სცენაზე

„ვარსკვლავური ომების“ მონაწილე ქართველი ტყუპების ვარსკვლავური გზა და ბენდი Healer Twins

576
(განახლებულია 18:33 04.09.2019)
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ გაეცნობით ამბავს, რომელიც იმდენად დაუჯერებელია, რომ ტყუპ დაზე დაწერილ ზღაპარს უფრო ჰგავს.

ვინც დები შენგელაიების ისტორია არ იცის, ასეთ შესავალს ჟურნალისტურ სატყუარად ჩათვლის, მაგრამ როცა ამ მასალას გაეცნობით, დარწმუნდებით, რომ აქ გადაჭარბებული არაფერია. მათ შეძლეს და უცხო ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში გამოავლინეს საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა, მხოლოდ ამის შემდეგ გაიცნეს ისინი საქართველოშიც...           

მანამდე იყო საერთო ბავშვობა და საერთო თავბრუდამხვევი წარმატება. ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო: ტყუპი ლამაზი გოგონები მეზობლებისა და ნათესავებისთვის კონცერტებს მართავდნენ. შემდეგ ორივემ ერთდროულად აირჩია ექიმის პროფესია და საქართველოში ინგლისურენოვანი სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა.

სწავლის შემდეგ გოგონებმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩააკითხეს მშობლებს, რომლებიც იქ 27 წელი მუშაობდნენ. დუბაიში ყველაფერი შეიცვალა: მათ სიმღერების წერა დაიწყეს და შექმნეს მუსიკალური ბენდი „მკურნალი დები“ (Healer Twins), რომელმაც უცხოეთში პოპულარობა მოიპოვა. 

ლიანა შენგელაია
ლიანა შენგელაია

შემდეგ კინოაღიარებაც მოვიდა – ნიჭიერი ქართველი დები არაბმა რეჟისორებმა შეამჩნიეს. ისინი უკვე არაერთ მოკლემეტრაჟიან ფილმში არიან გადაღებული. ყველაზე მთავარი მას შემდეგ მოხდა, როცა დებმა ადგილობრივი რეჟისორის ალი მუსტაფას სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის გაიარეს კასტინგი. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფილმისთვის „ვარსკვლავური ომები“ 1000 კაციდან სწორედ ქართველი ტყუპი დები შენგელაიები შეარჩიეს. ფილმში ისინი უცხოპლანეტელი ტყუპი დის როლებს ასრულებენ. ასე დაიწყო გზა „ვარსკვლავური წარმატებისკენ“. მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა და საერთო წარმატებისა, ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, დღეს მათ საკუთარი გზა, ოჯახი და სამომავლო გეგმა აქვთ... დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ლიანა შენგელაიას გაგაცნობთ, რის შემდეგაც მეორე დასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

ლიანა შენგელაია
ლიანა შენგელაია

– ლიანა, მგონი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, ლამაზი და, რაც მთავარია, იღბლიანი ტყუპი ხართ, მაგრამ ორივეს საკუთარი ინდივიდუალობა გაქვთ...

– მადლობა ასეთი შეფასებისთვის. იღბლიანობა ისეთი რამეა, რაც შეიძლება თავად შექმნა შენი საქმიანობით, პოზიტიურობითა და რწმენით – რასაც ჩაიფიქრებ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. მე ყოველთვის ვიბრძოდი იმისთვის, რომ გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს წარმატებას მომიტანდა. ყოველთვის დამოუკიდებელი მოაზროვნე ვიყავი და არავის ზეგავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ. საკუთარ ინდივიდუალობას არ ვკარგავ და ალბათ ამითაც ვარ იღბლიანი...

ლიანა შენგელაია
ლიანა შენგელაია

– „ვარსკვლავური ომების“ შემდეგ ვარსკვლავური დების სტატუსი მოგემატათ...

– ეს ისტორიული ფილმია, სადაც ტყუპების თემა ძალიან აქტუალურია და მაყურებელს ყოველთვის ემახსოვრება ამ ფილმის თუნდაც ეპიზოდური როლები. ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, როცა რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი (Jeffrey Jacob Abrams) ჩვენ მოგვიახლოვდა, ხელი ჩამოგვართვა, დაგვაკვირდა და საკუთარი თავი გაგვაცნო როგორც ჯეი ჯეი. მისი ასისტენტი, რეჟისორი ტომ გორმლი (Tom Gormley) სულ კომპლიმენტებს გვეუბნებოდა. ოთხი დღის განმავლობაში ძალიან დიდი შრომა გავწიეთ. დაუვიწყარი იყო „ვარსკვლავური ომებისთვის“ ჩატარებული 3D ფოტოსესია. ფოტოები National Geographic-ის ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო და „დისნეი ლენდმა“ ინტერვიუ ჩამოგვართვა. ოღონდ არ უთქვამთ ჩვენთვის სად შეიძლებოდა ამ კადრების ნახვა – არ შეიძლებაო. მთელ გუნდთან მუშაობის დროს დაუვიწყარი გარემო იყო შექმნილი. ერთ-ერთ მთავარ როლში იყო მსახიობი დეიზი რიდლი (Daisy Jazz Isobel Ridley), რომელიც კადრში ჩვენთან ერთად ჩანს.

დები შენგელაიები ფილმში ვარსკვლავური ომები
დები შენგელაიები ფილმში "ვარსკვლავური ომები"

– რაზე მღერის თქვენი ლამაზი ტანდემი, რა არის თქვენი სიმღერების მესიჯი?

– ჩვენი მთავარი მესიჯია ის, რომ ადამიანმა სიყვარულით უნდა იცხოვროს, რაც ყოველთვის სიკეთეს მოიტანს. ჩვენ მალე ვუშვებთ საავტორო სიმღერას კლიპთან ერთად, რომელიც ორი წლის წინ დავწერე. ეს იქნება სხვა თემა, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია.

ქორწილის დღე
ქორწილის დღე

– პირველმა თქვენ შექმენით ოჯახი, ვინ არის თქვენი რჩეული?

– ჩემი მეუღლე წარმოშობით ლიბანელია, საამიროებში დაიბადა, პროფესიით ინჟინერია. ის ჩემი ბავშვობის მეგობარმა, ლიბანელმა დაქალმა გამაცნო. 2011 წელს ჩემი მომავალი მეუღლე ჩემ თეატრალურ გამოსვლას Breakfast at Tiffany’s დაესწრო. მერე ერთმანეთს დავუახლოვდით და აღმოვაჩინეთ, რომ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ორივე ჩოგბურთს ვთამაშობთ. სპორტის ეს სახეობა ბავშვობიდან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობდი, რომ მისთვის დრო გამომენახა. გასული წლის დეკემბერში შეგვეძინა პატარა გოგონა, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში.

ლიანა შენგელაია ოჯახთან და ქეთი მელუასთან ერთად
ლიანა შენგელაია ოჯახთან და ქეთი მელუასთან ერთად

– თეამ საქართველოში დაბრუნება არჩია, თქვენ ინგლისიდან ავსტრალიაში გადასვლას აპირებთ, მომავალში კიდევ რა შთამბეჭდავ შტრიხს შემატებთ თქვენს არაორდინალურ ბექგრაუნდს?

– ახლახან აბუ-დაბის სრულმეტრაჟიან ფილმში მთავარი როლი შემომთავაზეს. ამერიკელი მეცნიერი და მუსიკოსი გოგო უნდა განვასახიერო. რაც კიდევ უფრო მახარებს, ამ ფილმში ჩვენი მუსიკა გაჟღერდება.

მომავალში ავსტრალიაში ცხოვრებას ვაპირებ. მუსიკალურ მოღვაწეობას გავაგრძელებ და პარალელურად გლობალური ჯანდაცვის სფეროში ჩემი პროფესიით ვიმუშავებ. ასევე დიდი სურვილი მაქვს, რომ საკუთარი კომპანია შევქმნა. საბოლოოდ აუცილებლად ვაპირებ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოს და ხალხს დავუბრუნდე...

 

576
თემები:
ქართველები უცხოეთში (78)
ვეფხია სამსონიძე

სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ შემთხვევით მოძიებული უნიკალური კადრების ახალი სიცოცხლე

66
(განახლებულია 19:16 13.08.2020)
ჩვენს პრაგმატულ ეპოქაში, სადაც ენთუზიაზმი უკვე გაცვეთილი სიტყვა გახდა, როცა თავის საქმეზე გულწრფელად შეყვარებულ, პატრიოტ ადამიანს გადაეყრები, სურვილი გიჩნდება, რომ ის ყველას გააცნო, ხოლო ვინც იცნობს, მათ კიდევ ერთხელ შეახსენო მისი საქმიანობა.

საუბარია ტყიბულელ ჟურნალისტზე, ოპერატორსა და პოეტზე ვეფხია სამსონიძეზე. თავიდან ადგილობრივ გაზეთებში თანამშრომლობდა შტატგარეშე კორესპონდენტად. გაზეთში „ხვალინდელი დღე“ მისი 500-მდე სტატია გამოქვეყნდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ტყიბულის ადგილობრივ ტელევიზიაში. 1997 წლიდან ტელეკომპანია „ოკრიბას“ ჟურნალისტი და ოპერატორი იყო. 1997 წელს გაიარა „ინტერნიუსის“ სემინარები და გადაწყვიტა, რომ თბილისში ყველაფერი ნულიდან დაეწყო.

მოგვიანებით პოეზიისადმი ბავშვობისდროინდელმა სიყვარულმა იჩინა თავი. 2017 წელს დაიბეჭდა მისი ლექსების კრებული „გამოიდარებს სიყვარულისთვის“.

ამჟამად მისი ინიციატივით სოციალური ქსელისა და YouTube-ის მომხმარებლებისთვის დაარსდა სატელევიზიო სტუდია „ტვ მემკვიდრეობა“. ბატონი ვეფხია იშვიათ საარქივო მასალებს ეძებს, პოულობს, ციფრულ ფორმატში გადაჰყავს და შემდეგ ინტერნეტში მაყურებელს უჩვენებს. ამ ძიებაში იშვიათ ვიდეოჩანაწერებსაც მიაგნო...

ბოლო დროს მის ჟურნალისტურ ბიოგრაფიაში სიახლეა: სულ რაღაც ათი დღის წინ აღდგა და ეთერში გავიდა 2012 წელს მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის ინიციატივით შექმნილი „ქართული ტვ“. ამჯერად ახალი სახეებით, საავტორო გადაცემებითა და, რაც მთავარია, ისევ ქართული სულისკვეთებით. ბატონი ვეფხია, ხელმძღვანელობის მხარდაჭერითა და თანადგომით, ამ ტელევიზიის პროფესიონალთა რიგებში მიიღეს.

ვეფხია სამსონიძე
ვეფხია სამსონიძე

- ბატონო ვეფხია, საუბარი დავიწყოთ თქვენ მიერ შექმნილი სტუდიით, რას ემსახურება ის?

- თავიდანვე გეტყვით, რომ ფაქტობრივად ნულიდან ვიწყებ იმ საქმის კეთებას, რაც აქამდე მიკეთებია. ჩემს მშობლიურ ტყიბულში, საკაბელო ტელევიზიაში ბოლომდე არ მომცეს მუშაობის საშუალება, ამიტომ ამ დრომდე დამოუკიდებლად ვაკეთებდი ყველაფერს. ნულიდან და მწირი ტექნიკით დავიწყე მუშაობა ჩემს ტყიბულელ მეგობართან მზეჭაბუკ არსენიძესთან ერთად, რომელიც ტყიბულის საქალაქო კულტურის ცენტრში მუშაობს. მას მრავალი წელია ვიცნობ. ის ამ ქალაქისთვის ძალზე მნიშვნელოვანი საარქივო მასალების მოპოვებაში დამეხმარა, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. ბევრი სირთულის გამო უკან დახევა არ მიფიქრია, რადგან ჩემთვის მთავარია ის, რასაც ვაკეთებ. კარიერისკენ სწრაფვა არასოდეს მახასიათებდა და ყოველთვის ვცდილობდი, რომ საყვარელი საქმე მშვიდად მეკეთებინა, ახლაც ასეა.

ვეფხია სამსონიძე
ვეფხია სამსონიძე

- საარქივო მასალებს როგორ მოიპოვებთ?

- საარქივო მასალების მოძიება ტყიბულიდან დავიწყე. ნელ-ნელა ამ საქმიანობის მასშტაბებს გავზრდი. ძველ მასალებს ვეძებ ყველგან და ყველასთან. საკაბელო ტელევიზიის არქივში უნიკალური კადრები შემთხვევით აღმოვაჩინე და დღემდე გაოგნებული ვარ – როგორ გადაურჩა ისინი წაშლას. ამ მასალების გამომზეურებისთვის გადავწყვიტე, რომ YouTube-ზე სატელევიზიო არხი „მემკვიდრეობა“ გამეხსნა. ამჟამად სტუდია ყოველდღე ჩემს განკარგულებაშია.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ის საინტერესო საარქივო მასალები, რაც მოიძიეთ?

- მინდა გავიხსენო უნიკალური ჩანაწერი, რომელიც ჩემთან ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხვდა. ეს გახლდათ 1995 წელს ვახტანგ ბოჭორიშვილთან ჩაწერილი, სასწაულით გადარჩენილი უნიკალური ვიდეო, რომლის მფლობელს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა იყო მის სახლში. ჩემი ინიციატივით გაცოცხლდა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის არქივიდან 1996-1997 წლებში ჩაწერილი მეგობრული შეხვედრების ფრაგმენტები, რაც ამდენი წლის მერე არავის ჰქონდა ნანახი. ერთ-ერთ მეგობრულ შეხვედრაზე განუმეორებელი მედეა ძიძიგური მღერის. ახლა მის შვილს მინდა მივაწოდო ეს კადრები, რადგან, ვიცი, ძალიან გაუხარდება. სხვა ფრაგმენტებში გიგა ლორთქიფანიძე მღერის და ჯანსუღ ჩარკვიანი თამადობს. ეს ფრაგმენტი თაკო ჩარკვიანს მივაწოდე, რითიც გაკვირვებული და გახარებული დარჩა. შემთხვევით ჩამივარდა ხელში ფრანგული დოკუმენტური ფილმის კადრები, რომელიც კასეტებზეა და 1993 წელს საფრანგეთში გამოიცა. ყოველი ასეთი აღმოჩენა ჯერ მაოგნებს და შემდეგ ბედნიერებას მანიჭებს. ასე რომ, ძიება ყოველთვის ღირს. ზოგს, შესაძლოა, შეშლილი ვეგონო აკვიატებული აზრებით, მაგრამ მე ვიცი რასაც ვაკეთებ და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი აღმოჩენებიც მექნება.

ირმა სოხაძესთან ერთად
ირმა სოხაძესთან ერთად

- ფაქტობრივად ძველ ჩანაწერებს ახალ სიცოცხლეს აძლევთ...

- ასე გამოდის, რადგან მოძიებული საინტერესო მასალები, რომლებიც ვიდეოკასეტებზეა, ციფრულ ფორმატზე გადაგვყავს და ამ გზით ამ ჩანაწერების გადარჩენა-განახლება ხდება. ადრე კასეტები ძვირადღირებული სიამოვნება იყო. ჩემ მიერ გადაღებული სპექტაკლი შავგულიძის თეატრში თავის დროზე ყველას გადავუწერე. ახლა, 22 წლის შემდეგ მე უნდა გამოვართვა ის რეჟისორს, რადგან მანამდე კასეტის შეძენა ვერ მოვახერხე. ბედის ირონიაა, რომ საკაბელოს არქივიც ჩემთან მოხვდა ორი ათეული წლის შემდეგ.

გოჩა ჭაბუკაიძესთან ერთად
გოჩა ჭაბუკაიძესთან ერთად

- სატელევიზიო სივრცეში გასული თქვენი საინტერესო გადაცემები გაიხსენეთ...

- დიდ ტელევიზიებსა და გაზეთებში არასოდეს მიმუშავია და სურვილიც არ მქონდა. ვიყავი ტელეკომპანია „ოკრიბას“ ჟურნალისტი და ოპერატორი. ძალიან საინტერესო იყო მუშაობა გადაცემათა ციკლზე „მონატრება“. მე ამ გადაცემის ოპერატორი ვიყავი, წამყვანი დავით ბეჟიტაშვილი იყო. უნიკალური გადაცემები მოვამზადეთ – ლეილა აბაშიძეზე, გივი ბერიკაშვილზე, თენგიზ არჩვაძეზე, დოდო ჭიჭინაძეზე, თემურ წიკლაურზე და სხვ. სხვათა შორის, ეს გადაცემები სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე და მათ დიდი რეზონანსი მოჰყვა.

- სულ ახლახან „ქართული TV“-ს კოლექტივს შეუერთდით...

- დიახ, ამჟამად „ქართული TV“-ს ოპერატორი და მემონტაჟე ვარ. ეს არხი სატელიტზე სილქნეთის სისტემაში და ინტერნეტ-სივრცეში 3 აგვისტოდან გადის ეთერში. ამჟამად პროგრამებზე ვმუშაობთ, რომ დავალაგოთ ბადე ეთერში გასაშვებად. ვცდილობ გავექცე ქუჩის ინტერვიუებს, სატელევიზიო საუბრებზეც უარი ვთქვი.

ვეფხია სამსონიძე
ვეფხია სამსონიძე

- ჟურნალისტობის სურვილი ბავშვობიდან გაგიჩნდათ?

– ჟურნალისტობის სურვილი მეათე კლასში გამიჩნდა. ბავშვობა და სკოლის წლები, რომელიც ტყიბულში გავატარე, ბედნიერი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში. წერა მერვე კლასიდან მიყვარდა და ჩემი პირველი ჩანახატი „ტაძარი“ ჟურნალ „პიონერში“ 1983 წლის დეკემბერში დაიბეჭდა. ჟურნალის რედაქტორი ბაბულია შელია გახლდათ. ეს იყო ჩემი პირველი ჟურნალისტური ნათლობა. არ მინდა გამომრჩეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ტყიბულის მეოთხე საშუალო სკოლაში, ქალბატონი ეთერ მორჩაძე, ქალაქისთვის უძვირფასესი ადამიანი და ჩემი უპირველესი გულშემატკივარი. გაზეთში „ხვალინდელი დღე“ ცნობილ პიროვნებებზე და მოვლენებზე 500-მდე სტატია მაქვს დაბეჭდილი. ისეთ მასალებს ვეძებდი, რაც არსად იყო და ძიების პროცესი ინტერესს იწვევდა ჩემში.

ვეფხია სამსონიძე
ვეფხია სამსონიძე

- გამოცემული გაქვთ ლექსების კრებული, მანამდე კი სოციალურ ქსელში ათავსებდით ლექსებს...

– ჩემი ლექსები ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, რადგან ხალხის აზრი მაინტერესებდა. მათ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ არც ველოდი. ერთ-ერთმა პიროვნებამ, ბატონმა გელა ჩადუნელმა, რომელიც აუდიტორული ფირმა FMG-ს გენერალური დირექტორი გახლდათ, სურვილი გამოთქვა ჩემი ლექსების კრებული დაეფინანსებინა. ამ კრებულის სახით ჩემი 50 წლის იუბილეზე მშვენიერი საჩუქარი მივიღე. ამისთვის მისი დღემდე მადლიერი ვარ.

- კრებულს დაარქვით „გამოიდარებს სიყვარულისთვის“ და როდის დგება ასეთი დარი ადამიანის ცხოვრებაში?

- სიყვარულისთვის გამოდარება მაშინვე იწყება, როცა ადამიანი სიკეთეზე და სხვების თანადგომაზე ფიქრს და ზრუნვას იწყებს. სიკვდილს ორჯერ ისე გადავურჩი, რომ თმის ერთი ღერიც არ შემრხევია. როცა ეს გავაცნობიერე, მივხვდი, რომ ეს გადარჩენა უფლის საჩუქარი იყო. ლექსი მაქვს დაწერილი „უფლისადმი სამადლობელი“, რომელიც  ჩემს უმთავრეს სათქმელს გადმოსცემს:

მადლობა ღმერთო, სიცოცხლის რომ კვლავ მაქვს უფლება,

შემინარჩუნე აზროვნების თავისუფლება,

ძვირფას საფლავთან რომ მაღირსე სანთლის დანთება,

სულის ზეიმად ზეციერში, ლოცვად დარჩება.

დიდება ღმერთო, გულში რწმენა შემინარჩუნე,

განწირულს მრუდე გზა სავალი აღარ მარგუნე,

სიყვარულისთვის მონა ღვთისა მე ვარ შობილი,

ქარიშხლებისგან შვილი შენი გამოწრთობილი.

მადლობა ღმერთო, ვერ დაბინდდეს ჩემი გონება,

სულის სიმდიდრე ვერასოდეს აიწონება,

დიდება ღმერთო, სტრიქონებად ვანთე ხანძარი,

სიყვარულისთვის ავაშენო მინდა ტაძარი.

მადლი ზეციდან ჩემს განსაცდელს აეფარება,

სიცოცხლე უნდა დაგიტოვო აელვარებად.

შენს სადიდებლად, დარჩება და მადლიერებად,

სულის სიმტკიცედ, სათნოებად და ძლიერებად,

მადლობა ღმერთო! დიდება ღმერთო!

ცხოვრებაში ურთულესი პერიოდების მიუხედავად, ვეცადე ადამიანური სახე არ დამეკარგა და ღმერთის თანადგომით თუ ეს მოვახერხე, ბედნიერი ვარ...

 

66
ელენე კილაძე

ქართველი თინეიჯერი გერმანიის პრესტიჟულ კოლეჯში და მისეული „მზის სინოპტიკა“

1043
(განახლებულია 16:44 12.08.2020)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს გაგაცნობთ 18 წლის ბათუმელ ელენე კილაძეს, რომელიც გერმანიაში სწავლობს.

ელენე ქალაქ ფრაიბურგის UWC Robert Bosch College-ში IB-diploma-ს ორწლიან კურსს გადის. UWC კოლეჯების ქსელია, სადაც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელი სწავლობს. კოლეჯს გააჩნია გლობალური მისია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში განათლების, მშვიდობისა და სტაბილური განვითარების პრინციპები გაავრცელოს. ამ კოლეჯში მოსახვედრად ელენემ საქართველოში სამეტაპიანი მკაცრი შესარჩევი ტური გაიარა.

გერმანიამდე მან ბათუმში საკუთარი ლექსების პირველი კრებულის გამოცემაც მოასწრო.

ელენე კილაძე
ელენე კილაძე

- ელენე, როგორია შენი დამოკიდებულება ქალაქთან, სადაც დაიბადე და გერმანიამდე ცხოვრობდი?

- ბათუმის მიმართ განსაკუთრებულად ფაქიზი გრძნობები მაქვს, მას უკავშირდება ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები. აქვე გავიცანი ადამიანები, რომელებიც ყველაზე მეტად მიყვარს. თუ ადრე ბათუმი ბავშვურ სილაღეს მახსენებდა, ახლა ჩემს წვიმიან ქალაქზე ხშირად ნოსტალგიურად ვფიქრობ. ეს ქალაქი ჩემი ბავშვობის სიმბოლოა. გავიზარდე ძალიან თბილ გარემოში, ახლო თუ შორეული ნათესავ-ახლობლები ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით დროის ერთად გატარებას. ვსწავლობდი სკოლა-ლიცეუმში „მასტერ-კლასი“. ვფიქრობ, ამ სკოლამ საკმაოდ კარგი ცოდნა მომცა და ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ელენე კილაძე
ელენე კილაძე

- გერმანიამდე კრებულის გამოცემა მოასწარი...

- ლექსებს 7-8 წლიდან ვწერ. გერმანიამდე ჩემი ლექსები მივიტანე აჭარის მწერალთა სახლში, სადაც ისინი ქალბატონ გურანდა ნიჟარაძეს გავუზიარე. მან ქალბატონ თამარ ნიკურაძესთან ერთად საკუთარი გამომცემლობა „ტრიკვეტრა" დააარსა. ჩემი კრებული სწორედ ამ გამომცემლობის გრიფით დაბეჭდილი წიგნია. არც ისე დიდი ხნის წინ ჩემი ლექსების კრებულის „თეთრი ღამის სიზმრები“ პრეზენტაცია მქონდა.

- რაზე ოცნებობდი მაშინ და ის, რასაც ახლა მიაღწიე, თუ იყო შენი ოცნების ნაწილი?

- ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა ყველაფერი, რასაც აზრად გავივლებდი. არ არსებობდა ჩემთვის თავდაუჯერებლობის, სიზარმაცის, სირთულეების შიშის შეგრძნება. ამიტომ ვოცნებობდი კი არა, უფრო სურვილებს მივდევდი და ცდას არაფერს ვაკლებდი. ამას სამომავლო გეგმა უფრო ეთქმის, ვიდრე ოცნება. ჩემი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაც იყო, მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი განათლების მიღებისა და კარიერის მარტივად დაწყების მოტივით.

ელენე კილაძე
ელენე კილაძე

- და არჩევანი გერმანიაზე შეაჩერე...

- გერმანიაზე არჩევანი ჩემი სურვილით არ შემიჩერებია. ქართული კომიტეტისთვის ხუთი ადგილი იყო გამოყოფილი გერმანიის, სინგაპურისა და სომხეთის კოლეჯებში. მე წილად მხვდა გერმანია. თუმცა, ენის ცოდნისა და ადგილმდებარეობის გამო ეს კოლეჯი ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული იყო.

- უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვე, რას წარმოადგენს ეს კოლეჯი?

- UWC - კოლეჯების ქსელია, რომელსაც გააჩნია ისეთი გლობალური მისია, როგორიცაა განათლების, მშვიდობისა და სტაბილური განვითარების გავრცელება მსოფლიოში. ამ კოლეჯში 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი სწავლობს. აქ მოსახვედრად სამეტაპიანი შესარჩევი ტური გავიარე. კომიტეტის წევრებმა ერთხმად ჩათვალეს, რომ მე შესაფერისი კანდიდატი ვარ საქართველოს წარმოსაჩენად და ჩემს ქვეყანაში UWC–გამოცდილების ჩამოსატანად.

ელენე კილაძე
ელენე კილაძე

- გაიხსენე კოლეჯში მოსახვედრად გავლილი სამეტაპიანი ტური, რით დაიმსახურე კომიტეტის წევრების ყურადღება?

- კოლეჯში მოსახვედრად შესარჩევ ეტაპებზე ჩემი ინგლისურის ცოდნა, აკადემიური მოსწრება, კლასგარეშე დამსახურება და საზოგადოებრივი ჩართულობა შეფასდა. გასაუბრების დროს მათ ასევე დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ჩემი ფსიქოლოგიური მზადყოფნა, პრობლემების გადაჭრის უნარები და ინტელექტუალური მხარე მოიწონეს.  

- როგორი იყო გერმანიაში ჩასვლის პირველი შთაბეჭდილება?

- გერმანიაში ჩასვლა ჩემთვის თითქოს ცხოვრების წიგნის ახალი თავი იყო. ცოტა არ იყოს, გამიჭირდა ქალაქიდან ბუნების წიაღში, ცენტრიდან 10-15 წუთის სავალზე საცხოვრებლად გადასვლა, სადაც ტყითა და ცხოველებით ხარ გარშემორტყმული. თუმცა მომეწონა შენობები, სიახლოვე საოცარ ქალაქებთან (ბაზელი, ფრანკფურტი, სტრასბურგი). ცოტა დამაფრთხო იმ გამოწვევამ, რომ 100-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად უნდა მეცხოვრა და საერთო ენა მეპოვა განსხვავებული წეს-ჩვეულებების, კულტურისა და ცხოვრების წესის მქონე ადამიანებთან.  

უცხოელ მეგობრებთან ერთად
უცხოელ მეგობრებთან ერთად

- როგორი ურთიერთობა გაქვს გერმანელ თანატოლებთან?

- კოლეჯში ცხოვრება საინტერესოა. აქ ადამიანებს შორის ჯანსაღი ურთიერთობაა. მათ აქვთ საოცარი პასუხისმგებლობისა და ინიციატივის გრძნობა, რაც საქართველოში თანატოლებისგან არ მიგრძვნია. აქ არავის სჭირდება კონტროლი, დაძალება, შენიშვნის აგრესიულად მიცემა. მოსწავლემ იცის თავისი პრიორიტეტები, ღირებულებები და თავდაუზოგავად მუშაობს ამ ყველაფერთან შეთანხმებულად.

- გერმანიაში რისი კეთება მოგიწია, რაც საქართველოში არც გიცდია?

- ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კერძების კეთებაში სრულიად გამოუცდელმა, გერმანიაში პირველად ცხოვრებაში მოვამზადე: ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, პასკა, ბაჟე, მჭადები. ამით ვამაყობ, რადგან ქართული სამზარეულოთი ძალიან ბევრი ადამიანი დავაინტერესე.

ელენე კილაძე
ელენე კილაძე

- შესაბამისად, საქართველოს მიმართ ინტერესიც გაუჩნდებოდათ...

- დიახ, ბევრი საქართველოში სტუმრობაზე დავიყოლიე. მინდა ვთქვა, რომ ამ კოლეჯში სწორედ ჩემი ქვეყნის კულტურის გაცნობა მომიწია იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაც არ იცოდა.

- მცირე ლირიკული გადახვევა - ანუ შენი ერთი ლექსი გავაცნოთ ჩვენს მკითხველს...

- მაშინ იყოს ლექსი სახელად „მზის სინოპტიკა“, რომელიც შესულია ჩემს კრებულში „თეთრი ღამის სიზმრები“:

ტემპერატურამ განიცადა მეტამორფოზა,

მზეს ჰელიოსმა სიკაშკაშე დაუპროგნოზა,

მე კი არ მინდა, ეს ზაფხული გამოდგეს მწველი -

დახარშულ ასფალტს შეაგრილებს ტალღები სველი.

უკვე ზაფხულმა საბოლოოდ შეაღო კარი

ზღვისფერ კალენდარს აშრიალებს ივნისის ქარი.

ახლა სხეული უფრო მეტად არის გახდილი

უშუალო, ღია, შესაცნობი, ფარდაახდილი.

ზაფხულის სიომ აამღერა გრძნობები მუნჯი,

რადგან იდუმალს არ გაამხელს მზისფერი რუჯი.

ელენე კილაძე
ელენე კილაძე

- როგორია შენი ოცნება?

- სამომავლოდ ძალიან მინდა წარმატებით მოვხვდე საოცნებო უნივერსიტეტებში და მივაღწიო იმდენს, რომ საკუთარი თავის გარდა სხვასაც გამოვადგე. ჩემს გეგმაში იქნებოდა ლიტერატურული კარიერის გაგრძელებაც, მინდა თავი პროზაშიც ვცადო.

- წარმოიდგინე, რომ საქართველოს წარმოსაჩენად გაქვს ერთი წუთი, რას ეტყოდი აუდიტორიას, სადაც ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი სმენიათ?

- თუ რამდენიმე სიტყვით უნდა წარმოვაჩინო, ასე ვიტყოდი: ჩვენ ვართ მთებითა და ზღვით გარშემორტყმული პატარა ერი, რომელიც ყველა ცივილიზაციისგან მოშორებით დამოუკიდებლად განვითარდა და რომელმაც უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებები შეიძინა. ასევე ხაზს გავუსვამდი ქართულ ანბანს, ცეკვასა და გმირულ სულისკვეთებას.

 

1043
თემები:
ქართველები უცხოეთში (78)
მთვარე

მთვარის კალენდარი: 14 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 12:39 13.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

14 აგვისტო, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

სწრაფი და ენერგიული საქმეების დროა. მომატებულია იმპულსურობა, ამიტომ ეცადეთ, თავი აარიდოთ ისეთ საქმეებს, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სწრაფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ინტუიციის ნდობა დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, მარტივი საკითხების გადაჭრა, მიმდინარე საქმეების განხილვა, სავაჭრო ოპერაციების ჩატარება, პასიურობა და საკუთარ თავში ჩაღრმავება, ნეიტრალიტეტის დაცვა კოლეგებთან მიმართებით.

არარეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა, დღის პირველ ნახევარში გუნდთან ერთად საქმიანობა, რთული მოლაპარაკებები, შეთანხმებების დადება, კონტრაქტებზე ხელმოწერა, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. არახელსაყრელი დღეა ბალახეული კულტურების დარგვა–გადარგვისთვის. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0