის ახალგაზრდულმა დასმა" პირველი ადგილი დაიკავა.

თვლის, რომ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, განსხვავებულად აღიქვამს, ამიტომ საკუთარ თავზე და ცხოვრებაზეც განსხვავებულად, განცდებით და მხატვრულად საუბრობს.

ნანო შაინიძე
ნანო შაინიძე

- ქალბატონო ნანო, საკუთარ თავს როგორ გააცნობდით უცნობ ადამიანს?

- ჩემი ადგილის დედა ხულოს რაიონის სოფელი რაქვთაა და ამიტომ სხალთისმიერი მორჩილება და მოკრძალება ფესვებიდან მომყვება. არც გაშლილი ატმის ყვავილებიდან დავბადებულვარ და არც დამსკდარი ბროწეულის სიხასხასე დამყოლია. ღვინობისთვეს გავჩნდი და ალბათ ამიტომაც დამდევს მუდმივ თანამგზავრად ბადაგისეული არეული ხილვები და მათრობელობაც, მიყუჩებაც და სიშლეგეც... არადა, ჩვეულებრივი, ნაწნავებიანი გოგონა ვყოფილვარ. ოღონდ სხვებთან შედარებით უფრო ფართოდ გახელილი თვალები მქონდა. ყველაფერს ცოტა სხვანაირად ვხედავდი, ვიდრე სხვები. ეღიმებოდათ, შენ სულ უცნაურად გეჩვენება ყველაფერიო. ვწერ ბავშვობიდან, მეხუთე კლასიდან.

ნანო შაინიძე
ნანო შაინიძე

- თქვენ ლექსებში ხშირად იხსენებთ ბავშვობას, როგორი იყო ის დრო?

- მე ოჯახის ნებიერა, ნაბოლარა, მერვე შვილი ვიყავი და ეს იყო ყველაზე ბედნიერი ხანა ჩემ ცხოვრებაში. ახლაც თვალწინ მიდგას ზამთრისპირის ლბილი ბინდი... ვხედავ მამას, რომელიც ღონივრად მიაბიჯებს და თან ღიღინებს. მერე კისერზე შემომისკუპებს. დედა ცდილობს არ ჩამოგვრჩეს და მამას მარცხენა მკლავზე ეხუტება. ნეტავ, რა უფრო ძლიერი იყო მაშინ – მამაჩემის მხრები თუ დედამიწა?..

ნანო შაინიძე
ნანო შაინიძე

- ხშირად ამბობთ, რომ ფუფალასავით მარად შეყვარებული ხართ...

- რა თქმა უნდა, მიყვარდა… მიყვარდა, როგორც უყვართ ხოლმე ჩემნაირებს. 15 წლის ვიყავი, როცა ოჯახს მოვეკიდე. ყველაფერი გარშემო უჩვეულოდ ლამაზი მეჩვენებოდა და ჩემად მეგულებოდა. მერე დედა გავხდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი გიორგი ზეცაში წაიყვანეს ანგელოზებმა და ჩემთვის დედამიწაზე ყველაფერი გააუდაბნოვდა. ამის მერეც არ იკმარა განსაცდელმა ჩემი ცრემლი, მეუღლე ჯერ აფხაზეთის ომში დაიჭრა და შემდეგ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ისევ ცრემლი, ისევ ძაძები, ისევ სიმარტოვე, მაგრამ ამჯერად გამჩენმა ბედნიერების ორი ნამსხვრევი გამოიმეტა – ჩემი ორი მარგალიტი, ქალ–ვაჟი… ჩემ მიერ გამოვლილ უღიმღამო დღეების ფონზე მხოლოდ ისინი ბრწყინავენ როგორც ღამის უდაბნოში ჩარჩენილი ბროლის ნამსხვრევები. თუმცა, გავიდა დრო და, ამდენ ქარტეხილს გადარჩენილი, ისევ არ დამინდო ბედმა და მეორე მეუღლეც წამართვა... ახლა ვდგავარ ცხოვრების ქვაფენილზე და ვსუნთქავ მასზე სანთლებად ანთებული სიყვარულით და ლამაზი მოგონებებით, ჩვენი საგა რომ ჰქვია...

ნანო შაინიძე
ნანო შაინიძე

- „ჩემი ავანსცენა" - ასე თქვენს კრებულს შემთხვევით არ დაარქვით...

- მე ყოველთვის ვიდექი ჩემ ავანსცენაზე და ჩემი სულიერი მდგომარეობის შესაფერის მიზანსცენას ვდგამდი. გულწრფელი ვარ ცხოვრებაშიც... ჩემს მეორე წიგნს დავარქვი „არეულები“ და ხშირად მეკითხებიან, ვინ არიან ისინიო. არეულები არიან პერსონაჟები, რომლებიც ჩემ გონებაში არსებობენ და ბოლოს ერთ გმირში იყრიან თავს...

ნანო შაინიძე
ნანო შაინიძე

- შემდეგ ავანსცენა ნამდვილ თეატრში გადაიტანეთ...

- ჩემი მეორე მეუღლე რეჟისორი გია ქურიძე იყო. იგი იყო ასევე ჩემი ცხოვრების უმთავრესი მოვლენა – ქმარიც, შეყვარებულიც, მეგობარიც, მასწავლებელიც, ერთი სიტყვით, ყველაფერი. 2003 წელში მან ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრში ლიტერატურულ-თეატრალური დასი დააარსა. 2014 წლიდან მისი საქმე მე გავაგრძელე და დასს მისი სახელიც მივანიჭეთ. 2015 წლის 14-15 თებერვალს ბათუმში ჩატარებულ თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც საქართველოს სკოლებს შორის გაიმართა, პირველი ადგილი ავიღეთ. გავიმარჯვეთ ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი". ფესტივალზე წარდგენილი გვქონდა რევაზ ინანიშვილის მოთხრობის „ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოების" მიხედვით დადგმული სპექტაკლი.

ნანო შაინიძე
ნანო შაინიძე

- რა აძლებინებს ადამიანს, რა უადვილებს ცხოვრებას?

- ადამიანებს რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვიადვილებს ცხოვრებას... როგორც სულმნათმა ნოდარ დუმბაძემ თქვა, თუ გიყვარს, ადამიანი ხარ, თუ უყვარხარ – ღმერთიო. მე ადამიანობაზეც ყაბულსა ვარ, მთავარია, შევძლო და მიყვარდეს. სამყარო ისეთი სავსე და ლამაზია მაგ დროს, რომ სულაც არ მიჭირს მიწიერი პრობლემებით ცხოვრება...

 

361
როლანდ დუმბაძე

როცა საკუთარ თავს არ ღალატობ - ნახატებში არეკლილი ცხოვრება, ოცნებები და სიზმრები

211
(განახლებულია 10:23 24.05.2020)
ალბათ მხატვრისთვის ყველაზე რთული არჩევანია როდესაც ეკითხებიან: რა გინდა - ნახატები გაყიდო თუ სახელიო?..

არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხელოვანს მისთვის არასასურველი არჩევანის გაკეთება უწევს ხოლმე, მთავარია, ამ დროს შემოქმედებითი მუხტი შეინარჩუნოს და ყოფითმა პრობლემებმა ნამდვილი ხელოვნება არ გადაწონოს.

როლანდ დუმბაძე
როლანდ დუმბაძე

მხატვარ-ფერმწერი როლანდ დუმბაძე მათ შორისაა, ვინც მძიმე სიტუაციაშიც კი თვითმყოფადობა შეინარჩუნა და შემოქმედებითი თამასა დაბლა არ დაწია. ბევრ ქვეყანაში მოუწია ცხოვრება, ხატავდა რასაც ხედავდა და ისე, როგორც გრძნობდა. 90-იან წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, სადაც დააარსა ბავშვთა სამხატვრო სტუდია და სამხატვრო გალერეა „არბატის ივერია”, ამის მერე მის შემოქმედებაში იწყება ე.წ. ფრანგული პერიოდი და საცხოვრებლად ნიცაში გადადის. იყო დრო, როცა თბილისში ტანსაცმლის დიზაინისა და მოდელირების სტუდია „Fashion studio“ დააარსა. გამოფენები ჰქონდა: კანადაში, ჩეხეთში, სლოვაკიაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და სხვ. საბოლოოდ მხატვარი თბილისში დამკვიდრდა და აქედან წასვლას უკვე არსად აპირებს...

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- ბატონო როლანდ, ნახატები ყველაზე კარგად აჩვენებს როგორი პიროვნებაა მათი ავტორი..

- რა თქმა უნდა ნახატები თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ადამიანია მისი შემსრულებელი. ისევე როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგში, მხატვრობაშიც ანალოგიურად შეიძლება ამის ამოცნობა. არ შეიძლება, ბოროტმა ადამიანმა კეთილი სიუჟეტები შექმნას და სიკეთე გამოსახოს. გარკვეულად მეც მგავს ჩემი ნახატები...

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- დიზანის სამრეწველო გრაფიკის ფაკულტეტი გაქვთ დამთავრებული და ამ კუთხით რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით?

- ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმის დიზაინი შევქმენი. წლების მერე, როცა საფრანგეთიდან ჩამოვედი, იდეა დამებადა, რომ ტანსაცმლის დიზაინზე მემუშავა. ვთვლიდი, რომ ამ სფეროში მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვეოდი, ამიტომ ავიყვანე სპეციალისტები და მკერავები. მე ხატვას ვასწავლიდი ბავშვებს, რადგან ჩანახატების შექმნა იყო საჭირო.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- განსხვავებულ ადგილებში ხართ ნამუშევარი: კვლევით ინსტიტუტში, ტელევიზიაში, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდით...

-აკადემიის დამთავრებისთანავე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა.  იმ პერიოდში იქ პროფესიონალები იყვნენ, მაგალითად, ლია ბურჭულაძე, ზენონ კაცია და სხვები. კვლევით ინსტიტუტში მუშაობის დროს ძირითადად მოსკოვიდან მიღებულ შეკვეთებს ვასრულებდით. მე ელექტროაპარატურის შეფუთვების გრაფიკულ დიზაინზე ვმუშაობდი. პედაგოგად მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელშიც ვიმუშავე.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- გამოფენებიდან რომელი იყო საეტაპო, ან რომელს გაიხსენებდით?

- 90-იან წლებში როცა მოსკოვში ვიყავი, ძირითადად შეკვეთებს ვიღებდი, მაგრამ გალერეებთანაც ვმუშაობდი. გავიხსენებდი  ზურაბ წერეთლის გალერეაში გამართულ გამოფენას, რომელიც მართალია, ჯგუფური იყო, მაგრამ სასიამოვნოდ დამამახსოვრდა. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ აკადემიკოსებთან, ხელოვნების მოყვარულებსა და პროფესიონალებთან, პირველ რიგში, თავად ზურაბ წერეთელთან.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- თქვენს ნახატებში არა მარტო ჟანრობრივი, თემატური მრავალფეროვნებაცაა...

- სხვათა შორის, დღემდე  ვცდილობ, რომ ყოველთვის რაღაც შევცვალო და ახალი შევიტანო შემოქმედებაში. მრავალფეროვნება მიტაცებს. როცა ჩემს ნამუშევრებს გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ იქ სხვადასხვა სტილია, მე ყველა მათგანი მომწონს.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- ნიცაში ცხოვრების დროს ალბათ უფრო იმპრესიონიზმისკენ იხრებოდით...

- დიახ, ნიცაში ხატვის უფრო ფრანგულ სტილზე გადავედი და ნახატებშიც ფრანგული პერსონაჟები გაჩნდნენ. ძალიან მიყვარს ჩემი ნახატი „ფრანცუჟანკი“, სადაც გამოსახული არიან ფრანგი ქალები კაფეში, იქ კარგად ჩანს ფრანგული გარემო და იქაური სული. ესპანეთში ყოფნის დროს უკვე ესპანური მოტივები გაჩნდა. ეს ბუნებრივიცაა, როცა უცხოეთში ცხოვრობს მხატვარი ის ანგარიშს უწევს იქაური პუბლიკის ინტერესებსა და მოთხოვნებს, იმის გამო, რომ ნახატი უფრო გაყიდვადი იყოს.

როლანდ დუმბაძის შემოქმედება
როლანდ დუმბაძის შემოქმედება

- გაყიდვადი ახსენეთ, ამ გარემოების გამო მხატვრის სულიერი სამყარო რამდენადმე ხომ არ იჩაგრება?

- იყო ეგეთი მომენტებიც... მაგალითად მოსკოვში ყოფნის დროს ასეთი კითხვა დამისვეს: რა გინდათ, თქვენი ნახატები გაყიდოთ თუ სახელიო? მაშინ მე ცოტა რთული ოჯახური მდგომარეობა მქონდა, ამიტომ ნახატების გაყიდვა ვარჩიე. როცა მოგვიანებით ერთ ცნობილ გალერეაში მივიტანე ჩემი ნახატები იქ მითხრეს: ჩვენ შეგვიძლია ფასზე კი არ ვილაპარაკოთ, არამედ სახელზეო. მე მეორეზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ეს ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპი იყო და ამის ფუფუნების უფლება უკვე მქონდა. ახლა ჩემი  40-მდე ნაუშევარი მაქვს სახლში, ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. როგორც კი ვახატავდი ეგრევე იყიდებოდა. რაც საქართველოში დავბრუნდი შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ხუთი-ექვსი ნამუშევარი მაქვს გაყიდული.

როლანდ დუმბაძე ზურაბ წერეთელთან ერთად
როლანდ დუმბაძე ზურაბ წერეთელთან ერთად

- ბატონო როლანდ, ამბობენ, რომ კარგი მხატვარი სიზმარშიც ხატავსო, მართალია?..

- ამაზეც მოგახსენებთ.. ჩვენ საბჭოთა კავშირის ურწმუნო ქვეყანაში ვცხოვრობდით, მაშინ ეკლესიაში სიარული არ შეიძლებოდა. როცა ცხოვრებაში დამიდგა განსაკუთრებული პერიოდი, სულიერი მოსვენება დავკარგე და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეკლესიისკენ რაღაც მეძახდა. იმ დროს საოცარ სიზმრებს ვხედავდი და ის სიუჟეტები  მერე ტილოზე გადმომქონდა. ასე გაჩნდა რელიგიური თემატიკა გაჩნდა ჩემს ნახატებში...

 

211
მარიამ ჩიღუნაძე

მარიამ ჩიღუნაძის ბრენდული ლაბადები წვიმიანი დღეების გასაფერადებლად

512
(განახლებულია 16:37 22.05.2020)
ზოგადად რა ალამაზებს წვიმიან დღეს? - პოეზია, მუსიკა, რომანტიკული გარემო და ახლობელი ადამიანები... თუმცა, როცა იხილავთ, შესაძლოა, ამ ჩამონათვალს დიზაინერ მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილ ლაბადებიც დაუმატოთ.

მარიამი 24 წლისაა, მომავალი ექიმია, თუმცა, როგორც დიზაინერი, უკვე შემდგარია, რადგან მისი ბრენდის ლაბადებზე დღეს დიდი მოთხოვნაა. ამ ლაბადებს ის დედასთან, ქალბატონ ეკა კილაძესთან ერთად ქმნის.

მარიამ ჩიღუნაძე
მარიამ ჩიღუნაძე

- მარიამ, ამჟამად სამედიცინოზე სწავლობთ, მაგრამ, როგორც ჩანს, სანამ პროფესიონალი ექიმი გამოხვალთ, დიზაინერის პროფესია უკვე კარგად აითვისეთ...

- ზოგჯერ ადამიანები დიდ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც ბავშვობის ოცნებებზე უარს ვამბობთ, რადგან ხშირად წარმატების გასაღებიც სწორედ იქ არის. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. დღეს სამედიცინოს სტუდენტი ვარ, საკმაოდ საინტერესო პროფესია შევარჩიე, მაგრამ პარალელურად მაინც ვცდილობ არ ჩამოვშორდე იმ საქმეს, რაზეც წლების წინ ვოცნებობდი. ხელსაქმე ბავშვობიდან მიზიდავდა. ეს ალბათ დედის გავლენაც იყო, ის ხშირად მიკერავდა ლამაზ ტანისამოსს და აქსესუარებსაც თავად ამზადებდა. როცა ვხედავდი მის აღტაცებას, როცა რაიმე ახალს და საინტერესოს შექმნიდა, სურვილი მიჩნდებოდა, რომ ეს ემოცია თვითონაც განმეცადა და დიზაინერი გავმხდარიყავი.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა

- რატომ მაინცდამიანც საწვიმარი ლაბადები?

- სამი წლის წინ გადავწყვიტე შემექმნა გამჭვირვალე ლაბადა, რომელიც გაფორმებული იქნებოდა სხვადასხვა ნახატებითა და ფერადი დეტალებით. მოვიძიე მასალები და აღმოჩნდა, რომ ქართულ ბაზარზე მსგავსი რამ საკმაოდ მწირია. მერე ნანა არუდაშვილის ატელიეში მივედი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება დამეხმარა მიმეღო ის, რისი შექმნაც ასე ძალიან მინდოდა. ჩემი იდეით დედაც დაინტერესდა და სამომავლო გეგმებზე ფიქრი ერთად დავიწყეთ.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა

- უკვე შექმენით ბრენდი, რაც იმის დასტურია, რომ თქვენი საქმიანობა გატაცებიდან სერიოზულ საქმედ იქცა.

- დიახ, და რადგან ბრენდის სახელი გარკვეულად მისი წარმატების ერთგვარი საწინდარიცაა, დავიწყეთ შესაფერისი სახელის შერჩევა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ბრენდის სახელი იქნებოდა Rainbow. Design. ჩემთვის ცისარტყელა ასოცირდება სიახლესთან, მრავალფეროვნებასთან და დადებით ემოციებთან, ამიტომ  ჩავთვალეთ, რომ ეს სახელი გაამართლებდა. თანაც, გვსურს, რომ ჩვენი ლაბადები მუდამ დადებით განწყობას უქმნიდეს მას, ვინც მის შეძენას გადაწყვეტს. დედას ყოველთვის გამორჩეული ხედვა ჰქონდა და უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ ბრენდის განვითარებაში.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები

- რომელი ასაკობრივი კეტეგორიის მომხმარებლისთვის კერავთ ლაბადებს?

- ლაბადებს ვკერავთ ბავშვებისთვის, გოგონებისა და ვაჟებისთვის. ყველაზე პატარა ზომის ლაბადა ორი წლის ბავშვებისთვისაა. საქართველოში მამაკაცები მაინცდამაინც არ სარგებლობენ ლაბადებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი მოდელები ამ სტერეოტიპს ნელ-ნელა ანგრევს, რადგან მამაკაცების ლაბადებზეც უკვე დიდი მოთხოვნაა.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები

- პირველად როდის მიხვდით, რომ ეს საქმე წარმატებას მოგიტანდათ?

- ეს მოხდა ჰამბურგში, სადაც ჩემი პირველი ნამუშევარი წავიღე. სწორედ ამ ქალაქში ვიგრძენი, რომ ყურადღების ცენტრში მოვხვდი. როდესაც ქუჩაში ჩემი ლაბადით გავედი, ვიგრძენი, რომ გამვლელებისგან ძალიან დიდი მუხტი მოდიოდა. ისინი მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, თუ რომელი დიზაინერის სამოსი მეცვა, მეც სიამოვნებით ვპასუხობდი, რომ ეს ჩემი შექმნილი ქართული პროდუქტი იყო. მაშინ საოცარი განცდა დამეუფლა. მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა მეზრუნა ფართო წარმოებაზე. საბედნიეროდ, ქართველი მომხმარებელიც ძალიან პოზიტიურად შეხვდა ჩვენს წამოწყებას და დღემდე მათი კეთილგანწყობა გვაძლებს სტიმულს, რომ ბრენდის განვითარებაზე უფრო და უფრო მეტი ვიმუშაოთ.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა

- თქვენი ლაბადები მხატვრულადაა გაფორმებული, მათზე დატანილი ნახატების შერჩევა ვისი სურვილით ხდება?

- თავიდანვე გვსურდა, რომ ჩვენი ლაბადები მხოლოდ ქართველი მხატვრების ნამუშევრებით ყოფილიყო გაფორმებული. რამდენიმე ნახატს უკვე ვიყენებთ და, იმედია, მალე ყველა ლაბადაზე მხოლოდ ქართული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ნახატების შერჩევისას ვითვალისწინებთ ფერებს, რომელსაც ჯიბეებს ვუხამებთ. ამასთან, ლაბადის ჯიბეებს სხვადასხვა მასალით ვაფორმებთ, უმეტესად ესენია ფერადი ქვები, ბუმბული და ყვავილები.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადა

- ალბათ თქვენი პროდუქციით ბათუმში უფრო დაინტერესდებიან, თუ იციან წვიმის ამ ქალაქში თქვენს ლაბადებზე?

- ბათუმი მართლაც წვიმის ქალაქია, ამიტომ გასულ წელს „ბათუმი მოლში“ გვქონდა შეტანილი ჩვენი ლაბადები. მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, ამიტომ წელსაც დავგეგმეთ იქ დაბრუნება. სამწუხაროდ, პანდემიის გამო შევფერხდით. იმედია, ყველაფერი მშვიდობით დასრულება, ძალიან მალე ყველა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით და დაგეგმილსაც განვახორციელებთ.

მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები
მარიამ ჩიღუნაძის მიერ შექმნილი ლაბადები

- არ შეიძლება არ გკითხოთ - საერთოდ წვიმა თუ გიყვართ? 

- ძალიან მიყვარს წვიმა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. საქართველოში წვიმა რომ უყვართ, ამის დასტური ის ფაქტიცაა, ქართულ ენაში წვიმას 64 სახელი აქვს. ჩვენი ყველა ლაბადა განსხვავებული ფორმისაა და მასზე გამოსახული ნახატებიდან არც ერთი არ მეორდება. იმედია, ჩვენი ლაბადები წვიმიან დღეებს გაგიფერადებთ...

512
კვირიონი

კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 25–31 მაისის პერიოდში

0
(განახლებულია 18:07 24.05.2020)
დგება მაისისა და გაზაფხულის ბოლო კვირა. ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში იქნებიან, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანს პრობლემები ელის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საჭიროა მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოვიჩინოთ

ეცადეთ, მიჰყვეთ ასტროლოგების რჩევებს, რათა ზაფხულს მომზადებული შეხვდეთ და ყველა მნიშვნელოვანი საქმე გართულებების გარეშე დაასრულოთ.

ვერძი

ვერძებისთვის ამ კვირაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი ცხოვრების ყველა სფეროში. სამწუხაროდ, იმის გარკვევა, დადებითი იქნება ეს ცვლილებები თუ უარყოფითი, შეუძლებელია. მოგიწევთ ყელაფერში საკუთარ სიბრძნეს, ლოგიკას დაეყრდნოთ, არ ენდოთ ინტუიცია, რომელიც ამ კვირაში შესუსტებული იქნება. ასევე არ ენდოთ უცნობებს.

ვარსკვლავები და პლანეტები გააძლიერებენ თქვენს ემპათიას. გახდებით მეტად მგრძნობიარე, უფრო კარგად გაუგებთ სხვა ადამიანებს. ეს შეგიძლიათ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოთ. მთლიანობაში, კვირა საკმაოდ პროდუქტიული იქნება, ამიტომ არ იზარმაცოთ.

კურო

ყველაზე წარუმატებელი დღეები 26 და 27 მაისი იქნება. მოგაკლდებათ თავდაჯერებულობა, არ არის გამორიცხული სამომავლო გეგმების ჩაშლა. მთვარემ, შესაძლოა, თქვენში განგაშის გრძნობა გამოიწვიოს. ეცადეთ, განწყობა აიმაღლოთ და პოზიტიურად იფიქროთ.

კვირის მეორე ნახევარი გამარჯვებებისა და წარმატებების დრო იქნება. დიდი ალბათობით, მაისი თქვენთვის პოზიტიურად და იღბლიანად დასრულდება, მოახერხებთ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას. დადგა პროდუქტიული მუშაობისა და ძალების მთლიანად დახარჯვის დრო.

ტყუპი

ვარსკვლავები და პლანეტები თქვენთვის ამ კვირაში ძალზე პოზიტიურად იქნებიან განწყობილი, რაც ნიშნავს, რომ მოახერხებთ წარმატებების მიღწევას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მთავარია, არ აჩქარდეთ და ერთდროულად ორ კურდღელს არ გამოედევნოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი პოზიტიური განწყობა და რწმენაა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. თუ საკუთარი ძალების რწმენა არ გექნებათ, პრობლემები და გაუგებრობები შეიძლება წარმოიშვას. პარაკევა და შაბათს, ასტროლოგების რჩევით, მარტოობაში ნუ გაატარებთ დროს.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ამ კვირაში, შესაძლოა, სამუშაოსა და ბიზნესში გარვეული პრობლემები შეგექმნათ. მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ მოტივაცია, ენთუზიაზმი და შემოქმედებითი ენერგია. სწორად მოიქეცით კოლეგებთან თუ კლიენტებთან. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური, გულღია, უარი არ თქვათ სხვების დახმარებაზე.

თუ ამ კვირაში რამე ახლის წამოწყებას აპირებთ, ღამის მანათობლები დაგეხმარებიან, მაგრამ მაინც სჯობს, წინასწარ განჭვრიტოთ სვლები, დაგეგმოთ საქმეები და გარშემომყოფებს გეგმები არ გაუზიაროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოდ შეინახეთ.

ლომი

ამ კვირაში აჯობებს, თუ უარყოფითი თვისებებისგან გათავისუფლდებით, იგივე ეხება სხვადასხვა უსარგებლო ნივთს. არ ღირს ფულის დახარჯვა. ასტროლოგები გირჩევენ, ჩაატაროთ ე.წ. შინაგანი რევიზია და დაძლიოთ შიშები და მერყეობა.

ვარსკვლავები პოზიტიური იქნებიან ორშაბათს, ოთხშაბათსა და კვირას. შესაძლოა, სხვა დღეებში გაგიჭირდეთ საჭირო განწყობის შენარჩუნება, მაგრამ ეცადეთ, ეს მოახერხოთ. უქმეებზე რელაქსაციისა და სიაზრმაცის დრო არ იქნება. მნიშვნელოვანია საოჯახო საქმეების გაკეთება, საფუძვლიანი დალაგება, რათა სახლში პოზიტიური ენერგია მოიზიდოთ.

ქალწული

საკმაოდ პროდუქტიული, მაგრამ ნერვული და ზოგიერთ საკითხში უსიამოვნო კვირა გელოდებათ.ატროლოგები გირჩევენ, რომ პირველ რიგში, პოზიტიურ და ოპტიმისტურ  ტალღაზე აეწყოთ. ეცადეთ გაუმკლავდეთ შფოთვასა და განგაშის შეგრძნებას, თუ ასეთი გაჩნდა. წაგადგებათ დროული დასვენება.

ენერგეტიკის თვალსაზრისით კვირის საუკეთესო დღეებია პარასკევი და შაბათი. ვარსკვლავები იღბალს შეგმატებენ. იდეალური დროა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ფლირტის, ახალი ურთიერთობების ძებნისთვის. გელოდებათ უამრავი პოზიტივი და წარმატება.

სასწორი

სწორად უნდა შეარჩიოთ გარემოცვა. რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობაიქონიეთ ბოროტ და ენერგოვამპირ ადამიანებთან. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ თქვენი ნეგატიურად დამუხტვა და ზიანის მოყენება, თუნდაც ამის სურვილი არ ჰქონდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მეგობარს ან ნაცნობს უარი უთხრათ ურთიერთობებზე. უბრალოდ, სჯობს, არ მიაქციოთ ყურადღება მათ კრიტიკას და შეზღუდოთ შეხვედრები.

ამ კვირაში მეტა ყურადღება დაგჭირდებათ დეტალების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ არანაირი წვრილმანი არ გამოგეპაროთ მხედველობიდან, რადგან მას შეიძლება დიდი დატვირთვა ჰქონდეს. ყოველი ახალი დღე მოგიტანთ რაღაც ახალს. არ ღირს წარსულით ცხოვრება.

მორიელი

მაისისა და გაზაფხულის ბოლო კვირა მორიელებს ახალ შეგრძნებებს, პოზიტივსა და კაშკაშა ემოციებს გაჩუქებთ. ძალზე სახარბიელო დროა სასიყვარულო ძიებებისთვის, ურთიერთობებისა და რომანტიკისთვის.

საქმეებსა და ფინანსურ სფეროში სიფრთხილე სჯობს. ყველაზე ნეგატიური დღე ამ კვირაში ორშაბათია. სამშაბათიდან ვარკვლავებისა და პლანეტების ენერგეტიკა გაიზრდება და ბევრად ოპტიმისტური გახდება. დადგება კარგი დრო ფინანსური ინვესტიციების, გარიგებებისთვის. კვირის ბოლო ხელსაყრელი დროა შენაძენებისთვის, საჩუქრებისთვის.

მშვილდოსანი

შესაძლოა, უკვე კვირის დასაწყისში გარკვეულ სირთულეებს წააწყდეთ, გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დაგიდგათ. განწყობის გაუმჯობესებაში ფიზიკური სავარჯიშოები და სეირნობა დაგეხმარებათ.

მაისის ბოლო კვირა საყვარელ ადამიანებთან გაატარეთ. იდეალური დროა ერთობლივი საქმიანობისთვის, თავგადასავლების, მგზავრობისთვის. ასევე წაგადგებათ ცოტა ხნით განმარტოებაც – ამისთვის კვირის ერთი–ორი საღამო გამოყავით.

თხის რქა

თხის რქებისთვის იდეალურიდ დრო დგება დამოუკიდებელი წინსვლისთვის. არ ღირს დახმარების თხოვნა – ყველაფერი თავად უნდა გააკეთოთ. ასტროლოგები არ გირჩევენ უფლებამოსილების გადანაწილებას, პასუხისმგებლობის გარშემომყოფებზე დაკისრებას – ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, იღბალმა ზურგი გაქციოთ.ასევე სასურველია, რომ თავი დაიცვათ სხვების ნეგატიური ენერგიისგან.

საუბარია ტოქსიკურ ადამიანებზე, ენერგეტიკულ ვამპირებსა და მტრებზე. სკეპტიციზმი, შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმაც კი გამოამჟღავნონ. უნდა იყოთ ძალზე ფრთხილი და წინდახედული. იდეალური დროა მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისა და დამთავრებისთვის, ინტელექტუალური განვითარებისთვის.

მერწყული

ეს კვირა მერწყულებისთვის, შესაძლოა, უკიდურესად სტრესული და რთული აღმოჩნდეს. უნდა ეცადოთ, რომ მოიხსნათ დაღლილობის შეგრძნება, გათავისუფლდეთ განგაშის გრძნობისგან. ბევრი იფიქრეთ კარგზე, წარმოიდგინეთ ნათელი მომავალი, განეწყვეთ ოპტიმისტურად.

კვირის ბოლოს გამაფრდება ინტუიცია, გაიზრდება შემოქმედებითი შესაძლებლობები. ყველაზე მეტად გაუმათლებს მათ, ვისი პროფესიაც ამოცანების გადასაწყვეტად კრეატიულ დამოკიდებულებას მოითხოვს. სასურველია არ გადადოთ სამომავლოდ ის, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ.

თევზები

დგება სიყვარულის, კაშკაშა ემოციების, ახალი ურთიერთობების დაწყებისა და ნაცნობობის დრო. ასტროლოგები გირჩევენ აქტიურობას სოციალურ ქსელებში, მეგობრებთან, ახლობლებთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებს.

ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაივიწყოთ თქვენი მოვალეობები. არ ღირს გარისკვა და ავანტიურებში ჩართვა. სჯობს, არსებული პრობლემები მშვიდად გადაჭრათ და საოჯახო საქმეებს მიხედოთ. სიყვარულის საქმეებში ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევებსა და საკუთარ ინტუიციას.

0