„თუ მომავალი მეუღლე მოცეკვავე იქნება, მაღალი დონის უნდა იყოს და, რაც მთავარია...“

© photo: courtesy of Fridon Sulaberidzeფრიდონ სულაბერიძე
ფრიდონ სულაბერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრიდონ სულაბერიძე – უმცროსი, ასე ახსენებენ მას ყველგან, თუმცა ოსტატობით უკვე თავის ძალიან ცნობილ და გამოცდილ მამას ნამდვილად არ ჩამოუვარდება.

„არტ-გენში“ შესრულებული ცეკვის ვიდეომ მისი თაყვანისმცემელთა რაოდენობა ძალიან მოკლე დროში გაზარდა. მიუხედავად პოპულარობისა, საკმაოდ თავმდაბალი და თვითკრიტიკული ადამიანია, არ მოსწონს ადამიანები, რომლებიც იაფფასიანი პოპულარობის გზით ცდილობენ თავის დამკვიდრებას, შესაბამისად, არც ყვითელ პრესას სწყალობს.

დანარჩენს ამ ნიჭიერი ადამიანის შესახებ ამ მასალიდან შეიტყობთ.

© photo: courtesy of Fridon Sulaberidzeფრიდონ სულაბერიძე
„თუ მომავალი მეუღლე მოცეკვავე იქნება, მაღალი დონის უნდა იყოს და, რაც მთავარია...“ - Sputnik საქართველო
ფრიდონ სულაბერიძე

– ფრიდონ, პირველად რომელ ასაკში იგრძენით, რომ თქვენი საქმეც სცენაა?

– თავიდანვე ქართულ ცეკვაზე არ შევუყვანივარ მშობლებს, რადგან ადრე არ მქონია ცეკვის სურვილი. ვიცოდი, რომ მამა არაჩვეულებრივი მოცეკვავეა, მაგრამ ადრეულ ასაკში უფრო სპორტი, კერძოდ, ფეხბურთი და კალათბურთი მიზიდავდა. ჩემი სახლის გვერდით ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო დარბაზია და მე 24 საათი ბურთს დავდევდი. სკოლა რომ დავამთავრე, 15 წლის ასაკში, მაშინ გადავწყვიტე, რომ ქართული ცეკვა მესწავლა.

– არ გეკითხებით პირველი მასწავლებელი ვინ იყო...

– არა, მკითხეთ, იმიტომ რომ მამა არ ყოფილა. ჩემი პირველი ცეკვის პედაგოგი იყო დათუნიკა სხირტლაძე, რომელთანაც მან მიმაგზავნა. მამამ გამაცნო ასეთი არაჩვეულებრივი მოცეკვავე. როცა დათუნიკამ პირველად იცეკვა „რაჭული“ ფილარმონიაში, ძალიან მოვიხიბლე და იქიდან მოყოლებული სულ ვაკვირდებოდი რას და როგორ ასრულებდა. ის იყო იშვიათი ხელოვანი, რომელიც ცეკვაში თავის ხასიათს და განწყობას ზუსტად და კარგად გამოხატავდა. სწორედ მისი ცეკვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მასავით მეცეკვა. ცეკვა ისეთი რამაა, რასაც ჯერ ეუფლები და შემდეგ შენივე სხეულის ენაზე გადმოსცემ. ამავე ენაზე საუბრობ მაყურებელთანაც. ახლა ვარ ჯგუფში „ეგარი“, რომელშიც დათუნიკა სხირტლაძე ცეკვავდა. 

© photo: courtesy of Fridon Sulaberidzeფრიდონ სულაბერიძე
„თუ მომავალი მეუღლე მოცეკვავე იქნება, მაღალი დონის უნდა იყოს და, რაც მთავარია...“ - Sputnik საქართველო
ფრიდონ სულაბერიძე

– მამის ცეკვის მანერა უფრო კლასიკურია...

– დიახ, მამა ასრულებს კლასიკურ ცეკვას, რომელშიც ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. სულ ვცდილობ ისეთ დაოსტატებას მივაღწიო, როგორიც მას აქვს. მისი ცეკვა დრომ ვერ დააძველა. თავად ამბობს, ახალგაზრდა რომ ვიყო, ამა თუ იმ ცეკვას უკვე სულ სხვანაირად შევასრულებდიო. ანსამბლი „რუსთავი“ ჩემთვის ნომერ პირველია და სულ მინდა, რომ მამას გვერდში ვედგე. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, როცა მოცეკვავე ბოლომდე იხარჯება, თითოეულ მათგანს, რომ იტყვიან, რენტგენში ატარებს ხოლმე...

– ჩვენში ბოლო დროს სულ არის დავის საგანი – პირველადი ფორმით უნდა მიეწოდოს მაყურებელს ტრადიციული ცეკვა თუ მისი თანამედროვე ვერსია?

– არსებობის უფლება ორივე ვარიანტს აქვს. „არტ-გენზე“ სწორედ ეგ ხდება. პირადად მე ამ ფესტივალზე ბევრ რამეს ვსწავლობ და ახალ ნიუანსებს ვაკვირდები. აქ სრულიად ახალი და განსხვავებული პროდუქცია შემოდის. ძველი მოძრაობები, რაც ჩვენამდე მოვიდა, იგივე ფორმითაა წარმოდგენილი და რაიმე სახის დარღვევა აქ არ შეიძლება. ამავე დროს ამ ფესტივალზე ვხედავთ და თვალს ვადევნებთ სიახლეებსაც, რაც იმ ძველზე დაყრდნობით იქმნება. ამის აღრევა არ შეიძლება ერთ ცეკვაში მოხდეს, ანუ, თუ ტრადიციულია, პირველადი ფორმით უნდა წარადგინო, თუ ახლებური ვარიანტია, მასში ინოვაციებიც უნდა ჩანდეს. ყველაფრის მორგება შეიძლება, თუ გემოვნებით და კარგად გააკეთებ.

© photo: courtesy of Fridon Sulaberidzeფრიდონ სულაბერიძე უფროსი და ფრიდონ სულაბერიძე უმცროსი
„თუ მომავალი მეუღლე მოცეკვავე იქნება, მაღალი დონის უნდა იყოს და, რაც მთავარია...“ - Sputnik საქართველო
ფრიდონ სულაბერიძე უფროსი და ფრიდონ სულაბერიძე უმცროსი

– თეატრალური უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული...

– დიახ, თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული რეზო ჭანიშვილთან და უჩა დვალიშვილთან, რადგან მათი წყალობით დავეუფლე იმას, რასაც კლასიკური ქორეოგრაფია ჰქვია და ამისთვის მათი მადლობელი ვარ. ნიჭი კარგია, როცა ადამიანს აქვს, მაგრამ მასთან ერთად შესაბამისი განათლებაც უნდა ჰქონდეს მიღებული, რასაც პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან. სწავლა და ცეკვა ერთად ძალიან რთული პროცესია. დღეს უკვე მე ვასწავლი ცეკვას, პატარ-პატარა სტუდიები მაქვს და მოცეკვავეების ახალ თაობას ვზრდი.

– უფროს სულაბერიძესთან „კინტაური“, „აჭარული“ და, განსაკუთრებით, „ქართული“ ასოცირდება, თქვენ შემთხვევაში ასეთი ცეკვა რომელია?

– „კინტაური“ არაფრით შეიძლება ჩემთან ასოცირდებოდეს, იმიტომ რომ ეს არ არის მაღალი ადამიანის ცეკვა და მას ვერ შევასრულებ. ჩემთვის უფრო ახლოს „ქართული“, „აჭარული“ და „რაჭულია“. საერთოდ, ჯობს, რომ მოცეკვავე ორ ან სამ ცეკვას ასრულებდეს სრულყოფილად, ვიდრე ბევრს და საშუალოდ. ცეკვა „ქართულში“ სულ ოთხი მოძრაობაა და სამწუთნახევრის მანძილზე უნდა ჩაატიო ეს ოთხი მოძრაობა და თან ამბავი ლამაზად გადმოსცე.

– ვიცი, რომ სოციალურ ქსელებში ბევრი გამოთქვამს თქვენი გაცნობის სურვილს, როგორი რეაქცია გაქვთ ამაზე?

– როცა გაცნობის სურვილს გამოხატავენ, ვერ გეტყვით, რომ ეს ამბავი არ მსიამოვნებს. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ პოპულარობას არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას, მაინცდამაინც ყველგან არ ვჩნდები. არ მომწონს, როცა ცდილობენ სხვადასხვა სატელევიზიო თოქ-შოუებში ხშირი გამოჩენით პოპულარული გახდნენ. ამას წინათ ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა ჩემგან აღებული ინტერვიუ და ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან არ შეიძლება, რომ ადამიანის ნაამბობი სტილისტურად გაუმართავი და რედაქტირების გარეშე დაბეჭდო – ეს არაპროფესიონალიზმია. რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ ძირითადად ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელი კითხვები დამისვეს.

– დაახლოებით ვხვდები, რა სახის კითხვებიც იქნებოდა. მე ასე გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, თქვენი მომავალი მეუღლე აუცილებლად მოცეკვავე უნდა იყოს?

– რა გითხრათ, პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით არავინ არის ისეთი, რომელზეც სერიოზულ ურთიერთობას ავაგებდი. წინასწარ ვერაფერს განვსაზღვრავ, მაგრამ თუ ჩემი მომავალი მეუღლე მოცეკვავე იქნება, მაშინ მაღალი დონის უნდა იყოს, უყვარდეს ეს საქმე და, რაც მთავარია, გულწრფელი ადამიანი იყოს. სიყალბეს ვერ ვიტან – ვერც სცენაზე და ვერც ურთიერთობებში...

 

ყველა ახალი ამბავი
0