დათო შარვაძიძე შვილთან - გიორგი შარვაშიძესთან ერთად კაბინეტში

დათო შარვაშიძე კარდიოლოგი, პოეტი, მხატვარი და მოქანდაკე: „ქვეყნად ყველაზე დიდი წამალია...“

1407
(განახლებულია 20:44 29.08.2019)
მას ადამიანის ყველაზე სათუთ ორგანოზე ზრუნვა ევალება. მინდა გაგაცნოთ ექიმი-კარდიოლოგი, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალისტია და ამავე დროს რომანტიკული ნატურაცაა...

წერს ლექსებს, მოთხრობებს, გამოცემული აქვს წიგნი, ხატავს და აქანდაკებს. საუბარია ქუთაისის კლინიკა „I.J”-ს პროფესიონალ ექიმ-კარდიოლოგ დათო შარვაშიძეზე, რომელზეც ამბობენ, სიტყვითაც მოგარჩენსო…

დათო შარვაშიძე
დათო შარვაშიძე

- ბატონო დავით, საუბარი თქვენი ძირითადი პროფესიით დავიწყოთ...

- ექიმობა ჩემი პროფესიაა, რომლითაც უკვე წლებია ვსუნთქავ და ვცხოვრობ. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გეტყვით – თავიდან რომ ვიწყებდე, იმავე პროფესიას ავირჩევდი. ექიმობა ჩემ ხასიათს ყველაზე მეტად ერგება. ამ სფეროში ფეხის ადგმას და პროფესიულად გაზრდას ბევრი შრომა, დრო და ენთუზიაზმი შევალიე...

- რაც შეეხება თქვენ სერიოზულ გატაცებებს: ხართ პოეტი, მხატვარი, მოქანდაკე, რომელი რა დროს აქტიურობს თქვენში და საამისო სტიმული რა ხდება?

- საკუთარ თავს პოეტს, მხატვარს და მოქანდაკეს არასოდეს ვუწოდებ, უბრალოდ, ხანდახან მეწერება, მეხატება და მეძერწება... თუმცა პროფესიული დატვირთვის გამო ხშირად ამასაც ვერ ვახერხებ, ანუ პროფესია ამ დანარჩენებს დროს ზედმეტად უზღუდავს. შემოქმედებითი სტიმული შეიძლება ბევრმა მიზეზმა წარმოშვას. თუნდაც პატარა გუბე რომ ნახო, თითქოს არაფერია, მაგრამ თუ დააკვირდები, შიგ ჩახატულ ცას, ღრუბელს, ხის ტოტს დაინახავ და შეიძლება ხატვის მძაფრი სურვილი გაგიჩნდეს. ძალიან ძლიერია ადამიანებთან ურთიერთობების შედეგად მიღებული შთაბეჭდილება და განცდა, ასევე ხელოვნების სხვადასხვა ნაწარმოებით მიღებული ემოცია. ლექსი კი რა დროს მოგაკითხავს არ იცი, ხან ფრაზებით შემოგეპარება, ხან რითმებით, რომელიც მეტამორფოზას ითხოვს.

დათო შარვაშიძე ქუთაისის ღვაწლმოსილი მოქალაქის ჯილდოს გადაცემის დროს
დათო შარვაშიძე ქუთაისის ღვაწლმოსილი მოქალაქის ჯილდოს გადაცემის დროს

- მუზა დაუკითხავ სტუმარს ჰგავს...

- ასეა... მუზამ დრო, ადგილი და სიტუაცია არ იცის, თუ მოვიდა, მოვა სახლში, ქუჩაში, ტრანსპორტში, სხვადასხვა შეხვედრებზე, ტყეში, სუფრასთან, ლხინში თუ ჭირში და სანამ ბოლომდე არ მიიყვან, არ მოგასვენებს – შეგჭამს. ლექსი, რომელიც მეწერება, ყოველთვის შეესაბამება ჩემ იმჟამინდელ სულიერ მდგომარეობას. როცა მას საბოლოო სახეს ვაძლევ, მერე რაღაცნაირ შვებას განვიცდი და იმ ლექსს ბევრჯერ ვკითხულობ...

დათო შარვაძიძე სახელოსნოში
დათო შარვაძიძე სახელოსნოში

- მკითხველს გავაცნოთ ლექსი, რომელიც ყველაზე უფრო „თქვენია“ და ხშირად უბრუნდებით ხოლმე...

- ეს ლექსი ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს სულიერ მდგომარეობას:

იქნებ ჯერ არც კი ვშობილვარ

ცისკენ გზას ვეძებ მისავალს,

იქნება ჯერაც უსულო

მოუზელელი მიწა ვარ.

საიდან მოველ, სით მივალ

ფიქრი არ ცხრება ცისმარი,

იქნება უფალს ჩათვლიმა

და ჯერ ვარ მხოლოდ სიზმარი...

შენს ცქერას შეულეველმა

მის ძილს დრო უნდა ვუთვალო,

ცოტა ხანს კიდევ მისიზმრე,

არ გაიღვიძო, უფალო.

დათო შარვაშიძე კლინიკის თანამშრომლებთან ერთად
დათო შარვაშიძე კლინიკის თანამშრომლებთან ერთად

- როდის გაგჩენიათ შთაგონება – „მე ამისგან გავაკეთებ!“ და რა შეგიქმნიათ იმ დროს?

- „მე ამისგან გავაკეთებ!“ – ასეთი ემოცია კარგა ხანი არ მასვენებდა, როცა ჩემთან გაზრდილი დეიდაშვილი, 16 წლის ანგელოზივით ლამაზი მზეჭაბუკი გარდაიცვალა. სულ მინდოდა, რომ ის გამომეძერწა და ამ გზით გამეცოცხლებინა. ერთხელაც მის მიერ ფორტეპიანოზე ვირტუოზულად შესრულებული შოპენის ჩანაწერის ფონზე გავბედე... თუ როგორ გამოვიდა, ამას მნახველი შეაფასებს. თუმცა ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენაზე, მოკრძალებით გეტყვით, ამ ქანდაკებამ მოწონება ნამდვილად დაიმსახურა.

დათო შარვაშიძის ნახატი
დათო შარვაშიძის ნახატი

- ვიცი, რომ პაციენტები საკმაოდ გემადლიერებიან და მათთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ...

- არიან პაციენტები, საინტერესო ტიპაჟები, ვინც რამდენჯერმე დამიხატავს, მაგრამ ყოველთვის, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვახერხებ. ზოგადად, ჩემს პაციენტებს და მათთან დამოკიდებულებას ეს პატარა ლექსი მივუძღვენი:

ეძებდი, მთხოვდი, დახმარება სულმა იტვირთა

და ის მოგეცი, რაც არ მქონდა, მეც გამიკვირდა,

ასეა, გავცემთ, ვიფერფლებით ბოლოს ნაცრებად,

მადლს კი ვღებულობთ, ოღონდ სხვისთვის გადასაცემად...

ჩემი ყველა პაციენტის მადლიერი ვარ ნდობისთვის, რადგან მათ მანდეს ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნიათ – გული და სიცოცხლე, ამიტომ აქ ღალატი შეუძლებელია...

მეუღლესთან ერთად
მეუღლესთან ერთად

- გული ყველაზე სათუთი ორგანოა, რომელსაც, თურმე, პარადოქსებიც სჩვევია, ხომ ვერ გაიხსენებთ რაიმე ამბავს?

- ჩემი საექიმო პრაქტიკიდან ერთ უცნაურ ამბავს გავიხსენებ: ერთხელ ჩემთან ახალგაზრდა კაცი, სახელად ვანო გულის ჩივილებით მოვიდა. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ მას ჰქონდა უმძიმესი დაავადება – გულის გადიდება, დილატაციური კარდიომიოპათია, რომელსაც გულის გადანერგვის მეტი არაფერი შველის. დავუწყე კომპლექსური მკურნალობა, სადაც ჩართული იყო ბოლო თაობის უახლესი მედიკამენტი. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, გადიდებული გულის ზომები თითქმის ნორმას დაუბრუნდა. რაც, თითქმის პრაქტიკულად არ ხდება ხოლმე. ყველანი გახარებული ვიყავით – პაციენტი, ოჯახი და ექიმიც...

დათო შარვაშიძე კაბინეტში, კოლეგასა და 106 წლის პაციენტ ბებოსთან ერთად
დათო შარვაშიძე კაბინეტში, კოლეგასა და 106 წლის პაციენტ ბებოსთან ერთად

- თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ ისეთ ქალაქში, რომელიც ოპტიმისტი და განსაკუთრებული იუმორის მქონე ადამიანებითაა დასახლებული...

- მთლად სახალისო არა, მაგრამ ჩემი საექიმო საქმიანობიდან ერთი ტრაგიკომიკური ამბავი მახსენდება. მაშინ ის მძიმე წლები იდგა და მე სასწრაფოშიც ვმუშაობდი. ერთხელ, შუაღამეს გამოძახებაზე ორი ექიმი გავედით, მაგრამ ჩვენი ძველი „უაზი“ არ დაიქოქა, კარგა ხანი ვაწვებოდით. როცა ადგილზე მივედით, აღმოჩნდა, რომ ჩვენი დაგვიანების გამო პაციენტი საავადმყოფოში გადაეყვანათ. ადგილზე მეზობლები დაგვხვდნენ და მისი შვილი, რომელმაც იყვირა, ექიმები უნდა მოვკლაო და სახლში შევარდა. მეზობლებმა გვითხრეს, თავს უშველეთ, თოფი მოაქვსო. ჩვენ გამოვიქეცით და შევვარდით „უაზში“, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ისევ არ დაიქოქა. ჩემმა მეგობარმა – გავიქცეთო და გაიქცა. მე მანქანას მივაწექი და დაღმართზე დავაგორე. მოკლედ, ასეთი სიტუაციაა: წინ თეთრხალათიანი ექიმი გარბის, უკან სასწრაფოს მანქანა მიჰყვება, მანქანას მეორე თეთრხალათიანი მისდევს და ყველას ერთად თოფიანი კაცი მოსდევს. საბედნიეროდ, ყველანი გადავრჩით – გადაყვანილი პაციენტიც და ჩვენც. თუმცა მე მანქანაზე ამდენი მიწოლის გამო ხერხემალში თიაქარი ჩამეჭედა და ოპერაცია დამჭირდა. ვიცი, ბევრი იტყვის, დასაზოგი არ არიან ეს ექიმებიო, თუ არ იტყვის, გაიფიქრებს მაინც, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი ბრალი არ იყო...

დათო შარვაშიძე
დათო შარვაშიძე

- გეკითხებით როგორც პოეტ-კარდიოლოგს: როგორ დავიცვათ გული იმედგაცრუებისგან?

- იმედგაცრუებისგან? ჩემი აზრით, ამ ქვეყნად ყველა იმედი გაცრუებადია უფლის იმედის გარდა. ჩემი ერთსტროფიანი ლექსით მივმართავ ყველა პაციენტს და არა პაციენტს:

      რა გირჩევნიათ, მკვდარი თევზივით

      რომ მიჰყვებოდეთ დაღმა დინებას?

      აბა, რად გინდათ ისეთი გული,

      თუ ერთხელ მაინც არ გეტკინებათ?..

ბოლოს, როგორც ექიმი, ჯანმრთელობას გისურვებთ. გაუფრთხილდით საკუთარ და საყვარელი ადამიანების გულს, თუ შესაძლებელია, აარიდეთ მას ტკივილი. დაიმახსოვრეთ: ამ ქვეყნად ყველაზე დიდი მალამო და წამალი – ადამიანური სითბო და სიყვარულია!..

 

1407