მარიო ვარგას ლიოსა

კოლექტიური ბედნიერება, ანუ სად უფრო კარგად ეცნობი ცხოვრებას ბორდელში თუ მონასტერში

382
(განახლებულია 14:27 19.09.2019)
ქალები და ხელოვნება – ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია... ქალის ხიბლი – საფლავია მხატვრისთვის. შექმნა შენი მსგავსი – რა არის ამაში კარგი? ამას აკეთებს ძაღლიც, ობობაც, კატაც. ორიგინალური უნდა იყო...

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ მარიო ვარგას ლიოსას გამონათქვამებს.

ხორხე მარიო ვარგას ლიოსა (Jorge Mario Pedro Vargas Llosa, 1936) პერუელი მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი, დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (2010).

მარიო ვარგას ლიოსა ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალია. მან დიდი გავლენა მოახდინა როგორც ლათინური ამერიკის, ისე საერთაშორისო საზოგადოებაზე. ნობელის პრემია 2010 წელს „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიანიჭეს.

ლიოსა არის ათზე მეტი რომანის, მოთხრობების, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომების, პიესების ავტორი. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის ესპანურენოვან სამყაროში უმნიშვნელოვანესი – სერვანტესის სახელობის პრემია.

მარიო ვარგას ლიოსას კალამს ეკუთვნის „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“, „საუბარი კათედრალში“ და სხვ.

382
თემები:
აზრების ფოიერვერკი: ცნობილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამები (63)
ფრანგ მოსწავლეებთან ერთად

მუსიკის მასწავლებელი, რომელიც ფრანგებს ქართულად ამღერებს, და კარნავალის „ოქროს ნიღაბი“

40
(განახლებულია 21:33 21.10.2020)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს საფრანგეთში მცხოვრებ შემოქმედსა და საოცრად საინტერესო პიროვნებას გიული ერგემლიძეს გაგაცნობთ.

უკვე 25 წელია, რაც საფრანგეთში, ნორმანდიაში ცხოვრობს და ძირითადი საქმიანობის გარდა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებასაც ეწევა.

გარდა იმისა, რომ ქალბატონი გიული ფრანგ ბავშვებს ქართულ სიმღერებს ასწავლის, ადგილობრივ ღონისძიებებსა და სხვადასხვა კონცერტებზეც ხშირად გამოდის, მღერის ფრანგულ გუნდში "ბორბოლეტა", თამაშობს მოყვარულთა თეატრის სპექტაკლებში, ერთ-ერთ ფრანგულ კარნავალზე მის მიერ შეკერილმა ქართულმა სამოსმა გაიმარჯვა და ჯილდო გადაეცა. გარდა ამისა, ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს სიხარულს ანიჭებს – მათ ლექსებს სიმღერებად აქცევს და დღემდე ასე სიმღერა 60-ზე მეტ ლექსზე დაწერა.

გიული ერგემლიძე გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე გაკვეთილზე

- ქალბატონო გიული, დღეს საფრანგეთში იმ მცირე ქართველ ემიგრანტთა შორის ხართ, ვინც ფრანგი პუბლიკის წინაშე ქართულად მღერის, იფიქრებდით ამაზე საქართველოში?

- ალბათ ვერც ვიოცნებებდი... ისე, რაც თავი მახსოვს, დედა კარგად მღეროდა, მშობლები ადრე დაოჯახდნენ. დედამ ოჯახზე მზრუნველობა არჩია, მაგრამ მუსიკას მაინც ვერ შეელია და სახლში სულ სიმღერ-სიმღერით აკეთებდა ყველაფერს. ბავშვობიდან ყურში ჩამესმოდა მისი ნამღერი ლამაზი მელოდიები. ამბობენ, რომ გაუჩერებლად, როგორც პატარა ბავშვს შეეფერება, ჩემებურად ვყვებოდი მას და "ვჭყლოპინებდი”. მერე ბაღიდან მოყოლებული სკოლაშიც გაუჩერებლად ვმღეროდი. დღემდე მადლობელი ვარ ჩემი პედაგოგების, რადგან მეუბნებოდნენ, ნიჭიერი ხარო. მე ვიცოდი, რომ მარტო ნიჭით ვერაფერს მიაღწევ, თუ არ იშრომებ კიდეც. ამიტომ ვაღიარებ, რომ სიზარმაცის გამო ვერ მივაღწიე იმას, რისი გაკეთებაც მინდოდა. სხვათა შორის, იყო დრო, მინდოდა კარგი ქირურგი გამოვსულიყავი და ხალხი გადამერჩინა, მაგრამ საბოლოოდ მუსიკის სიყვარულმა სძლია და მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე ვიოლინოს განხრით. ასე გავხდი მუსიკის მასწავლებელი. ბედნიერი ვარ, რომ ბევრ მოსწავლეს გავუღვივე მუსიკისადმი სიყვარული, რის გამოც ბავშვებიც და მშობლებიც მემადლიერებიან.

გიული ერგემლიძე მუსიკის გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე მუსიკის გაკვეთილზე

- ამის მერე დაიწყო თქვენი ცხოვრების ფრანგული პერიოდი, მასაც მუსიკა „გასდევს ფონად“?

- დიახ, ასეა და ეს პერიოდი უკვე 25 წელია გრძელდება. აქ ვცხოვრობ, ნორმანდიის მიწაზე, ჩვენ ქალაქს ფრანგულად ჰქვია ქონ (Caen). ქართველები მას კაენს ვეძახით. თავიდანვე ძალიან დამეხმარა დედა, რომლის გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ადრე მოხუცებულთა სახლებში ვატარებდი კონცერტებს მასთან ერთად და უმწეო ხალხს სიხარულს ვჩუქნიდი. ჩემმა შვილებმა აქ ჩამოსვლისთანავე მირჩიეს, ფრანგული ენა სასწრაფოდ მესწავლა. როცა ენის სასწავლებლად მოვხვდი სკოლაში, პირველივე გაკვეთილზე ყურადღება მომაქცია ფრანგულის მასწავლებელმა მარტინ ბონფუამ (Martine Bonfoiy), რომელმაც დიდი დახმარება გამიწია. გამიმართლა იმაშიც, რომ საფრანგეთის ამ ლამაზ ქალაქში კეთილი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი.

უცხოელ მოსწავლეებთან ერთად
უცხოელ მოსწავლეებთან ერთად

- როგორია თქვენი თვალით დანახული ფრანგული ცხოვრების შუქ-ჩრდილები?

- საფრანგეთი ძალიან ჰუმანური ქვეყანაა თავისი უდიდესი კულტურითა და ტრადიციებით, ისინი ყველას მოწიწებით და პატივისცემით ექცევიან. თუმცა არის მედლის მეორე მხარეც: აქ დიდი ბიუროკრატიაა და ყოველდღიურ საქმეებზე სირბილი ხშირად გიწევს. ხშირად ვეხმარები ქართველ ქალბატონებს, რომლებმაც ენა არ იციან, დავყვები მათ, ვინც ოპერაციისთვის არის ჩამოსული და ექიმებთან თარჯიმნობას ვუწევ. სხვა მხრივ კი აწყობილია ყველაფერი. გულსატკენია, რომ აქ ცხოვრების პირობები უკეთესია, ვიდრე ჩემს ქვეყანაში, მაგრამ თვალი და გული მაინც გაგირბის იქით, შენი რომ ჰქვია. აქ მაინც სტუმარი ხარ და ადრე თუ გვიან სახლში უნდა წახვიდე. ასე გადის დრო, მაგრამ თუ სიყვარულით ცხოვრობ, ლამაზად და ხალისით გაგყავს დღეები, ეს გეხმარება, რომ მონატრებას გაუძლო.

მეგობრებთან ერთად
მეგობრებთან ერთად

- როგორც ვიცი, თქვენ ამას ახერხებთ კიდეც და ბევრი ქართველი ემიგრანტი გაახარეთ მათი ლექსების ამღერებით...

- ფრანგები საოცარი ხალხია, უზომოდ კულტურული, თბილი და უშუალო ხალხია. თუ რამე მონდომება შეგამჩნიეს, გამხნევებენ და გახალისებენ. სწორედ მათი წახალისებით მოხდა ის, რომ შევძელი ჩემი პატარა წვლილი შემეტანა საფრანგეთში მყოფი ნიჭიერი ქართველი ქალბატონების წარმოჩენის საქმეში. დღემდე უკვე 60-ზე მეტ ლექსზე დაიწერა სიმღერა. ეს ზღვაში წვეთიც არ არის, რასაც ეს ნიჭიერი ქალბატონები აკეთებენ. თან არ დაგავიწყდეთ, საკუთარი თავის და ოჯახის გადასარჩენად რამდენს შრომობენ. ბოლოს იტალიაში მცხოვრები არაჩვეულებრივი პოეტი ქალის ფატი ბოკელავაძის ლექსი ავამღერე. ადრე თელაველი პოეტის ზინა სოლომნიშვილის ლექსზე დავწერე სიმღერა, ასევე მარი იმერის ლექსზეც, ისე, რომ არც ვიცნობდი ვინ იყო. ჩემი დაწერილი სიმღერებით ბავშვობის მეგობარი და ნიჭიერი მომღერალი თამარ ბოჭორიშვილი ხშირად გამოდის პუბლიკის წინაშე. პოეტი ბელა ალასანია სწორედ მან გამაცნო.

გიული ერგემლიძე გაკვეთილზე
გიული ერგემლიძე გაკვეთილზე

- თავად თუ გიწევთ ფრანგული პუბლიკის წინაშე გამოსვლა?

- ჩემი ფრანგულის ენის მასწავლებელთან ერთად ქალაქის მუსიკალურ პროგრამაში ხშირად ვიყავი ჩასმული. კონცერტებსა და ღონისძიებებზე გამოვდიოდი. ადგილობრივი მოყვარულთა ორკესტრის პირველი ვიოლინოც ვიყავი. ასევე მოყვარულთა თეატრის სპექტაკლებში ვთამაშობდი. ქალაქი Caen რაიონებადაა დაყოფილი და ჩემს რაიონს ჰქვია Chemin-Verz, სადაც კულტურის ცენტრია. ამ ცენტრში იყო მოყვარულთა თეატრი, სადაც პატარ-პატარა სპექტაკლებს დგამდნენ. ჩვენი რეჟისორი, მადმუაზელ ვალერი (Balerie) ყოველთვის კმაყოფილებას გამოთქვამდა ჩემ მიერ შესრულებული როლებით. ეს სპექტაკლები ტარდებოდა ჩვენი რაიონის თეატრში. განსაკუთრებული მონდომებით შობის დღესასწაულისთვის გვამზადებდნენ. დროდადრო პარიზიდან ჩამოდიოდნენ მსახიობთა მცირე დასები, რომლებიც სპექტაკლებს ატარებდნენ. ამ დროს რეჟისორი გვიტარებდა გამოცდას, ვინც უკეთ შეასრულებდა თავის ეპიზოდურ როლს, მას მიეცეოდა საშუალება, რომ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა. შემდეგ მათთან ერთად რეპეტიციებს გავდიოდით. ასევე ვმღერი ჩემს ქალაქში არსებულ ფრანგულ გუნდში, სახელად "ბორბოლეტა“. ვუკრავდი სიმებიან ორკესტრშიც.

- ფრანგული ცხოვრებიდან რომელი წარმატების ამბავს გაიხსენებთ?

- ერთ-ერთ კარნავალზე, რომელიც 2004 წელს ჩატარდა, მეც გამოვედი. უფრო სწორედ, მაშინ ცხოვრებაში პირველად ქართული ტრადიციული კაბა შევკერე. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ გავიმარჯვე, პირველი ადგილი დავიკავე და „ოქროს ნიღაბი“ გადმომეცა. სასიხარულო იყო, რომ კარნავალზე წარმოდგენილი ყველა ქვეყნის ნაციონალური ტანსაცმლიდან სწორედ ჩემ მიერ შეკერილმა ქართულმა ეროვნულმა კაბამ გაიმარჯვა.

- რომელ ქართულ სიმღერებს უმღერით ფრანგებს?

- აქ, კაენში არსებობდა მუსიკალური საზოგადოება Les Iren. იმ პერიოდში მის პრეზიდენტად ქართველი მხატვარი ირინა ჯიბლაძე დანიშნეს. იქ ყოველწლიური პროგრამა მზადდებოდა, რომელშიც სხვადასხვა კონცერტები იყო შეტანილი. ასეთ ღონისძებებში შვიდი წლის განმავლობაში ჩემს მასწავლებელთან ერთად ვიღებდი მონაწილეობას. ხშირად გამოვდიოდი ქართული სიმღერით „ციცინათელა“. ასეც მომხდარა, რომ სამი სიმღერის მაგივრად, რასაც პროგრამა ითვალისწინებდა, თორმეტი სიმღერაც კი მიმღერია. დარბაზს ძალიან მოსწონდა ქართული მელოდიები. როცა სიმღერას დავასრულებდი, ფრანგულად იძახდნენ – "ონკოღ!" – ანუ ბისს, ისევ იმღერეო, მთხოვდნენ.

- გავიგე, რომ მხატვრული კითხვის კონკურსებშიც ხშირად იღებდით მონაწილეობას, რომელი ავტორის ნაწარმოებს კითხულობდით?

- როგორც გითხარით, რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი. მოგვიანებით ვწერდი ლექსებს და მათ მელოდიების ფონზე ვკითხულობდი, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის ვხალისობდი. ასევე გაგრძელდა საფრანგეთშიც, სადაც რომელიმე გამოსვლის წინ ჩემს ლექსებს ვთარგმნიდი ფრანგულად და ჩემივე მელოდიის თანხლებით ვკითხულობდი, ყველას მოსწონდა.

- ფრანგ ბავშვებს ქართულად სიმღერას ასწავლით?

- 18 წელია, რაც ვამეცადინებ ფრანგ და სხვადასხვა ეროვნების ბავშვებს, ვისაც სურვილი აქვს დაუკრას და იმღეროს. ამას დიდი სიყვარულით ვაკეთებ. ამ პატარებმა ქართული არც იციან. ფრანგ ბავშვებს პირველად ვასწავლი ადვილად დასამახსოვრებელ ქართულ სიმღერებს, შემდეგ კი „ჩემო ციცინათელას", „სულიკოს“, „სანთელივით დავდნების“, გოგი ცაბაძის „თბილისოს“ და სხვ. სამყაროში ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც სიყვარული არ შეუძლია და მათგან განსხვავებით, ვფიქრობ, მე ვსუნთქავ სიყვარულით. ამის გამოხატულებაა ის, რასაც ვაკეთებ და ამ კუთხით გული მშვიდად მქვს.

- თუ გწყდებათ გული რამეზე?

- სამწუხაროდ, ვერ შევძელი ისეთი ცნობილი პიროვნება გავმხდარიყავი, რომ ჩემით ეამაყათ მეგობრებს, ახლობლებს და საქართველოს, მაგრამ იმას მაინც ვახერხებ, რომ აქ, უცხო ქვეყანას ქართულ სიმღერებს და ნიჭიერ ქართველებს ვაცნობ, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. ქართველები ყველგან ვართ და ღმერთმა გვამრავლოს. სადაც ვიკრიბებით, ყველაგან პატარა საქართველოა...

40
ნინა ჩიკვაშვილი

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: კერძო და საჯარო სკოლებმა უნდა ითანამშრომლონ

185
(განახლებულია 20:42 20.10.2020)
დღეს ამ რუბრიკაში ინგლისური ენის მასწავლებელს და სკოლა „პროგრესის“ დირექტორს ნინა ჩიკვაშვილს გაგაცნობთ.

მან კერძო სკოლა „პროგრესი“ საქართველოს სამ ქალაქში – ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში დააფუძნა. ამ სკოლებმა სახელმწიფო ავტორიზაციაც გაიარეს და ამერიკული აკრედიტაციაც მიიღეს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ სკოლის მოსწავლეებმა ათასწლეულის გამოწვევის კონკურსში გაიმარჯვეს და სრული დაფინანსებით NASA-ს სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.

ნინა ჩიკვაშვილი
ნინა ჩიკვაშვილი

- ქალბატონო ნინა, საუბარი მარტივი შეკითხვით მინდა დავიწყო – რატომ გახდით მასწავლებელი?

- ვფიქრობ, მასწავლებლობა ერთ-ერთი პროფესიაა, რომლის საშუალებითაც წინა თაობების შეცდომების გათვალისწინება და მათი გამოსწორება ხდება. სიმართლე გითხრათ, როცა მასწავლებლობაზე, როგორც პროფესიაზე ვლაპარაკობ, მიკვირს – როგორ შეიძლება ისეთი საქმე, როგორიცაა მომავალი თაობების აღზრდა, მათთვის ცოდნის მიცემა, მხოლოდ პროფესია იყოს?! ამიტომ ჩემთვის მასწავლებლობა, პირველ რიგში, მოწოდებაა, რომ მუდმივად ზრუნავდე სხვებზე და აკეთებდე საქმეს, რომელიც საერთო პროგრესის საწინდარი იქნება. როცა მოსწავლე ვიყავი, ვამჩნევდი ყველა იმ ნაკლოვანებას, რომლებიც იმდროინდელ განათლების სისტემას ჰქონდა. ძალიან მაწუხებდა ის პრობლემები და როდესაც ამ პროფესიას დავეუფლე, მიზნად დავისახე, რომ მომავალში მათ გამოსწორებაზე მემუშავა და მოსწავლეებისთვის უკეთესი, დღევანდელ გამოწვევებსა და საჭიროებებს მორგებული განათლება მიმეცა.

ნინა ჩიკვაშვილი
ნინა ჩიკვაშვილი

- კონკრეტულად რა სიახლეებია თქვენს სკოლებში?

- ჩვენთან მომავალ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს ასწავლიან ბიზნესის საფუძვლებს და ბიზნესის განვითარების პერსპექტივებს. მათ, ვინც იურისპრუდენციითაა დაინტერესებული, სადებატო კლუბების მეშვეობით ანალიტიკური აზროვნებისა და სწორი არგუმენტაციის უნარს ვუვითარებთ. STEM-ის და STEM-არტის მიმართულებით დაინტერესებულებს ვთავაზობთ STEM-გაკვეთილებს საქართველოში წამყვან სპეციალისტებთან; სამედიცინო კარიერით დაინტერესებულებს – საბუნებისმეტყველო საგნების და სამედიცინო ბიოლოგიის საგნებში ვუძლიერებთ ცოდნას. გაკვეთილების შემდეგ ჩვენს პროგრესელებს ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო, ინეტელექტუალურ, სახალისო, სპორტულ, სახელოვნებო, ცეკვისა და სიმღერის კლუბებში გაწევრიანებას. ეს პროექტი სასარგებლო და პროდუქტიული იქნება ემიგრაციაში წასული ქართველი მოზარდებისთვისაც, ვინაიდან მათ შეუძლიათ, რომ ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსთან ერთად ქართული ენისა და ლიტერატურის და სხვა საგნების შემსწავლელი კურსიც გაიარონ.

ნინა ჩიკვაშვილი
ნინა ჩიკვაშვილი

- თუ შეიძლება მოკლედ შევახსენოთ მკითხველს, ზოგადად რას ნიშნავს STEM-განათლება?

- STEM-ის მიმართულებები მოიაზრებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას. განვითარებულ ქვეყნებში STEM-განათლების აუცილებლობაზე ხშირად საუბრობენ. დღევანდელ მოსწავლეებს ტექნოლოგიების მიმართ დიდი ინტერესი აქვთ, რაც შეგვიძლია მათში ტექნიკური აზროვნების ჩამოყალიბებისა და მათი განვითარებისა და თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის გამოვიყენოთ.

- დღეს მოსწავლისთვის აუცილებელია ენების ცოდნა, რამდენი უცხო ენა ისწავლება თქვენს სკოლაში?

- სკოლა „პროგრესში“ ოთხი უცხო ენა ისწავლება სრულფასოვნად. აქედან ინგლისური და გერმანული B2 და C1 დონეზე. „პროგრესი“ უკვე დიდი ხანია, რაც ხარისხიანი განათლების სინონიმია საგანმანათლებლო ბაზარზე, თუმცა ჩვენი სკოლა ბევრად მეტია, ვიდრე განათლების მიმცემი ინსტიტუცია. ჩვენი მოსწავლეები მზად არიან ეროვნული, სახელმწიფო და საერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის, ასევე სტუდენტობიდანვე სამუშაო ბაზარზე დასაქმებისთვისაც. ახლახან დავიწყეთ ახალი საერთაშორისო პროექტი, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ „პროგრესელთათვის“, არამედ სხვა საჯარო და კერძო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისთვისაც. ეს არის ამერიკული უმაღლესი სკოლა მათთვის, ვისაც სურს ამერიკული American High School-ის სასწავლო კურსი გაიაროს, აიღოს ამერიკული ატესტატი/დიპლომი და სწავლა ამერიკულ და ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძოს.

სკოლა პროგრესის  მასწავლებლები
სკოლა "პროგრესის" მასწავლებლები

- თავის დროზე ინგლისური ენის პედაგოგობა რატომ აირჩიეთ?

- სკოლაში რამდენიმე საყვარელი მასწავლებელი მყავდა, ერთ-ერთი ინგლისური ენის პედაგოგი იყო. მახსოვს მისი ენთუზიაზმი და მოტივაცია. მარტო იმისთვის არ გვასწავლიდა, რომ მასწავლებელი ერქვა, იგრძნობოდა, რომ ეს საქმე მისი იყო და უყვარდა. ყოველთვის სრულად იხარჯებოდა და ჩვენც სწავლის სურვილს გვიჩენდა. მოგვიანებით ინგლისური ენის პედაგოგობა სწორედ ამიტომ ავირჩიე.

- თქვენს სკოლაში რა პრინციპით არჩევთ მასწავლებლებს?

- ვფიქრობ, ყველა კარგ მასწავლებელს შესწევს ძალა და უნარი, რომ მოსწავლეს მისთვის ყველაზე უინტერესო საგანიც კი შეაყვაროს. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ადამიანი საკუთარი სფეროს მცოდნე და პროფესიონალი უნდა იყოს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მას მოსწავლეებისადმი სწორი მიდგომა შეეძლოს და, მასწავლებლის გარდა, მათი კარგი მეგობარიც იყოს. ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, ასევე აუცილებელია, რომ მასწავლებელში განვითარების პოტენციალს ვხედავდე.

ნინა ჩიკვაშვილი მოსწავლეებთან ერთად
ნინა ჩიკვაშვილი მოსწავლეებთან ერთად

- თქვენი მოსწავლეების წარმატებებიდან რომელს გაიხსენებთ?

- ჩვენი მოსწავლეები ადგილობრივ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში ყოველწლიურად აღწევენ წარმატებებს. მინდა ერთი სასიხარულო ამბავი გავიხსენო, როცა ჩვენმა მოსწავლეებმა ათასწლეულის გამოწვევის კონკურსში გაიმარჯვეს და ერთი კვირით, სრული დაფინანსებით NASA-ს სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ. ეს ის შემთხვევაა, როცა მოსწავლეებსაც და პედაგოგებსაც შრომა დაგვიფასდა.

- სამწუხაროდ, პედაგოგობა საქართველოში სასურველი პროფესიების სიაში არ არის. თქვენი აზრით, ანაზღაურების მომატების გარდა, რა უნდა შეიცვალოს, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს?

- ზოგადად ქვეყანაში არსებობს ისეთი წარმოდგენა, რომ მასწავლებელმა საკუთარი მოვალეობა უნდა მოიხადოს, მივიდეს გაკვეთილზე, ჩაატაროს და წავიდეს. მასწავლებლების შრომის დაფასებით, მათი აზრის გათვალისწინებით მათი მოტივაციის გაზრდასაც შევძლებთ. ჩვენთან ყოველი სემესტრის ბოლოს მასწავლებლებს მადლობის სიგელებს და სიმბოლურ საჩუქრებს გადავცემთ. აღვნიშნავთ ყველა მათ წარმატებას, ვაწყობთ შეხვედრებს, სადაც “პროგრესის” სამივე სკოლის მასწავლებელი თუ თანამშრომელი ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს და იდეებს აცნობს. მე ვფიქრობ, მასწავლებელი საქართველოში უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს და მათი ღვაწლის აღსანიშნავად მოეწყოს მეტი ისეთი სახის ღონისძიება, როგორიცაა ეროვნული ჯილდოს გადაცემა.

ნინა ჩიკვაშვილის დაჯილდოება
ნინა ჩიკვაშვილის დაჯილდოება

- როგორ ფიქრობთ, კერძო სკოლების პედაგოგების მიმართ როგორი დამოკიდებულებაა დღეს?

- მე, როგორც კერძო სკოლის ხელმძღვანელი, ვფიქრობ, რომ კერძო სკოლის მასწავლებლები სათანადოდ არ არიან დაფასებული და აღიარებული, არადა, მათ მიმართ გაცილებით მეტი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ხელმძღვანელობასა და სახელმწიფოსაც კი. ვფიქრობ, კერძო და საჯარო სკოლებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. ასეთი თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებელია, რომ საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელი ერთად იყოს ჩართული ისეთ მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში, როგორიცაა „ახალი სკოლის მოდელი“. ამით ჩვენ მასწავლებლებისთვის უფრო სრულფასოვან, ჯანსაღ, მოტივირებულ გარემოს მივიღებთ. ჩვენ ხომ საერთო საქმე გვაკავშირებს!..

- თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს პედაგოგის პოპულარობას მოსწავლეებში?

- ვფიქრობ, ამას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად უშუალო, მეგობრული და ამავე დროს მომთხოვნია მასწავლებელი. თუ დაკვირვებიხართ, ბევრი მასწავლებელი, რომელიც სწორხაზოვნად მიჰყვება გაკვეთილის გეგმას და სიმკაცრით გამოირჩევა, საყვარელი მასწავლებელი არ არის. ის, ვინც მოსწავლეებთან იმეგობრებს და თითოეულს ინდივიდუალურად მიუდგება ისე, რომ საკუთარ ავტორიტეტსაც არ დაკარგავს, ყველაზე პოპულარული მასწავლებელი იქნება...

 

185
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 22 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:00 21.10.2020)
მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

22 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

ამ დღეს სიტყვას განსაკუთრებული ძალა გააჩნია. არ შეიძლება მოტყუება, ფუჭი ლაპარაკი. დღის ძალა ადამიანს ქმედითი ენერგიითა და სასიცოცხლო აქტიურობით აჯილდოებს.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები.

ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების გამართვა, ახალი კავშირების დამყარება, სარეკლამო და სააგიტაციო კამპანიის წარმოება, გასაუბრება, სიტყვის ძალის გამოყენება ინვესტორების, პარტნიორებისა თუ სპონსორების დარწმუნებისთვის, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ხელქვეითებისთვის მადლობის გადახდა და წახალისება, ხელქვეითებისთვის კი ხელმძღვანელობისთვის თხოვნით მიმართვა, თითოეული სიტყვის აწონ–დაწონა, ბიზნესმენების მხრიდან შემოქმედებითი ადამიანების მხარდაჭერა, მათი სპონსორობა.

არარეკომენდებულია ვინმეს გადმობირების დროს ზედმეტი მცდელობა, ეჭვებისა და შიშების შესახებ საუბარი.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

0