საღებავად გამოყენებული ხილის წვენი, დახლზე შექმნილი ნახატები და ანა მანიანის ნაოჭები

© photo: Roland Khojanashviliხათუნა ფერაძე
ხათუნა ფერაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბედნიეროდ, მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენში თითქმის არ არსებობენ ჩვეულებრივი, ყოფას დამონებული დიასახლისები, უმრავლესობა ან ხელოვნების მოყვარულია, ან შემოქმედებითი უნარით გამორჩეული ადამიანი.

ჩვენი მასალის გმირიც ერთი მათგანია, პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, თუმცა სპეციალობით არასოდეს უმუშავია. ერთი პერიოდი, როდესაც მაღაზიაში მუშაობდა, იქ შესული კლიენტები გაოცებული ადევნებდნენ თვალს გამყიდველს, რომელიც მათ თვალწინ საოცარ ნახატებს ქმნიდა. როცა ხათუნა ფერაძის ნამუშევრებს უყურებ, ძნელია დაიჯერო, რომ ხატვა არასოდეს უსწავლია.

თავიდან ხატავდა ყველაფრით, რაც კი სამზარეულოში ყოფნის დროს ხელში მოხვდებოდა. დღეს დღის წესრიგში გამოფენის გამართვის საკითხი დგას და ამისთვის აქტიურად ემზადება.

© photo: courtesy of Khatuna Feradzeხათუნა ფერაძის შემოქმედება
საღებავად გამოყენებული ხილის წვენი, დახლზე შექმნილი ნახატები და ანა მანიანის ნაოჭები - Sputnik საქართველო
ხათუნა ფერაძის შემოქმედება

- ქალბატონო ხათუნა, როგორც ჩანს, თვითნაბადმა ნიჭმა „თავისი გაიტანა“ და მხოლოდ საოჯახო საქმეებს ვერ დასჯერდით...

- ხატვა გართობით და ხუმრობით დავიწყე. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, მაგრამ შრომატევადი იყო და, სიმართლე გითხრათ, მეზარებოდა კიდეც. ოჯახი 18 წლის ასაკში შევქმენი და ხატვა არც გამხსენებია. ეს ლამის 25 წელი გაგრძელდა. არასოდეს მიფიქრია, ოდესმე ხატვას სერიოზულად რომ მოვეკიდებოდი და ეს საქმე სიამოვნებას მომანიჭებდა.

© photo: courtesy of Khatuna Feradzeხათუნა ფერაძის შემოქმედება
საღებავად გამოყენებული ხილის წვენი, დახლზე შექმნილი ნახატები და ანა მანიანის ნაოჭები - Sputnik საქართველო
ხათუნა ფერაძის შემოქმედება

- ხატვა ხუმრობით დავიწყეო და თქვენი, როგორც მხატვრის, პირველი პატარა აღიარებაც სახალისო ამბავია...

- დიახ, ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთ ჩემს მეგობარს ხუმრობით ვუთხარი, ხატვას რა უნდა, შემიძლია ახლავე დაგხატო–მეთქი. როცა დავხატე, ნახატი მესინჯერით გადავუგზავნე. რაზეც კარგა ხანი რეაქცია არ ჰქონია. დავინტერესდი და კითხვა მივწერე – არ მოგეწონა–მეთქი? მიპასუხა, ჩემ ფოტოზე მეუბნებიო? გამეცინა და ვუთხარი, ეს ფოტო კი არა, ჩემი ნახატია–მეთქი. არაფრით არ დამიჯერა. იმ დროს ქალაქგარეთ იყო გასული, როცა ჩამოვიდა, სპეციალურად თავზე დამადგა, რომ ენახა როგორ ვხატავდი. რომ დარწმუნდა, გაგიჟდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გავბედე და ჩემი ნახატი სოციალურ ქსელებში დავდე.

© photo: courtesy of Khatuna Feradzeხათუნა ფერაძის შემოქმედება
საღებავად გამოყენებული ხილის წვენი, დახლზე შექმნილი ნახატები და ანა მანიანის ნაოჭები - Sputnik საქართველო
ხათუნა ფერაძის შემოქმედება

- ვიცი, რომ უცნაურ მასალებს იყენებდით სახატავად...

- იყო დრო, რომ დასახატად თვალის ჩრდილებიც გამომიყენებია. თუმცა ეს არ არის მყარი მასალა და დროს ვერ უძლებს. ფანქართან ერთად ზოგჯერ ხილის ან ბოსტნეულის წვენს ვიყენებდი, ან სამშენებლო მასალის რაღაც ნარჩენებსაც. მოკლედ, ყველაფერი მაქვს გამოყენებული. ახლობლები სულ მეკითხებოდნენ, რა მასალა გჭირდება სახატავად, გვითხარი და გიყიდითო. ისიც არ ვიცოდი რა მეთქვა, რა მჭირდებოდა. რაც მქონდა, იმას ვჯერდებოდი, მაგრამ ჩემთვის სასურველ შედეგს ყოველთვის ვაღწევდი და მიხაროდა. ახლა საღებავებითაც დავიწყე და ჯერ ცოტა უხერხულად ვარ, უბრალოდ ხელი მაქვს შესაჩვევი – უნდა ვივარჯიშო.

© photo: courtesy of Khatuna Feradzeხათუნა ფერაძის შემოქმედება
საღებავად გამოყენებული ხილის წვენი, დახლზე შექმნილი ნახატები და ანა მანიანის ნაოჭები - Sputnik საქართველო
ხათუნა ფერაძის შემოქმედება

- თურმე საკმაოდ პროზაულ ვითარებაშიც გიწევდათ ხატვა...

- აქტიური ხატვა მაღაზიაში მუშაობის დროს დავიწყე. ვხატავდი ჩვეულებრივ თაბახის ფურცლებზე, რომელიც უფროსმა მაჩუქა. ფიზიკურად ძალიან რთულია, რომ სახლში გვიან მოსულმა ხატვა დაიწყო და მერე დილით ისევ სამსახურში წახვიდე. ჩემმა უფროსმა როდესაც ნახა ჩემი ნამუშევრები, მითხრა, როცა დრო გექნება აქაც ხატეო. მან დიდი დამხარება გამიწია. მე შეიძლება ეს გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან დიდი ენერგიის ფასად დამიჯდებოდა. თუმცა, იქ ხატვაც არ იყო ადვილი. თან ყურსასმენები მეკეთა და მუსიკას ვუსმენდი. როცა კლიენტი შემოდიოდა, გაოცებული მიყურებდა. ძალიან მიყვარს შავ ფერში ხატვა, ეს დიდი სიამოვნებაა და უფრო რთულია, ვიდრე ფერების შერჩევა. გავიგე, რომ ეს გრაფიკა ყოფილა. თუმცა ფერების შეხამება და მოძებნაც არ არის ადვილი საქმე. ნელ-ნელა ისე ჩამითრია ამ ყველაფერმა, როგორც ალბათ ნარკოტიკი ითრევს ადამიანს. ხატვამ საკუთარი თავი მაპოვნინა. ახლა ერთი დღეც რომ ჩავაგდო, ან მინდა დავისვენო, მაშინაც კი ხელებს ვერ ვაჩერებ.

© photo: courtesy of Khatuna Feradzeხათუნა ფერაძის შემოქმედება
საღებავად გამოყენებული ხილის წვენი, დახლზე შექმნილი ნახატები და ანა მანიანის ნაოჭები - Sputnik საქართველო
ხათუნა ფერაძის შემოქმედება

- ძალიან გიყვართ მოხუცებისა და ბავშვების ხატვა, რომელი უფრო ადვილი დასახატია?

- რა თქმა უნდა, ბავშვების დახატვა უფრო ძნელია, ვიდრე ასაკოვანი ადამიანის. უნაოჭო სახე ძნელი დასახატია. თუმცა თითოეული ნაოჭის შესაქმნელადაც დიდი შრომაა საჭირო. ადამიანი ისე უნდა დახატო როგორც უყურებ, ანუ პორტრეტი ისე უნდა იხატებოდეს, როგორც ადრე  ხატავდნენ. მე ხშირად ვიღებ ფოტოებს და მერე დიდხანს ვაკვირდები.

© photo: courtesy of Khatuna Feradzeხათუნა ფერაძის შემოქმედება
საღებავად გამოყენებული ხილის წვენი, დახლზე შექმნილი ნახატები და ანა მანიანის ნაოჭები - Sputnik საქართველო
ხათუნა ფერაძის შემოქმედება

- თქვენ პორტრეტებს ყოველგვარი შელამაზების გარეშე და ნაოჭებით ხატავთ, რატომღაც ანა მანიანის სიტყვები მახსენდება – ნუ მიფარავთ ნაოჭებს, მე ისინი საკმაოდ ძვირი დამიჯდაო...

- ანა მანიანის ნებისმიერი ფოტო ან კინოკადრი რომ აიღოთ, ის ყოველგვარი შელამაზების გარეშეა გადაღებული, სწორედ იმ თავისი ნაოჭებითაა გენიალური მსახიობი. მარტო სახის ნაოჭს არ ვგულისხმობ, მის სულში გაჩენილ ნაოჭს, მის ბუნებას ვგულისხმობ, რასაც სახე გადმოსცემს...

© photo: courtesy of Khatuna Feradzeანა მანიანის პორტრეტი
საღებავად გამოყენებული ხილის წვენი, დახლზე შექმნილი ნახატები და ანა მანიანის ნაოჭები - Sputnik საქართველო
ანა მანიანის პორტრეტი

- არ გეშინიათ, ასაკოვანი, ლამაზი ქალბატონები გაანაწყენოთ?

- მე მქონდა ასეთი შემთხვევა – იმ ქალბატონის სახელს და გვარს არ ვიტყვი, საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. მე დავაშავე ის, რომ სანამ დავასრულებდი მის პორტრეტს, მანამდე გადავუგზავნე. მოგვიანებით იმ ამბავს ბევრი ბოდიში მოჰყვა. მუშაობის პროცესში თუ შეხედავთ საკუთარ პორტრეტს, მახინჯი მოგეჩვენებათ. თუ ვინმე გამინაწყენდება, ეს მისი პრობლემა იქნება, ომს არავისთან ვაპირებ. მე არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ვინმე, ცოცხალი ნატურა დავსვა და დავხატო. საკმაოდ რთულია. ზოგს ფოტოდან დახატვა უფრო უადვილდება. მე თითოეულ წერტილს ოცჯერ და მეტჯერ ვუბრუნდები ხოლმე, ეს ტიტანური შრომაა და მას ჭეშმარიტი დამფასებელი სჭირდება...

© photo: courtesy of Khatuna Feradzeხათუნა ფერაძის შემოქმედება
საღებავად გამოყენებული ხილის წვენი, დახლზე შექმნილი ნახატები და ანა მანიანის ნაოჭები - Sputnik საქართველო
ხათუნა ფერაძის შემოქმედება

- გამოფენაზე რატომ თქვით უარი?

- როცა გამოფენა შემომთავაზეს, უარი ვთქვი. ინტერნეტში ვუყურებ, რომ დღეს ბევრია ჩემზე უფრო ნიჭიერი ადამიანი და არ არის ადვილი, რომ ხალხი გააკვირვო. იმის ამბიცია გამიჩნდა, რომ თუ რამეს ვაკეთებ, მინდა სათანადო დონეზე და სხვებისგან განსხვავებული იყოს. დღეს, ცოტა არ იყოს, გაუფასურდა გამოფენები, რადგან თუ ფული გაქვს, ყველაფერს გააკეთებ. არადა, ხელოვნება მაღალ რანგს მოითხოვს, იმდენად ღრმა და უნიკალური რამაა, რომ, ასე მგონია, ღმერთია! უბრალოდ მიმართულებებს აძლევს ადამიანს, ისეთ რამეს აკეთებინებს, რომ ზოგჯერ ეჭვი გეპარება, ეს მართლა შენ შექმენი თუ რაღაც ძალამ დაგახატინა... 

 

ყველა ახალი ამბავი
0